მთავარი,სიახლეები

უკრაინამ უნდა იჩქაროს. პუტინი ბლეფზე მიდის – ფუკუიამა

17.07.2022 • 8668
უკრაინამ უნდა იჩქაროს. პუტინი ბლეფზე მიდის – ფუკუიამა

იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცრუობს, როცა ამბობს, რომ „უკრაინაში რუსეთს ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“. ამის შესახებ ფუკუიამამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ის ცრუობს, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე. დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც სწავლობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, აღნიშნავენ, რომ ახლა რუსეთის არმია შემადგენლობის ძალიან მწვავე დეფიციტს განიცდის. მათ დაკარგეს, ალბათ, მთელი პერსონალის მესამედამდე, რომელიც თავდაპირველად გაგზავნეს უკრაინის გასანადგურებლად. რუსეთის მსხვერპლის შეფასება მხოლოდ მიახლოებითია, მაგრამ შესაძლოა იყოს 20 000 მოკლული და 60 000 დაჭრილი. პლუს – ტყვეები და ა.შ.

ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც რუსეთია, ეს არ არის პატარა სამხედრო ოპერაცია. სამხედრო თვალსაზრისით, ეს, პრაქტიკულად, კატასტროფაა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას მხოლოდ ძალიან მცირე წინსვლა აქვს ორი თვის განმავლობაში, რაც მათ დაიწყეს სამხედრო მოქმედებების კონცენტრაცია დონბასში და ვფიქრობ, რომ მათ არც დიდი რეზერვი აქვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, პუტინი ბლეფზე მიდის, როდესაც ამბობს, რომ მათ „ჯერ კიდევ არ დაუწყიათ,“ – ამბობს ფუკუიამა.

ამავე ინტერვიუში ფუკუიამა ამბობს, რომ არსებობს ორი გარემოება, რაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს საფრთხეს უქმნის:

„პირველი ტესტი უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას ელის ზამთარში. რუსეთმა ფაქტობრივად უკვე შეაჩერა ბუნებრივი გაზის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ სიცივის დადგომასთან ერთად ევროპას რეალური პრობლემა შეექმნება რუსული გაზის შემცვლელის საპოვნელად.

მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ში რესპუბლიკელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა თანდათან სუსტდება. ამავდროულად, ტრამპი მეორე მხარეს არის – ის პრორუსულადაა განწყობილია და არა პროუკრაინულად.

ცხადია, თუ ტრამპი 2024 წელს დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე, ამან შეიძლება რუსეთის ყველა პრობლემა გადაჭრას, რადგან ტრამპი აპირებს აშშ-ს ნატოდან გაყვანას. ამრიგად, კრემლი თავის მთავარ მიზნებს ამერიკული პოლიტიკის კურსის შეცვლით მიაღწევს. აი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინამ გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს და ბრძოლის ველზე ინიციატივა ზაფხულში აიღოს.

დასავლეთში ერთიანობა დამოკიდებულია იმაზე, სჯერა თუ არა ხალხს, რომ ახლო პერსპექტივაში შესაძლებელია საომარი პრობლემების გადაჭრა. თუ გადაწონის მოსაზრება, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა და დიდხანს გაგრძელდება, მაშინ, ვფიქრობ, დასავლეთის ერთიანობაში ბზარები გაჩნდება და მეტი მოწოდება იქნება უკრაინაზე ტერიტორიის დათმობისკენ ომის შესაჩერებლად“.

ფუკუიამა ამბობს, რომ ამჟამინდელი რუსეთი მას ყველაზე მეტად ნაცისტურ გერმანიას ახსენებს:

„მისი ერთადერთი იდეოლოგია უკიდურესი ნაციონალიზმია, თუმცა ნაკლებად განვითარებული ფორმით, ვიდრე ნაცისტებს ჰქონდათ. გარდა ამისა, ეს რეჟიმი ძალიან სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული და რეალურად ტრიალებს ერთი ადამიანის – პუტინის ირგვლივ, რომელიც აკონტროლებს ძალაუფლების ყველა მთავარ ბერკეტს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: