მთავარი,სიახლეები

რატომ ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიის დისკრედიტაციას ბსუ-ს სტუდენტები POSTV-ზე 

15.07.2022 • 2033
რატომ ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიის დისკრედიტაციას ბსუ-ს სტუდენტები POSTV-ზე 

„ჟურნალისტი მიდის-მოდის, სიუჟეტებს აკეთებს, ვისაც ფეიკ ნიუსი უნდა, ტვ პირველი აკეთებს“ – ასეთია აჭარულის მოტივებზე შექმნილი სახუმარო სიმღერის ტექსტი, რომლითაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუმორისტული გუნდი „ბსუ“ იუმორისტული გუნდების ჩემპიონატზე წარსდგა. სახუმარო სიმღერას არასრულწლოვანი ასრულებდა.

იუმორისტულ ჩემპიონატს „ქართული ლიგა“ ატარებს და ის პროსახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ეთერით გადაიცემა. ჩემპიონატის ჩანაწერი ფეისბუქზე გუშინ, 14 ივლისს გამოქვეყნდა.

ვიდეოს გამოქვეყნებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

„ვფიქრობ, ეს არა უწყინარი ხუმრობა, არამედ მედიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი რიტორიკით გამოირჩევა „ქართული ოცნება“. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი. თუ დააკვირდებით მცირეწლოვანი ბავშვი ხუმრობს, ათ წლამდე იქნება. ეს კიდევ უფრო დამაზიანებელია დემოკრატიის პროცესისათვის, როცა ბავშვებს ამ სახით იყენებენ,“ – ამბობს არჩილ ბერიძე, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი.

ის ერთ-ერთია იმ ათობით სტუდენტს შორის, ვისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა იუმორისტული გუნდის გამოსვლა.

გუნდ „ბსუ“-ს იუმორისტულ შოუში გასამგზავრებლად დახმარება უნივერსიტეტმა გაუწია. კერძოდ, დააფინანსა მათი ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში და უკან.

„სამწუხაროდ, უნივერსიტეტს ჯერ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მიუხედავად იმისა, რომ [ეს ხუმრობა] გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, თუ უნივერსიტეტი პოზიციას არ დააფიქსირებს, ეს ორმაგი სტანდარტი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არა უბრალოდ პასუხისმგებლობას არ იღებს, არამედ მსგავს რიტორიკას მწვანე შუქს უნთებს.

იმიტომ, რომ როდესაც ერთხელ ამბობს, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, თუკი „ქართული ოცნების“ რიტორიკას იზიარებს რომელიმე ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტის სახელით გამოდის ლიგაზე, ე.ი. ეს ნორმალურია?

მაშინ კითხვის ნიშნები ჩნდება.

ბოლო პერიოდში რაც გავრცელდა, თუნდაც თვითმმართველობის პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით, იქაც ის თემა იყო, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეოდა უნივერსიტეტის შიდა საკითხებში. როცა მსგავს რიტორიკას იყენებს ხელისუფლება წლების განმავლობაში, მუდმივად მიმდინარეობს კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია და მსგავსი სახით ძალადობის წახალისება, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება,“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

„ბათუმელები“ იუმორისტული გუნდი „ბსუ“-ს ერთ-ერთ წევრს, ოთარ მალაყმაძეს ესაუბრა. ის ტურიზმის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და წელს პირველად იღებდა მონაწილეობას იუმორისტულ შოუში. ოთარ მალაყმაძეს ვკითხეთ, გაეცნო თუ არა ბსუ-ს სტუდენტების კრიტიკას, მათი იუმორისტული ნომრის გამო და მიაჩნდა თუ არა, რომ ხუმრობა სახელისუფლებო პროპაგანდის ერთგვარი გაგრძელებაა.

„არა, უცებ თვალი ჩავავლე. დიდად არ ვაკვირდები კომენტარებს. საკუთარი იუმორისტული გადაცემაც მქონია, ბევრი რამ გამიკეთებია მაგდაგვარი. არასდროს არ ვაკვირდებოდი სხვის აზრს, რადგან ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნდა. ყველას თავისი გადმოსახედი აქვს, რაც უნდათ ის დაწერონ. იუმორისტულ გადაცემაში რაც შეიძლება მრავალფეროვან თემებს უნდა მოვკიდოთ ხელი. ზოგადად, აპოლიტიკური ვარ. მთელი გუნდი შევიკრიბეთ და რაღაცები დავწერეთ. კავეენზე ყველაფერზე ღადაობენ და მაგაზე რატომ გამოგვეკიდა ხალხი, არ ვიცი,“ – უთხრა ოთარ მალაყმაძემ „ბათუმელებს“.

კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა თავად სახუმარო სიმღერის შინაარსს და იხუმრებდნენ თუ არა მსგავსად POSTV-ზე, ოთარ მალაყმაძე პასუხობს.

„ჩემთვის პოლიტიკა… და ნებისმიერი შოუ, გადაცემა თუ რაც არ უნდა იყოს, ყველას ერთ ქვაბში ვყრი. ყველა რაღაცის გამო რაღაცას კადრულობს. „ტვ პირველია“ ფეიკ ნიუსი თუ „იმედია“ ფეიკ ნიუსი, ჩემთვის ყველა ფეიკ ნიუსია, ვისაც რა აწყობს, იმას საუბრობს. რადგან ტვ პირველზე გამომეკიდნენ ავდგები და ხვალ ვიტყვი, რომ ყველა ფეიკნიუსია, თუ უნდათ და ბოღმიან გულებს გავუხარებ. POSTV-ზე კი არა ყველაზე ვიხუმრებდი, POSTV-ი ვინაა? ეს ჩემი პირადი აზრია,“ – ამბობს ოთარ მალაყმაძე.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ მსგავსი ხუმრობები ახალისებს ძალადობას ჟურნალისტებზე, სტუდენტი პასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია.

„მაგას ვერც ვიფიქრებდი. მაგ დონეზე არ ვარ მაგ სფეროში გათვითცნობიერებული. იმიტომ რომ არც აქეთა მხარეს ვუყურებ, არც იქითას. ტელევიზორი კაი ხანია გათიშული მაქვს, ტელეფონში ჩემით ვსქროლავ. არანაირ ემოციებს არ ვიღებ, არც პოზიციიდან, არც ოპოზიციიდან.

სტუდენტებიდან რომ ასეთი რეაქცია წამოვიდა, მე პირადად მეცოდებიან ასეთი სტუდენტები, ჯერ ბავშვი გამოიყენესო და რანაირი საუბრები იყო. ჩემი ბიძაშვილია ის ბავშვი. რომელი პოზიცია ან ოპოზიცია მე ვარ, რაღაცას რომ მეუბნებიან,“ – ამბობს ოთარ მალაყმაძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ლევან ტარიელაძეს, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსს.

„სტუდენტების ჯგუფი მოვიდა ინიციატივით, რომ სურდათ მონაწილეობის მიღება, თბილისში ტარდებოდა ეს კონკურსი. ამ კონკურსის ორგანიზატორებისაგან მივიღეთ მოწვევის წერილი. სტუდენტებმა გვთხოვეს, რომ უზრუნველყოფა გაგვეკეთებინა მათი ტრანსპორტირებისათვის თბილისამდე და უკან.

პანდემიის შემდეგ გვინდა სტუდენტური ცხოვრება გამოვაცოცხლოთ, ამიტომ მაქსიმალურად, სტუდენტებისგან რა ინიციატივებიც მოდის, ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ და დავეთანხმოთ,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

კითხვაზე, როგორია უნივერსიტეტის პოზიცია, როდესაც ბსუ-ს მიერ დაფინანსებული ჯგუფი მედიის მისამართით მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, ლევან ტარიელაძე ამბობს, რომ „ყველაფერი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.

„უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს. ყველა, ვინც უნივერსიტეტში სწავლობს, უფლება აქვს, რომ წარმოადგინოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვერ ვიქნებით ცენზორები. ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი სტუდენტები რაზე ისაუბრებენ, რაზე იხუმრებენ.

მე ჩემი აზრის გამოხატვისგან თავს შევიკავებ, რომ არ გახდეს მოწოდების და დაპირისპირების მიზეზი სტუდენტებს შორის. ჩვენ სტუდენტებთან გვაქვს ურთიერთობა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველასთან გვქონდეს ობიექტური მიდგომა,“ – ამბობს ლევან ტარიელაძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს სახელისუფლებო პოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

27 ივნისს TV 25-მა გაავრცელა სქრინები, სადაც ჩანდა, რომ ბსუ-ს სტუდენტურ ჩატში ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, კონკრეტული პირების დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევდა სტუდენტებს.

მაშინ უნივერსიტეტის რექტორმა განცხადება გაავრცელ, სადაც წერდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად არც ერეოდა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. შესაბამისად, არ ფლობდა ინფორმაციას, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის, ასევე სხვა სტუდენტური ჯგუფების პირადი მიმოწერის თუ სხვა სახის კომუნიკაციის შესახებ.

ამავე თემაზე: 

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: