„მოსკვას“ ჩაძირვა აიძულებს რუსეთს, შავ ზღვაში პოზიციებს გადახედოს – დიდი ბრიტანეთი

სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.

„ეს ინციდენტი ნიშნავს, რომ რუსეთმა სერიოზული ზიანი მიიღო. „მოსკვა“ მეორე სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან. 24 მარტს ბერდიანსკის პორტში ჩაიძირა სადესანტო ხომალდი „სარატოვი“. ასეთი დანაკარგები აიძულებს რუსეთს, გადახედოს თავის პოზიციებს შავ ზღვაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.

კრეისერის ჩაძირვა დღეს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთმა. უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სამხედრო ხომალდზე. რუსეთის ფედერაციამ თავდაპირველად უარყო ცნობა კრეისერის დაზიანებაზე, თუმცა შემდეგ აღიარა, „რომ ხომალდზე ხანძარი საბრძოლო მასალების აფეთქებამ გამოიწვია“. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია საბრძოლო მასალების აფეთქება. 14 აპრილის საღამოს „მოსკვა“ ჩაიძირა, როდესაც ბუქსირით მის პორტში გადაყვანას ცდილობდნენ.

ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია ხომალდის ეკიპაჟს. რუსეთს მსხვერპლზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა „ნექსტა“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კრეისერზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა ანტონ კუპრინი, სამხედრო ხომალდის მეთაური.

___

საბჭოთა წარმოების სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ზღვაში პირველად 1979 წელს გავიდა, 2021 წელს კი მას მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სწორედ „მოსკვა“ უზრუნველყოფდა შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო თავდაცვას.

„მოსკვა“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო, კუნძულ ზმეინის დაკავებაშიც მონაწილეობდა. სწორედ მის ეკიპაჟს მიემართებოდა უკრაინელი მესაზღვრეების უკვე ცნობილი ფრაზა „რუსეთის სამხედრო ხომალდო, იდი ნა ხ….“.

ანტონ კუპრინი, სამხედრო ხომალდ „მასკვას“ მეთაური. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხომალდზე ეკიპაჟის 500-მდე წევრი იმყოფებოდა.

___

მთავარი ფოტო: ცეცხლმოკიდებული „სარატოვი“

„ზუსტად უნდა გავიგოთ, ვინ რა მიზნებით მოდის ჩვენთან“ – მედვედევი მიგრანტებზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალ ზომებს უნდა მიმართოს ქვეყანაში შესული მიგრანტების შესასწავლად. მისი თქმით, ამისათვის გამოყენებული უნდა იქნას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებიც.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, მედვედევმა სახელმწიფო მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე ისაუბრა დღეს, 15 აპრილს.

მედვედევის თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, „განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში“, აუცილებელია მიგრანტების ბიოგრაფიული და პირადი ინფორმაციის შესწავლა.

„ზუსტად უნდა გავიგოთ, ვინ და რა მიზნებით მოდის ჩვენთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მედვედევმა ასევე თქვა, რომ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ექსტრემიზმისა და დანაშაულის გავრცელების წინააღმდეგ.

 

პუტინი სულით კგბ-ს აგენტია, მისი ქონება კი 200 მილიარდს აღემატება – ბრაუდერი

ფინანსისტი და ინვესტორი ბილ ბრაუდერი წლების განმავლობაში ითხოვდა კრემლისთვის მკაცრ სანქციებს და „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას. კონსტანტინ ეგგერტთან ინტერვიუში ის ჰყვება, თუ როგორ გახდა პუტინი უდიდესი ოლიგარქი. ინტერვიუ „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა.

საინვესტიციო ფონდის, Hermitage Capital-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ბილ ბრაუდერს, რუსეთში შესვლა 2005 წლიდან აკრძალული აქვს. 1995 წლიდან 2006 წლამდე, დახურვამდე, Hermitage Capital-ი რუსეთში უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდი იყო. 2010 წლიდან ბრაუდერმა ფართო კამპანია წამოიწყო – ის ფონდის მიერ რუსეთის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მითვისებას იძიებს და ფონდის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის დაღუპვის საქმეში დამნაშავეებს ეძებს. სწორედ მისი ინიციატივით მიიღო კონგრესმა „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

  • ბატონო ბრაუდერ, თქვენ უკვე 10 წელია ცდილობთ, მიაღწიოთ მკაცრ სანქციებს რუსული რეჟიმისთვის. დღეს თუ გრძნობთ თავს გამარჯვებულად?

მე ვიტყოდი, რომ წავაგე, როგორც მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით უკრაინელმა ხალხმა. დასავლეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები ბევრად ადრე და მტკიცედ რომ აღსდგომოდნენ წინ ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის ისეთ დანაშაულებს სჩადიოდა, როგორებიცაა ყირიმის ანექსია, საქართველოში შეჭრა, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა, ცოტა სხვა დასკვნები გამოეტანა და უკრაინას არ დასხმოდა თავს.

  • როგორ აფასებთ ახლანდელ სანქციებს, საკმარისად მკაცრია?

სანქციების ახლანდელი პაკეტი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ოდესმე, რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებიათ. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზარმაზარ საფრთხესთან და რუსეთი აბსოლუტურ ეკონომიკურ წნეხში უნდა მოვაქციოთ. ყველაზე მოულოდნელი მაინც იყო დასავლეთის სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ბანკს 640 მილიარდი დოლარი ჰქონდა სხვადასხვა ვალუტაში და აქედან 350 მილიარდი დასავლეთმა გაყინა. ამას არავინ ელოდება, მით უმეტეს ვლადიმერ პუტინი. ვფიქრობ, რომ ამან მთლიანად ხაზი გადაუსვა მის ყველა ეკონომიკურ გათვლას.

მოულოდნელი იყო პუტინის ოფშორული აქტივების წინააღმდეგ მიღებული სანქციებიც. ის ძალიან, ძალიან მდიდარი ადამიანია. ჩემი შეფასებით, მისი ქონება 200 მილიარდ დოლარს აღემატება და ეს ფული მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ოლიგარქებს აბარიათ სამართავად. ახლა, დასავლეთში, ჩვენ პირველად დავიწყეთ ამ ოლიგარქების აქტივების გაყინვა. ამ მომენტისთვის სანქციები დაუწესდა დაახლოებით 12 მათგანს. Forbes-ის სიაში 188 რუსი მილიარდერი ოლიგარქია. ვფიქრობ, 110-ს მაინც უნდა შეეხოს სანქციები, თუკი ნამდვილად გვინდა, რომ ამ ომის საწარმოებლად პუტინს ეკონომიკური რესურსი აღარ დარჩეს.

  • და ეს 118 ადამიანი, ისინი ყველანი დამნაშავენი არიან იმაში, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს, ყველანი აგებენ პასუხს პუტინის გამო?

ვვარაუდობ, რომ 118 ოლიგარქიდან 110 ნამდვილად პასუხისმგებელია. შესაძლოა, 8 მათგანი არ იყოს კრემლთან დაკავშირებული. თუმცა იდეაში, იმისთვის, რომ ოლიგარქი გახდე, იმისთვის, რომ რუსეთში გამდიდრდე, ფაქტობრივად, ეშმაკს უნდა გაურიგდე.

ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ოდესღაც, როგორც კარგი ადამიანი, ისე იწყებდა საქმეს, მაგრამ ყველამ, ვინც ასე გამდიდრდა, ეს პუტინის სურვილითა და ნებართვით შეძლო. და მათ ამის სანაცვლოდ მისი ფული უნდა შეინახონ.

კიდევ ერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, ესაა ამ დანაშაულებრივი რეჟიმის  ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, თავად სურდათ გამხდარიყვნენ პუტინის დანაშაულის მონაწილეები თუ აიძულეს, ამ ადამიანებმა, რაღაც მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, მისი პარტნიორები გამხდარიყვნენ. ამით, მათ საკუთარი ქონებაც რისკის ქვეშ დააყენეს.

  • როგორ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ რომელიმე ოლიგარქი ვლადიმერ პუტინის აქტივებს აკონტროლებს?

ვლადიმერ პუტინი სულით კგბ-ს აგენტია. მას ესმის, რომ თუ ვინმეს ექნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის მილიარდობით დოლარს ან ამხელა ქონებას ფლობს, იმ ადამიანს შანტაჟის შანსი გაუჩნდება. საიდან იცის? იქიდან, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სხვებს აშანტაჟებდა. მას უნდა ეპოვა ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ფულს ანდობდა.

ვის შეიძლება ენდობოდეს? ალბათ, თავის მებაღეს, მაგრამ მებაღე ვერ მიადგება Goldman Sachs-ს 2 მილიარდი დოლარით, ისე, რომ ბანკს ეჭვები არ გაუჩნდეს. ამიტომაც სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მდიდრებიც არიან და ისიც ენდობა. ეს ფული ხვდება ოლიგარქების ხელში და უამრავი შესაძლებლობაა ამის დამტკიცების. მაგალითად, ცნობილი ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი. „პანამის დოკუმენტებმა“ აჩვენა, რომ მისი ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიდან აქვს ვიოლონჩელისტს ამხელა ფული? პირველ რიგში, ის შემთხვევითი ვიოლონჩელისტი არაა. ბავშვობიდან პუტინის ახლო მეგობარია, მისი ქალიშვილის ნათლია. სწორედ მან გააცნო პუტინი და მისი მომავალი ცოლი ერთმანეთს.

შეიძლება, ვერავინ ვერასდროს აჩვენოს ბანკის ამონაწერი, რომ პუტინმა ოლიგარქებს ფული მისცა, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნამდვილად შესაძლებელია სრულიად სანდო შთაბეჭდილების შექმნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

  • ოლიგარქებისთვის დაწესებულ სანქციებში არის გამონაკლისები. მაგალითად, ეს ეხება ალექსეი მორდაშოვს, ალიშერ უსმანოვს. მათი ქონების რაღაც ნაწილი დაყადაღებულია, მაგრამ მათი კომპანიები განაგრძობენ მუშაობას და ბიზნესს აშშ-ში, რადგან მთელი მათი აქტივები რომ გაყინონ, ეს ძლიერად დაარტყამს გლობალურ ეკონომიკას, მათ შორის, ამერიკისას. ეს შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან სწორი პოლიტიკაა?

ყველა ხელისუფლებამ უნდა აწონ-დაწონოს, როგორი იქნება სანქციების ფასი. მიზანი ცხადია – ჩვენ გვინდა, რომ პუტინს აღარ ჰქონდეს ომის დაფინანსების შესაძლებლობა. ამის ფასი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მინიმალური. თუ თქვენ იახტას ან თვითმფრინავს ჩამოართმევთ ოლიგარქს, ეს მხოლოდ მასზე იმოქმედებს. თუ თქვენ მის პირად ან საინვესტიციო ფონდის ანგარიშს გაყინავთ, არც ეს მოახდენს რაიმე გავლენას დანარჩენ სამყაროზე. მაგრამ ალუმინის ან რკინაშენადნობ კომპანიებში ათასობით ადამიანი მუშაობს მთელ მსოფლიოში, ადამიანები იყენებენ ალუმინსა და რკინას. ასეთ სანქციებს შეიძლება ძალიანაც დრამატული ეფექტი ჰქონდეს მეორე, მესამე ან მეოთხე ეტაპზე.

ამ ყველაფრის მიზანი არაა კომპანიების დანგრევა ან ეკონომიკის განადგურება, არამედ ის, რომ ოლიგარქების აქტივების გაყინვით, პუტინს აღარ მიუწვდებოდეს ხელი ფულზე. თუკი პუტინი მთელ თავის ჯარს გამოიყვანს, უკრაინას რეპარაციას გადაუხდის და გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარდგება, ამ შემთხვევაში, ოლიგარქები შეძლებენ საკუთარი ფული დაიბრუნონ.

  • ამავე დროს, გერმანია განაგრძობს რუსული გაზის შესყიდვას. ყოველდღიურად ასობით მილიონი ევრო მიდის კრემლის ანგარიშებზე. გაზზე უარის თქმა ძალიან დაარტყამდა გერმანიის ეკონომიკას. და მაინც, როგორ მიგაჩნიათ, უნდა მიიღოს ბერლინმა ასეთი გადაწყვეტილება?

დღესდღეობით, ევროპა რუსეთს დღეში დაახლოებით 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარს უხდის. ერთი მხრივ, ევროკავშირი ცდილობს გაყინოს ანგარიშები, რომ რუსეთს აღარ ჰქონდა ფინანსები ომისთვის, ხოლო მეორე მხრივ, დღეში ნახევარი მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ფულს უგზავნის რუსეთსა და პუტინს, რომ ამ ფულით ბომბები, ტანკები იყიდონ და უდანაშაულო ადამიანებს ესროლონ უკრაინაში. ეს სრულიად მიუღებელი ფარისევლობაა. და როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ გერმანიის ეკონომიკის დანაკარგებზე ან სხვა ეკონომიკის ზიანზე, მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ გერმანიის ეკონომიკისთვის ზიანი იქნება გაცილებით დიდი, თუკი ჩვენ როდისმე რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფრონტაციაში აღმოვჩნდებით.

  • Wall Street Journal-თან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ პუტინის აგრესია უკრაინაში ჩავარდა იმიტომ, რომ ომისთვის გამოყოფილი ფულის 80 პროცენტი, ფაქტობრივად, მოიპარეს. შეიძლება ითქვას, რომ პუტინი, ერთი მხრივ, მართავს რუსეთს კორუფციის დახმარებით, ხოლო მეორე მხრივ, მისი ცხოვრების მთავარ პროექტს საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ კორუფციის გამო, რომელიც მისი სისტემის ნაწილია. პარადოქსია?

ვფიქრობ, კორუფცია რუსეთში იმდენად გავრცელებულია, რომ იქ, ფაქტობრივად, აღარაფერი მუშაობს. სახელმწიფოსთან დაკავშირებული ნამდვილად არაფერი მუშაობს. საავადმყოფოებში პაციენტებს ვერ მკურნალობენ, რადგან ფულს იპარავენ. სკოლებში ბავშვებს ვერ ასწავლიან, რადგან წიგნებს იპარავენ. გზებს ვერ აგებენ, მაგრამ მთავარი – მათ არ შეუძლიათ ამ ომის წარმოება. ფულის 80 პროცენტი, რაც ამ ომზე უნდა წასულიყო, ისიც მოპარულია და ეს ძალიან კარგია. სინამდვილეში, ეს შესანიშნავია, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ღირსეული პასუხი გასცენ რუსეთს.

და ყველაზე მთავარი, ეს ხომ დამამცირებელია. ვლადიმირ პუტინი მკერდში მჯიღს იცემდა, ამბობდა, რომ ორ დღეში კიევს აიღებდა და უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში შევიდოდა, მაგრამ მალევე ცხადი გახდა, რომ ამ განცხადებების უკან არაფერიც არ დგას. მან ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ექვს კვირაშიც კი. შესაძლოა, ის ვერც ვერასოდეს აიღებს უკრაინას. მე ვფიქრობ, რომ ეს, გარკვეული თვალსაზრისით, პუტინის დასასრულის დასაწყისია, რადგან თუკი ის ვერ შეძლებს ძალის დემონსტრირებას, რაღაც მომენტში, გამოჩნდება ვიღაც სხვა, ვინც იტყვის, რომ მას შეუძლია.

  • თავის დროზე თქვენ მხარს უჭერდით პუტინს. მახსოვს, ამბობდით, რომ ის სწორად იქცევა, როდესაც 90-იანების ოლიგარქიისგან წმენდს ქვეყანას. მეტიც, მგონი, მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებაც კი მოიწონეთ. დღეს თქვენ პუტინის მთავარი მტრების სამეულში ხართ. შესაძლოა, ნავალნისთან და იმავე ხოდორკოვსკისთან ერთად. როგორ მოხდა თქვენი ეს ტრანსფორმაცია. როგორც ვხვდები, ამაზე მთავარი გავლენა სერგეი მაგნიტსკის სიკვდილმა იქონია, თუმცა ძალიან ადამიანური თვალსაზრისით, ალბათ, ეს თქვენთვის სერიოზული გამოცდა იყო.

მე რუსეთში პირველად 1996 წელს ჩავედი. ქაოსი დამხვდა. თავიდან მომეჩვენა, რომ ეს კარგიც იყო. ახალგაზრდა ადამიანი შეიძლებოდა გამოჩენილიყო არსაიდან, ხელი მოეკიდა ნებისმიერი საქმისთვის და წარმატებისთვის მიეღწია. როცა რუსეთში დავრჩი, დავინახე, რომ რაც იქ ხდება, ეს ძალიან ცუდია. დავინახე რას განიცდიდნენ რუსეთის მოქალაქეები – მედდები იძულებულნი გახდნენ სექსმუშაკებად ქცეულიყვნენ, პროფესორები – ტაქსისტებად. სამხატვრო მუზეუმები კედლებიდან ხსნიდნენ ტილოებს და ჰყიდდნენ. რატომ? იმიტომ, რომ 22-მა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში მთელი ქვეყნის რესურსები.

ბილ ბრაუდერი

როდესაც პუტინი მოვიდა, მეც და სხვებსაც გაგვიხარდა, როცა თქვა, – „ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ქაოსს. ჩვენ შევაჩერებთ ოლიგარქებს. ჩვენ რუსეთს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნებთ“. დროის რაღაც მონაკვეთში, მას ეს გამოუვიდა. შემდეგ მან დააკავა და სასამართლო მოუწყო რუსეთის ყველაზე მდიდარ კაცს, მიხაილ ხოდორკოვსკის, დანარჩენი ოლიგარქები შიშით უყურებდნენ ამას. წავიდნენ ისინი პუტინთან და უთხრეს – „რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხოდორკოვსკივით ციხეში არ მოვხვდეთ“ და პუტინმა უპასუხა – 50 პროცენტი. იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქები ჩამოეშორებინა, ის თავად გახდა ყველაზე დიდი ოლიგარქი. არის ასეთი გამოთქმა, რომ „ძალაუფლება რყვნის,  აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად“. და ეს შესანიშნავად აღწერს ვლადიმერ პუტინს.

______________

თარგმნა თამარ რუხაძემ

პოდოლიაკი: ახლა ევროპის ჯერია მოსკოვი გაუშვას ეკონომიკურ ფსკერზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დააწესოს სრული ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე და „მოსკოვი გაუშვას ეკონომიკური და ფინანსური ფსკერისკენ“.

„უკრაინამ რუსული კრეისერი „მოსკოვი“ უკვე გაუშვა ფსკერზე. ახლა ევროპის ჯერია ნამდვილი მოსკოვი გაგზავნოს ფინანსური და ეკონომიკური ფსკერისკენ. ის, რაც ამისთვისაა საჭირო, არის სრული ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი და მისი გუნდი, ევროპას მოუწოდებენ რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო დააწესოს. 14 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია და ბულგარეთი ბლოკავენ“.

შაბათ-კვირას ბათუმში 23 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18-19 აპრილს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღის აშენება სურს. იდეა მაქარაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი რუსული აგრესიის საპასუხოდ, ომის მიუხედავად, მაინც აპირებენ დანგრეული ქალაქების ეტაპობრივად აღდგენას.

„ამ დროისთვის უკვე გამოგვეხმაურა 217 ქართული კომპანია, რომლებსაც სურთ, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მიიღონ ბაღის მშენებლობაში. ზოგმა სურვილი გამოთქვა, რომ არქიტექტურულ ნაწილში მიიღებს მონაწილეობას, ზოგი მოხატვაში ჩაერთვება, ზოგი ეზოს დააპროექტებს, ზოგი ინვენტარს შეიძენს და ასე შემდეგ. მთელი ძალისხმევა ახლა მიმართულია იქითკენ, რომ როგორც კი გვექნება შესაძლებლობა და მივიღებთ თანხმობას უკრაინის ხელისუფლებისგან, დავიწყებთ მშენებლობას“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მისი თქმით, ის ამ ეტაპზე დაუკავშირდა უკრაინაში რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დაეხმარებიან მას უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში.

რამდენად შესაძლებელია ომის პარალელურად მშენებლობის წარმოება? – ვკითხეთ მას. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, ეს პროცესიც ჰიბრიდული ომის ნაწილია: „სრულიად შეგნებულად აპირებს უკრაინა, რომ დაიწყოს იმ ქალაქების განახლება, სადაც უსაფრთხოა უკვე ცხოვრება და სრულიად გაწმენდილია რუსი სამხედროებისგან. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორია. პროცესი დაწყებულია და 99 პროცენტით დარწმუნებული ვართ, რომ დაიწყება თუ არა მშენებლობები ბუჩაში, ჩვენ ამ ნებართვას მივიღებთ“.

გიგა მაქარაშვილის თქმით, სასურველია ამ იდეის განხორციელებაში საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღონ მონაწილეობა სურვილის შესაბამისად და საბავშვო ბაღის მშენებლობის ანგარიშზე მინიმუმ 1 ლარი მაინც ჩარიცხონ.

„იდეა არის ის, რომ ეს საბავშვო ბაღი უნდა ააშენოს ქართველმა ხალხმა და წარწერაც ასეთი ექნება. „ქართველი ხალხისგან“ და არა ისე, როგორც საქართველოს პარლამენტმა გააკეთა, როცა ჰუმანიტარულ ტვირთს დააწერა, – „საქართველოს პარლამენტისგან“ და არა ქართველი ხალხისგან, როგორც უნდა ყოფილიყო.

ბაღის არქიტექტურულ ნაწილზე უკვე დაწყებულია მუშაობა. საბავშვო ბაღის მშენებლობას მსოფლიოში თავისი სტანდარტები აქვს, განსხვავებულია და კიდევ უფრო დახვეწილია ევროპული სტანდარტები, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ევროპული სტანდარტით ავაშენოთ.

ახალი ადგილი გამოიყოფა ბაღისთვის, თუ რომელიმე დანგრეული ბაღის ადგილზე აშენდება ახალი ბაღი, ბუნებრივია, ამას გადაწყვეტს ბუჩას ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც ვიცით, ბუჩა საკმაოდ პატარა ქალაქია, სულ ოთხი მუნიციპალური ბაღია და აქედან ორი დანგრეულია.

შევეცდებით, რომ ყველა საჭირო სამშენებლო მასალა შევიძინოთ უკრაინაში, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდეს თანხა და თუკი შესაძლებლობა იქნება, გვინდა, რომ მუშახელიც ადგილობრივი დავასაქმოთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას დასაქმებაში“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. ქალაქის რუსებისგან გაწმენდის შემდეგ მთელმა მსოფლიომ ნახა ცხედრებით მოფენილი ქალაქის ქუჩები.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

„აჭარისწყალი ჯორჯია” სტუდენტებს შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

31 მარტს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად შუახევსა და ხულოში ორი კოლეჯის, ,,ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ამავე კოლეჯების ხელმძღვანელები და ლექტორებიც ესწრებოდნენ.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გეგმავს სტაჟირების პროგრამა შესთავაზოს ყოველწლიურად ელექტროობის მიმართულების 20 სტუდენტს.

სწორედ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის დეტალები და პირობები გააცნეს 31 მარტს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს:

  • სტაჟირების პროგრამა მაისიდან დაიწყება
  • თითოეული სტუდენტი 4 კვირიან სტაჟირებას გაივლის
  • აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 200 ლარის ოდენობით და ლანჩი
  • თბილისიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სამჯერადი კვება.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დაუსვეს კითხვები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რაკეშ ნაიკს, მათ შორის: „შუახევი ჰესის“ უსაფრთხოების გარანტიებზე, გამომუშვებულ სიმძლავრეზე, ქვეყნის შიდა ენერგოწარმოების მნიშვნელობასა და ენერგოდამოუკიდებლობის სამომავლო შესაძლებლობებზე.

„აჭარისწყალი ჯორჯიასა” და კოლეჯ „ბლექსის” სტუდენტების შეხვედრა ხულოში

ჯამბულ ჯაყელი შუახევში კოლეჯ „ბლექსის“ ელექტროობის პროგრამის სტუდენტია. მიღებული აქვს სამთვიანი სწავლების შედეგად მიღებული სერტიფიკატი, ახლა სწავლობს იმავე მიმართულების გრძელვადიან პროგრამაზე, რაც ამ პროფესიის მაგისტრის ცოდნასთანაა გათანაბრებული:

„ეს სერტიფიკატი და თეორიული ცოდნა ცხადია პრაქტიკაში უნდა გამოგვადგეს. სულ გვესმის, რომ უცხოელი ინვესტორები უცხოელ სპეციალისტებს ასაქმებენო და დავინახეთ, რომ ჩვენი დასაქმებაც მნიშვნელოვანია მათთვის. შესაძლებლობა გვეძლევა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ გავიაროთ სტაჟირება და დავსაქმდეთ, ვფიქრობ ყველამ, ვისაც შეგვიძლია, უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდაწარმოების გაზრდას და შევამციროთ უმუშევრობის დონე“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ სტუდენტი.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლების შეხვედრა ხულოს კოლეჯ „ახალი ტალღის” სტუდენტებსა და ლექტორებთან

როგორც ამ კოლეჯის დირექტორი, გიორგი გოგიტიძე გვეუბნება ახლა შუახევის „ბლექსიში“ ელექტროობის მიმართულებაზე 24 სტუდენტი სწავლობს:

„ელექტროობის, შედუღების და სხვა ტექნიკური მიმართულების პროფესიული პროგრამები მას შემდეგ დავნერგეთ კოლეჯში, რაც შრომის ბაზარი და მოთხოვნილება შევისწავლეთ. ვფიქრობთ ამ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიებით ჩვენი სტუდენტები შეძლებენ დასაქმებას და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შემოთავაზებული სტაჟირების პროგრამაც ამის დასტურია“ – ამბობს გიორგი გოგიტიძე.

შუახევის კოლეჯ „ბლექსის” დირექტორი გიორგი გოგიტიძე და „აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რაკეშ ნაიკმა შეხვედრებზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ადგილობრივი თემების და სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება აჭარის რეგიონში, სადაც „შუახევი ჰესი“ ოპერირებს.

„გვსურს ვითანამშრომლოთ ხულოსა და შუახევის ტექნიკურ დაწესებულებებთან და ერთად განვახორციელოთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა. სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენს ჰესზე, მათ საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ისინი იმუშავებენ ჩვენს ინჟინრებთან ერთად, როგორც დაბალი, ასევე მაღალი ძაბვის დანადგარებთან“ – ამბობს რაკეშ ნაიკი.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი

მისი თქმით, ჰესის ექსპლუატაციიდან 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ საინჟინრო მიმართულებით ძალიან ცოტა ქალია ჩართული ტექნიკურ სამუშაოებში. „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათი კომპანიის გუნდი  ისურვებდა ჰესზე წამყვანი პოზიციები ქალ ინჟინრებს ეკავოთ.

ხულოში მდებარე კოლეჯ „ახალი ტალღის“ სასწავლო პროცესის მენეჯერი, ნინო გრძელიძე აღნიშნავს, რომ ამ მუნიციპალიტეტში, აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მსგავსად დასაქმების პრობლემაა. „შუახევი ჰესთან“ კოლეჯის თანამშრომლობა კი მათი სტუდენტებისთის კარგი პერსპექტივაა.

კოლეჯ „ახალი ტალღის“ სასწავლო პროცესის მენეჯერი, ნინო გრძელიძე

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და სტუდენტების შეხვედრებზე აღინიშნა, რომ სტაჟირებისას:

  • სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს
  • იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე და გაეცნობიან უსაფრთხოების საკითხებს
  • შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის ამაღლებას
  • სტაჟირების ბოლოს კი გაიცემა AGL სერთიფიკატი
ელექტროობის პროფესიული პროგრამის სტუდენტთა სასწავლო კუთხე ხულოს კოლეჯ „ახალ ტალღაში”

187 მეგავატი სიმძლავრის შუახევი ჰესის მშენებლობა საქართველოში, მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განხორციელდა (9 მგვტ სხალთა ჰესი და 178 მგვტ შუახევი ჰესი). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწაყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

ჰესი ელექტროენერგიას 2020 წლის მარტიდან გამოიმუშავებს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლების შეხვედა ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის” სტუდენტებსა და ლექტორებთან

თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 7 სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ის, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში ახლდება.

ამ დროისთვის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 213 პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული, რომელთა ქვეყანაში შემოტანა ფარმაცევტულ კომპანიებს გამარტივებული წესით შეუძლიათ.

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნამდე ამ 213 მედიკამენტის ფასი, საშუალოდ 60-80%-ით მაღალი იყო.

„ფარმადეპოს“ ქსელში შესაძლებელია თურქეთიდან შემოტანილი 32 გაიაფებული მედიკამენტის შეძენა, „ავერსის“ ქსელში 24 პრეპარატი, „იმპექსში“ – 8, „psp-ში“ – 29,  „ჯპს-ში – 26“, „ფარმასახლში“ – 24 და „დოიჩე აფთიაქში“ – 19.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 15 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 20 000 ადამიანი
  • ტანკი – 756 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 976 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 366 ერთეული
  • MLRS – 122 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 66 ერთეული
  • თვითმფრინავი – 163 ერთეული
  • ვერტმფრენი – 144 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 443 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 135
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 132 თვითმფრინავი
  • 105 შვეულმფრენი
  • 456 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 213 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 245 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 249 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 966 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 110 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

სარაკეტო კრეისერი Москва ჩაიძირა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 

13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ჩამოთვალა ის შეიარაღება, რომელიც უკრაინას სჭირდება ომში რუსეთის შესაჩერებლად:

  • 155 -მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემები და ამუნიცია;
  • 152- მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;
  • „Hail-ის“, „Hurricane-ისა“ და/ან „M142 HIMARS-ის“ სარაკეტო სისტემები;
  • ჯავშანტრანსპორტიორები;
  • ტანკები (საბჭოთა T-72-ები ან ამერიკული და გერმანული ანალოგები);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, Buk, ან მათი დასავლური ანალოგები);
  • საბრძოლო თვითმფრინავები.
რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება და კიდევ რა სჭირდება უკრაინას

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ჩვენ არ შეგვიქმნია ეს მხეცი, მაგრამ ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია“ – პოდოლიაკი რუსეთზე

ამავე თემაზე:

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა გაანულო,“ – ყველაზე მეტად ამ რისკს ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს თავი აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ საქართველომ თავად ვეღარ აღიქვას თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად.

ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ რუსეთზე საუბრით დავიწყეთ: არის თუ არა უფრო საშიში დღევანდელი რუსეთი, ვიდრე თუნდაც მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიაზე მდგომი საბჭოთა კავშირი იყო?

  • ბატონო ზვიად, რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ დღევანდელი რუსეთი ბევრად საშიშია, ვიდრე საბჭოთა კავშირი? 

ჩვენ რა საბჭოთა კავშირიც გვახსოვს, ეს უკვე იყო გადარჩენის რეჟიმში არსებული იმპერია, რომელსაც ეროზიული პროცესი ჰქონდა დაწყებული. თანამედროვე მოქალაქეებს არ გვახსოვს საბჭოთა კავშირის, როგორც მოდერნიზებული იმპერიის შექმნის პროცესი, რომელიც ალბათ არანაკლებ მტკივნეული იყო… ისტორიული პარალელების მიხედვით, ის ისეთივე დაუნდობელი და მკაცრი იყო, როგორიც დღეს არის რუსეთის მმართველობის დამოკიდებულება დანარჩენი სამყაროს მიმართ.

დღესაც ზუსტად იმავე ლოზუნგებით გამოდის რუსეთის მმართველობა, მისი პრეზიდენტი და ამბობს, რომ რუსეთმა უნდა დაიბრუნოს თავისი იმპერიული ძლიერება. პერიოდულად აქამდეც გვახსენებდნენ ამას, რადგან იმპერიის საზღვრები მუდმივი არ არის, ის იცვლება და როდესაც დგება მომენტი, რომ დაკარგული უნდა „აღიდგინო“, ის გაცილებით საშიში და სასტიკია. საბჭოთა კავშირი იყო უფრო შენარჩუნების რეჟიმი და ისიც სჩადიოდა განუსაზღვრელ ძალადობას. რეალურად, ყველა ეტაპზე იმპერია არის ძალადობრივი, რაც არის დამანგრეველი, რადგან იმპერია არ აღიქვამს ადამიანებს, ერებს, საზოგადოებას, ის აღიქვამს მხოლოდ ტერიტორიებს.

დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის იმპერიის მორიგ ტკივილს, ტანჯვას, ჭინთვებს, როცა ის ცდილობს, დაუბრუნდეს თავის იმპერიულ საზღვრებს და თქვას, რომ „ეს ჩემია“ და რაც ჩემია, არ უნდა ჰქონდეს სხვა სახელი; იქ მცხოვრებ ადამიანებსაც არ უნდა ერქვათ სხვა სახელი და ეს უნდა იყოს რუსეთი.

ვხედავთ, როგორც იცვლება რუსეთის იმპერიალისტური რიტორიკა ომის მსვლელობის დროს: ომის დაწყების წინ ლენინს აკრიტიკებდა პუტინი, როდესაც თქვა – დიდი შეცდომა იყო თურმე, უკრაინას სახელი რომ მისცა, მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი ჩამოუყალიბა, რის გამოც მას მიეცა შესაძლებლობა საბჭოთა კავშირი ფორმალურად დაეტოვებინაო.

რუსეთისთვის წარმოუდგენელია, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რუსეთმა აღიქვას დამოუკიდებელ ქვეყნებად. მთავარი ამოცანაც ეგაა – პუტინმა განაცხადა, რომ საერთოდ უნდა დავივიწყოთ უკრაინის არსებობა. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ბელორუსიც არ უნდა არსებობდეს. ეს იყო გზავნილი ბელორუსიელი საზოგადოებისთვის მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათი მმართველობა ლოიალური და მონურია რუსეთის მიმართ, მაგრამ ხვალ მათი ნიველირებაც მოხდება. არავინ იცის, ვინ აღმოჩნდება შემდეგი სამიზნე.

ბუნებრივია, ასეთივე დამოკიდებულება ექნება რუსეთს საქართველოს მიმართაც, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, არასდროს არ განიხილებოდა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაში. ის ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ტერიტორიული შენაერთები: თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია, სოხუმის სამხედრო ოლქი, ბათუმის ოლქი, როდესაც მოხდა მისი შემოერთება და ასე შემდეგ.

  • თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს რუსული პროპაგანდის გავლენას საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, სადაც არსებობდა კონკრეტული იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმის სახით?

ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს სოციალისტურ-კომუნისტურ იდეოლოგიას ჩაუფენ რუსეთის იმპერიულ განვითარებას, ნაციონალისტურს თუ „ველიკოდერჟავულს“. მთავარი ნორმა არის ცალსახა: რუსეთის ტერიტორიული გაფართოება, დიდ სივრცეზე რუსეთის იმპერიალიზმის განვითარება, ადამიანზე ძალადობა, მისი დამორჩილება და თავისუფალი ნების შეზღუდვა. ეს არის ცალსახად დამახასიათებელი რუსული საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც დაიწყო განვითარება რუსეთმა, როგორც იმპერიამ,  გამოიმუშავა იმპერიალისტური იმუნიტეტი და ეს თქვა: „სხვა მდგომარეობაში ყოფნა არ შემიძლია“.

რა თქმა უნდა, იყვნენ მოაზროვნეებიც, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ უსისტემოდ არ შეიძლება იზრდებოდეს ეს ტერიტორიები და არ შეიძლება ქვეყანას არ ჰქონდეს თავისი ღირებულებითი ღერძი, როგორც, მაგალითად, ეს ჰქონდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ამ კატეგორიის ადამიანების ადგილი არ მოიძებნა რუსეთის იმპერიაში. დღეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ხედვა ჰქონდა ნიკოლოზ მეორეს, რომელსაც შემოეფცქვნა რუსეთის იმპერია ხელში, შემდეგ კი, ახალი იდეოლოგია მოიფიქრეს ლენინმა და სტალინმა და შექმნეს მოდერნიზებული იმპერია…

ამ პროცესში მთავარი იყო ის, რომ წაშლილიყო ადამიანის თავისუფალი ნება, რომ მთავარია თემური აზროვნება და თემური მოწყობა ზოგადად, რასაც შემდეგ დააფუძნეს კოლექტივიზაციის მოდელი. სხვათა შორის, ინდუსტრიალიზაციაც ამ თემურ ცნობიერებაზე იყო დაფუძნებული, პერიოდულად შემოიტანეს ტრანსფორმაცია დავუშვათ მართლმადიდებლობის კონცეპტისა და ჩაანაცვლეს კომუნისტური იდეოლოგიით, რომელიც იყო თანასწორობისა და თავისუფლების ფსევდო სახე.

რეალურად, რასაც ეფუძნებოდა რუსეთის იმპერია, ვთქვათ, რომანოვების დინასტიის დროს, ეს იყო თვითმპყრობელობა, თემობა და მართლმადიდებლობა – ტრანსფორმაცია გააკეთეს და მას შეუნარჩუნეს იმპერიული ბუნება. ამიტომაც იყო, რომ როდესაც კომუნისტური იდეოლოგია მოიშალა, მიუბრუნდნენ ისევ მართლმადიდებლობას და ის გამოიყენეს ბრძოლის იარაღად, ისევ გადაწყვიტეს, ეთქვათ, რომ აი, ჩვენ ვართ ახალი კონსტანტინოპოლი; ჩვენ ვართ მესამე რომი.

ისინი ასე უყურებენ, რომ ქრისტიანობა არის არა ღირებულებითი სისტემა, არამედ ფორმა, რომლითაც დაამყარებდნენ საკუთარ თვითმპყრობელობას. მათ რელიგია სჭირდებოდათ იმპერიის ჩამოყალიბების გზაზე, როგორც ძალადობის იარაღი. დღეს იმპერიული ცნობიერება შევიდა ყველაზე კრიტიკულ ფაზაში და თვითდამანგრეველი გახდა, ვხედავთ, რომ ისინი ეპოტინებიან ამ იდეას.

  • რა აჩვენებს, რომ რუსეთის იმპერიული ცნობიერება ახლა კრიტიკულ ფაზაშია და რუსეთის ომი უკრაინაში თვითგანადგურებაა? 

ბუნებრივია, ამ იმპერიას თავისი ისტორიის მანძილზე რაღაც პოზიტიური ფაზებიც ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის იმპერია არასდროს არ ქმნის საუკეთესო გარემოს. ამიტომაც, თავისუფალი ადამიანები ნებისმიერ დროს უპირისპირდებოდნენ ნებისმიერი იმპერიის არსებობას. იმპერია თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იქ კოლექტიური ცნობიერება უნდა იყოს ძლიერი და კოლექტივმა უნდა შეინარჩუნოს იმპერიული სულისკვეთება. ყველა, ვინც გამოხატავს პროტესტს, ის იდევნება. ეს ყველა იმპერიისთვის დამახასიათებელია.

ლიბერალური ცნობიერების განვითარებამ კი გამოიწვია ის, რომ იმპერიების დაშლა დაიწყო, რეალურად მივიდნენ ადამიანები იქამდე, რომ კოლონიზაციაზე უარი თქვეს, იფიქრეს, რომ ასე უკეთესი საფუძველი იქმნებოდა განვითარებისთვის. ამ დროს კი, ვიღაც ამბობს, რომ არა, მე უნდა აღვადგინო ჩემი ისტორიული გამოცდილება და დაიწყეს ადამიანების დაჯერებას იმაში, რომ შენ ძლიერი ხარ, ყველაზე დიდი ტერიტორია გაქვს, ყველაზე დიდ სამხედრო ძალას ფლობ, ყველაზე დიდი ბუნებრივი სიმდიდრეების მფლობელი ხარ და აქცენტს აკეთებ გრანდიოზულობაზე. ასეთ იმპერიაში მცხოვრებ ადამიანს დაქვეითებული, მინუსებშიც კი აქვს გადასული თავისუფალი ნება და ის მისდევს კოლექტივს. ამიტომაც არის, რომ სხვა ფორმულას ჩვენ არც კი გვთავაზობს იმპერიული საზოგადოება. ეს ფორმულა ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ ვარ ძლიერი, მაშინ ვსუნთქავ და ვარსებობ, როცა ვარ იმპერია. თუ არ ვიქნები იმპერია, დავიშლები და გავნადგურდები.

შესაბამისად, აქ სხვა მექანიზმი აღარ რჩება, რომ ხდებოდეს იდეოლოგიური შტურმი ადამიანებზე, ხოლო ხელისუფლების ხელში არ რჩებოდეს ძალაუფლების დიდი კონცენტრაცია. ეს არის რუსეთის მთელი სამი საუკუნის ისტორია. ის არ არის ორიენტირებული განათლებაზე, პროგრესზე, თავისუფლებაზე…

ჩვენ ვნახეთ რუსეთის მმართველი, რომელმაც თქვა: უკრაინა აღარ უნდა არსებობდეს, უკრაინა ეს არის რუსეთი. მანამდე კი, მოვისმინეთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო რუსული სახელმწიფოს დარღვევა. ის, რომ მოკავშირე რესპუბლიკებმა, ბრძოლით თუ მოულოდნელად მოიპოვეს ეს დამოუკიდებლობა, ეს რუსეთის დღევანდელ მმართველს აქვს აღქმული, როგორც რუსული იმპერიის რღვევა და აჯერებს საზოგადოებას, რომ კი, გვაქვს სისუსტეები, ჩვენი ცხოვრების დონე არის დაბალი, მაგრამ ჩამორჩენილი იმიტომ კი არ ვართ, რომ მე არ გაძლევთ განვითარების საშუალებას, არამედ „რუსული სახელმწიფო“ დაგვინგრიეს, მოვიდნენ, შეთქმულება მოაწყვეს და რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ, ეს ტერიტორიები რომ გვქონოდა, ვიქნებოდით განვითარებული.

რუსეთში დაიჯერეს, რომ უკრაინა საერთოდ უნდა გაქრეს, როგორც ტოპონიმი, საზოგადოება. ამით რუსეთს მაინც არაფერი ეშველება, მაგრამ თუ რუსეთი წარმატებით მიიყვანდა ომს ბოლომდე, ის უკვე მოიპოვებდა მნიშვნელოვან ნდობას თავის მოქალაქეებში.

  • ანუ ომში დამარცხების შემთხვევაში, ელით იმპერიული ხედვის თვითგანადგურების დაწყებას? 

ეს დაიწყება, რადგან ლოგიკური პროცესია… ბუნებრივია, რუსეთი ამ მიწებს ვერ დაიბრუნებს. ყველა ომს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ომმა ყველაზე კარგად დაგვანახა ის, რომ რუსეთს არ გააჩნია რესურსი თავისი იმპერიის გაფართოების. ის ვერ დაიპყრობს უკრაინას, ლოგიკურად ვერ დაიპყრობს ვერცერთ სხვა ტერიტორიას, რომელიც მის მმართველს მიაჩნია რუსეთის იმპერიის ახირებად, რადგან საბჭოთა კავშირს ისინი აღიქვამდნენ, როგორც „რუსულ სახელმწიფოს“ ანუ რესპუბლიკებს, რომლებიც გავიდნენ საბჭოთა კავშირიდან, მათ მიაჩნიათ რუსულ ტერიტორიებად. ამ ტერიტორიების დაბრუნების რესურსი მას პრაქტიკულად არ აქვს. თვინიერ რუსეთში დაიწყება პროცესი, რომელიც გამოიწვევს ამ სახელმწიფოს დეცენტრალიზაციას.

  • რა თვალსაზრისით ელოდებით დეცენტრალიზაციას? 

დეცენტრალიზაციას არა სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით, არამედ როგორც ამ სახელმწიფოს დაშლის პროცესს, რადგან შეუძლებელია, შეუთავსებლობის შეთავსება გაგრძელდეს… ეს პროცესი აუცილებლად დაიწყებოდა რაღაც პერიოდში, მაგრამ ომმა უკრაინაში ეს პროცესი კიდევ უფრო მოამწიფა: ადამიანებს დიდი ზარალი მიადგათ რუსეთშიც, დაზარალდნენ ფედერალური მხარეები, როგორც თავად მოიხსენებენ და საკმაოდ მრავალფეროვანი, განსხვავებულ პოზიციებზე დაფუძნებული ეთნოსებია იქ. რეალურად ეს არის ძალადობაზე დამყარებული მმართველობის სისტემა, რომელიც დაიწყებს ტრანსფორმაციას და ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესი.

რუსულ საზოგადოებაში ასევე გაღრმავდება უთანხმოების პროცესი. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ დისკუსიას – როგორ უნდა მოხდეს თავად რუსეთის მოდერნიზაცია, რა ფორმით უნდა არსებობდეს რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ან სხვაგვარ რუკაზე. რუსეთ-უკრაინის ომი დღეს არის ყველაზე ღია გამოხატულება ამ კრიზისებისა, რომელიც რუსეთის საზოგადოებაში არსებობს. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის.

  • საქართველო სად არის ამ დროს თავისი განცხადებებით? ვხედავთ, რომ დასავლეთი „რკინის ფარდას“ უშვებს რუსეთთან და მასთან დიალოგსაც კი აღარ განიხილავს. 

ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს ის, რაც არის მთელი სამყაროს საზრუნავი, რომ ამ პროცესში  არ აღმოვჩნდეთ ნებით თუ უნებლიეთ რუსეთის მოკავშირე, იმ ქვეყნის მოკავშირე, რომელიც აწარმოებს იმპერიალისტურ ომს. ვხედავთ, რომ არც ერთი სახელმწიფო არ უცხადებს სოლიდარობას რუსეთს, მათ შორის, საზოგადოების დონეზე ბელორუსიაც კი არ აკეთებს ამას და პრეზიდენტმაც ვერ აიღო პასუხისმგებლობა, მაგალითად, შეიარაღებული ძალები ჩართულიყო ომში, რადგან არის შიში, როგორ იმოქმედებს ეს ჯარი. ბელორუსის პრეზიდენტი მხოლოდ ვერბალურად მონაწილეობს ამ პროცესში. ეს არაფერში არგებს პუტინს, გარდა იმისა, რომ ერთი სახელმწიფო ჰყავს მოკავშირე და მეტი არავინ.

მიმაჩნია, რომ აქ ღია უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ნებისმიერ, ასეთი ტიპის იმპერიალისტურ აგრესიას განიხილავს მიუღებლად და ის ამას ყოველთვის შეეწინააღმდეგება. ჩვენ ნება უნდა გამოვხატოთ. სახელმწიფოს ნების გამომხატველი კი, ყოველთვის არის ხელისუფლება.

  • ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. 

ომის დაწყებიდან მთელი ამ 50 დღის განმავლობაში მე არ მომისმენია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განცხადება, რომ ჩვენ ვგმობთ ომს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საომარი მოქმედება უკრაინაში. ეს არის პრინციპული საკითხი, ამაზე უნდა ჰქონდეს რეაქცია საზოგადოებას. უნდა იყოს მეტი პასუხის მოთხოვნაც ხელისუფლებაზე, რატომ არ აკეთებს ის ამას.

მაჩვენეთ საქართველოს პარლამენტის რაიმე რეზოლუცია, სადაც მან დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და მე მოვითხოვ პატიებას, თუ მოვისმენ თუნდაც ერთ განცხადებას საქართველოს მთავრობის, რომ ჩვენ ვგმობთ ომს უკრაინაში და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის მმართველობას, რომ შეწყვიტეთ ეს ომი. მე ეს არ მომისმენია და მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი.

  • რა საფრთხეს ხედავთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაში? სად შეიძლება აღმოვჩნდეთ? 

თუ იმ განცხადებას არ გააკეთებს სახელმწიფო, რაც აღვნიშნე, გამოვა, რომ ხელისუფლება ელის, როგორ დასრულდება ომი. გამოვა, რომ მას სურს მისასვლელი პირი ჰქონდეს ორივე მხარესთან, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს. ეს მიდგომა არ არის პოლიტიკურ მორალს დაქვემდებარებული. სახელმწიფომ მსგავს ვითარებაში ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ომის, ადამიანების მიმართ გამოხატული ძალადობის, ვანდალიზმის, კაცობრიობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ. მან უნდა მოუწოდოს აგრესორს, შეწყვიტოს ომი.

თუ დააკვირდებით, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში ის ადამიანებიც კი, რომლებიც არიან ხელისუფლების მიმართ ლოიალურები, ამბობენ, რომ ომი უნდა დასრულდეს, ეს საშინელებაა, მაგრამ უცბად მოუწოდებენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დამთავრდეს ომი. რეალურად ისინი მიიჩნევენ, რომ აგრესორი კი არ არის დამნაშავე, არამედ თურმე მსხვერპლია დამნაშავე და მან კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, რადგან იზრდება მსხვერპლის რაოდენობა.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ის ვერ უჭერს მხარს სანქციებს… ამ სანქციებს საჯაროდ ვერ უერთდები, თუმცა ამბობ, რომ რაღაცებს იცავ, რაღაც საკითხებში საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ შემდგომ ვარდები ისეთ ვითარებაში, რომ თავდაცვის მდგომარეობაში დგები და ვერ ამბობ, რას ეფუძნება, მაგალითად, უკრაინის საგარეო სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია, რომ რაღაც კონტრაბანდული ნივთების გატანა ხდება საქართველოდან რუსეთში. ამიტომაც, როცა პოლიტიკა არ გაქვს, მერე შენ თვითონ იხლართები ამ გაურკვევლობაში.

  • ხელისუფლება ხშირად ახსენებს სტაბილურობას, რომ მისი რიტორიკის მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა. 

მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ვართ მსოფლიოს ნაწილი. თუ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს ამ განცდას, მაშინ ის დაკარგავს ყველაფერს, მათ შორის, თავისუფლებას, უსაფრთხოებას, მშვიდობას და სახელმწიფოსაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც ხდება დღევანდელ სამყაროში, მოახდენს გავლენას პირდაპირ ან ირიბად ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს პერსპექტივაზე. ამიტომაც, ჩვენ ამ პროცესს კი არ უნდა გავემიჯნოთ და დავიმალოთ, რომ თუ ჩვენ ახლა ვერ შეგვამჩნევენ, ეს უკეთესია, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა პლატფორმაზე, რომელიც დღეს ყალიბდება და მსჯელობენ არამხოლოდ იმაზე, თუ როგორ გადატეხონ რუსეთის იმპერიული ხერხემალი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სამყარო ომის შემდეგ. ჩვენ ამ პროცესის მიღმა ვართ დარჩენილი და ესაა პრობლემა.

არ არსებობს მსოფლიო რუკაზე სახელმწიფო, რომელსაც ვერ ამჩნევენ. დღეს რუსეთიც ამჩნევს საქართველოს როგორ იქცევა, ანტისაომარი კოალიცია და უკრაინაც ამჩნევს ამას. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ძალიან ხისტია, როგორც ხედავთ, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან თვითონ არის რთულ მდგომარეობაში და ყველაფერს თავის სახელს არქმევს – ზელენსკის ყველა საჯარო გამოსვლა არის მამხილებელი გამოსვლა. ამიტომაც, ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენი არათანმიმდევრულობა, ეს მიდგომა, რომ აი, დავიმალოთ, ვერავინ შეგვამჩნიოს, ეს დარჩება შეუმჩნეველი, ეს გამორიცხულია. ჩვენი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რასაც აკეთებს ზელენსკი, იმიტომ აკეთებს, რომ რამე პერსონალური ჯავრი აქვს ჩვენი, თუ იმიტომ, რომ ასე არ უნდა მოიქცეს თავმოყვარე საზოგადოება?

  • საზოგადოების აქტიურობა საქართველოში ზელენსკიმაც აღნიშნა. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყანას. რა ძალა აქვს მსგავს პროცესებში საზოგადოების პოზიციას? 

ქართულ საზოგადოებას ცალსახად ნათქვამი აქვს, რომ მას სურს დამოუკიდებელი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველა სხვა დამოკიდებულება არის მიმართული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენს საზოგადოებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება, რომ, მაგალითად, საქართველო უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა და გაცხადებული ნების წინააღმდეგ მიმართული დივერსია. ამას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს მთავრობამ, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერაა არჩეული. შესაძლოა, ამ არჩევნების ხარისხის მიმართ იყოს საზოგადოების პროტესტი, მაგრამ თავად არჩევნები იმის მაჩვენებელია, რომ ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველობის არჩევა და ამიტომ კეთილი უნდა ინებოს მმართველობამ, რომ პასუხი აგოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე და არ გახადოს ეს თემა საჯიჯგნი.

საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოზიცია ემსახურება არამხოლოდ იმას, როგორ შეაფასებენ ამას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, არამედ მისი მკაფიო პოზიცია, პირველ რიგში, სჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. საქართველოს დამოუკიდებლობას სჭირდება ის, რომ ასეთ კრიტიკულ ფაზაში პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, რომელიც პასუხის აგებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, არ შეიძლება გააჩინოს სხვა ლოზუნგი, რომელმაც შეიძლება შეიწიროს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ უნდა დათმო ძალაუფლება. თუკი ამ დროს იტყვი, რომ მთავარია მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ და მთავარია მშვიდობა, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ შენ მოქალაქეების მშვიდობას და უსაფრთხოებას უპირისპირებ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იდეას. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას როდესაც გაწირავს მმართველობა, ის იხსნის სრულიად პასუხისმგებლობას.

ეს ომი აუცილებლად დასრულდება იმპერიალიზმის მარცხით, უკრაინიდან რუსების განდევნით, ამის შემდეგ შესაძლოა რუსეთს დიდი რესურსი არც აღმოაჩნდეს, რომ რაიმე სახელმწიფოებრივი ხიფათი შეგვიქმნას, მაგრამ უკვე თავად საქართველოს გაუჭირდება აღქმა თავისუფალი სამყაროს ნაწილად იმის გამო, რომ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მკაფიოდ ვერ ვთქვით სათქმელი. ეს არის დღეს ყველაზე დიდი რისკი.

  • მკაფიოდ პოზიციის გამოხატვის გარდა კიდევ რა უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა? 

საქართველოს პოლიტიკური მმართველობისგან საზოგადოებამ მიიღო ერთი გზავნილი ომის რისკებზე. რის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო? – ჰიპოთეტური შიშები არ არის რისკი. ასეთი შიშები შესაძლოა ჰქონდეს მშიშარა ადამიანს ან მშიშარა ხელისუფლებას, მაგრამ აქ არის საუბარი რისკებზე. შიშებზე კი არ უნდა გვესაუბრებოდეს ჩვენ ხელისუფლება, ის უნდა გვესაუბრებოდეს რისკებზე.

შესაბამისად, რისკების პრევენციაზე უნდა მუშაობდეს ხელისუფლება. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ელაპარაკება შიშებზე, რადგან მასაც ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს. არ შეიძლება შიშს შევწიროთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

როდესაც შენ ხარ ხელისუფლება, უნდა აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკურ პოზიციაზე, რისკების გარკვევასა და ამ რისკების პრევენციაზე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა ამ ომის დასრულების შემდეგ გახდეს სრულუფლებიანი წევრი თავისუფალი სამყაროსი. ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ განვითარების პერსპექტივა გაანულო.

ამოცანა ასეთია: უნდა იყოს თანმიმდევრული და მართალი.

ბათუმში და გურიაში ტრენინგების სერია ჩატარდა IBDIPC-ის ორგანიზებით

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TEHNOPOL“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

ტრენინგების სერია - „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”
ტრენინგების სერია – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”

პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად აქტივობას – ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაცია სოციალურ მედია /ინტერნეტ პრომოუშენის და გამოფენის მეშვეობით, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, პარტნიორ ქვეყნებში და ევროპაში საინფორმაციო ვიზიტებს იქ არსებული სიტაუციის გასაცნობად და ა.შ.

პროექტის ერთ-ერთ მნიშნველოვან აქტივობას ასევე წარმოადგენს ტრენინგების სერია „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერციის/ონლაინ ვაჭრობის სკითხებზე“.

აღნიშნულ ტრენინგები გაიმართა ქ. ბათუმში და ჩოხატაურში (გურია), მარტი-აპრილის პერიოდში და მონაწილეობა მიიღო 100-მდე ადამიანმა 75 ბათუმში, 25-მდე ჩოხატაურში), რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები. ტრენინგის მონაწილეთა აუდიტორია შედგებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიდან – პროდუქციის (ღვინო, თაფლი, ჩაი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი და ა.შ.) და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, სახელმწიფო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც – „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ წევრები, აჭარის აგროსერვის ცენტრის ბენეფიციარები, გურიაში – ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ და „შალომ კლუბ გურიას“ ბენეფიციარები.

ტრენინგების სერია - „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”
ტრენინგების სერია – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”

ტრენინგის მიზანი იყო ადგილწარმოშობის პროდუქტების (გეოგრაფიული აღნიშვნის)  ძირითადი კონფენციის, მისი მნიშნველობის და საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვა  და ელექტრონული კომერციის /ონლაინ ვაჭრობის და ციფრული მარკეტინგის, პრაქტიკული ნიუანსების გაცნობა.

თანამედროვე მსოფლიოში ელექტრონული ვაჭრობა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და წარმოადგენს პროდუქციის და სერვისის რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშნველოვან და ეფექტურ არხს. განსაკუთრებით კი ეს მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი და წვდომა დისტრიბუციის არხებზე. ონლაინ ვაჭრობის, ციფრული მარკეტინგის სპეციფიკის ცოდნა დაეხმარებათ მათ აქტიურად ჩაერთონ ელექტრონული კომერციაში და მცირე ბიუჯეტის ფარგლებში შეძლონ თავისი პროდუქცია/სერვისები პრომოუშენი და გაყიდვები სხვადასხსვა ონლაინ პლატფორმებზე.

ტრენინგები ჩატარდა მოწვეული ტრენერების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრავალი წლის გამოცდილება შესაბამის სფეროში – ა) ანა დალაქიშვილი – „საქპატენტის“ ტრენინგ ცეტნრის ხელმძღვანელი. ბ) ლევან მოლაშვილი – Amazon Export Hub-ის დამფუძნებელი საქართველოში, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი, ონლაინ კომერციაში ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება.

IBDIPC
IBDIPC -ის ტრენინგი

ორგანიზაცია IBDIPC მაისში ასევე გეგმავს საინტერესო ტრენინგებს სხვა პროექტის  ფარგლებშიც, რომელიც მიმართული იქნება მეწარმეობის და ბიზნეს გეგმების შედგენის საკითხებზე. დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა შესაძლებელია იხილონ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (www.ibdipc.org) ან დაგვიკავშირდნენ – ტელ: 599 482181; ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com


ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

 

კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 15 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარაში – 9, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში –12, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 21, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 20 318, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 357, PCR ტესტით – 1 961. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 349. 

78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

მარიუპოლთან რუსი ოკუპანტები სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ და სცემდნენ 78 წლის ჟურნალისტსა და მწერალს, ევგენი ბალს, იტყობინება უკრაინული გამოცემა „ტე-ეს-ენი“.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, ბალი წამების შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელი პაველ კუშიც.

ცნობილია, რომ 78 წლის ბალი რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლთან, მელეკინოში დააკავეს. უკანონო დაკავების მიზეზი უკრაინელ ჯარისკაცებთან გადაღებული „მაკომპრომატებელი“ ფოტოები გახდა. ოკუპანტებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, თავად ბალი კი „სარდაფ-ციხეში“ წაიყვანეს.

„ოკუპანტებმა მთელი სახლი გადაატრიალეს, თავად კი „სარდაფში“ წაიყვანეს. სამი დღის შემდეგ სასტიკად ნაცემი გამოუშვეს“, – ამბობს უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პირველი მდივანი ლინა კუში.

პაველ კუშმა, თავის მხრივ, დაამატა, რომ ოკუპანტები ჟურნალისტს სამი დღის განმავლობაში აბუჩად იგდებდნენ. მას სცემეს და ძლიერი დაზიანებები მიაყენეს, თუმცა ბალი ამბობდა, რომ აუცილებლად გამოკეთდებოდა.

იგი 21 მარტს გაათავისუფლეს – „სსრკ-ის ფლოტის ვეტერანებს არ ვეომებითო“. მის დევნას ჟურნალისტთა კავშირი არ ასაჯაროებდა, ბალს დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გადასვლა რომ შესძლებოდა.

თუმცა ვეტერანი ჟურნალისტი გარდაიცვალა – 2 აპრილს მას გული გაუჩერდა. 79 წლის იუბილემდე ბალს 6 დღე დააკლდა.

„2 აპრილს დაგვტოვა. მისი გარდაცვალება რუსი ოკუპანტების წამების შედეგი იყო. უკანონო დაკავება და ცემა, რომლის შედეგადაც ჩვენი 78 წლის კოლეგა გარდაიცვალა, ოკუპანტების მორიგი ომის დანაშაულია, რასაც გარდაუვალი და მკაცრი სასჯელი უნდა მოჰყვეს“, – ამბობენ ჟურნალისტთა კავშირში.

გამოცემის ცნობით, ევგენი ბალი პირველი რანგის გადამდგარი კაპიტანი, წყალქვეშა მეზღვაური იყო. 30 წლის განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანეების ფლოტის წყალქვეშა ნავებზე. ეწეოდა აქტიურ პატრიოტულ და მოხალისეობრივ ცხოვრებას აზოვისპირეთში.

წერდა წიგნებს დონბასში ომის დაწყებაზე და აღწერდა 2014 წლის მოვლენებს. იგი ასევე ხვდებოდა საზღვაო ქვეითებს და არაერთ საჯარისო შენაერთს, რომელიც მარიუპოლსა და უკრაინას იცავდა.

ხერსონში, ბავშვთა სახლში, 58 ბავშვი საფრთხეშია – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა სახლში 58 აღსაზრდელი საფრთხის ქვეშ რჩება.

„დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება ბავშვთა სახლი ხერსონი. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად იქ 58 ბავშვია.

ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში სარდაფში იმალებოდნენ რუსი სამხედროების დაბომბვის თავიდან ასაცილებლად.

ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია და ბავშვთა დაცვის სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას, რადგან ხერსონის რეგიონში ჰუმანიტარულ დერეფანზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება.

ბავშვები და ბავშვთა სახლის თანამშრომლები რუსი ოკუპანტების მძევლები გახდნენ. მათ აკლიათ საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები,“ – წერს დენისოვა.

იგი მოუწოდებს „წითელ ჯვარს“, მიიღოს ყველა ზომა, რომ ობოლმა ბავშვებმა ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით დატოვონ ხერსონი და გაეროს – გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს და ბავშვთა უფლებების დარღვევის ეს ფაქტები.

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული 35 ბავშვთა სახლიდან ევაკუირებულნი არიან 20 დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვები.

„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“

ასია ბალასანიანი 18 წლის გოგოა ახალქალაქის სოფელ კოჩიოდან. ასია ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატში გეგმავს სწავლის გაგრძელებას.

ასიას მშობლებს, ახალქალაქის სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან აქვთ. ასე უხდიან ისინი ასიას ქართული ენის კურსის საფასურსაც.

კოჩიო ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებული სოფელია და ქართული სოფელში ძირითადად არ იციან. შესაბამისად, ენის პრაქტიკას ასია ვერ გადის:

„სწავლა გასული წლის სექტემბერში დავიწყე. მას შემდეგ დისტანციურად ვსწავლობ: ჩემივე სოფლიდან ვერთვები ონლაინლექციებში.

შეხება არ მაქვს ქართულენოვან მოსახლეობასთან და ამ პროგრამით სწავლა ჩემთვის ძალიან რთულია. 4 საათი ვსწავლობ ქართულს და მერე სომხურენოვან ენობრივ გარემოში ვბრუნდები. ვსწავლობ ქართულის გრამატიკას ლექციებიდან, თუმცა ენას პრაქტიკულად ვერ. ვუცდი 2 მაისს, სწავლა ამ დროიდან აუდიტორიებში უნდა განახლდეს“, – ამბობს ასია.

ასია გვიყვება, რომ ჰყავს კურსელი ეთნიკური უმცირესობიდან, რომელსაც ქართული ენის კურსის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს.

„ვფიქრობ, არ უნდა გვიწევდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ეთნიკურად სომხებს თუ აზერბაიჯანელებს სახელმწიფო ენის შესასწავლად თანხის გადახდა“, – გვეუბნება 18 წლის სტუდენტი სომხური თემიდან.

ასია შიშობს, რომ სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსი, რასაც ახლა გადის, შესაძლოა საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდეს იმისთვის, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე თავისუფლად განაგრძოს ქართულად სწავლა.

სტუდენტი და აქტივისტი ასია საკუთარ სოფელზე და იმ გარემოზე  ჰყვება, სადაც ცხოვრობს.

„ჩვენთან ქალის საქმედ მასწავლებლობა და დიასახლისობა მიიჩნევა. იურისტობა, ფსიქოლოგობა და მსგავსი საქმეები „კაცის საქმეა“.

მეც მეუბნებიან: ასია, გახდი მასწავლებელი, რად გინდა იურისტობა, აგერ – სოფელში ინგლისურის მასწავლებელი არ გვყავს, ინგლისური ასწავლე ბავშვებსო. მე კი არც სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს და არც მასწავლებლობა მინდა. არ მინდა და რა ვქნა?

მინდა გავხდე იურისტი, არ მინდა არსად წასვლა, დავბრუნდები ახალქალაქში და ქალებს დავეხმარები გაუფრთხილდნენ თავიანთ არჩევანს, დაიცვან საკუთარი ინტერესები.

ხშირად ჯავახეთში ასეა – ქალები ცხოვრობენ ისე, როგორც მათ სხვები კარნახობენ. ხშირად არ ფიქრობენ იმაზე, პირადად მათ რა სურთ, რისი კეთება უნდათ ცხოვრებაში“, – გვეუბნება ასია.

სტუდენტი ამბობს ასევე, რომ სოფელში მას შემდეგ იკლო ნაადრევმა  ქორწინებებმა, რაც განათლების მიღების შესაძლებლობა გაჩნდა და ახლა ბევრი გოგოა სოფელში, ვისაც პროფესიის მიღება უნდა.

ასია გვიყვება იმაზეც, რომ მისი დაკვირვებით ჯავახეთში, მის სოფელ კოჩიოში ახალგაზრდები არ არიან აქტიურები და სამომავლო პერსპექტივასაც ბუნდოვნად ხედავენ.

„ბევრი რამ არის პრობლემა, მათ შორის ისიც, რომ ადრეული ასაკიდანვე ვერ ვაცნობიერებთ ხშირად ეთნიკური უმცირესობები თემში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სახელმწიფო ენის კარგად ცოდნა. თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, რად მინდა ქართული-მეთქი. პატარა ვიყავი და მეგონა, რომ მხოლოდ სომხურენოვანი მოსახლეობა იქნებოდა ყველგან ჩემს ირგვლივ, მხოლოდ ეს იყო ჩემი გარემო“.

18 წლის ასია უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად უამრავ საქმეს აკეთებს:

სომხეთში მცხოვრებ სომხებს ონლაინკურსით ასწავლიდა ქართულ ენას სპეციალური პროგრამით – ԱՀԶ Ազգի և Համայնքի զարգացում.

არის ახალქალაქის წითელი ჯვრის მოხალისე.

სწავლობს Gipa media lab-ში ფოტოგრაფიას, გადაღებას და ინგლისურ ენას.

არის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებაზე ორიენტირებული პლატფორმა „განძის“ წევრი და პერიოდულად Aliq Media-სთვის წერს ეთნიკური უმცირესობების თემებზე.

„ასევე ვეხმარები ჩემს სოფელში ყველას, ვისაც სურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა. რაც ვიცი, იმ პროგრამებს ვასწავლი,  რა თქმა უნდა“, – ამბობს ასია.

რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მაია ბლიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივ კატასტროფებზე.

ორი შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც დასვეს მოსწავლეებმა. მათ აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდებს ომები გარემოზე, კერძოდ, გლობალურ დათბობაზე?

წიგნის ავტორმა მაია ბლიაძემ, პირველ რიგში მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა ომთან და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომი საფრთხეა ადამიანისა და გარემოსთვის.

„მე ყოველთვის ვარ ძალადობის და ომის წინააღმდეგ. ომი ყოველთვის ცუდია, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის თუ სხვა. ამას არასდროს მოაქვს კარგი კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მოძალადეები ყოველთვის მარცხდებიან და ადრე თუ გვიან, ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება.

როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ალბათ არავის ეგონა, რომ ამ ომის გამჩაღებლები დაისჯებოდნენ. მაგრამ ვიცით, რომ ნიურნბერგის პროცესი წლები გრძელდებოდა და ყველა სამხედრო დამნაშავე დაისაჯა“, – ამბობს მაია ბლიაძე.

სკოლის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, მაია ბლიაძე.

მისი თქმით, ეს ომი განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის, რადგან მისმა თაობამ გამოიარა ჯერ აფხაზეთის ომი, შემდეგ კი სამაჩაბლო. „ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა, ჩემი ორი მეგობარი დაიღუპა აფხაზეთის ომში და, ბუნებრივია, ცუდად მოქმედებს ჩვენზე“, – ამბობს ის.

მოსწავლეებმა კი უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს ტაშით და შეძახილით – „სლავა უკრაინე“.

რაც შეეხება ეკოლოგიას. მაია ბლიაძის თქმით, გლობალურ დათბობაზე, ოზონის ხვრელზე იმ შემთხვევაში იქონიებს ომი გავლენას, თუ ქიმიური იარაღი ან სხვა მსგავსი ნივთიერება იქნება დიდი ოდენობით გაფრქვეული ატმოსფეროში.

მოსწავლეების შეხვედრა გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი გეოგრაფიის ცოდნა?როგორც მაია ბლიაძე ამბობს, გეოგრაფია არის გამოყენებითი და პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი მისი შესწავლისას. სახელმძღვანელოს შედგენის დროს კი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რამდენადაა ის მორგებული მოსწავლეზე და ვაწვდით თუ არა საკითხებს ისე, რომ ბავშვებში ინტერესი გამოიწვიოს.

„ერთია, რომ როცა მზამზარეულ ინფორმაციას აწვდი მოსწავლეს, მაგრამ ასეთი ინფორმაცია დიდხანს არ ჩერდება თავში, ამიტომ აქცენტი გვაქვს აღებული იმაზე, რომ ყველა რესურსი, იქნება ეს ფოტოები, რუკები თუ სხვა ვიზუალური მასალა, ბავშვს აძლევდეს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას და სურვილს აღძრავდეს მასში, რომ მოიკვლიოს, გაანალიზოს, იაზროვნოს.

რეალურად, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ მოსწავლე გახდეს აქტიური. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ კომპლექსურ დავალებებზე აქცენტს, რადგან ეს ეხმარება ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში“, – ამბობს მაია ბლიაძე.

შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

მისი აზრით, კარგი იქნება თუ სახელმძღვანელოებში თანამედროვე ტექნოლოგიებიც იქნება გამოყენება და დამატებით წყაროებზე ხელმისაწვდომობის მიზნით შტრიხკოდები დაემატება ფურცლებზე.

„დაანათებს ბავშვი ტელეფონს და მიიღებს დამატებით ინფორმაციას მარტივად. ბევრ მონაცემზე ექნება წვდომა და სახელმძღვანელოებიც განიტვირთება“, – გვეუბნება ის.

ბავშვების კითხვაზე – თუ რატომ უნდა ვიცოდეთ ცუნამის შესახებ, თუკი ის არ გვემუქრება ჩვენ და არ ვცხოვრობთ ამ არეალში? მაია ბლიაძე ბავშვებს უხსნის, რომ ჩვენ ადამიანები დროისა და სივრცის ნაწილი ვართ და გეოგრაფია სწორედ ამ ყველაფერს სწავლობს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მობილურ გარემოში, დღეს თუ აქ ვართ, ხვალ შეიძლება სხვა კონტინენტზე აღმოვჩნდეთ, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა კლიმატი, რა გარემოა ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში. რას შეიძლება ველოდოთ იქ.

ადრე ანეკდოტად დადიოდა ერთი ამბავი, რომ საქართველოდან თებერვალში ბრაზილიაში კარნავალზე ქურთუკებით წასულან დეპუტატები. ალბათ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათ ბრაზილიაში ქურთუკები არ დასჭირდებოდათ.

უნდა იცოდე, სად რა გარემოა, მხარი უნდა აუბა თანამედროვეობას, რადგან ჩვენ გლობალურ და მობილურ სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს მაია ბლიაძე.

მოსწავლე ლიზი გრიგოლია „ბათუმელებს“ მის გამოცდილებაზე უყვება. მისი თქმით, გეოგრაფიას თავიდან არც თუ დიდი სიყვარულით სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით დამოკიდებულება შეიცვალა.

მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები – ლიზი ტაკიძე, ანა კაკალაძე და ლიზი გრიგოლია.

„ძალიან ხშირად, საგნის სიყვარულს მასწავლებელი განაპირობებს, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემი მასწავლებელი ნესტან კორძაია ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აქტიურ გაკვეთილს. ბევრი კითხვა, ბევრი მოქმედებაა სწავლის პროცესში. გავდივართ გარემოში და არასდროს არ ჰგავს ჩვენი გაკვეთილი მხოლოდ – წაიკითხე, მომიყევი და ასე შემდეგ.

ბევრი რამ გადავაფასე. მაგალითად ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით სიარული. მირჩევნია ერთი საათით ადრე გამოვიდე სახლიდან და ფეხით ვიარო, ვიდრე ავტობუსით ვიმგზავრო. ვფიქრობ, ამით გარემოს ვეხმარები, რადგან გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს, დაბინძურებული ჰაერი კი ჩვენს ორგანიზმს.

სხვათა შორის, სანამ გეოგრაფიის სწავლას დავიწყებდი, არასდროს ვუფრთხილდებოდი ენერგიას. სახლში მთელი დღე ჩართული იყო ტელევიზორი, კომპიუტერები, ტელეფონები.

ახლა ყოველთვის ვცდილობ ენერგიის გამოყენებაც შევამცირო და ოჯახის წევრებსაც ამას ვეუბნები“, – გვეუბნება ლიზი.

ანა კაკალაძის აზრით, გეოგრაფიის ცოდნა ძალიან გეხმარება უცხო გარემოში ორიენტაციაში. „ყოველთვის უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ვთქვათ სხივი, განათება, ვარსკვლავები, მდინარის მიმართულება ორიენტაციისთვის.“

ლიზი ტაკიძე კი გვეუბნება, რომ საკითხის უკეთ გააზრებაში, გაკვეთილზე სასწავლო მასალის შესწავლისას, ძალიან ეხმარება პირადი მაგალითების განხილვა, დაკვირვება და მსჯელობა.

სახელმძღვანელოს ავტორთან მოსწავლეების შეხვედრა გეოგრაფიის მასწავლებელმა ნესტან კორძაიამ უზრუნველყო.

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკში სიახლეა.

მობაილბანკს, გადარიცხვის მენიუში, კიდევ ერთი ფუნქციონალი – თანხის ღილაკები დაემატა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გადარიცხვის პროცესს და ზოგავს მომხმარებლის დროს.

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს პირდაპირ სთავაზობს სხვადასხვა ოდენობის თანხის შაბლონებს, რისი საშუალებითაც სასურველი თანხის ხელით შეყვანა საჭირო აღარაა და გადარიცხვა ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. ასე, საბანკო ოპერაციების დისტაცნიურად შესრულება  კიდევ უფრო გამარტივდა.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ ფუნქციონალს შესთავაზებს.

„ჩვენ არ შეგვიქმნია ეს მხეცი, მაგრამ ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია“ – პოდოლიაკი რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი „აწყობს გენოციდს უკრაინაში“, მაგრამ ევროკავშირი ამას სათანადოდ ვერ აფასებს და „განაგრძობს რუსეთის დაფინანსებას“ მისთვის ენერგორესურსებში გადახდილი ფულით.

„საქართველოს, ყირიმის და დონბასის ოკუპაცია, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში. პოლიტიკოსები თვალს ხუჭავდნენ რუსეთის დანაშაულზე წლების განმავლობაში. შედეგი – გენოციდი ევროპის შუაგულში. ათასობით მსხვერპლი“, – დაწერა პოდოლიაკმა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას გადასარჩენად სჭირდება მოქმედება.

„რა სჭირდება უკრაინას, რომ გადარჩეს? მოქმედება და არა მხარდაჭერისა და თანაგრძნობის სიტყვები.

  • ემბარგო რუსეთის ნავთობსა და გაზზე
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები
  • არტილერია და ნაღმმტყორცნები
  • ჯავშანმანქანები
  • ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები

პოდოლიაკის თქმით, უკრაინის არმიას შეუძლია დაამარცხოს „ეს მხეცი“:

„ჩვენ არ შეგვიქმნია ეს მხეცი. მაგრამ ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია“.

მანამდე კი „რუსეთი განაგრძობს ადამიანების დახოცვას“. „მხეცის დასამარცხებლად“ პოდოლიაკი რამდენიმე გარემოებას ასახელებს, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკაზე მიუთითებს:

  • როგორია დღეს საერთაშორისო პოლიტიკა?
  • რუსეთი გენოციდს აწყობს უკრაინაში
  • უკრაინა სთხოვს ევროკავშირს იარაღსა და ემბარგოს რუსულ ნავთობსა და გაზზე
  • ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას და განაგრძობს რუსეთის დაფინანსებას

რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება 

დღეს ბავშვებმა ციფრული მედიის გამოყენება შეიძლება სიარულის დაწყებამდე ისწავლონ. ეს მშობლებში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, თუმცა სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ გაჯეტებთან ნაადრევი კონტაქტი და ციფრული მედიის ზედმეტი გამოყენება, საგრძნობლად აფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებას. 

კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების სრული უმრავლესობა იზრდება ისეთ სახლებში, როგორც ტრადიციული ელექტრონული მედიით (ტელევიზია), ისე ახალი ინტერაქციული მედიით (გაჯეტები) – სმარტფონებთან და პლანშეტებთან გატარებული დრო კი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდილია. 

ციფრული მედიის ადრეულმა ზემოქმედებამ შესაძლოა სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებაზე. იუნისეფი, პედიატრიის ამერიკული აკადემია და ბავშვთა ფსიქოლოგები რეკომენდაციას არ უწევენ 18 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან (ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი) დროის გატარებას, რადგან ის აფერხებს მეტყველების განვითარებას და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას.

მაია ბედინაძე, ბათუმის მე-8 საჯარო ბაღის ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ გაჯეტებთან ხშირი კონტაქტი ბავშვებში იწვევს ჩაკეტილობას, ფობიებს, ამძაფრებს მიჯაჭვულობას, ძლიერდება ნევროტულობა. „ძალიან მასიურადაა წამოსული ნევროტული ბავშვები, ახასიათებთ ტანტრუმების მოწყობა, მაგალითად რაღაც როცა უნდათ, შეუძლიათ მაღაზიაში გაწვნენ და მოაწყონ ე.წ. ისტერიკა, შესაძლოა გამოიწვიოს გუნება-განწყობის დაქვეითება, ემოციური უკონტროლობა, ქცევის დარღვევები და ა.შ.“ – ამბობს ფსიქოლოგი.

ბათუმის მე-3 საჯარო ბაღის ფსიქოლოგი, თამუნა ლომიძე ამბობს, რომ გაჯეტებზე მიჯაჭვულობა ბავშვებში კლავს სხვადასხვა უნარს. „სასკოლო ასაკის პერიოდში თუ გადავალთ, ასეთი ბავშვები გამოირჩევიან დაბალი აკადემიური მოსწრებით, სოციალიზაციის პრობლემებით. ჩემს პრაქტიკაში ხშირია ბავშვები, რომელთაც აქვთ მეტყველების პრობლემები, სწორედ ამ გაჯეტებზე დამოკიდებულებით“, – ამბობს ის.

მაია ბედინაძის თქმით, გაჯეტებით ბავშვის გართობა განსაკუთრებით საზიანოა პასიური ბავშვებისთვის: „ყველა ბავშვი აქტიური არ არის, სოციუმს რომ ითხოვდეს, გარეთ გამიყვანე და ა.შ. როცა ასეთ ბავშვებს, ჩვენი საქმისთვის დროის მოგების მიზნით, ვაჩეჩებთ ხელში ტელეფონებსა და პლანშეტებს, ამით ხელს ვუშლით მათი სოციალიზაციის პროცესს. ძალიან ადვილად იჩვევს გაჯეტები ბავშვებს და იმდენად ინტერესდებიან ამ სამყაროთი, რომ სერიოზული დეფიციტი ჩნდება კომუნიკაციის, ბავშვები ვეღარ ნახულობენ ინტერესს პირისპირ ურთიერთობებში, ურთიერთობები მოსაბეზრებელი და მოსაწყენია მათთვის, მშობლებთანაც კი“.

რეგენსბურგის საუნივერსიტეტო ბავშვთა საავადმყოფოს (KUNO) 2021 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 45% უკვე პირველი დაბადების დღისთვის ეცნობოდა ციფრულ მედიას. ყველაზე ხშირი პირველი ციფრული მედიის ექსპოზიცია იყო ტელევიზორი (33.0%), რასაც მოჰყვება სმარტფონები (16.9%). ყველაზე ხშირად ორივე მათგანთან კონტაქტი ხდება დაახლოებით 8 თვის ასაკში.

1 წლის ბავშვების 10% უკვე რეგულარულ შეხებაში ციფრულ მედიასთან. ტელევიზორი რჩება ყველაზე დომინანტურ მოწყობილობად, მაგრამ ახალი მედია, განსაკუთრებით სმარტფონებმა, შესაძლოა იგი ჩაანაცვლონ.

თამუნა ლომაძე ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების აღტაცება მოციმციმე ეკრანებით, მათი პირველი ნახვიდანვე ჩნდება: „ეს ალბათ ყველაზე  მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს ერთხელაც კი ექნება შეხება გაჯეტებთან, ამ მოციმციმე შუქთან, ეს საკმარისია მისი ყურადღების სრულად მისაზიდად. ეს ვირტუალური სამყარო ბავშვებს ადვილად ეუფლება, რის შემდეგაც მათ უკვე ნაკლებად იზიდავთ რეალურ სამყაროში გადმოსვლა“.

Common Sense Media (CSM) არის ორგანიზაცია, რომელიც განიხილავს და იკვლევს ბავშვებზე მედიისა და ტექნოლოგიების ზეგავლენას. ორგანიზაციის ანგარიშებში ცხადად ჩანს, რომ ბავშვების წვდომა მობილურ მოწყობილობებთან, ბოლო წლებში, კოლოსალურად გაზრდილია. 2011 წლის მონაცემებით აშშ-ში 0-8 წლამდე ასაკის ბავშვების 52 პროცენტი ფლობდა სახლში გარკვეული ტიპის მობილური მოწყობილობას, 2013 წელს მობილური მედია სახლში ჰქონდა ამავე ასაკის ბავშვების 75 პროცენტს, 2017 წელს კი თითქმის ყველა (98 პროცენტი) ბავშვი ცხოვრობს სახლში რაიმე სახის მობილური მოწყობილობით.

იუნისეფი: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის ეკრანთან 1-2 სთ-ზე მეტი დროის გატარება. ბავშვი მეტ დროს უნდა ატარებდეს აქტიურ თამაშში, ფიზიკური აქტივობის დრო არ უნდა იყოს 60 წთ-ზე ნაკლები. დაუშვებელია ტელევიზორის ბავშვის საძინებელ ოთახში მოთავსება. აუცილებელია მშობელი ბავშვთან ერთად უყურებდეს პროგრამას, რომელსაც ბავშვი უყურებს და აუხსნას მას, თუ რა ხდება, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვი ვერ არჩევს ფანტაზიას რეალობისგან.

ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაჯეტებთან ხშირი კომუნიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგია ძილის პრობლემებიც. „ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვი დაძაბულია თამაშის დროს, დაძაბულია ნერვული სისტემა. შესაბამისად, მომატებულია შფოთი“, ამბობს მაია ბედინაძე.

კიდევ ერთ საზიანო გამოვლინებაზე საუბრობს თამუნა ლომიძე: „ჩემს პრაქტიკაში ეს გამოვლენილა აგრესიული ქცევებით, რომელთაც ისინი ხედავენ იმ სამყაროში, სადაც ხშირად უწევთ ყოფნა. მათ ეს ყველაფერი გადმოაქვთ რეალურ სამყაროში და ჩვენ, ფსიქოლოგებს, ხშირად გვიწევს ამ აგრესიული ქცევების დიაგნოსტირება და შემდეგ მშობლებთან ერთად გარკვეული სტრატეგიების შემუშავება“.

პრაქტიკოსი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ 0-დან 2-3 წლამდე უმჯობესი იქნება ბავშვს საერთოდ არ მივცეთ თავის შესაქცევად გაჯეტები, 3-5 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია გაჯეტებთან კონტაქტი დღეში მხოლოდ 1 საათით; 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღეში 2 საათი – თუმცა არა გადაბმით, არამედ ინტერვალებით.

 

ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს – ექიმი

ექიმი-ენდოკრინოლოგი ვატო სურგულაძე 7 ქართველ ექიმთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში. ექიმები საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდნენ. „ბათუმელები“ ვატო სურგულაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვატო, რა მიზნით ჩახვედით უკრაინაში და რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?

ექიმთა ჯგუფის ჩასვლა უკრაინაში იყო პარტია „ლელოს“ ინიციატივა. ოთხი კვირა ვემზადებოდით უკრაინაში წასასვლელად. წინასწარ გვქონდა კონტაქტი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათ მიგვითითეს ის ქალაქი, სადაც სჭირდებოდათ დახმარება. შემდეგ დავუკავშირდით ქალაქის მერს, ვიცე-მერს, იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, სადაც მივდიოდით. შესაბამისად, გავარკვიეთ რა სჭირდებოდათ და გავემგზავრეთ. რვა დღე დავყავით ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში.

ერთი რაღაც მინდა ყველას ვუთხრა, თუ არ იცით, სად მიდიხართ და რა უნდა გააკეთოთ, არ ჩახვიდეთ იქ. იმიტომ, რომ კი არ  დაეხმარებით, არამედ ტვირთად დააწვებით უკრაინის ბიუჯეტს.

კოლომიაში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ლტოლვილების გამო გაიზარდა 30 ათასით.

ეს ქალაქი არაა ფრონტისპირა ქალაქი, 300 კილომეტრითაა დაშორებული საბრძოლო პოზიციებიდან, მაგრამ ძალიან ბევრი დევნილია იქ თავმოყრილი. ასევე საავადმყოფოში არიან დაჭრილებიც.

ჩვენი ამოცანა იყო, რომ კონკრეტული დახმარება გაგვეწია მათთვის და არა ისე, როგორც ბევრი აკეთებს, პოლონეთის საზღვარზე რომ დგანან. პოლონეთის საზღვარზე ყველაფერი მოწესრიგებულია. დევნილებს იღებს ძალიან კარგად, მოწესრიგებულად, ამიტომაც ჩავედით ქალაქ კოლომიაში.

სიტუაცია არ არის მსუბუქი, საკმაოდ დაძაბულია. მართალია, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში დაბომბვა არ ყოფილა, მაგრამ დღეში ორჯერ იყო საჰაერო განგაში და ჩავდიოდით ბომბსაფარში.

ვატო სურგულაძე კოლომიაში, საჰაერო განგაშის დროს უკრაინელებთან ერთად თავს ბომბსაფარს აფარებს

პრობლემა რაც ჩვენ ვნახეთ, არის ის, რომ უკრაინის ჯანდაცვა და მედიცინა ძალიან ჩამორჩება თუნდაც ქართულ მედიცინას. საავადმყოფო ვერ წარმოიდგენთ, როგორ სიტუაციაშია – 90-იანებში რომ იყო საქართველოში.

ექიმებმა ჩავატარეთ ტრენინგები და კონსულტაციები სამხედროებთან, რომლებიც იქ არიან ბაზირებულები, მასწავლებლებთან, სამოქალაქო პირებთან – როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი სამხედრო სიტუაციაში. ვასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც დაჭრილების დიდი რაოდენობა მოაწყდება საავადმყოფოს, როგორ უნდა მოხდეს ტრიაჟი. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ.

ამ რვა დღეში მარტო მე 100-ზე მეტი კონსულტაცია ჩავატარე, როგორც თერაპევტმა და ენდოკრინოლოგმა.

უკრაინის დახვედრა იყო ფანტასტიკური. ძალიან დიდი სიყვარული გამოხატეს, ყველანაირი პატივისცემა, რაც შეიძლებოდა და კარგად ვიმუშავეთ.

დილას 8 საათზე ვიწყებდით მუშაობას, საღამოს 8-ზე ვამთავრებდით – 9 საათზე კომენდანტის საათი იწყებოდა. ითიშებოდა ქუჩის განათება.

შენობებში იყო ელექტროენერგია, მაგრამ ყველას სქელი ფარდები აქვს ჩამოფარებული, შუქი რომ არ გამოვიდეს გარეთ და არ გახდეს რუსი აგრესორების სამიზნე.

ყველაზე მეტად, რასაც მივაქციე ყურადღება, ერი არის შეკრული. ვიღაცა ზელენსკის მხარდამჭერია, ვიღაცა პოროშენკოს, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. არიან ძალიან შეკრული და მოტივირებულები, რომ დაამარცხონ რუსეთი.

ხალხი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენ მიმართ. გვეუბნებოდნენ, ძალიან კარგია, რომ ჩამოხვედით და გვეხმარებითო, მაგრამ თქვენი მთავრობა რატომ არ უჭერს სანქციებს მხარსო, ჩვენ ხომ ძმები ვართო?

ყველა მუშაობს. წარმოიდგინეთ, საამქროები, საწარმოები, პატარა კერძო კომპანიები ამზადებენ ავტომატის მჭიდების სპეციალურ ჩასალაგებელს, ამზადებენ კამუფლაჟის ბადეებს. ყველა არის მოტივირებული და ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

  • როცა საუბრობთ მიზნობრივ დახმარებაზე, კონკრეტულად რა სჭირდებათ უკრაინელებს?

ძალიან დიდი დახმარება სჭირდებათ, როგორც სამხედრო მედიცინაში, ისე სამოქალაქო მედიცინაში. დიდი რაოდენობა დევნილების აღმოსავლეთ უკრაინიდან დიდ პრობლემებს იწვევს – მედიცინა, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ჩამორჩენილია.

ვასწავლეთ, როგორ მიიღონ დაჭრილები. რა უნდა ხდებოდეს პირველ რიგში, როგორ უნდა შეძლონ, რომ თავის თავსაც მოემსახურონ და სხვებსაც.

რეანიმატოლოგი გვყავდა საქართველოდან – უკრაინელებმა შესთავაზეს მუშაობა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელად. ხელფასსაც დაგინიშნავთ, საცხოვრებელ ადგილსაც მოგცემთო. ჩვენთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და მიიღებს ალბათ გადაწყვეტილებას.

  • სამედიცინო ინვენტარი სჭირდებათ?

მე მაქვს სია. მედიკამენტების საჭიროებაა. სჭირდებათ სისხლის გასაჩერებელი ტურნიკეტები და ალბუმინი, რომელიც ცოტა რთული გადასაგზავნია, მაცივარი სჭირდება. საჭიროა ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები. ასევე სჭირდებათ სპეციალური ტრავმატოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც ფიქსაციას აკეთებს.

ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს. ქიმიური მოწამვლის დროს. შეხვედრა მაქვს დაგეგმილი ტოქსიკოლოგებთან, რას მირჩევენ, როგორ მირჩევენ, რა მედიკამენტები იქნება საჭირო, თუკი ეს არაადამიანი რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს.

ანტიპოდები რა მედიკამენტებია, ამაზე მაქვს შეხვედრა საქართველოში მომუშავე ტოქსიკოლოგებთან და ამ მედიკამენტების შეგროვებას დავიწყებთ.

ჩვენ ჩავუტანეთ ვიდეოლარინგოსკოპი, რომელიც არ ჰქონდათ. ასევე ჟანგბადის კონცენტრატორი, ქირურგიული ინსტრუმენტები. მედიკამენტებიდან არ ჰქონდათ ელ თიროქსინი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ ჩავუტანეთ 4 ათასი აბი.

ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რადგან წინასწარ შევისწავლეთ და ისე წავიღეთ წამლები.

  • რა სიტუაცია იყო კლინიკაში, სადაც მუშაობდით?

კლინიკაში, სადაც ჩვენ ვიყავით, დაჭრილების რაოდენობა არ იყო ძალიან ბევრი, მაგრამ იყვნენ დევნილები და დევნილებს, როცა მოდიან თავისი ქალაქიდან (ეს არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები) იმათ თავისი ქრონიკული დაავადებები მოაქვთ.

ქალაქის სამედიცინო მუშაკების რაოდენობა ვერ ერევა ამ რაოდენობას. დიდი პრობლემა აქვთ მედიკამენტების. ჩვენ რაც ჩავიტანეთ, ის არაფერი არ არის.

კიდევ ვამბობ, აქ რომ გროვდება დახმარება, ზოგჯერ ვუგზავნით ისეთ რაღაცას, რაც არ სჭირდებათ. ჯერ უნდა შევისწავლოთ რა სჭირდებათ და ის უნდა გავუგზავნოთ.

ჯობია, რომ ეს დახმარება იყოს ძალიან მიზანმიმართული, წერტილოვანი, აი, ამ ქალაქს ვუგზავნი აი, ამას.

გახსოვთ, აქ იყო ამბავი სისხლი ჩავაბაროთ, სისხლი ჩავაბაროთო. არ სჭირდებათ იმათ ეს სისხლი. თვითონაც აბარებენ, აქვთ. თან აქედან სისხლი უმეტესობა გაფუჭებული ჩადის და უნდა გადაასხან.

რაც სჭირდებათ, ეს არის ბავშვის საფენები, ბავშვის საკვები, რუსეთიდან მაკარონს რომ ვყიდულობთ და ვუგზავნით, ეს ნაკლებად სჭირდებათ, მერწმუნეთ.

  • როგორ ეხმარებიან ქალაქის მცხოვრებლები ლტოლვილებს?

თითქმის 30 ათასი ლტოლვილია კოლომიაში. განაწილებული ჰყავთ სასტუმროებში, სახლებშიც მიჰყავთ ადამიანებს, სამუშაოსაც აძლევენ, ყველა არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამ ხალხს დაეხმარონ. ამ ქალაქში ყველაფერი მუშაობს, ბანკი იქნება თუ სხვა დაწესებულება. საკვები არ არის პრობლემა მაღაზიებში. მხოლოდ 4 საათის მერე არ იყიდება ალკოჰოლური სასმელი.

ხალხში ასეთი განწყობაა – დაგვეხმარეთ და ჩვენ დავამარცხებთ რუსებს.

ექიმების გუნდი ვაპირებთ კიდევ ერთხელ ჩავიდეთ ტრენინგებისთვის, იმისათვის, რომ ეს ხალხი იყოს მომზადებული. სინამდვილეში, სიტუაცია დაძაბულია, ელოდებიან უფრო დიდ შეტევას რუსი აგრესორებისაგან, მაგრამ ძალიან შეკრულები არიან ჩვენგან განსხვავებით.

16 თვე კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებთან, მედიცინა და მუსიკა – სტუდენტი ბათუმიდან

24 წლის ელიზა ჩიკვაიძე მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია ბსუ-ში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელიზა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის კოვიდ განყოფილებაში მუშაობდა უმცროს ექიმად.

ელიზა ბაკალავრის დასრულებამდე მუშაობას არ აპირებდა, სხვა სტუდენტების გამოცდილებით იცოდა, რომ ეს ძალიან რთული იყო და მთელი ყურადღება უნდოდა სწავლისთვის დაეთმო, თუმცა პანდემიამ ელიზას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

„პანდემია რომ დაიწყო, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემს უფროს კოლეგებს, ექიმებს დავხმარებოდი. ძალიან სჭირდებოდათ მაშინ დახმარება, რადგან ძალიან მცირე იყო ადამიანური რესურსი“, – ამბობს ელიზა.

სანამ კლინიკაში მივიდოდა, სამდღიანი გადამზადება გაიარა და მუშაობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მუშაობაში ხელს უწყობდა უნივერსიტეტიც.

ეს ელიზას პირველი სამუშაო გამოცდილება იყო ჰოსპიტალში, თანაც – პანდემიისას. შიშობდა, რომ შესაძლოა კლინიკაში მუშაობა მისთვის რთული ყოფილიყო, მაგრამ ამბობს, რომ გარემომ, რომელიც კლინიკაში იყო, დაამშვიდა. ჩემი შეკითხვებისთვის ყოველთვის პოულობდნენ დროს ექიმები, პაციენტების სიმრავლის მიუხედავადო – გვიყვება ელიზა.

„ერთია, როდესაც სამსახურს იწყებ პანდემიამდე. განყოფილებაში მიდიხარ, თავისუფლად მოძრაობ და მეორე, როცა გაქვს ვირუსთან შეხება, ებრძვი პანდემიას. დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ საკუთარ თავსაც იცავ. გიწევს ფიქრი, თავადაც არ გადაგედოს ვირუსი.

ცოტა ხანში შევეჩვიეთ არსებულ მდგომარეობას და ბოლომდე პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე გადავერთეთ, რადგან მათ მართლა სჭირდებოდათ დახმარება. იმის შიში, რომ კოვიდი დამემართებოდა, არ მქონია“, – ამბობს ელიზა.

ელიზას კოვიდით მუშაობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დაინფიცირდა. ყოველდღე ჰქონდა შეხება კოვიდ პაციენტებთან და ყელის ტკივილის დაწყებისთანავე აიღო ტესტი და ვირუსი დაუდასტურდა. ამბობს, რომ კოვიდი მსუბუქად გადაიტანა, მხოლოდ ყნოსვა ჰქონდა დაკარგული. იზოლაციის დასრულებისთანავე დაბრუნდა სამსახურში და მუშაობა გააგრძელა.

რა იყო ყველაზე რთული? – ამ შეკითხვაზე ელიზა პასუხობს, რომ პირველ რიგში, ეს პაციენტთა დიდი ნაკადის მართვა იყო, როგორც რესურსების მხრივ, ისე – ემოციურად.

„კლინიკის მაღალი დატვირთვა პრობლემას ქმნიდა, თუმცა მუშაობის პროცესი ძალიან აქტიური იყო, მოდუნების საშუალებას არ იძლეოდა“, – ამბობს ელიზა.

ელიზა იხსენებს, რომ იყო შემთხვევები, როცა კლინიკაში შედიოდნენ პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ კოვიდი კი არა, სხვა დაავადებაც ჰქონდათ, კლინიკაში ხვდებოდნენ დედებიც ინფიცირებულ შვილებთან ერთად. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ბავშვი განმეორებით მოხვდა საავადმყოფოში კოვიდის დიაგნოზით.

„ჩვენთან ყველა ასაკის ბავშვები მოდიოდნენ, ძალიან პატარებიდან დაწყებული, 16-17 წლის მოზარდებიც კი. ბევრი მათგანი ვერც იაზრებდა, თუ რა ხდებოდა. ეგონათ, რომ ჩვეულებრივი გრიპი ჰქონდათ, სურდო და ამიტომ სტკიოდათ ყელი. უჭირდათ პატარებს პანდემიის აღქმა,“ – ამბობს ელიზა.

კოვიდით დაინფიცირებულ ბავშვებს სახლში წასვლა უნდოდათ, თანატოლებთან თამაში და ამის გამო იწყენდნენ ხოლმე. ელიზა გვიყვება, რომ ხშირად ეთამაშებოდა ბავშვებს, მათთან ერთად ხატავდა და მათ გამხიარულებას სხვადასხვა გზით ცდილობდა.

ჰყავდა ისეთი პაციენტებიც, რომელთაც კოვიდის არსებობის არ სჯეროდათ, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი ჰქონდათ.

ელიზა ჩიკვაიძე ჰოსპიტალში

ელიზამ მუშაობა მარტში დაასრულა, რადგან იაშვილის კლინიკაში კოვიდ განყოფილება პაციენტთა ნაკადის შემცირების გამო დაიხურა.

ის გვიყვება, რომ მისთვის უმცროს ექიმად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმიტომ იყო, რომ საშუალება მიეცა პანდემიის მართვაში თავისი წვლილი შეეტანა და ამასთან, ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო და თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობაც მიეცა.

ელიზა ამბობს, რომ თავის დროზე მედიცინის შესწავლა ადამიანების სიყვარულმა გადააწყვეტინა და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მიმართულებებზეც ფიქრობდა, საბოლოოდ მედიცინა აირჩია.

„სამედიცინოზე ჩაბარება არ მინანია, პირიქით, უფრო და უფრო მეზრდებოდა ამ სპეციალობის მიმართ ინტერესი ამ ხნის განმავლობაში,“ – ამბობს ელიზა.

მან ბსუ-ში 50% გრანტით ჩააბარა. პირველი კურსიდან იღებს სტიპენდიას და რამდენჯერმე ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიატიც გახდა.

მედიცინის გარდა ელიზას გატაცება და პროფესიული არჩევანიც, მუსიკაა. მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად იგი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მუსიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

„თერთმეტწლედი სკოლის დასრულებასთან ერთად დავასრულე. იქ ყველას ეგონა, რომ ვოკალის განხრით მივდიოდი და როცა ვუთხარი, სამედიცინოზე ვაბარებდი, შოკი ჰქონდათ – რატომ ტვირთავ საკუთარ თავს, მუსიკას მიჰყევიო.

მუსიკა ძალიან მიყვარს. სამედიცინოზე მეორე კურსს ვასრულებდი, როცა მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო და სამედიცინოს პარალელურად ჩავაბარე მუსიკის ფაკულტეტზე, კერძოდ, აკადემიურ სიმღერაზე და ახლაც ვსწავლობ“, – ამბობს ელიზა.

ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქიმიური ნივთიერება „ზარინით“ არიან მოწამლულები და ამის შესახებ მათ ექიმმა დღეს განუცხადა. ნადიმ ხმალაძემ 5 აპრილს დაწერა: „რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში“.

„აქამდე მხოლოდ ჩვენი ვარაუდი გვქონდა, სიმპტომებიდან გამომდინარე და დღეს უკვე ექიმმა დაგვიდასტურდა, რომ ჩვენი მოწამვლა გამოიწვია ნივთიერება „ზარინმა“, რომელიც სხვა ნივთიერებასთან იყო ასევე ნარევი. თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალურ დასკვნას არ გვაძლევენ“, – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

უკრაინაში წასული 57 წლის მებრძოლის თქმით, როცა გოსტომელში იმყოფებოდნენ, მაშინ იგრძნეს თავი ცუდად. „იქ ორი მებრძოლი იმ დღეს დაიღუპა, როცა მოვიწამლეთ. ჩვენი 14-კაციანი ჯგუფიდან კი მხოლოდ 6 ადამიანს გვქონდა მოწამვლის სიმპტომები. 5 დღის განმავლობაში ჰოსპიტალში ვიწექით. ეს სიმპტომები მაინც არ წავიდა, ახლაც ცუდად ვგრძნობ თავს, ამიტომ გვითხრეს, რომ ისევ უნდა გავაგრძელოთ ჰოსპიტალში მკურნალობა“.

ნადიმ ხმალაძის თქმით, მას აღენიშნება თვალების წვა, კუჭის ტკივილი, სიმწარის შეგრძნება ყელში.

„ვაჟა ცეცაძეს სტკივა შიდა ორგანოები. დღეს უნდა გადაგვიყვანონ ჰოსპიტალში, რაზეც ცეცაძე გვეწინააღმდეგება, მაგრამ იძულებით უნდა წავიყვანოთ“, – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

ვაჟა ცეცაძე უკრაინაში, კონკრეტულად კი ქალაქ ირპინთან იბრძოდა.

____

ზარინი არის უფერო, უსუნო ქიმიური სითხე, რომელიც ნერვიული აგენტების რიცხვშია, რის გამოც ის გამოიყენება ქიმიურ იარაღად.  მისი მცირე დოზით შესუნთქვაც კი იწვევს ადამიანის დაღუპვას.

2018 წელს ნერვული აგენტით რუსებმა მოწამლეს ყოფილი ჯაშუში და მისი შვილი სკრიპალები. ის, რომ სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს, დაადასტურა ბრიტანეთის პოლიციამაც.

ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას. ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

____

აქ წაიკითხეთ ინტერიუ ნადიმ ხმალაძესთან:

„წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი“ – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში

ესპანეთში ქალაქმა ერთი კვირით უკრაინა დაირქვა სოლიდარობის ნიშნად

ესპანეთში ქალაქი ფუენტეს-დე-ანდალუსია სახელს იცვლის და უკრაინას ირქმევს. ინფორმაციას ესპანური ტელეარხი, antena 3 ავრცელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ფრანსისკო მარტინესმა განაცხადა, ეს არის სოლიდარობის აქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე.

ფუენტეს-დე-ანდალუსიაში 7200-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ესპანეთის ქალაქის მთავარ ქუჩებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ უკრაინის ქალაქების სახელები: კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და ოდესა.

ქალაქის დროშა უკრაინის დროშის ფერებს ემთხვევა, ყვითელი და ლურჯი ფერისაა, შუაში ქალაქის გერბით.

მარიუპოლის ქუჩა. კადრი ვიდეომასალიდან
ქალაქის შესასვლელი. კადრი ვიდეომასალიდან

_______________

ფოტოზე: ფუენტეს-დე-ანდალუსია. ფოტო: Oficina Municipal de Turismo de Fuentes de Andalucía/facebook

დაბა ქედაში მუნიციპალური მიკროავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

14 აპრილიდან დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი იმოძრავებს. ქედის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღის განმავლობაში ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს.

ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

„ამ პერიოდში დააკვირდებიან როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ შეიცვლება ან დადგინდება კონკრეტული გრაფიკი. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ამაზე ამ დროისთვის მდჯელობა არ არის. მიკროავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

„ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას.

საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით 77 235 აშშ დოლარის ოდენობით იქნა შეძენილი“, – აღნიშნულია მინიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიკროავტობუსი მართვაში მუნიციპალურ შპს „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ გადაეცა.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: მუნიციპალური ელექტრომიკროავტობუსი ქედაში / ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტი

 


პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში მომზადდა პეტიცია იმის შესახებ, რომ შუახევის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს:

რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში

მეორე ჯგუფის რა მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი ელექტრონული რეცეპტის გარეშე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა.

სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას აფთიაქებიდან ურეცეპტოდ შესაძლებელი იქნება კაპტოპრილის, დექსამეტაზონის, ეპინეფრინის, ფუროსემიდის, გლუკოზას, ინსულინის, სალბუტამოლის, ნიფედიპინის, ამიოკორდინის, ატროპინის, დიფენჰიდრამინის, გლიბენქლამიდის, მეტფორმინის, მეტოპროლოლის, პრედნიზოლონის, ნიტროგლიცერინის, ნალოქსონის და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა.

აღნიშნული გამონაკლისი მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც 1-eლი მარტიდან მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა.

გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ აქ.

ამავე თემაზე:

მარტიდან II ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ

რუსეთი იტაცებს ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადასაცემად – უკრაინა დახმარებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ორგანიზებულად ცდილობს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანას და რუსულ ოჯახებზე გაშვილებას. საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და სასწრაფო რეაგირებას სთხოვს.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მიმართავენ მიუღებელ ქმედებებს – ადგილი აქვს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების უკანონო და იძულებით გადაყვანას, მათ შორის არიან ბავშვები: ობლები, მზრუნველობას მოკლებული არასრულწლოვნები და ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.

ეს არის რუსეთის მიერ, უკრაინის კანონმდებლობით დადგენილი ყველა აუცილებელი პროცედურის დარღვევით, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის აშკარა საფრთხე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყება მიუთითებს, ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო აპირებს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციებთან გააფორმოს „შეთანხმებები“, რომლებიც მათ უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების რუსული ოჯახებისთვის  გადაცემის უფლებას მისცემს.

„კრემლის მცდელობა, შექმნას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის „ლეგიტიმური“ საფუძვლები, არის ომის წარმოების აღიარებული წესებისა და სამართლის ფუნდამენტური ნორმების ცინიკური უგულებელყოფა. საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანურობის ძირითადი სტანდარტების დარღვევით, რუსეთის სახელმწიფო ორგანიზებულად ეწევა ბავშვების გატაცებას და უკრაინელი ერის მომავლის განადგურებას“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც ამ საერთაშორისო შეთანხმებას შეერთებული ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც და უკრაინაც ვალდებულნი არიან, აღკვეთონ სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ ბავშვების უკანონო გაყვანა.

უკრაინის ხელისუფლება მიმართავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, იუნისეფს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისს და სთხოვს, მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინელი ბავშვების უკრაინის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად.

___

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 197 ბავშვი მოკლეს.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

რადა რუსების ქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს – სტეფანჩუკი

უკრაინის რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, დღეს, 14 აპრილს, უკრაინის რადა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.

ამის შესახებ რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა კიევის რეგიონში, ბოროდიანკაში ყოფნისას განაცხადა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტის წევრები.

სტეფანჩუკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბუჩაში, ირპინსა და ბოროდიანკაში პირადად ჩავიდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს დადგმულს უწოდებენ.

„დაე, მოვიდნენ და ნახონ: ეს დეკორაციაა თუ ადამიანური მწუხარების ნაწილი“, – თქვა მან.

___

დღეს, 14 აპრილს, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გენოციდად შეაფასა რუსეთის ქმედებები უკრაინაში.

მანამდე იგივე განცხადება გააკეთა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

თუმცა მსგავსი შეფასებისგან თავი შორს დაიჭირა საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტა, ემანუელ მაკრონმა. მან თქვა, რომ „მსგავს ტერმინებთან“ ფრთხილად იქნებოდა.

ბათუმში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისს საღებავი შეასხეს

დღეს, 14 აპრილს, ბათუმში პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხეს.

პრორუსული პარტიის ოფისის ფასადს საღებავი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ შეასხა.

„გვითხრან, რა ღირს სამშობლო, შევუგროვებთ ფულს და გავუშვებთ,“ – თქვა მან მოგვიანებით ჟურნალისტებთან, როდესაც საპროტესტო აქტის მიზეზებს განმარტავდა.

„რუსული აგენტურა საქართველოში არ იმუშავებს. რუსული პარტიები საქართველოში ვერ განვითარდება. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, რომ ასეთი ოფისები და ეს ხალხი აღარ იყვნენ საქართველოში.

ვისაც უნდა რუსეთი და რუსები, მიბრძანდნენ. თუ არადა მივაბრძანებ იქითკენ, სადაც რუსული ხომალდი გაუშვეს. თან ნახეთ, როგორი სახელი დაარქვეს. „ალტ-ინფო“ რომ არ იცნოს ხალხმა, „კონსერვატიული მოძრაობა“ დაარქვეს.

ხალხი უკრაინაშია წასული, იბრძვიან, იღუპებიან და ეს ჩმორები ოფისებს ხსნიან რუსების ფულებით. ფულზე გაყიდულები. გვითხრან რა ღირს სამშობლო, შევუგროვებთ ფულს და გავუშვებთ,“ – თქვა ჟურნალისტებთან  ხათუნა ბერიძემ.

მისივე თქმით „პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად“  ის მარტო მივიდა „ალტ-ინფოს“ ოფისთან.

ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ გუშინ, 13 აპრილს, პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისი ხელვაჩაურშიც შეღება.

უკრაინელმა ბოშებმა და ფერმერებმა 200 რუსული ტანკი ჩაიგდეს ხელში – УНИАН

უკრაინული გამოცემა УНИАН-ის ცნობით, უკრაინელმა ბოშებმა და ფერმერებმა მინიმუმ 200 რუსული ტანკი ჩაიგდეს ხელში.

გამოცემა ეყრდნობა პროექტ Oryx-ის მაჩვენებლებს, რომელიც ითვლის რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის დანაკარგებს ფოტოების მიხედვით.

Oryx-ზე აღნიშნულია, რომ 200 რუსული ტანკი უკრაინაში მითვისებული იქნა.

უკრაინელი ბოშებისა და ფერმერების მიერ რუსული ტანკის მოპარვის შესახებ ცნობები უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გავრცელდა ფოტოსთან ერთად, რომელზეც ასახულია ტრაქტორს ჩაბმული ტანკი.

ეს ინფორმაცია ინტერნეტში არაერთი ხუმრობის თემა გახდა. ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც რუსულ ტექნიკას მიათრევს, გამოჩნდა ნახატებზეც.

ეს ნახატი მას შემდეგ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, როცა კრეისერ „მოსკოვზე“ ხანძრის შესახებ გახდა ცნობილი

მარტში ბათუმში არასწორი პარკირებისთვის 4 820 მძღოლი დააჯარიმეს – 854 ტროტუარზე იდგა

პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 4820 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
მათ შორის უმეტესი – 3 352 ადამიანი დაჯარიმდა პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის
• 854 – ტროტუარზე დგომისთვის
• 433 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის
• 129 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო
• 48 – ველობილიკზე არასწორი პარკირებისთვის
• 4 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომის გამო
პარკირების წესების დარღვევის გამო გასულ თვეში 155 ავტომობილი გადაიტანეს ევაკუატორით.

კრემლი მიიღებს ნატოს პეტერბურგიდან ნახევარი საათის გზაზე. რა იყო გეგმა? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ნატოს მიიღებს საზღვართან ახლოს.

„რუსეთი აცხადებს, რომ დაიწყო ომი [უკრაინის] ნატოში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად. შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების შემდეგ კრემლი მიიღებს ნატოს სანკტ-პეტერბურგიდან ნახევარი საათის გზაზე. + 20 000 მოკლული რუსი ჯარისკაცი, დანგრეული ეკონომიკა, სრული იზოლაცია. მაგრამ სპეცოპერაცია მაინც „გეგმის მიხედვით მიდის“.

რა იყო გეგმა?“ – წერს პოდოლიაკი.

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან ფინეთის საზღვრამდე დაახლოებით 400 კილომეტრია.

შვედეთისა და ფინეთის მთავრობების განცხადებით, მათ აქვთ სურვილი საკუთარი ქვეყნები ნატოში გაწევრიანდნენ.

„როიტერსის“ ცნობით, ფინეთში, რომელთანაც რუსეთს საზღვარი აკავშირებს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ნატოში გაწევრიანების მომხრეა. კერძო მაუწყებლის MTV-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფინეთში გამოკითხულთა 68% მხარს უჭერს გაწევრიანებას, წინააღმდეგი კი მხოლოდ 12% იყო.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადება უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ გააკეთეს.

რუსეთი ომის დაწყებამდე დასავლეთს სთხოვდა, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოებულიყო.

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის განვითარების ახალი შესაძლებლობები წარუდგინა

ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა იმ ბიზნესკლიენტებთან გაიმართა, რომელთა საქმიანობებიც ძირითადად დედაქალაქშია თავმოყრილი. მონაწილეები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებს, ახალ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებს გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს წამოწყებებზე გაკეთდა. მათ შორის იყო გირაოს საგარანტიო პროგრამა, ბიზნეს უნივერსალი, შეღავათიანი აგროსესხი და რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამა. ბიზნესკლიენტები დეტალურად გაეცნენ წამოწყებების ბენეფიტებსა და პირობებს, ასევე იმ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებსაც ტერაბანკი მათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების ფარგლებში სთავაზობს.

„შეხვედრებმა, რომლებიც გასულ წელს წამოვიწყეთ, ჩვენი ბიზნესკლიენტების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. დეტალური ინფორმაციის მიწოდება, კითხვებზე პასუხების გაცემა და სასარგებლო გზების ჩვენება ის პირველი ნაბიჯებია, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობების განვითარებაში, ქვეყნის ეკონომიკას კი მდგრადობის მიღწევაში დაეხმარება“, – აცხადებს ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია.

მცირე და საშუალო ბიზნესი ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტია, მათი საქმიანობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა კი — ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც 2021 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ინიციატივა კვლავაც გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

გერმანელების 55 პროცენტი უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების მომხრეა | კვლევა

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა, 55 პროცენტი, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების მომხრეა –  ნათქვამია გერმანული სოციოლოგიური ინსტიტუტის, Infratest dimap-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში.

კვლევის თანახმად, გერმანელების 37 პროცენტი წინააღმდეგია გერმანიამ უკრაინას მიაწოდოს მძიმე იარაღი.

„შუქნიშანთა“ პარტიების და CDU/CSU-ს [ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალისტების კავშირი ბავარიაში] მხარდამჭერთა უმეტესობა იარაღის მიწოდების მომხრეა. AfD-ის [ულტრამემარჯვენეები] მხარდამჭერები, თავის მხრივ, დიდი უმრავლესობით მძიმე იარაღის მიწოდების წინააღმდეგნი არიან.

ამის პარალელურად, გერმანელების უმრავლესობა, 48 პროცენტი, ეწინააღმდეგება რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას, 40 პროცენტი კი მზადაა მხარი დაუჭიროს ემბარგოს.

უკრაინა რუსეთის თავდასხმიდან დღემდე ითხოვს პატრნიორებისგან იარაღის, მათ შორის, მძიმე იარაღის მიწოდებას რუსეთის ოკუპაციის შესაჩერებლად.

ამავე თემაზე: 

გვჭირდება იარაღი, იარაღი და იარაღი – კულებას მიმართვა ნატოს

„პუტინს მხოლოდ იარაღის ენა ესმის“ – ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს შთრაკ-ციმერმანმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიპლომატიამ უნდა იმუშაოს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მხოლოდ იარაღის ენა ესმის:

„მე არ მჯერა მოლაპარაკებებზე მიღებული გადაწყვეტილებების, ყოველ შემთხვევაში – არა ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს – მთავარი მოქმედებაა.

მე არ ვამყარებდი ავსტრიის კანცლერის ვიზიტზე დიდ იმედებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა მნიშვნელოვანია.

დიახ, დიპლომატიამ უნდა იმუშაოს, მაგრამ პუტინს მხოლოდ იარაღის ენა ესმის, აი, ეს არის ცუდი. ამიტომ უკრაინა სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი“.

მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის არ წარმოადგენს ფედერალურ მთავრობას და არ შეუძლია ზუსტად თქმა, როდის მიაწოდებს გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს, რასაც უკრაინა ითხოვს.

„მაგრამ ჩვენ, საპარლამენტო ფრაქციებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი გავლენა და მოვახდინოთ ზეწოლა ფედერალურ მთავრობაზე, რაც შეიძლება მალე გაგზავნოს იარაღი. ასევე, საჭირო იქნება იმის გარკვევა, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინის არმიას დაუყოვნებლივ. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავაზუსტოთ, რადგან იარაღი უკვე იქ უნდა იყოს, სანამ გვიან არ არის,“ – განაცხადა მარი-აგნეს შთრაკ-ციმერმანმა.

______________

ფოტო: EPA-EFE/CHRISTIAN MARQUARDT

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 19 900 ადამიანი
  • ტანკი – 753 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 968 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 366 ერთეული
  • MLRS – 122 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 64 ერთეული
  • თვითმფრინავი – 160 ერთეული
  • ვერტმფრენი – 144 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 437 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 134
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 131 თვითმფრინავი
  • 104 შვეულმფრენი
  • 448 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 179 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 245 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 248 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 944 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 088 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო კრეისერ Moskva-ს მოხვდა უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები, რის გამოც მას ცეცხლი უკიდია:

გუშინ, 13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ჩამოთვალა ის შეიარაღება, რომელიც უკრაინას სჭირდება ომში რუსეთის შესაჩერებლად:

  • 155 -მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემები და ამუნიცია;
  • 152- მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;
  • „Hail-ის“, „Hurricane-ისა“ და/ან „M142 HIMARS-ის“ სარაკეტო სისტემები;
  • ჯავშანტრანსპორტიორები;
  • ტანკები (საბჭოთა T-72-ები ან ამერიკული და გერმანული ანალოგები);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, Buk, ან მათი დასავლური ანალოგები);
  • საბრძოლო თვითმფრინავები.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბუჩასა და იაგიდნეში, რუსული ჯარების გასვლის შემდეგ, ორი ჟურნალისტის, რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს.

CNN-მა უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან წერილობითი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ნახეთ ინტერვიუს ქართული თარგმანი:

ევროპული უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, იგივე ეუთოს საგამოძიებო ანგარიშის თანახმად, არსებობს მტკიცებულებები რუსული მხარის მიერ დარღვევების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების ხელყოფის, სექსუალური ძალადობის, მართლმსაჯულების მიღმა მკვლელობების (იგულისხმება დახვრეტები), იძულებითი დეპორტაციის, ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებისა და ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გაუჩინარების შესახებ.

[yellow_box]Русский военный корабль… – უკრაინაში ზმეინის დამცველთა მარკა გამოუშვეს[/yellow_box]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუ გაგრძელდება უკრაინული ძალების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა, რუსეთი დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც.

ამავე თემაზე:

არის თუ არა აზოვის პოლკი ნეონაცისტური?

40-ზე მეტი წელია ჭიბონს ვაკეთებ – მეჭიბონე ქედიდან

61 წლის მურად თავართქილაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს და უკვე 40-ზე მეტი წელია, რაც ჭიბონებს აკეთებს. მისი თქმით, ერთნაირად უყვარს ჭიბონის კეთება და მასზე დაკვრა.

მურადი ამბობს, რომ არ უნდა ტრადიციული ინსტრუმენტის კეთების ტექნიკა დაიკარგოს, ამის საფრთხე კი რეალურია, რადგან დღეს ისე ხშირად აღარ ამზადებს ამ საკრავს, როგორც ადრე.

10 წლის იყო მურადი, როცა თავის მამას და მამის მეგობარს, მეჭიბონე ვასო ირემაძეს, სთხოვა მისთვის ჭიბონი გაეკეთებინათ.

„მამაჩემი დოლზე უკრავდა, ვასო – ჭიბონზე. ქორწილებში დადიოდნენ დასაკრავად. როცა მეც მოვხვდი ერთ-ერთ ასეთ ქორწილში და  ვნახე, როგორ უკრავდა ვასო ჭიბონზე, ამ საკრავით დავინტერესდი და მომინდა მეც მქონოდა.

მათ იცოდნენ ჭიბონის გაკეთება, მაგრამ ხშირად არ აკეთებდნენ. ვთხოვე, ჩემთვის გაეკეთებინათ და უარი არ მითხრეს, მაგრამ ჯერ ისევ პატარად მთვლიდნენ და არ ჩქარობდნენ. ჩემთვის ჭიბონის კეთების პროცესმა 6 თვე გასტანა“, – იხსენებს მურადი.

მურადის თქმით, როცა მისთვის მამა ჭიბონს აკეთებდა, თავადაც ეხმარებოდა. ხელსაწყოებს აწვდიდა და კეთების პროცესს დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მურადი ჭიბონის კეთებით დაინტერესდა, ამიტომ, მამასთან და ვასოსთან ერთად ატარებდა მთელ დღეს, როცა ისინი ჭიბონზე მუშაობდნენ.

ამბობს, რომ 13 წლის იყო, როცა პირველად გააკეთა ჭიბონი დამოუკიდებლად. ისწავლა ჭიბონზე დაკვრა და კარგადაც ცეკვავდა.

მურადი იხსენებს, რომ ხშირად სთხოვდნენ ჭიბონის გაკეთებას და სწორედ ამან უბიძგა ბოლომდე გაჰყოლოდა ამ საქმეს:

„ხშირად მთხოვდნენ ჭიბონის გაკეთებას. ტელეფონი არ იყო მაშინ, რომ დაერეკათ, მისამართს ვუტოვებდი და სოფელში მაკითხავდნენ, ხანდახან მეც ჩამქონდა შეკვეთები“.

მურადი გვიყვება, რომ ჭიბონის თხის ტყავისგან მზადდება და ყველაზე რთული სწორედ ტყავის დამუშავებაა.

თხის ტყავი ბოლომდე უნდა დამუშავდეს, ნაცრიან თბილ წყალში გაჩერდეს რამდენიმე დღე, ბეწვი რომ ბოლომდე გასცვივდეს და გასუფთავდეს. შემდეგ ტყავი ისევ ირეცხება და გასაშრობად იკინძება. სანამ ტყავი გახმება, მას არბილებენ.

„ტყავის დამუშავება ხანგრძლივი და ყველაზე რთული პროცესია. არ გვაქვს სითხეები, რითიც ტყავს დაარბილებ, ამიტომ ამის გაკეთება ხელით გვიწევს. უცებ რომ ტყავი გაიხეს ან გაიქლიქოს, აღარ გამოდგება გუდისთვის.

საკრავის წინა ნაწილი, ჩასაბერი, ლერწმის ხისგან მზადდება. ჭიბონის კეთების ბოლო ეტაპია გუდისა და ჩასაბერი ნაწილების გაერთიანება, რასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება, რათა ერთმანეთს ზუსტად მიემაგროს.

მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად რთული საქმეა ჭიბონის კეთება, ამ საქმისთვის თავის დანებება არასდროს მიფიქრია. ჭიბონს საოცარი ხმა აქვს, ყველგან შეგიძლია დაუკრა, ბარში თუ მთაში“.

მურადის თქმით იმისთვის, რომ ჭიბონი კარგად დამუშავებული იყოს, მის გაკეთებას დაახლოებით ერთი თვე მაინც სჭირდება. ერთი ჭიბონის მინიმალური ფასი 500 ლარია.

მურადს ჭიბონს ძირითადად ტურისტები უკვეთენ, თუმცა შეკვეთები ქართველი მომხმარებლებისგანაც აქვს.

მეჭიბონის შეფასებით, ჭიბონს ახლა უფრო ითხოვენ, ვიდრე ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, რადგან მაშინ საქართველოში არ შემოდიოდა ბევრი ტურისტი.

მურადი ჭიბონს ძირითადად მარტო ამზადებს, ხანდახან კი მისი ძმა, ისმაილი ეხმარება.

გვიყვება, რომ გასულ წელს ქედის LAG-ში 4500 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა და სახლში სახელოსნო მოაწყო. მათ, ვისაც ჭიბონის გაკეთება და მასზე დაკვრის შესწავლა უნდა, სახელოსნოში ასწავლის. რამდენიმე მოსწავლეს უკვე ასწავლა ჭიბონის კეთება და დაკვრა.

მურადი ჭიბონზე ხშირად უკრავს სახლში, დღესასწაულებზე და ქედის სხვადასხვა რესტორანში. ის 2007  წლიდან ანსამბლ „ფესვების“ წევრია.

„მოსწავლეები ბოლოს გასულ წელს მყავდა. ონლაინ ჭიბონზე დაკვრას ვერ ასწავლი, ვერც კეთებას, ეს უნდა ისწავლებოდეს პირისპირ. პანდემიის გამო მოსწავლეები ან მე რომ არ დავინფიცირებულიყავი, ვეღარ ვიკრიბებოდით”, – ამბობს მურადი.

Exit mobile version