სიახლეები

12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

18.07.2022 •
12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ.

„ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

ცალკეულ პარტიებს ალბათ თავიანთი გეგმა აქვთ, მაგრამ ერთიანი გეგმა, როგორც ასეთი, მე არ მინახავს.

შეგვიძლია მათი განცხადებებიდან ან ქმედებებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამაზე.

ბოლო დღეებში ძირითადი უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაა, რომ საკმარისად რადიკალური ნაბიჯები ვერ გადაიდგა ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ „სირცხვილიამ“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებმა ვერ მოახერხეს, დაგროვილი უკმაყოფილების მუხტი გადათარგმნილიყო რამე ქმედით და შედარებით უფრო რადიკალურ ნაბიჯებში.

თუ ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა უფრო ეფექტური, ან თუნდაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მაშინ უნდა მოიფიქრონ, რა შეიძლება იყოს სტრატეგია, ან რისი შესაძლებლობები არის კონკრეტულ მომენტში.

ერთია სურვილი, რამდენად შევთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა უფრო რადიკალური მოქმედება და მეორეა რა რესურსებია, განწყობებია და რა სტრატეგიით უნდა წავიდეთ. მთავარი გარღვევა რაც არის, არის სწორედ ამ მიმართულებით.

მეჩვენება, რომ თანხმობა უფრო იმაზეა, რამდენად გაბრაზებულები უნდა იყვნენ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების გამო, ვიდრე იმაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ.

რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ – ეს არის მთავარი საკითხი, მაგრამ ამაზე არაა შეთანხმება.

როგორც ჩანს, რეალობას სხვადასხვანაირად აღიქვამენ და მერე აქედან გამომდინარე, სტრატეგიაც სავარაუდოდ ძალიან განსხვავებულები აქვთ. ეს იწვევს საბოლოოდ იმას, რომ აქამდე რა მცდელობებიც ჰქონდათ, კრახით დასრულდა.

  • მაშინ ასე გკითხავთ, რას უნდა აკეთებდეს ახლა ოპოზიცია?

ინსტრუქციები გაცემულია ევროკომისიის მიერ. ეს არის სამოქმედო გეგმა. დიდი ხანია ეს სამოქმედო გეგმა არსებობდა. დაწყებული შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელიც, სამწუხაროდ, საწყის ეტაპზე ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დააიგნორა, უგულებელყო ეს შეთანხმება. თავიდან არ მოაწერეს ხელი, მოგვიანებით მოაწერეს.

მე ასე მივიჩნევ, გარე დამკვირვებელს, მათ შორის, ევროკავშირს სწორად ესმის აქ რა სიტუაციაა, უფრო სწორად ხედავს აქაურ განწყობებს, რა შესაძლებლობები არსებობს ადგილზე, ვიდრე უშუალოდ მონაწილე პირებს ადგილობრივ პროცესებში. ისინი უფრო ვერ ხედავენ რა ხდება, ვიდრე ევროკავშირი, რომელიც გარე დამკვირვებელია.

ვფიქრობ, ევროკავშირმა სწორად მიიჩნია, რომ საჭიროა არა ისეთი რადიკალური მოთხოვნების დაყენება, რაც აპრიორი ვერ შესრულდება. საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარ-პატარა დათმობები, რაზეც უნდა წამოვიდეს მთავრობა. ამ გზით შეიძლება რაღაც დიდს მიაღწიო.

ბოლო სამი წელია ამ ხალხმა ეს ვერ გაიგო. ერთი და იგივე რაღაცა, რასაც გარე დამკვირვებელი მიგითითებს, ამ რაღაცას ვერ იგებ ბოლო სამი წელია. თან ყველა სხვა სტრატეგია, რომელიც გაქვს, კრახით სრულდება. ამიტომ არ ვიცი, მეტი რა უნდა ქნან, რანაირად უნდა მიანიშნონ. გეგმა არის ის, რომ შეთანხმდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრობით რეფორმებზე, რაც მერე გაგვიყვანს დიდ რეფორმებამდე. ეს სავარაუდოდ უფრო იმუშავებს, ვიდრე არარეალისტური რადიკალური მოთხოვნების დაყენება, რის გარშემოც ხალხი, უბრალოდ, ვეღარ ერთიანდება.

  • რატომაა დღეს ოპოზიცია ამ დღეში, ამის მიზეზი რა არის?

მიზეზი არის ის, რომ, ზოგადად, ადამიანებს ზოგჯერ უნდათ იმაზე მეტი, ვიდრე არის შესაძლებელი. რაციონალური აქტორი ითვალისწინებს არა მხოლოდ იმას, რა სურვილი აქვს, არამედ იმასაც, თუ როგორ მივიდეთ A-დან B-მდე. ამაზე შეთანხმების ნაკლებობა, ამაზე საკმარისი რეფლექსია არ აქვთ აქტორებს. უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან დააკმაყოფილონ, მაგალითად, თავიანთი რადიკალი მხარდამჭერები, ვიდრე ის მოიფიქრონ, რა გეგმით შეიძლება ქვეყანა წინ წავიდეს და დემოკრატიზაცია მოხდეს. ისე, რომ ეს არ გადავიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რისი საფრთხის წინაშეც ვდგავართ ყველანი და ესეც გასათვალისწინებელია.

არ არის საკმარისი რეფლექსია და შეთანხმება იმაზე, ამ რესურსებიდან გამომდინარე, რაც არსებობს, რა შეიძლება იყოს სწორი მიმართულება. საითაც შეიძლება რომ წავიდეთ, სწორი სამოქმედო გეგმა.

ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია ამ პოლარიზაციითაც, რადგან პოლარიზაცია ზრდის ემოციურობას. რაც უფრო დაპირისპირებულია საზოგადოება, უფრო პოლარიზებულია, ადამიანები უფრო ემოციურები არიან და ზოგ შემთხვევაში მეც მძალავს ხოლმე ემოციები. ბუნებრივია, როდესაც ძალიან ემოციური ხარ, ამ ემოციების გვერდზე გადადება საჭიროა იმისათვის, რომ რაციონალური გამოსავალი მოვძებნოთ.

  • ევროკომისიამ 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცა, ვიცით ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, მაგრამ თქვენ თუ იცნობთ პროდასავლური ოპოზიციის გეგმას, როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულების შესაძლებლობას?

არ მინახავს. აქაც იგივეა. რა თქმა უნდა, მთავრობის ვერსია, ყოველ შემთხვევაში, მე რაც მოვისმინე, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ა.შ. ჩემთვის არ არის ეს გამოსავალი. პირიქით, ეს უფრო გაამწვავებს სიტუაციას. იმიტომ, რომ იქ აშკარა არის, რაც იგულისხმება. ბიძინა ივანიშვილის გავლენები უნდა შემცირდეს მთავრობაზე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც უნდა უპასუხო.

იქ არავინ ითხოვს ბიძინა ივანიშვილის ციხეში ჩასმას, ბიძინა ივანიშვილის გაგდებას ქვეყნიდან ან რაღაცა ისეთს.

მარტივ რაღაცას ითხოვენ, რომ მისი გავლენები შემცირდეს. ეს არის მთავარი რამ – სპილო ოთახში. ამას თუ არ უპასუხე, სხვა რაზეა საუბარი. ამაზე უნდა გქონდეს დამაჯერებელი ან დამაჯერებელთან მიახლოებული პასუხი. შეიძლება ეს ორ დღეში ვერ მოხდეს, მაგრამ გეგმა უნდა გქონდეს. ხელისუფლების რეაქცია ჩემთვისაც არ არის დამაჯერებელი და არ არის რეალურად გზა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს კრიზისი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია საერთოდ არც კი შედის კონკრეტულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე დებატებში.

თითქოს საერთოდ არაა საჭირო კონკრეტულ, პრაგმატულ თუ პრაქტიკულ რაღაცებზე შეთანხმება.

აი, იარსებებს რაღაცა მითიური მუხტი ოდესღაც და ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ჯადოსნურად მოგვარდება. აი, ასეთი წარმოდგენა აქვთ. ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა, რომ ერთი ხელის მოსმით მოგვარებები, როგორც წესი, არ მუშაობს. საქართველოს ისტორიამაც და სხვა ქვეყნების ისტორიამაც.

ოპოზიციის კრიტიკის ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ ემოციები არის პირველ პლანზე და მეორე ადგილზე არის რაციონალური აზრი.

ემოციები უფრო მნიშვნელოვანია, რა ემოციას გრძნობ მთავრობის წინააღმდეგ, ვიდრე რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამ და როგორ წარმოგიდგენია მომავალი.

სანამ ასე იქნება, რა თქმა უნდა, კრიტიკა ვერ იქნება – აქ მთავარია შენ იყო, ემოციური დამოკიდებულება აჩვენო ვიღაცის მიმართ და აი, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ვინ უფრო მეტად, უფრო მგზნებარედ გამოხატავს თავის თავს და ვინ უფრო ავთენტური იქნება ამ ემოციურ პლანში.

ამხელა აქცენტი ემოციურ ნაწილზე კონტრპროდუქტიულია.

საჭიროა კონკრეტული გეგმის, სტრატეგიის მოფიქრება და ამისთვის კრიტიკა არის ერთ-ერთი გზა. უნდა გამოვიდნენ ამ რაღაცა პარადიგმიდან, რომ საჭიროა გულზე მჯიღის რტყმა, სლოგანების ყვირილი და ა.შ.

ეს არის პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ნაწილი პოლიტიკის. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკას არ აგებენ მარტო სლოგანებზე, სადღეგრძელოებზე, ყვირილზე, ჩხუბზე. ესენიც არის, მაგრამ მარტო ეს არა.

  • მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი და მუდმივი პარტნიორები ხედავდნენ, რომ საქართველოში არსებობს პროდასავლური ძალა, რომელიც მიუხედავად იმისა, რას იზამს ხელისუფლება, არის დასავლური ღირებულებების ერთგული. დასავლეთთან მიმართებაში რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? როგორ უნდა იმუშაოს ბრიუსელთან? ვაშინგტონთან?

არ კმარა მარტო გამოთქვა პროდასავლურად ყოფნის სურვილი და მთავრობის კრიტიკა, როდესაც ის ანტიდასავლურ, ზოგ შემთხვევაში კი, პრორუსულ ნაბიჯებს დგამს. თუნდაც იგივე, ემუქრება დასავლეთს, აშანტაჟებს, რაც ძალიან პრობლემურია ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში.

რატომ არის პრობლემური? იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დგას დასავლეთის მხარდაჭერაზე. ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორი არის დასავლეთი. დასავლეთისთვის ძირის გამოთხრა ამ სიტუაციაში, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სუვერენიტეტსაც გამოეთხრება ძირი.

ვისაც არ ესმის, ეს იგივეა არ გესმოდეს, რომ იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ. ამას, სამწუხაროდ, ბოლო დროს აკეთებს „ქართული ოცნება“, არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ამ შემთხვევაში არამარტო უნდა დააფიქსირონ თავიანთი პროდასავლური განწყობები, არამედ ქმედებებითაც – რომ მზადაა ითამაშოს ისე, როგორც დასავლეთში თამაშობენ პოლიტიკაში კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები.

განსაკუთრებით ევროკავშირში, რომელიც არის ერთობა, მთლიანად დამყარებული კონსენსუსის და შეთანხმების იდეაზე. აი, ამ შინაგან პროდასავლურობას თუ არ აჩვენებს ოპოზიცია, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად დასავლეთს მეტ კითხვის ნიშანს გაუჩენს ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ. იმიტომ, რომ გამოდის, მთავრობაც ასეთია და ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ კი, პროდასავლურები ვართო, მაგრამ აი, ქმედებების დონეზე მზად არ არიან ისეთი ტიპის ნაბიჯები გადადგან, რომელიც კონსენსუსზეა ორიენტირებული. იმაზე ორიენტირებული, რაზეც ევროკავშირი და, ზოგადად, ევროპული ცივილიზაციაა დაფუძნებული.

  • რა არის ის საკითხები, რომელთა ფორსირებაც შეუძლია ახლა ოპოზიციას?

ოპოზიცია უნდა მუშაობდეს კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ საკითხებზე. ეს შეიძლება იყოს სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, შეიძლება იყოს დემოკრატიის კუთხით რეფორმები, განსაკუთრებით სასამართლოს შემთხვევაში. ყველანაირად უნდა ანახოს ოპოზიციამ, რომ  მას შეუძლია კონსტრუქციული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისეთი თემების წამოწევა, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.

  • ეს მიანიშნებს იმას, რომ ოპოზიცია ხალხთან ახლოს არ არის?

შეიძლება არის ახლოს ხალხთან, მაგრამ ეს მათ რიტორიკაში არ ჩანს. თითქოს მიაჩნიათ, რომ არ არის რაღაცების ხმამაღლა ლაპარაკი, რომ ეს ისედაც იგულისხმება. არ იგულისხმება ისედაც. ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, როგორც ამომრჩეველს. გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, რაც პირდაპირ ეხება ჩვენს ცხოვრებას. იქნება ეს ტრანსპორტი, ეკოლოგია, ეკონომიკა, სოციალური დახმარებები, პენსია… კონკრეტული თემები. იმიტომ, რომ ვცხოვრობთ აქ და პირდაპირ გვეხება ეს საკითხები.

გვეხება ჩვენ და ეხება ჩვენს ოჯახებს. თითქოს ოპოზიციას ჰგონია, რომ ეს ისედაც იგულისხმება. არ არის ასე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: