განათლება,მთავარი,სიახლეები

გოგონები უკეთ სწავლობენ, კარიერას კი ბიჭები იკეთებენ – რატომ?

15.07.2022 • 2202
გოგონები უკეთ სწავლობენ, კარიერას კი ბიჭები იკეთებენ – რატომ?

საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გაცილებით მეტი გოგო ამთავრებს ოქროს მედალზე, ვიდრე ბიჭი, თუმცა კარიერის გარკვეულ საფეხურზე კაცები უფრო წინაურდებიან ხოლმე, ვიდრე ქალები.

მაგალითად, მიმდინარე წელს, აჭარაში საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა 372-მა გოგომ და 167-მა ბიჭმა, ბათუმში კი – 11-მა გოგომ და 51-მა ბიჭმა.

გოგოები რომ უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, ამას სხვადასხვა ნაციონალური თუ საერთაშორისო კვლევაც მოწმობს. მაგალითად PISA-ს კვლევებიც აჩვენებს, რომ გოგოები, იქნება ეს საბუნებისმეტყველო საგნები თუ მათემატიკა, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები და გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ კითხვაში და წაკითხულის გააზრებაშიც.

იგივე, OECD-ის ქვეყნების კვლევის მიხედვითაც, საქართველო იმ ათ ქვეყანას შორისაა (ბულგარეთთან, ფინეთთან, იორდანიასთან, კატართან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად), სადაც გოგონების საშუალო შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აღემატება ბიჭებისას.

მსგავსი მონაცემები მიუხედავად, კარიერულ წინსვლაში კაცები მაინც უფრო მეტად მიიწევენ წინ, ვიდრე ქალები. რა განაპირობებს კარიერაში კაცების უპირატესობას? სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები მიიჩნევენ, რომ პრობლემა კომპლექსურია.

ნათია სირაბიძე, მარკეტერი, კომუნიკაციის სპეციალისტი და ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კაცების კარიერულ წარმატებას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები უწყობს ხელს.

„ზოგჯერ ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ვიყო კაცი, მაშინ უფრო ადვილად გამომივიდოდა ყველა მოლაპარაკება და უფრო სწრაფად მივაღწევდი რაღაც კუთხით წარმატებას-თქო.

ისეთ მასკულინურ ქვეყნებში, როგორიც თუნდაც საქართველოა, კაცის ხმის ტემბრსაც კი მეტი დამაჯერებლობა აქვს, ვიდრე ქალის ლოგიკურ არგუმენტს.

მე, პირადად, არაერთხელ მიგრძვნია ეს და ჩემი განათლების და კვალიფიკაციის მიუხედავად, კაც კოლეგას უფრო ხშირად გაუტანია ვთქვათ, მისი იდეა, ვიდრე მე – ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მეტი არგუმენტი მქონია“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

გოგონების და ბიჭების მიღწევები სქესის მიხედვით. PISA-ს მიხედვით.

მისი თქმით, როგორც ადრე იყო დამოკიდებულება ქალების/შვილების მიმართ – „ქმარს ჩავაბარე, პატრონს ჩავაბარე“, საქმეშიც ხშირად ასეთი დამოკიდებულება შეინიშნება.

„საქმესაც კაცს უფრო აბარებენ, ვიდრე ქალს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორგანიზაციის ტვინი შეიძლება იყოს ქალი“ – გვეუბნება ნათია სირაბიძე.

მისი აზრით, ქალის კარიერულ წინსვლას აფერხებს ისიც, რომ ქალს ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ „კაცი მასზე ჭკვიანია“.

„ამიტომ, გოგო ორჯერ უფრო მეტად უნდა სწავლობდეს, რომ დაამტკიცოს ეს ასე არ არის.

სკოლაშიც, მასწავლებლების დამოკიდებულებაც კი არის ასეთი: „კი, ძალიან ბეჯითი გოგოა, მაგრამ ბიჭი უფრო ნიჭიერია“. ანუ ბიჭის სიზარმაცესაც კი ნიჭს მიაწერენ“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

მისი დაკვირვებით, ხშირად ქალებიც აღარ ცდილობენ მმართველ პოზიციებზე განაცხადი გააკეთონ, რადგან ქალს, კარიერის გარდა, საზოგადოება უფრო მეტად აკისრებს ოჯახურ ვალდებულებებს, ვიდრე კაცს.

„ქალზე გაცილებით დიდია ოჯახის ტვირთი, ბავშვის მოვლა, რაც თრგუნავს მის კარიერულ წინსვლას. გოგონებიც ნაკლებად რისკავენ ისეთი სამსახური აიღონ ან ისეთი ბიზნესი დაიწყონ, რომელიც ხელს შეუშლის მას შეინარჩუნოს ოჯახური ბალანსი.

ნათია სირაბიძე

მისი აზრით, ის, რომ ქალებს რიგ შემთხვევებში თავდაჯერებულობა აკლიათ, კარგი განათლების მიუხედავად, ესეც სტერეოტიპების გავლენით ხდება.

„რამდენ გოგოს უარი უთქვამს უწყვეტ განათლებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრს უთქვამს – „კარგი ახლა, რად გინდა ეს შენ“. ამ პატარა ფრაზის გამოც კი შეიძლება შეფერხდეს ქალის წინსვლა“.

ის, რომ კაცები უფრო მეტად არიან წახალისებული ოჯახში და სხვა სფეროებშიც, ამ აზრს იზიარებს ნანა დიხამინჯიაც, რომელიც „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი და ილიაუნის პროფესორია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით.

მისი თქმით, კაცის კარიერა უფრო მეტად არის ოჯახში წახალისებული, მაშინ როცა ქალებს უფრო ხშირად ესმით, რომ მათი მთავარი დანიშნულება ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა.

„გარდა ამისა, მთელი რიგი პროფესიები, რომელიც უფრო მეტად იძლევა განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, ქალებისთვის უფრო ნაკლებად არის წახალისებული მშობლებისგან, ნათესავებისგან, გარემოსგან… მიიჩნევა, რომ თითქოს ეს არ არის ქალის პროფესია.

ასე იყო მაგალითად 80-90-იან წლებში, როცა ქირურგობა კაცის შესაფერისი საქმე უფრო იყო, ვიდრე ქალის და ასე შემდეგ.

ამას ემატება ოჯახური ტვირთი, რომელიც ძირითადად ქალს აწევს და ხელს უშლის კარიერულ ზრდაში. ის უფრო მეტ დროს ხარჯავს ოჯახის მოვლაზე, ბავშვების აღზრდაზე, თუნდაც დამხმარეები ჰყავდეს, მაინც, ემოციურ მენეჯმენტზე – ეს იქნება ურთიერთობები, დაგეგმვა, სკოლასთან ურთიერთობა, კრებებზე, წრეებზე სიარული – ქალს აქვს ამაზე პასუხისმგებლობა აღებული, მაშინ როცა ამ დროს კაცი თავის კარიერულ განვითარებას ახარჯავს.

და როგორც წესი, საზოგადოებაში უფრო მეტად არის წახალისებული ის მოსაზრება, რომ ცოლმა უნდა შეუწყოს ხელი ქმრის კარიერულ განვითარებას და არა პირიქით. ანუ, თუკი ვინმემ უნდა დათმოს საკუთარი დრო, როგორც წესი, თმობს ქალი.

რატომღაც მიჩნეულია, რომ ქალს უფრო ადვილად შეუძლია დახაროს თავი, რადგან ბავშვობიდანვე ასე ესაუბრებიან და ამას მოითხოვენ მისგან“ – გვეუბნება ნანა დიხამინჯია.

ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად უწყობს სახელმწიფო ქალს ხელს ბავშვის გაჩენის შემდეგ, საქართველოში არ არსებობს მუნიციპალური ბაგა-ბაღები და ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა მხოლოდ 3 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.

შესაბამისად, თუ ქალი ფინანსურად არ არის უზრუნველყოფილი, ის ვერ შეძლებს ძიძის დაქირავებას და ბავშვის მოვლაზე, ხშირ შემთხვევაში, მთლიანად ქალია პასუხისმგებელი.

ნანა დიხამინჯია მიიჩნევს, რომ ძიძა დღეს ბევრი ქალისთვის ფუფუნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალმა კარიერული წინსვლა შესაძლოა რამდენიმე წლით შეწყვიტოს შვილის გაჩენის შემდეგ. იგი აქვე დასძენს, რომ ვერც ძიძის დაქირავება ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას.

„ის დამხმარეებიც, ძიძებიც ხომ ქალები არიან, ვისაც წლების გატარება უწევთ სხვის ოჯახებში, ამიტომ ძიძის აყვანა ვერ იქნება თანასწორობის წამქეზებელი. თანასწორობის წამქეზებელი არის ოჯახში შრომის თანაბარი გადანაწილება“ – ამბობს ნანა დიხამინჯია.

ნანა დიხამინჯია

იგი ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ ფაქტორს უსვამს ხაზს:

კარიერის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თავდაჯერებულობა და სწორი თვითშეფასება. კვლევებიც გვეუბნება, რომ ქალებს უფრო მეტად შეაქვთ ხოლმე ეჭვი თავის უნარებში, განსაკუთრებით მაღალ პოზიციებზე და უფრო მეტად შფოთავენ იმაზე, თუ რამდენად გამოუვათ დაკისრებული საქმე.

ეს ყველაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან, რადგან, როგორც წესი, გოგოებს ნაკლებად პატიობენ შეცდომებს. ადამიანის განვითარებისთვის კი შეცდომების დაშვება და თავისუფალი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ასე ვსწავლობთ ჩვენ ჩვენი უნარების შეფასებას.

ცალკე ამბავია თამაშის სფერო. აქაც, თუ დავაკვირდებით, ტექნიკური, საინჟინრო სათამაშოები უფრო მეტად აქცენტირებულია ბიჭებისთვის, რაც ზოგადი პრობლემაა, რადგან განვითარებულმა ქვეყნებმაც კი ახლა დაიწყეს ამაზე ფიქრი. შარშან, მაგალითად, „ლეგომ“ განაცხადა, რომ შეცვლის თავის პოლიტიკას და აღარ ექნება სათამაშოებზე გენდერული დაყოფა.

3-4 წლის გოგო როცა შედის მაღაზიაში, ხედავს, რომ დაყოფილია თაროებად გოგოების და ბიჭების სათამაშოები. თანაც გოგოებისთვის განკუთვნილი სათამაშოები გათვლილია როლურ მოდელზე, რადგან ძირითადად თოჯინებია ხოლმე, ბიჭი კიდევ იწყებს იმ სათამაშოებით, რომელშიც მას ლოგიკური და საინჟინრო უნარები უვითარდება“.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო გენდერულ საკითხებზე კომპლექსური საუბარი და არა ერთი ან ორი ფოკუსიდან ამ პრობლემის დანახვა.

ნანა დიხამინჯია მხარს უჭერს პოლიტიკაში ქალების კვოტირებას, რადგან მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე სფეროში საზოგადოების რომელიმე ჯგუფი დაჩაგრულია, მას გაძლიერება სჭირდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში კვოტირებამ კარგი შედეგი მოიტანა.

როცა ამ თემაზე წამოიჭრება ხოლმე დავა, ყოველ ჯერზე ეს მაგალითი მოჰყავთ ხოლმე საქართველოში, რომ აი, პარლამენტში არიან ქალები, რომლებიც ცუდად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება არგუმენტი, იმიტომ, რომ პარლამენტში კაცების 90 პროცენტიც ძალიან ცუდად ასრულებს თავის მოვალეობას და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არაკვალიფიციურნი არიან, მაინც ადვილად იმკვიდრებენ თავს პოლიტიკაში კონტაქტების წყალობით.

კვოტირება არ არის იმისთვის, რომ ჩვენ კეთილსინდისიერი და ჭკვიანი ხალხი მივიღოთ ეგრევე პარლამენტში, ეს სხვა პოლიტიკური ჩარჩოების შეთანხმებების საკითხია, კვოტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალები ზუსტად ისევე თანაბრად იყვნენ პოლიტიკაში წარმოდგენილი, როგორც კაცები“ – ამბობს ნანა დიხამინჯია.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში, იგი პასუხობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

„ჯერ ერთი იმიტომ რომ პოლიტიკა ყოველთვის მიიჩნეოდა კაცების საქმედ და მეორეც, პოლიტიკა არის ემოციურად ძალიან მძიმე და თუკი ადამიანს ოჯახის მხარდაჭერა არ აქვს, რთულია არანორმირებული სამუშაო დროში და გარემოში, პარალელურად ოჯახის გაძღოლაც შეძლოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის შრომა იქნებოდა თანაბრად გადანაწილებული, მაშინ ქალზე აღარ იქნებოდა ეს ტვირთი.

გარდა ამისა, ქალები ნაკლებად არიან პოლიტიკაში იმიტომ, რომ საზოგადოება მათ მიმართ გაცილებით კრიტიკულია. ის, რაც ჩვენ გვიპატიებია კაცი პოლიტიკოსებისთვის, იქნებოდა ეს ღრეობები, თუნდაც ოჯახის ღალატი, ამას არ ვპატიობთ ქალებს.

ქალებშიც ზუსტად ისევე შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერები, უსამართლო ან ბოროტი ადამიანები, როგორც კაცებში, ამიტომ ქალების რომანტიზება აბსოლუტური სისულელეა.

აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ, ქალები ვართ ამ ქვეყნის ნახევარი და ჩვენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ესმის ჩვენი პრობლემები, რაც პირდაპირ უკავშირდება გენდერს“ – ამბობს ნანა დიხამინჯია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: