რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განცხადებით, აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“.
კლიმოვი ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თბილისი მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა. კლიმოვის თანახმად, ზურაბიშვილმა ეს განცხადება ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომ ცხინვალს რუსეთის ნაწილად გახდომა სურს.
ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, Ria Novosti ავრცელებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს. თუ მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ, რელიგიურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შეეცდება გააძლიეროს საკუთარი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავ ზღვაზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით“, – განაცხადა კლიმოვმა ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში.
კლიმოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, „პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის“.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსეთის ისტორიული სამშობლო რუსეთია, ხოლო სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების მიზნით, იგი 10 აპრილის შემდეგ რეფერენდუმს გამართავს.
აჭარაში არანაირი „სეპარატისტული პროცესი“ არ არსებობს, არც თურქეთს გამოუთქვამს პრეტენზია საქართველოს ტერიტორიაზე. მეტიც, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს დიდი ხანია საზღვრები დადგენილი აქვს.