მთავარი,სიახლეები

მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

31.03.2022 • 20953
მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე. ის ომიდან დაბრუნების შემდეგ თავის სოფელში ტურიზმის განვითარებაზე აპირებს მუშაობას.

  • ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება?

2002 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურე. ვიბრძოდი ავღანეთშიც. ვარ აგვისტოს ომის მონაწილე. სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში და სადაზვერვო ქვედანაყოფის მეთაური და ოცეულის მეთაური ვიყავი. ქართული არმიის განვითარებაში მეც მიმიძღვის წვლილი, ამიტომ ასეთი გამოცდილების ადამიანი თბილისში, თბილ სავარძელში ვერ ვიჯდებოდი და იქიდან ვერ ვუყურებდი უკრაინაში ომს.

ამის უფლებას სინდისი არ მომცემდა. რუსებთან ომში ბევრი მეგობარი მყავს დაკარგული, ბევრჯერ მქონია მათთან დაპირისპირება, რუსული ჭურვების ნამსხვრევებიც ბევრჯერ ამომიღია სხეულიდან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა საქართველოზეც გადის და უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს – რუსეთი.

ყველანაირად შეგვიშალეს ხელი, რომ აქ ვერ ჩამოვსულიყავით, როგორც „ჯარისკაცის მამა“ ამბობს, „პატომ ს ლოშადიუ იეხალ-იეხალ, პატომ ს მაშინოი იეხალ…“ 5-ჯერ ვიფრინეთ და ასე ჩამოვედით უკრაინამდე.

  • ქართველების რამდენი დაჯგუფებაა ამჟამად უკრაინაში?

ძირითადი ბირთვი არის ვანო ნადირაძე, „ქართული ლეგიონი“ და ჩვენ – დათო, ნადიმი და მეც საერთაშორისო ლეგიონში ვართ. [ალეკო] ელისაშვილი და [ირაკლი] ოქრუაშვილიც ინტერნაციონალურ ლეგიონში არიან, მაგრამ სხვადასხვა დანაყოფში.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული დღე რომელი იყო ამ ბრძოლაში, ან ყველაზე წარმატებული?

ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, ის დღე იყო, როცა ჩვენი მებრძოლები – დათო რატიანი და გია ბერიაშვილი დაგვეღუპა. მაგ დღეს, როცა ჩვენი „ბერო“ გამოგვყავდა, კამიკაძე დრონი ამიფეთქდა თავზე, დავშავდი, მაგრამ გადავრჩი.

მაგასაც „ბეროს“ ვუმადლი – არ მიყვარს ხოლმე ჩაფხუტის და ჯავშანჟილეტის ჩაცმა. იმ დღეს დამაფიცა, ოპერაციის დასრულებამდე არ მოიხდიო. მართლა გადამარჩინა. მძიმე კონტუზია მქონდა, სამი დღე საავადმყოფოში ვიყავი, მეტი ვერ გამაჩერეს, რადგან ჩემს ძმებს მარტო ვერ დავტოვებდი. ექიმს მოვატყუე კარგად ვარ-მეთქი, ქართველი ხარ და აბა რას იტყვიო, – მითხრა ექიმმა და გამომწერა.

აქ მყოფ მებრძოლებს მოხალისეებს გვეძახიან და ეს „მოხალისე“ ქართულად არც ისე კარგად ჟღერს, რადგან ბრძოლა ნამდვილად არავის არ ეხალისება. ეს არის საქმე, საქმე საქართველოსთვის და საქმე ცივილიზებული სამყაროს გადარჩენისთვის.

ამ დღეებში მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, ირპენი სრულად გავათავისუფლეთ რუსებისგან და ახლა ჩვენი დანაყოფები გადასულია ბუჩას მიმართულებით, საიდანაც ძალიან მძიმე საარტილერიო დარტყმებს ვიღებდით. იმედია, ხვალ თუ არა ზეგ, ბუჩასაც გავათავისუფლებთ.

  •  ახლა რა ვითარებაა ბუჩაში?

აქ ავიაცია არ მუშაობს, მუშაობს არტილერია. ავიაცია მხოლოდ თავდაცვაზეა. მუშაობს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი არტილერია და ქვეითი ჯარი შედის წმენდაზე. არის დიდი დანაკარგიც რუსების მხრიდან, ტყვეებად აგვყავს და ასე შემდეგ.

  • როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ტყვეების დიდი ნაწილი ახალწვეულია. რას ამბობენ ტყვეები?

სტანდარტული პასუხები აქვთ – „ჩვენ ვიყავით სწავლებაზე, არ ვიცოდით, სად მოვდიოდით“… თურმე კიევი და მისი შემოგარენი ყოფილა საწვრთნელი ადგილი. შემდეგ ამატებენ, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ, რომ დაისჯებიან და სამხედრო ტრიბუნალზე გაასამართლებენ.

სამწუხაროდ, ბევრ გვამთან მქონდა შეხება: 18-20 წლის ბიჭების ცხედრებიც შემხვედრია. რაც არ უნდა მტერი იყოს, ძალიან რთულია და ძნელია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა. მაგრამ რას ვიზამთ, ომი ასეთია, თუ არ დაასწარი, ის გესვრის და მოგკლავს.

აქ კარგად იყენებენ დრონებს, 2008-ში არ გამოიყენებოდა, არ იყო ასეთი პოპულარული. იმ დღეს, როცა ჩვენი დაჭრილი ბიჭები გამოგვყავდა, უპილოტო დრონმა დაგვაფიქსირა. საკაცეზე ხელიც კი არ მქონდა მოკიდებული, რომ საარტილერიო წვიმა დაგვიშვეს.

ჩვენ არ ვაპირებდით იმ დღეს ოპერაციაზე გასვლას, მაგრამ როცა გავიგეთ, რომ ბიჭები დაჭრილი იყვნენ, მსუბუქად შეიარაღებული გავედით გვიან ღამით, ჯავშანჟილეტებიც არ გვეცვა, მაგრამ გამოცდილებამ გადაგვარჩინა. ას მეტრში ალბათ 70-ჯერ დავწექით, ჭურვების ხმას ვაკონტროლებდით და მადლობა ღმერთს, ასე გამოვედით სამშვიდობოს.

ზოგადად, რუსები ჩვეულებრივი საბჭოთა ტაქტიკით იბრძვიან, ჩამორჩენილები არიან და შეტევაზე ვერ გადმოდიან. ერთადერთი, რაც გამოსდით, საჰაერო დარტყმები და დრონებია.

ბოლო ოპერაციიდან იმდენი ნადავლი წამოვიღეთ, ძლივს გამოგვქონდა. ტანზე გვქონდა ყველაფერი ასხმული და მერე რომ ვნახეთ, ყველაფერი ძალიან საჭირო იყო. უკრაინელები გაოცდნენ, ამდენი ნადავლი რომ დავახვავეთ.  

იმ ნადავლიდან ჩვენმა ძმამ – დათომ ერთი ურო წამოიღო და ამოიჩემა, ყველგან თან დააქვს, არ ვიცი, რატომ. ჩვენი დაღუპული ბიჭების – გიას და დავითის სახელები დააწერა ზედ. ალბათ რომელიმე რუსი არტილერისტის თითების დასამტვრევად გამოიყენებს.

  • ირპენში როგორი ვითარებაა, დაცლილია თუ არიან ადამიანები?

დაცლილი არ არის, გადაადგილდებიან ავტომანქანებიც, მაღაზიებიც მუშაობს და არ შეინიშნება პანიკა.

  • ბავშვები არიან ქალაქში, თუ ყველა გამოიყვანეს?

სხვათა შორის, დღეს ვნახე ერთი ბავშვი. ჩახუტებაც კი მინდოდა, მაგრამ დედამ ისე ჩაიკრა გულში, მოვუბოდიშე და წამოვედი. არის კატეგორია ხალხის, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს და აგრძელებენ ცხოვრებას. თითქოს ბომბების ხმასაც მიეჩვიენ.

  • ოჯახიდან ხშირად გეხმიანებიან?

ჩემი მეუღლე შეჩვეულია, რადგან ბევრ ომში ვარ ნამყოფი. თუმცა ბოლოს რომ ვესაუბრე, მაინც მოტეხილი მომეჩვენა. ძალიან განიცდის.

„მესინჯერი“ სულ გახსნილი აქვს, თუ მწვანედ ვანთივარ, წყნარად არის, თუ არ ვჩანვარ, იცის, რომ დავალებაზე ვარ გასული.

ჩემი ბიჭები მოცეკვავეები არიან. უფროსი, ლუკა, თავიდანვე იძახდა, რომ ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო. ჩემს „ბატინკებს“ და ფორმას იცვამდა და ასე დადიოდა. აზრი არც ახლა შეუცვლია. იმ დღეს, როცა ჩვენი ბიჭები ჩაასვენეს, დროშებით დახვდნენ და მაშინ პატარამაც მომწერა, რომ აუცილებლად წავა ჯარში.

  • გაქვთ რაიმე ჩვევა, რუტინა, რისი დათმობაც გიწევთ ომში?

ის, რაც ყველაზე მეტად მაკლია ომში, ჩემი ოჯახია. დილა, როდესაც ერთად ვსაუზმობთ, კიბეებზე ავირბენთ-ჩამოვირბენთ, ვხუმრობთ ერთმანეთთან…

ომში ვერ იაზრებ იმ საშინელებებს, რაც შენ ირგვლივ ხდება. როცა მთავრდება ყველაფერი და სიმშვიდეში ხარ, მაშინ უფრო გიჭირს. ყველაფერი გახსენდება, ყველაფერს იაზრებ და უფრო მეტად გიჭირს ფსიქოლოგიურად. ომში კი ამ სტრესს თითქოს ვერ გრძნობ. შეიძლება ისეთ უმნიშვნელო რამეზე აგივარდეს სიცილი, ვერ ხვდები, რაზე გეცინება.

  • რას გააკეთებ პირველად, როცა უკრაინაში ომი დასრულდება და დაბრუნდებით?

ახლა ყველაზე მეტად ჩემი ონი მენატრება. ჩემი ტბა, სადაც თევზები მყავს მოშენებული. არაფერი მინდა ჩემი სამშობლოს გარდა, რადგან სამშობლოს სხვა სურნელი აქვს. გაზაფხულის ყვავილები და შემოდგომით ხის ქვეშ დაყრილი ფოთლები. პირველად ავღანეთში ყოფნის დროს გავიაზრე, რომ ამ სურნელის გარეშე არსად ცხოვრება არ მინდა.

ჩემს სოფელში ტურიზმის განვითარებაზე ვფიქრობ. იმედია, ყველაფერი გამომივა.

  • როგორც სამხედრო, რას ფიქრობთ, რა განასხვავებს უკრაინას და საქართველოს ან რაში ხედავთ მსგავსებას?

ვფიქრობ, რომ ქართველებს არანაკლებად შეგვიძლია ბრძოლა, უბრალოდ ცოტანი ვართ. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში რუსული პროპაგანდა არ მუშაობს. არავინ ამბობს, რომ „ზელენსკიმ დაიწყო ომი“. მანამდე არასდროს ვყოფილვარ უკრაინაში და ძალიან მენანება, როცა ასეთ ლამაზ ქვეყანას ამ მდგომარეობაში ვხედავ. თუმცა დარწმუნებული ვარ, უკრაინა ომის შემდეგ იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე ომამდე იყო.

ქართველებს რაც შეგვეხება, ვფიქრობ, რომ შუღლი და დაპირისპირება უნდა დასრულდეს. სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში.

იცით, რაზე მწყდება გული? მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი და გავრილოვის ღამეს ზურგში ქართველის მიერ ნასროლი დათვის ტყვია მომხვდა.

განა ჭრილობა მეტკინა? გული მეტკინა, რომ რუსის ტყვია არ მომხვედრია, მაგრამ რუსის გამო ქართველმა მომარტყა ტყვია. ეს მეტკინა ძალიან. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირცხვილი, თუ რა დავარქვა, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება საქართველოში უნდა დასრულდეს.

_______________________

მთავარი ფოტო: ვაჟა ცეცაძე/ქართველი სამხედრო უკრაინაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: