მთავარი,სიახლეები

„ეს იქნება რუსების ბოლო წარმატება უკრაინაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

15.07.2022 • 18886
„ეს იქნება რუსების ბოლო წარმატება უკრაინაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„სარაკეტო თავდასხმებით რუსეთს სურს დასავლეთის გადაღლაც,“ – ეს ეჭვი უჩნდება გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ფრონტის ბოლო ამბებს ეცნობა. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინა დათმობაზე წამოიყვანოს, ცეცხლი შეწყვიტოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, აგვისტოში გაირკვევა, მიაწვდის თუ არა შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთი უკრაინას. „თანაც სათანადო რაოდენობითო“ – ხაზს უსვამს ის და ითვლის, რუსებს რომ აშინებს, ისეთი „ჰაიმარსი“ სულ 12 ერთეულია ახლა უკრაინაშიო.

„უკრაინისთვის შესაბამისი რაოდენობის სისტემების მიწოდება განსაზღვრავს ომი სტატიკურ მდგომარეობაში გადავა, თუ გაგრძელდება აქტიური ფაზა, როცა უკვე გათავისუფლდება უკრაინის სამხრეთი და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ დონბასს,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე.

რას უნდა ველოდოთ აგვისტოში? – ამჯერად გადამდგარ გენერალ-მაიორთან ინტერვიუ ამ კითხვით დავიწყეთ. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენ რას ელოდებით აგვისტოში? არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმაზე, რომ უკრაინა ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე მოახერხებს ომში ერთგვარ გარდატეხას, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა, რაც ჯერ კიდევ არ მიუწოდებიათ. 

„ლენდ-ლიზის“ მიწოდება გრძელდება. უბრალოდ, უკრაინელებს, რა თქმა უნდა, უნდათ, რომ ეს მოხდეს დროულად და საკმარისი რაოდენობით. „ლენდ-ლიზის“ მიწოდება გრძელი პროცესია სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგიერთი სისტემა მოითხოვს მინიმუმ 3 თვე მომზადებას, უკრაინელებს ამზადებენ ბრიტანეთში, პოლონეთში, ახალი სისტემის ათვისება მოითხოვს დროს, შესაბამის რესურსებს და გარკვეულ პერიოდს.

ჩემი მონაცემებით, ამ ეტაპზე უკრაინაში არის დაახლოებით 12 „ჰაიმარსი“ – 6 „ჰაიმარსი“ და  6 – M-270, რომელიც იგივე „ჰაიმარსია“, ოღონდ მუხლუხიან პლატფორმაზე და რამხელა ზარალს აყენებენ რუსებს – ბოლო დღეებში 20-ზე მეტი საწყობი აუფეთქეს რუსებს. ამას დაუმატეთ მართვის პუნქტები. ბოლო დღეებში უკრაინელებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საარტილერიო დარტყმების რაოდენობა, თორემ რუსებს დღეში 1200-1500 ჭურვის გასროლა ჰქონდათ.

რაც შეეხება გარდატეხას, ეს გამოჩნდება აგვისტოში – რა რესურსი ექნება უკრაინას, რამდენად იქნება „ლენდ-ლიზის“ მიწოდება აქტიური და მზარდი. თუ ასე არ იქნება, მივიღებთ მრავალწლიან და გაჭიანურებულ ომს, რუსეთი კი, უახლოეს პერიოდში დაკარგავს შეტევის პოტენციალს, რესურსები მას თანდათან ეწურება და ომის ხაზი გადაიქცევა სტატიკურად. ამ შემთხვევაში ჯარები გადავლენ პოზიციურ დაპირისპირებაზე და ორივე მხარე შეეცდება, ლოკალურ წარმატებას მიაღწიოს გარკვეულ მიმართულებებზე მაქსიმალური ძალისხმევის კონცენტრირებით. ფაქტობრივად, ეს სურათი გამოკვეთილია კიდეც: რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება დონბასის რაიონში, ხოლო უკრაინელებს – ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. აქედან ერთადერთი გამოსავალია, თუ უკრაინელები შეძლებენ მიღებული, შესაბამისი აღჭურვილობით მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანონ ბრძოლის ხასიათში.

მნიშვნელოვანი გამარჯვება უკრაინელებისთვის იქნება, თუკი ისინი გავლენ აზოვის ზღვაზე და სამხრეთ უკრაინაში შეძლებენ წარმატების მიღწევას.

  • მიგაჩნიათ, რომ ობიექტური გარემოებებია, რის გამოც „ლენდ-ლიზი“ იგვიანებს? 

შევთანხმდეთ, რომ უკრაინელები ამ აღჭურვილობას იღებენ, ისინი დასავლეთიდან აღჭურვილობას რომ არ იღებდნენ, ასეთი წარმატებები თავდაცვაზე ვერ იქნებოდა.

როცა ვსაუბრობთ, რომ 20-ზე მეტი საწყობი გაუნადგურეს რუსებს ფრონტიდან 50 კილომეტრის სიღრმეში ფრონტის წინა ხაზიდან, ეს შედეგი უკრაინელებს სათანადო აღჭურვილობის მიწოდების გარეშე ვერ ექნებოდათ. აღჭურვილობის მიღებას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: მარაგები, დანაყოფები, რემონტის ნაწილი, მომარაგება და ასე შემდეგ. ჩვენი სურვილები ზოგჯერ არ ემთხვევა რეალურ გარემოებებს.

ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა რომც ვერ შეძლოს უკრაინამ და უბრალოდ გაზარდოს დარტყმის სიღრმეები, ესეც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. კონტრშეტევა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ გაათავისუფლოს დაკარგული ტერიტორიები, ხოლო მხოლოდ მტრისთვის ზარალის მნიშვნელოვანი  გაზრდით უკრაინა მიაღწევს იმას, რომ რუსებმა შეწყვიტონ საერთოდ საბრძოლო მოქმედებები და გადავლენ პოზიციურ, თავდაცვით მდგომარეობაზე. ანუ ერთია კონტრდარტყმა, რომელიც საჭიროა ტერიტორიის სრულად გასათავისუფლებლად და მეორეა რუსებისთვის იმ მასშტაბის ზარალის მიყენება, რომელიც მას აღარ მისცემს წინ წაწევის შესაძლებლობების, აიძულებს გადავიდეს დაცვაზე.

უკრაინისთვის შესაბამისი რაოდენობის სისტემების მიწოდება განსაზღვრავს შემდეგ სცენარებს: ომი სტატიკურ მდგომარეობაში გადავა, თუ იქნება ისევ დაპირისპირება და გაგრძელდება აქტიური ფაზა, როცა უკვე უკრაინის კინეტიკური ზემოქმედება გაგრძელდება, გათავისუფლდება უკრაინის სამხრეთის რეგიონები და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ დონბასსაც.

  • ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ძირითადად სარაკეტო თავდასხმებია გააქტიურებული, ეს რას აჩვენებს? 

სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება იმ მიზნით, რომ საარტილერიო შესაძლებლობები ნაკლები აქვს რუსეთს. საბრძოლო მასალების საველე საწყობებზე დარტყმებით, უკრაინამ საგრძნობლად გაურთულა რუსებს არტილერიის მასიურად გამოყენება, რაღაც პერიოდით მაინც, სანამ სტაციონარული მარაგებიდან არ მოხდება კვლავ შევსება საჯარისო მარაგების. სარაკეტო დარტყმების გახშირების მიზეზია ასევე საარტილერიო დარტყმების შემცირების ერთგვარი კომპენსირება. არ გამოირიცხება უკრაინის წარმატებულ დარტყმებზე შურისძიების ფაქტორიც. ამის კიდევ ერთი მიზეზია სარაკეტო ტერორის განხორციელება, რომ მოსახლეობა გამოფიტო, მორალურ და ფსიქოლოგიურ გადაღლას მიაღწიო და დააფიქრო იმაზე, იქნებ შეწყდეს ეს ომი, იქნებ შეთანხმებაზე წავიდეთ.

რუსეთს სარაკეტო თავდასხმებით უკრაინაში სურს დასავლეთის შოკირებაც. რუსეთს აქვს გათვლა, რომ დასავლეთმა შესაძლოა მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე და რაღაც დათმობაზე წავიდეს უკრაინა.

სარაკეტო თავდასხმები ასევე იმას აჩვენებს, რომ რუსეთს თანამედროვე რაკეტების საკმარისი რაოდენობა აღარ აქვს და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები S-300 გადააკეთეს სახმელეთო მიზნების გასაზიარებლად, ამ რაკეტებს არ აქვთ ზუსტი დარტყმის განხორციელების უნარი, თუმცა შესაძლებელია ქალაქი დაბომბო. ასეთი რაკეტებით დაბომბეს, მაგალითად, ნიკოლაევი, „კალიბრით“ დაბომბეს ვინიცა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებით ხარკოვი იბომბება „ისკანდერებით“. ასეთი არეული სისტემების გამოყენებით ცდილობს რუსეთი თავისი აღჭურვილობის მაქსიმალურად გამოყენებას.

  • ზელენსკის მრჩეველი, არესტოვიჩი ამბობს, რომ „ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა. ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა“. გასაგებია, რომ რუსეთი უარს ამბობს ცივილიზაციაზე, მაგრამ რატომ აწყობს მას სამხედრო ლოგიკის უარყოფაც?

ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა. ხომ გახსოვთ ეს გამონათქვამი: „მიზანი ამართლებს საშუალებას“? – ესაა რუსეთისთვის ამოსავალი. თუ რუსეთის მიზანია სარაკეტო თავდასხმით მოსახლეობის ფსიქოლოგიური და მორალური გატეხა, რა თქმა უნდა, რუსეთი ომის წესების და ჰააგის ტრიბუნალის შიშით არ გაჩერდება.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „რუსეთის არმიას უპირატესობის სწრაფად მოპოვების საშუალებას არ აძლევს მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები, შეიარაღება და საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტაქტიკა“. ეთანხმებით შეფასებას, რომ ეს საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტაქტიკაა? 

რუსეთი იყენებს კლასიკურ საბჭოთა ხელოვნებას, რადგან მას სხვა საშუალებას არ აძლევს ძველი ტექნიკა. ტაქტიკა, როგორც წესი, დამოკიდებულია აღჭურვილობაზე, რაც გაქვს. მაგალითად, ვერ დაგეგმავ მობილურ შეტევას, თუ არ გაგაჩნია შესაბამისი რაოდენობის ჯავშანტექნიკა. რუსეთი იყენებს იმ მეთოდებსაც, რაც შეესაბამება მისი შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, შეიარაღებას, მომზადებას და გარკვეულწილად წარმატებასაც აღწევს, ომის პირველი ეტაპიდან განსხვავებით, როდესაც წარუმატებლად მოინდომა თანამედროვე თაობის ომის წარმოება.

ჩემი აზრით, უკრაინა არის იდეალური ტერიტორია თავისი ლანდშაფტით, როგორც მანევრული შეტევისთვის, ისე მანევრული თავდაცისთვის. სამწუხაროდ, ამას რუსეთი ვერ ახორციელებს და ვერც უკრაინელები იყენებენ მანევრული თავდაცვის პრინციპებს. ძირითადად უკრაინა იყენებს ცალკეული რაიონის დაცვის სისტემას, ხოლო რუსეთი – კლასიკური მესამე თაობის შეტევის მეთოდებს: საარტილერიო ცეცხლის წარმოება პერიოდების მიხედვით, საცეცხლე ამოცანების შესრულება არტილერიის გამოყენებით, ე.წ. „ცეცხლის კედლის“ ორგანიზებას, რომელსაც სიღრმეში მიყვებიან უკვე ქვეითები. რუსებში ბატალიონის მეთაურების და ასეულის მეთაურის დონეზე დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, სჩანს სერჟანტთა რგოლის სუსტი მუშაობა,  დაუშვებელია პრაქტიკულად ინიციატივის გამოჩენა და ელოდებიან მუდმივად ზემოდან წამოსულ ბრძანებებს. ამიტომაც, ახლაც გეუბნებით იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს თანამედროვე ომის წარმოებას, არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სისტემების არქონის გამო, არამედ,  მის პირად შემადგენლობას ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნია.

  • თუმცა მისი გაჩერება ამ დრომდე ვერ მოახერხეს უკრაინაში.

რატომ, ნაწილობრივ შეძლეს, შეხედეთ, უკრაინის მთლიან რუკას, სად არის და რა მცირე მოცულობისაა აქტიური კინეტიკური ქმედებების რაიონი. საუბარია ამჯერად მხოლოდ დონბასზე. უკრაინამ დათმო ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი და რუსებმა ჩათვალეს, რომ უკანდახეული უკრაინელების“მხრებზე“ განაგრძობდნენ შეტევას და სვლიდან დაიკავებდნენ სლავიანსკი – კრამატორსკის თავდაცვით რაიონს, რუსებმა განაგრძეს ეს ბრძოლა სლავიანსკის და კრამატორსკის თავდაცვის რაიონში, მაგრამ ვხედავთ, რომ შუადან ეს შეტევა არ გამოუვიდათ, ისინი შეფერხდნენ უკრაინელების მიერ ორგანიზებულ, მთავარი დაცვის რაიონის უზრუნველყოფის ზოლში – სევერსკი, სოლიდარის და ბახმუტის რაიონში ზღუდეზე და აქედან ცდილობენ შეტევის თავიდან ორგანიზებას. სლავიანსკი კრამატროსკის თავდაცვის რაიონში უკრაინელები ახერხებენ მობილური თავდაცვის ორგანიზებას, რუსების შეყოვნებას მობილური ჯავშან-საწინააღმდეგო ჯგუფებით და მცირე ზომის კერული თავდაცვითი წერტილების შეფერხებით. ფაქტია, რუსები ვერ ახერხებენ სწრაფად გადაადგილებას.

იქნებ ეს ფარული ოპერატიული პაუზაა იმისთვის, რომ რუსებმა გადაჯგუფება და ძალების განახლება შეძლონ. 

არა, ეს არ ჰგავს ოპერატიულ პაუზას, რუსები ცდილობენ შეტევის გაგრძელებას. ისინი წინ რომ არ მიიწევენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეტევები არ არის, მაგრამ უკრაინელები ახერხებენ მათ უკუგდებას, ან შეჩერებას.  ჯერ-ჯერობით რუსები ახერხებენ წინ გადაადგილებას, მაგრამ ძალიან დაბალ ტემპში და დიდი რესურსის ხარჯვით.

თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: რას შეძლებენ უკრაინელები ამ ეტაპზე და რას – რუსები? 

ჯერ მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ უკრაინელები შეძლებენ ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას, თუ უკრაინამ არ მიიღო საჭირო და შესაბამისი აღჭურვილობა კონტრადარტყმისთვის. უკრაინას სამობილიზაციო რეზერვში ჰყავს 2 მილიონამდე ადამიანი, 1 მილიონამდე მობილიზებული ჰყავს, ყველა აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის მიზიდული, უკრაინის სხვა საზღვრებსაც სჭირდება დაცვა, ზოგიც ემზადება, მაგრამ მთლიანობაში უკრაინას ადამიანური რესურსის მხრივ, უნარი შესწევს კონტრშეტევებისთვის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ნათქვამი ცოტა უცნაურად ჟღერდა სამხრეთ უკრაინის გათავისუფლებაზე, ეს უფრო პოლიტიკური განაცხადია და მორალური სულისკვეთების ამაღლებაზე იყო გათვლილი, რადგან უკრაინა ამას რეალურად რომ აპირებდეს, ის ამას დამალავდა მოულოდნელობის ეფექტის მისაღწევად.

ამ ეტაპზე არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა მოახერხონ სლავიანკი-კრამატორსკის დაკავებაც დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ ეს იქნება მათი ბოლო წარმატება უკრაინაში. ჩემი აზრით, რუსეთი აღარ შეეცდება დონეცკის საზღვარს გასცდეს. რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე შეასრულონ პუტინის დავალება და მეტად შევიდნენ სიღრმეში, მიუახლოვდნენ დონეცკის საზღვარს. რუსებს აქვთ ლოკალურ  და მცირე მასშტაბის ტაქტიკური მთავარი დარტყმის შეტევის შესაძლებლობები, მაგრამ ფართომასშტაბიანი შეტევებისთვის მას რესურსი აღარ აქვს. რუსებმა კარგად იციან, რომ ყოველი დღე მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ, რადგან ის იღებს შესაბამის აღჭურვილობას. ახლა რუსები ცდილობენ, პუტინის ამოცანა რაც შეიძლება მალე შეასრულონ.

  • პუტინის ამოცანაა, რომ დონეცკის აღების შემდეგ გადავიდეს თავდაცვით პოზიციაზე უკრაინაში დაკავებულ მიწებზე? 

დიახ,  ეს სურათი იკვეთება. პუტინის მიზანია, რომ გავიდეს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე და გამოაცხადებს, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ის გადავა თავდაცვაზე. არის მოსაზრებაც, რომ გაფორმდება სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთს, ბელარუსიას და უკრაინას შორის. იგულისხმება უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები და ის მარიონეტულ მთავრობასაც შექმნის. ჩემი აზრით, ეს მოსაზრებაც სიმართლესთან ახლოსაა.

  • რამდენად ცვლის ომის სურათს უკრაინელების კონტრშეტევა? ოკუპირებულ ხერსონში უკრაინელებმა ტყვეების გათავისუფლება შეძლეს. 

უკრაინელებს აქვთ ამ ეტაპზე მხოლოდ ლოკალური, მცირემასშტაბიანი წარმატებები ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ეს იქნება მომზადება პლაცდარმისთვის შემდეგი, დიდი შეტევისთვის. ეს როდის იქნება, რამდენად იქნება უკრაინა მზად კონტრშეტევისთვის, ამის ნიშნები გამოჩნდება აგვისტოში.

  • ზელენსკი ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის გამო დაემუქრა იმ ხომალდის ეკიპაჟს, საიდანაც ქალაქს ესროლეს. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას საზღვაო ფლოტი არ აქვს, მაგრამ ცნობილია რუსული სამხედრო გემის ჩაძირვის ამბავი, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ზღვაში მორიგი კონტრშეტევა?

თუ არ მიუახლოვდება რუსული ხომალდი 300 კილომეტრზე ახლოს უკრაინის ნაპირს, ვერაფერს იზამენ „ჰარპუნებით“ და სხვა, ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებებით. საჰაერო ძალებით უკრაინელებს ამის საშუალება არ გააჩნიათ. შესაბამისად, ესეც უფრო პოლიტიკური განცხადება მგონია.

  • ბოლოს კოლაბორაციონისტებზეც მინდა გკითხოთ: უკრაინელი კოლაბორაციონისტების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა დაწყება რას ნიშნავს თქვენთვის? 

მოგეხსნებათ, ეს ის რაიონებია, რომელიც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული. მეორეა ის, რომ გამყიდველი ყველგან მოიძებნება. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით ორ-ნახევარი მილიონით გაიზარდა. ეს ის მოსახლეობაა, რომელიც უკრაინიდან გაიყვანეს და რუსული პასპორტები დაურიგეს. ჩემი აზრით, იგივე ის ინფორმაცია სამხრეთის რეგიონების გათავისუფლებაზე იყო წინააღმდეგობის მოტივაციის გაზრდისთვის ამ რეგიონებში, რომ გაფართოვდეს წინააღმდეგობის მოძრაობა, შემცირდეს კოლაბორაციონისტების რაოდენობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: