მთავარი,სიახლეები

ხელსაქმე, როგორც ჰობი და შემოსავლის წყაროც – დიანა ხულოდან

16.07.2022 • 2783
ხელსაქმე, როგორც ჰობი და შემოსავლის წყაროც – დიანა ხულოდან

28 წლის დიანა ჩოგაძე ხულოს სოფელი ელენიძეებიდანა. დიანა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო, როცა ხელსაქმით დაინტერესდა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია ეს საქმე. ამ დროის განმავლობაში დიანას ხელსაქმე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.

დიანა დღეს უკვე ამზადებს სანათებს, სამზარეულოს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ნივთებს. ასევე, ქსოვს და ქარგავს.

მისი თქმით, ყველაზე მეტად ძველი ნივთების განახლება და მათთვის ახალი ფუნქციის მიცემა უყვარს.

დიანასთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ როდის და ვისგან ისწავლა ხელსაქმე

  • დიანა, ვისგან ისწავლეთ ხელსაქმე? 

ბებიაჩემი კერავდა. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, თუმცა კერვა მაინც მეტწილად მისგან ვისწავლე. ქარგვით კი დედა ქარგავდა.

მამაჩემი ხეზე მუშაობს, ჩემი ძმაც. ჩემს ოჯახში ყველა რაღაც ხელსაქმითაა დაკავებული, თუმცა მსგავს ნივთებს, როგორსაც მე ვაკეთებ, ისინი არ აკეთებენ.

ახლა ძირითადად კანაფის ძაფით ვმუშაობ.

ვმუშაობ ნივთებზე, რომლებიც უკვე აღარ გამოდგება, დაკარგა ფუნქცია, მათ სხვა იერს ვაძლევ. ვაკეთებ დეკორატიულ ნივთებს სამზარეულოსთვის. გაკეთებული მქონდა მაკეტები ეზოებით და ა.შ., რაც გავყიდე უკვე.

ასეთი საქმიანობის ისეთი დიდი სურვილი მაქვს, რომ არ შემიძლია გაჩერება. შემიძლია ღამე გავათენო და გავაკეთო ის, რაც მინდა, შედეგამდე მივიდე.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ნივთი, რომელიც დამოუკიდებლად გააკეთეთ?

პირველი ნივთი, რომელიც მახსოვს, ძალიან ადრე, ბავშვობაში გავაკეთე.

მოვქსოვე დიდი კალათა, რომელშიც ნაქსოვი, დიდი, წითელი მარწყვები ჩავალაგე. ეს კალათა გაიყიდა, რაზეც ძალიან გული მწყდება, სხვათა შორის.

  • რატომ გწყდებათ გული?

ჩემი გაკეთებული ყველა ნივთი ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ყველა ნივთს ვერ შეინახავ, რაღაც უნდა გაყიდო, თუმცა, ყველა ნივთი მენანება. რაც არ უნდა გადამიხადონ, ბოლოს მაინც სინანულს ვგრძნობ.

რადგან მარწყვით სავსე კალათა პირველი ნაკეთობა იყო, რომელიც დამოუკიდებლად, ჩემი სურვილით გავაკეთე, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. მეხუთე კლასში არ ვიყავი, როცა მოვქსოვე.

  • ფიქრობდით, რომ 28 წლის ასაკშიც ხელსაქმით იქნებოდით დაკავებული?

კი, კი. ეს საქმე იმდენად გულში, სისხლში მაქვს, რომ ვფიქრობ, თუ კი ჩემი ხელები და გონება საშუალებას მომცემს და მივაღწევ 90-100 წლის ასაკს მაშინაც ვერ შეველევი. არ შემიძლია უბრალოდ.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის კეთების პროცესი, რას განიცდით ამ დროს?

უდიდეს სიამოვნებას. აი, იმ დროს რა დაღლას და ნერვიულობას ვგრძნობ, ამ ყველაფერს ფარავს შედეგის მოლოდინი. როცა შედეგს ვაღწევ, ყველაფერი მანდ მთავრდება და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. რასაც ჩავიფიქრებ, იმ ნივთს რომ დავამზადებ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება.

  • რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო ამა თუ იმ ნივთის კეთებისას?

ამას მართლა ვერ გადმოვცემ.

სანათის გაკეთება მინდოდა ძალიან. ვფიქრობდი, რით გამეკეთებინა. უბრალოდ, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში შევედი და იქ ვნახე ჩვეულებრივი, არ ვიცი რა ჰქვია, მაგიდის გადასაფარებლები რაზეცაა დახვეული, მუყაოს უხეში მილი. გამყიდველს ეს დაცლილი მუყაოს მილები ჰქონდა და იმდენად მომეწონა, რომ რამდენიმე ცალი წამოვიღე. გამყიდველს ვთხოვე, მან კიდევ მითხრა ოღონდ რაღაც გააკეთე და წაიღეო.

  • რა გააკეთეთ მუყაოს მილებით?

დაახლოებით 3-4 ღამე ვიმუშავე. სოფელში ვცხოვრობ, ბევრი საქმე მაქვს, დრო – ცოტა, მაგრამ მაინც ვახერხებ.

ყველაფერი შევაგროვე რაც მჭირდებოდა და პირველი სანათი გავაკე. იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ ვერავის დაველოდე სანათის ელექტროგაყვანილობა გაეკეთებინა. ესეც ჩემი ხელით გავაკეთე და გავყიდე კიდეც, 150 ლარად.

დიანა ჩოგაძის დამზადებული სანათი

  • სად და როგორ ყიდით ხოლმე ნივთებს?

სანათი, რომელზეც გიამბეთ, იმ მაღაზიაში გავყიდე, საიდანაც მუყაოს მილები წავიღე. იქ მკითხეს, თუ რა დავამზადე ამისგან. მაღაზიაში მომხმარებელი იყო შემოსული. სანათის ფოტო რომ ვაჩვენე, მითხრა, რომ ის უკვე მისი იყო და მორჩა.

ზოგადად რაიმე კონკრეტული გაყიდვის ფორმა არ მაქვს არჩეული. არც ვარეკლამებ ჩემს ნივთებს. მხოლოდ ჩემს ფეისბუქგვერდზე ვტვირთავ და ესაა, თუმცა ფეისბუქით არასდროს არაფერი გამიყიდია. ჩემი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაში სანაცნობო წრე მეხმარება.

ზამთარში ვიღებ შეკვეთებსაც ქსოვაზე და ა.შ.

  • ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?

ნამდვილად ვერ გამოვყოფ. ჩემს ხასიათს, განწყობას რაც უნდა, იმას ვაკეთებ და მე ეს მსიამოვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რაც გამიკეთებია, ეს მეჩეთის მაკეტია. ჩემს გაკეთებულ ნივთებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს.

დიანა ჩოგაძის დამზადებული მეჩეთის მაკეტი

  • თქვენ ხეზეც მუშაობთ. ხომ არ შეხვედრილხართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას. მაგალითად, უთქვამთ ხეზე მუშაობა რა ქალის საქმეაო?

არა, ჩემგან არაფერი აღარ უკვირთ.

დასაწყისშიც არ იყო მსგავსი დამოკიდებულება. ყოველდღე ხის მასალაზე ვმუშაობ-მეთქი რომ გითხრათ, ასე არ არის. დღეს ხეზე ვმუშაობ, ხვალ – სულ სხვა რამეზე. ძალიან მიყვარს ყვავილები და ხისგან ქოთნებსაც ვამზადებ ჩემი ყვავილებისთვის.

დიანა ჩოგაძის დამზადებული მაგიდა

  • რა ნივთზე მუშაობთ ახლა?

ახლა ნიგვზის ხის მასალისგან სახილეს ვაკეთებ. ამ ნივთზე მუშაობა შარშან დავიწყე და ვეღარ დავასრულე. შევინახე და ახლა გავაგრძელე. ხანდახან ვწყვეტ მუშაობას, სულ სხვა ნივთის კეთებას ვიწყებ, ვასრულებ და შემდეგ ვუბრუნდები ადრე დაწყებულ ნივთს.

  • თქვენ თქვით, რომ წელს მუშაობა დაიწყეთ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ სად მუშაობთ?

ვმუშაობ ნახევარფაბრიკატების საწარმოში. დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. შემდეგ სახლის, სამეურნეო საქმეები. ჩემი საყვარელი საქმისთვის მხოლოდ ღამით ვიცლი.

ყველას უკვირს რატომ მიყვარს ზამთარი. ხულოში მაინც რთული ზამთარი იცის, მაგრამ ჩემთვის წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა. იმიტომ, რომ უფრო მეტი დრო მაქვს ხელსაქმით რომ დავკავდე.

  • როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ყველაფერს სახლის პირობებში ვამზადებ, თუმცა, მინდოდა პროექტის დაწერა. ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, რომ საკერავი მანქანით დავეფინანსებინე ვინმეს. მე ბაღებისგანაც ვიღებ ხოლმე შეკვეთებს, ვუკერავ ფორმებს.

ჩემს სახლში, ერთ ოთახში მინდა, რომ სახელოსნო მოვაწყო.

ყველაზე მეტად იმისთვის, რომ ჩემი ხელსაქმე განავითარო საკერავი მანქანა მჭირდება. ხელნაკეთ ნივთებში ხშირად მჭირდება კერვა. საქსოვი, საქარგავი მანქანებიც. კიდევ, ყოველთვის მაქვს პრობლემა ცხელი წებოს თოფზე. საბერძნეთიდანაც გამომიგზავნეს, მაგრამ ისიც არ გამოდგა ხარისხიანი. მარტივად ფუჭდება.

პატარა, საოჯახო, საკერავი მანქანა მაქვს, რომელიც ჩემს ამდენ კერვას ვეღარ უძლებს, რადგან არ არის ამდენი დატვირთვის.

ყველაზე მეტად მძულს შეკითხვა „რას აკეთებ?“ იმიტომ, რომ არასდროს ვამბობ რას ვაკეთებ. როცა დავასრულებ მაშინ ნახავთ – ასე ვპასუხობ.

დიანა ჩოგაძის დამზადებული ნივთები

დიანა ჩოგაძის დამზადებული სანათები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: