ფრონტზე უკრაინული მუსიკალური არხის წამყვანი დაიღუპა

უკრაინული მუსიკალური არხის M2-ის ჰიტაღლუმის წამყვანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

34 წლის კარიმ გულამოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არხმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

„ამ წყეულ ომს საუკეთესოები მიჰყავს. ნათელი ხსოვნა გმირს. მშვიდობით განისვენე, მეგობარო“, – ასე დაემშვიდობა M2-ის ფეისბუქგვერდი ტელეწამყვანს.

ინფორმაცია დაადასტურა უკრაინელმა მომღერალმა ოლია ციბულსკაიამაც, რომლის მშობლებსაც ოკუპირებული ირპენიდან ევაკუაციაში კარიმ გულამოვი დაეხმარა.

„ჩემი ოქროს მეგობარი. გული მეგლიჯება. არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარასოდეს ჩავეხუტები და ვეღარასოდეს გავიგონებ მის ხმას. მადლობა მშობლების გადარჩენისთვის. გპირდები, რომ არასოდეს დაგივიწყებ. აუცილებლად შევხდებით. იძინე მეგობარო. უკრაინა გაიმარჯვებს! რადგან მის უკან შენსავით არაჩვეულებრივი ადამიანები დგანან“, – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში დაიღუპა კარიმ გულამოვი.

6 ივლისს დონეცკის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებისას რეალითი შოუს წამყვანი ალექსანდ სტრიკალი დაიღუპა.

მთავარი ფოტო: კარიმ გულამოვი/ფოტო: Instagram

ვინ არის კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელსაც დონეცკში სიკვდილით დასჯა ემუქრება

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ კიდევ ერთი ბრიტანელი ტყვის, ჯონ ჰარდინგის ვიდეო აჩვენა – ის ჰყვება, რომ სიკვდილით დასჯა ემუქრება და დახმარებისთვის ბორის ჯონსონს მიმართავს. ოჯახმა და მეგობრებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ ვიდეოში ნაჩვენები კაცი ნამდვილად ჯონ ჰარდინგია.

50 წელს გადაცილებული ჰარდინგი, რომელიც BBC-ის ცნობით, წარმოშობით სანდერლენდიდანაა და სამხედრო პარამედიკოსია, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ჰარდინგი მაისში „აზოვსტალის“ სხვა მებრძოლებთან ერთად დაატყვევეს. რუსულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ბრიტანელი პარამედიკოსი „აზოვის“ წევრი იყო, თუმცა როგორც ჰარდინგს თავისი მეგობრებისთვის ჰქონდა ნათქვამი, ის უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ირიცხებოდა.

ჰარდინგი 2018 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. როგორც მაშინ მან თავად უთხრა BBC-ს, უკრაინაში წავიდა, რათა როგორც სამხედრო ექიმს, თავისი უნარები უკრაინელთა დასახმარებლად გამოეყენებინა.

დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელს, 28 წლის ეიდენ ასლინსა და 48 წლის შონ პინერს. მათთან ერთად 9 ივნისს გაასამართლეს 21 წლის მაროკოელი, საადუნ ბრაჰიმი.

10 ივლისს კი დონეცკში დაიღუპა ტყვეობაში მყოფი ბრიტანელი მოხალისე, 45 წლის პოლ ური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-იდან იყო და რომელიც 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან, დილან ჰილისთან ერთად დააკავეს.

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლების მტკიცებით, პოლ ურის სიკვდილის მიზეზი „ავადმყოფობა და სტრესი“ გახდა.

22 წლის დილან ჰილი, რომელიც უკრაინაში ურისთან ერთად ჩავიდა, კვლავ ტყვეობაში რჩება. ჯონ ჰარდინგსა და დილან ჰილის გარდა ტყვეობაშია 35 წლის ენდრიუ ჰილიც, რომელსაც სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ასევე სიკვდილით დასჯა ემუქრება.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ „სამარცხვინო და სრულიად უკანონო სასჯელი უწოდა სასიკვდილო განაჩენს“ და არაერთი განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ უკრაინაში დაკავებული ბრიტანელები სამხედრო ტყვეები არიან და რუსეთი ვალდებულია, მათ ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოექცეს.

„ჩვენ მხარში ვუდგავართ ბრიტანეთის მოქალაქის ოჯახს და მისი დაკავებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვგმობთ დაკავებულთა პოლიტიკური მიზნებისთვის ექსპლუატაციას. ეს საკითხი არაერთხელ წამოვჭერით რუსეთის ხელისუფლებასთან. მუდმივი კავშირი გვაქვს უკრაინის მთავრობასთან და მათთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადამიანების გასათავისუფლებლად,“ – უთხრა ჟურნალისტებს ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მთავარი ფოტო: ჯონ ჰარდინგი/”ქართული ლეგიონის” ფოტო.

6 ადამიანი დაიღუპა ტორეცკში დაბომბვის შედეგად – უკრაინის სამაშველო

უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 18 ივლისს, დილას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს.

განადგურდა ორსართულიანი შენობა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს სამაშველო სამსახურმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვა, ნანგრევებიდან ამოიყვანეს 3 ადამიანი, რომელთაგან 1 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

_______________

ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური. ДСНС України/facebook

„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

უსინათლოთა კავშირის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელმა, ირმა ჩიხლაძემ, მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა.

ესმა გუმბერიძის თქმით, ირმა ჩიხლაძემ მას შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“.

ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს.

„ეს არის ჩემს პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, პირადი ცხოვრების განსჯა, რაც ასევე არაეთიკურია და არაადეკვატური. ასევე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაა ადამიანის, რადგან მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ კაცებისთვის ასეთი რამ ეთქვათ – დამშვიდდი ახლა, ცოლი მოიყვანე, თორემ ხომ ხედავ, ვერ ხარ დალაგებული. მე არ გამიგია პირადად ასე ელაპარაკებოდნენ  კაცებს,“- ამბობს ესმა გუმბერიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ის უსინათლოთა კავშირის წევრია და შესაბამისად, გარკვეული უფლებებიც აქვს.

„ამ ქალმა კი როგორ უნდა დაიცვას ჩემი უფლება, როცა დისკრიმინაციულად მომმართავს? თანაც, ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელია, არჩევით პოზიციაზეა. მას არ აქვს უფლება, კავშირის წევრებს ამ ენით ელაპარაკოს.

ეს ადამიანი იმიტომ არის იქ არჩეული, რომ წევრებს ემსახურებოდეს და როცა რომელიმე წევრს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ კომენტარს უწერ მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი დააფიქსირა, ეს არაეთიკურია,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფში ირმა ჩიხლაძე მას არა მარტო გენდერული ნიშნით შეურაცხყოფს, არამედ სხვა, არაეთიკური სიტყვებითაც მიმართავს.

„მე მივმართე უსინათლოთა კავშირის გამგეობას, რომ განიხილონ ჩიხლაძის ეს არაეთიკური საქციელი გამგეობის სხდომაზე, მაგრამ იმედი არ მაქვს, რადგან არც ეთიკის კოდექსი არ არსებობს კავშირში,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

„ბათუმელები“ ირმა ჩიხლაძესაც დაუკავშირდა. იგი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ კომენტარში პრობლემას ვერ ხედავს.

„რა დისკრიმინაცია, ვურჩიე უბრალოდ, რომ ოჯახი შექმნას. ოჯახი რომ ჰქონდეს, ვერ მოიცლიდა,“ – ამბობს ირმა ჩიხლაძე.

მას ვკითხეთ, მიმართავდა თუ არა კაცს იმავე ფორმულირებით ან ოჯახის ყოლა-არყოლა რატომ იყო კავშირში ადამიანის უფლებების დაცვასთან.

„თქვენ რა ლიბერალივით მელაპარაკებით? ერთი კაცია მთავარი, დანარჩენები წყალს წაუღია?“- ამბობს ირმა ჩიხლაძე.

ის ამბობს, რომ ესმა გუმბერიძე მუდმივად აკრიტიკებს უსინათლოთა კავშირს მიუხედავად იმისა, რომ მას „დედაშვილურად“ ბევრჯერ ესაუბრა.

„მაინც აგრძელებს კავშირის კრიტიკას. ყველა ეთერში გამოდის და ტყუილებს იგონებს, ამოვიდა ყელში,“ – ამბობს ირმა ჩიხლაძე.

რამდენიმე კვირის წინ უსინათლოთა კავშირიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, ისინი ხელმძღვანელობამ სწორედ მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვა. სამი ყოფილი თანამშრომელი მეოცე დღეა, რაც კავშირის შენობაში შიმშილობს, მათ შორისაა, 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, რომელიც წელს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

მოშიმშილეები ითხოვენ უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის, ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას.

კავშირის წევრების თქმით, უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და შემოსავლები არამიზნობრივად განიკარგება.  მაგალითად, უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ენუქიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა გააპროტესტეს უსინათლოთა კავშირის ქონების არამართებული გასხვისება.

„ერთ-ერთი იყო შპს-ის 49% წილის გადაცემა კერძო პირზე, ასევე, მცხეთაში 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი… კვადრატული 15 თეთრად იჯარითაა გაცემული, ქვეიჯარის უფლებით. ყველა ხელშეკრულება, რაც დადებული აქვთ, 90% შეიცავდა კითხვის ნიშნებს“, – ამბობს გიორგი ენუქიძე.

საქართველოს უსინათლოთა კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ქონება სახელმწიფოსგან აქვს მიღებული.

„საბჭოთა კავშირის დროს კერძო საკუთრება არც არსებობდა, თუმცა სარგებლობაში ჰქონდა კავშირს გადაცემული გარკვეული ქონება, თუმცა შემდეგ ეს ქონება სახელმწიფომ კავშირს დაუკანონა და პრივატიზაციაში გადასცა.

ასევე, სახელმწიფო ასობით ათასი ლარით აფინანსებს კავშირს ყოველწლიურად. აფინანსებს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრს, აფინანსებს სხვადასხვა პროგრამას, უსინათლოების ზღვაზე დასვენებას, რადგან კავშირს აქვს ციხისძირში სასტუმრო და გადაცემულ ქონებას ასევე კავშირი აქირავებს. თუმცა შემოსავლები რომ არ არის გამჭვირვალე, ამაზეც არსებობს ბრალდებები,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, პროკურატურაში პირველად საქმე 2006 წელს შევიდა, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

„შემოდებულია თაროზე, ზურაბ რეხვიაშვილია გამომძიებელი და 2022 წელს ასევე შევიდა 3 საჩივარი, რომელსაც ასევე არ იძიებენ,“ – ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, საჩივრები შეეხება არა მარტო ქონების გასხვისებებს იაფად, ასევე, მართვას და სხვა კორუფციულ საკითხებს, რისთვისაც კავშირის წევრები წლებია იბრძვიან.

„უკრაინა არ არის კორეა“ – პოდოლიაკმა ნატოს ყოფილ მთავარსარდალს უპასუხა

„უკრაინა არ არის კორეა“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ნატოს ყოფილი მთავარსარდლის, ჯეიმს სტავრიდისის ინტერვიუს, რომლის პროგნოზითაც, რუსეთის ომს უკრაინაში კორეის ომის დასასრული ექნება და გაყინულ კონფლიქტად ოთხიდან ექვს თვემდე შუალედში იქცევა.

„უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა [ჩრდილოეთ კორეა]. განსხვავებულია კონტექსტი, განსხვავებულია მასშტაბები. ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი“ ნიშნავს, რომ რამდენიმე წელში დაბრუნდება ომი – კარგად მომზადებული და უფრო სისხლიანი. ერთადერთი გზა ომის დასასრულებლად და ევროპაში უსაფრთხოების დასაბრუნებლად, რუსეთის ფედერაციის დამარცხება და ტერიტორიების გათავისუფლებაა“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი და თან „ინსაიდერის“ მიერ მომზადებული სტატიის სათაურის ფოტოს ურთავს.

როგორც გამოცემა „ინსაიდერი“ წერს, ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა, გადამდგარმა ადმირალმა, ჯეიმს სტავრიდისმა, 16 ივლისს WABC 770 AM -ისთან რადიოინტერვიუში რუსეთის ომი უკრაინაში კორეის ომს შეადარა და ივარაუდა, რომ ის დაახლოებით 4-6 თვეში გაყინულ კონფლიქტად იქცევა.

ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ უკიდურესად ცალსახაა, ომში ორივე მხარე გაიჭედა.

უკრაინელები ძალიან ძლიერ ბრძოლას აწარმოებენ. პუტინის საომარი გეგმები განსაკუთრებით ეფექტური არ აღმოჩნდა. მან, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა, დამატებით მცირე ტერიტორია მოიპოვა. ვხედავ, ეს კორეის ომის დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს დაზავებას, მილიტარიზებულ ზონას ორ მხარეს შორის, მუდმივ მტრობას, ერთგვარ გაყინულ კონფლიქტს. ამის ნახვას ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდში უნდა ველოდეთ. არც ერთ მხარეს არ შეუძლია ამაზე უფრო მეტად გაძლება“, – აღნიშნა სტავრიდისმა.

კორეის ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 1950-1953 წლებში მიმდინარეობდა. მაშინდელი საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეას, ხოლო სამხრეთ კორეას ეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. 1953 წლის ივლისში ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი შეწყდა ზავით, რომელმაც შექმნა დემილიტარიზებული ზონა.

თუმცა იმის გამო, რომ მომდევნო წლებში ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ორი ქვეყანა ტექნიკურად კვლავ ომში რჩება.

მარიუპოლში ბიჭი უკრაინის დროშით გავიდა დაბომბილ თეატრთან – საკრებულო

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, ბიჭი უკრაინის დროშით გავიდა რუსეთის მიერ დაბომბილ დრამატულ თეატრთან.

ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო წერს ტელეგრამზე და ფოტოს აქვეყნებს.

„ოკუპირებულიც კი, მარიუპოლი არ ნებდება. ახალგაზრდა უკრაინის დროშით დაბომბილი დრამატული თეატრის მახლობლად მოედანზე გავიდა. ამის გაკეთება ნამდვილი გამბედაობაა, როცა უკრაინული ენისთვისაც კი შეიძლება „სარდაფში“ ჩაგაგდონ.

ათიათასობით ადამიანი კვლავ ვერ ტოვებს ქალაქს. მაგრამ ისინი ელოდებიან და ოცნებობენ, რომ მალე მარიუპოლი ისევ უკრაინული გახდება“ – წერს მარიუპოლის საკრებულო.

ფოტო: Маріупольська міська рада/telegram
  • რა ხდება მარიუპოლში

ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, წინასწარი გათვლებით, მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ქალაქში აღარ არის კანალიზაცია და წყლის დეფიციტია, რის გამოც შიშობენ, რომ მოსალოდნელია ქოლერის ეპიდემიის გავრცელება.

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში 19 ივლისს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 19 ივლისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ბათუმში 15 ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება.

19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივნისის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:

  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29-დან #53-მდე
  • ანგისის ქუჩა
  • ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა
  • ხახუტაიშვილის ქუჩა
  • კობალაძის ქუჩა
  • შალვა ინასარიძის ქუჩა
  • შალვა ინასარიძის ჩიხი
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა
  • ჰასან ჰელიმიშის ქუჩა
  • ანგისის ჩიხები და შესახვევები
  • გრ. ლორთქიფანიძის ქუჩა
  • ადლიის ქუჩა
  • ანგისის I, II და III ჩიხები
  • გენერალ აბაშიძის ქუჩა #1,3,5,7
  • ტაძრის ქუჩა
  • კობალაძის ქუჩა #9,11,13

„ვაგნერს“ ლუგანსკში დიდი დანაკარგი აქვს, ის აქ რუსეთის დასაყრდენია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი უკრაინის ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“. დაჯგუფება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლებში, მათ შორის, პოპასნაიასა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებში.

დაზვერვის 18 ივლისის რელიზის თანახმად, „ვაგნერს“ ამ ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი აქვს.

„რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ გამოიყენა, რათა გაეძლიერებინა ფრონტის წინა ხაზი, შეევსო პირადი შემადგენლობის ნაკლებობით გამოწვეული დეფიციტი და ამავე დროს, შეემცირებინა საკუთარი დანაკარგები,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება მიუთითებს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, „ვაგნერმა“ სტანდარტები დაწია და საკუთარ რიგებში მებრძოლების მიღება გაამარტივა – კომპანია ქირაობს ყოფილ პატიმრებს, წარსულში შავ სიაში მყოფ სამხედროებს და ამავე დროს, „ახალწვეულებს“ აღარც ძველებურად წვრთნის.

დაზვერვის ვარაუდით, ეს ფაქტორი გავლენას მოახდენს დაჯგუფების საბრძოლო ეფექტიანობაზე და მის, როგორც რუსული ჯარის დასაყრდენის, მნიშვნელობასაც შეამცირებს.

„ცოტა ხნის წინ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიიღო. იმ ფონზე, როდესაც არაერთი მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაური შეიცვალა, ამ ფაქტმა, შესაძლოა, გააღრმაოს უკმაყოფილება სამხედროებსა და „ვაგნერს“ შორის და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს რუსული ჯარის საბრძოლო განწყობაზე,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ბოლო პერიოდში არაერთხელ მიუთითებდა რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე და ვარაუდობდა, რომ ამან, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს.

„ეს გულისხმობს პირადი შემადგენლობის გამოყვანას რუსეთის ციხეებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“, – წერდა უწყება 12 ივლისის რელიზში.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში. აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში BBC-ი აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე დაახლოებით 10 ათას ადამიანს მაინც ჰქონდა ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

ჯერ კიდევ 2018 წელს სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სირიაში თავისი დაქირავებული მებრძოლების გადასაყვანად საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა. როსტოვიდან მიმავალი თვითმფრინავი სირიაში ოთხი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით ხვდებოდა.

მთავარი ფოტო: pravda.com.ua

12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ.

„ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

ცალკეულ პარტიებს ალბათ თავიანთი გეგმა აქვთ, მაგრამ ერთიანი გეგმა, როგორც ასეთი, მე არ მინახავს.

შეგვიძლია მათი განცხადებებიდან ან ქმედებებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამაზე.

ბოლო დღეებში ძირითადი უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაა, რომ საკმარისად რადიკალური ნაბიჯები ვერ გადაიდგა ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ „სირცხვილიამ“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებმა ვერ მოახერხეს, დაგროვილი უკმაყოფილების მუხტი გადათარგმნილიყო რამე ქმედით და შედარებით უფრო რადიკალურ ნაბიჯებში.

თუ ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა უფრო ეფექტური, ან თუნდაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მაშინ უნდა მოიფიქრონ, რა შეიძლება იყოს სტრატეგია, ან რისი შესაძლებლობები არის კონკრეტულ მომენტში.

ერთია სურვილი, რამდენად შევთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა უფრო რადიკალური მოქმედება და მეორეა რა რესურსებია, განწყობებია და რა სტრატეგიით უნდა წავიდეთ. მთავარი გარღვევა რაც არის, არის სწორედ ამ მიმართულებით.

მეჩვენება, რომ თანხმობა უფრო იმაზეა, რამდენად გაბრაზებულები უნდა იყვნენ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების გამო, ვიდრე იმაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ.

რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ – ეს არის მთავარი საკითხი, მაგრამ ამაზე არაა შეთანხმება.

როგორც ჩანს, რეალობას სხვადასხვანაირად აღიქვამენ და მერე აქედან გამომდინარე, სტრატეგიაც სავარაუდოდ ძალიან განსხვავებულები აქვთ. ეს იწვევს საბოლოოდ იმას, რომ აქამდე რა მცდელობებიც ჰქონდათ, კრახით დასრულდა.

  • მაშინ ასე გკითხავთ, რას უნდა აკეთებდეს ახლა ოპოზიცია?

ინსტრუქციები გაცემულია ევროკომისიის მიერ. ეს არის სამოქმედო გეგმა. დიდი ხანია ეს სამოქმედო გეგმა არსებობდა. დაწყებული შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელიც, სამწუხაროდ, საწყის ეტაპზე ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დააიგნორა, უგულებელყო ეს შეთანხმება. თავიდან არ მოაწერეს ხელი, მოგვიანებით მოაწერეს.

მე ასე მივიჩნევ, გარე დამკვირვებელს, მათ შორის, ევროკავშირს სწორად ესმის აქ რა სიტუაციაა, უფრო სწორად ხედავს აქაურ განწყობებს, რა შესაძლებლობები არსებობს ადგილზე, ვიდრე უშუალოდ მონაწილე პირებს ადგილობრივ პროცესებში. ისინი უფრო ვერ ხედავენ რა ხდება, ვიდრე ევროკავშირი, რომელიც გარე დამკვირვებელია.

ვფიქრობ, ევროკავშირმა სწორად მიიჩნია, რომ საჭიროა არა ისეთი რადიკალური მოთხოვნების დაყენება, რაც აპრიორი ვერ შესრულდება. საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარ-პატარა დათმობები, რაზეც უნდა წამოვიდეს მთავრობა. ამ გზით შეიძლება რაღაც დიდს მიაღწიო.

ბოლო სამი წელია ამ ხალხმა ეს ვერ გაიგო. ერთი და იგივე რაღაცა, რასაც გარე დამკვირვებელი მიგითითებს, ამ რაღაცას ვერ იგებ ბოლო სამი წელია. თან ყველა სხვა სტრატეგია, რომელიც გაქვს, კრახით სრულდება. ამიტომ არ ვიცი, მეტი რა უნდა ქნან, რანაირად უნდა მიანიშნონ. გეგმა არის ის, რომ შეთანხმდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრობით რეფორმებზე, რაც მერე გაგვიყვანს დიდ რეფორმებამდე. ეს სავარაუდოდ უფრო იმუშავებს, ვიდრე არარეალისტური რადიკალური მოთხოვნების დაყენება, რის გარშემოც ხალხი, უბრალოდ, ვეღარ ერთიანდება.

  • რატომაა დღეს ოპოზიცია ამ დღეში, ამის მიზეზი რა არის?

მიზეზი არის ის, რომ, ზოგადად, ადამიანებს ზოგჯერ უნდათ იმაზე მეტი, ვიდრე არის შესაძლებელი. რაციონალური აქტორი ითვალისწინებს არა მხოლოდ იმას, რა სურვილი აქვს, არამედ იმასაც, თუ როგორ მივიდეთ A-დან B-მდე. ამაზე შეთანხმების ნაკლებობა, ამაზე საკმარისი რეფლექსია არ აქვთ აქტორებს. უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან დააკმაყოფილონ, მაგალითად, თავიანთი რადიკალი მხარდამჭერები, ვიდრე ის მოიფიქრონ, რა გეგმით შეიძლება ქვეყანა წინ წავიდეს და დემოკრატიზაცია მოხდეს. ისე, რომ ეს არ გადავიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რისი საფრთხის წინაშეც ვდგავართ ყველანი და ესეც გასათვალისწინებელია.

არ არის საკმარისი რეფლექსია და შეთანხმება იმაზე, ამ რესურსებიდან გამომდინარე, რაც არსებობს, რა შეიძლება იყოს სწორი მიმართულება. საითაც შეიძლება რომ წავიდეთ, სწორი სამოქმედო გეგმა.

ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია ამ პოლარიზაციითაც, რადგან პოლარიზაცია ზრდის ემოციურობას. რაც უფრო დაპირისპირებულია საზოგადოება, უფრო პოლარიზებულია, ადამიანები უფრო ემოციურები არიან და ზოგ შემთხვევაში მეც მძალავს ხოლმე ემოციები. ბუნებრივია, როდესაც ძალიან ემოციური ხარ, ამ ემოციების გვერდზე გადადება საჭიროა იმისათვის, რომ რაციონალური გამოსავალი მოვძებნოთ.

  • ევროკომისიამ 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცა, ვიცით ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, მაგრამ თქვენ თუ იცნობთ პროდასავლური ოპოზიციის გეგმას, როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულების შესაძლებლობას?

არ მინახავს. აქაც იგივეა. რა თქმა უნდა, მთავრობის ვერსია, ყოველ შემთხვევაში, მე რაც მოვისმინე, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ა.შ. ჩემთვის არ არის ეს გამოსავალი. პირიქით, ეს უფრო გაამწვავებს სიტუაციას. იმიტომ, რომ იქ აშკარა არის, რაც იგულისხმება. ბიძინა ივანიშვილის გავლენები უნდა შემცირდეს მთავრობაზე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც უნდა უპასუხო.

იქ არავინ ითხოვს ბიძინა ივანიშვილის ციხეში ჩასმას, ბიძინა ივანიშვილის გაგდებას ქვეყნიდან ან რაღაცა ისეთს.

მარტივ რაღაცას ითხოვენ, რომ მისი გავლენები შემცირდეს. ეს არის მთავარი რამ – სპილო ოთახში. ამას თუ არ უპასუხე, სხვა რაზეა საუბარი. ამაზე უნდა გქონდეს დამაჯერებელი ან დამაჯერებელთან მიახლოებული პასუხი. შეიძლება ეს ორ დღეში ვერ მოხდეს, მაგრამ გეგმა უნდა გქონდეს. ხელისუფლების რეაქცია ჩემთვისაც არ არის დამაჯერებელი და არ არის რეალურად გზა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს კრიზისი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია საერთოდ არც კი შედის კონკრეტულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე დებატებში.

თითქოს საერთოდ არაა საჭირო კონკრეტულ, პრაგმატულ თუ პრაქტიკულ რაღაცებზე შეთანხმება.

აი, იარსებებს რაღაცა მითიური მუხტი ოდესღაც და ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ჯადოსნურად მოგვარდება. აი, ასეთი წარმოდგენა აქვთ. ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა, რომ ერთი ხელის მოსმით მოგვარებები, როგორც წესი, არ მუშაობს. საქართველოს ისტორიამაც და სხვა ქვეყნების ისტორიამაც.

ოპოზიციის კრიტიკის ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ ემოციები არის პირველ პლანზე და მეორე ადგილზე არის რაციონალური აზრი.

ემოციები უფრო მნიშვნელოვანია, რა ემოციას გრძნობ მთავრობის წინააღმდეგ, ვიდრე რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამ და როგორ წარმოგიდგენია მომავალი.

სანამ ასე იქნება, რა თქმა უნდა, კრიტიკა ვერ იქნება – აქ მთავარია შენ იყო, ემოციური დამოკიდებულება აჩვენო ვიღაცის მიმართ და აი, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ვინ უფრო მეტად, უფრო მგზნებარედ გამოხატავს თავის თავს და ვინ უფრო ავთენტური იქნება ამ ემოციურ პლანში.

ამხელა აქცენტი ემოციურ ნაწილზე კონტრპროდუქტიულია.

საჭიროა კონკრეტული გეგმის, სტრატეგიის მოფიქრება და ამისთვის კრიტიკა არის ერთ-ერთი გზა. უნდა გამოვიდნენ ამ რაღაცა პარადიგმიდან, რომ საჭიროა გულზე მჯიღის რტყმა, სლოგანების ყვირილი და ა.შ.

ეს არის პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ნაწილი პოლიტიკის. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკას არ აგებენ მარტო სლოგანებზე, სადღეგრძელოებზე, ყვირილზე, ჩხუბზე. ესენიც არის, მაგრამ მარტო ეს არა.

  • მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი და მუდმივი პარტნიორები ხედავდნენ, რომ საქართველოში არსებობს პროდასავლური ძალა, რომელიც მიუხედავად იმისა, რას იზამს ხელისუფლება, არის დასავლური ღირებულებების ერთგული. დასავლეთთან მიმართებაში რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? როგორ უნდა იმუშაოს ბრიუსელთან? ვაშინგტონთან?

არ კმარა მარტო გამოთქვა პროდასავლურად ყოფნის სურვილი და მთავრობის კრიტიკა, როდესაც ის ანტიდასავლურ, ზოგ შემთხვევაში კი, პრორუსულ ნაბიჯებს დგამს. თუნდაც იგივე, ემუქრება დასავლეთს, აშანტაჟებს, რაც ძალიან პრობლემურია ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში.

რატომ არის პრობლემური? იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დგას დასავლეთის მხარდაჭერაზე. ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორი არის დასავლეთი. დასავლეთისთვის ძირის გამოთხრა ამ სიტუაციაში, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სუვერენიტეტსაც გამოეთხრება ძირი.

ვისაც არ ესმის, ეს იგივეა არ გესმოდეს, რომ იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ. ამას, სამწუხაროდ, ბოლო დროს აკეთებს „ქართული ოცნება“, არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ამ შემთხვევაში არამარტო უნდა დააფიქსირონ თავიანთი პროდასავლური განწყობები, არამედ ქმედებებითაც – რომ მზადაა ითამაშოს ისე, როგორც დასავლეთში თამაშობენ პოლიტიკაში კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები.

განსაკუთრებით ევროკავშირში, რომელიც არის ერთობა, მთლიანად დამყარებული კონსენსუსის და შეთანხმების იდეაზე. აი, ამ შინაგან პროდასავლურობას თუ არ აჩვენებს ოპოზიცია, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად დასავლეთს მეტ კითხვის ნიშანს გაუჩენს ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ. იმიტომ, რომ გამოდის, მთავრობაც ასეთია და ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ კი, პროდასავლურები ვართო, მაგრამ აი, ქმედებების დონეზე მზად არ არიან ისეთი ტიპის ნაბიჯები გადადგან, რომელიც კონსენსუსზეა ორიენტირებული. იმაზე ორიენტირებული, რაზეც ევროკავშირი და, ზოგადად, ევროპული ცივილიზაციაა დაფუძნებული.

  • რა არის ის საკითხები, რომელთა ფორსირებაც შეუძლია ახლა ოპოზიციას?

ოპოზიცია უნდა მუშაობდეს კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ საკითხებზე. ეს შეიძლება იყოს სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, შეიძლება იყოს დემოკრატიის კუთხით რეფორმები, განსაკუთრებით სასამართლოს შემთხვევაში. ყველანაირად უნდა ანახოს ოპოზიციამ, რომ  მას შეუძლია კონსტრუქციული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისეთი თემების წამოწევა, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.

  • ეს მიანიშნებს იმას, რომ ოპოზიცია ხალხთან ახლოს არ არის?

შეიძლება არის ახლოს ხალხთან, მაგრამ ეს მათ რიტორიკაში არ ჩანს. თითქოს მიაჩნიათ, რომ არ არის რაღაცების ხმამაღლა ლაპარაკი, რომ ეს ისედაც იგულისხმება. არ იგულისხმება ისედაც. ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, როგორც ამომრჩეველს. გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, რაც პირდაპირ ეხება ჩვენს ცხოვრებას. იქნება ეს ტრანსპორტი, ეკოლოგია, ეკონომიკა, სოციალური დახმარებები, პენსია… კონკრეტული თემები. იმიტომ, რომ ვცხოვრობთ აქ და პირდაპირ გვეხება ეს საკითხები.

გვეხება ჩვენ და ეხება ჩვენს ოჯახებს. თითქოს ოპოზიციას ჰგონია, რომ ეს ისედაც იგულისხმება. არ არის ასე.

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.

ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი – ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს, „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე, დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე, 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

თიბისი მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ყოველთვის დგას ისეთი პროექტების, ფესტივალების გვერდით, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. Art-გენი კარგი შესაძლებლობაა ხელოვანებისთვის საკუთარი თავის გამოსახატად, მაყურებლისთვის კი-კულტურის გასაცნობად.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 687 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 3 886 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 849 ერთეული [+3]
  • MLRS – 248 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 220 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 690 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 166 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 753 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 70 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 257 თვითმფრინავი
  • 142 ვერტმფრენი
  • 1 564 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 356 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 099 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 759 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 157 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 392 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ უნდა იჩქაროს. პუტინი ბლეფზე მიდის – ფუკუიამა

19 წლის უკრაინელმა გვარდიელმა ექვსი რუსული Су-25 ჩამოაგდო

19 წლის უკრაინელმა გვარდიელმა ზაპოროჟიეში 6 რუსული Су-25 ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ნაციონალური გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

19 წლის ახალწვეულს სოციალურ ქსელებში „ზაპოროჟიელ შურისმაძიებელს“ ეძახიან. მან უკვე რუსეთის ექვსი Су-25 და ერთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. გვარდიელი „იგლათი“ ანადგურებს ოკუპანტების ავიატექნიკას.

„ასე მეძახიან მას შემდეგ, რაც სამი თვითმფრინავი გავანადგურე. პრინციპში, მომწონს, ჩემს მეგობრებსაც მოსწონთ. მაგრამ მთავარია, რომ ამას აქვს შედეგი – მტრის ნაკლები თვითმფრინავი გაანადგურებს ჩვენს ქალაქებს, მათ პილოტებს კი ეცოდინებათ, რომ მათი ფრენა შეიძლება იყოს უკანასკნელი,“ – ამბობს გვარდიელი.

ერთი Су-25-ის ფასი დაახლოებით 11 მლნ დოლარია.

„იგლა“. ფოტო: 72 ОМБр ім. Чорних Запорожців/facebook
Су-25. ფოტო: ვიკიპედია

ოკუპანტები იყენებენ იარაღს, რომელსაც მაქსიმალურად გამანადგურებელი ეფექტი აქვს

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ნიკოლაევის დაბომბვისთვის იყენებენ ატიპიურ იარაღს – S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემებს, სწორედ ამიტომ მათი დარტყმა დიდ ნგრევას იწვევს ქალაქში – განაცხადა უკრაინის სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ სისტემას აქვს დამატებითი ეფექტი – მაქსიმალურად ანადგურებს ყველაფერს დარტყმის ადგილის ირგვლივ.

სწორედ ამიტომ, როგორც გუმენიუკმა აღნიშნა, ნიკოლაევის რამდენიმე მიკრორაიონი სასტიკად ინგრევა.

17 ივლისს, გამთენიისას, ნიკოლაევში საჰაერო იერიშის შედეგად ათი ძლიერი აფეთქება მოხდა, დაბომბვის შედეგად ორ სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

___________

ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური. ДСНС України/facebook

უკრაინამ უნდა იჩქაროს. პუტინი ბლეფზე მიდის – ფუკუიამა

იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცრუობს, როცა ამბობს, რომ „უკრაინაში რუსეთს ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“. ამის შესახებ ფუკუიამამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ის ცრუობს, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე. დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც სწავლობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, აღნიშნავენ, რომ ახლა რუსეთის არმია შემადგენლობის ძალიან მწვავე დეფიციტს განიცდის. მათ დაკარგეს, ალბათ, მთელი პერსონალის მესამედამდე, რომელიც თავდაპირველად გაგზავნეს უკრაინის გასანადგურებლად. რუსეთის მსხვერპლის შეფასება მხოლოდ მიახლოებითია, მაგრამ შესაძლოა იყოს 20 000 მოკლული და 60 000 დაჭრილი. პლუს – ტყვეები და ა.შ.

ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც რუსეთია, ეს არ არის პატარა სამხედრო ოპერაცია. სამხედრო თვალსაზრისით, ეს, პრაქტიკულად, კატასტროფაა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას მხოლოდ ძალიან მცირე წინსვლა აქვს ორი თვის განმავლობაში, რაც მათ დაიწყეს სამხედრო მოქმედებების კონცენტრაცია დონბასში და ვფიქრობ, რომ მათ არც დიდი რეზერვი აქვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, პუტინი ბლეფზე მიდის, როდესაც ამბობს, რომ მათ „ჯერ კიდევ არ დაუწყიათ,“ – ამბობს ფუკუიამა.

ამავე ინტერვიუში ფუკუიამა ამბობს, რომ არსებობს ორი გარემოება, რაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს საფრთხეს უქმნის:

„პირველი ტესტი უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას ელის ზამთარში. რუსეთმა ფაქტობრივად უკვე შეაჩერა ბუნებრივი გაზის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ სიცივის დადგომასთან ერთად ევროპას რეალური პრობლემა შეექმნება რუსული გაზის შემცვლელის საპოვნელად.

მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ში რესპუბლიკელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა თანდათან სუსტდება. ამავდროულად, ტრამპი მეორე მხარეს არის – ის პრორუსულადაა განწყობილია და არა პროუკრაინულად.

ცხადია, თუ ტრამპი 2024 წელს დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე, ამან შეიძლება რუსეთის ყველა პრობლემა გადაჭრას, რადგან ტრამპი აპირებს აშშ-ს ნატოდან გაყვანას. ამრიგად, კრემლი თავის მთავარ მიზნებს ამერიკული პოლიტიკის კურსის შეცვლით მიაღწევს. აი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინამ გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს და ბრძოლის ველზე ინიციატივა ზაფხულში აიღოს.

დასავლეთში ერთიანობა დამოკიდებულია იმაზე, სჯერა თუ არა ხალხს, რომ ახლო პერსპექტივაში შესაძლებელია საომარი პრობლემების გადაჭრა. თუ გადაწონის მოსაზრება, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა და დიდხანს გაგრძელდება, მაშინ, ვფიქრობ, დასავლეთის ერთიანობაში ბზარები გაჩნდება და მეტი მოწოდება იქნება უკრაინაზე ტერიტორიის დათმობისკენ ომის შესაჩერებლად“.

ფუკუიამა ამბობს, რომ ამჟამინდელი რუსეთი მას ყველაზე მეტად ნაცისტურ გერმანიას ახსენებს:

„მისი ერთადერთი იდეოლოგია უკიდურესი ნაციონალიზმია, თუმცა ნაკლებად განვითარებული ფორმით, ვიდრე ნაცისტებს ჰქონდათ. გარდა ამისა, ეს რეჟიმი ძალიან სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული და რეალურად ტრიალებს ერთი ადამიანის – პუტინის ირგვლივ, რომელიც აკონტროლებს ძალაუფლების ყველა მთავარ ბერკეტს“.

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა ქობულეთში – „ბნელოდა, დათვი ეგონა და ესროლა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში – ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,“ – იუწყება შს სამინისტრო.

შემთხვევა სოფელ ჩაქვისთავში მოხდა წუხელ, 16 ივლისს. „ბათუმელები“ ესაუბრა მერის წარმომადგენელს სოფელ ჩაქვისთავში, ნოდარ კახიძეს, რომლის ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევა იყო.

„სათევზაოდ იყო, მდინარიდან ამოდიოდა, ღამე იყო, დათვი ეგონა და მოარტყა ადამიანს. ის ადგილზე დაიღუპა. თავად ჩაბარდა პოლიციას,“ – გვითხრა ნოდარ კახიძემ.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 36 წლის კაცი.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 19-20 ივლისს, ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

ტანკისტი, რომელმაც ხერსონთან ბრძოლისთვის უკრაინის გმირის წოდება მიიღო

„ხერსონი უბრძოლველად ჩააბარეს“ – ასეთ აზრს შეიძლება წააწყდეთ სოციალურ ქსელებში. ომის მეხუთე თვესაც კი, ცოტამ თუ იცის ხერსონისთვის ბრძოლების შესახებ.

უკრაინას ჰყავს რამდენიმე გმირი, რომლებმაც ეს ყველაზე მაღალი ჯილდო სწორედ რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში, ხერსონისთვის ბრძოლებში მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი დმიტრო დოზირჩია, 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეულის მეთაური.

24 თებერვალს დმიტრო 33 ტანკისტთან ერთად ხერსონთან მტრის დესანტს დახვდა. მისმა ასეულმა რუსები დაამარცხა და ალყიდან მთელი ბრიგადა გამოიყვანა. დმიტრომ ამისთვის „ოქროს ვარსკვლავი“ მიიღო.

ის ახლა 24 თებერვლის ბრძოლებს იხსენებს.

_________

თებერვალში ნიკოლაევის ოლქში პოლიგონზე ვიყავით. უკვე 19 თებერვალს, სასწრაფოდ ხერსონის ოლქში გადაგვიყვანეს. მზადებაც დაიწყო: ვაწყობდით საბრძოლო კომპლექტებს, საწვავს ვავსებდით, ტანკებს ვამზადებდით.

მეორე დღეს ჩემი ასეული ლაზურნიში გადაიყვანეს (კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე). ოდესღაც, ბავშვობაში, ვისვენებდი იქ, ახლა კი ჩვენი ამოცანა იყო მტრის დესანტი არ შემოგვეშვა.

ბოლომდე არ მჯეროდა, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. მაინც ვფიქრობდი, რომ ალბათ, ისევ დონბასში დაიძაბებოდა ვითარება.

დილის 5 საათი იქნებოდა, გადმოგვცეს, რომ გაურკვეველი მფრინავი ობიექტები გამოჩნდნენ. მალე აფეთქების ხმაც გავიგონეთ: ჩვენგან არც ისე შორს, სამხედრო ნაწილს დაარტყეს. ეგრევე გავაღვიძე პირადი შემადგენლობა, ტანკებში ჩავსხედით და ბრძანებას დაველოდეთ.

იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ რუსეთი შემოიჭრა. ჩვენი ძირითადი დანაყოფებისგან შორს ვიყავით – ასე 70 კილომეტრში, არც ინტერნეტი იყო, მობილურიც ძლივს იჭერდა.

მივიღეთ ბრძანება, რომ ნოვა კახოვკისკენ დავძრულიყავით.

ჩემი მეთაურები შევკრიბე, ავიხსენი, რომ ეს სწავლებები აღარ იყო და ვუბრძანე, პირადი შემადგენლობაც გაეფრთხილებინათ. იმ დროს ჩემს ასეულში საკმაოდ ბევრი ადამიანს არ ჰქონდა საბრძოლო გამოცდილება. მხოლოდ სამი მებრძოლი მონაწილეობდა 2014-2015 წლების სამხედრო მოქმდებებში, დანარჩენები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ – 20-35 წლის.

ცოტა ხანში კი ჩვენს ტანკებს მტრის ავიაციამ გადაუფრინა, ვერტმფრენებმა – ხუთი მათგანი KA-52 იყო (ამ ვერტმფრენებს ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლიათ) და მათ გარდა კიდევ 10-15 სადესანტო ვერტმფრენი. გადავწყვიტე, ცეცხლი არ გაგვეხსნა, რათა პროვოცირება არ მოგვეხდინა და ჩემი კოლონა ხშირ ტყეში შევიყვანე. ვერტმფრენები ხერსონის მიმართულებით წავიდნენ.

“ოქროს ვარსკვლავისა” და გმირის წოდების მიღების შემდეგ/ ფოტო: 59-ე ბრიგადა

ნოვა კახოვკამდე 20 კილომეტრში ვიყავით, როდესაც მეთაურმა შემატყობინა, რომ მეტრს უკვე დაეკავებინა დასახლებული პუნქტი, დაეკავებინა ხიდი, შესასვლელი ჩაეკეტა და ჩვენს ძალებს არ უშვებდა.

მივიღე ბრძანება, ხერსონამდე მიმეღწია, გამენადგურებინა მოწინააღმდეგე, გამეთავისუფლებინა ხიდი და ჩვენი ჯარებისთვის ალყიდან გამოსვლის საშუალება მიმეცა.

ანტონოვსკის ხიდამდე კიდევ ერთი ხიდია, მდინარე კონკაზე. ამ ხიდზე უამრავი ხალხი იყო – სამხედროებიც და მოქალაქეებიც.

ჩემი ტანკი პირველი მიდიოდა. ხიდზე ავედით. უკვე ნახევარი გზა გავლილი გვქონდა, როდესაც უცებ რაღაც მოფრინდა. ყურები დარტყმის ხმამ დამიგუბა. ცეცხლის ყველა გაელვების წერტილს მიზანში ვიღებდით, ვხედავდით, საიდანაც გვესროდნენ.

ყველაზე რთული ალბათ პირველი დარტყმები იყო.

ხიდის ქვეშ ნაღმსატყორცნი ავაფეთქეთ. იქ რუსებს უკვე გაეშალათ რადიოსადგური. ასე 30-40 ადამიანი კი ხიდზე იყო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით – RPG 7-ებით გველოდნენ.

ხიდი გავათავისუფლეთ. პოზიციები დავიკავეთ.

შემდეგი დავალება მივიღეთ – გაგვეთავისუფლებინა ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ჩვენგან 2 კილომეტრში მდებარეობდა.

ხიდის მარცხნივ გზა ხერსონში მიდის, მარჯვნივ კი დასახლება ანტონოვკის დანარჩენი ტერიტორიაა. ორივე მხრიდან ერთდროულად დაგვიწყეს სროლა. ჩვენ ხიდზე მივდიოდით, მოწინააღმდეგე კი უფრო დაბლა იყო, ამიტომ დახრის კუთხე ბოლომდე არ გვყოფნიდა, რომ ლულა დაგვეწია და სამიზნე გაგვენადგურებინა.

მაგრამ ეს მეორე ხიდიც გავიარეთ.

ის პირველი დღე ყველაზე კარგად მახსოვს. შემდეგი დღეები 26-27-28 თებერვალი ნაკლებად, იმ 24-ს კი თითქმის ყოველდღე ხელახლა ვხედავ.

ახლა ძალიან მინდა ჩემი ტანკით ხერსონში შევიდე, ის მარშრუტი გავიარო, რომელიც პირველ დღეს გავიარე.

ადამიანებს კი ვეტყოდი, რომ დაგველოდონ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

_______________________

წყარო: Hromadske.ua

მთავარი ფოტო: დმიტრო დოზირჩი/ფოტო: hromadske.ua

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160]
  • ტანკი – 1 684 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 3 879 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 846 ერთეული [+0]
  • MLRS – 248 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 110 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 220 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 688 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 166 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 746 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 68 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 257 თვითმფრინავი
  • 140 ვერტმფრენი
  • 1 558 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 355 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 084 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 747 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 151 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 379 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ომის დასრულება წლის ბოლომდე შესაძლებელია – უკრაინის თავდაცვის მინისტრი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

 რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი 

23:14 – „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრებს სძლიეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 23:14.

შეხვედრა ქუთაისში გაიმართა დღეს, 16 ივლისს.

_____________

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/facebook

8 წლის კირილი ხერსონიდან – ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის კიდევ ერთი მსხვერპლი

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია 14 ივლისს, ვინიცაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ბავშვის ვინაობის შესახებ.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ტვიტერზე წერს, რომ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა 8 წლის კირილო პიახინი, რომელიც დედამ ხერსონიდან ვინიცაში წაიყვანა აპრილში, უსაფრთხოებისთვის.

ხერსონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გალინა ლუგოვამ მედიასთან განაცხადა, რომ 8 წლის ბიჭი აფეთქების დროს მანქანაში, სავარაუდოდ, ბიძასთან ერთად იმყოფებოდა.

„ბანკში წასულ ბებიას ელოდნენ. ბებია გადარჩა, კირილი კი მანქანაში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ტესტის საშუალებით მოხდება”, – განაცხადა ლუგოვამ.

14 ივლისს, ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების აფეთქების შედეგად, ბოლო ცნობებით, 24 ადამიანი დაიღუპა, მშვიდობიანი მოსახლეობა. მათგან 23 – აფეთქების ადგილზე, ერთი კი დღეს, 16 ივლისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

ამავე თემაზე: 

4 წლის ლიზა დაიღუპა, დედა დაიჭრა – სარაკეტო თავდასხმა ვინიცაზე

ხელსაქმე, როგორც ჰობი და შემოსავლის წყაროც – დიანა ხულოდან

28 წლის დიანა ჩოგაძე ხულოს სოფელი ელენიძეებიდანა. დიანა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო, როცა ხელსაქმით დაინტერესდა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია ეს საქმე. ამ დროის განმავლობაში დიანას ხელსაქმე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.

დიანა დღეს უკვე ამზადებს სანათებს, სამზარეულოს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ნივთებს. ასევე, ქსოვს და ქარგავს.

მისი თქმით, ყველაზე მეტად ძველი ნივთების განახლება და მათთვის ახალი ფუნქციის მიცემა უყვარს.

დიანასთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ როდის და ვისგან ისწავლა ხელსაქმე

  • დიანა, ვისგან ისწავლეთ ხელსაქმე? 

ბებიაჩემი კერავდა. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, თუმცა კერვა მაინც მეტწილად მისგან ვისწავლე. ქარგვით კი დედა ქარგავდა.

მამაჩემი ხეზე მუშაობს, ჩემი ძმაც. ჩემს ოჯახში ყველა რაღაც ხელსაქმითაა დაკავებული, თუმცა მსგავს ნივთებს, როგორსაც მე ვაკეთებ, ისინი არ აკეთებენ.

ახლა ძირითადად კანაფის ძაფით ვმუშაობ.

ვმუშაობ ნივთებზე, რომლებიც უკვე აღარ გამოდგება, დაკარგა ფუნქცია, მათ სხვა იერს ვაძლევ. ვაკეთებ დეკორატიულ ნივთებს სამზარეულოსთვის. გაკეთებული მქონდა მაკეტები ეზოებით და ა.შ., რაც გავყიდე უკვე.

ასეთი საქმიანობის ისეთი დიდი სურვილი მაქვს, რომ არ შემიძლია გაჩერება. შემიძლია ღამე გავათენო და გავაკეთო ის, რაც მინდა, შედეგამდე მივიდე.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ნივთი, რომელიც დამოუკიდებლად გააკეთეთ?

პირველი ნივთი, რომელიც მახსოვს, ძალიან ადრე, ბავშვობაში გავაკეთე.

მოვქსოვე დიდი კალათა, რომელშიც ნაქსოვი, დიდი, წითელი მარწყვები ჩავალაგე. ეს კალათა გაიყიდა, რაზეც ძალიან გული მწყდება, სხვათა შორის.

  • რატომ გწყდებათ გული?

ჩემი გაკეთებული ყველა ნივთი ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ყველა ნივთს ვერ შეინახავ, რაღაც უნდა გაყიდო, თუმცა, ყველა ნივთი მენანება. რაც არ უნდა გადამიხადონ, ბოლოს მაინც სინანულს ვგრძნობ.

რადგან მარწყვით სავსე კალათა პირველი ნაკეთობა იყო, რომელიც დამოუკიდებლად, ჩემი სურვილით გავაკეთე, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. მეხუთე კლასში არ ვიყავი, როცა მოვქსოვე.

  • ფიქრობდით, რომ 28 წლის ასაკშიც ხელსაქმით იქნებოდით დაკავებული?

კი, კი. ეს საქმე იმდენად გულში, სისხლში მაქვს, რომ ვფიქრობ, თუ კი ჩემი ხელები და გონება საშუალებას მომცემს და მივაღწევ 90-100 წლის ასაკს მაშინაც ვერ შეველევი. არ შემიძლია უბრალოდ.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის კეთების პროცესი, რას განიცდით ამ დროს?

უდიდეს სიამოვნებას. აი, იმ დროს რა დაღლას და ნერვიულობას ვგრძნობ, ამ ყველაფერს ფარავს შედეგის მოლოდინი. როცა შედეგს ვაღწევ, ყველაფერი მანდ მთავრდება და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. რასაც ჩავიფიქრებ, იმ ნივთს რომ დავამზადებ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება.

  • რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო ამა თუ იმ ნივთის კეთებისას?

ამას მართლა ვერ გადმოვცემ.

სანათის გაკეთება მინდოდა ძალიან. ვფიქრობდი, რით გამეკეთებინა. უბრალოდ, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში შევედი და იქ ვნახე ჩვეულებრივი, არ ვიცი რა ჰქვია, მაგიდის გადასაფარებლები რაზეცაა დახვეული, მუყაოს უხეში მილი. გამყიდველს ეს დაცლილი მუყაოს მილები ჰქონდა და იმდენად მომეწონა, რომ რამდენიმე ცალი წამოვიღე. გამყიდველს ვთხოვე, მან კიდევ მითხრა ოღონდ რაღაც გააკეთე და წაიღეო.

  • რა გააკეთეთ მუყაოს მილებით?

დაახლოებით 3-4 ღამე ვიმუშავე. სოფელში ვცხოვრობ, ბევრი საქმე მაქვს, დრო – ცოტა, მაგრამ მაინც ვახერხებ.

ყველაფერი შევაგროვე რაც მჭირდებოდა და პირველი სანათი გავაკე. იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ ვერავის დაველოდე სანათის ელექტროგაყვანილობა გაეკეთებინა. ესეც ჩემი ხელით გავაკეთე და გავყიდე კიდეც, 150 ლარად.

დიანა ჩოგაძის დამზადებული სანათი
  • სად და როგორ ყიდით ხოლმე ნივთებს?

სანათი, რომელზეც გიამბეთ, იმ მაღაზიაში გავყიდე, საიდანაც მუყაოს მილები წავიღე. იქ მკითხეს, თუ რა დავამზადე ამისგან. მაღაზიაში მომხმარებელი იყო შემოსული. სანათის ფოტო რომ ვაჩვენე, მითხრა, რომ ის უკვე მისი იყო და მორჩა.

ზოგადად რაიმე კონკრეტული გაყიდვის ფორმა არ მაქვს არჩეული. არც ვარეკლამებ ჩემს ნივთებს. მხოლოდ ჩემს ფეისბუქგვერდზე ვტვირთავ და ესაა, თუმცა ფეისბუქით არასდროს არაფერი გამიყიდია. ჩემი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაში სანაცნობო წრე მეხმარება.

ზამთარში ვიღებ შეკვეთებსაც ქსოვაზე და ა.შ.

  • ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?

ნამდვილად ვერ გამოვყოფ. ჩემს ხასიათს, განწყობას რაც უნდა, იმას ვაკეთებ და მე ეს მსიამოვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რაც გამიკეთებია, ეს მეჩეთის მაკეტია. ჩემს გაკეთებულ ნივთებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს.

დიანა ჩოგაძის დამზადებული მეჩეთის მაკეტი
  • თქვენ ხეზეც მუშაობთ. ხომ არ შეხვედრილხართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას. მაგალითად, უთქვამთ ხეზე მუშაობა რა ქალის საქმეაო?

არა, ჩემგან არაფერი აღარ უკვირთ.

დასაწყისშიც არ იყო მსგავსი დამოკიდებულება. ყოველდღე ხის მასალაზე ვმუშაობ-მეთქი რომ გითხრათ, ასე არ არის. დღეს ხეზე ვმუშაობ, ხვალ – სულ სხვა რამეზე. ძალიან მიყვარს ყვავილები და ხისგან ქოთნებსაც ვამზადებ ჩემი ყვავილებისთვის.

დიანა ჩოგაძის დამზადებული მაგიდა
  • რა ნივთზე მუშაობთ ახლა?

ახლა ნიგვზის ხის მასალისგან სახილეს ვაკეთებ. ამ ნივთზე მუშაობა შარშან დავიწყე და ვეღარ დავასრულე. შევინახე და ახლა გავაგრძელე. ხანდახან ვწყვეტ მუშაობას, სულ სხვა ნივთის კეთებას ვიწყებ, ვასრულებ და შემდეგ ვუბრუნდები ადრე დაწყებულ ნივთს.

  • თქვენ თქვით, რომ წელს მუშაობა დაიწყეთ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ სად მუშაობთ?

ვმუშაობ ნახევარფაბრიკატების საწარმოში. დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. შემდეგ სახლის, სამეურნეო საქმეები. ჩემი საყვარელი საქმისთვის მხოლოდ ღამით ვიცლი.

ყველას უკვირს რატომ მიყვარს ზამთარი. ხულოში მაინც რთული ზამთარი იცის, მაგრამ ჩემთვის წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა. იმიტომ, რომ უფრო მეტი დრო მაქვს ხელსაქმით რომ დავკავდე.

  • როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ყველაფერს სახლის პირობებში ვამზადებ, თუმცა, მინდოდა პროექტის დაწერა. ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, რომ საკერავი მანქანით დავეფინანსებინე ვინმეს. მე ბაღებისგანაც ვიღებ ხოლმე შეკვეთებს, ვუკერავ ფორმებს.

ჩემს სახლში, ერთ ოთახში მინდა, რომ სახელოსნო მოვაწყო.

ყველაზე მეტად იმისთვის, რომ ჩემი ხელსაქმე განავითარო საკერავი მანქანა მჭირდება. ხელნაკეთ ნივთებში ხშირად მჭირდება კერვა. საქსოვი, საქარგავი მანქანებიც. კიდევ, ყოველთვის მაქვს პრობლემა ცხელი წებოს თოფზე. საბერძნეთიდანაც გამომიგზავნეს, მაგრამ ისიც არ გამოდგა ხარისხიანი. მარტივად ფუჭდება.

პატარა, საოჯახო, საკერავი მანქანა მაქვს, რომელიც ჩემს ამდენ კერვას ვეღარ უძლებს, რადგან არ არის ამდენი დატვირთვის.

ყველაზე მეტად მძულს შეკითხვა „რას აკეთებ?“ იმიტომ, რომ არასდროს ვამბობ რას ვაკეთებ. როცა დავასრულებ მაშინ ნახავთ – ასე ვპასუხობ.

დიანა ჩოგაძის დამზადებული ნივთები
დიანა ჩოგაძის დამზადებული სანათები

ომის დასრულება წლის ბოლომდე შესაძლებელია – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

„უკრაინამ უნდა გაიგოს, რომ ომი არ დასრულებულა. ჩვენ ვცხოვრობთ სერიოზულ, საომარ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკური რესურსების აღდგენა, გადასახადების გადახდა, საომარ მდგომარეობაში მუშაობა“ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუ დღეს, 16 ივლისს გამოქვეყნდა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ასეთი შეფასების ფონზე რამდენად რეალისტურია ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ ომი შესაძლოა წელს დასრულდეს.

რეზნიკოვმა თქვა, რომ ეს რეალისტურია, ერთ შემთხვევაში:

„რეალურია, თუ ჩვენი პარტნიორები განაგრძობენ ჩვენს დახმარებას. უკვე აღარ გვეპარება ეჭვი, რომ ისინი ეხმარებიან გამარჯვებულს და არა დამარცხებულს. ისინი [დასავლეთის ქვეყნები] ხომ ადრე მიიჩნევდნენ, რომ დავმარცხდებოდით, სამ დღეში დავთმობდით კიევს და ამიტომ დიდად არ გვეხმარებოდნენ, მხოლოდ მხარს გვიჭერდნენ.

მაგრამ როდესაც მათ დაიჯერეს, რომ უკრაინის გამარჯვება აბსოლუტურად რეალური იყო, მათ მოისურვეს გამხდარიყვნენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კონტრშეტევის გეგმები მათთან სინქრონიზდეს, არა მხოლოდ იარაღით, არამედ კიდევ უფრო სერიოზული სანქციებით [რუსეთის წინააღმდეგ]. ეს არის სერიოზული გლობალური პროექტი“.

ანუ ომის დასრულება ამ წლის ბოლომდე არ არის მხოლოდ სიტყვები? – ჰკითხა მას ჟურნალისტმა.

„ეს შესაძლებელია. ამის თქმა შემიძლია. მართალია, იურისტი ვარ, მაგრამ სამხედროებთან მაქვს კომუნიკაცია. თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა – მინიმუმ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება 2022 წლის 23 თებერვალს არსებულ მდგომარეობამდე“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

______________

ფოტო: EPA-EFE/RONALD WITTEK

 

 რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი 

„აზოველი“ დენის პისკუნი, მეტსახელად „კომბატი“, რუსეთის ტყვეობიდან ივნისის ბოლოს დაბრუნდა. 25 წლის მებრძოლი მარიუპოლში მიღებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ მკურნალობს. დენისი იხსენებს ქალაქის ბრძოლებს, “აზოვსტალის” ჰოსპიტალს, გმირობის მაგალითებს, ტყვეობას და მეგობრებს, რომლებიც დონეცკში დატოვა.

„აზოვსტალში“

„კომბატი“ 26 მარტს, ქალაქის ბრძოლების დროს დაიჭრა.

„ორნი ვიყავით. ასე 30-40 მეტრიდან გვესროდნენ. სადარბაზოში შევრბოდით, როდესაც პირველი ტყვია მუხლში მომხვდა და ეგრევე წავიქეცი. მერე კიდევ სამი ტყვია მომხვდა, თუმცა გამიმართლა, მთლად კარგი მსროლელები ვერ იყვნენ, თან დანი (თანამებრძოლი) არ შეშინდა, სადარბაზოდან გამობრუნდა და შემათრია“, – იხსენებს „კომბატი“.

დაჭრილი დენისი „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ევაკუაციის სიაშიც მოხვდა, თუმცა როგორც იხსენებს, მის შემდეგ ისე მძიმედ დაჭრილები შეიყვანეს, რომ მათი ევაკუაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო.

„ექიმი მოვიდა და მკითხა, „როგორ ხარ, გაუძლებ?“, მეთქი, რა კითხვა უნდა, რა თქმა უნდა გავუძლებ“.

„აზოვსტალის“ ჰოსპიტალში თავიდან საკვებიც იყო და მედიკამენტებიც, შემდეგ აღარც ერთი იყო და აღარც მეორე, დაჭრილები კი ლამის ერთმანეთზე იწვნენ.

იხსენებს, რომ როდესაც ერთ-ერთი დაბომბვისას საოპერაციო დაზიანდა და ის მთავარ „დარბაზში“ გადაიტანეს, ექიმს ნებართვა სთხოვა, ოპერაციებისთვის ეყურებინა. ტელეფონში იწერდა და ინიშნავდა, სწავლობდა, რამდენ ხანს უნდა გაეჩერებინა ტურნიკეტი, როგორ კეთდებოდა კიდურების ამპუტაცია, როგორ უნდა გაეჭრა ძვალი სწორად.

„ყველაზე საშიში მენჯისა და მუცლის ჭრილობა იყო“, – იხსენებს „კომბატი“. – „მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა, ვინც მუცელში იყო დაჭრილი“.

„მზად იყავი, რომ შეიძლება მოვკვდე“

კითხვაზე, რის ეშინოდა ყველაზე მეტად, დენისს ვრცელი პასუხი აქვს:

„თავიდანვე ვიცოდი, რომ ალყა იქნებოდა. შეიძლება, ყველა ვერ ხვდებოდა ამას და იმედი ჰქონდათ, რომ დახმარება მოვიდოდა, მაგრამ სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორი იყო განლაგება ფრონტზე, ხვდებოდა, რომ ვერანაირი ბრიგადა, ვერანაირი ძალები ვერ მოაღწევდნენ ჩვენამდე.

5-10 მარტიდან ვიცოდით, რომ ვერანაირი დებლოკადა ვერ იქნებოდა და რომ „აზოვსტალი“ ეს იყო ბილეთი ერთი მიმართულებით.

არა, როცა დავიჭერი, როცა მესროდნენ, მაშინ არ მეშინოდა. ეს ბრძოლაა ადრენალინია და თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს.

მაგრამ ნანგრევებში სიკვდილს რომ წარმოვიდგენდი…

ერთია მოკვდე ბრძოლაში და მეორეა მოკვდე ნანგრევებში, ან ღუმელი დაგეცეს, ან რამე, ასე სიკვდილი არ მინდოდა.

ბოლოს, როდესაც შტურმი დაიწყო, გვესმოდა, რომ ეს ბოლო ბრძოლა იქნებოდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ავიაციით გაგვანადგურებდნენ, მაგრამ უკვე შტურმისას, ვხვდებოდით, რომ სხვაგვარად იქნებოდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩაბარების ბრძანება და როდესაც ერთმანეთში ვლაპარაკობდით, ვამბობდით, რომ რა იარაღიც გვქონდა, იმით ვიბრძოლებდით. ვიბრძოლებდით, როგორც შევძლებდით, ისე. შევთანხმდით, რომ როგორ ბრძანებასაც მივიღებდით, ისე ვიმოქმედებდით.

ასე მქონდა წარმოდგენილი, რომ მოვიდოდნენ, შემოყრიდნენ ხელყუმბარებს და მერე როგორც გამოვიდოდა…. შემოვიდოდნენ და ჩაგვცხრილავდნენ, ან ჩვენ ჩავცხრილავდით… როგორც იქნებოდა. ტყვიით სიკვდილის იმედი მქონდა.

სიმართლე გითხრათ, ეს ომი რომ დაიწყო, მაშინვე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. მესმოდა, რომ მოგვიწევდა სასტიკი ბრძოლა და გადარჩენის შანსიც იქნებოდა მცირე. ამას ჩვეულებრივად ვუყურებ. მე სამხედრო ვარ, ჩემთვის ბრძოლის ველზე სიკვდილი ნორმალურია. ეგრევე ცოლს დავურეკე და ვუთხარი, „იყავი მზად, რომ მე შეიძლება მოვკვდე“.

ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიყავით – ტყვეობისთვისაც და ბრძოლისთვისაც – როგორიც ბრძანება იქნებოდა.

თავისუფლება თანამშრომლობის სანაცვლოდ

დენისი „აზოვსტალიდან“ 17 მაისს გამოვიდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ეგრევე ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში წაიყვანეს.

„უკვე სასწრაფოს მანქანაში დაიწყო – „როგორ არ გრცხვენიათ, ნაცისტებო? რატომ დაანგრიეთ მარიუპოლი?“, – იხსენებს დენისი. თუმცა მთავარი დაკითხვები ჯერ კიდევ წინ იყო, ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ კი დონეცკში, სადაც ნოვოაზოვსკიდან გადაიყვანეს.

გაჩხრიკეს, ტელეფონები ჩამოართვეს, ტატუები შეუმოწმეს, ქამრები და თასმები მოხსნეს.

დაკითხვაზე მიდიოდნენ დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სამართალდამცველებიც, რუსებიც, ფეესბედან, უშიშროებიდან, საგამოძიებო სამსახურიდან.

„გვეკითხებოდნენ „რედისთან“ (დენის პროკოპენკო, „აზოვის“ მეთაური) დამოკიდებულებაზე. რას ფიქრობთ, ალყაში რომ დაგტოვათო. ძალიან ცდილობდნენ, „რედისზე“ რაიმე მისი საწინააღმდეგო ინფორმაცია გამოეძალათ. უნდოდათ, მეთქვა, რომ მე მარიუპოლში დარჩენა არ მინდოდა და მან მაიძულა, მაგრამ ეს არ მითქვამს, არ გამოუვიდათ. მერე შემოთავაზება დაიწყეს, მპირდებოდნენ, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდ მომცემდნენ დონეცკის რესპუბლიკის პასპორტს, ახალ ვინაობას, თავისუფლად ვიცხოვრებდი მარიუპოლში. თუ არ ვითანამშრომლებდით, გვეუბნებოდნენ, რომ როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, ყველას სიკვდილით დასჯა გველოდა.

შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. მეთქი, იქნება განაჩენი – დაე, იყოს. დაგვხვრეტთ? – დაე, დაგვხვრიტეთ. ყველა ასე ეუბნებოდა“.

„მათ შესახებ ყველამ უნდა იცოდეს“

„აზოვსტალის“ შემდეგ ალბათ თვეზე მეტი შიმშილის გრძნობა აწუხებდა, მასაც და მის თანამებრძოლებსაც, რომლებთან ერთადაც პალატაში იწვა – „აკველსა“ და „სნოუს“. და რადგანაც პალატაში სიარულის უფლება არ ჰქონდათ და ძირითადად იწვნენ, სხვა უამრავ რამესთან ერთად, იმაზეც ოცნებობდნენ, რომ როდესაც შინ დაბრუნდებოდნენ, შეიკეტებოდნენ ერთ პალატაში სადმე და იქ გამოიძახებდნენ ყველაზე გემრიელ საჭმელს.

„სნოუს“ უნდოდა სუში და პიცა, სიგარეტი და ბეილისი. „აკველს“ უნდოდა კიბორჩხალა და ტორტი. და სამივე ვიძახებდით KFC-ს. მერე დავაყოლებდით ყავას აივანზე… მაგრამ ბიჭები იქ დარჩნენ. ყველას დიდი მადლობა, რომ გამცვალეს და დამაბრუნეს, მაგრამ ბიჭების გარეშე აქ ყოფნა ძნელია,“ – ამბობს დენისი და იხსენებს, რომ როდესაც გაცვლაზე მისი გვარი ამოიკითხეს, როგორ სთხოვა ვიღაც დონეცკის „რესპუბლიკის“ კაცს, რომელიც სხვებზე ნორმალური ჩანდა, რომ იქნებ მის ნაცვლად „სნოუ“ გაეცვალათ.

„მე მარიუპოლელი ვარ, იქ აღარაფერი დამრჩა. „სნოუ“ ზაპოროჟიელია, აქ გოგო ჰყავს. ერთად ვიწექით ბუნკერში, ერთად ვიწექით პალატაში, ის უნდა გამოსულიყო და არა მე,“ – დენისი აღფრთოვანებით ჰყვება „აკველის“ სიმამაცეზეც.

„აკველს“ „აზოვსტალში“ მთელი ეს დრო თურმე მენჯის მოტეხილობით გაუტარებია, არავინ იცოდა ამის შესახებ, ის კი მტკივანი ფეხით საბრძოლო პოზიციებზე დაბრუნებას ცდილობდა.

„ქარხანაში ერთი ჭრილობით შემოიყვანეს, მერე დაბომბვისას ბუნკერის კარი დაეცა და თურმე მენჯი მოიტეხა. დონეცკში, რენტგენი რომ გაადაუღეს, მაშინ გავიგეთ ეს ამბავი,“ – იხსენებს „კომბატი“ და იქვე იხსენებს გმირობის მაგალითებს, რომლების შესახებაც, მისი აზრით ყველამ უნდა იცოდეს.

„ჰოსპიტლის სამზარეულო რომ დაიბომბა, საჭმელი დაჭრილებისთვის ეროვნული გვარდიის წევრებს მოჰქონდათ. ასე 500 მეტრის მანძილი უნდა გამოევლოთ ჩვენამდე, მაგრამ ამ გზას ხან ერთ საათს უნდებოდნენ დაბომბვების გამო. ბოლოს მოდიოდნენ ქანცგაწყვეტილები, გამურულები და მოჰქონდათ საჭმელი. ყოველ მოსვლაზე ტაშს ვუკრავდით, რადგან ეს გმირობა იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ.

კიდევ, იყო ერთი „ქიმიკოსი“, არა „აზოველი“, არამედ მოხალისე. თვითონ მძღოლი იყო, დაჭრილების გადაყვანაში გვეხმარებოდა, მისი შვილი, მინიკი კი „აზოვში“ იყო. ერთ დღესაც მინიკი დაიჭრა, ვერტმფრენით უნდა გაეყვანათ მარიუპოლიდან და ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მახსოვს, ჩემ გვერდით იწვა „ქიმიკოსი“, დაღუპული შვილის ფოტოს უყურებდა, მერე საძილე ტომარაში ჩაძვრა და მთელი დღე ტიროდა. მეორე დღეს ამოვიდა ამ ტომრიდან და თავისი საქმე გააგრძელა – სხვა დაჭრილების დახმარება. გმირობაა ესეც. ახლა ოლენოვკაშია, ტყვეობაში“.

დენისს ერთი სული აქვს, როდის შეძლებს, რომ თავის საქმეს დაუბრუნდეს, სხვა თუ ვერაფერი, იარაღს მაინც გავწმენდო, ამბობს და ერთი სული აქვს, ტყვეობაში დარჩენილი თანამებრძოლები დაბრუნდნენ.

და თუ დაბრუნდებიან, როდის – ამაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ისინიც დაბრუნდებიან.

წყარო: AZOV media

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის გამანადგურებელი ხანძრებია | ფოტო

საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტულაგიაში ტყის ძლიერი ხანძრებია. ათასობით ადამიანი ამ ქვეყნებში იძულებული გახდა დაეტოვებინათ საცხოვრებელი ხანძრის გამო.

ხანძრების გამომწვევ მიზეზად გვალვა და ქარი სახელდება.

ევროპის პრესფოტო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ეს ფოტოები 14-15 ივლისსაა გადაღებული.

ესპანეთი, მალაგა. ფოტო: EPA-EFE/DANIEL PEREZ
პორტუგალია, ბაიაოს მუნიციპალიტეტი. ფოტო: EPA-EFE/HUGO DELGADO
ხანძარი ფიჭვის ტყეში. საფრანგეთი, ჟირონდი. აქ უკვე დაიწვა 10 000 ჰექტარზე მეტი. ფოტო: EPA-EFE/SDIS
ხანძარი ფიჭვის ტყეში. საფრანგეთი, ჟირონდი. აქ უკვე დაიწვა 10 000 ჰექტარზე მეტი. ფოტო: EPA-EFE/SDIS
საფრანგეთი. ფოტო: EPA-EFE/SDIS
საფრანგეთი. ფოტო: EPA-EFE/SDIS

ავარია გონიოს ციხესთან – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 16 ივლისს, ავარია მოხდა გონიოს ციხესთან. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.

_______________

ფოტო: ავარიის ადგილი/facebook

ბათუმში ფეისბუქზე პოსტის გამო მოქალაქე დააკავეს – „ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება“

ფეისბუქზე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბათუმში, ადმინისტრაციული წესით, მოქალაქე ხვიჩა შაქარიშვილი დააკავეს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 16 ივლისს საქმის განხილვა გადადო, რადგან დაცვის მხარე საქმის მასალებს არ გასცნობია.

ხვიჩა შაქარიშვილი ამ დროისთვის თავისუფალია, ის 48 საათით იყო დაკავებული. საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სამართალდარღვევა დადგინდება, მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, რა იქნება მისი სანქცია, შესაძლოა, ეს იყოს ადმინისტრაციული პატიმრობაც.

„ეს საშიში ტენდენციაა, ასეთი ამბავი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება, ეს არის პოლიციური სახელმწიფოს ნიშანი, როცა ასე იჭრებიან გამოხატვის თავისუფლებაში,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის სასამართლოში ხვიჩა შაქარიშვილის ინტერესებს დაიცავს.

ხვიჩა შაქარიშვილმა ფეისბუქში პოსტი 6 ივლისს დაწერა. დაკავების ოქმიდან ირკვევა, რომ მან პოსტით პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა, თუმცა არაა განმარტებული, რატომ მიიჩნიეს პოლიციელებმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობა სამართალდარღვევად.

ადმინისტრაციული დაკავების ოქმში ვკითხულობთ:

„ხვიჩა შაქარიშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა პოლიციის თანამშრომლის გამიზნულად , უხეშად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვები, შეურაცხყოფები, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 14 ივლისს ხვიჩა შაქარიშვილი დაკავებულ იქნა…“, – აღნიშნულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.

ჩანაწერი ხვიჩა შაქარიშვილის ადმინისტრაციული დაკავების ოქმში

„რა ფორმითაც არ უნდა დაეწერა მას პოსტი, ეს იყო მისი გამოხატვის თავისუფლება,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე და იმის დასტურად, რომ დაკავება უკანონოა, არგუმენტად მოჰყავს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:

„პოლიციამ მოქალაქე დაკავა „ფაქტის აღკვეთის მიზნით“, მაგრამ პოსტი 6 ივლისსაა გამოქვეყნებული და დააკავეს 14 ივლისს. რანაირად გამოდის გადაუდებელი აუცილებლობა?  თანაც, დააკავეს 48 საათით,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა და შშმ პირია.

„ომის ვეტერანი ვარ, საბავშვო ბაღის დაცვის სამსახურში ვმუშაობ, იქ მომივარდნენ და დამაკავეს, ვერ გავიგე ჩემგან რა უნდათ… პოსტში კონკრეტულ პოლიციელების შესახებ ვწერდი, რომლებმაც პოსტის დაწერამდე უკანონოდ დამაკავეს,“ – უთხრა ხვიჩა შაქარიშვილმა „ბათუმელებს“.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე | ფოტო

დღეს, 16 ივლისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა შეფერხდა. პირველადი ინფორმაციით, ჯიპის ტიპის ავტომანქანა გარეგანათების ბოძს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ბოძი წაიქცა და დაეცა სხვა მსუბუქ ავტომობილს.

ამ დროისთვის [ 12:50] ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი. ავტოსაგზაო შემთხვევა

 

უკრაინამ მიიღო ამერიკული სარაკეტო სისტემა M270 – რეზნიკოვი

უკრაინაში ჩაიტანეს პირველი ამერიკული სარაკეტო სისტემები M270.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გაავრცელა ინფორმაცია 15 ივლისს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების შორი მოქმედების იარაღების ოჯახში მატებაა: ჩამოვიდა პირველი M270 MLRS! ისინი კარგი კომპანიონები იქნებიან HIMARS-ისთვის ბრძოლის ველზე”, – წერს რეზნიკოვი ტვიტერზე.

მრავალფუნქციურ მოდულურ სარაკეტო სისტემას — M270 MLRS-ს შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით — 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება.

ასევე, ამ სისტემებით შესაძლებელია ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს უკრაინას გაერთიანებული სამეფოც გადასცემს.

____________

ფოტოზე: M270 MLRS. ფოტო: ვიკიპედია

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]
  • ტანკი – 1 677 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 874 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 846 ერთეული [+4]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 220 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 687 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 162 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 735 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 68 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 256 თვითმფრინავი
  • 139 ვერტმფრენი
  • 1 557 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 355 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 073 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 746 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 149 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 364 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ეს იქნება რუსების ბოლო წარმატება უკრაინაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

უკრაინის არმია წარმატებით იგერიებს რუსეთის შეტევებს დონბასში – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის არმიის შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობები და მასშტაბი შეზღუდულია. რუსეთი კვლავაც ფოკუსირებულია სივერსკსა და ბახმუტზე, და ეს იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ რუსეთი აცხადებდა, რომ სივერსკის გარეუბნები დაიკავა.

„რუსეთს მანამდეც გაუკეთებია ნაჩქარევი და ყალბი განცხადებები ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე. ეს, სავარაუდოდ, გათვლილია შიდა აუდიტორიაზე და მიზნად ისახავს ჯარში საბრძოლო განწყობის ამაღლებას,“ – წერს უწყება 16 ივლისის რელიზში.

დაზვერვის ცნობით, უკრაინის თავდაცვა წარმატებულად იგერიებს რუსეთის შეტევებს.

„ლისიჩანსკის დატოვების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ხაზი დამოკლდა და გასწორდა, რამაც ხელი შეუწყო ძალების კონცენტრაციას და საშუალება მისცა უკრაინის ძალებს ეწარმოებინათ ბრძოლები რუსეთის შემცირებული შეტევების საპასუხოდ. ამ ფაქტორმა ასევე დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმპულსის შესუსტებაზე“, – წერს დაზვერვა.

გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ სივერსკის დაკავებით რუსეთი ცდილობს, გაიხსნას გზა სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ.

მთავარი ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

„ეს იქნება რუსების ბოლო წარმატება უკრაინაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„სარაკეტო თავდასხმებით რუსეთს სურს დასავლეთის გადაღლაც,“ – ეს ეჭვი უჩნდება გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ფრონტის ბოლო ამბებს ეცნობა. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინა დათმობაზე წამოიყვანოს, ცეცხლი შეწყვიტოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, აგვისტოში გაირკვევა, მიაწვდის თუ არა შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთი უკრაინას. „თანაც სათანადო რაოდენობითო“ – ხაზს უსვამს ის და ითვლის, რუსებს რომ აშინებს, ისეთი „ჰაიმარსი“ სულ 12 ერთეულია ახლა უკრაინაშიო.

„უკრაინისთვის შესაბამისი რაოდენობის სისტემების მიწოდება განსაზღვრავს ომი სტატიკურ მდგომარეობაში გადავა, თუ გაგრძელდება აქტიური ფაზა, როცა უკვე გათავისუფლდება უკრაინის სამხრეთი და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ დონბასს,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე.

რას უნდა ველოდოთ აგვისტოში? – ამჯერად გადამდგარ გენერალ-მაიორთან ინტერვიუ ამ კითხვით დავიწყეთ. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენ რას ელოდებით აგვისტოში? არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმაზე, რომ უკრაინა ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე მოახერხებს ომში ერთგვარ გარდატეხას, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა, რაც ჯერ კიდევ არ მიუწოდებიათ. 

„ლენდ-ლიზის“ მიწოდება გრძელდება. უბრალოდ, უკრაინელებს, რა თქმა უნდა, უნდათ, რომ ეს მოხდეს დროულად და საკმარისი რაოდენობით. „ლენდ-ლიზის“ მიწოდება გრძელი პროცესია სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგიერთი სისტემა მოითხოვს მინიმუმ 3 თვე მომზადებას, უკრაინელებს ამზადებენ ბრიტანეთში, პოლონეთში, ახალი სისტემის ათვისება მოითხოვს დროს, შესაბამის რესურსებს და გარკვეულ პერიოდს.

ჩემი მონაცემებით, ამ ეტაპზე უკრაინაში არის დაახლოებით 12 „ჰაიმარსი“ – 6 „ჰაიმარსი“ და  6 – M-270, რომელიც იგივე „ჰაიმარსია“, ოღონდ მუხლუხიან პლატფორმაზე და რამხელა ზარალს აყენებენ რუსებს – ბოლო დღეებში 20-ზე მეტი საწყობი აუფეთქეს რუსებს. ამას დაუმატეთ მართვის პუნქტები. ბოლო დღეებში უკრაინელებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საარტილერიო დარტყმების რაოდენობა, თორემ რუსებს დღეში 1200-1500 ჭურვის გასროლა ჰქონდათ.

რაც შეეხება გარდატეხას, ეს გამოჩნდება აგვისტოში – რა რესურსი ექნება უკრაინას, რამდენად იქნება „ლენდ-ლიზის“ მიწოდება აქტიური და მზარდი. თუ ასე არ იქნება, მივიღებთ მრავალწლიან და გაჭიანურებულ ომს, რუსეთი კი, უახლოეს პერიოდში დაკარგავს შეტევის პოტენციალს, რესურსები მას თანდათან ეწურება და ომის ხაზი გადაიქცევა სტატიკურად. ამ შემთხვევაში ჯარები გადავლენ პოზიციურ დაპირისპირებაზე და ორივე მხარე შეეცდება, ლოკალურ წარმატებას მიაღწიოს გარკვეულ მიმართულებებზე მაქსიმალური ძალისხმევის კონცენტრირებით. ფაქტობრივად, ეს სურათი გამოკვეთილია კიდეც: რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება დონბასის რაიონში, ხოლო უკრაინელებს – ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. აქედან ერთადერთი გამოსავალია, თუ უკრაინელები შეძლებენ მიღებული, შესაბამისი აღჭურვილობით მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანონ ბრძოლის ხასიათში.

მნიშვნელოვანი გამარჯვება უკრაინელებისთვის იქნება, თუკი ისინი გავლენ აზოვის ზღვაზე და სამხრეთ უკრაინაში შეძლებენ წარმატების მიღწევას.

  • მიგაჩნიათ, რომ ობიექტური გარემოებებია, რის გამოც „ლენდ-ლიზი“ იგვიანებს? 

შევთანხმდეთ, რომ უკრაინელები ამ აღჭურვილობას იღებენ, ისინი დასავლეთიდან აღჭურვილობას რომ არ იღებდნენ, ასეთი წარმატებები თავდაცვაზე ვერ იქნებოდა.

როცა ვსაუბრობთ, რომ 20-ზე მეტი საწყობი გაუნადგურეს რუსებს ფრონტიდან 50 კილომეტრის სიღრმეში ფრონტის წინა ხაზიდან, ეს შედეგი უკრაინელებს სათანადო აღჭურვილობის მიწოდების გარეშე ვერ ექნებოდათ. აღჭურვილობის მიღებას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: მარაგები, დანაყოფები, რემონტის ნაწილი, მომარაგება და ასე შემდეგ. ჩვენი სურვილები ზოგჯერ არ ემთხვევა რეალურ გარემოებებს.

ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა რომც ვერ შეძლოს უკრაინამ და უბრალოდ გაზარდოს დარტყმის სიღრმეები, ესეც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. კონტრშეტევა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ გაათავისუფლოს დაკარგული ტერიტორიები, ხოლო მხოლოდ მტრისთვის ზარალის მნიშვნელოვანი  გაზრდით უკრაინა მიაღწევს იმას, რომ რუსებმა შეწყვიტონ საერთოდ საბრძოლო მოქმედებები და გადავლენ პოზიციურ, თავდაცვით მდგომარეობაზე. ანუ ერთია კონტრდარტყმა, რომელიც საჭიროა ტერიტორიის სრულად გასათავისუფლებლად და მეორეა რუსებისთვის იმ მასშტაბის ზარალის მიყენება, რომელიც მას აღარ მისცემს წინ წაწევის შესაძლებლობების, აიძულებს გადავიდეს დაცვაზე.

უკრაინისთვის შესაბამისი რაოდენობის სისტემების მიწოდება განსაზღვრავს შემდეგ სცენარებს: ომი სტატიკურ მდგომარეობაში გადავა, თუ იქნება ისევ დაპირისპირება და გაგრძელდება აქტიური ფაზა, როცა უკვე უკრაინის კინეტიკური ზემოქმედება გაგრძელდება, გათავისუფლდება უკრაინის სამხრეთის რეგიონები და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ დონბასსაც.

  • ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ძირითადად სარაკეტო თავდასხმებია გააქტიურებული, ეს რას აჩვენებს? 

სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება იმ მიზნით, რომ საარტილერიო შესაძლებლობები ნაკლები აქვს რუსეთს. საბრძოლო მასალების საველე საწყობებზე დარტყმებით, უკრაინამ საგრძნობლად გაურთულა რუსებს არტილერიის მასიურად გამოყენება, რაღაც პერიოდით მაინც, სანამ სტაციონარული მარაგებიდან არ მოხდება კვლავ შევსება საჯარისო მარაგების. სარაკეტო დარტყმების გახშირების მიზეზია ასევე საარტილერიო დარტყმების შემცირების ერთგვარი კომპენსირება. არ გამოირიცხება უკრაინის წარმატებულ დარტყმებზე შურისძიების ფაქტორიც. ამის კიდევ ერთი მიზეზია სარაკეტო ტერორის განხორციელება, რომ მოსახლეობა გამოფიტო, მორალურ და ფსიქოლოგიურ გადაღლას მიაღწიო და დააფიქრო იმაზე, იქნებ შეწყდეს ეს ომი, იქნებ შეთანხმებაზე წავიდეთ.

რუსეთს სარაკეტო თავდასხმებით უკრაინაში სურს დასავლეთის შოკირებაც. რუსეთს აქვს გათვლა, რომ დასავლეთმა შესაძლოა მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე და რაღაც დათმობაზე წავიდეს უკრაინა.

სარაკეტო თავდასხმები ასევე იმას აჩვენებს, რომ რუსეთს თანამედროვე რაკეტების საკმარისი რაოდენობა აღარ აქვს და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები S-300 გადააკეთეს სახმელეთო მიზნების გასაზიარებლად, ამ რაკეტებს არ აქვთ ზუსტი დარტყმის განხორციელების უნარი, თუმცა შესაძლებელია ქალაქი დაბომბო. ასეთი რაკეტებით დაბომბეს, მაგალითად, ნიკოლაევი, „კალიბრით“ დაბომბეს ვინიცა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებით ხარკოვი იბომბება „ისკანდერებით“. ასეთი არეული სისტემების გამოყენებით ცდილობს რუსეთი თავისი აღჭურვილობის მაქსიმალურად გამოყენებას.

  • ზელენსკის მრჩეველი, არესტოვიჩი ამბობს, რომ „ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა. ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა“. გასაგებია, რომ რუსეთი უარს ამბობს ცივილიზაციაზე, მაგრამ რატომ აწყობს მას სამხედრო ლოგიკის უარყოფაც?

ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა. ხომ გახსოვთ ეს გამონათქვამი: „მიზანი ამართლებს საშუალებას“? – ესაა რუსეთისთვის ამოსავალი. თუ რუსეთის მიზანია სარაკეტო თავდასხმით მოსახლეობის ფსიქოლოგიური და მორალური გატეხა, რა თქმა უნდა, რუსეთი ომის წესების და ჰააგის ტრიბუნალის შიშით არ გაჩერდება.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „რუსეთის არმიას უპირატესობის სწრაფად მოპოვების საშუალებას არ აძლევს მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები, შეიარაღება და საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტაქტიკა“. ეთანხმებით შეფასებას, რომ ეს საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტაქტიკაა? 

რუსეთი იყენებს კლასიკურ საბჭოთა ხელოვნებას, რადგან მას სხვა საშუალებას არ აძლევს ძველი ტექნიკა. ტაქტიკა, როგორც წესი, დამოკიდებულია აღჭურვილობაზე, რაც გაქვს. მაგალითად, ვერ დაგეგმავ მობილურ შეტევას, თუ არ გაგაჩნია შესაბამისი რაოდენობის ჯავშანტექნიკა. რუსეთი იყენებს იმ მეთოდებსაც, რაც შეესაბამება მისი შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, შეიარაღებას, მომზადებას და გარკვეულწილად წარმატებასაც აღწევს, ომის პირველი ეტაპიდან განსხვავებით, როდესაც წარუმატებლად მოინდომა თანამედროვე თაობის ომის წარმოება.

ჩემი აზრით, უკრაინა არის იდეალური ტერიტორია თავისი ლანდშაფტით, როგორც მანევრული შეტევისთვის, ისე მანევრული თავდაცისთვის. სამწუხაროდ, ამას რუსეთი ვერ ახორციელებს და ვერც უკრაინელები იყენებენ მანევრული თავდაცვის პრინციპებს. ძირითადად უკრაინა იყენებს ცალკეული რაიონის დაცვის სისტემას, ხოლო რუსეთი – კლასიკური მესამე თაობის შეტევის მეთოდებს: საარტილერიო ცეცხლის წარმოება პერიოდების მიხედვით, საცეცხლე ამოცანების შესრულება არტილერიის გამოყენებით, ე.წ. „ცეცხლის კედლის“ ორგანიზებას, რომელსაც სიღრმეში მიყვებიან უკვე ქვეითები. რუსებში ბატალიონის მეთაურების და ასეულის მეთაურის დონეზე დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, სჩანს სერჟანტთა რგოლის სუსტი მუშაობა,  დაუშვებელია პრაქტიკულად ინიციატივის გამოჩენა და ელოდებიან მუდმივად ზემოდან წამოსულ ბრძანებებს. ამიტომაც, ახლაც გეუბნებით იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს თანამედროვე ომის წარმოებას, არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სისტემების არქონის გამო, არამედ,  მის პირად შემადგენლობას ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნია.

  • თუმცა მისი გაჩერება ამ დრომდე ვერ მოახერხეს უკრაინაში.

რატომ, ნაწილობრივ შეძლეს, შეხედეთ, უკრაინის მთლიან რუკას, სად არის და რა მცირე მოცულობისაა აქტიური კინეტიკური ქმედებების რაიონი. საუბარია ამჯერად მხოლოდ დონბასზე. უკრაინამ დათმო ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი და რუსებმა ჩათვალეს, რომ უკანდახეული უკრაინელების“მხრებზე“ განაგრძობდნენ შეტევას და სვლიდან დაიკავებდნენ სლავიანსკი – კრამატორსკის თავდაცვით რაიონს, რუსებმა განაგრძეს ეს ბრძოლა სლავიანსკის და კრამატორსკის თავდაცვის რაიონში, მაგრამ ვხედავთ, რომ შუადან ეს შეტევა არ გამოუვიდათ, ისინი შეფერხდნენ უკრაინელების მიერ ორგანიზებულ, მთავარი დაცვის რაიონის უზრუნველყოფის ზოლში – სევერსკი, სოლიდარის და ბახმუტის რაიონში ზღუდეზე და აქედან ცდილობენ შეტევის თავიდან ორგანიზებას. სლავიანსკი კრამატროსკის თავდაცვის რაიონში უკრაინელები ახერხებენ მობილური თავდაცვის ორგანიზებას, რუსების შეყოვნებას მობილური ჯავშან-საწინააღმდეგო ჯგუფებით და მცირე ზომის კერული თავდაცვითი წერტილების შეფერხებით. ფაქტია, რუსები ვერ ახერხებენ სწრაფად გადაადგილებას.

იქნებ ეს ფარული ოპერატიული პაუზაა იმისთვის, რომ რუსებმა გადაჯგუფება და ძალების განახლება შეძლონ. 

არა, ეს არ ჰგავს ოპერატიულ პაუზას, რუსები ცდილობენ შეტევის გაგრძელებას. ისინი წინ რომ არ მიიწევენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეტევები არ არის, მაგრამ უკრაინელები ახერხებენ მათ უკუგდებას, ან შეჩერებას.  ჯერ-ჯერობით რუსები ახერხებენ წინ გადაადგილებას, მაგრამ ძალიან დაბალ ტემპში და დიდი რესურსის ხარჯვით.

თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: რას შეძლებენ უკრაინელები ამ ეტაპზე და რას – რუსები? 

ჯერ მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ უკრაინელები შეძლებენ ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას, თუ უკრაინამ არ მიიღო საჭირო და შესაბამისი აღჭურვილობა კონტრადარტყმისთვის. უკრაინას სამობილიზაციო რეზერვში ჰყავს 2 მილიონამდე ადამიანი, 1 მილიონამდე მობილიზებული ჰყავს, ყველა აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის მიზიდული, უკრაინის სხვა საზღვრებსაც სჭირდება დაცვა, ზოგიც ემზადება, მაგრამ მთლიანობაში უკრაინას ადამიანური რესურსის მხრივ, უნარი შესწევს კონტრშეტევებისთვის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ნათქვამი ცოტა უცნაურად ჟღერდა სამხრეთ უკრაინის გათავისუფლებაზე, ეს უფრო პოლიტიკური განაცხადია და მორალური სულისკვეთების ამაღლებაზე იყო გათვლილი, რადგან უკრაინა ამას რეალურად რომ აპირებდეს, ის ამას დამალავდა მოულოდნელობის ეფექტის მისაღწევად.

ამ ეტაპზე არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა მოახერხონ სლავიანკი-კრამატორსკის დაკავებაც დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ ეს იქნება მათი ბოლო წარმატება უკრაინაში. ჩემი აზრით, რუსეთი აღარ შეეცდება დონეცკის საზღვარს გასცდეს. რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე შეასრულონ პუტინის დავალება და მეტად შევიდნენ სიღრმეში, მიუახლოვდნენ დონეცკის საზღვარს. რუსებს აქვთ ლოკალურ  და მცირე მასშტაბის ტაქტიკური მთავარი დარტყმის შეტევის შესაძლებლობები, მაგრამ ფართომასშტაბიანი შეტევებისთვის მას რესურსი აღარ აქვს. რუსებმა კარგად იციან, რომ ყოველი დღე მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ, რადგან ის იღებს შესაბამის აღჭურვილობას. ახლა რუსები ცდილობენ, პუტინის ამოცანა რაც შეიძლება მალე შეასრულონ.

  • პუტინის ამოცანაა, რომ დონეცკის აღების შემდეგ გადავიდეს თავდაცვით პოზიციაზე უკრაინაში დაკავებულ მიწებზე? 

დიახ,  ეს სურათი იკვეთება. პუტინის მიზანია, რომ გავიდეს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე და გამოაცხადებს, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ის გადავა თავდაცვაზე. არის მოსაზრებაც, რომ გაფორმდება სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთს, ბელარუსიას და უკრაინას შორის. იგულისხმება უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები და ის მარიონეტულ მთავრობასაც შექმნის. ჩემი აზრით, ეს მოსაზრებაც სიმართლესთან ახლოსაა.

  • რამდენად ცვლის ომის სურათს უკრაინელების კონტრშეტევა? ოკუპირებულ ხერსონში უკრაინელებმა ტყვეების გათავისუფლება შეძლეს. 

უკრაინელებს აქვთ ამ ეტაპზე მხოლოდ ლოკალური, მცირემასშტაბიანი წარმატებები ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ეს იქნება მომზადება პლაცდარმისთვის შემდეგი, დიდი შეტევისთვის. ეს როდის იქნება, რამდენად იქნება უკრაინა მზად კონტრშეტევისთვის, ამის ნიშნები გამოჩნდება აგვისტოში.

  • ზელენსკი ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის გამო დაემუქრა იმ ხომალდის ეკიპაჟს, საიდანაც ქალაქს ესროლეს. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას საზღვაო ფლოტი არ აქვს, მაგრამ ცნობილია რუსული სამხედრო გემის ჩაძირვის ამბავი, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ზღვაში მორიგი კონტრშეტევა?

თუ არ მიუახლოვდება რუსული ხომალდი 300 კილომეტრზე ახლოს უკრაინის ნაპირს, ვერაფერს იზამენ „ჰარპუნებით“ და სხვა, ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებებით. საჰაერო ძალებით უკრაინელებს ამის საშუალება არ გააჩნიათ. შესაბამისად, ესეც უფრო პოლიტიკური განცხადება მგონია.

  • ბოლოს კოლაბორაციონისტებზეც მინდა გკითხოთ: უკრაინელი კოლაბორაციონისტების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა დაწყება რას ნიშნავს თქვენთვის? 

მოგეხსნებათ, ეს ის რაიონებია, რომელიც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული. მეორეა ის, რომ გამყიდველი ყველგან მოიძებნება. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით ორ-ნახევარი მილიონით გაიზარდა. ეს ის მოსახლეობაა, რომელიც უკრაინიდან გაიყვანეს და რუსული პასპორტები დაურიგეს. ჩემი აზრით, იგივე ის ინფორმაცია სამხრეთის რეგიონების გათავისუფლებაზე იყო წინააღმდეგობის მოტივაციის გაზრდისთვის ამ რეგიონებში, რომ გაფართოვდეს წინააღმდეგობის მოძრაობა, შემცირდეს კოლაბორაციონისტების რაოდენობა.

რატომ ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიის დისკრედიტაციას ბსუ-ს სტუდენტები POSTV-ზე 

„ჟურნალისტი მიდის-მოდის, სიუჟეტებს აკეთებს, ვისაც ფეიკ ნიუსი უნდა, ტვ პირველი აკეთებს“ – ასეთია აჭარულის მოტივებზე შექმნილი სახუმარო სიმღერის ტექსტი, რომლითაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუმორისტული გუნდი „ბსუ“ იუმორისტული გუნდების ჩემპიონატზე წარსდგა. სახუმარო სიმღერას არასრულწლოვანი ასრულებდა.

იუმორისტულ ჩემპიონატს „ქართული ლიგა“ ატარებს და ის პროსახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ეთერით გადაიცემა. ჩემპიონატის ჩანაწერი ფეისბუქზე გუშინ, 14 ივლისს გამოქვეყნდა.

ვიდეოს გამოქვეყნებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

„ვფიქრობ, ეს არა უწყინარი ხუმრობა, არამედ მედიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი რიტორიკით გამოირჩევა „ქართული ოცნება“. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი. თუ დააკვირდებით მცირეწლოვანი ბავშვი ხუმრობს, ათ წლამდე იქნება. ეს კიდევ უფრო დამაზიანებელია დემოკრატიის პროცესისათვის, როცა ბავშვებს ამ სახით იყენებენ,“ – ამბობს არჩილ ბერიძე, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი.

ის ერთ-ერთია იმ ათობით სტუდენტს შორის, ვისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა იუმორისტული გუნდის გამოსვლა.

გუნდ „ბსუ“-ს იუმორისტულ შოუში გასამგზავრებლად დახმარება უნივერსიტეტმა გაუწია. კერძოდ, დააფინანსა მათი ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში და უკან.

„სამწუხაროდ, უნივერსიტეტს ჯერ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მიუხედავად იმისა, რომ [ეს ხუმრობა] გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, თუ უნივერსიტეტი პოზიციას არ დააფიქსირებს, ეს ორმაგი სტანდარტი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არა უბრალოდ პასუხისმგებლობას არ იღებს, არამედ მსგავს რიტორიკას მწვანე შუქს უნთებს.

იმიტომ, რომ როდესაც ერთხელ ამბობს, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, თუკი „ქართული ოცნების“ რიტორიკას იზიარებს რომელიმე ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტის სახელით გამოდის ლიგაზე, ე.ი. ეს ნორმალურია?

მაშინ კითხვის ნიშნები ჩნდება.

ბოლო პერიოდში რაც გავრცელდა, თუნდაც თვითმმართველობის პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით, იქაც ის თემა იყო, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეოდა უნივერსიტეტის შიდა საკითხებში. როცა მსგავს რიტორიკას იყენებს ხელისუფლება წლების განმავლობაში, მუდმივად მიმდინარეობს კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია და მსგავსი სახით ძალადობის წახალისება, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება,“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

„ბათუმელები“ იუმორისტული გუნდი „ბსუ“-ს ერთ-ერთ წევრს, ოთარ მალაყმაძეს ესაუბრა. ის ტურიზმის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და წელს პირველად იღებდა მონაწილეობას იუმორისტულ შოუში. ოთარ მალაყმაძეს ვკითხეთ, გაეცნო თუ არა ბსუ-ს სტუდენტების კრიტიკას, მათი იუმორისტული ნომრის გამო და მიაჩნდა თუ არა, რომ ხუმრობა სახელისუფლებო პროპაგანდის ერთგვარი გაგრძელებაა.

„არა, უცებ თვალი ჩავავლე. დიდად არ ვაკვირდები კომენტარებს. საკუთარი იუმორისტული გადაცემაც მქონია, ბევრი რამ გამიკეთებია მაგდაგვარი. არასდროს არ ვაკვირდებოდი სხვის აზრს, რადგან ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნდა. ყველას თავისი გადმოსახედი აქვს, რაც უნდათ ის დაწერონ. იუმორისტულ გადაცემაში რაც შეიძლება მრავალფეროვან თემებს უნდა მოვკიდოთ ხელი. ზოგადად, აპოლიტიკური ვარ. მთელი გუნდი შევიკრიბეთ და რაღაცები დავწერეთ. კავეენზე ყველაფერზე ღადაობენ და მაგაზე რატომ გამოგვეკიდა ხალხი, არ ვიცი,“ – უთხრა ოთარ მალაყმაძემ „ბათუმელებს“.

კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა თავად სახუმარო სიმღერის შინაარსს და იხუმრებდნენ თუ არა მსგავსად POSTV-ზე, ოთარ მალაყმაძე პასუხობს.

„ჩემთვის პოლიტიკა… და ნებისმიერი შოუ, გადაცემა თუ რაც არ უნდა იყოს, ყველას ერთ ქვაბში ვყრი. ყველა რაღაცის გამო რაღაცას კადრულობს. „ტვ პირველია“ ფეიკ ნიუსი თუ „იმედია“ ფეიკ ნიუსი, ჩემთვის ყველა ფეიკ ნიუსია, ვისაც რა აწყობს, იმას საუბრობს. რადგან ტვ პირველზე გამომეკიდნენ ავდგები და ხვალ ვიტყვი, რომ ყველა ფეიკნიუსია, თუ უნდათ და ბოღმიან გულებს გავუხარებ. POSTV-ზე კი არა ყველაზე ვიხუმრებდი, POSTV-ი ვინაა? ეს ჩემი პირადი აზრია,“ – ამბობს ოთარ მალაყმაძე.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ მსგავსი ხუმრობები ახალისებს ძალადობას ჟურნალისტებზე, სტუდენტი პასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია.

„მაგას ვერც ვიფიქრებდი. მაგ დონეზე არ ვარ მაგ სფეროში გათვითცნობიერებული. იმიტომ რომ არც აქეთა მხარეს ვუყურებ, არც იქითას. ტელევიზორი კაი ხანია გათიშული მაქვს, ტელეფონში ჩემით ვსქროლავ. არანაირ ემოციებს არ ვიღებ, არც პოზიციიდან, არც ოპოზიციიდან.

სტუდენტებიდან რომ ასეთი რეაქცია წამოვიდა, მე პირადად მეცოდებიან ასეთი სტუდენტები, ჯერ ბავშვი გამოიყენესო და რანაირი საუბრები იყო. ჩემი ბიძაშვილია ის ბავშვი. რომელი პოზიცია ან ოპოზიცია მე ვარ, რაღაცას რომ მეუბნებიან,“ – ამბობს ოთარ მალაყმაძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ლევან ტარიელაძეს, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსს.

„სტუდენტების ჯგუფი მოვიდა ინიციატივით, რომ სურდათ მონაწილეობის მიღება, თბილისში ტარდებოდა ეს კონკურსი. ამ კონკურსის ორგანიზატორებისაგან მივიღეთ მოწვევის წერილი. სტუდენტებმა გვთხოვეს, რომ უზრუნველყოფა გაგვეკეთებინა მათი ტრანსპორტირებისათვის თბილისამდე და უკან.

პანდემიის შემდეგ გვინდა სტუდენტური ცხოვრება გამოვაცოცხლოთ, ამიტომ მაქსიმალურად, სტუდენტებისგან რა ინიციატივებიც მოდის, ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ და დავეთანხმოთ,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

კითხვაზე, როგორია უნივერსიტეტის პოზიცია, როდესაც ბსუ-ს მიერ დაფინანსებული ჯგუფი მედიის მისამართით მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, ლევან ტარიელაძე ამბობს, რომ „ყველაფერი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.

„უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს. ყველა, ვინც უნივერსიტეტში სწავლობს, უფლება აქვს, რომ წარმოადგინოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვერ ვიქნებით ცენზორები. ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი სტუდენტები რაზე ისაუბრებენ, რაზე იხუმრებენ.

მე ჩემი აზრის გამოხატვისგან თავს შევიკავებ, რომ არ გახდეს მოწოდების და დაპირისპირების მიზეზი სტუდენტებს შორის. ჩვენ სტუდენტებთან გვაქვს ურთიერთობა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველასთან გვქონდეს ობიექტური მიდგომა,“ – ამბობს ლევან ტარიელაძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს სახელისუფლებო პოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

27 ივნისს TV 25-მა გაავრცელა სქრინები, სადაც ჩანდა, რომ ბსუ-ს სტუდენტურ ჩატში ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, კონკრეტული პირების დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევდა სტუდენტებს.

მაშინ უნივერსიტეტის რექტორმა განცხადება გაავრცელ, სადაც წერდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად არც ერეოდა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. შესაბამისად, არ ფლობდა ინფორმაციას, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის, ასევე სხვა სტუდენტური ჯგუფების პირადი მიმოწერის თუ სხვა სახის კომუნიკაციის შესახებ.

ამავე თემაზე: 

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

გორან ბრეგოვიჩი ბათუმში კონცერტს გამართავს

10 აგვისტოს ბათუმში ბალკანელი მუსიკოსის, გორან ბრეგოვიჩისა და მის ბენდის კონცერტი გაიმართება.

კონცერტი Mono Hall Batumi-ში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-ზე, ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება.

როგორც აფიშაზეა აღნიშნული, კონცერტზე დაიშვებიან მსმენელები +18 წლიდან.

ბრეგოვიჩის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კინოსთვის შექმნილ მუსიკას. აქვს ნამუშევარი ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკაზე, რომლებმაც ბრეგოვიჩს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1990 წელს მიღებული აქვს Golden Arena Award ჯილდო Pula Film Festival-ზე.

გოგონები უკეთ სწავლობენ, კარიერას კი ბიჭები იკეთებენ – რატომ?

საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გაცილებით მეტი გოგო ამთავრებს ოქროს მედალზე, ვიდრე ბიჭი, თუმცა კარიერის გარკვეულ საფეხურზე კაცები უფრო წინაურდებიან ხოლმე, ვიდრე ქალები.

მაგალითად, მიმდინარე წელს, აჭარაში საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა 372-მა გოგომ და 167-მა ბიჭმა, ბათუმში კი – 11-მა გოგომ და 51-მა ბიჭმა.

გოგოები რომ უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, ამას სხვადასხვა ნაციონალური თუ საერთაშორისო კვლევაც მოწმობს. მაგალითად PISA-ს კვლევებიც აჩვენებს, რომ გოგოები, იქნება ეს საბუნებისმეტყველო საგნები თუ მათემატიკა, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები და გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ კითხვაში და წაკითხულის გააზრებაშიც.

იგივე, OECD-ის ქვეყნების კვლევის მიხედვითაც, საქართველო იმ ათ ქვეყანას შორისაა (ბულგარეთთან, ფინეთთან, იორდანიასთან, კატართან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად), სადაც გოგონების საშუალო შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აღემატება ბიჭებისას.

მსგავსი მონაცემები მიუხედავად, კარიერულ წინსვლაში კაცები მაინც უფრო მეტად მიიწევენ წინ, ვიდრე ქალები. რა განაპირობებს კარიერაში კაცების უპირატესობას? სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები მიიჩნევენ, რომ პრობლემა კომპლექსურია.

ნათია სირაბიძე, მარკეტერი, კომუნიკაციის სპეციალისტი და ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კაცების კარიერულ წარმატებას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები უწყობს ხელს.

„ზოგჯერ ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ვიყო კაცი, მაშინ უფრო ადვილად გამომივიდოდა ყველა მოლაპარაკება და უფრო სწრაფად მივაღწევდი რაღაც კუთხით წარმატებას-თქო.

ისეთ მასკულინურ ქვეყნებში, როგორიც თუნდაც საქართველოა, კაცის ხმის ტემბრსაც კი მეტი დამაჯერებლობა აქვს, ვიდრე ქალის ლოგიკურ არგუმენტს.

მე, პირადად, არაერთხელ მიგრძვნია ეს და ჩემი განათლების და კვალიფიკაციის მიუხედავად, კაც კოლეგას უფრო ხშირად გაუტანია ვთქვათ, მისი იდეა, ვიდრე მე – ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მეტი არგუმენტი მქონია“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

გოგონების და ბიჭების მიღწევები სქესის მიხედვით. PISA-ს მიხედვით.

მისი თქმით, როგორც ადრე იყო დამოკიდებულება ქალების/შვილების მიმართ – „ქმარს ჩავაბარე, პატრონს ჩავაბარე“, საქმეშიც ხშირად ასეთი დამოკიდებულება შეინიშნება.

„საქმესაც კაცს უფრო აბარებენ, ვიდრე ქალს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორგანიზაციის ტვინი შეიძლება იყოს ქალი“ – გვეუბნება ნათია სირაბიძე.

მისი აზრით, ქალის კარიერულ წინსვლას აფერხებს ისიც, რომ ქალს ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ „კაცი მასზე ჭკვიანია“.

„ამიტომ, გოგო ორჯერ უფრო მეტად უნდა სწავლობდეს, რომ დაამტკიცოს ეს ასე არ არის.

სკოლაშიც, მასწავლებლების დამოკიდებულებაც კი არის ასეთი: „კი, ძალიან ბეჯითი გოგოა, მაგრამ ბიჭი უფრო ნიჭიერია“. ანუ ბიჭის სიზარმაცესაც კი ნიჭს მიაწერენ“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

მისი დაკვირვებით, ხშირად ქალებიც აღარ ცდილობენ მმართველ პოზიციებზე განაცხადი გააკეთონ, რადგან ქალს, კარიერის გარდა, საზოგადოება უფრო მეტად აკისრებს ოჯახურ ვალდებულებებს, ვიდრე კაცს.

„ქალზე გაცილებით დიდია ოჯახის ტვირთი, ბავშვის მოვლა, რაც თრგუნავს მის კარიერულ წინსვლას. გოგონებიც ნაკლებად რისკავენ ისეთი სამსახური აიღონ ან ისეთი ბიზნესი დაიწყონ, რომელიც ხელს შეუშლის მას შეინარჩუნოს ოჯახური ბალანსი.

ნათია სირაბიძე

მისი აზრით, ის, რომ ქალებს რიგ შემთხვევებში თავდაჯერებულობა აკლიათ, კარგი განათლების მიუხედავად, ესეც სტერეოტიპების გავლენით ხდება.

„რამდენ გოგოს უარი უთქვამს უწყვეტ განათლებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრს უთქვამს – „კარგი ახლა, რად გინდა ეს შენ“. ამ პატარა ფრაზის გამოც კი შეიძლება შეფერხდეს ქალის წინსვლა“.

ის, რომ კაცები უფრო მეტად არიან წახალისებული ოჯახში და სხვა სფეროებშიც, ამ აზრს იზიარებს ნანა დიხამინჯიაც, რომელიც „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი და ილიაუნის პროფესორია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით.

მისი თქმით, კაცის კარიერა უფრო მეტად არის ოჯახში წახალისებული, მაშინ როცა ქალებს უფრო ხშირად ესმით, რომ მათი მთავარი დანიშნულება ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა.

„გარდა ამისა, მთელი რიგი პროფესიები, რომელიც უფრო მეტად იძლევა განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, ქალებისთვის უფრო ნაკლებად არის წახალისებული მშობლებისგან, ნათესავებისგან, გარემოსგან… მიიჩნევა, რომ თითქოს ეს არ არის ქალის პროფესია.

ასე იყო მაგალითად 80-90-იან წლებში, როცა ქირურგობა კაცის შესაფერისი საქმე უფრო იყო, ვიდრე ქალის და ასე შემდეგ.

ამას ემატება ოჯახური ტვირთი, რომელიც ძირითადად ქალს აწევს და ხელს უშლის კარიერულ ზრდაში. ის უფრო მეტ დროს ხარჯავს ოჯახის მოვლაზე, ბავშვების აღზრდაზე, თუნდაც დამხმარეები ჰყავდეს, მაინც, ემოციურ მენეჯმენტზე – ეს იქნება ურთიერთობები, დაგეგმვა, სკოლასთან ურთიერთობა, კრებებზე, წრეებზე სიარული – ქალს აქვს ამაზე პასუხისმგებლობა აღებული, მაშინ როცა ამ დროს კაცი თავის კარიერულ განვითარებას ახარჯავს.

და როგორც წესი, საზოგადოებაში უფრო მეტად არის წახალისებული ის მოსაზრება, რომ ცოლმა უნდა შეუწყოს ხელი ქმრის კარიერულ განვითარებას და არა პირიქით. ანუ, თუკი ვინმემ უნდა დათმოს საკუთარი დრო, როგორც წესი, თმობს ქალი.

რატომღაც მიჩნეულია, რომ ქალს უფრო ადვილად შეუძლია დახაროს თავი, რადგან ბავშვობიდანვე ასე ესაუბრებიან და ამას მოითხოვენ მისგან“ – გვეუბნება ნანა დიხამინჯია.

ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად უწყობს სახელმწიფო ქალს ხელს ბავშვის გაჩენის შემდეგ, საქართველოში არ არსებობს მუნიციპალური ბაგა-ბაღები და ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა მხოლოდ 3 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.

შესაბამისად, თუ ქალი ფინანსურად არ არის უზრუნველყოფილი, ის ვერ შეძლებს ძიძის დაქირავებას და ბავშვის მოვლაზე, ხშირ შემთხვევაში, მთლიანად ქალია პასუხისმგებელი.

ნანა დიხამინჯია მიიჩნევს, რომ ძიძა დღეს ბევრი ქალისთვის ფუფუნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალმა კარიერული წინსვლა შესაძლოა რამდენიმე წლით შეწყვიტოს შვილის გაჩენის შემდეგ. იგი აქვე დასძენს, რომ ვერც ძიძის დაქირავება ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას.

„ის დამხმარეებიც, ძიძებიც ხომ ქალები არიან, ვისაც წლების გატარება უწევთ სხვის ოჯახებში, ამიტომ ძიძის აყვანა ვერ იქნება თანასწორობის წამქეზებელი. თანასწორობის წამქეზებელი არის ოჯახში შრომის თანაბარი გადანაწილება“ – ამბობს ნანა დიხამინჯია.

ნანა დიხამინჯია

იგი ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ ფაქტორს უსვამს ხაზს:

კარიერის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თავდაჯერებულობა და სწორი თვითშეფასება. კვლევებიც გვეუბნება, რომ ქალებს უფრო მეტად შეაქვთ ხოლმე ეჭვი თავის უნარებში, განსაკუთრებით მაღალ პოზიციებზე და უფრო მეტად შფოთავენ იმაზე, თუ რამდენად გამოუვათ დაკისრებული საქმე.

ეს ყველაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან, რადგან, როგორც წესი, გოგოებს ნაკლებად პატიობენ შეცდომებს. ადამიანის განვითარებისთვის კი შეცდომების დაშვება და თავისუფალი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ასე ვსწავლობთ ჩვენ ჩვენი უნარების შეფასებას.

ცალკე ამბავია თამაშის სფერო. აქაც, თუ დავაკვირდებით, ტექნიკური, საინჟინრო სათამაშოები უფრო მეტად აქცენტირებულია ბიჭებისთვის, რაც ზოგადი პრობლემაა, რადგან განვითარებულმა ქვეყნებმაც კი ახლა დაიწყეს ამაზე ფიქრი. შარშან, მაგალითად, „ლეგომ“ განაცხადა, რომ შეცვლის თავის პოლიტიკას და აღარ ექნება სათამაშოებზე გენდერული დაყოფა.

3-4 წლის გოგო როცა შედის მაღაზიაში, ხედავს, რომ დაყოფილია თაროებად გოგოების და ბიჭების სათამაშოები. თანაც გოგოებისთვის განკუთვნილი სათამაშოები გათვლილია როლურ მოდელზე, რადგან ძირითადად თოჯინებია ხოლმე, ბიჭი კიდევ იწყებს იმ სათამაშოებით, რომელშიც მას ლოგიკური და საინჟინრო უნარები უვითარდება“.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო გენდერულ საკითხებზე კომპლექსური საუბარი და არა ერთი ან ორი ფოკუსიდან ამ პრობლემის დანახვა.

ნანა დიხამინჯია მხარს უჭერს პოლიტიკაში ქალების კვოტირებას, რადგან მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე სფეროში საზოგადოების რომელიმე ჯგუფი დაჩაგრულია, მას გაძლიერება სჭირდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში კვოტირებამ კარგი შედეგი მოიტანა.

როცა ამ თემაზე წამოიჭრება ხოლმე დავა, ყოველ ჯერზე ეს მაგალითი მოჰყავთ ხოლმე საქართველოში, რომ აი, პარლამენტში არიან ქალები, რომლებიც ცუდად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება არგუმენტი, იმიტომ, რომ პარლამენტში კაცების 90 პროცენტიც ძალიან ცუდად ასრულებს თავის მოვალეობას და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არაკვალიფიციურნი არიან, მაინც ადვილად იმკვიდრებენ თავს პოლიტიკაში კონტაქტების წყალობით.

კვოტირება არ არის იმისთვის, რომ ჩვენ კეთილსინდისიერი და ჭკვიანი ხალხი მივიღოთ ეგრევე პარლამენტში, ეს სხვა პოლიტიკური ჩარჩოების შეთანხმებების საკითხია, კვოტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალები ზუსტად ისევე თანაბრად იყვნენ პოლიტიკაში წარმოდგენილი, როგორც კაცები“ – ამბობს ნანა დიხამინჯია.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში, იგი პასუხობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

„ჯერ ერთი იმიტომ რომ პოლიტიკა ყოველთვის მიიჩნეოდა კაცების საქმედ და მეორეც, პოლიტიკა არის ემოციურად ძალიან მძიმე და თუკი ადამიანს ოჯახის მხარდაჭერა არ აქვს, რთულია არანორმირებული სამუშაო დროში და გარემოში, პარალელურად ოჯახის გაძღოლაც შეძლოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის შრომა იქნებოდა თანაბრად გადანაწილებული, მაშინ ქალზე აღარ იქნებოდა ეს ტვირთი.

გარდა ამისა, ქალები ნაკლებად არიან პოლიტიკაში იმიტომ, რომ საზოგადოება მათ მიმართ გაცილებით კრიტიკულია. ის, რაც ჩვენ გვიპატიებია კაცი პოლიტიკოსებისთვის, იქნებოდა ეს ღრეობები, თუნდაც ოჯახის ღალატი, ამას არ ვპატიობთ ქალებს.

ქალებშიც ზუსტად ისევე შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერები, უსამართლო ან ბოროტი ადამიანები, როგორც კაცებში, ამიტომ ქალების რომანტიზება აბსოლუტური სისულელეა.

აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ, ქალები ვართ ამ ქვეყნის ნახევარი და ჩვენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ესმის ჩვენი პრობლემები, რაც პირდაპირ უკავშირდება გენდერს“ – ამბობს ნანა დიხამინჯია.

უკრაინაში რუსეთის ერთი Су-25 ჩამოგდეს, მეორე – დააზიანეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის სპეცოპერაციების ცენტრმა „А“-მ და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა 14 ივლისს, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსეთის ერთი Су-25 ჩამოგდეს, მეორე  კი დააზიანეს.

„მტერმა ორი Су-25-ით უკრაინის პოზიციებზე შეტევა სცადა ორიჰივისა და სტეპოვის დასახლებებთან. მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა იმოქმედეს – მტრის თვითმფრინავებს MANPADS-ით დაარტყეს.

შედეგად: ერთი Су-25 განადგურდა, მეორე – დაზიანდა. ასევე, სპეცრაზმის ბოლო მიღწევებს შორისაა ოთხი BMP ქვედანაყოფის, ერთი ჯავშანტრანსპორტიორის, საბრძოლო მასალისა და მტრის პოზიციების განადგურება“ – წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ფეისბუქზე.

____________

ფოტოზე: Су-25. ფოტო: ვიკიპედია

ამავე თემაზე: 

როგორ ჩამოაგდო „ძიდმა“ რუსული Су-25 – „ისე ქაღალდის კომბინატში ვმუშაობ“

რუსებს უნდათ „ქართული ლეგიონი“ ერთიანად გაანადგურონ – ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

რატომ უკრაინაში უკრაინისთვის, როგორ დაიწყო რუსეთთან ბრძოლა ჯერ კიდევ 14 წლისამ, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად უკრაინას და რატომ წყდება საქართველოს ბედი უკრაინის ომში – „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა:

__

ჩვენ რუსეთის ლოგისტიკასა და სამეთაურო ცენტრებს ვანადგურებთ, კარგად ვართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამოცანებს. ეს, რასაკვირველია, არ მოსწონთ.

ამ 8 წლის განმავლობაში რუსებმა „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ არაერთი პროპაგანდისტული ფილმი მოამზადეს, ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. პროპაგანდა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა. იუწყებიან, რომ „ქართული ლეგიონის“ ნაწილი გაანადგურეს, რაც სიცრუეა.

ინტერვიუ მივეცი რუსულ არხს, რომელიც ცოტა არ იყოს, რუსულად მოიქცა, მოჭრეს ჩემი ნათქვამი, როდესაც მე ვამბობდი, რომ ჩვენ არ ვიყვანთ ტყვეებს, არამედ გადავცეთ იმ სამსახურებს, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი. მერე რაღაც ვიდეო ნახეს, რომელშიც ვიღაც ვიღაცას კლავს და აი, „ქართული ლეგიონი“ ხოცავს რუს ტყვეებს. ატრიალებენ და ყოველდღე მუშაობენ ჩვენ წინააღმდეგ. საქმეებიც აქვთ აღძრული, ჩემზეც, ბევრი მუხლია, ტერორიზმი, რუსი სამხედროების მკვლელობა…. შეუძლიათ, კიდევ რამდენიც უნდათ, იმდენი აღძრან.

ჩვენ უკვე ბევრი რუსი ტერორისტი გავანადგურეთ უკრაინაში და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

რუსეთის ტაქტიკა

კიევის ოლქის დეოკუპაციის მერე უმძიმესი სურათი დაგვხვდა. ჩვენი წარმოდგენით, ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას ვიცავთ და როდესაც იქ მოკლული ბავშვები და გაუპატიურებული ქალები დაგხვდა, ამან ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა ჩვენზე. ჩვენ ბევრი რამ გვინახავს ომში და შეიძლება აღარაფერი გვაკვირვებს, მაგრამ ამ სურათმა ძალიან იმოქმედა ბიჭებზე – ეს ხალხი ვერ დავიცავით.

ეს რუსეთის სტრატეგიაა, რომ, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობა გაანადგუროს. დიდად არ უნდათ სამხედროებთან პირისპირ შეხვედრა, ამას ყოველთვის თავს არიდებენ, სამაგიეროდ ბავშვებისა და ქალების მკვლელობა შეუძლიათ.

ჩვენ უფრო მაღალი წარმოდგენა გვქონდა რუსულ ჯარზე, ვიდრე ამ ომის დროს გამოჩნდა. ეს არის ძალიან დიდი, მაგრამ მოუმზადებელი ჯარი და არაფრით ჯობია, მაგალითად, სომალის ან რომელიმე ისეთი ქვეყნის არმიას, რომელიც თავდაცვას დიდად ყურადღებას არ აქცევს. მადლობა ღმერთს, რომ კორუფცია ყვავის რუსულ არმიაში. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება.

არ მიყვარს, როდესაც მტერს სწორად ვერ აფასებ, მაგრამ ფაქტია, ისინი მზად არ იყვნენ იმისთვის, რაც შეიძლებოდა უკრაინაში დახვედროდათ.

მათგან განსხვავებით, ნაკლები რიცხოვნობის მიუხედავად, უკრაინის არმია მზად იყო ასეთი ომისთვის. უკრაინული არმია ვითარდებოდა 2014 წლიდან. მან ომის წარმოების თავისი სტანდარტი შექმნა – არა ამერიკული ან NATO-ს სტანდარტი, არამედ საკუთარი და დღეს ყველა ხედავს, რომ უკრაინამ რევოლუცია მოახდინა.

ომის ბედი

ვფიქრობ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და ახლა ბალისტიკური რაკეტები და ავიაცია ჩართო საქმეში.

ომის ბედი ახლა იმ შეიარაღების მიღებაზეა დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა შეცვალოს, ესაა შორსმოქმედი რეაქტიული არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც უკრაინის ცას დაიცავს.

დასავლეთისგან უფრო სწრაფ და მკვეთრ ნაბიჯებს ველოდებით, დასავლური ბიუროკრატიის ყოველი დღე უკრაინას ადამიანების სიცოცხლედ უჯდება. ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც დასავლური მედია მეკითხება, რა სჭირდება უკრაინას, მე ვპასუხობ, რომ უკრაინას სჭირდება დროული დახმარება. ყოველდღიურად საარტილერიო თუ სარაკეტო თავდასხმების შედეგად უამრავი მოქალაქე იღუპება. დაგვიანებული დახმარება უკვე დახმარება ვეღარ იქნება.

სულ არ მსიამოვნებს, მაგრამ დაღუპული მოქალაქეებს ვიღებ და მერე ვცდილობ, ეს ვიდეოები ვაჩვენო ყველას, ვისაც გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაინც მგონია, რომ ეს რაღაც როლს თამაშობს. ისინი ხომ ბრძოლის ველზე ვერ დადგებიან, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება. ვცდილობ ამის გაკეთებას ჩემი კონტაქტებით, მაგალითად, აშშ-ში მყოფი ჩემი მეგობარი პოლიტიკოსების დახმარებით.

უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფოს გამოწვევა მიიღო. უკრაინამ საკუთარ თავზე იტვირთა არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ყველა ევროპული ქვეყნის, არამხოლოდ საკუთარი დემოკრატიული ღირებულებების, არამედ მთელი დასავლური სამყაროს ღირებულებების დაცვა. დასავლეთს კარგად უნდა ესმოდეს ეს და ისიც, რომ უკრაინა ამისთვის ადამიანების სიცოცხლით იხდის.

საქართველოს ბრძოლა უკრაინაში

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ უნდა. პრორუსული ხელისუფლება, რომლის აზრიც სრულიად განსხვავდება ხალხის აზრისგან.

ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ უკრაინამ, ფაქტობრივად, ნიღაბი ჩამოხსნა საქართველოს მთავრობას, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებსა და რუსეთის ხელისუფლებას ემორჩილება.

ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ამის დანახვა მოხალისეთა იმ რაოდენობითაც მარტივად შეიძლება, რომლებიც უკრაინაში ჩამოდიან.

უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა. ჩვენი 20 პროცენტიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ბედიც დღეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში.

დღეს უკრაინის გადარჩენა საქართველოს გადარჩენაა. საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა ესმოდეს, რომ აქ მხოლოდ უკრაინის ბედი კი არ წყდება, წყდება ძალიან ბევრი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ბედიც; რომ აქ, უკრაინაში, მიდის საქართველოსთვის ბრძოლაც და ისინი ამ ბრძოლას უნდა შეუერთდნენ.

რატომ უკრაინაში უკრაინისთვის

უკრაინაში 2014 წელს ჩამოვედი და „ქართულმა ლეგიონმაც“ სწორედ ამ დროიდან დაიწყო არსებობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, დავხმარებოდით უკრაინას მაშინ, როდესაც ვგრძნობდით, რომ ომი იწყებოდა. ჩამოვედით ქართული არმიის რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც უკრაინელებს, პირველ რიგში, ტრენინგებში ვეხმარებოდით და საბრძოლო მოქმედებებშიც ვმონაწილეობდით.„

უკრაინა არაერთხელ დაუდგა გვერდში საქართველოს. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და რუსეთის პირველი აგრესიის შემდეგ, ღიად დაეხმარა საქართველოს, რომელმაც თავისი მოხალისეები გამოგზავნა და ბევრი მათგანი საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

მრავალეროვანი „ქართული ლეგიონი“

2014 წლის აპრილში ლუგანსკში მილიციის ერთ-ერთ ბატალიონს ვწვრთნიდით და მალევე საბრძოლო მოქმედებებში ჩავერთეთ.

„ქართულმა ლეგიონმა“ რიცხობრივად ზრდა ძირითადად 2016 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიის ნაწილი გახდა. ჩვენ ვიყავით პირველი უცხოური ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინის არმიაში შევიდა. ახლა კი ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი ვართ.

ლეგიონში 32 ქვეყნიდან არიან მებრძოლები, ყველას არ ჩამოვთვლი. ძირითადად ქართველები არიან, თუმცა არიან ბრიტანელებიც, ამერიკელებიც. ყველას თავისი მოტივაცია აქვს, ინდივიდუალური.

მე ყველა მებრძოლს ვხვდები, როდესაც ისინი ჩამოდიან, მეც მინდა ვიცოდე, რა ამოძრავებთ – პირველ რიგში, იმისთვის, რომ რადიკალური შეხედულებების ხალხი გამოვრიცხოთ – ნაცისტები, რასისტები… ასეთი ხალხი არასდროს ყოფილა ჩვენთვის მისაღები.

ყველაზე დიდი დანაკარგი 24 თებერვლიდან დაიწყო. ბოლოს მიღება შევწყვიტეთ. თანაც ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმებით ვარჩევთ წევრებს – პროფესიონალიზმის მიხედვით, დღემდე საბრძოლო გამოცდილების ხალხს ვიღებთ, ვისაც ომისთვის წინასწარი მომზადება არ სჭირდება.

დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულებს აქვთ ავღანეთის, ერაყის, სხვა მისიების გამოცდილება, ქართველებს კი ძირითადად –  რუსებთან ბრძოლის.

1000-მდე კაცი ვართ ამ დროისთვის, სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებენ ჩვენი ჯგუფები, სხვადასხვა მიმართულებაზე ვართ გადანაწილებული. რუსებს ძალიან უნდათ, რომ სადმე ერთად გაანადგურონ „ქართული ლეგიონი“, რის საშუალებასაც არ მივცემთ – ჩვენი ტაქტიკით ვმუშაობთ და ჯერჯერობით ეს ტაქტიკა კარგად მუშაობს.

2008 წლის ომი

მე ვიტყოდი, რომ 2008 წლამდე ომებმა უფრო დიდი გავლენა მოახდიან ჩემზე. 2008 წლის ომი იყო ძალიან მოკლე, დაიდო სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებსაც რუსეთი დღემდე არ იცავს.

მაგრამ ეს იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე თანამედროვე ომების დასაწყისი – საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობის დასაწყისი.

2008-ში რუსეთი არ დასჯილა, ამიტომაც მის ამბიციებს უფრო ფართო გასაქანი მიეცა.

მაშინ საქართველომ არაერთხელ თქვა, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა, რადგან ცხადი იყო, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობდა. საქართველოზე „წაივარჯიშეს“ და ამას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. დღესაც უდიდესი მსხვერპლია უკრაინაში, ყოველდღიურად ვკარგავთ მშვიდობიან მოქალაქეებს.

2008 წელს რუსეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას ამბიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და ყველა გზით ეცდება, საქართველო თავის სივრცეში შეათრიოს.

14 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ

90-იან წლებში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოვლენები ზუსტად იმავე სცენარით ვითარდებოდა, როგორც შემდეგ უკრაინაში – სეპარატიზმის მხარდაჭერა და ე.წ. ჰიბრიდული ომის დაწყება. ჩემი აზრით, ეს იყო ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მაშინ, სამწუხაროდ, საქართველო დამარცხდა.

მამაჩემი სამხედრო გენერალი იყო და ქართულ არმიაში მსახურობდა. ფაქტობრივად, სამხედრო ბაზაზე გავიზარდე და 14 წლისა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჯარისკაცი ვიყავი.

საბრძოლო მოქმედებებში წამიყვანა და მათი დაწყებიდან 1 წელში ტყვედ ჩავვარდით. 3 თვე ვიყავი ტყვეობაში. ტყვეობაში გავხდი 15 წლის. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ გავაცნობიერე, რომ რუსეთი მტერია და ცხადად მივხვდი, რატომ უნდა მებრძოლა მის წინააღმდეგ. მას მერე ამ ბრძოლაში ვარ.

იყო პერიოდი, როდესაც დიპლომატიის სწავლა დავიწყე პარიზში. ომის ალტერნატივას ვეძებდი მაშინ, ამიტომაც დამაინტერესა დიპლომატიამ, თუმცა ვერ გამომადგა, რადგან დიპლომატიური ენით რუსეთთან ლაპარაკი შეუძლებელია. ჩვენ ეს ვერ შევძელით საქართველოში და ვერ ვახერხებთ ამას უკრაინაში, ასე რომ, დიპლომატია მეორე პლანზე გადავიდა და ისევ ბრძოლა გვიწევს.

თარგმნა: თამარ რუხაძე

მთავარი ფოტო: მამუკა მამულაშვილი

Exit mobile version