განათლება,მთავარი,სიახლეები

შენი თავის აღმოჩენას, სწორად შეფასებას გთხოვენ – 17 წლის ანასტასია ჰარვარდში ისწავლის

01.04.2022 • 24345
შენი თავის აღმოჩენას, სწორად შეფასებას გთხოვენ – 17 წლის ანასტასია ჰარვარდში ისწავლის

17 წლის ანასტასია ლელაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან დადებითი პასუხი უნივერსიტეტისგან რამდენიმე საათის წინ მიიღო. ანასტასია ჰარვარდში 95-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. ის ჰარვარდში პოლიტიკური მეცნიერებებს შეისწავლის.

ანასტასია ქუთაისში ცხოვრობს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სწავლობს. ანასტასია ჰარვარდამდე გავლილ „ეკლიან“ გზაზეც გვიყვება.

„თბილისიდან უფრო ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან სასწავლებლად, რეგიონებში კი, გარემოს თვალსაზრისით, უფრო ნაკლებია შესაძლებლობები. პირველ რიგში რთულია ინფორმაციის მოპოვება და არც არავინაა, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. ამიტომ ყველაფერი ჩემი ძალისხმევით გავაკეთე.

რომ იტყვიან, მართლა თავით ვიყავი გადაშვებული ინტერნეტში, ვკითხულობდი ყველა სახის ინფორმაციას, ვარგოდა თუ არ ვარგოდა. ამიტომ, შეცდომებიც დავუშვი და ბევრი დროც დავკარგე. მთელი ორი წელი ვმუშაობდი იმისთვის, რომ აპლიკაციამდე მივსულიყავი“, – გვეუბნება ანასტასია.

გარდა იმისა, რომ აბიტურიენტმა სასურველ უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს ნიშნების ფურცელი და კლასგარეშე აქტივობები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ესეს ანუ ე.წ. თემების წარდგენა, სადაც გიწევს საკუთარი თავის, ცოდნის და მიზნების ნათლად და დამაჯერებლად წარმოჩენა.

„გარდა იმისა, რომ მაქამდე გასაკვლევი გზა იყო რთული, რთული იყო საერთაშორისო გამოცდებისთვის მზადებაც, რადგან SAT-ის გამოცდის გარდა, ჩავაბარე მათემატიკა, გერმანული და ისტორია. ამ გამოცდების მომზადება ჩვენს რეალობაში ძალიან რთულია, ფიზიკურად ვერ იპოვი ქუთაისში რეპეტიტორს, ვინც მოგამზადებს.

  • SAT- ში მაღალი ქულა ავიღე, 1600 ქულიანია ჯამში ტესტი, მე 1510 ქულა ავიღე, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი გქონდეს. ჩემთვის ისტორიაში მომზადება იყო რთული, რადგან მთლიანი პროგრამის გავლა მომიხდა ინგლისურად. გარდა ამისა, ქართულ სისტემასა და ამერიკულ სისტემაში განსხვავება ისაა, რომ სულ სხვა ფოკუსებია. დასავლური სისტემა არა მარტო გთხოვს, რომ იცოდე ფაქტი, არამედ უნდა შეგეძლოს ამ ფაქტების ანალიზი და კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ მოხდა და რა გამოიწვია ამან?

მთელი გამოცდა მოდის იმაზე, შენ რამდენად ახერხებ ამ ფაქტების ანალიზს და არა იმას, მხოლოდ ფაქტი იცი თუ არა. ჩემით დავიწყე ამ ყველაფერზე მუშაობა და კარგი ქულებიც ავიღე. ძალიან დამეხმარა „ხანის აკადემია“ მასალების დამუშავებაში და, ბუნებრივია, დამატებითი წიგნებიც შევიძინე“, – ამბობს ანასტასია.

როგორც ანასტასია ამბობს, საერთაშორისო გამოცდებს ცალკე კომპანია ატარებს და შემდეგ შედეგებს თან ურთავ აპლიკაციას.

ანასტასიას თქმით, საკმაოდ რთული პროცესია თემების წერა, რადგან ძალიან დიდი აქცენტი აპლიკანტის უნარებისა და მიზნების წარმოჩენაზე კეთდება.

„გთხოვენ, რომ ბევრი ისაუბრო შენს თავზე, საკუთარი თავის აღმოჩენას, შენი თავის სწორად შეფასებას გთხოვენ. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მქონია საუბრის პრობლემა. მაიძულეს, რომ ამაზეც მემუშავა.

ჩვენთან არავინ გთხოვს აღმოაჩინო, შეაფასო შენი თავი. გთხოვენ, რომ რაღაც აკადემიურ საკითხზე გქონდეს ვთქვათ წარმოდგენა, მაგრამ შენ ვინ ხარ და რა გინდა, ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.

ამერიკაშიც რომ არ აბარებდე, ვფიქრობ, ამ პროცესის გავლა მაინც ძალიან კარგია. როცა თემებს ვწერდი, ზოგჯერ დედაჩემსაც ვაკითხებდი და ერთხელ მითხრა, 44 წლის ვარ და მე ამ ხნის მანძილზე არ მიფიქრია იმ კითხვებზე, რასაც შენ გეკითხებიან 17 წლის ასაკშიო. ისეთი სასწაული კითხვები შეიძლება არც იყოს, უბრალოდ, გაიძულებს, რომ შენი თავი გაიცნო“, – გვეუბნება ანასტასია.

მისი მიზანი საერთაშორისო ურთიერთობების კარგად სწავლაა. ანასტასია საკუთარ შესაძლებლობებს დიპლომატიაში ხედავს. ჰქონდა მომენტები, როცა არჩევანს უწუნებდნენ ახლობლები, დამაბრკოლებელ ფაქტორად კი მაღალ კონკურენციას და დასაქმების ნაკლებ შანსებს უთითებდნენ, თუმცა ანასტასია მიიჩნევს, რომ თუ პროფესიონალი ხარ, „შენ იქნები ის, ვინც რამდენიმე ათასზე უკეთესად იმუშავებ“.

ანასტასია ქართულ დიპლომატისაც შეეხო. მისი აზრით, ჯერ მთავარია ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ინტერესები. „დიპლომატის მოვალეობა კი ის არის, რომ ეს ინტერესები საუკეთესოდ დაიცვას“, – გვეუბნება ანასტასია.

ის დღეს არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ საქართველო სუსტ დიპლომატიას იჩენს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„დიპლომატობაც იმიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვაში შევიტანო წვლილი. როგორც საშინაო, ასევე საგარეო ინტერესებში. თუმცა უფრო მეტად საგარეო ურთიერთობები მაინტერესებს. დღეს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები არასახარბიელოდ გამოიყურება, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში.

მსოფლიო პოლიტიკაში როცა დგება საკითხი, მიემხრო რომელიმე ქვეყანას, სჯობს მიემხრო რომელიმეს და არ დარჩე შუაში, რადგან ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია.

მიემხრო გამარჯვებულს არის კარგი, რადგან თუ კარგი გაიმარჯვებს შენც შეიძლება რამე იხეირო და ზოგჯერ სჯობს მიემხრო დამარცხებულს, ვიდრე იყო ნეიტრალური. ნეიტრალიტეტით, კარგავ მოგებულსაც და წაგებულსაც.

დღევანდელი სიტუაცია რომ ავიღოთ, აქ მარტო უკრაინაზე და რუსეთზე არ არის საუბარი ხომ?  აქ პირდაპირი მნიშვნელობით სინათლეზე და სიბნელეზეა საუბარი, ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინ განვსაზღვრეთ და ავირჩიეთ. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ამიტომ ამ ინტერესების ცუდად დაცვა, თუ ბოლომდე მაინც არ უსვამ ხაზს, ვფიქრობ, რომ არ შეიძლება.  არ შეიძლება იყო მეგობარი იმის, ვისაც შენი არა მარტო ტერიტორიის მიტაცება სურს, არამედ კულტურული და ეროვნული იდენტობის განადგურებაც. ეს სახელმწიფო კი დღეს რუსეთია. მე ამას ვხედავ და მაწუხებს“, – გვეუბნება ანასტასია.

რა იყო გარდამტეხი, ის, რის გამოც საბოლოდ თქვენზე არჩევანი შეაჩერეს? – ვეკითხებით მას.

ანასტასიას აზრით, „ჰარვარდში არ სჭირდებათ რობოტი, რომელიც კარგად წერს გამოცდებს, არც მხოლოდ კლასგარეშე აქტივობებში ჩართული ბავშვი, რომელიც აკადემიური მხარე არ აქვს ძლიერი. ყველაფერი არის ერთდროულად საჭირო.

მნიშვნელოვანია, გქონდეს ღირებულებები და მიზნები, რომელიც შენი ცხოვრების პრინციპებია და ამ პრინციპებს მიყვები“, – გვეუბნება ანასტასია.

მისი თქმით, მისი ცხოვრების პრინციპი საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანაა. „ამას რა გზებით მიაღწევ, ეს უკვე მოდის წლებთან ერთად. მე ამჯერად ეს გზა ავირჩიე“, – ამბობს ანასტასია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: