განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

14.04.2022 • 2336
რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მაია ბლიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივ კატასტროფებზე.

ორი შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც დასვეს მოსწავლეებმა. მათ აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდებს ომები გარემოზე, კერძოდ, გლობალურ დათბობაზე?

წიგნის ავტორმა მაია ბლიაძემ, პირველ რიგში მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა ომთან და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომი საფრთხეა ადამიანისა და გარემოსთვის.

„მე ყოველთვის ვარ ძალადობის და ომის წინააღმდეგ. ომი ყოველთვის ცუდია, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის თუ სხვა. ამას არასდროს მოაქვს კარგი კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მოძალადეები ყოველთვის მარცხდებიან და ადრე თუ გვიან, ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება.

როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ალბათ არავის ეგონა, რომ ამ ომის გამჩაღებლები დაისჯებოდნენ. მაგრამ ვიცით, რომ ნიურნბერგის პროცესი წლები გრძელდებოდა და ყველა სამხედრო დამნაშავე დაისაჯა“, – ამბობს მაია ბლიაძე.

სკოლის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, მაია ბლიაძე.

მისი თქმით, ეს ომი განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის, რადგან მისმა თაობამ გამოიარა ჯერ აფხაზეთის ომი, შემდეგ კი სამაჩაბლო. „ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა, ჩემი ორი მეგობარი დაიღუპა აფხაზეთის ომში და, ბუნებრივია, ცუდად მოქმედებს ჩვენზე“, – ამბობს ის.

მოსწავლეებმა კი უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს ტაშით და შეძახილით – „სლავა უკრაინე“.

რაც შეეხება ეკოლოგიას. მაია ბლიაძის თქმით, გლობალურ დათბობაზე, ოზონის ხვრელზე იმ შემთხვევაში იქონიებს ომი გავლენას, თუ ქიმიური იარაღი ან სხვა მსგავსი ნივთიერება იქნება დიდი ოდენობით გაფრქვეული ატმოსფეროში.

მოსწავლეების შეხვედრა გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი გეოგრაფიის ცოდნა?როგორც მაია ბლიაძე ამბობს, გეოგრაფია არის გამოყენებითი და პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი მისი შესწავლისას. სახელმძღვანელოს შედგენის დროს კი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რამდენადაა ის მორგებული მოსწავლეზე და ვაწვდით თუ არა საკითხებს ისე, რომ ბავშვებში ინტერესი გამოიწვიოს.

„ერთია, რომ როცა მზამზარეულ ინფორმაციას აწვდი მოსწავლეს, მაგრამ ასეთი ინფორმაცია დიდხანს არ ჩერდება თავში, ამიტომ აქცენტი გვაქვს აღებული იმაზე, რომ ყველა რესურსი, იქნება ეს ფოტოები, რუკები თუ სხვა ვიზუალური მასალა, ბავშვს აძლევდეს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას და სურვილს აღძრავდეს მასში, რომ მოიკვლიოს, გაანალიზოს, იაზროვნოს.

რეალურად, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ მოსწავლე გახდეს აქტიური. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ კომპლექსურ დავალებებზე აქცენტს, რადგან ეს ეხმარება ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში“, – ამბობს მაია ბლიაძე.

შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

მისი აზრით, კარგი იქნება თუ სახელმძღვანელოებში თანამედროვე ტექნოლოგიებიც იქნება გამოყენება და დამატებით წყაროებზე ხელმისაწვდომობის მიზნით შტრიხკოდები დაემატება ფურცლებზე.

„დაანათებს ბავშვი ტელეფონს და მიიღებს დამატებით ინფორმაციას მარტივად. ბევრ მონაცემზე ექნება წვდომა და სახელმძღვანელოებიც განიტვირთება“, – გვეუბნება ის.

ბავშვების კითხვაზე – თუ რატომ უნდა ვიცოდეთ ცუნამის შესახებ, თუკი ის არ გვემუქრება ჩვენ და არ ვცხოვრობთ ამ არეალში? მაია ბლიაძე ბავშვებს უხსნის, რომ ჩვენ ადამიანები დროისა და სივრცის ნაწილი ვართ და გეოგრაფია სწორედ ამ ყველაფერს სწავლობს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მობილურ გარემოში, დღეს თუ აქ ვართ, ხვალ შეიძლება სხვა კონტინენტზე აღმოვჩნდეთ, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა კლიმატი, რა გარემოა ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში. რას შეიძლება ველოდოთ იქ.

ადრე ანეკდოტად დადიოდა ერთი ამბავი, რომ საქართველოდან თებერვალში ბრაზილიაში კარნავალზე ქურთუკებით წასულან დეპუტატები. ალბათ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათ ბრაზილიაში ქურთუკები არ დასჭირდებოდათ.

უნდა იცოდე, სად რა გარემოა, მხარი უნდა აუბა თანამედროვეობას, რადგან ჩვენ გლობალურ და მობილურ სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს მაია ბლიაძე.

მოსწავლე ლიზი გრიგოლია „ბათუმელებს“ მის გამოცდილებაზე უყვება. მისი თქმით, გეოგრაფიას თავიდან არც თუ დიდი სიყვარულით სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით დამოკიდებულება შეიცვალა.

მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები – ლიზი ტაკიძე, ანა კაკალაძე და ლიზი გრიგოლია.

„ძალიან ხშირად, საგნის სიყვარულს მასწავლებელი განაპირობებს, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემი მასწავლებელი ნესტან კორძაია ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აქტიურ გაკვეთილს. ბევრი კითხვა, ბევრი მოქმედებაა სწავლის პროცესში. გავდივართ გარემოში და არასდროს არ ჰგავს ჩვენი გაკვეთილი მხოლოდ – წაიკითხე, მომიყევი და ასე შემდეგ.

ბევრი რამ გადავაფასე. მაგალითად ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით სიარული. მირჩევნია ერთი საათით ადრე გამოვიდე სახლიდან და ფეხით ვიარო, ვიდრე ავტობუსით ვიმგზავრო. ვფიქრობ, ამით გარემოს ვეხმარები, რადგან გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს, დაბინძურებული ჰაერი კი ჩვენს ორგანიზმს.

სხვათა შორის, სანამ გეოგრაფიის სწავლას დავიწყებდი, არასდროს ვუფრთხილდებოდი ენერგიას. სახლში მთელი დღე ჩართული იყო ტელევიზორი, კომპიუტერები, ტელეფონები.

ახლა ყოველთვის ვცდილობ ენერგიის გამოყენებაც შევამცირო და ოჯახის წევრებსაც ამას ვეუბნები“, – გვეუბნება ლიზი.

ანა კაკალაძის აზრით, გეოგრაფიის ცოდნა ძალიან გეხმარება უცხო გარემოში ორიენტაციაში. „ყოველთვის უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ვთქვათ სხივი, განათება, ვარსკვლავები, მდინარის მიმართულება ორიენტაციისთვის.“

ლიზი ტაკიძე კი გვეუბნება, რომ საკითხის უკეთ გააზრებაში, გაკვეთილზე სასწავლო მასალის შესწავლისას, ძალიან ეხმარება პირადი მაგალითების განხილვა, დაკვირვება და მსჯელობა.

სახელმძღვანელოს ავტორთან მოსწავლეების შეხვედრა გეოგრაფიის მასწავლებელმა ნესტან კორძაიამ უზრუნველყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: