მთავარი,სიახლეები

40-ზე მეტი წელია ჭიბონს ვაკეთებ – მეჭიბონე ქედიდან

14.04.2022 • 1509
40-ზე მეტი წელია ჭიბონს ვაკეთებ – მეჭიბონე ქედიდან

61 წლის მურად თავართქილაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს და უკვე 40-ზე მეტი წელია, რაც ჭიბონებს აკეთებს. მისი თქმით, ერთნაირად უყვარს ჭიბონის კეთება და მასზე დაკვრა.

მურადი ამბობს, რომ არ უნდა ტრადიციული ინსტრუმენტის კეთების ტექნიკა დაიკარგოს, ამის საფრთხე კი რეალურია, რადგან დღეს ისე ხშირად აღარ ამზადებს ამ საკრავს, როგორც ადრე.

10 წლის იყო მურადი, როცა თავის მამას და მამის მეგობარს, მეჭიბონე ვასო ირემაძეს, სთხოვა მისთვის ჭიბონი გაეკეთებინათ.

„მამაჩემი დოლზე უკრავდა, ვასო – ჭიბონზე. ქორწილებში დადიოდნენ დასაკრავად. როცა მეც მოვხვდი ერთ-ერთ ასეთ ქორწილში და  ვნახე, როგორ უკრავდა ვასო ჭიბონზე, ამ საკრავით დავინტერესდი და მომინდა მეც მქონოდა.

მათ იცოდნენ ჭიბონის გაკეთება, მაგრამ ხშირად არ აკეთებდნენ. ვთხოვე, ჩემთვის გაეკეთებინათ და უარი არ მითხრეს, მაგრამ ჯერ ისევ პატარად მთვლიდნენ და არ ჩქარობდნენ. ჩემთვის ჭიბონის კეთების პროცესმა 6 თვე გასტანა“, – იხსენებს მურადი.

მურადის თქმით, როცა მისთვის მამა ჭიბონს აკეთებდა, თავადაც ეხმარებოდა. ხელსაწყოებს აწვდიდა და კეთების პროცესს დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მურადი ჭიბონის კეთებით დაინტერესდა, ამიტომ, მამასთან და ვასოსთან ერთად ატარებდა მთელ დღეს, როცა ისინი ჭიბონზე მუშაობდნენ.

ამბობს, რომ 13 წლის იყო, როცა პირველად გააკეთა ჭიბონი დამოუკიდებლად. ისწავლა ჭიბონზე დაკვრა და კარგადაც ცეკვავდა.

მურადი იხსენებს, რომ ხშირად სთხოვდნენ ჭიბონის გაკეთებას და სწორედ ამან უბიძგა ბოლომდე გაჰყოლოდა ამ საქმეს:

„ხშირად მთხოვდნენ ჭიბონის გაკეთებას. ტელეფონი არ იყო მაშინ, რომ დაერეკათ, მისამართს ვუტოვებდი და სოფელში მაკითხავდნენ, ხანდახან მეც ჩამქონდა შეკვეთები“.

მურადი გვიყვება, რომ ჭიბონის თხის ტყავისგან მზადდება და ყველაზე რთული სწორედ ტყავის დამუშავებაა.

თხის ტყავი ბოლომდე უნდა დამუშავდეს, ნაცრიან თბილ წყალში გაჩერდეს რამდენიმე დღე, ბეწვი რომ ბოლომდე გასცვივდეს და გასუფთავდეს. შემდეგ ტყავი ისევ ირეცხება და გასაშრობად იკინძება. სანამ ტყავი გახმება, მას არბილებენ.

„ტყავის დამუშავება ხანგრძლივი და ყველაზე რთული პროცესია. არ გვაქვს სითხეები, რითიც ტყავს დაარბილებ, ამიტომ ამის გაკეთება ხელით გვიწევს. უცებ რომ ტყავი გაიხეს ან გაიქლიქოს, აღარ გამოდგება გუდისთვის.

საკრავის წინა ნაწილი, ჩასაბერი, ლერწმის ხისგან მზადდება. ჭიბონის კეთების ბოლო ეტაპია გუდისა და ჩასაბერი ნაწილების გაერთიანება, რასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება, რათა ერთმანეთს ზუსტად მიემაგროს.

მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად რთული საქმეა ჭიბონის კეთება, ამ საქმისთვის თავის დანებება არასდროს მიფიქრია. ჭიბონს საოცარი ხმა აქვს, ყველგან შეგიძლია დაუკრა, ბარში თუ მთაში“.

მურადის თქმით იმისთვის, რომ ჭიბონი კარგად დამუშავებული იყოს, მის გაკეთებას დაახლოებით ერთი თვე მაინც სჭირდება. ერთი ჭიბონის მინიმალური ფასი 500 ლარია.

მურადს ჭიბონს ძირითადად ტურისტები უკვეთენ, თუმცა შეკვეთები ქართველი მომხმარებლებისგანაც აქვს.

მეჭიბონის შეფასებით, ჭიბონს ახლა უფრო ითხოვენ, ვიდრე ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, რადგან მაშინ საქართველოში არ შემოდიოდა ბევრი ტურისტი.

მურადი ჭიბონს ძირითადად მარტო ამზადებს, ხანდახან კი მისი ძმა, ისმაილი ეხმარება.

გვიყვება, რომ გასულ წელს ქედის LAG-ში 4500 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა და სახლში სახელოსნო მოაწყო. მათ, ვისაც ჭიბონის გაკეთება და მასზე დაკვრის შესწავლა უნდა, სახელოსნოში ასწავლის. რამდენიმე მოსწავლეს უკვე ასწავლა ჭიბონის კეთება და დაკვრა.

მურადი ჭიბონზე ხშირად უკრავს სახლში, დღესასწაულებზე და ქედის სხვადასხვა რესტორანში. ის 2007  წლიდან ანსამბლ „ფესვების“ წევრია.

„მოსწავლეები ბოლოს გასულ წელს მყავდა. ონლაინ ჭიბონზე დაკვრას ვერ ასწავლი, ვერც კეთებას, ეს უნდა ისწავლებოდეს პირისპირ. პანდემიის გამო მოსწავლეები ან მე რომ არ დავინფიცირებულიყავი, ვეღარ ვიკრიბებოდით”, – ამბობს მურადი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: