ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება – ღარიბაშვილი

„ეკონომიკური სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან არ მოხდება და მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი და პირადად მე ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა დღეს, 3 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან.

მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება:

„მე ყოველთვის ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, მე მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ,“ – თქვა მან.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა პოლიტიკურ დონეზე:

„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინას ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს თუ ეუთოს ფორმატები, ყველგან მხარი დავუჭირეთ. ვიყავით თანაორგანიზატორები, თანასპონსორები თუ უბრალოდ მხარდამჭერები უკრაინის რეზოლუციების მიმართ და შევუერთდით ყველა პოლიტიკურ გზავნილს და რეზოლუციას. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენმა სახელმწიფომ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელების მიმართ.

… ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული დღეს, ნუ დაგავიწყდებათ და მეტი პასუხისმგებლობით მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ. 20% ჩვენი ტერიტორიების არის ოკუპირებული და 30 წლის განმავლობაში ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ამ ომში სამწუხაროდ და საუბედუროდ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი დაზარალდა და ათასობით, ათიათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს, ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედაობა არ უნდა გამოვიჩინოთ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ საქციები დაუწესა რუსეთს, თუმცა საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.

 

ბათუმში 4 აპრილს გაზის მიწოდება შეწყდება ორ მისამართზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 4 აპრილს ბათუმში გაზის მიწოდება შეწყდება ორ მისამართზე.

კერძოდ, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ჭავჭავაძის #32ა-ში მცხოვრებ აბონენტებს.

ასევე, 4 აპრილს, 11:00 საათიდან 13:00 გაზი შეწყდება ანგისის ქუჩა #2-ში. 

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.

„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

„ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – რა შეიცვლება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 3 აპრილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

შედეგების თანახმად, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ხმების 69,013 პროცენტი მიიღო №4 მაჟორიტარულ ოლქში, 14 საარჩევნო უბანზე, სულ – 7225 ხმა.

მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მათე ფუტკარაძე. წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 30,987 პროცენტი მიიღო, 3244 ხმა.

მათე ფუტკარაძის მამა, ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოს არჩეული მაჟორიტარი წევრი იყო. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მან გაიმარჯვა №4 მაჟორიტარულ ოლქში და ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მის გარდაცვალებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სამთავრობო პარტიის ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

  • რა იცვლება რამაზ ჯინჭარაძის ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევით 

2 აპრილის არჩევნებმა ფაქტობრივად გადაწყვიტა, ვის ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.

35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

ბათუმმა საკრებულო 2 ოქტომბერს აირჩია, მაგრამ საკრებულოს სხდომები არ იმართება და ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან ხმათა უმრავლესობა [18 ხმა] აქამდე არც „ოცნებას“ ჰქონდა და არც ოპოზიციას.

მართალია, 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები წინასწარია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი შეიცვლება, შესაბამისად, ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ წარმომადგენლის შესვლით პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იცვლება – ახლა „ოცნება“ საკრებულოში უკვე 17 წევრით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიცია – ასევე 17 წევრით და რჩება 1 დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც ამბობს, ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ სურს. დიდი ალბათობით, იგი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს.

ამ მოცემულობით, „ოცნებას“ უკვე შეუძლია ხმათა უმრავლესობით [17 + 1 დამოუკიდებელი კანდიდატი] აირჩიოს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს.

  • როგორ მოიგო ახლა „ოცნებამ“ არჩევნები იმ ოლქში, სადაც 2 ოქტომბერს ოპოზიციამ გაიმარჯვა 

2021 წლის 2 ოქტომბერს ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო. მან „ოცნების“ მაშინდელ კანდიდატზე, მამუკა კაკაბაძეზე 296-ით მეტი ხმა მიიღო, სულ 4 838 ხმა.

ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ბათუმის №4 საარჩევნო ოლქში 2021 წლის 2 ოქტომბრისა და 2022 წლის 2 აპრილის არჩევნებზე, ამომრჩეველთა რაოდენობაა.

2021 წლის 2 ოქტომბერს ამ ოლქში 20 138 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 2 აპრილის არჩევნებზე კი – 20 635, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით გაიზარდა. ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად, „ოცნების ქალაქში“ 400-მდე ახალი ამომრჩევლის რეგისტრაციის ხარჯზე მოხდა. ამ ამომრჩევლების მისამართია – „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“. 

აქ, „მიმდებარედ“, „ოცნების ქალაქში“, სახელდახელოდ აშენებულ ბარაკებსა და ქოხებში მცხოვრები ასეულობით ოჯახი საცხოვრებელს ითხოვს. ახლა მთავრობა მათთვის კორპუსებს აშენებს, თუმცა ბარაკებში მცხოვრებმა ადამიანებმა ჯერ არ იციან ზუსტად, ვის მოუწევს ბინა. აქ წლობით მცხოვრები ადამიანები 2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს, როგორც ამ მისამართზე მცხოვრები ამომრჩევლები. ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სქემა გამოიყენა ამომრჩევლის მოსასყიდად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატის ვინაობაა. „ოცნების ქალაქში“ რამაზ ჯინჭარაძეს წლებია იცნობენ, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და აჭარის მთავრობის იმ კომისიის ხელმძღვანელს, რომელსაც ფაქტობრივად უნდა გადაეწყვიტა, ვინ მიიღებდა ბინას მთავრობის მიერ აშენებულ ახალ კორპუსებში.

სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.

გუშინ, 2 აპრილს, როცა ცნობილი გახდა არჩევნების წინასწარი შედეგები, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა აქტივისტმა ასე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება რამაზ ჯინჭარაძეს:

წყარო: facebook

მას შემდეგ რაც რამაზ ჯინჭარაძე „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად დაასახელა, „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა მასთან ინტერვიუს ჩაწერას.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ჯინჭარაძე აქამდე არ არიდებდა თავს ჟურნალისტებს, კანდიდატად დასახელების შემდეგ იგი „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა, პრესსამსახურში კი ორი თვის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ დააზუსტებდნენ, თუმცა „ბათუმელების“ ინტერვიუ რამაზ ჯინჭარაძესთან, როგორც ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქის კანდიდატთან, ვერ შედგა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურა განიხილება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. აირჩევენ თუ არა მას, ამის შესახებ სულ მალე გახდება ცნობილი, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და ბათუმის საკრებულო შეიკრიბება.

ხვალიდან მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა.

მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლია მოსალოდნელი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

„მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

აჭარაში კოვიდის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ჩატარდა 13 061 ტესტი კოვიდზე.

ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 5 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კოვიდის 10 ახალი შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელია 2.24 პროცენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

„ხო იცი, ვის უნდა მისცე ხმა“ – ISFED ბათუმში არჩევნებს აფასებს

„სამართლიანი არჩევნები“  დღეს, 2 აპრილს, ბათუმში შუალედური არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ შეფასებას აქვეყნებს.

დღის განმავლობაში „სამართლიანმა არჩევნების“ დამკვირვებლებმა ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიებში 6 საჩივარი დაწერეს, ხოლო ჩანაწერთა წიგნში ორგანიზაციამ დააფიქსირა 5 შენიშვნა.

„განსაკუთრებით პრობლემური იყო ბათუმის #69, #77, #79, #89 და #100 საარჩევნო უბნების მიმდებარე პერიმეტრი, სადაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები. ამომრჩეველთა მობილიზებასა და აღრიცხვას ძირითადად აწარმოებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და პარტიული მიზნით მოქმედი დამკვირვებლები.

ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებლის მიერ“, –  ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კენჭისყრის დროს ბათუმის ოლქის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევის, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებისა და ამომრჩეველზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შემთხვევები გამოიკვეთა.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმში, N89-ე უბნის გარდა ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებდა კიდევ 6 უბანზე –  #23 (1710 ამომრჩეველი), #58 (1616 ამომრჩეველი), #69 (1505 ამომრჩეველი), #76 (1788 ამომრჩეველი), #92 (1566 ამომრჩეველი), #104 (1624 ამომრჩეველი).

„სამართლიანი არჩევნები“ წერს დარღვევის ცალკეულ შემთხვევებზეც:

  • ხმის მიცემის წესის დარღვევაბათუმის #89 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს რეგისტრატორმა ხმა უბანშივე მიაცემინა.
  • საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა – ბათუმის #76  საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა პირებმა დააბრუნეს ერთით ნაკლები გამოუყენებელი ბიულეტენი. კომისიის წევრები ამბობენ, რომ არ იციან, სად არის ბიულეტენი.                
  • საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევა – ბათუმის #76 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო 1788 ამომრჩეველი და კანონით გათვალისწინებული 4 საარჩევნო კაბინის ნაცვლად (1 საარჩევნო კაბინა 500 ამომრჩეველზე), უბანზე განთავსებული იყო მხოლოდ 3 საარჩევნო კაბინა.
  • ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობა  – ბათუმის #78 საარჩევნო უბანზე უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ამომრჩეველს რეგისტრატორთან ვერიფიკაციის პროცედურის გავლის დროს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ხო იცი ვის უნდა მისცე ხმა“. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საჩივრის რეგისტრაციის პროცესში კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს დააწერინა ახსნა-განმარტებებს ფაქტის უარყოფის შესახებ“.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე წერს საარჩევნო უბნებთან, პირთა საეჭვო შეკრებებზე და ცალკეული საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორების მობილიზებაზე.

„ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნით მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის აკრედიტებული დამკვირვებლების მიერ, რომელთა შორისაა: „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“ და სხვა“ – წერს ორგანიზაცია. 

„ბათუმის #77 და #89 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას ან/და მუქარას. #77 საარჩევნო უბანთან კამათი მოჰყვა, „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიმართ მოქალაქის მიერ გამოთქმულ შენიშვნას, მის მიერ ამომრჩეველთა მობილიზების შესახებ. ინციდენტი აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ორივე პირს დაატოვებინა ტერიტორია.

ამავე უბანთან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების მიმართ გამოვლინდა ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს გამოძახებული იქნა პოლიციის დამატებითი ჯგუფი, რომელმაც განმუხტა სიტუაცია. #89 საარჩევნო უბანთან მყოფი პირების მხრიდან „ტვ პირველისა“ და „25-ე არხის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ დაფიქსირდა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება/ტრანსპორტირება ხმის მისაცემად. პროცესში ჩართულნი იყვნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მათთან დაკავშირებული დამკვირვებლები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომელთა შორისაა: „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „ნიუ აჭარა“, „ალტერნატივა ნჯო“ და სხვ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგები აღარ შეინიშნებოდა, კოორდინატორები ურეკავდნენ იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ხმა მიცემული და საარჩევნო უბანზე მისვლას სთხოვდნენ.

ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მობილიზება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც. პროცესს ხელმძღვანელობდა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი.

ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. საუბარი უკავშირდებოდა ამომრჩევლებისთვის საწვავის ტალონის გადაცემის შესახებ დაპირებას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული კომუნიკაციის თანახმად, ტალონებს მათ მოგვიანებით გადასცემდა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი“ – წერს „სამართლიანი არჩევნები“.

2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ცესკოს ინფორმაციით, ბათუმის  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ  ხმათა 69 პროცენტი, 7190 ხმა მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 31 პროცენტი, 3233 ხმა, თუმცა ჯერ ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია.

ამავე თემაზე: 

„ოცნება“ 69% – ენმ 31% | შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში

 

 

„ოცნება“ 69% – ენმ 31% | შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში

ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,  „ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

ბათუმში უკვე დათვლილია №4 საარჩევნო ოლქის 14-ვე უბნის მონაცემები, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ბათუმის  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ  ხმათა 69 პროცენტი, 7190 ხმა მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 31 პროცენტი, 3233 ხმა.

წინასწარი მონაცემებით, ბათუმში არჩევნებზე 10 578 ამომრჩეველი მივიდა, ამომრჩეველთა 51.3 პროცენტი.

არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში წინასწარი შედეგების დათვლა ბათუმში შესაძლებელი გახდა ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატებით.

„ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დაითვლიან და სწორედ ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე მონაცემები“ – აცხადებს ცესკო.

ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 29 საჩივარი.

გაუჩინარებული ხერსონელი ჟურნალისტის ძმა რუსებმა წაიყვანეს, მამა იმალება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტის მამა მიმალვაშია, ძმა კი რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული „კანალ 24“ იუწყება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონსტანტინის მამა – ალექსანდრ რიჟენკო თავად ესაუბრა უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული გაერთიანების ხელმძღვანელს, სერგეი ტომილენკოს. მან ტომილენკოს უთხრა, რომ რუსმა სამხედროებმა, მისი მეორე შვილი ზაქარია დააპატიმრეს და მასაც ეძებენ, რის გამოც იმალება.

კონსტანტინ რიჟენკოს კვალი 30 მარტს დაიკარგა. მას შემდეგ, რაც 24 საათი გავიდა ტელეგრამზე ბოლო აქტივობიდან და ავტომატურად გამოქვეყნდა მის მიერ წინასწარ დაწერილი შეტყობინება.

„თუ ამ ტექსტს კითხულობთ, ესე იგი რაღაც მოხდა”! – წერია შეტყობინებაში. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ პირველ აპრილს განაცხადა და იქვე მიუთითა, კონსტანტინის მიერ დასახელებული გაუჩინარების შესაძლო მიზეზებიც – მობილური კომუნიკაციის არარსებობა, ტელეფონის დაკარგვა ან დამტვრევა – „მტერს რომ არ ჩაუვარდეს ხელში“.

როგორც „კანალ 24“ წერს, ცნობილია, რომ რუსი სამხედროები ეძებენ კონსტანტინ რიჟენკოს, თუმცა, როგორც ჩანს, არ იციან, ის სად იმყოფება.

ბათუმში 23 საჩივარი დარეგისტრირდა, ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტი არჩევნებზე მივიდა

ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, 2 აპრილს, 23 საჩივარი დარეგისტრირდა.

17 საჩივარი დაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 2 – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, 3 – „სამართლიანმა არჩევნებმა” და ერთიც – მედია ორგანიზაცია „ოლმედიამ“.

საჩივრების ძირითადი ნაწილი ეხება კენჭისყრის პროცედურული დარღვევების ხარვეზებს, რამდენიმე საჩივარი კი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს – ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სერიოზული ინციდენტი არც ერთ საარჩევნო უბანზე არ ყოფილა.

ციალა შავაძის თქმით, ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტი მივიდა ხმის მისაცემად.

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

ამავე თემაზე: 

როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე

 

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის – მინისტრი

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციისთვის – ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხზე  რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებს ელაპარაკება.

აკარმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

მარიუპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქია. იგი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველი დღეებიდან ალყაშია. რუსი სამხედროები ამ დრომდე არ აძლევენ საშუალებას ათიათასობით სამოქალაქო პირს უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნით დატოვონ ქალაქი.

ოფიციალური კიევის ცნობით, დაახლოებით 170 ათასი ადამიანია ალყაში, წყლის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვა აუცილებელი პირობების გარეშე. ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის დაბომბვაც.

თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს, ასევე ისაუბრა რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან ურთიერთობასა და უკრაინის პორტებიდან თურქული გემების უსაფრთხო გასვლის საკითხზე.

რაც შეეხება შავ ზღვაში ნაღმების საფრთხეს, „ანადოლუს“ ცნობით, აკარმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პრობლემა არ არსებობს.

დააწესეთ ემბარგო ან გვითხარით, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიბრძოლოთ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის საკმარისი. მისი თქმით, „რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად და უკრაინელების ხოცვის შესაჩერებლად“ აუცილებელია პირდაპირი ემბარგო რუსეთის ყველა ენერგორესურსზე და არაპირდაპირი ემბარგო რუსული ტვირთისთვის პორტების დაკეტვით.

„რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად და უკრაინელების ხოცვის შესაჩერებლად საჭიროა პირდაპირი ემბარგო ყველა სახის რუსულ ენერგორესურსებზე და არაპირდაპირი ემბარგო რუსული ტვირთისთვის (ნავთობის 85% ტანკერებშია) პორტების ჩაკეტვით. ან გვითხარით – „უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლეთ“, – წერს პოდოლიაკი.

პირველ აპრილს, ამერიკულ „ფოქს ნიუსთან“ ვიდეოინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემა გაჭიანურდება და გამუდმებით გადაიდება, ხალხს გაუჩნდება კითხვები:

„ჩვენ, უბრალოდ, მშვიდობა გვსურს. არ ვითხოვთ განსაკუთრებულ ტყვიაგაუმტარ მილიარდობით ჟილეტებს ან ჩაფხუტებს. უბრალოდ, მოგვეცით რაკეტები, საბრძოლო თვითმფრინავები – ვერ გვაძლევთ F18-ს,  F19-ს, თუ რაც გაქვთ?! – მოგვეცით ძველი საბჭოთა თვითმფრინავები. სულ ესაა. მე გადმომეცით. მომეცით რაღაც, რომ ჩემი ქვეყანა დავიცვა. თუ კი ეს გსურთ და მჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს სურს ეს.

მაგრამ თუ ეს პროცესი გაიწელება, გაგრძელდება გადადება, თუ დავინახავთ, რომ შეიარაღების მოწოდების პროცესი ჭიანურდება, მაშინ ხალხი დაიწყებს შეკითხვების დასმას – ნამდვილად ასეა? ან იქნება რაღაც თამაშია ამის უკან? – მე არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი რაღაც თამაშს გვეთამაშება,“ – ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას – „თქვენი აზრით ჯო ბაიდენს ნამდვილად სურს უკრაინის გამარჯვება, თუ ეშინია პუტინის რეაქციის, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში“?

უკრაინის პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ არ სურს დაიჯეროს, რომ ჯო ბაიდენი ან აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტი შეუშინდება რუსეთს.

ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 33,32 პროცენტია – ბოლო მონაცემები

ბათუმში ბოლო მონაცემებით [16:30 სთ], შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33, 32 % მივიდა, სულ – 6 876 ამომრჩეველი. ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ბათუმში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმში მიმდინარე არჩევნებს დღეს აკვირდება „სამართლიანი არჩევნები“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციების განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებები, აგიტაციის მცდელობა და ა.შ.

ამავე თემაზე: 

როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე

ბათუმში +30 გრადუსია | ამინდის პროგნოზი

ცივი მარტის შემდეგ, დღეს, 2 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს აღწევს. ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ვებგვერდზეა მოცემული.

სინოპტიკოსების ცნობით, ცხელი დღე იქნება ბათუმში ხვალაც, 3 აპრილს. ჰაერის ტემპერატურა ხვალ +27 გრადუსს მიაღწევს.

ორშაბათს, 4 აპრილს კი ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი.

 

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ცნობით, კიევის რეგიონში, რუსეთის ომს უკრაინაში ფოტოჟურნალისტი მაკს ლევინი ემსხვერპლა.

„ჩვენ ახლახან გავიგეთ ცნობილი ფოტოჟურნალისტის, მაკს ლევინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც კიევის რეგიონში დაიღუპა უკრაინის ომის დროს. წარსულში, ლევინს ჯანმოს რამდენიმე დავალებაზე უმუშავია. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ საშინელ დროს“, – წერს ჯანმოს ევროპის წარმომადგენლობა Twitter-ზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან უკვე არაერთი ჟურნალისტი დაიღუპა, დააკავეს ან/და დაკარგულად მიიჩნევა. საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იტყობინება, რომ ფიქსირდება რუსი სამხედროების მიერ ჟურნალისტების დამიზნებით მკვლელობის, გატაცებისა და წამების ფაქტები.

როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე

ბათუმის №89 საარჩევნო უბანზე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მდებარეობს, დილიდან ხალხმრავლობაა. ამ საარჩევნო უბანზე 2 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მაშინ როცა ერთ საარჩევნო უბანზე მაქსიმუმ 1500 ამომრჩეველია დასაშვები.

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, შუადღის მონაცემებით, ამ უბანზე 6 საჩივარი და 1 შენიშვნა დაიწერა. საჩივრების ნაწილის ავტორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, ნაწილის კი – „სამართლიანი არჩევნები“.

„ოცნების ქალაქში“ საჩივრები საარჩევნო უბნის ფართობის შეუსაბამობას ეხება ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში, რის გამოც  ამომრჩეველთა ნაკადის კონტროლი სათანადოდ ვერ ხერხდება და რიგ შემთხვევებში ამომრჩეველს არ აქვს საშუალება არჩევანი ფარულად, წესის დაცვით გააკეთოს.

საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაც მოხდა, რის მიზეზიც ის გახდა, რომ საარჩევნო კაბინიდან ერთ-ერთი ამომრჩეველი 2 ბიულეტენით გამოვიდა. ორივე ბიულეტენი კომისიის წევრებმა გააბათილეს.

მოძრაობა „საქართველოს ერთობის და განვითარებისთვის“ წევრი, ნაირა დუმბაძე ამბობს, რომ დაინახა, როგორ გამოიტანა ამომრჩეველმა კაბინიდან ორი ბიულეტენი. კომისიის წევრს კი აღნიშნულზე რეაგირება მხოლოდ მისი შენიშვნის შემდეგ ჰქონდა.

ამ თემაზე №89 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ თებიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მსგავსი შემთხვევა სხვა არჩევნების დროსაც დაფიქსირებულა. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდა ბიულეტენების გადაწებების გამო და იყო რეგისტრატორის შეცდომაა, რაზეც  რეგისტრატორმა უკვე მიიღო შენიშვნა.

რეგისტრატორმა მოგვიანებით  ახსნა-განმარტებაც დაწერა მომხდარის შესახებ.

მზევინარ ბოლქვაძის ახსნა-განმარტება

საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მალხაზ თავდგირიძე უბნიდან რეგისტრატორის მოხსნასაც ითხოვდა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ასობით პირმა შუალედური არჩევნების წინ მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ. ამ დრომდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ.  ახლა „ოცნების ქალაქში“, მთავრობის მშენებარე კორპუსში, ბინის მიღების უფრო მყარი მოლოდინიც გაუჩნდათ იმ პირებს, რომლებიც აქ ჩაეწერნენ.

ვის ეკუთვნის ბინა აქ, ამის დასადგენად სამთავრობო კომისიამ ადგილზე ბოლო 2 წელი იმუშავა. კომისიას სწორედ ამ უბნის მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა. ამიტომაც მიიჩნევენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენებაა სასურველის მისაღებად და საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.

_________________________________

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

საარჩევნო უბნებთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებები – „სამართლიანი არჩევნები“

„სამართლიანი არჩევნები“, რომელიც დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს აკვირდება, 13 საათისთვის არსებულ დარღვევებზე, მიგნებებსა და ძირითად ტენდენციებზე აქვეყნებს ინფორმაციას.

ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის პროცესის შეფერხება, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო.

„ბათუმის #77, #79, #89, #91 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება. ასევე, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც.

ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს. „სამართლიანი არჩევნები” შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც საუბრობდა ამ უბანზე ამომრჩეველთა სერიოზული მატების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი ერთ დღეს დარეგისტრირდა, რასაც შესაძლოა ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა. შედეგად, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდა კანონის იმპერატიული მოთხოვნის გვერდის ავლა. საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია უბნის საზღვრების დადგენაზე, არ უნდა დაეშვა ამ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონსაწინააღმდეგო რაოდენობით თავმოყრა“ – წერს ორგანიზაცია.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ, ბათუმის№4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

  • ბათუმის #100 საარჩევნო უბანზე შეინიშნება სკანერის აპარატის გაუმართაობა, დაახლოებით, ყოველ მე-5 ამომრჩეველს უკან უბრუნდება ბიულეტენი. დაბრუნებული ბიულეტენის უკანა მხარეს გადასულია მარკერის მელანი, რის გამოც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი.
  • ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გამოცხადებული იყო მაისურით, რომელზეც ჰქონდა წარწერა – ნუგზარ ფუტკარაძე (ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის სახელი და გვარი), რაც, შესაძლოა, ჩაითვალოს აგიტაციად.
  • ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2015 ამომრჩეველი, თუმცა უბანზე განთავსებულია მხოლოდ 3 კაბინა, მაშინ როცა კანონის თანახმად, ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 კაბინა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე საარჩევნო უბანზე ფართის სივიწროვისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლის გამო, დამკვირვებლებს ხელი ეშლებათ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებაში. ამავდროულად, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკი.
  • ბათუმის #90 საარჩევნო უბანზე ირღვეოდა კოვიდრეგულაციები. კერძოდ დაახლოებით 15-მდე ადამიანს არ ეკეთა პირბადე. შენიშვნის მიუხედავად უბანზე მყოფი პირების ნაწილი არ დაემორჩილა მითითებას.
  • ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გამოცხადდა ბეიჯით და მართვის მოწმობით. კომისიის წევრი დაუშვეს უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით.

ასევე, „სამართლიანი არჩევნები“ საუბრობს საარჩევნო უბნის მიმდებარე პერიმეტრზე დაფიქსირებული ტენდენციებზეც.

  • ბათუმის #77 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩეველთა არაერთჯერადი მობილიზება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით.
  • ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მყოფი „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ დამკვირვებელი საეჭვო კომუნიკაციაში შედის ამომრჩევლებთან. უბანთან მობილიზებულნი არიან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებიც.
  • ბათუმის #89 საარჩევნო უბანთან მყოფი კოორდინატორები და აკრედიტებული დამკვირვებლები ახორციელებენ ამომრჩეველთა მობილიზებას.
  • ბათუმის #91 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა ხანგრძლივი შეკრებები. კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიან.

13 საათის მონაცემებით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიებში 2 საჩივარი წარადგინეს და ჩანაწერთა წიგნში 5 შენიშვნა დააფიქსირეს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორგანიზაციამ 1 საჩივარი დაწერა.

____________________

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

არის დარღვევა ნუგზარ ფუტკარაძის ფოტო მაისურზე? – არჩევნები ბათუმში

ბათუმის №79 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ლილი ლიპარტელიანს აცვია მაისური, რომელზეც ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული.

ნუგზარ ფუტკარაძემ №4 საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის არჩევნები მოიგო, იგი საკრებულოს უკვე არჩეული წევრი იყო, როცა გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მის გარდაცვალებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სამთავრობო პარტიის ზეწოლის მსხვერპლი გახდა. დღეს მიმდინარე არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძეა.

„დღეს საარჩევნო უბანზე გამოვცხადდი ქართული ოცნების მსხვერპლის, ნუგზარ ფუტკარაძის მაისურით. წინასწარ გავიარე კონსულტაციები იურისტებთან, ეს არ არის არანაირი დარღვევა, მასურს არ აწერია არც პარტიული ნომერი, არც სააგიტაციო მასალაა.

სამართლებრივი დარღვევა ეს არ არის, მორალური მხარე კი მე კი არა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იგრძნოს, რადგან ადამიანი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, ზარებით, ზეწოლებით იმსხვერპლა ქართულმა ოცნებამ“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლილი ლიპარტელიანმა.

მაისურის გამო ბათუმის №79 საარჩევნო უბანზე 5 საჩივარი დაიწერა. საარჩევნო კომისიის მდივანმა, თამარ დიასამიძე გვითხრა, რომ აღნიშნულზე ლილი ლიპარტელიანს შენიშვნაც მისცეს.

შეიძლება თუ არა ეს შემთხვევა განხილული იყოს დარღვევად?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მიიჩნევს, რომ ეს დარღვევაა და ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ საჩივარიც დაწერა. „ჩვენი შეფასებით ეს დარღვევაა“ – ამბობენ საიაში.

დარღვევად მიიჩნევს ამას „სამართლიანი არჩევნებიც“.

„როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ვფიქრობთ, რომ კანონის სულისკვეთებით უნდა წავიკითხოთ და მისი ფართო განმარტებით, ფართო განმარტებით კი აგიტაცია არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

შესაბამისად, ეს მაისური, რომელზეც გამოსახულია გარდაცვლილი კანდიდატი, კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად უნდა ჩავთვალოთ. ვფიქრობთ, ეს არის აგიტაცია, რაც უბანზე აკრძალულია.

თუ ვიწყო გაგებით წავალთ, შეიძლება პარტიულ სიმბოლიკად და ნიშნად ვერ ჩავთვალოთ, თუმცა ახლა კანდიდატის გვარი იგივეა [დღეს არჩევნებში კანდიდატია ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე], ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად წარმოადგენს აგიტაციას, რაც უბანზე აკრძალულია“ – გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

______________

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

„წითელი ჯვარი” დღეს ისევ ეცდება მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას

„წითელი ჯვარი” დღეს, 2 აპრილს, კიდევ ერთხელ ეცდება მარიუპოლში გუნდის გაგზავნას.

პირველ აპრილს გაგზავნილი ჯგუფი, რომელიც მარიუპოლიდან 54 უკრაინულ ავტობუსსა და სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებებს უნდა გამოსძღოლოდა სამოქალაქო პირების ევაკუირებისთვის, უკან – ზაპორეჟიეში დაბრუნდა.

როგორც „როიტერსი“ წერს, „წითელმა ჯვარმა“ განაცხადა, რომ არსებულ პირობებში შეუძლებელი იყო მისიის გაგრძელება. მარტში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ევაკუაციის წინა მცდელობაც არ შედგა. მაშინ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისიის შეჩერების მიზეზი მარშრუტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი გახდა.

პარალელურად, „როიტერსის“ ცნობით, შეინიშნება რუსული ძალების გადაჯგუფება კიევსა და ჩრდილოეთ უკრაინიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთზე ახალი შეტევებისთვის.

მარიუპოლი, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დონბასში მდებარე საპორტო ქალაქია. იგი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველი დღეებიდან ალყაშია. რუსი სამხედროები ამ დრომდე არ აძლევენ საშუალებას ათიათასობით სამოქალაქო პირს უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნით დატოვონ ქალაქი.

ოფიციალური კიევის ცნობით, დაახლოებით 170 ათასი ადამიანია ალყაში, წყლის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვა აუცილებელი პირობების გარეშე. ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის დაბომბვაც.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, თქვა რომ „სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა“.

„წითელი ჯვრის“ მიერ ჰუმანიტარული კორიდორი სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, შეთანხმებული იყო ორივე – რუსულ და უკრაინულ მხარესთან. თუმცა ამ დრომდე მისია ვერ სრულდება.

____________

ფოტოზე: დაბომბილი მარიუპოლი. ფოტო: აზოვის პოლკი

აგიტაციის მცდელობა, მობილიზება საარჩევნო უბნებთან – რა ხარვეზებზე წერს საია

ახალგაზრდა იურისტთა ასაოციაცია დღეს, 2 აპრილს სრულად აკვირდება ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე მიმდინარე შუალედურ არჩევნებს.

სიაი დაკვირვების მონაცემებს აქვეყნებს 12 საათის მდგომარეობით:

  • ბათუმის 23-ე და 76-ე უბნებზე, უბნების გახსნისას, ვერიფიკაციის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. თუმცა, იგი მალევე აღმოიფხვრა და ამომრჩევლებს, 08:16 წუთზე, ორივე უბანზე, შეეძლოთ ხმის მიცემა. ამდენიმე უბანზე დაირღვა საარჩევნო უბნების მოწყობის წესი, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებდა.
  • კენჭისყრის მიმდინარეობისას შეინიშნებოდა ხალხმრავლობა როგორც უბნების შიგნით, ასევე მის გარეთ. უბნების შიგნით სიმჭიდროვე (მაგ. 58-ე, 78-ე, მე-100 და 104-ე უბნებზე), ძირითადად, გამოწვეული იყო უბნის სივიწროვით და კომისიების წევრებისა და დამკვირვებლების დიდი რაოდენობით. ეს არ იძლეოდა სრულფასოვნად დაკვირვების შესაძლებლობას.
  • საიას დამკვირვებლებმა 100-ე და 76-ე უბნებთან დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსები, რითაც ხდებოდა ამომრჩეველთა უბნებზე გადმოყვანა.
  • უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა აგიტაციის მცდელობის 2 შემთხვევა. კერძოდ: მე-100 უბანთან უბნის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა მოუწოდა ამომრჩეველს, შემოეხაზა 41. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ამ პირმა დატოვა ტერიტორია; 104-ე უბანზე შესულ ამომრჩეველს ხელში ეჭირა სპეციალურად დაბეჭდილი სააგიტაციო მასალა, რომელზეც პარტია „ნაციონალური მოძრაობის” რიგითი ნომრის გასწვრივ ეწერა „ომის პარტია“, ხოლო ბიულეტენის ინსტრუქციის ადგილზე იყო მოწოდება, რომ ამომრჩეველს „გაეფერადებინა“ ქართული ოცნების კანდიდატის – რამაზ ჯინჭარაძის გასწვრივ არსებული წრე.

„სავარაუდოდ, ამომრჩეველებს ეს სააგიტაციო მასალა პერიმეტრზე დაურიგდათ. თავმჯდომარის რეაგირების შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

პერიმეტრის რეგულაციების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საიამ ორ შემთხვევაში მიმართა სამართალდამცავ პირებს:

  • 77-ე უბნიდან 10 მეტრში მობილიზებული იყვნენ პირები. პოლიცია დროულად გამოცხადდა ადგილზე, თუმცა, სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა, რადგან, მისი განმარტებით, ადგილზე შეკრებილ პირებს უბანზე ყოფნის უფლებამოსილება ჰქონდათ და მათ ვერ დააჯარიმებდა. ნების კონტროლის რეგულაციები ადამიანების შეკრებაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის კენჭისყრის შენობაში უფლებამოსილი პირების გარეთ შეკრებაზეც, თუ ისინი იკრიბებიან, ფიზიკურად აფერხებენ ან აღრიცხავენ ამომრჩევლებს;
  • მე-100 უბანთან დაფიქსირდა შეკრების შემთხვევა. საიას დამკვირვებელმა იქვე მდგომ პოლიციელებს შეატყობინა. პოლიციის რეაგირების შედეგად, ეს პირები დაიშალნენ.

საიამ ამ დრომდე 2 შენიშვნა დააფიქსირა: მე-100 უბანზე კომისიის წევრებმა დატოვეს უბანი; 90-ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე დაუშვა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე ჰქონდა მარკირება გავლილი და ხმაც ჰქონდა მიცემული ამავე უბანზე. ეს დარღვევა თავმჯდომარის რეაგირების შედეგად აღმოიფხვრა.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში დაფიქსირდა შემდეგი ხარვეზი – სპეციალურ ბიულეტენზე მარკერით გაფერადების შედეგად სითხე გადადის გვერდის უკანა მხარეს. კონვერტში ბიულეტენი, ხშირად, სრულად არ არის მოთავსებული, უკანა გვერდზე გადასული მონიშნული რგოლის მდებარეობის მიხედვით, შესაძლებელია, გაირჩეს შემოხაზული კანდიდატი, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც სულ 2 კანდიდატია. საიას დამკვირვებლებმა 77-ე, 78-ე, მე-100 და 104-ე უბნებზე კომისიის წევრებს მიუთითეს, რომ გააფრთხილონ ამომრჩევლები, რათა ხმის დაფიქსირებამდე, სათანადოდ მოათავსონ ბიულეტენი კონვერტში.

რიგები ბათუმში საარჩევნო უბნებთან | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საარჩევნო უბნებთან დილიდან რიგებია. ბევრ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჭიანურდება, რადგან დღეს ბათუმში არჩევნები ელექტრონული აპარატის საშუალებით მიმდინარეობს და ამომრჩევლებს უხსნიან, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

რიგი N76 საარჩევნო უბანზე
რიგი N89 საარჩევნო უბანზე

აჭარაში კოვიდის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 3 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კოვიდის 12 ახალი შემთხვევაა.

საქართველოში კორონავიურუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2, 03 პროცენტი, ხოლო 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი – 2.44%.

 

 

№76 საარჩევნო უბანზე 6 საჩივარი დაიწერა – არჩევნები ბათუმში

ბათუმის №76 უბანზე ამ დროისთვის [ 10:20 სთ.] ექვსი საჩივარი დაიწერა.

ექვსივე საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა.

6 საჩივრიდან ორი საარჩევნო უბნის გახსნამდე, რვა საათამდე დაიწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გია აბულაძის თქმით, უბანზე ნაკლები ბიულეტენებია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ზედმეტად ერევა კომისიის მუშაობაში.

№76 საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა 1788. უბანზე უნდა მიეღოთ  1800 ბიულეტენი და მიიღეს 2-ით ნაკლები, 1798 ბიულეტენი, რასაც ადასტურებს საარჩევნო უბნის კომისია.

რაც შეეხება დანარჩენი 4 საჩივრის მიზეზებს, ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ: 1. უბანი დაგვიანებით გაიხსნა; 2. საარჩევნო აპარატში უბნის გახსნის შემდეგ [9-ის წუთებზე] სია არ იყო ჩატვირთული; 3. რეგისტრატორი მიუთითებდა ამომრჩეველს შემოეხაზა 41; 4. ორჯერ მოხდა რეგისტრატორის ჩანაცვლება.

ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჭიანურდება, რადგან დღეს ბათუმში არჩევნები ელექტრონული აპარატის საშუალებით მიმდინარეობს და ამომრჩევლებს ხმის მიცემამდე უხსნიან, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა.

______________

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

ბათუმში დღეს არჩევნებია, რომლის შედეგები გადაწყვეტს, ვის ექნება უმრავლესობა საკრებულოში

დღეს, 2 აპრილს, საქართველოში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. გახსნილია 14 საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

ბათუმის №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები საკრებულოს არჩეული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ გახდა საჭირო. ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. ენმ აცხადებს, რომ მასზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენდა და მის მოსყიდვას ცდილობდა.

დღეს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. 35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.

 

რა მოიფიქრეს ხულოში ახალგაზრდებმა გასართობად

„ხულოში არანაირი გასართობი არ იყო ახალგაზრდებისთვის. მე და ჩემ მეგობარს, ლაშა ბოლქვაძეს გვინდოდა, რომ ხულოში რაიმე ახალი შემოგვეტანა. ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს და გაგვიჩნდა იდეა „ეარსოფთ ხულო“ გაგვეკეთებინა. ეს სამხედრო სიმულირებული თამაშების ნაკრებია. თამაშს ხელს უწყობს და უფრო ექსტრემალურს ხდის ხულოს გეოგრაფიული მდებარეობაც, ამასთან, არსად გაკეთებულა აქამდე აჭარაში „ეარსოფთი“, – გვეუბნება ჯემალ დეკანაძე ხულოდან.

ჯემალ დეკანაძე 26 წლისაა. ის გვიყვება, რომ  მესამე წელია, რაც ხულოში „ეარსოფთ ხულო“ შექმნეს და დასძენს, რომ მართალია, დიდი მოგება არ აქვთ, მაგრამ მისთვის და მისი მეგობრებისთვის მთავარი მიზანი მიღწეულია, ხულოს ახალგაზრდები ამ თამაშმა გაამხიარულა.

„ეარსოფთ ხულოს“ შექმნა პანდემიის დაწყებას დაემთხვა.  ჯემალმა და მისმა მეგობრებმა იდეა პროექტად აქციეს და ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მოიპოვეს პროექტის 75%-იანი დაფინანსება, 10 000 ლარი, რითაც თამაშის აღჭურვილობა შეიძინეს.

ჯემალს და ლაშას მოგვიანებით შეუერთდა მამუკა შანთაძე, ახლა ისინი ერთად ხელმძღვანელობენ „ეარსოფთ ხულოს“ და ამასთან, თამაშის ინსტრუქტორებიც არიან.

ჯემალის თქმით, „ეარსოფთი“ პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობს ხელს ადამიანებში.

„ორი ხუთკაციანი ჯგუფი დგება და ირჩევენ, თუ რისი თამაში უნდათ. მაგალითად, „დროშობანა“ თამაშია, სადაც ერთი ჯგუფი იცავს დროშას, ხოლო მეორე ვალდებულია მოიპოვოს ის. კიდევ ერთი თამაშია, როცა წრეზე დგებიან მოთამაშეები, წრის ცენტრში ტრიალდება ბოთლი და ვისი მიმართულებითაც ჩერდება ბოთლის წინა მხარე,  მას სროლის უფლება აქვს, ვისაც მოახვედრებს ტყვიას, ის თამაშიდან ვარდება და თუ ვერავის მოახვედრებს, თავად ვარდება თამაშიდან და ასე შემდეგ“ -გვიხსნის თამაშის წესებს ჯემალი.

ბიჭები იხსენებენ, რომ როცა ხულოში თამაშის სრული აღჭურვილობა აიტანეს, ხალხი გაკვირვებული იყო, სათამაშო იარაღი ძალიან ჰგავს ნამდვილს.

ეარსოფთის მოთამაშე აღჭურვილობით. ფოტო: ეარსოფტ ხულო/facebook

„ეარსოფთის“ ერთი ადამიანისთვის თამაშის ფასი ხულოში 10 ლარია. თამაში 4 საათზე მეტხანს გრძელდება და მონაწილეები ასწრებენ, რომ სხვადასხვა თამაშში მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. ეს თანხა ითვალისწინებს ხულოს ცენტრიდან თამაშის ადგილამდე ტრანსპორტირებას და, ასევე, მოთამაშეების ფოტო/ვიდეო გადაღებას.

ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ „ეარსოფთ ხულოს“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პირველი პოსტის შემდეგ მთელი ორი კვირა გადაბმულად აწყობდნენ თამაშს, რადგან იდეამ დიდი გამოხმაურება და სიმპათია დაიმსახურა.

„ეარსოფთს დიდი ადრენალინი ახლავს. ამ თამაშით იღებ მცირე სამხედრო გამოცდილებასაც და თან ერთობი.

ახლა მუდმივი მომხმარებლებიც გვყავს, აქტიურად თამაშობენ ბიჭებიც და გოგონებიც, გუნდებად ჩამოყალიბდნენ და კვირაში ერთხელ მაინც თამაშობენ.

ძირითადად 20 წლამდე მომხმარებლები გვყავს. გვყოლია 40 – 45 წლის მოთამაშეები. იცით, როგორი მომენტია, ასაკით უფროსები თავიდან ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ბავშვური თამაშია, თამაშის შემდეგ კი რწმუნდებიან, რომ ასე არ არის.

სათამაშოდ სამი ძირითადი ლოკაცია გვაქვს შერჩეული, ერთი დაბა ხულოში და ორი – სოფელ ძირკვაძეებში. ვცდილობთ, რომ მარტივი ლოკაციები ავირჩიოთ, სწორი ზედაპირით, სათამაშო აღჭურვილობა საკმაოდ მძიმეა, ხანდახან მოთამაშეებს უჭირთ ორიენტაცია. შერჩეული ლოკაცია ბევრი წინაღობით უნდა იყოს –  ბორცვებს, ხეებს, ბუჩქებს ვგულისხმობ“.

მოთამაშეები ეარსოფთის თამაშიდან. ფოტო: ეარსოფტ ხულო/facebook

ბიჭების სამომავლო გეგმაა, რომ გაზარდონ სათამაშო აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობა, რათა თამაში ყველა მსურველს შეეძლოს.

„ახლა ჯამში 10 ადამიანის ეკიპირება  გვაქვს და არ არის საკმარისი. თითქმის ყველა თამაშზე რჩებიან თამაშის გარეშე მსურველები  და მეგობრებს ენაცვლებიან ხოლმე“, – ამბობს ჯემალი.

ჯემალი და ლაშა „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათთვის უპირველესია მოთამაშეების უსაფრთხოება და „ეარსოფთ ხულოს“ შექმნიდან დღემდე არ დაშავებულა არცერთი მოთამაშე. ყველა თამაშს  სამივე ინსტრუქტორი ესწრება, რომლებიც აკონტროლებენ მოთამაშეების სრულ აღჭურვილობას თამაშის განმავლობაში:

„სრული აღჭურვილობის გარეშე თამაში მკაცრად გვაქვს აკრძალული, ეს დაუშვებელია. სათვალე, ჟილეტი, ნიღაბი, თავსაბურავი და სხვა, რათა 100 პროცენტით დაცულები იყვნენ მოთამაშეები დაზიანებებისგან. სრული აღჭურვილობის გარეშე თამაში არ შეიძლება“.

მოთამაშეები ეარსოფთის თამაშის დროს. ფოტო: ეარსოფტ ხულო/facebook

ბიჭების თქმით, წელს ხანგრძლივმა და თოვლიანმა ზამთარმა ისინიც შეაფერხა, სათამაშოდ გასვლა უჭირდათ, რადგან შიშობდნენ, იარაღი და სხვა  აღჭურვილობა დასველების გამო არ გაჰფუჭებოდათ.

ბიჭები ამბობენ, რომ მათი გათვლა იყო ხულო მოეცვათ, თუმცა მათთან თამაშობენ ტურისტები, მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებლები.

„როცა ხულოში გავაკეთეთ „ეარსოფთი“, მხოლოდ ბათუმში იყო მოყვარულთა ჯგუფი, რომლებსაც ჰქონდათ  ეკიპირება და იკრიბებოდნენ ხოლმე“, – ამბობენ ბიჭები. მათი თქმით, ახლა ამ ჯგუფთან ახლო ურთიერთობა აქვთ, ხან ისინი ადიან ხულოში სათამაშოდ, ხან – თვითონ ჩამოდიან, თამაშობენ და ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ.

____________

მთავარ ფოტოზე: ჯემალ დეკანაძე „ეარსოფთის“ მოთამაშესთან ერთად

შენი თავის აღმოჩენას, სწორად შეფასებას გთხოვენ – 17 წლის ანასტასია ჰარვარდში ისწავლის

17 წლის ანასტასია ლელაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან დადებითი პასუხი უნივერსიტეტისგან რამდენიმე საათის წინ მიიღო. ანასტასია ჰარვარდში 95-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. ის ჰარვარდში პოლიტიკური მეცნიერებებს შეისწავლის.

ანასტასია ქუთაისში ცხოვრობს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სწავლობს. ანასტასია ჰარვარდამდე გავლილ „ეკლიან“ გზაზეც გვიყვება.

„თბილისიდან უფრო ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან სასწავლებლად, რეგიონებში კი, გარემოს თვალსაზრისით, უფრო ნაკლებია შესაძლებლობები. პირველ რიგში რთულია ინფორმაციის მოპოვება და არც არავინაა, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. ამიტომ ყველაფერი ჩემი ძალისხმევით გავაკეთე.

რომ იტყვიან, მართლა თავით ვიყავი გადაშვებული ინტერნეტში, ვკითხულობდი ყველა სახის ინფორმაციას, ვარგოდა თუ არ ვარგოდა. ამიტომ, შეცდომებიც დავუშვი და ბევრი დროც დავკარგე. მთელი ორი წელი ვმუშაობდი იმისთვის, რომ აპლიკაციამდე მივსულიყავი“, – გვეუბნება ანასტასია.

გარდა იმისა, რომ აბიტურიენტმა სასურველ უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს ნიშნების ფურცელი და კლასგარეშე აქტივობები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ესეს ანუ ე.წ. თემების წარდგენა, სადაც გიწევს საკუთარი თავის, ცოდნის და მიზნების ნათლად და დამაჯერებლად წარმოჩენა.

„გარდა იმისა, რომ მაქამდე გასაკვლევი გზა იყო რთული, რთული იყო საერთაშორისო გამოცდებისთვის მზადებაც, რადგან SAT-ის გამოცდის გარდა, ჩავაბარე მათემატიკა, გერმანული და ისტორია. ამ გამოცდების მომზადება ჩვენს რეალობაში ძალიან რთულია, ფიზიკურად ვერ იპოვი ქუთაისში რეპეტიტორს, ვინც მოგამზადებს.

  • SAT- ში მაღალი ქულა ავიღე, 1600 ქულიანია ჯამში ტესტი, მე 1510 ქულა ავიღე, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი გქონდეს. ჩემთვის ისტორიაში მომზადება იყო რთული, რადგან მთლიანი პროგრამის გავლა მომიხდა ინგლისურად. გარდა ამისა, ქართულ სისტემასა და ამერიკულ სისტემაში განსხვავება ისაა, რომ სულ სხვა ფოკუსებია. დასავლური სისტემა არა მარტო გთხოვს, რომ იცოდე ფაქტი, არამედ უნდა შეგეძლოს ამ ფაქტების ანალიზი და კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ მოხდა და რა გამოიწვია ამან?

მთელი გამოცდა მოდის იმაზე, შენ რამდენად ახერხებ ამ ფაქტების ანალიზს და არა იმას, მხოლოდ ფაქტი იცი თუ არა. ჩემით დავიწყე ამ ყველაფერზე მუშაობა და კარგი ქულებიც ავიღე. ძალიან დამეხმარა „ხანის აკადემია“ მასალების დამუშავებაში და, ბუნებრივია, დამატებითი წიგნებიც შევიძინე“, – ამბობს ანასტასია.

როგორც ანასტასია ამბობს, საერთაშორისო გამოცდებს ცალკე კომპანია ატარებს და შემდეგ შედეგებს თან ურთავ აპლიკაციას.

ანასტასიას თქმით, საკმაოდ რთული პროცესია თემების წერა, რადგან ძალიან დიდი აქცენტი აპლიკანტის უნარებისა და მიზნების წარმოჩენაზე კეთდება.

„გთხოვენ, რომ ბევრი ისაუბრო შენს თავზე, საკუთარი თავის აღმოჩენას, შენი თავის სწორად შეფასებას გთხოვენ. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მქონია საუბრის პრობლემა. მაიძულეს, რომ ამაზეც მემუშავა.

ჩვენთან არავინ გთხოვს აღმოაჩინო, შეაფასო შენი თავი. გთხოვენ, რომ რაღაც აკადემიურ საკითხზე გქონდეს ვთქვათ წარმოდგენა, მაგრამ შენ ვინ ხარ და რა გინდა, ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.

ამერიკაშიც რომ არ აბარებდე, ვფიქრობ, ამ პროცესის გავლა მაინც ძალიან კარგია. როცა თემებს ვწერდი, ზოგჯერ დედაჩემსაც ვაკითხებდი და ერთხელ მითხრა, 44 წლის ვარ და მე ამ ხნის მანძილზე არ მიფიქრია იმ კითხვებზე, რასაც შენ გეკითხებიან 17 წლის ასაკშიო. ისეთი სასწაული კითხვები შეიძლება არც იყოს, უბრალოდ, გაიძულებს, რომ შენი თავი გაიცნო“, – გვეუბნება ანასტასია.

მისი მიზანი საერთაშორისო ურთიერთობების კარგად სწავლაა. ანასტასია საკუთარ შესაძლებლობებს დიპლომატიაში ხედავს. ჰქონდა მომენტები, როცა არჩევანს უწუნებდნენ ახლობლები, დამაბრკოლებელ ფაქტორად კი მაღალ კონკურენციას და დასაქმების ნაკლებ შანსებს უთითებდნენ, თუმცა ანასტასია მიიჩნევს, რომ თუ პროფესიონალი ხარ, „შენ იქნები ის, ვინც რამდენიმე ათასზე უკეთესად იმუშავებ“.

ანასტასია ქართულ დიპლომატისაც შეეხო. მისი აზრით, ჯერ მთავარია ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ინტერესები. „დიპლომატის მოვალეობა კი ის არის, რომ ეს ინტერესები საუკეთესოდ დაიცვას“, – გვეუბნება ანასტასია.

ის დღეს არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ საქართველო სუსტ დიპლომატიას იჩენს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„დიპლომატობაც იმიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვაში შევიტანო წვლილი. როგორც საშინაო, ასევე საგარეო ინტერესებში. თუმცა უფრო მეტად საგარეო ურთიერთობები მაინტერესებს. დღეს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები არასახარბიელოდ გამოიყურება, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში.

მსოფლიო პოლიტიკაში როცა დგება საკითხი, მიემხრო რომელიმე ქვეყანას, სჯობს მიემხრო რომელიმეს და არ დარჩე შუაში, რადგან ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია.

მიემხრო გამარჯვებულს არის კარგი, რადგან თუ კარგი გაიმარჯვებს შენც შეიძლება რამე იხეირო და ზოგჯერ სჯობს მიემხრო დამარცხებულს, ვიდრე იყო ნეიტრალური. ნეიტრალიტეტით, კარგავ მოგებულსაც და წაგებულსაც.

დღევანდელი სიტუაცია რომ ავიღოთ, აქ მარტო უკრაინაზე და რუსეთზე არ არის საუბარი ხომ?  აქ პირდაპირი მნიშვნელობით სინათლეზე და სიბნელეზეა საუბარი, ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინ განვსაზღვრეთ და ავირჩიეთ. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ამიტომ ამ ინტერესების ცუდად დაცვა, თუ ბოლომდე მაინც არ უსვამ ხაზს, ვფიქრობ, რომ არ შეიძლება.  არ შეიძლება იყო მეგობარი იმის, ვისაც შენი არა მარტო ტერიტორიის მიტაცება სურს, არამედ კულტურული და ეროვნული იდენტობის განადგურებაც. ეს სახელმწიფო კი დღეს რუსეთია. მე ამას ვხედავ და მაწუხებს“, – გვეუბნება ანასტასია.

რა იყო გარდამტეხი, ის, რის გამოც საბოლოდ თქვენზე არჩევანი შეაჩერეს? – ვეკითხებით მას.

ანასტასიას აზრით, „ჰარვარდში არ სჭირდებათ რობოტი, რომელიც კარგად წერს გამოცდებს, არც მხოლოდ კლასგარეშე აქტივობებში ჩართული ბავშვი, რომელიც აკადემიური მხარე არ აქვს ძლიერი. ყველაფერი არის ერთდროულად საჭირო.

მნიშვნელოვანია, გქონდეს ღირებულებები და მიზნები, რომელიც შენი ცხოვრების პრინციპებია და ამ პრინციპებს მიყვები“, – გვეუბნება ანასტასია.

მისი თქმით, მისი ცხოვრების პრინციპი საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანაა. „ამას რა გზებით მიაღწევ, ეს უკვე მოდის წლებთან ერთად. მე ამჯერად ეს გზა ავირჩიე“, – ამბობს ანასტასია.

ეს დროის მოგებას ჰგავს, ფრონტის გასწორებას დონბასზე – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსეთისთვის ახლა მთავარი დარტყმის მიმართულება არის დონბასი,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, ახლა მეორე ეტაპია რუსეთ-უკრაინის ომის და სამხედრო დანაკარგები გადაწყვეტს – რა ელის, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას და დანარჩენ სამყაროს.

გენერლის დაკვირვებით, ომის გასაგრძელებლად რუსეთი „ძალებს იკრებს,“ უკრაინა კი, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამხედრო აღჭურვილობას ელის, რამაც ომში წარმატებების ბედი უნდა განსაზღვროს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ის ასევე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თურქეთში მოლაპარაკების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით შეამცირებდა სამხედრო მოქმედებებს. ზელენსკი არ ენდობა ამ განცხადებებს, ხოლო აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ჯარების მცირე ნაწილის გაყვანის მიზეზი არა დეესკალაცია, არამედ გადაჯგუფება, მომარაგება და კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება. თქვენ როგორ ხედავთ ამ ვითარებას?

მეც არ ვენდობოდი რუსეთს, რუსეთის ნდობა საშიში საქმეა. უცნაურია: დეესკალაციას აცხადებ და ამ დროს ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, განაგრძობ დაბომბვას. მთლიანობაში ეს ძალიან ჰგავს ვითარებას, როცა ჯარების გადაჯგუფება ხდება, ასევე მიღებული დანაკარგების შევსება როტაციულ დონეზე.

ეს დროის მოგებას ჰგავს, როცა უნდა მოხდეს ფრონტის გასწორება ჩრდილოეთ მიმართულებაზე. ბრიტანულ და ამერიკულ რუკებზე კარგად ჩანს, როგორ არის შემოჭრილი რუსების ზოლები. ისეა ეს ზოლები, რომ თვითონ არიან მოხვედრილი ორმაგი დარტყმის ქვეშ და მოწყვლადები არიან.

  • სამხრეთის მიმართულებით რა ხდება? უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქში 11 დასახლება გათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. 

ხერსონის ოლქი ძალიან დიდია და იქ მართლა იმდენი დასახლება შესაძლოა გათავისუფლდეს, რომელიც შეიძლება არც იყოს დაკავებული რუსების მიერ. ქალაქ ხერსონისთვის ალბათ რუსეთი ისევ იბრძოლებს. ის ერთადერთი დიდი რაიონული ცენტრია, სადაც მიაღწიეს წარმატებას, აიღეს ქალაქი.

ზოგადად, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა გამოსვლა ხერსონიდან და მდინარეზე გამაგრება, რომელიც გადალახვას საჭიროებს და არა უბრალოდ გადასვლას, ამით მათი თავდაცვა გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა. რუსები მალე დაიწყებენ ძალების დაზოგვას თავდაცვაში ყოფნისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, რუსეთი ცვლის დარტყმის მიმართულებას და საბრძოლო სტრატეგიას? 

ვთვლი, რომ რუსეთისთვის ახლა მთავარი დარტყმის მიმართულება არის ლუგანსკი-დონეცკის მიმართულება. იზუმიდან არის დაწყებული შემოვლითი მანევრი, ქვემოთ, გულიაპოლიდან თუ შეძლებენ მანევრის განხორციელებას და ეს მარწუხები შეერთდა, უკრაინის დიდი დაჯგუფება მოჰყვება ამ ალყაში. ეს იქნება რუსებისთვის საკმაოდ დიდი გამარჯვება.

თუ ვერ შეძლებენ ისინი გულიაპოლიდან ღრმა შემოვლის განხორციელებას, შემორტყმა შეიძლება განხორციელდეს იზუმის მიმართულებაზე ხარკოვის სამხრეთით.

რუსები მიხვდნენ: ყველაფერი რომ მოინდომონ, ვერაფერს ვერ მიიღებენ, ამიტომ გადავიდნენ კონკრეტული მიმართულებით თავდაცვაზე. ისინი გააძლიერებენ ამ მიმართულებას. მათი ამოცანა, რომ გავიდნენ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, მთლიანობაში დონბასი მოაქციონ კონტროლის ქვეშ. ამის გარდა, მათ აქვთ საშუალება, რომ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება მოაქციონ ალყაში და სცადონ მისი განადგურება.

  • მარიუპოლის მიმართულებით რა იცვლება? საინტერესოა ასევე, რისთვის გამოიყენებს ომში რუსეთი იმ ადამიანებს, რომელიც მარიუპოლიდან რუსეთში წაიყვანეს? 

ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია – აჩვენოს, რომ აი, რუსეთში მიდიან თავშესაფრისთვის და მეორეს მხრივ, დათესოს პანიკა, ქაოსი შექმნას… რამდენიც გავიდა, იმდენი დაიხოცა ის ხალხი. რუსების მხრიდან ეს არის ბერკეტი, როგორმე დაიყოლიოს უკრაინა. სხვა ბერკეტი არ გააჩნია, სამხედრო თვალსაზრისით ის დიდ წარმატებას ვერ აღწევს.

  • ერთი კვირა თუ გაუძლეს, ძალიან მაგრები იქნებიანო, გვითხარით „აზოვის“ დანაყოფის შესახებ ერთი კვირის წინ. „აზოვის“ მეომრები ისევ მარიუპოლში რჩებიან. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს შედეგი?

მარიუპოლის ცენტრი აღებული აქვთ რუსებს, მაგრამ იქ ისევ მიდის ბრძოლები. ისინი მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე არიან ძირითად გამაგრებული. ისინი მთლიან ალყაში იმყოფებიან, ნამდვილად ძალიან მძიმე დღეში არიან, მაგრამ ვაჟკაცურად იბრძვიან.

  • „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთში სამხედრო წვრთნებისთვის და შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად ჩაიყვანეს 300 მებრძოლი სირიიდან… ასევე პუტინმა 134 500 წვევამდელის ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. ეს რამდენადაც ცვლის მოცემულობას? 

წვევამდელს სჭირდება მომზადება. რუსეთს არ აწყობს ახლა დიდი რესურსების დახარჯვა და საყოველთაო მობილიზების გამოცხადება. ეს გამოიწვევს რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას. ვფიქრობ, წვევამდელების გაწვევის ნაწილი ჩვეულებრივი გაწვევაა, მათ პირდაპირ ბრძოლის ველზე ვერ გაუშვებენ. ეს უფრო არის დაკარგული დანაკლისის შევსება პირად შემადგენლობაში. მოგეხსენებათ, რუსეთ საკმაოდ მაღალი დანაკლისი აქვს და ამის მიზანი არ არის გაძლიერება.

რაც შეეხება სირიელ მებრძოლებს, როგორც ვხდები, ეს უფრო არის მსუბუქი ქვეითი, რამდენად არის მზად თანამედროვე მექანიზებული ომისთვის. ამ მებრძოლებს ალბათ უფრო გამოიყენებენ დამხმარე ფუნქციით. ეს შეიძლება იყოს აღებული დასახლებული პუნქტის, ქალაქის კონტროლი. რუსეთი ამ გადაჯგუფებებით ცდილობს გააძლიეროს მთავარი დარტყმის მიმართულება, ანუ დონბასის მიმართულება.

რამდენად გამოჩნდა დასავლეთის და ნატოს დამოკიდებულების შეცვლის საჭიროება? ვხედავთ, რომ პუტინი დასავლეთისგან მკაცრი სანქციების მიუხედავად ომს განაგრძობს. 

პუტინი პუტინი არ იქნებოდა, ამ სანქციების შეშინებოდა. მან იცის, რომ ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. უკრაინაში წარუმატებლობა არის პუტინისთვის პოლიტიკური სიკვდილი, ფიზიოლოგიურს თუ არ დავუმატებთ. ფაქტია, რომ ნატომ გააძლიერა თავისი დახმარება. ბრიტანელები მზად არიან შორსმსროლელი არტილერიის, ასევე მეტი ლეტალური საშუალებების მიწოდებაზე. ამის სურვილი გამოთქვეს სხვა ქვეყნებმაც. ეს დახმარება უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს. პრობლემა უკრაინას აქვს ის, რომ თვითონაც განიცდის ტექნიკის დანაკარგს, ამ ტექნიკის აღდგენა, როცა იბომბება ქარხნებიც, რთულდება.

უკრაინას ნამდვილად სჭირდება დახმარება იმ ტიპის შეიარაღებით, რომლისთვისაც უკრაინის შეიარაღებული ძალები არის მომზადებული.

  • თქვენი ინფორმაციით, რატომ ვერ მიაწოდეს ამ დრომდე უკრაინას საშუალო და მაღალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საკრუიზო რაკეტები, ან მიგ-ები რატომ ვერ გადასცეს?

თვითმფრინავების მიწოდებას თავს არიდებენ და ამაზე ბევრჯერ ითქვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო პასუხი და ამას კიდევ განიხილავენ. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაგამანადგურებელი არის მხოლოდ ერთი კომპონენტი საჰაერო თავდაცვის, რომელიც თავისი შესაძლებლობით სტატიკურია, ვგულისხმობ იმას, რომ თვითმფრინავი არის ყველაზე ნაკლებად მანევრირებადი საშუალება, ის საჭიროებს აეროდრომებს, სპეციალურ სახმელეთო მომსახურებას, მიბმულია გარკვეულ ტერიტორიაზე…

  • ანუ მიზნობრივად ვერ გამოიყენებს ამას უკრაინა და ამიტომ არ აწვდიან? 

თვითმფრინავებს სჭირდება სახმელეთო და ტექნიკური უზრუნველყოფა. უკრაინა დღეს იყენებს საგზაო ტრასებსაც, რომელიც დაგებულია ისე, რომ შეძლოს აფრენა თვითმფრინავმაც, მაგრამ ძირითადი აეროდრომები მუდმივად დარტყმის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. „აბრამსი“ რომ გადასცენ უკრაინას, მისი გამოყენება ჯერ უნდა ასწავლო ეკიპაჟს… არ არის ისე, რომ პისტოლეტი მისცე ხელში და ისროლო. საუბარია რთულ სისტემებზე.

რაც შესაძლებელია, უკრაინა იღებს ამ რთულ სისტემებს, რაც მომზადებას ექვემდებარება, რა არ მიაწოდეს კიდევ?

  • საკრუიზო რაკეტა, მაგალითად? 

შესაძლოა, ის მიაწოდეს ისე, რომ არ იყო აფიშირებული. ნატო რასაც შეძლებს, მიაწვდის, ეს ტენდენცია გრძელდება. მესმის, რომ ზელენსკი უკმაყოფილოა, ომი გრძელდება და ომში ზედმეტი არაფერი არ არის, მაგრამ ამის უკან დგას რეალურად გამოყენების ეფექტურობა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკა, შესაძლებლობები.

მთავარი არის ის, რომ უკრაინაში დღეს არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორც ეს იყო ომის დაწყების პირველ დღეებში.

  • თქვენი დაკვირვებით, რა სჭირდება ახლა უკრაინის თავდაცვის ძალებს კონტრშეტევისთვის?  

კონტრდარტყმისთვის უკრაინას სჭირდება საჰაერო ძალები. კონტრშეტევებს ტაქტიკურ დონეზე ისინი ახორციელებენ ლოკალური მიმართულებებით, მაგრამ მათ უნდა შეეძლოთ მოწინააღმდეგის შეჩერება… მოწინააღმდეგე ჯერ შეჩერებული არ არის. მოწინააღმდეგეს არ აქვს მიღებული ისეთი ზარალი, რომ მან უარი თქვას თავისი შეტევის გაგრძელებაზე.

ეს მდგომარეობა როცა იქნება, მაშინ შეეძლება უკვე უკრაინას გადავიდეს კონტრდარტყმაზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის მას სჭირდება საჰაერო ძალები, ან უპირატესობა ჰაერში.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – საითკენ მიდის პროცესი, ბოლო ცნობების მიხედვით? 

ფაქტია, რომ რუსეთი განიცდის დანაკარგებს, მათ შორის, თვითმფრინავების კუთხით, თვითმფრინავების მაგივრად გამოიყენეს რაკეტები, მაგრამ ეს უახლესი რაკეტებიც მას არ აქვს ულევი. ამიტომ გადადის ისევ ძველი სისტემის რაკეტებზე. ასე რომ, რუსეთი განაგრძობს დისტანციურ ზემოქმედებას მაქსიმალურად. ის ავიაციას გამოიყენებს მთავარი დარტყმის მიმართულებაზე.

  • ადრეც გვითხარით, რომ რუსეთი ამ ომს ვერასდროს მოიგებს, თუმცა სამხედრო დანაკარგებზეა დამოკიდებულია შეთანხმების შედეგი. თქვენი აზრით, დასავლეთიც ამ შეთანხმებას ელოდება, თუ ხედავთ სხვა სტრატეგიას, რომლის მოქმედების იმედიც აქვთ დასავლელ პარტნიორებს?

გააჩნია, რას გააფორმებს რუსეთი გამარჯვებად. ზოგადად, ის ვერასდროს აიღებს უკრაინას და ვერასდროს შეცვლის უკრაინის ხელისუფლებას. მას შეუძლია გარკვეული ტერიტორიის წაღება და, ასე ვთქვათ, გააფორმოს გამარჯვება ომში. ის ამას ომს არც ეძახის, ეძახის სამხედრო ოპერაციას და ამ ოპერაციის დასრულების საჭიროებას როდის დაინახავს, ეს თავის პროპაგანდაზე იქნება დამოკიდებული.

დასავლეთისგან არ ჩანს სხვა სტრატეგია. ის ცდილობს, რომ აქტიურად დაეხმაროს უკრაინას და გაზარდოს სანქციები.

თქვენი ინფორმაციით, რატომ დააბრუნეს ცხინვალიდან წაყვანილი ჯარისკაცები. მოსალოდნელია თუ არა მათი დაბრუნება სოხუმშიც? 

ცხინვალის შემთხვევაში, ესენი იყვნენ დეზერტირები და დაბრუნდნენ. კოკოითმა მოუწოდა კიდეც მოსახლეობას, რომ ნუ გაკიცხავთ, არ იყო ეს ორგანიზებული და ვინც იქნება ორგანიზებული, ისინი წავლენ კონკრეტული ამოცანების შესასრულებლადო… ეგონათ, რომ იქნებოდნენ ზურგში, მაგრამ გაუშვეს წინა ხაზზე, უარი თქვეს წასვლაზე და წამოვიდნენ.

სოხუმელების შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ აფხაზეთის ბაზიდან წასული ბატალიონი, როგორც ვიცი, მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მიკოლაევთან.

  • ისევ ელით ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ეტაპს რუსეთის მხრიდან? 

რუსეთმა დაიწყო უკვე ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ეტაპი, ეს არის აქცენტი დონბასის მიმართულებაზე. მეორე ეტაპი არ გულისხმობს იმას, რომ ის გამოიყვანს სხვა მიმართულებებიდან დანაყოფებს, მაგრამ ძირითად დარტყმას განახორციელებს დონბასზე. თუ აქ დამარცხდა რუსეთი და ვერ შეძლო თავისი ამოცანების შესრულება, ხალისით მოუწევს მოლაპარაკებებზე წასვლა.

სამხედრო დანაკარგების პროპორციულია მოლაპარაკების შედეგი. ჯერჯერობით, მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვისაა, როგორც ხედავთ.

რუსი, რომელიც უკრაინელების მხარეს იბრძვის I ვიდეო

„მე მქვია სერგეი ლოიკო. 69 წლის ვარ. მე რუსი ვარ. 27 წელი ვიყავი „ლოს-ანჯელეს თაიმსის“კორესპონდენტი. ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში ვყოფილვარ უამრავ ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მხარე და არ ამიღია იარაღი.

მაგრამ ეს განსხვავებული ომია. მე აქ ვარ, კიევში, უკრაინაში, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც მებრძოლი ამ არმაგედონულ ომში სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე ავირჩიე სიკეთის მხარე.

აქ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, ისინი იბრძვიან შენთვის, ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის. ეს მესამე მსოფლიო ომია“, – ეს ვიდეომიმართვა ყოფილმა ჟურნალისტმა, მწერალმა სერგეი ლოიკომ, 2 მარტს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა ფეისბუქზე.

ლოიკო აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა რუსეთის მოქალაქეა. იგი თითქმის ყოველ დღე აუდიტორიას აცნობს უკრაინელ მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის დასაცავად:

„ყოველდღე ვიწერ 5-6 ვიდეოს ჩვეულებრივ ადამიანებთან, რომლებმაც ახლა ჩაიცვეს საომარი ფორმა, რომ ეს რგოლები ნახოს ყველამ. მათ შორის რუსეთშიც ნახონ, ვის ებრძვიან აქ, ხოლო უკრაინელებმა ნახონ მათი მებრძოლების სახეები – მათი ძმების, შვილების, ქმრების… იცოდნენ, რომ ისინი მათ დაიცავენ“.

სერგეი ლოიკო ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტმა, მწერალმა და ფოტოგრაფმა ხელში ავტომატი აიღო, სირცხვილის გრძნობაა.

„თავიდან მთავარი გრძნობა იყო სირცხვილი იმის გამო, რასაც აქ ჩემი სამშობლო სჩადის. ჩვენ ამას ვერასდროს ჩამოვირეცხავთ.

აქ აღმოვჩნდი იმიტომ, რომ მრცხვენია. ეს პირველი ომია ჩემს ცხოვრებაში, თუ არ ჩავთვლით მივლინებებს ომში, რომელიც ოცზე მეტი იყო. იმ ომებში იყო თუნდაც სიმართლის რაღაც მარცვალი ორივე მხრიდან, მათ თავისი სიმართლე ჰქონდათ. ეს შავ-თეთრი ომია, აქ ყველაფერი ცხადია“, – უთხრა სერგეი ლოიკომ „ამერიკის ხმას“.

აქვს თუ არა სანგარში ყოფნისას სიკვდილის შიში, სერგეი ლოიკო ამბობს, რომ არა:

„ვფიქრობ, სანგარში არავის აქვს სიკვდილის შიში. ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ და სიკვდილი ყოველთვის ვიღაც სხვასთან მიდის. როცა სიკვდილი ჩვენთან მოდის, ჩვენ ამას ვერც კი ვხვდებით. სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, ის არ არსებობს. სიკვდილი ყოველთვის სხვა ადამიანებს ეხება, აი, ამის უნდა გვეშინოდეს, ხოლო საკუთარი სიკვდილის შიშს აზრი არ აქვს, ეს არ არის საშიში“.

449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება.

2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო 5 863 შემთხვევა – სისხლის სამართლის კოდექსით დაკვალიფიცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 449 ადამიანი, ხოლო – 7 707 დაშავდა.

საავტომობილო გზების შესახებ კანონი განსაზღვრავს „შავ წერტილებს“ – გზის არაუმეტეს 300-მეტრიან მონაკვეთებს, სადაც 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

  • ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა
  • ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა

ავარიების თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, დამტკიცებულია ასევე გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრის წესი.

შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებიდან, ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან „ბათუმელებმა“ გამოითხოვა ინფორმაცია, არის თუ არა დადგენილი საავტომობილო გზებზე შავი წერტილები, რა ღონისძიებები ტარდება მათი აღმოფხვრისა და უსაფრთხო გადაადგილების კუთხით.

პასუხი ჯერჯერობით მხოლოდ გზების დეპარტამენტისგან მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ შავი წერტილები საქართველოს გზებზე ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

  • „შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტს, მის მართვაში არსებულ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საკანონმდებლო რეგულაცია და წესი ამოქმედდა 2020 წელს, შესაბამისად, მათი დამტკიცებიდან არ არის გასული 3 კალენდარული წელი.
  • ამდენად, წესისა და კანონის პირობების დაცვით შავი წერტილების იდენტიფიცირების და სამინისტროს მიერ დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდების პერიოდი არ დამდგარა“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამ წერილის შინაარსიდან თუ ამოვალთ, შავი წერტილების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დეპარტამენტს 2023 წლის დეკემბრიდან უნდა მიაწოდოს. ამ ლოგიკით კი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები „შავი წერტილების“ განსაზღვრასა და მათ აღმოფხვრას, გამოდის, 2024 წლამდე არ აპირებენ.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაციები ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ჩატარდა თუ არა რაიმე სახის კვლევა, რომლის მიზანი იქნებოდა ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირის მიზეზი, მაგალითად, ხომ არ აქვს გზას ტექნიკური პრობლემა, არის თუ არა გამტარუნარიანობის, განათების პრობლემა? ასევე მსგავსი კვლევ[ებ]ის შედეგ[ებ]ის, დასკვნების თუ სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლები.

  • „გაცნობებთ, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე გასული წლების საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა „შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა“.
  • აღსანიშნავია, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზა გეომეტრიული პარამეტრების გათვალისწინებით, დაგეგმარებულია, დაპროექტებულია და აშენებულია ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია გარე განათების ქსელი, გზა აღჭურვილია ყველა სახის საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებებით და უზრუნველყოფილია საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო გამტარუნარიანობის პირობები.
  • შესაბამისად, გზა სრულად აკმაყოფილებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ჩვენ ავიღეთ გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთები, სადაც მეტი ავარია მოხდა 3 წლის [2019-21წწ] განმავლობაში [თუმცა, ვინაიდან ზუსტი ადგილმდებარეობები ამ დროისთვის არ გვაქვს, ვერ ხერხდება 300-მეტრიანი მონაკვეთების გამოყოფა].

მაგალითად, სამი წლის განმავლობაში, ქობულეთის შემოვლითი გზის:

  • მე-10 კილომეტრზე – 5 ავტოავარიას ემსხვერპლა 1 ადამიანი, დაშავდა 5 ადამიანი
  • მე-14 კილომეტრზე – 3 ავტოავარიას 4 ადამიანი შეეწირა, დაშავდა – 12
  • მე-19 კილომეტრზე – 7 ავტოავარიას ემსხვერპლა 3 ადამიანი, დაშავდა – 35
  • მე-20 კილომეტრზე – 3 ავტოავარიას ემსხვერპლა 3 ადამიანი, დაშავდა – 9
  • 24-ე კილომეტრზე – 3 ავტოავარიას ემსხვერპლა – 2, დაშავდა – 7
  • 27-ე კილომეტრზე – 4 ავტოავარიის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი
  • 30-ე კილომეტრზე – 4 ავტოავარიის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი

„ბათუმელებმა“ ასევე იკითხა – ხომ არ იგეგმება ან განიხილება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია ან სხვა ღონისძიება აღნიშნულ გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად [მაგალითად, ამ გზის გაცალმხრივება, გამყოფი ზოლის მოწყობა, დაშვებული მაქსიმალური ზღვრული სიჩქარის შემცირება, ან საერთოდ, ამ გზის პარალელურად ახალი გზის აშენება და სხვ.]

  • „მოგახსენებთ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია ან სხვა სახის ღონისძიება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, საავტომობილო გზა დაგეგმარებულია, დაპროექტებულია და აშენებულია ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

ბოლო ტრაგიკული შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი კვირის წინ, 15 მარტს მოხდა, როცა ავარიის შედეგად ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია დაიღუპა. ამავე ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა.

„ბათუმელები“ მაშინ წერდა, რომ 2018 წლიდან ეს იყო მე-11 დაღუპული ქობულეთის შემოვლით გზაზე [ჩვენი არქივის მიხედვით, ვინაიდან იმ დროისთვის არ გვქონდა ოფიციალური სტატისტიკა].

„ბათუმელებმა“ ეს სტატისტიკა ოფიციალურადაც გამოითხოვა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 29 მარტს მიღებული მონაცემების მიხედვით, 2018-2021 წლებში ქობულეთის შემოვლით გზაზე 66 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაღუპა და 169 დაშავდა:

ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთის შემოვლით გზაზე / წყარო: საქართველოს გზების დეპარტამენტი

ზემოთ მოყვანილ ცხრილში არ არის 2013 წლის ოქტომბრიდან 2018 წლამდე პერიოდის და 2022 წლის იანვარ-მარტის თვეების მონაცემები ავარიების შესახებ.

გზების დეპარტამენტიდან ეს სტატისტიკაც გამოთხოვილი გვქონდა, თუმცა მონაცემები ვერ მივიღეთ. ამ მონაცემებს „ბათუმელები“ ამჯერად შსს-სგან ელოდება.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.

ამ თემაზე ვრცლად:

მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

 

აჭარას შეუძლია საქართველოდან გამოყოფის პროცედურები დაიწყოს – რუსი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განცხადებით, აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“.

კლიმოვი ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თბილისი მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა. კლიმოვის თანახმად, ზურაბიშვილმა ეს განცხადება ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომ ცხინვალს რუსეთის ნაწილად გახდომა სურს.

ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, Ria Novosti ავრცელებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს. თუ მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ, რელიგიურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შეეცდება გააძლიეროს საკუთარი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავ ზღვაზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით“, – განაცხადა კლიმოვმა ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში.

კლიმოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, „პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის“.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსეთის ისტორიული სამშობლო რუსეთია, ხოლო სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების მიზნით, იგი 10 აპრილის შემდეგ რეფერენდუმს გამართავს.

აჭარაში არანაირი „სეპარატისტული პროცესი“ არ არსებობს, არც თურქეთს გამოუთქვამს პრეტენზია საქართველოს ტერიტორიაზე. მეტიც, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს დიდი ხანია საზღვრები დადგენილი აქვს.

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა. 

ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ:

რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი?

მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი (ASD) არის განვითარების ნეირო-ბიოლოგიური დარღვევა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური გამოწვევებით სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ინტერესთა სფეროს ერთფეროვნებით  და განმეორებითი ქცევითი პატერნით.

მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა და არა დაავადება. ხოლო ინტერვენციები არ გულისხმობს მკურნალობის მეთოდებს, რადგან აუტიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც უნარჩუნდება ადამიანს ცხოვრების ბოლომდე და ნებისმიერი ტიპის ჩარევა მიმართულია არა განკურნებაზე, არამედ, ამ მდგომარეობის პირობებში საზოგადოებაში ადაპტაციაზე.

დღეისთვის არ გამოიყენება ტერმინი “აუტისტი”, ეთიკურია ვთქვათ, აუტიზმის მქონე / აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი.

რაც შეეხება აუტისტური სპექტრის ცნებას, მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმს გააჩნია ბაზისური კლინიკური ნიშნები, ასევე არის ძალიან კომპლექსური და თითქმის ყველა შემთხვევისას ის ხასიათდება ინდივიდუალური ნიშნებით, ძლიერი მხარეებითა და გამოწვევებით. ამიტომ მიჩნეულია, რომ ის მოიცავს სხვადასხვა ნიშნების სპექტრს.

არსებობს მითები, რომ აუტიზმს იწვევს ვაქცინაცია ან ტყვიით მოწამვლა, თუმცა ამ დრომდე კვლევებით არ დასტურდება ეს ინფორმაცია. აუტიზმს ამჟამინდელი ცნობებით იწვევს ძალიან სპეციფიკური გენეტიკური მოცემულობისა და გარემო ფაქტორების კომბინაცია. 

ნინო დოლიძე: ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის ქოლგის ქვეშ მოიაზრება, როგორც ცალკე აუტიზმი, ასევე ასპერგერის სინდრომი და პერვაზიული აშლილობა. 

როგორ ამოვიცნოთ აუტიზმი?

მარიამ ათაბაგი: არამხოლოდ აუტიზმის შემთხვევაში, ზოგადად, როცა კი ორსულობის მომენტი დგება, მნიშვნელოვანია, მშობლები გაეცნონ განვითარების სტანდარტს. რა ასაკში როგორ იქცევა ბავშვი, რისი ცოდნა და კეთება მოეთხოვება მას კონკრეტულ ასაკში. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და დაინტერესებულ პირებს ონლაინაც შეუძლიათ მოძიება და შემდგომ უკვე უშუალოდ ბავშვზე დაკვირვება.

შესაძლებელია განვითარების შეფერხება 1 წლის ასაკშიც შესამჩნევი იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში  2-3 წლიდან უფრო თვალსაჩინო ხდება სურათი, რომლის დროსაც შესაძლებელია ეჭვები გაგვიჩნდეს და მივმართოთ სპეციალისტს.

ნინო დოლიძე: პირველი საფუძველი, რის გამოც ბავშვი უნდა მიიყვანონ ჯანდაცვის პირველად რგოლში ან თუნდაც პირდაპირ ფსიქოლოგთან, ეს არის მშობლის, თუნდაც მცირეოდენი ეჭვი. ეჭვის გაჩენისას არ არის საკმარისი გადაამოწმოთ ის სხვა მშობლებთან და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.  ხშირად, ინფორმაცია, რომელსაც სხვა მშობლები გაწვდიან შეიძლება არ იყოს ზუსტი, რადგან ეს მათ კონკრეტულ გამოცდილებას ეყრდნობა, ამიტომ უმჯობესია ყველა ეჭვი გადამოწმდეს უშუალოდ სპეციალისტთან.

რა ნიშნებით ხასიათდება ASD?

მარიამ ათაბაგი: პირველი ნიშნები, რამაც მშობელს ეჭვი უნდა გაუჩინოს შემდეგია: მზერითი კონტაქტის ნაკლებობა ან არარსებობა, ასევე სახელზე რეაგირების არქონა, ის, რომ ბავშვი არაფუნქციურად, არაინტერაქციულად თამაშობს/იყენებს სათამაშოებს, მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მანქანა გამოგიგოროს, მანქანებს სპეციფიკური თანმიმდევრობით ალაგებს. ეჭვის საფუძველია ვიწრო ინტერესთა სფეროც, ასევე განმეორებადი ქცევის პატერნი, როგორიცაა: ხელის მტევნის ტრიალი, ფეხიდან ფეხზე რწევა, ტრიალი ოთახის გარშემო.

ზოგადად, ამგვარი განმეორებადი ქცევები ყველაზე გავრცელებული მახასიათებელია განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ასევე აღსანიშნავია ექოლალიები. ექოლალიებს ვეძახით შემთხვევას, როცა ბავშვი აქტიურად იმეორებს ნათქვამს.

ასევე უნდა ითქვას, რომ ხშირია შემთხვევები, როცა 2 წლამდე ბავშვებში მიდის ტიპური განვითარება და ორი წლის შემდეგ ხდება უნარების რეგრესი. მაგალითად, შეიძლება 2 წლის შემდეგ ბავშვმა მოუკლოს სიტყვების თქმას და უკვე შემდეგ გამოიხატოს აუტიზმისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები.

რაც შეეხება უშუალოდ კომუნიკაციას, საგულისხმოა, თუ ბავშვს მეტყველების დაწყებამდე უშუალოდ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება უჭირს, მაგალითად საგნის თითით ჩვენება, ხელის დაქნევა მისალმებისას და ასე შემდეგ.

ძირითადად ყალიბდება, როგორც სოციალური კომუნიკაციის ნაკლებობა, როცა ბავშვი არ შედის ინტერაქციაში ოჯახის წევრებთან, ასევე პირიქით, არადიფერენცირებული სოციალური ინტერაქციის მაღალი მოთხოვნილება. ამ შემთხვევაში ბავშვს უცნობ, ქუჩაში გამვლელ ადამიანთანაც იმავე ტიპის ურთიერთობის გაბმა სურს, როგორც ეს ახლობლის შემთხვევაში ხდება.

აუტიზმის შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ბავშვს მეტყველება განვითარებული აქვს, მეტყველება არის ერთფეროვანი, არაფუნქციური და ეყრდნობა ძირითადად გამეორებებს, ანუ ექოლალიებს.

ტექნიკური გზა ჯანდაცვის რგოლში

მარიამ ათაბაგი: მშობლის/აღმზრდელის მიერ აუტისტური სპექტრის ნიშნების იდენტიფიცირების ან/და პედიატრთან გეგმური შემოწმების საფუძველზე, ბავშვის გადამისამართება ხდება ნევროლოგთან. 

აუტიზმის დიაგნოსტირება ხდება ნევროლოგისა და ფსიქიატრის მიერ, არსებობს შეფასების ინსტრუმენტი „ადოსი“ (ADOS – აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სკალა). „ადოსი“ ითვლება ოქროს სტანდარტად და სწორედ მის საფუძველზე, საერთო შეფასებით ხდება დიაგნოზის დასმა. დაახლოებით 2 წლიდან დიაგნოზის სანდოობა იზრდება. 

ნინო დოლიძე: მშობელს შეუძლია პირდაპირ ფსიქოლოგთანაც მიიყვანოს ბავშვი და უკვე ნაადრევადვე დაიწყოს შესაბამისი სერვისის მიწოდება მისთვის. რადგან ხანდახან ხდება შემთხვევები, როცა პედიატრები მშობლებს მოცდას და უფრო ხანგრძლივ დაკვირვებას ურჩევენ. ამ შემთხვევაში მოცდა დასაშვებია, თუ ბავშვი ჯერ ვერ მეტყველებს ან მეტყველებს მარცვლებით, თუმცა ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და შეუძლია დასახელებული საგნების ჩვენება. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია მალევე მივმართოთ სპეციალისტს, თუნდაც 1 წლის ასაკში.

იხსნება თუ არა დიაგნოზი?

მარიამ ათაბაგი: ეს არის მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიყვება ადამიანს და საჭიროებს სისტემურ, ცვალებად, რუტინულ მიდგომებს. დიაგნოზის მოხსნა ნიშნავს, რომ აუტიზმისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები შესუსტებულია და მართულია იმდენად, რომ ის არ უშლის ხელს ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში. 

რა სერვისები არსებობს რეგიონში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის?

ნინო დოლიძე: თუ მშობელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მას შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრს, აიღოს უფასო ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებს ფსიქიატრთან პირველადი კონსულტაციისას. ვაუჩერი ასევე მოიცავს „ადოსით“ კვლევის შესაძლებლობას.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დიაგნოზი დაუდგინდება, შემდეგ უკვე გვაქვს სამი ძირითადი პროგრამა, რომლითაც შეუძლია მიიღოს შესაბამისი სერვისები. ეს პროგრამებია: ბავშვთა ადრეული განვითარების ინტერვენცია, რაც მოიაზრებს თვეში 6 ან 8 ვიზიტს ადრეული განვითარების სპეციალისტთან. ასევე გვაქვს ბავშვთა ბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა და მესამე – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა მოიაზრებს თვეში 20 ვიზიტს ქცევის თერაპევტთან.

რას გულისხმობს ქცევითი თერაპია იგივე ეი-ბი-ეი (ABA)?

ნინო დოლიძე: ეი-ბი-ეი არის ემპირიულად დადასტურებული ინტერვენცია, რომელიც ყველაზე დიდ შედეგს აჩვენებს აუტიზმისა და სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებში, მოზრდილებსა და ზრდასრულებშიც კი.

ABA-ს პროგრამით სარგებლობა ჩვენს რეგიონში შეუძლიათ 2-დან 18-წლამდე აუტიზმის მქონე პირებს.

დაფინანსების მიღება შეიძლება ქალაქის მერიისგან (მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული პირებისთვის) ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგან (აჭარის მასშტაბით).

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მარტივია ამ პროგრამებით სარგებლობა. მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ფორმა 100, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, ADOS-ის კვლევის შედეგები და ასევე ქალაქში რეგისტრაციის ცნობა (მერიაში წარდგენის შემთხვევაში).

ადრეულ ასაკში, 3 წლამდე, დაწყებული ინტერვენცია სამომავლო პერსპექტივაში უფრო დიდ შედეგებს გვპირდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვებს აქვს უფრო მეტი შანსი, ზრდასრულობამდე გამოიმუშაონ ყველა ის ფუნქციური უნარი, რაც მათ დამოუკიდებელ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ზოგადი რეკომენდაციები

ნინო დოლიძე: ბავშვის რესურსი, ძლიერი მხარეები, კარგი სპეციალისტი და სწორად მიწოდებული თერაპია ოჯახის ჩართულობასთან ერთად ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც ჩვენთან მოსულ მშობლებს ვესაუბრებით. ოჯახის, განსაკუთრებით მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ეს მოიცავს იმას, რომ მათ დრო გაატარონ ბავშვებთან, ეთამაშონ ბურთით, მანქანით, იმ სათამაშოებით, რაც ბავშვს ყველაზე მეტად მოსწონს, გაუხმოვანონ სამყაროს ხმები, ელაპარაკონ და ასევე ჩართონ ისინი ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაში, წაიყვანონ სტუმრად, სხვადასხვა დღესასწაულზე და ასე შემდეგ.

მარიამ ათაბაგი: საცხოვრებელი სივრცე უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ბავშვს განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის ინტერესი; არ არის აქ საუბარი ძვირადღირებულ სათამაშოებზე, მაგრამ რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თამაშისთვის განკუთვნილი ატრიბუტები, მით უკეთესი იქნება ბავშვის განვითარებისთვის.

ნინო დოლიძე: ასევე კარგი იქნება, თუ სათამაშოებს განალაგებთ ქვედა, ღია თაროებზე და ბავშვს ექნება საშუალება თავისი ინიციატივით აირჩიოს სათამაშო, გაუზიაროს ის და-ძმას, მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს.

მარიამ ათაბაგი: რაც შეეხება ტელევიზორთან და სხვა ინფორმაციის მიღების პასიური წყაროსთან ურთიერთობას, რომელიც არ ითხოვს ადამიანისგან უშუალო ჩართულობას და ინტერაქციას შეიძლება არათუ ხელი შეუშალოს ბავშვის განვითარებას, ასევე უკან დახიოს განვითარების პროცესი. მაგალითად, ტექნიკის ხანგრძლივი გამოყენებისას თავს იჩენს მეტყველების შეფერხება ან უცხო ენაზე ალაპარაკება.

სწორედ იმითაა განსაკუთრებული მოვლენა თამაში, რომ ადრეულ ასაკში ბავშვს უჩენს კომუნიკაციის, ემოციური კავშირების დამყარების სურვილს და მოთხოვნილებას. 

მარტივი მეცნიერული მიდგომაა, რომ თუ ბავშვს ვუქმნით გარემოს, სადაც ხედავს საჭიროებას თავისი ემოციური რესურსის კომუნიკაციის უნარებად გარდაქმნაში, ეს ეხმარება განვითარების პროცესს. მეტი შანსია, რომ ბავშვი დედას დაუძახებს თამაშისას, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას, როცა მშობელი მეორე ოთახშია.

ნინო დოლიძე: შემიძლია დავამატო ის, რომ ფსიქოლოგების რეკომენდაციაა, ორ წლამდე ბავშვებმა საერთოდ არ გამოიყენონ გაჯეტები, ორი წლიდან შეიძლება ძალიან მცირე დროით.

მნიშვნელოვანია, ჩავურთოთ ისეთი გადაცემები, რომელიც არის რეალისტური. მაგალითად, თუ გვინდა ვასწავლოთ ცხოველების სახელები, მოვასმენინოთ მათი ხმები, ჩავურთოთ ისეთი ვიზუალური მასალა, სადაც ნამდვილი ცხოველია ნაჩვენები. ასევე თუ რამე გადაცემას, სიმღერას ჩავურთავთ, მნიშვნელოვანია ეს იყოს ბავშვის მშობლიურ ენაზე.

მშობლის მხარდაჭერა:

მარიამ ათაბაგი: მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პროგრამა პირდაპირი გზით მშობლების მხარდაჭერას არ ითვალისწინებს, საბოლოო ჯამში იქმნება ზოგადი მხარდამჭერი სისტემა, რომელიც ეხმარება მშობლებს რიგი გამოწვევების გადალახვაში. ასევე თერაპევტები ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ მშობლებს და, შესაბამისად, გააძლიერონ ისინი. 

ნინო დოლიძე: რა თქმა უნდა, შვილის შესახებ ნებისმიერი დიაგნოზის გაგება ყველასთვის სტრესულია. მით უმეტეს, როცა აუტიზმის შემთხვევაში ნიშნები გამოვლენას იწყებს დაახლოებით 2 წლის შემდეგ.

ამ დროს პირველი რეაქცია, რასაც მშობლები ვხვდებით, არის უარყოფა, იწყებენ გამართლების ძებნას, თუ რატომ არ უყურებს ბავშვი თვალებში ან რატომ არ საუბრობს, მაგრამ შემდეგ მივდივართ იმ ეტაპამდე, როცა მშობელი იაზრებს ბავშვის მდგომარეობას, ეძებს ინფორმაციას დიაგნოზის შესახებ და ასევე გზებს, თუ როგორ ჩაერთოს ბავშვის განვითარებაში სრულად. მშობლის ფსიქო-განათლება თერაპევტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მიზანია. 

აქვე მინდა აღვნიშნოთ, რომ აპრილი არის აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე. ეს ძალიან კარგი დროა წავიკითხოთ მეტი აუტიზმის შესახებ, ვუყუროთ ფილმებს და გავეცნოთ აუტიზმის მქონე ადამიანების ცხოვრების ისტორიებს, წავიკითხოთ მათი დაწერილი წიგნები, ასევე ვესაუბროთ სხვებს და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება აუტიზმის შესახებ.

დღეს მსოფლიოში და საქართველოშიც ადამიანებმა უკვე იციან აუტიზმის შესახებ, მშობლები ჩართული არიან მუშაობის პროცესში, ასევე განათლების სისტემაში დანერგილია ინკლუზიური მიდგომები, თუმცა ამის ფონზეც უფრო მეტად არის საჭირო აუტიზმის მქონე ადამიანების მიღება და მათი ჩართვა სოციალურ ცხოვრებაში. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სახელოვნებო, სპორტული წრეებში გაწევრიანებაზე, შემდგომ ზრდასრულ ცხოვრებაში კი დასაქმების პერსპექტივებზე.

„გაანათე ლურჯად, გაანათე სიკეთით“ არის ამ თვის სლოგანი. ლურჯი არის აუტიზმის სიმბოლო და ასოცირდება სიმშვიდესთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის.

განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ცვლილებების დაანონსებიდან, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას შეეხებოდა, ოთხი თვე გავიდა. დღეს პირველი აპრილია, ამ განცხადებებიდან მეხუთე თვე დაიწყო, თუმცა განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მის მიერვე დაანონსებული რეფორმების მიმართულებით.

მინისტრმა ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს თქვა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო და ამ მიზნით განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამ ჯგუფს სქემის ალტერნატიულ მოდელებზე უნდა ემუშავა. მინისტრმა თქვა, რომ პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნებოდა ხელმისწვდომი.

განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ ოფიციალური წერილით 21 თებერვალს მიმართა და ჰკითხა, კონკრეტულად რა გაკეთდა დაანონსებული ცვლილებებიდან და ვინ მუშაობს ახალ კონცეფციაზე. 9 მარტს გამოგზავნილი წერილით მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ახალი კონცეფციის შემუშავებასა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს“.

როგორც სამინისტროს პასუხებიდან ირკვევა, ჯერჯერობით პროცესში მასწავლებლები და სკოლები ჩართულები ისევ არ არიან.

„ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტრო თავის წერილში ამჯერადაც მომავალ დროში საუბრობს.

რაც შეეხება რესურსცენტრების უფლებების გაზრდას, სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” ფარგლებში მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ აყვანილი(დაკონტრაქტებული) ექსპერტის მიერ რესურსცენტრების ახალი კონცეფციის შემუშავება.

რესურსცენტრების ახალი კონცეფციის განხილვის პროცესში ჩართულები იქნებიან რესურსცენტრების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული მხარეები“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტროში ისევ არ გაგვცეს პასუხი, როდიდან ჩაერთვებიან დაინტერესებული მხარეები ამ პროცესში და დაახლოებით რა ვადებში მოამზადებენ აღნიშნულ კონცეფციას.

ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

დღეს, პირველ აპრილს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა ჩინეთისგან მკაცრად მოითხოვა გარანტიები, რომ იგი რუსეთს არც იარაღს მიაწვდის და არც ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

სამიტი ონლაინფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები – ურსულა ფონ ჰაიეკი და შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი და ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ქაციანი. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, პირველ აპრილს, მოგვიანებით, დაგეგმილია ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან.

„სამიტის მომზადებაში ჩართულმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უჩვეულოდ ღია ენით განაცხადეს, რომ რუსეთისთვის გაცემული ნებისმიერი დახმარება დააზარალებს ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს შეუქმნის ურთიერთობებს მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორებთან – ევროპასა და შეერთებულ შტატებთან“, – წერს „როიტერსი“.

„ვახანგრძლივებთ ამ ომს, თუ ერთად ვმუშაობთ მის დასასრულებლად? ეს არის სამიტის მთავარი კითხვა”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა „როიტერსთან“.

„პრემიერმა ლი ქაციანმა განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ორივეს – ცხელ ომსაც და ცივ ომსაც. ეწინააღმდეგება ბლოკებად დაყოფას და მხარეების არჩევას“, – წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხების წარმომადგენელი, ვან ლუთონი ტვიტერზე. იგი სამიტის მომზადებაშია ჩართული.

ვანგ ივეიმ, ევროპის ექსპერტმა პეკინის რენმინის უნივერსიტეტიდან თქვა, რომ ჩინეთსაც და ევროკავშირსაც სურთ ომის დასრულება.

„მე წარმომიდგენია, რომ ჩინეთს სურს გამოიყენოს ეს სამიტი ევროკავშირთან განსახილველად, თუ როგორ უნდა შეიქმნას პუტინისთვის მისაღები პირობები მისი ამჟამინდელი პოზიციიდან“, – თქვა მან.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 17 700 ადამიანი
  • ტანკი – 625 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 751 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 316 ერთეული
  • MLRS – 96 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 143 ერთეული
  • ვერტმფრენი – 131 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 220 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85
  • სპეციალური აღჭურვილობა – 24
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 124 თვითმფრინავი
  • 81 შვეულმფრენი
  • 353 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1 839 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 202 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 773 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 711 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე, სადაც ნავთობის 8 საცავი იწვის, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. 


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი უკრაინაში, მათგან, სულ მცირე, 150 ბავშვია. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, რომელთაგან 4 მილიონი ევროკავშირის ქვეყნებში გადავიდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „როგორც ჩანს“, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია და შესაძლოა, გაათავისუფლა ან შინაპატიმრობა მიუსაჯა თავის მრჩევლებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კი აცხადებს, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები შეთანხმდნენ, უკრაინას გაუგზავნონ უფრო მეტი ლეტალური იარაღი – საარტირელიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.

ამავე თემაზე:

მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები – ჟერარ დეპარდიე რუსეთის ომზე უკრაინაში

პუტინთან დაახლოებული 73 წლის ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები.

„რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – ამბობს „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟერარ დეპარდიე.

ჟერარ დეპარდიეს 2013 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქის პასპორტიც აქვს. მან საფრანგეთი მდიდრებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადების გამო დატოვა 9 წლის წინ და რუსეთში გადასახლდა.

აღსანიშნავია, რომ დეპარდიეს ინტერვიუს წინ უძღოდა მსახიობ მაშა მერილის განცხადება.

„იცით, რომ დეპარდიე საფრანგეთშია?! აქ მუშაობს, მოსწონს რუსეთი, მაგრამ მაინც აქაა, მიირთმევს ყველს და წითელ ღვინოს, ასე, რომ ნუ გვასულელებს!“ – განაცხადა მიშელ ლეგრანის ქვრივმა, მსახიობმა მაშა მერილმა ფრანგულ პრესასთან. მერილი რუსული წარმოშობისაა, ის ღიად გმობს პუტინის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინაში.

„მას შემდეგ, რაც დეპარდიე რუსეთში გადასახლდა, ის მუდმივად აქებდა ახალ სამშობლოს, რუსეთს, მის „დიდ დემოკრატიას“ და პუტინს რომის პაპ იოანე პავლე მეორესაც ადარებდა.“ – წერს გამოცემა Figaro.

________________

ფოტოზე: დეპარდიე და პუტინი, 2013 წელი. ფოტო: EPA/MIKHAIL KLIMENTYEV

83 წლის კაცი მარტო, დანგრეულ სოფელში – ფოტოამბავი უკრაინიდან

83 წლის ვალენტინ ვასილენკო კიევთან ახლოს, სოფელ ტეტევირში მარტო დარჩა. მისი სახლი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაინგრა.

იგი უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყვანეს სოფლიდან.

ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტაჟი ასახავს ერთი ადამიანის ბედს უკრაინაში, რომელიც 83 წლის ასაკში სახლის გარეშე დარჩა.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
83 წლის ვალენტინ ვასილენკო დგას თავისი ნახევრად დანგრეული სახლის წინ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
ძროხა დანგრეულ და დაცარიელებულ სოფელში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
უკრაინელ სამხედროს გამოჰყავს მოხუცი. მოხალისეებმა მას ახალი სახლი უნდა მოუძებნონ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE

 

მაშველებმა ქობულეთში დელფინი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს. დელფინი ბადეში იყო გახლართული.

„მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – ამბობს საგანგებო სამსახური.

Exit mobile version