მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება 

14.04.2022 •
რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება 

დღეს ბავშვებმა ციფრული მედიის გამოყენება შეიძლება სიარულის დაწყებამდე ისწავლონ. ეს მშობლებში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, თუმცა სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ გაჯეტებთან ნაადრევი კონტაქტი და ციფრული მედიის ზედმეტი გამოყენება, საგრძნობლად აფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებას. 

კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების სრული უმრავლესობა იზრდება ისეთ სახლებში, როგორც ტრადიციული ელექტრონული მედიით (ტელევიზია), ისე ახალი ინტერაქციული მედიით (გაჯეტები) – სმარტფონებთან და პლანშეტებთან გატარებული დრო კი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდილია. 

ციფრული მედიის ადრეულმა ზემოქმედებამ შესაძლოა სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებაზე. იუნისეფი, პედიატრიის ამერიკული აკადემია და ბავშვთა ფსიქოლოგები რეკომენდაციას არ უწევენ 18 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან (ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი) დროის გატარებას, რადგან ის აფერხებს მეტყველების განვითარებას და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას.

მაია ბედინაძე, ბათუმის მე-8 საჯარო ბაღის ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ გაჯეტებთან ხშირი კონტაქტი ბავშვებში იწვევს ჩაკეტილობას, ფობიებს, ამძაფრებს მიჯაჭვულობას, ძლიერდება ნევროტულობა. „ძალიან მასიურადაა წამოსული ნევროტული ბავშვები, ახასიათებთ ტანტრუმების მოწყობა, მაგალითად რაღაც როცა უნდათ, შეუძლიათ მაღაზიაში გაწვნენ და მოაწყონ ე.წ. ისტერიკა, შესაძლოა გამოიწვიოს გუნება-განწყობის დაქვეითება, ემოციური უკონტროლობა, ქცევის დარღვევები და ა.შ.“ – ამბობს ფსიქოლოგი.

ბათუმის მე-3 საჯარო ბაღის ფსიქოლოგი, თამუნა ლომიძე ამბობს, რომ გაჯეტებზე მიჯაჭვულობა ბავშვებში კლავს სხვადასხვა უნარს. „სასკოლო ასაკის პერიოდში თუ გადავალთ, ასეთი ბავშვები გამოირჩევიან დაბალი აკადემიური მოსწრებით, სოციალიზაციის პრობლემებით. ჩემს პრაქტიკაში ხშირია ბავშვები, რომელთაც აქვთ მეტყველების პრობლემები, სწორედ ამ გაჯეტებზე დამოკიდებულებით“, – ამბობს ის.

მაია ბედინაძის თქმით, გაჯეტებით ბავშვის გართობა განსაკუთრებით საზიანოა პასიური ბავშვებისთვის: „ყველა ბავშვი აქტიური არ არის, სოციუმს რომ ითხოვდეს, გარეთ გამიყვანე და ა.შ. როცა ასეთ ბავშვებს, ჩვენი საქმისთვის დროის მოგების მიზნით, ვაჩეჩებთ ხელში ტელეფონებსა და პლანშეტებს, ამით ხელს ვუშლით მათი სოციალიზაციის პროცესს. ძალიან ადვილად იჩვევს გაჯეტები ბავშვებს და იმდენად ინტერესდებიან ამ სამყაროთი, რომ სერიოზული დეფიციტი ჩნდება კომუნიკაციის, ბავშვები ვეღარ ნახულობენ ინტერესს პირისპირ ურთიერთობებში, ურთიერთობები მოსაბეზრებელი და მოსაწყენია მათთვის, მშობლებთანაც კი“.

რეგენსბურგის საუნივერსიტეტო ბავშვთა საავადმყოფოს (KUNO) 2021 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 45% უკვე პირველი დაბადების დღისთვის ეცნობოდა ციფრულ მედიას. ყველაზე ხშირი პირველი ციფრული მედიის ექსპოზიცია იყო ტელევიზორი (33.0%), რასაც მოჰყვება სმარტფონები (16.9%). ყველაზე ხშირად ორივე მათგანთან კონტაქტი ხდება დაახლოებით 8 თვის ასაკში.

1 წლის ბავშვების 10% უკვე რეგულარულ შეხებაში ციფრულ მედიასთან. ტელევიზორი რჩება ყველაზე დომინანტურ მოწყობილობად, მაგრამ ახალი მედია, განსაკუთრებით სმარტფონებმა, შესაძლოა იგი ჩაანაცვლონ.

თამუნა ლომაძე ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების აღტაცება მოციმციმე ეკრანებით, მათი პირველი ნახვიდანვე ჩნდება: „ეს ალბათ ყველაზე  მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს ერთხელაც კი ექნება შეხება გაჯეტებთან, ამ მოციმციმე შუქთან, ეს საკმარისია მისი ყურადღების სრულად მისაზიდად. ეს ვირტუალური სამყარო ბავშვებს ადვილად ეუფლება, რის შემდეგაც მათ უკვე ნაკლებად იზიდავთ რეალურ სამყაროში გადმოსვლა“.

Common Sense Media (CSM) არის ორგანიზაცია, რომელიც განიხილავს და იკვლევს ბავშვებზე მედიისა და ტექნოლოგიების ზეგავლენას. ორგანიზაციის ანგარიშებში ცხადად ჩანს, რომ ბავშვების წვდომა მობილურ მოწყობილობებთან, ბოლო წლებში, კოლოსალურად გაზრდილია. 2011 წლის მონაცემებით აშშ-ში 0-8 წლამდე ასაკის ბავშვების 52 პროცენტი ფლობდა სახლში გარკვეული ტიპის მობილური მოწყობილობას, 2013 წელს მობილური მედია სახლში ჰქონდა ამავე ასაკის ბავშვების 75 პროცენტს, 2017 წელს კი თითქმის ყველა (98 პროცენტი) ბავშვი ცხოვრობს სახლში რაიმე სახის მობილური მოწყობილობით.

იუნისეფი: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის ეკრანთან 1-2 სთ-ზე მეტი დროის გატარება. ბავშვი მეტ დროს უნდა ატარებდეს აქტიურ თამაშში, ფიზიკური აქტივობის დრო არ უნდა იყოს 60 წთ-ზე ნაკლები. დაუშვებელია ტელევიზორის ბავშვის საძინებელ ოთახში მოთავსება. აუცილებელია მშობელი ბავშვთან ერთად უყურებდეს პროგრამას, რომელსაც ბავშვი უყურებს და აუხსნას მას, თუ რა ხდება, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვი ვერ არჩევს ფანტაზიას რეალობისგან.

ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაჯეტებთან ხშირი კომუნიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგია ძილის პრობლემებიც. „ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვი დაძაბულია თამაშის დროს, დაძაბულია ნერვული სისტემა. შესაბამისად, მომატებულია შფოთი“, ამბობს მაია ბედინაძე.

კიდევ ერთ საზიანო გამოვლინებაზე საუბრობს თამუნა ლომიძე: „ჩემს პრაქტიკაში ეს გამოვლენილა აგრესიული ქცევებით, რომელთაც ისინი ხედავენ იმ სამყაროში, სადაც ხშირად უწევთ ყოფნა. მათ ეს ყველაფერი გადმოაქვთ რეალურ სამყაროში და ჩვენ, ფსიქოლოგებს, ხშირად გვიწევს ამ აგრესიული ქცევების დიაგნოსტირება და შემდეგ მშობლებთან ერთად გარკვეული სტრატეგიების შემუშავება“.

პრაქტიკოსი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ 0-დან 2-3 წლამდე უმჯობესი იქნება ბავშვს საერთოდ არ მივცეთ თავის შესაქცევად გაჯეტები, 3-5 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია გაჯეტებთან კონტაქტი დღეში მხოლოდ 1 საათით; 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღეში 2 საათი – თუმცა არა გადაბმით, არამედ ინტერვალებით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: