მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

15.04.2022 • 1817
„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა გაანულო,“ – ყველაზე მეტად ამ რისკს ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს თავი აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ საქართველომ თავად ვეღარ აღიქვას თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად.

ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ რუსეთზე საუბრით დავიწყეთ: არის თუ არა უფრო საშიში დღევანდელი რუსეთი, ვიდრე თუნდაც მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიაზე მდგომი საბჭოთა კავშირი იყო?

  • ბატონო ზვიად, რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ დღევანდელი რუსეთი ბევრად საშიშია, ვიდრე საბჭოთა კავშირი? 

ჩვენ რა საბჭოთა კავშირიც გვახსოვს, ეს უკვე იყო გადარჩენის რეჟიმში არსებული იმპერია, რომელსაც ეროზიული პროცესი ჰქონდა დაწყებული. თანამედროვე მოქალაქეებს არ გვახსოვს საბჭოთა კავშირის, როგორც მოდერნიზებული იმპერიის შექმნის პროცესი, რომელიც ალბათ არანაკლებ მტკივნეული იყო… ისტორიული პარალელების მიხედვით, ის ისეთივე დაუნდობელი და მკაცრი იყო, როგორიც დღეს არის რუსეთის მმართველობის დამოკიდებულება დანარჩენი სამყაროს მიმართ.

დღესაც ზუსტად იმავე ლოზუნგებით გამოდის რუსეთის მმართველობა, მისი პრეზიდენტი და ამბობს, რომ რუსეთმა უნდა დაიბრუნოს თავისი იმპერიული ძლიერება. პერიოდულად აქამდეც გვახსენებდნენ ამას, რადგან იმპერიის საზღვრები მუდმივი არ არის, ის იცვლება და როდესაც დგება მომენტი, რომ დაკარგული უნდა „აღიდგინო“, ის გაცილებით საშიში და სასტიკია. საბჭოთა კავშირი იყო უფრო შენარჩუნების რეჟიმი და ისიც სჩადიოდა განუსაზღვრელ ძალადობას. რეალურად, ყველა ეტაპზე იმპერია არის ძალადობრივი, რაც არის დამანგრეველი, რადგან იმპერია არ აღიქვამს ადამიანებს, ერებს, საზოგადოებას, ის აღიქვამს მხოლოდ ტერიტორიებს.

დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის იმპერიის მორიგ ტკივილს, ტანჯვას, ჭინთვებს, როცა ის ცდილობს, დაუბრუნდეს თავის იმპერიულ საზღვრებს და თქვას, რომ „ეს ჩემია“ და რაც ჩემია, არ უნდა ჰქონდეს სხვა სახელი; იქ მცხოვრებ ადამიანებსაც არ უნდა ერქვათ სხვა სახელი და ეს უნდა იყოს რუსეთი.

ვხედავთ, როგორც იცვლება რუსეთის იმპერიალისტური რიტორიკა ომის მსვლელობის დროს: ომის დაწყების წინ ლენინს აკრიტიკებდა პუტინი, როდესაც თქვა – დიდი შეცდომა იყო თურმე, უკრაინას სახელი რომ მისცა, მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი ჩამოუყალიბა, რის გამოც მას მიეცა შესაძლებლობა საბჭოთა კავშირი ფორმალურად დაეტოვებინაო.

რუსეთისთვის წარმოუდგენელია, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რუსეთმა აღიქვას დამოუკიდებელ ქვეყნებად. მთავარი ამოცანაც ეგაა – პუტინმა განაცხადა, რომ საერთოდ უნდა დავივიწყოთ უკრაინის არსებობა. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ბელორუსიც არ უნდა არსებობდეს. ეს იყო გზავნილი ბელორუსიელი საზოგადოებისთვის მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათი მმართველობა ლოიალური და მონურია რუსეთის მიმართ, მაგრამ ხვალ მათი ნიველირებაც მოხდება. არავინ იცის, ვინ აღმოჩნდება შემდეგი სამიზნე.

ბუნებრივია, ასეთივე დამოკიდებულება ექნება რუსეთს საქართველოს მიმართაც, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, არასდროს არ განიხილებოდა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაში. ის ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ტერიტორიული შენაერთები: თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია, სოხუმის სამხედრო ოლქი, ბათუმის ოლქი, როდესაც მოხდა მისი შემოერთება და ასე შემდეგ.

  • თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს რუსული პროპაგანდის გავლენას საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, სადაც არსებობდა კონკრეტული იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმის სახით?

ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს სოციალისტურ-კომუნისტურ იდეოლოგიას ჩაუფენ რუსეთის იმპერიულ განვითარებას, ნაციონალისტურს თუ „ველიკოდერჟავულს“. მთავარი ნორმა არის ცალსახა: რუსეთის ტერიტორიული გაფართოება, დიდ სივრცეზე რუსეთის იმპერიალიზმის განვითარება, ადამიანზე ძალადობა, მისი დამორჩილება და თავისუფალი ნების შეზღუდვა. ეს არის ცალსახად დამახასიათებელი რუსული საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც დაიწყო განვითარება რუსეთმა, როგორც იმპერიამ,  გამოიმუშავა იმპერიალისტური იმუნიტეტი და ეს თქვა: „სხვა მდგომარეობაში ყოფნა არ შემიძლია“.

რა თქმა უნდა, იყვნენ მოაზროვნეებიც, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ უსისტემოდ არ შეიძლება იზრდებოდეს ეს ტერიტორიები და არ შეიძლება ქვეყანას არ ჰქონდეს თავისი ღირებულებითი ღერძი, როგორც, მაგალითად, ეს ჰქონდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ამ კატეგორიის ადამიანების ადგილი არ მოიძებნა რუსეთის იმპერიაში. დღეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ხედვა ჰქონდა ნიკოლოზ მეორეს, რომელსაც შემოეფცქვნა რუსეთის იმპერია ხელში, შემდეგ კი, ახალი იდეოლოგია მოიფიქრეს ლენინმა და სტალინმა და შექმნეს მოდერნიზებული იმპერია…

ამ პროცესში მთავარი იყო ის, რომ წაშლილიყო ადამიანის თავისუფალი ნება, რომ მთავარია თემური აზროვნება და თემური მოწყობა ზოგადად, რასაც შემდეგ დააფუძნეს კოლექტივიზაციის მოდელი. სხვათა შორის, ინდუსტრიალიზაციაც ამ თემურ ცნობიერებაზე იყო დაფუძნებული, პერიოდულად შემოიტანეს ტრანსფორმაცია დავუშვათ მართლმადიდებლობის კონცეპტისა და ჩაანაცვლეს კომუნისტური იდეოლოგიით, რომელიც იყო თანასწორობისა და თავისუფლების ფსევდო სახე.

რეალურად, რასაც ეფუძნებოდა რუსეთის იმპერია, ვთქვათ, რომანოვების დინასტიის დროს, ეს იყო თვითმპყრობელობა, თემობა და მართლმადიდებლობა – ტრანსფორმაცია გააკეთეს და მას შეუნარჩუნეს იმპერიული ბუნება. ამიტომაც იყო, რომ როდესაც კომუნისტური იდეოლოგია მოიშალა, მიუბრუნდნენ ისევ მართლმადიდებლობას და ის გამოიყენეს ბრძოლის იარაღად, ისევ გადაწყვიტეს, ეთქვათ, რომ აი, ჩვენ ვართ ახალი კონსტანტინოპოლი; ჩვენ ვართ მესამე რომი.

ისინი ასე უყურებენ, რომ ქრისტიანობა არის არა ღირებულებითი სისტემა, არამედ ფორმა, რომლითაც დაამყარებდნენ საკუთარ თვითმპყრობელობას. მათ რელიგია სჭირდებოდათ იმპერიის ჩამოყალიბების გზაზე, როგორც ძალადობის იარაღი. დღეს იმპერიული ცნობიერება შევიდა ყველაზე კრიტიკულ ფაზაში და თვითდამანგრეველი გახდა, ვხედავთ, რომ ისინი ეპოტინებიან ამ იდეას.

  • რა აჩვენებს, რომ რუსეთის იმპერიული ცნობიერება ახლა კრიტიკულ ფაზაშია და რუსეთის ომი უკრაინაში თვითგანადგურებაა? 

ბუნებრივია, ამ იმპერიას თავისი ისტორიის მანძილზე რაღაც პოზიტიური ფაზებიც ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის იმპერია არასდროს არ ქმნის საუკეთესო გარემოს. ამიტომაც, თავისუფალი ადამიანები ნებისმიერ დროს უპირისპირდებოდნენ ნებისმიერი იმპერიის არსებობას. იმპერია თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იქ კოლექტიური ცნობიერება უნდა იყოს ძლიერი და კოლექტივმა უნდა შეინარჩუნოს იმპერიული სულისკვეთება. ყველა, ვინც გამოხატავს პროტესტს, ის იდევნება. ეს ყველა იმპერიისთვის დამახასიათებელია.

ლიბერალური ცნობიერების განვითარებამ კი გამოიწვია ის, რომ იმპერიების დაშლა დაიწყო, რეალურად მივიდნენ ადამიანები იქამდე, რომ კოლონიზაციაზე უარი თქვეს, იფიქრეს, რომ ასე უკეთესი საფუძველი იქმნებოდა განვითარებისთვის. ამ დროს კი, ვიღაც ამბობს, რომ არა, მე უნდა აღვადგინო ჩემი ისტორიული გამოცდილება და დაიწყეს ადამიანების დაჯერებას იმაში, რომ შენ ძლიერი ხარ, ყველაზე დიდი ტერიტორია გაქვს, ყველაზე დიდ სამხედრო ძალას ფლობ, ყველაზე დიდი ბუნებრივი სიმდიდრეების მფლობელი ხარ და აქცენტს აკეთებ გრანდიოზულობაზე. ასეთ იმპერიაში მცხოვრებ ადამიანს დაქვეითებული, მინუსებშიც კი აქვს გადასული თავისუფალი ნება და ის მისდევს კოლექტივს. ამიტომაც არის, რომ სხვა ფორმულას ჩვენ არც კი გვთავაზობს იმპერიული საზოგადოება. ეს ფორმულა ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ ვარ ძლიერი, მაშინ ვსუნთქავ და ვარსებობ, როცა ვარ იმპერია. თუ არ ვიქნები იმპერია, დავიშლები და გავნადგურდები.

შესაბამისად, აქ სხვა მექანიზმი აღარ რჩება, რომ ხდებოდეს იდეოლოგიური შტურმი ადამიანებზე, ხოლო ხელისუფლების ხელში არ რჩებოდეს ძალაუფლების დიდი კონცენტრაცია. ეს არის რუსეთის მთელი სამი საუკუნის ისტორია. ის არ არის ორიენტირებული განათლებაზე, პროგრესზე, თავისუფლებაზე…

ჩვენ ვნახეთ რუსეთის მმართველი, რომელმაც თქვა: უკრაინა აღარ უნდა არსებობდეს, უკრაინა ეს არის რუსეთი. მანამდე კი, მოვისმინეთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო რუსული სახელმწიფოს დარღვევა. ის, რომ მოკავშირე რესპუბლიკებმა, ბრძოლით თუ მოულოდნელად მოიპოვეს ეს დამოუკიდებლობა, ეს რუსეთის დღევანდელ მმართველს აქვს აღქმული, როგორც რუსული იმპერიის რღვევა და აჯერებს საზოგადოებას, რომ კი, გვაქვს სისუსტეები, ჩვენი ცხოვრების დონე არის დაბალი, მაგრამ ჩამორჩენილი იმიტომ კი არ ვართ, რომ მე არ გაძლევთ განვითარების საშუალებას, არამედ „რუსული სახელმწიფო“ დაგვინგრიეს, მოვიდნენ, შეთქმულება მოაწყვეს და რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ, ეს ტერიტორიები რომ გვქონოდა, ვიქნებოდით განვითარებული.

რუსეთში დაიჯერეს, რომ უკრაინა საერთოდ უნდა გაქრეს, როგორც ტოპონიმი, საზოგადოება. ამით რუსეთს მაინც არაფერი ეშველება, მაგრამ თუ რუსეთი წარმატებით მიიყვანდა ომს ბოლომდე, ის უკვე მოიპოვებდა მნიშვნელოვან ნდობას თავის მოქალაქეებში.

  • ანუ ომში დამარცხების შემთხვევაში, ელით იმპერიული ხედვის თვითგანადგურების დაწყებას? 

ეს დაიწყება, რადგან ლოგიკური პროცესია… ბუნებრივია, რუსეთი ამ მიწებს ვერ დაიბრუნებს. ყველა ომს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ომმა ყველაზე კარგად დაგვანახა ის, რომ რუსეთს არ გააჩნია რესურსი თავისი იმპერიის გაფართოების. ის ვერ დაიპყრობს უკრაინას, ლოგიკურად ვერ დაიპყრობს ვერცერთ სხვა ტერიტორიას, რომელიც მის მმართველს მიაჩნია რუსეთის იმპერიის ახირებად, რადგან საბჭოთა კავშირს ისინი აღიქვამდნენ, როგორც „რუსულ სახელმწიფოს“ ანუ რესპუბლიკებს, რომლებიც გავიდნენ საბჭოთა კავშირიდან, მათ მიაჩნიათ რუსულ ტერიტორიებად. ამ ტერიტორიების დაბრუნების რესურსი მას პრაქტიკულად არ აქვს. თვინიერ რუსეთში დაიწყება პროცესი, რომელიც გამოიწვევს ამ სახელმწიფოს დეცენტრალიზაციას.

  • რა თვალსაზრისით ელოდებით დეცენტრალიზაციას? 

დეცენტრალიზაციას არა სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით, არამედ როგორც ამ სახელმწიფოს დაშლის პროცესს, რადგან შეუძლებელია, შეუთავსებლობის შეთავსება გაგრძელდეს… ეს პროცესი აუცილებლად დაიწყებოდა რაღაც პერიოდში, მაგრამ ომმა უკრაინაში ეს პროცესი კიდევ უფრო მოამწიფა: ადამიანებს დიდი ზარალი მიადგათ რუსეთშიც, დაზარალდნენ ფედერალური მხარეები, როგორც თავად მოიხსენებენ და საკმაოდ მრავალფეროვანი, განსხვავებულ პოზიციებზე დაფუძნებული ეთნოსებია იქ. რეალურად ეს არის ძალადობაზე დამყარებული მმართველობის სისტემა, რომელიც დაიწყებს ტრანსფორმაციას და ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესი.

რუსულ საზოგადოებაში ასევე გაღრმავდება უთანხმოების პროცესი. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ დისკუსიას – როგორ უნდა მოხდეს თავად რუსეთის მოდერნიზაცია, რა ფორმით უნდა არსებობდეს რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ან სხვაგვარ რუკაზე. რუსეთ-უკრაინის ომი დღეს არის ყველაზე ღია გამოხატულება ამ კრიზისებისა, რომელიც რუსეთის საზოგადოებაში არსებობს. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის.

  • საქართველო სად არის ამ დროს თავისი განცხადებებით? ვხედავთ, რომ დასავლეთი „რკინის ფარდას“ უშვებს რუსეთთან და მასთან დიალოგსაც კი აღარ განიხილავს. 

ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს ის, რაც არის მთელი სამყაროს საზრუნავი, რომ ამ პროცესში  არ აღმოვჩნდეთ ნებით თუ უნებლიეთ რუსეთის მოკავშირე, იმ ქვეყნის მოკავშირე, რომელიც აწარმოებს იმპერიალისტურ ომს. ვხედავთ, რომ არც ერთი სახელმწიფო არ უცხადებს სოლიდარობას რუსეთს, მათ შორის, საზოგადოების დონეზე ბელორუსიაც კი არ აკეთებს ამას და პრეზიდენტმაც ვერ აიღო პასუხისმგებლობა, მაგალითად, შეიარაღებული ძალები ჩართულიყო ომში, რადგან არის შიში, როგორ იმოქმედებს ეს ჯარი. ბელორუსის პრეზიდენტი მხოლოდ ვერბალურად მონაწილეობს ამ პროცესში. ეს არაფერში არგებს პუტინს, გარდა იმისა, რომ ერთი სახელმწიფო ჰყავს მოკავშირე და მეტი არავინ.

მიმაჩნია, რომ აქ ღია უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ნებისმიერ, ასეთი ტიპის იმპერიალისტურ აგრესიას განიხილავს მიუღებლად და ის ამას ყოველთვის შეეწინააღმდეგება. ჩვენ ნება უნდა გამოვხატოთ. სახელმწიფოს ნების გამომხატველი კი, ყოველთვის არის ხელისუფლება.

  • ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. 

ომის დაწყებიდან მთელი ამ 50 დღის განმავლობაში მე არ მომისმენია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განცხადება, რომ ჩვენ ვგმობთ ომს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საომარი მოქმედება უკრაინაში. ეს არის პრინციპული საკითხი, ამაზე უნდა ჰქონდეს რეაქცია საზოგადოებას. უნდა იყოს მეტი პასუხის მოთხოვნაც ხელისუფლებაზე, რატომ არ აკეთებს ის ამას.

მაჩვენეთ საქართველოს პარლამენტის რაიმე რეზოლუცია, სადაც მან დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და მე მოვითხოვ პატიებას, თუ მოვისმენ თუნდაც ერთ განცხადებას საქართველოს მთავრობის, რომ ჩვენ ვგმობთ ომს უკრაინაში და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის მმართველობას, რომ შეწყვიტეთ ეს ომი. მე ეს არ მომისმენია და მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი.

  • რა საფრთხეს ხედავთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაში? სად შეიძლება აღმოვჩნდეთ? 

თუ იმ განცხადებას არ გააკეთებს სახელმწიფო, რაც აღვნიშნე, გამოვა, რომ ხელისუფლება ელის, როგორ დასრულდება ომი. გამოვა, რომ მას სურს მისასვლელი პირი ჰქონდეს ორივე მხარესთან, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს. ეს მიდგომა არ არის პოლიტიკურ მორალს დაქვემდებარებული. სახელმწიფომ მსგავს ვითარებაში ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ომის, ადამიანების მიმართ გამოხატული ძალადობის, ვანდალიზმის, კაცობრიობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ. მან უნდა მოუწოდოს აგრესორს, შეწყვიტოს ომი.

თუ დააკვირდებით, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში ის ადამიანებიც კი, რომლებიც არიან ხელისუფლების მიმართ ლოიალურები, ამბობენ, რომ ომი უნდა დასრულდეს, ეს საშინელებაა, მაგრამ უცბად მოუწოდებენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დამთავრდეს ომი. რეალურად ისინი მიიჩნევენ, რომ აგრესორი კი არ არის დამნაშავე, არამედ თურმე მსხვერპლია დამნაშავე და მან კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, რადგან იზრდება მსხვერპლის რაოდენობა.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ის ვერ უჭერს მხარს სანქციებს… ამ სანქციებს საჯაროდ ვერ უერთდები, თუმცა ამბობ, რომ რაღაცებს იცავ, რაღაც საკითხებში საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ შემდგომ ვარდები ისეთ ვითარებაში, რომ თავდაცვის მდგომარეობაში დგები და ვერ ამბობ, რას ეფუძნება, მაგალითად, უკრაინის საგარეო სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია, რომ რაღაც კონტრაბანდული ნივთების გატანა ხდება საქართველოდან რუსეთში. ამიტომაც, როცა პოლიტიკა არ გაქვს, მერე შენ თვითონ იხლართები ამ გაურკვევლობაში.

  • ხელისუფლება ხშირად ახსენებს სტაბილურობას, რომ მისი რიტორიკის მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა. 

მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ვართ მსოფლიოს ნაწილი. თუ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს ამ განცდას, მაშინ ის დაკარგავს ყველაფერს, მათ შორის, თავისუფლებას, უსაფრთხოებას, მშვიდობას და სახელმწიფოსაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც ხდება დღევანდელ სამყაროში, მოახდენს გავლენას პირდაპირ ან ირიბად ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს პერსპექტივაზე. ამიტომაც, ჩვენ ამ პროცესს კი არ უნდა გავემიჯნოთ და დავიმალოთ, რომ თუ ჩვენ ახლა ვერ შეგვამჩნევენ, ეს უკეთესია, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა პლატფორმაზე, რომელიც დღეს ყალიბდება და მსჯელობენ არამხოლოდ იმაზე, თუ როგორ გადატეხონ რუსეთის იმპერიული ხერხემალი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სამყარო ომის შემდეგ. ჩვენ ამ პროცესის მიღმა ვართ დარჩენილი და ესაა პრობლემა.

არ არსებობს მსოფლიო რუკაზე სახელმწიფო, რომელსაც ვერ ამჩნევენ. დღეს რუსეთიც ამჩნევს საქართველოს როგორ იქცევა, ანტისაომარი კოალიცია და უკრაინაც ამჩნევს ამას. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ძალიან ხისტია, როგორც ხედავთ, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან თვითონ არის რთულ მდგომარეობაში და ყველაფერს თავის სახელს არქმევს – ზელენსკის ყველა საჯარო გამოსვლა არის მამხილებელი გამოსვლა. ამიტომაც, ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენი არათანმიმდევრულობა, ეს მიდგომა, რომ აი, დავიმალოთ, ვერავინ შეგვამჩნიოს, ეს დარჩება შეუმჩნეველი, ეს გამორიცხულია. ჩვენი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რასაც აკეთებს ზელენსკი, იმიტომ აკეთებს, რომ რამე პერსონალური ჯავრი აქვს ჩვენი, თუ იმიტომ, რომ ასე არ უნდა მოიქცეს თავმოყვარე საზოგადოება?

  • საზოგადოების აქტიურობა საქართველოში ზელენსკიმაც აღნიშნა. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყანას. რა ძალა აქვს მსგავს პროცესებში საზოგადოების პოზიციას? 

ქართულ საზოგადოებას ცალსახად ნათქვამი აქვს, რომ მას სურს დამოუკიდებელი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველა სხვა დამოკიდებულება არის მიმართული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენს საზოგადოებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება, რომ, მაგალითად, საქართველო უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა და გაცხადებული ნების წინააღმდეგ მიმართული დივერსია. ამას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს მთავრობამ, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერაა არჩეული. შესაძლოა, ამ არჩევნების ხარისხის მიმართ იყოს საზოგადოების პროტესტი, მაგრამ თავად არჩევნები იმის მაჩვენებელია, რომ ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველობის არჩევა და ამიტომ კეთილი უნდა ინებოს მმართველობამ, რომ პასუხი აგოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე და არ გახადოს ეს თემა საჯიჯგნი.

საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოზიცია ემსახურება არამხოლოდ იმას, როგორ შეაფასებენ ამას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, არამედ მისი მკაფიო პოზიცია, პირველ რიგში, სჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. საქართველოს დამოუკიდებლობას სჭირდება ის, რომ ასეთ კრიტიკულ ფაზაში პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, რომელიც პასუხის აგებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, არ შეიძლება გააჩინოს სხვა ლოზუნგი, რომელმაც შეიძლება შეიწიროს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ უნდა დათმო ძალაუფლება. თუკი ამ დროს იტყვი, რომ მთავარია მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ და მთავარია მშვიდობა, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ შენ მოქალაქეების მშვიდობას და უსაფრთხოებას უპირისპირებ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იდეას. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას როდესაც გაწირავს მმართველობა, ის იხსნის სრულიად პასუხისმგებლობას.

ეს ომი აუცილებლად დასრულდება იმპერიალიზმის მარცხით, უკრაინიდან რუსების განდევნით, ამის შემდეგ შესაძლოა რუსეთს დიდი რესურსი არც აღმოაჩნდეს, რომ რაიმე სახელმწიფოებრივი ხიფათი შეგვიქმნას, მაგრამ უკვე თავად საქართველოს გაუჭირდება აღქმა თავისუფალი სამყაროს ნაწილად იმის გამო, რომ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მკაფიოდ ვერ ვთქვით სათქმელი. ეს არის დღეს ყველაზე დიდი რისკი.

  • მკაფიოდ პოზიციის გამოხატვის გარდა კიდევ რა უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა? 

საქართველოს პოლიტიკური მმართველობისგან საზოგადოებამ მიიღო ერთი გზავნილი ომის რისკებზე. რის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო? – ჰიპოთეტური შიშები არ არის რისკი. ასეთი შიშები შესაძლოა ჰქონდეს მშიშარა ადამიანს ან მშიშარა ხელისუფლებას, მაგრამ აქ არის საუბარი რისკებზე. შიშებზე კი არ უნდა გვესაუბრებოდეს ჩვენ ხელისუფლება, ის უნდა გვესაუბრებოდეს რისკებზე.

შესაბამისად, რისკების პრევენციაზე უნდა მუშაობდეს ხელისუფლება. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ელაპარაკება შიშებზე, რადგან მასაც ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს. არ შეიძლება შიშს შევწიროთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

როდესაც შენ ხარ ხელისუფლება, უნდა აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკურ პოზიციაზე, რისკების გარკვევასა და ამ რისკების პრევენციაზე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა ამ ომის დასრულების შემდეგ გახდეს სრულუფლებიანი წევრი თავისუფალი სამყაროსი. ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ განვითარების პერსპექტივა გაანულო.

ამოცანა ასეთია: უნდა იყოს თანმიმდევრული და მართალი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: