მთავარი,სიახლეები

16 თვე კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებთან, მედიცინა და მუსიკა – სტუდენტი ბათუმიდან

14.04.2022 • 2046
16 თვე კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებთან, მედიცინა და მუსიკა – სტუდენტი ბათუმიდან

24 წლის ელიზა ჩიკვაიძე მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია ბსუ-ში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელიზა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის კოვიდ განყოფილებაში მუშაობდა უმცროს ექიმად.

ელიზა ბაკალავრის დასრულებამდე მუშაობას არ აპირებდა, სხვა სტუდენტების გამოცდილებით იცოდა, რომ ეს ძალიან რთული იყო და მთელი ყურადღება უნდოდა სწავლისთვის დაეთმო, თუმცა პანდემიამ ელიზას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

„პანდემია რომ დაიწყო, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემს უფროს კოლეგებს, ექიმებს დავხმარებოდი. ძალიან სჭირდებოდათ მაშინ დახმარება, რადგან ძალიან მცირე იყო ადამიანური რესურსი“, – ამბობს ელიზა.

სანამ კლინიკაში მივიდოდა, სამდღიანი გადამზადება გაიარა და მუშაობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მუშაობაში ხელს უწყობდა უნივერსიტეტიც.

ეს ელიზას პირველი სამუშაო გამოცდილება იყო ჰოსპიტალში, თანაც – პანდემიისას. შიშობდა, რომ შესაძლოა კლინიკაში მუშაობა მისთვის რთული ყოფილიყო, მაგრამ ამბობს, რომ გარემომ, რომელიც კლინიკაში იყო, დაამშვიდა. ჩემი შეკითხვებისთვის ყოველთვის პოულობდნენ დროს ექიმები, პაციენტების სიმრავლის მიუხედავადო – გვიყვება ელიზა.

„ერთია, როდესაც სამსახურს იწყებ პანდემიამდე. განყოფილებაში მიდიხარ, თავისუფლად მოძრაობ და მეორე, როცა გაქვს ვირუსთან შეხება, ებრძვი პანდემიას. დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ საკუთარ თავსაც იცავ. გიწევს ფიქრი, თავადაც არ გადაგედოს ვირუსი.

ცოტა ხანში შევეჩვიეთ არსებულ მდგომარეობას და ბოლომდე პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე გადავერთეთ, რადგან მათ მართლა სჭირდებოდათ დახმარება. იმის შიში, რომ კოვიდი დამემართებოდა, არ მქონია“, – ამბობს ელიზა.

ელიზას კოვიდით მუშაობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დაინფიცირდა. ყოველდღე ჰქონდა შეხება კოვიდ პაციენტებთან და ყელის ტკივილის დაწყებისთანავე აიღო ტესტი და ვირუსი დაუდასტურდა. ამბობს, რომ კოვიდი მსუბუქად გადაიტანა, მხოლოდ ყნოსვა ჰქონდა დაკარგული. იზოლაციის დასრულებისთანავე დაბრუნდა სამსახურში და მუშაობა გააგრძელა.

რა იყო ყველაზე რთული? – ამ შეკითხვაზე ელიზა პასუხობს, რომ პირველ რიგში, ეს პაციენტთა დიდი ნაკადის მართვა იყო, როგორც რესურსების მხრივ, ისე – ემოციურად.

„კლინიკის მაღალი დატვირთვა პრობლემას ქმნიდა, თუმცა მუშაობის პროცესი ძალიან აქტიური იყო, მოდუნების საშუალებას არ იძლეოდა“, – ამბობს ელიზა.

ელიზა იხსენებს, რომ იყო შემთხვევები, როცა კლინიკაში შედიოდნენ პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ კოვიდი კი არა, სხვა დაავადებაც ჰქონდათ, კლინიკაში ხვდებოდნენ დედებიც ინფიცირებულ შვილებთან ერთად. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ბავშვი განმეორებით მოხვდა საავადმყოფოში კოვიდის დიაგნოზით.

„ჩვენთან ყველა ასაკის ბავშვები მოდიოდნენ, ძალიან პატარებიდან დაწყებული, 16-17 წლის მოზარდებიც კი. ბევრი მათგანი ვერც იაზრებდა, თუ რა ხდებოდა. ეგონათ, რომ ჩვეულებრივი გრიპი ჰქონდათ, სურდო და ამიტომ სტკიოდათ ყელი. უჭირდათ პატარებს პანდემიის აღქმა,“ – ამბობს ელიზა.

კოვიდით დაინფიცირებულ ბავშვებს სახლში წასვლა უნდოდათ, თანატოლებთან თამაში და ამის გამო იწყენდნენ ხოლმე. ელიზა გვიყვება, რომ ხშირად ეთამაშებოდა ბავშვებს, მათთან ერთად ხატავდა და მათ გამხიარულებას სხვადასხვა გზით ცდილობდა.

ჰყავდა ისეთი პაციენტებიც, რომელთაც კოვიდის არსებობის არ სჯეროდათ, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი ჰქონდათ.

ელიზა ჩიკვაიძე ჰოსპიტალში

ელიზამ მუშაობა მარტში დაასრულა, რადგან იაშვილის კლინიკაში კოვიდ განყოფილება პაციენტთა ნაკადის შემცირების გამო დაიხურა.

ის გვიყვება, რომ მისთვის უმცროს ექიმად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმიტომ იყო, რომ საშუალება მიეცა პანდემიის მართვაში თავისი წვლილი შეეტანა და ამასთან, ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო და თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობაც მიეცა.

ელიზა ამბობს, რომ თავის დროზე მედიცინის შესწავლა ადამიანების სიყვარულმა გადააწყვეტინა და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მიმართულებებზეც ფიქრობდა, საბოლოოდ მედიცინა აირჩია.

„სამედიცინოზე ჩაბარება არ მინანია, პირიქით, უფრო და უფრო მეზრდებოდა ამ სპეციალობის მიმართ ინტერესი ამ ხნის განმავლობაში,“ – ამბობს ელიზა.

მან ბსუ-ში 50% გრანტით ჩააბარა. პირველი კურსიდან იღებს სტიპენდიას და რამდენჯერმე ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიატიც გახდა.

მედიცინის გარდა ელიზას გატაცება და პროფესიული არჩევანიც, მუსიკაა. მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად იგი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მუსიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

„თერთმეტწლედი სკოლის დასრულებასთან ერთად დავასრულე. იქ ყველას ეგონა, რომ ვოკალის განხრით მივდიოდი და როცა ვუთხარი, სამედიცინოზე ვაბარებდი, შოკი ჰქონდათ – რატომ ტვირთავ საკუთარ თავს, მუსიკას მიჰყევიო.

მუსიკა ძალიან მიყვარს. სამედიცინოზე მეორე კურსს ვასრულებდი, როცა მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო და სამედიცინოს პარალელურად ჩავაბარე მუსიკის ფაკულტეტზე, კერძოდ, აკადემიურ სიმღერაზე და ახლაც ვსწავლობ“, – ამბობს ელიზა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: