მთავარი,სიახლეები

რა მოიფიქრეს ხულოში ახალგაზრდებმა გასართობად

01.04.2022 • 9754
რა მოიფიქრეს ხულოში ახალგაზრდებმა გასართობად

„ხულოში არანაირი გასართობი არ იყო ახალგაზრდებისთვის. მე და ჩემ მეგობარს, ლაშა ბოლქვაძეს გვინდოდა, რომ ხულოში რაიმე ახალი შემოგვეტანა. ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს და გაგვიჩნდა იდეა „ეარსოფთ ხულო“ გაგვეკეთებინა. ეს სამხედრო სიმულირებული თამაშების ნაკრებია. თამაშს ხელს უწყობს და უფრო ექსტრემალურს ხდის ხულოს გეოგრაფიული მდებარეობაც, ამასთან, არსად გაკეთებულა აქამდე აჭარაში „ეარსოფთი“, – გვეუბნება ჯემალ დეკანაძე ხულოდან.

ჯემალ დეკანაძე 26 წლისაა. ის გვიყვება, რომ  მესამე წელია, რაც ხულოში „ეარსოფთ ხულო“ შექმნეს და დასძენს, რომ მართალია, დიდი მოგება არ აქვთ, მაგრამ მისთვის და მისი მეგობრებისთვის მთავარი მიზანი მიღწეულია, ხულოს ახალგაზრდები ამ თამაშმა გაამხიარულა.

„ეარსოფთ ხულოს“ შექმნა პანდემიის დაწყებას დაემთხვა.  ჯემალმა და მისმა მეგობრებმა იდეა პროექტად აქციეს და ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მოიპოვეს პროექტის 75%-იანი დაფინანსება, 10 000 ლარი, რითაც თამაშის აღჭურვილობა შეიძინეს.

ჯემალს და ლაშას მოგვიანებით შეუერთდა მამუკა შანთაძე, ახლა ისინი ერთად ხელმძღვანელობენ „ეარსოფთ ხულოს“ და ამასთან, თამაშის ინსტრუქტორებიც არიან.

ჯემალის თქმით, „ეარსოფთი“ პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობს ხელს ადამიანებში.

„ორი ხუთკაციანი ჯგუფი დგება და ირჩევენ, თუ რისი თამაში უნდათ. მაგალითად, „დროშობანა“ თამაშია, სადაც ერთი ჯგუფი იცავს დროშას, ხოლო მეორე ვალდებულია მოიპოვოს ის. კიდევ ერთი თამაშია, როცა წრეზე დგებიან მოთამაშეები, წრის ცენტრში ტრიალდება ბოთლი და ვისი მიმართულებითაც ჩერდება ბოთლის წინა მხარე,  მას სროლის უფლება აქვს, ვისაც მოახვედრებს ტყვიას, ის თამაშიდან ვარდება და თუ ვერავის მოახვედრებს, თავად ვარდება თამაშიდან და ასე შემდეგ“ -გვიხსნის თამაშის წესებს ჯემალი.

ბიჭები იხსენებენ, რომ როცა ხულოში თამაშის სრული აღჭურვილობა აიტანეს, ხალხი გაკვირვებული იყო, სათამაშო იარაღი ძალიან ჰგავს ნამდვილს.

ეარსოფთის მოთამაშე აღჭურვილობით. ფოტო: ეარსოფტ ხულო/facebook

„ეარსოფთის“ ერთი ადამიანისთვის თამაშის ფასი ხულოში 10 ლარია. თამაში 4 საათზე მეტხანს გრძელდება და მონაწილეები ასწრებენ, რომ სხვადასხვა თამაშში მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. ეს თანხა ითვალისწინებს ხულოს ცენტრიდან თამაშის ადგილამდე ტრანსპორტირებას და, ასევე, მოთამაშეების ფოტო/ვიდეო გადაღებას.

ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ „ეარსოფთ ხულოს“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პირველი პოსტის შემდეგ მთელი ორი კვირა გადაბმულად აწყობდნენ თამაშს, რადგან იდეამ დიდი გამოხმაურება და სიმპათია დაიმსახურა.

„ეარსოფთს დიდი ადრენალინი ახლავს. ამ თამაშით იღებ მცირე სამხედრო გამოცდილებასაც და თან ერთობი.

ახლა მუდმივი მომხმარებლებიც გვყავს, აქტიურად თამაშობენ ბიჭებიც და გოგონებიც, გუნდებად ჩამოყალიბდნენ და კვირაში ერთხელ მაინც თამაშობენ.

ძირითადად 20 წლამდე მომხმარებლები გვყავს. გვყოლია 40 – 45 წლის მოთამაშეები. იცით, როგორი მომენტია, ასაკით უფროსები თავიდან ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ბავშვური თამაშია, თამაშის შემდეგ კი რწმუნდებიან, რომ ასე არ არის.

სათამაშოდ სამი ძირითადი ლოკაცია გვაქვს შერჩეული, ერთი დაბა ხულოში და ორი – სოფელ ძირკვაძეებში. ვცდილობთ, რომ მარტივი ლოკაციები ავირჩიოთ, სწორი ზედაპირით, სათამაშო აღჭურვილობა საკმაოდ მძიმეა, ხანდახან მოთამაშეებს უჭირთ ორიენტაცია. შერჩეული ლოკაცია ბევრი წინაღობით უნდა იყოს –  ბორცვებს, ხეებს, ბუჩქებს ვგულისხმობ“.

მოთამაშეები ეარსოფთის თამაშიდან. ფოტო: ეარსოფტ ხულო/facebook

ბიჭების სამომავლო გეგმაა, რომ გაზარდონ სათამაშო აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობა, რათა თამაში ყველა მსურველს შეეძლოს.

„ახლა ჯამში 10 ადამიანის ეკიპირება  გვაქვს და არ არის საკმარისი. თითქმის ყველა თამაშზე რჩებიან თამაშის გარეშე მსურველები  და მეგობრებს ენაცვლებიან ხოლმე“, – ამბობს ჯემალი.

ჯემალი და ლაშა „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათთვის უპირველესია მოთამაშეების უსაფრთხოება და „ეარსოფთ ხულოს“ შექმნიდან დღემდე არ დაშავებულა არცერთი მოთამაშე. ყველა თამაშს  სამივე ინსტრუქტორი ესწრება, რომლებიც აკონტროლებენ მოთამაშეების სრულ აღჭურვილობას თამაშის განმავლობაში:

„სრული აღჭურვილობის გარეშე თამაში მკაცრად გვაქვს აკრძალული, ეს დაუშვებელია. სათვალე, ჟილეტი, ნიღაბი, თავსაბურავი და სხვა, რათა 100 პროცენტით დაცულები იყვნენ მოთამაშეები დაზიანებებისგან. სრული აღჭურვილობის გარეშე თამაში არ შეიძლება“.

მოთამაშეები ეარსოფთის თამაშის დროს. ფოტო: ეარსოფტ ხულო/facebook

ბიჭების თქმით, წელს ხანგრძლივმა და თოვლიანმა ზამთარმა ისინიც შეაფერხა, სათამაშოდ გასვლა უჭირდათ, რადგან შიშობდნენ, იარაღი და სხვა  აღჭურვილობა დასველების გამო არ გაჰფუჭებოდათ.

ბიჭები ამბობენ, რომ მათი გათვლა იყო ხულო მოეცვათ, თუმცა მათთან თამაშობენ ტურისტები, მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებლები.

„როცა ხულოში გავაკეთეთ „ეარსოფთი“, მხოლოდ ბათუმში იყო მოყვარულთა ჯგუფი, რომლებსაც ჰქონდათ  ეკიპირება და იკრიბებოდნენ ხოლმე“, – ამბობენ ბიჭები. მათი თქმით, ახლა ამ ჯგუფთან ახლო ურთიერთობა აქვთ, ხან ისინი ადიან ხულოში სათამაშოდ, ხან – თვითონ ჩამოდიან, თამაშობენ და ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ.

____________

მთავარ ფოტოზე: ჯემალ დეკანაძე „ეარსოფთის“ მოთამაშესთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: