მთავარი,სიახლეები

რუსეთი იტაცებს ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადასაცემად – უკრაინა დახმარებას ითხოვს

14.04.2022 • 1547
რუსეთი იტაცებს ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადასაცემად – უკრაინა დახმარებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ორგანიზებულად ცდილობს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანას და რუსულ ოჯახებზე გაშვილებას. საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და სასწრაფო რეაგირებას სთხოვს.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მიმართავენ მიუღებელ ქმედებებს – ადგილი აქვს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების უკანონო და იძულებით გადაყვანას, მათ შორის არიან ბავშვები: ობლები, მზრუნველობას მოკლებული არასრულწლოვნები და ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.

ეს არის რუსეთის მიერ, უკრაინის კანონმდებლობით დადგენილი ყველა აუცილებელი პროცედურის დარღვევით, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის აშკარა საფრთხე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყება მიუთითებს, ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო აპირებს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციებთან გააფორმოს „შეთანხმებები“, რომლებიც მათ უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების რუსული ოჯახებისთვის  გადაცემის უფლებას მისცემს.

„კრემლის მცდელობა, შექმნას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის „ლეგიტიმური“ საფუძვლები, არის ომის წარმოების აღიარებული წესებისა და სამართლის ფუნდამენტური ნორმების ცინიკური უგულებელყოფა. საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანურობის ძირითადი სტანდარტების დარღვევით, რუსეთის სახელმწიფო ორგანიზებულად ეწევა ბავშვების გატაცებას და უკრაინელი ერის მომავლის განადგურებას“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც ამ საერთაშორისო შეთანხმებას შეერთებული ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც და უკრაინაც ვალდებულნი არიან, აღკვეთონ სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ ბავშვების უკანონო გაყვანა.

უკრაინის ხელისუფლება მიმართავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, იუნისეფს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისს და სთხოვს, მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინელი ბავშვების უკრაინის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად.

___

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 197 ბავშვი მოკლეს.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: