მთავარი,სიახლეები

იკეა, იუსკი, შკოდა და სხვა კომპანიები, რომელთაც დღეს რუსეთში მუშაობა შეაჩერეს

03.03.2022 • 1208
იკეა, იუსკი, შკოდა და სხვა კომპანიები, რომელთაც დღეს რუსეთში მუშაობა შეაჩერეს

დღეს, 3 მარტს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე მუშაობას აჩერებს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია.

მათ შორისაა IKEA, შვედური ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი კონცერნი, რომელიც მუშაობას აჩერებს რუსეთსა და ბელარუსში. ამის შეახებ „იკეამ“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა.

მუშაობის შეჩერების გარდა, „იკეა“ აჩერებს იმპორტსა და ექსპორტს რუსეთიდან და ბელარუსიდან. კომპანია აცხადებს, რომ 400 მლნ შვედურ კრონს [41 მლნ აშშ დოლარი] გაიღებს იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ომის გამო იძულებულნი არიან უკრაინა დატოვონ. რუსეთის ფედერაციაში კომპანიას 17 ფილიალი აქვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მუშაობა შეაჩერა ჩეხურმა „შკოდამ“. გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. „შკოდა“, რომელიც თავის მხრივ შედის Volkswagen-ის კონცერნში, აჩერებს მსუბუქი ავტომანქანების წარმოებას რუსეთში, კალუგისა და ნიჟნი ნოვგოროდის ქარხნებში. კომპანია ასევე წყვეტს ავტომანქანების ექსპორტს რუსეთში.

რუსეთში ცამეტივე მაღაზია დაკეტა „იუსკიმ“, დანიურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში თავისი პროდუქციის მიწოდება შეაჩერა საბავშვო სათამაშოების პოპულარულმა მწარმოებელმა „ლეგომ“. კომპანია ასევე აცხადებს, რომ 16,5 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

გერმანულმა კომპანია SAP-მა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფაზე მუშაობს, ასევე შეაჩერა რუსეთში მუშაობა. კომპანიის განცხადებით 1 მილიონ დოლარს ისინი გაიღებენ უკრაინელის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ფინურმა ჯგუფმა Fortum-მა მიიღო რუსეთში მიმდინარე ყველა საინვესტიციო პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება.

თავისი ოფისი დაკეტა რუსეთში შვედურმა კომპანია Spotify-მ. კომპანიამ ასევე შეზღუდა სერვისის წვდომა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებზე.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკვე 8 დღეა ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე საცხოვრებელ სახლებს, რუსეთში მუშაობა, დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების ფონზე, ათობით მსხვილმა ცნობილმა კომპანიამ შეაჩერა. მათ შორისაა BMW, APPLE, „ფორდი“, „ვოლვო“, „სიმენსი“, „დელი“ და ა.შ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: