მთავარი,სიახლეები

სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე

03.03.2022
სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გადადო.

საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია.

„არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე პოლიციელებმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს. მანამდე მათ ირაკლი კუპრაძის პოზიცია მოისმინეს, რომელმაც თქვა, რომ ორი დღე და ღამე უკანონოდ იზოლატორში იყო გამოკეტილი და არავისთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მისცეს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ირაკლი კუპრაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადადო.

„ყველგან ვუჩივლებთ პოლიციელებს, ეს არის პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლა,“ – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ, რომელსაც არ აქვს საბოლოოდ მოსამართლისგან გამართლების მოლოდინი. იმავე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თემურ გორგაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის სუს-ის ბათუმის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა კი, თემურ გორგაძე გაამართლა იმ არგუმენტით, რომ ეს იყო ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში.

ირაკლი კუპრაძე

„რეალურად ეს იყო პოლიტიკური დასჯის მცდელობა… მათ მოუწევთ სათითაოდ პასუხისგება, ამ პოლიციელებს. კონფიდენციალურად არ მომცეს სახალხო დამცველთან შეხვედრის საშუალება. მათ უნდათ გააჩინონ განცდა, რომ საკრებულოს წევრიც შეიძლება მარტივად დააკავონ ყოველგვარი განმარტების და დასაბუთების გარეშე“, – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძე აპირებს, რომ ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვოს პოლიციელებს იზოლატორში დაახლოებით 40 საათით გამოკეტვისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: