მთავარი,სიახლეები

„უკრაინა არ არის კორეა“ – პოდოლიაკმა ნატოს ყოფილ მთავარსარდალს უპასუხა

18.07.2022 • 1763
„უკრაინა არ არის კორეა“ – პოდოლიაკმა ნატოს ყოფილ მთავარსარდალს უპასუხა

„უკრაინა არ არის კორეა“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ნატოს ყოფილი მთავარსარდლის, ჯეიმს სტავრიდისის ინტერვიუს, რომლის პროგნოზითაც, რუსეთის ომს უკრაინაში კორეის ომის დასასრული ექნება და გაყინულ კონფლიქტად ოთხიდან ექვს თვემდე შუალედში იქცევა.

„უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა [ჩრდილოეთ კორეა]. განსხვავებულია კონტექსტი, განსხვავებულია მასშტაბები. ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი“ ნიშნავს, რომ რამდენიმე წელში დაბრუნდება ომი – კარგად მომზადებული და უფრო სისხლიანი. ერთადერთი გზა ომის დასასრულებლად და ევროპაში უსაფრთხოების დასაბრუნებლად, რუსეთის ფედერაციის დამარცხება და ტერიტორიების გათავისუფლებაა“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი და თან „ინსაიდერის“ მიერ მომზადებული სტატიის სათაურის ფოტოს ურთავს.

როგორც გამოცემა „ინსაიდერი“ წერს, ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა, გადამდგარმა ადმირალმა, ჯეიმს სტავრიდისმა, 16 ივლისს WABC 770 AM -ისთან რადიოინტერვიუში რუსეთის ომი უკრაინაში კორეის ომს შეადარა და ივარაუდა, რომ ის დაახლოებით 4-6 თვეში გაყინულ კონფლიქტად იქცევა.

ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ უკიდურესად ცალსახაა, ომში ორივე მხარე გაიჭედა.

უკრაინელები ძალიან ძლიერ ბრძოლას აწარმოებენ. პუტინის საომარი გეგმები განსაკუთრებით ეფექტური არ აღმოჩნდა. მან, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა, დამატებით მცირე ტერიტორია მოიპოვა. ვხედავ, ეს კორეის ომის დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს დაზავებას, მილიტარიზებულ ზონას ორ მხარეს შორის, მუდმივ მტრობას, ერთგვარ გაყინულ კონფლიქტს. ამის ნახვას ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდში უნდა ველოდეთ. არც ერთ მხარეს არ შეუძლია ამაზე უფრო მეტად გაძლება“, – აღნიშნა სტავრიდისმა.

კორეის ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 1950-1953 წლებში მიმდინარეობდა. მაშინდელი საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეას, ხოლო სამხრეთ კორეას ეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. 1953 წლის ივლისში ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი შეწყდა ზავით, რომელმაც შექმნა დემილიტარიზებული ზონა.

თუმცა იმის გამო, რომ მომდევნო წლებში ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ორი ქვეყანა ტექნიკურად კვლავ ომში რჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: