რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, არ ექნებათ სამხედრო ტყვის სტატუსის უფლება და მათ, დაკავების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, კიევში მყოფი „დაქირავებულები“ არ არიან მებრძოლები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით.
„საუკეთესო, რაც უცხოელ დაქირავებულებს ელის, არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ საბრძოლველად წასვლას, ორჯერ დაფიქრდნენ“ – თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასვლას 16 000 უცხოელი მოხალისე აპირებს. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, 3 მარტს, მორიგი მიმართვისას ისაუბრა.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ იმ უცხოელთათვის, რომელთაც უკრაინის დაცვა სურთ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
_____________
ფოტოზე: რუსეთის ფედერაციის განადგურებული ტანკები უკრაინაში.
ამავე თემაზე:
15 წლით პატიმრობა რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის – კანონი გამკაცრდა






