ნეტგაზეთი • RU

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

დღეს, 28 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან გორგილაძემ, ბრიფინგი გამართა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და ბათუმის საკრებულოს მიმართა.

მან რეაგირება მოითხოვა ბსუ-ს სტუდენტების ოპოზიციის დისკრედიტაციაში ჩართვაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე უწევს კოორდინაციას.

საუბარია TV25-ის მიერ გუშინ, 27 ივნისს, მომზადებულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც ბსუ-ს სტუდენტურ ჩატში ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, კონკრეტული პირების დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევს სტუდენტებს.

„დავაჰაჰავოთ,“ „გადავაზიაროთ და დავცინოთ“ – წერს ჩატში რიჩარდ სირაბიძე. მიმოწერის ამსახველი სქრინებით ჩანს, რომ ამ პროცესში ჩართულია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიკა დიასამიძეც.

„იცით თუ არა, რომ თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი ჩართულია ამ ტროლ-ბოტურ ქარხანაში და ამაში მთავარი როლი მიუძღვის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ლიკა დიასამიძეს?“ – ასე მიმართა ბსუ-ს რექტორს ლევან გორგილაძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე მან ასევე ივარაუდა, რომ სტუდენტების, როგორც პოლიტიკური ტროლების გამოყენებაზე, კარგად იციან ბათუმის საკრებულოს სხვა წევრებმაც მმართველი პარტიიდან, ხოლო „რიჩარდ სირაბიძე მხოლოდ პაიკია“.

ლევან გორგილაძის აზრით, სოციალური ქსელის მიმოწერის გასაჯაროება კარგად აჩვენებს, რატომაც არ არიან  სტუდენტები პოლიტიკურად აქტიურები.

_______________

ფოტოზე: კოლაჟი. სქრინი TV25-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი