ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში

28.03.2021
როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. მიკროავტობუსს ქედაში ტენდერით შეისყიდიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობიდან თანხმობას ელოდებიან. თუ სატენდერო და შესყიდვის პროცედურები რაიმე მიზეზებით დროში არ გაიწელა, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი ქედაში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება.

ქედის საკრებულოს აპარატის უფროსმა, მუხრან სალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიკროავტობუსი დროებით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იქნება, მოგვიანებით კი, კერძო კომპანიას გადაეცემა მართვაში. საწყის ეტაპზე მიკროავტობუსით მგზავრობა დაბაში უფასო იქნება.

„ქედაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და მიკროავტობუსი დაბის ოთხ მთავარ ქუჩაზე იმოძრავებს, სადაც მუნიციპალური და სხვა სერცვისები და ორგანიზაციებია თავმოყრილი. მგზავრობის ფასს რაც შეეხება, საწყის ეტაპზე მოქალაქეებს ფასიან სერვისს ვერ შევთავაზებთ, მიკროავტობუსი გარკვეული დროით მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება, ფასის დადგენა შემდგომი საკითხია,“ – გვითხრა მუხრან სალაძემ.

ელექტრომიკროავტობუსს ქედის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოდან მიღებული გრანტით შეიძენს. გრანტი 77 235 აშშ დოლარია.

გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტი სპეციალურ ავტოფარეხსაც ააშენებს, სადაც ელექტროავტობუსი დაიმუხტება კიდეც. ავტოფარეხის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 5 აპრილს დასრულდება. [აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ავტოფარეხის პროექტის გარდა, ასევე შეისყიდის დაბა ქედაში სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობისა და სოფელ დოლოგანში სოფლის სახლის მშენებლობისთვის საჭირო პროექტებს. სატენდერო თანხა 30 ათასი ლარია.]

ქედის მუნიციპალიტეტი საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებულია. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2021 წლის თებერვალში მოეწერა.

ამავე თემაზე:

ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: