„სამართლიანი არჩევნები“ დღეს, 2 აპრილს, ბათუმში შუალედური არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ შეფასებას აქვეყნებს.
დღის განმავლობაში „სამართლიანმა არჩევნების“ დამკვირვებლებმა ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიებში 6 საჩივარი დაწერეს, ხოლო ჩანაწერთა წიგნში ორგანიზაციამ დააფიქსირა 5 შენიშვნა.
„განსაკუთრებით პრობლემური იყო ბათუმის #69, #77, #79, #89 და #100 საარჩევნო უბნების მიმდებარე პერიმეტრი, სადაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები. ამომრჩეველთა მობილიზებასა და აღრიცხვას ძირითადად აწარმოებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და პარტიული მიზნით მოქმედი დამკვირვებლები.
ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებლის მიერ“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კენჭისყრის დროს ბათუმის ოლქის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევის, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებისა და ამომრჩეველზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შემთხვევები გამოიკვეთა.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმში, N89-ე უბნის გარდა ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებდა კიდევ 6 უბანზე – #23 (1710 ამომრჩეველი), #58 (1616 ამომრჩეველი), #69 (1505 ამომრჩეველი), #76 (1788 ამომრჩეველი), #92 (1566 ამომრჩეველი), #104 (1624 ამომრჩეველი).
„სამართლიანი არჩევნები“ წერს დარღვევის ცალკეულ შემთხვევებზეც:
- ხმის მიცემის წესის დარღვევა – ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს რეგისტრატორმა ხმა უბანშივე მიაცემინა.
- საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა – ბათუმის #76 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა პირებმა დააბრუნეს ერთით ნაკლები გამოუყენებელი ბიულეტენი. კომისიის წევრები ამბობენ, რომ არ იციან, სად არის ბიულეტენი.
- საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევა – ბათუმის #76 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო 1788 ამომრჩეველი და კანონით გათვალისწინებული 4 საარჩევნო კაბინის ნაცვლად (1 საარჩევნო კაბინა 500 ამომრჩეველზე), უბანზე განთავსებული იყო მხოლოდ 3 საარჩევნო კაბინა.
- ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობა – ბათუმის #78 საარჩევნო უბანზე უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ამომრჩეველს რეგისტრატორთან ვერიფიკაციის პროცედურის გავლის დროს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ხო იცი ვის უნდა მისცე ხმა“. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საჩივრის რეგისტრაციის პროცესში კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს დააწერინა ახსნა-განმარტებებს ფაქტის უარყოფის შესახებ“.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე წერს საარჩევნო უბნებთან, პირთა საეჭვო შეკრებებზე და ცალკეული საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორების მობილიზებაზე.
„ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნით მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის აკრედიტებული დამკვირვებლების მიერ, რომელთა შორისაა: „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“ და სხვა“ – წერს ორგანიზაცია.
„ბათუმის #77 და #89 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას ან/და მუქარას. #77 საარჩევნო უბანთან კამათი მოჰყვა, „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიმართ მოქალაქის მიერ გამოთქმულ შენიშვნას, მის მიერ ამომრჩეველთა მობილიზების შესახებ. ინციდენტი აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ორივე პირს დაატოვებინა ტერიტორია.
ამავე უბანთან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების მიმართ გამოვლინდა ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს გამოძახებული იქნა პოლიციის დამატებითი ჯგუფი, რომელმაც განმუხტა სიტუაცია. #89 საარჩევნო უბანთან მყოფი პირების მხრიდან „ტვ პირველისა“ და „25-ე არხის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ დაფიქსირდა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება/ტრანსპორტირება ხმის მისაცემად. პროცესში ჩართულნი იყვნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მათთან დაკავშირებული დამკვირვებლები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომელთა შორისაა: „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „ნიუ აჭარა“, „ალტერნატივა ნჯო“ და სხვ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგები აღარ შეინიშნებოდა, კოორდინატორები ურეკავდნენ იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ხმა მიცემული და საარჩევნო უბანზე მისვლას სთხოვდნენ.
ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მობილიზება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც. პროცესს ხელმძღვანელობდა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი.
ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. საუბარი უკავშირდებოდა ამომრჩევლებისთვის საწვავის ტალონის გადაცემის შესახებ დაპირებას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული კომუნიკაციის თანახმად, ტალონებს მათ მოგვიანებით გადასცემდა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი“ – წერს „სამართლიანი არჩევნები“.
2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ცესკოს ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ ხმათა 69 პროცენტი, 7190 ხმა მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 31 პროცენტი, 3233 ხმა, თუმცა ჯერ ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია.
ამავე თემაზე:
„ოცნება“ 69% – ენმ 31% | შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში