14 აპრილიდან დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი იმოძრავებს. ქედის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღის განმავლობაში ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს.
ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.
„ამ პერიოდში დააკვირდებიან როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ შეიცვლება ან დადგინდება კონკრეტული გრაფიკი. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ამაზე ამ დროისთვის მდჯელობა არ არის. მიკროავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
„ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას.
საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით 77 235 აშშ დოლარის ოდენობით იქნა შეძენილი“, – აღნიშნულია მინიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიკროავტობუსი მართვაში მუნიციპალურ შპს „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ გადაეცა.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: მუნიციპალური ელექტრომიკროავტობუსი ქედაში / ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტი
პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში მომზადდა პეტიცია იმის შესახებ, რომ შუახევის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს:
რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში