მთავარი,სიახლეები

ტანკისტი, რომელმაც ხერსონთან ბრძოლისთვის უკრაინის გმირის წოდება მიიღო

17.07.2022 • 23443
ტანკისტი, რომელმაც ხერსონთან ბრძოლისთვის უკრაინის გმირის წოდება მიიღო

„ხერსონი უბრძოლველად ჩააბარეს“ – ასეთ აზრს შეიძლება წააწყდეთ სოციალურ ქსელებში. ომის მეხუთე თვესაც კი, ცოტამ თუ იცის ხერსონისთვის ბრძოლების შესახებ.

უკრაინას ჰყავს რამდენიმე გმირი, რომლებმაც ეს ყველაზე მაღალი ჯილდო სწორედ რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში, ხერსონისთვის ბრძოლებში მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი დმიტრო დოზირჩია, 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეულის მეთაური.

24 თებერვალს დმიტრო 33 ტანკისტთან ერთად ხერსონთან მტრის დესანტს დახვდა. მისმა ასეულმა რუსები დაამარცხა და ალყიდან მთელი ბრიგადა გამოიყვანა. დმიტრომ ამისთვის „ოქროს ვარსკვლავი“ მიიღო.

ის ახლა 24 თებერვლის ბრძოლებს იხსენებს.

_________

თებერვალში ნიკოლაევის ოლქში პოლიგონზე ვიყავით. უკვე 19 თებერვალს, სასწრაფოდ ხერსონის ოლქში გადაგვიყვანეს. მზადებაც დაიწყო: ვაწყობდით საბრძოლო კომპლექტებს, საწვავს ვავსებდით, ტანკებს ვამზადებდით.

მეორე დღეს ჩემი ასეული ლაზურნიში გადაიყვანეს (კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე). ოდესღაც, ბავშვობაში, ვისვენებდი იქ, ახლა კი ჩვენი ამოცანა იყო მტრის დესანტი არ შემოგვეშვა.

ბოლომდე არ მჯეროდა, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. მაინც ვფიქრობდი, რომ ალბათ, ისევ დონბასში დაიძაბებოდა ვითარება.

დილის 5 საათი იქნებოდა, გადმოგვცეს, რომ გაურკვეველი მფრინავი ობიექტები გამოჩნდნენ. მალე აფეთქების ხმაც გავიგონეთ: ჩვენგან არც ისე შორს, სამხედრო ნაწილს დაარტყეს. ეგრევე გავაღვიძე პირადი შემადგენლობა, ტანკებში ჩავსხედით და ბრძანებას დაველოდეთ.

იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ რუსეთი შემოიჭრა. ჩვენი ძირითადი დანაყოფებისგან შორს ვიყავით – ასე 70 კილომეტრში, არც ინტერნეტი იყო, მობილურიც ძლივს იჭერდა.

მივიღეთ ბრძანება, რომ ნოვა კახოვკისკენ დავძრულიყავით.

ჩემი მეთაურები შევკრიბე, ავიხსენი, რომ ეს სწავლებები აღარ იყო და ვუბრძანე, პირადი შემადგენლობაც გაეფრთხილებინათ. იმ დროს ჩემს ასეულში საკმაოდ ბევრი ადამიანს არ ჰქონდა საბრძოლო გამოცდილება. მხოლოდ სამი მებრძოლი მონაწილეობდა 2014-2015 წლების სამხედრო მოქმდებებში, დანარჩენები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ – 20-35 წლის.

ცოტა ხანში კი ჩვენს ტანკებს მტრის ავიაციამ გადაუფრინა, ვერტმფრენებმა – ხუთი მათგანი KA-52 იყო (ამ ვერტმფრენებს ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლიათ) და მათ გარდა კიდევ 10-15 სადესანტო ვერტმფრენი. გადავწყვიტე, ცეცხლი არ გაგვეხსნა, რათა პროვოცირება არ მოგვეხდინა და ჩემი კოლონა ხშირ ტყეში შევიყვანე. ვერტმფრენები ხერსონის მიმართულებით წავიდნენ.

“ოქროს ვარსკვლავისა” და გმირის წოდების მიღების შემდეგ/ ფოტო: 59-ე ბრიგადა

ნოვა კახოვკამდე 20 კილომეტრში ვიყავით, როდესაც მეთაურმა შემატყობინა, რომ მეტრს უკვე დაეკავებინა დასახლებული პუნქტი, დაეკავებინა ხიდი, შესასვლელი ჩაეკეტა და ჩვენს ძალებს არ უშვებდა.

მივიღე ბრძანება, ხერსონამდე მიმეღწია, გამენადგურებინა მოწინააღმდეგე, გამეთავისუფლებინა ხიდი და ჩვენი ჯარებისთვის ალყიდან გამოსვლის საშუალება მიმეცა.

ანტონოვსკის ხიდამდე კიდევ ერთი ხიდია, მდინარე კონკაზე. ამ ხიდზე უამრავი ხალხი იყო – სამხედროებიც და მოქალაქეებიც.

ჩემი ტანკი პირველი მიდიოდა. ხიდზე ავედით. უკვე ნახევარი გზა გავლილი გვქონდა, როდესაც უცებ რაღაც მოფრინდა. ყურები დარტყმის ხმამ დამიგუბა. ცეცხლის ყველა გაელვების წერტილს მიზანში ვიღებდით, ვხედავდით, საიდანაც გვესროდნენ.

ყველაზე რთული ალბათ პირველი დარტყმები იყო.

ხიდის ქვეშ ნაღმსატყორცნი ავაფეთქეთ. იქ რუსებს უკვე გაეშალათ რადიოსადგური. ასე 30-40 ადამიანი კი ხიდზე იყო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით – RPG 7-ებით გველოდნენ.

ხიდი გავათავისუფლეთ. პოზიციები დავიკავეთ.

შემდეგი დავალება მივიღეთ – გაგვეთავისუფლებინა ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ჩვენგან 2 კილომეტრში მდებარეობდა.

ხიდის მარცხნივ გზა ხერსონში მიდის, მარჯვნივ კი დასახლება ანტონოვკის დანარჩენი ტერიტორიაა. ორივე მხრიდან ერთდროულად დაგვიწყეს სროლა. ჩვენ ხიდზე მივდიოდით, მოწინააღმდეგე კი უფრო დაბლა იყო, ამიტომ დახრის კუთხე ბოლომდე არ გვყოფნიდა, რომ ლულა დაგვეწია და სამიზნე გაგვენადგურებინა.

მაგრამ ეს მეორე ხიდიც გავიარეთ.

ის პირველი დღე ყველაზე კარგად მახსოვს. შემდეგი დღეები 26-27-28 თებერვალი ნაკლებად, იმ 24-ს კი თითქმის ყოველდღე ხელახლა ვხედავ.

ახლა ძალიან მინდა ჩემი ტანკით ხერსონში შევიდე, ის მარშრუტი გავიარო, რომელიც პირველ დღეს გავიარე.

ადამიანებს კი ვეტყოდი, რომ დაგველოდონ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

_______________________

წყარო: Hromadske.ua

მთავარი ფოტო: დმიტრო დოზირჩი/ფოტო: hromadske.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: