მთავარი,სიახლეები

 რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი 

16.07.2022 • 8541
 რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი 

„აზოველი“ დენის პისკუნი, მეტსახელად „კომბატი“, რუსეთის ტყვეობიდან ივნისის ბოლოს დაბრუნდა. 25 წლის მებრძოლი მარიუპოლში მიღებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ მკურნალობს. დენისი იხსენებს ქალაქის ბრძოლებს, “აზოვსტალის” ჰოსპიტალს, გმირობის მაგალითებს, ტყვეობას და მეგობრებს, რომლებიც დონეცკში დატოვა.

„აზოვსტალში“

„კომბატი“ 26 მარტს, ქალაქის ბრძოლების დროს დაიჭრა.

„ორნი ვიყავით. ასე 30-40 მეტრიდან გვესროდნენ. სადარბაზოში შევრბოდით, როდესაც პირველი ტყვია მუხლში მომხვდა და ეგრევე წავიქეცი. მერე კიდევ სამი ტყვია მომხვდა, თუმცა გამიმართლა, მთლად კარგი მსროლელები ვერ იყვნენ, თან დანი (თანამებრძოლი) არ შეშინდა, სადარბაზოდან გამობრუნდა და შემათრია“, – იხსენებს „კომბატი“.

დაჭრილი დენისი „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ევაკუაციის სიაშიც მოხვდა, თუმცა როგორც იხსენებს, მის შემდეგ ისე მძიმედ დაჭრილები შეიყვანეს, რომ მათი ევაკუაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო.

„ექიმი მოვიდა და მკითხა, „როგორ ხარ, გაუძლებ?“, მეთქი, რა კითხვა უნდა, რა თქმა უნდა გავუძლებ“.

„აზოვსტალის“ ჰოსპიტალში თავიდან საკვებიც იყო და მედიკამენტებიც, შემდეგ აღარც ერთი იყო და აღარც მეორე, დაჭრილები კი ლამის ერთმანეთზე იწვნენ.

იხსენებს, რომ როდესაც ერთ-ერთი დაბომბვისას საოპერაციო დაზიანდა და ის მთავარ „დარბაზში“ გადაიტანეს, ექიმს ნებართვა სთხოვა, ოპერაციებისთვის ეყურებინა. ტელეფონში იწერდა და ინიშნავდა, სწავლობდა, რამდენ ხანს უნდა გაეჩერებინა ტურნიკეტი, როგორ კეთდებოდა კიდურების ამპუტაცია, როგორ უნდა გაეჭრა ძვალი სწორად.

„ყველაზე საშიში მენჯისა და მუცლის ჭრილობა იყო“, – იხსენებს „კომბატი“. – „მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა, ვინც მუცელში იყო დაჭრილი“.

„მზად იყავი, რომ შეიძლება მოვკვდე“

კითხვაზე, რის ეშინოდა ყველაზე მეტად, დენისს ვრცელი პასუხი აქვს:

„თავიდანვე ვიცოდი, რომ ალყა იქნებოდა. შეიძლება, ყველა ვერ ხვდებოდა ამას და იმედი ჰქონდათ, რომ დახმარება მოვიდოდა, მაგრამ სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორი იყო განლაგება ფრონტზე, ხვდებოდა, რომ ვერანაირი ბრიგადა, ვერანაირი ძალები ვერ მოაღწევდნენ ჩვენამდე.

5-10 მარტიდან ვიცოდით, რომ ვერანაირი დებლოკადა ვერ იქნებოდა და რომ „აზოვსტალი“ ეს იყო ბილეთი ერთი მიმართულებით.

არა, როცა დავიჭერი, როცა მესროდნენ, მაშინ არ მეშინოდა. ეს ბრძოლაა ადრენალინია და თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს.

მაგრამ ნანგრევებში სიკვდილს რომ წარმოვიდგენდი…

ერთია მოკვდე ბრძოლაში და მეორეა მოკვდე ნანგრევებში, ან ღუმელი დაგეცეს, ან რამე, ასე სიკვდილი არ მინდოდა.

ბოლოს, როდესაც შტურმი დაიწყო, გვესმოდა, რომ ეს ბოლო ბრძოლა იქნებოდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ავიაციით გაგვანადგურებდნენ, მაგრამ უკვე შტურმისას, ვხვდებოდით, რომ სხვაგვარად იქნებოდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩაბარების ბრძანება და როდესაც ერთმანეთში ვლაპარაკობდით, ვამბობდით, რომ რა იარაღიც გვქონდა, იმით ვიბრძოლებდით. ვიბრძოლებდით, როგორც შევძლებდით, ისე. შევთანხმდით, რომ როგორ ბრძანებასაც მივიღებდით, ისე ვიმოქმედებდით.

ასე მქონდა წარმოდგენილი, რომ მოვიდოდნენ, შემოყრიდნენ ხელყუმბარებს და მერე როგორც გამოვიდოდა…. შემოვიდოდნენ და ჩაგვცხრილავდნენ, ან ჩვენ ჩავცხრილავდით… როგორც იქნებოდა. ტყვიით სიკვდილის იმედი მქონდა.

სიმართლე გითხრათ, ეს ომი რომ დაიწყო, მაშინვე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. მესმოდა, რომ მოგვიწევდა სასტიკი ბრძოლა და გადარჩენის შანსიც იქნებოდა მცირე. ამას ჩვეულებრივად ვუყურებ. მე სამხედრო ვარ, ჩემთვის ბრძოლის ველზე სიკვდილი ნორმალურია. ეგრევე ცოლს დავურეკე და ვუთხარი, „იყავი მზად, რომ მე შეიძლება მოვკვდე“.

ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიყავით – ტყვეობისთვისაც და ბრძოლისთვისაც – როგორიც ბრძანება იქნებოდა.

თავისუფლება თანამშრომლობის სანაცვლოდ

დენისი „აზოვსტალიდან“ 17 მაისს გამოვიდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ეგრევე ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში წაიყვანეს.

„უკვე სასწრაფოს მანქანაში დაიწყო – „როგორ არ გრცხვენიათ, ნაცისტებო? რატომ დაანგრიეთ მარიუპოლი?“, – იხსენებს დენისი. თუმცა მთავარი დაკითხვები ჯერ კიდევ წინ იყო, ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ კი დონეცკში, სადაც ნოვოაზოვსკიდან გადაიყვანეს.

გაჩხრიკეს, ტელეფონები ჩამოართვეს, ტატუები შეუმოწმეს, ქამრები და თასმები მოხსნეს.

დაკითხვაზე მიდიოდნენ დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სამართალდამცველებიც, რუსებიც, ფეესბედან, უშიშროებიდან, საგამოძიებო სამსახურიდან.

„გვეკითხებოდნენ „რედისთან“ (დენის პროკოპენკო, „აზოვის“ მეთაური) დამოკიდებულებაზე. რას ფიქრობთ, ალყაში რომ დაგტოვათო. ძალიან ცდილობდნენ, „რედისზე“ რაიმე მისი საწინააღმდეგო ინფორმაცია გამოეძალათ. უნდოდათ, მეთქვა, რომ მე მარიუპოლში დარჩენა არ მინდოდა და მან მაიძულა, მაგრამ ეს არ მითქვამს, არ გამოუვიდათ. მერე შემოთავაზება დაიწყეს, მპირდებოდნენ, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდ მომცემდნენ დონეცკის რესპუბლიკის პასპორტს, ახალ ვინაობას, თავისუფლად ვიცხოვრებდი მარიუპოლში. თუ არ ვითანამშრომლებდით, გვეუბნებოდნენ, რომ როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, ყველას სიკვდილით დასჯა გველოდა.

შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. მეთქი, იქნება განაჩენი – დაე, იყოს. დაგვხვრეტთ? – დაე, დაგვხვრიტეთ. ყველა ასე ეუბნებოდა“.

„მათ შესახებ ყველამ უნდა იცოდეს“

„აზოვსტალის“ შემდეგ ალბათ თვეზე მეტი შიმშილის გრძნობა აწუხებდა, მასაც და მის თანამებრძოლებსაც, რომლებთან ერთადაც პალატაში იწვა – „აკველსა“ და „სნოუს“. და რადგანაც პალატაში სიარულის უფლება არ ჰქონდათ და ძირითადად იწვნენ, სხვა უამრავ რამესთან ერთად, იმაზეც ოცნებობდნენ, რომ როდესაც შინ დაბრუნდებოდნენ, შეიკეტებოდნენ ერთ პალატაში სადმე და იქ გამოიძახებდნენ ყველაზე გემრიელ საჭმელს.

„სნოუს“ უნდოდა სუში და პიცა, სიგარეტი და ბეილისი. „აკველს“ უნდოდა კიბორჩხალა და ტორტი. და სამივე ვიძახებდით KFC-ს. მერე დავაყოლებდით ყავას აივანზე… მაგრამ ბიჭები იქ დარჩნენ. ყველას დიდი მადლობა, რომ გამცვალეს და დამაბრუნეს, მაგრამ ბიჭების გარეშე აქ ყოფნა ძნელია,“ – ამბობს დენისი და იხსენებს, რომ როდესაც გაცვლაზე მისი გვარი ამოიკითხეს, როგორ სთხოვა ვიღაც დონეცკის „რესპუბლიკის“ კაცს, რომელიც სხვებზე ნორმალური ჩანდა, რომ იქნებ მის ნაცვლად „სნოუ“ გაეცვალათ.

„მე მარიუპოლელი ვარ, იქ აღარაფერი დამრჩა. „სნოუ“ ზაპოროჟიელია, აქ გოგო ჰყავს. ერთად ვიწექით ბუნკერში, ერთად ვიწექით პალატაში, ის უნდა გამოსულიყო და არა მე,“ – დენისი აღფრთოვანებით ჰყვება „აკველის“ სიმამაცეზეც.

„აკველს“ „აზოვსტალში“ მთელი ეს დრო თურმე მენჯის მოტეხილობით გაუტარებია, არავინ იცოდა ამის შესახებ, ის კი მტკივანი ფეხით საბრძოლო პოზიციებზე დაბრუნებას ცდილობდა.

„ქარხანაში ერთი ჭრილობით შემოიყვანეს, მერე დაბომბვისას ბუნკერის კარი დაეცა და თურმე მენჯი მოიტეხა. დონეცკში, რენტგენი რომ გაადაუღეს, მაშინ გავიგეთ ეს ამბავი,“ – იხსენებს „კომბატი“ და იქვე იხსენებს გმირობის მაგალითებს, რომლების შესახებაც, მისი აზრით ყველამ უნდა იცოდეს.

„ჰოსპიტლის სამზარეულო რომ დაიბომბა, საჭმელი დაჭრილებისთვის ეროვნული გვარდიის წევრებს მოჰქონდათ. ასე 500 მეტრის მანძილი უნდა გამოევლოთ ჩვენამდე, მაგრამ ამ გზას ხან ერთ საათს უნდებოდნენ დაბომბვების გამო. ბოლოს მოდიოდნენ ქანცგაწყვეტილები, გამურულები და მოჰქონდათ საჭმელი. ყოველ მოსვლაზე ტაშს ვუკრავდით, რადგან ეს გმირობა იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ.

კიდევ, იყო ერთი „ქიმიკოსი“, არა „აზოველი“, არამედ მოხალისე. თვითონ მძღოლი იყო, დაჭრილების გადაყვანაში გვეხმარებოდა, მისი შვილი, მინიკი კი „აზოვში“ იყო. ერთ დღესაც მინიკი დაიჭრა, ვერტმფრენით უნდა გაეყვანათ მარიუპოლიდან და ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მახსოვს, ჩემ გვერდით იწვა „ქიმიკოსი“, დაღუპული შვილის ფოტოს უყურებდა, მერე საძილე ტომარაში ჩაძვრა და მთელი დღე ტიროდა. მეორე დღეს ამოვიდა ამ ტომრიდან და თავისი საქმე გააგრძელა – სხვა დაჭრილების დახმარება. გმირობაა ესეც. ახლა ოლენოვკაშია, ტყვეობაში“.

დენისს ერთი სული აქვს, როდის შეძლებს, რომ თავის საქმეს დაუბრუნდეს, სხვა თუ ვერაფერი, იარაღს მაინც გავწმენდო, ამბობს და ერთი სული აქვს, ტყვეობაში დარჩენილი თანამებრძოლები დაბრუნდნენ.

და თუ დაბრუნდებიან, როდის – ამაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ისინიც დაბრუნდებიან.

წყარო: AZOV media

გადაბეჭდვის წესი


ასევე: