აღმოაჩინე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სილქფესტის შეთავაზებაში

25 იანვარს ზამთრის სილქფესტი მორიგი შეთავაზებით ბრუნდება. მხოლოდ ამ დღეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ გაიაქტიურონ  შემდეგი პაკეტები:

  • 3000 MB – 5 ₾
  • 600 ადგილობრივი წუთი – 10 ₾
  • 150 ადგილობრივი წუთი + 5000 MB – 10 ₾
  • 15 000 MB – 12 ₾

ერთი ან რამდენიმე პირობის ჩართვა შესაძლებელია კოდით *202#,  აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ საიტიდან. პაკეტის შეძენა შესაძლებელია  იმავე კომბინაციით, სილქნეტში ჩართული სხვა ნებისმიერი ნომრისთვისაც.

თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას

რუსეთს ესტონეთში ელჩი აღარ ეყოლება, ტალინმაც უნდა გაიყვანოს საკუთარი ელჩი მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა ტალინმა მოითხოვა რუსეთის საელჩოში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება.

ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ესტონეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს და ესტონეთის ხელისუფლების ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

ესტონეთმა მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება 11 იანვარს მოსთხოვა. ამგვარად 1-ელი თებერვლიდან ტალინში მხოლოდ 8 რუსი დიპლომატი იმუშავებს (21-ის ნაცვლად) და 15 ადამიანი რჩება ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, მომსახურე პერსონალად.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ესტონეთმა მინიმუმამდე შეამცირა მოსკოვთან ორმხრივი დიპლომატური ურთიერთობები: დახურა რუსეთის საკონსულო ნარვესა (ნარვსა) და ტარტუში და გააძევა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი დივერსიული საქმიანობის ბრალდებით.

7 თებერვალს ესტონეთს დატოვებს რუსეთის ელჩი, ამავე დღეს დატოვებს ესტონეთის ელჩიც მოსკოვს.

ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად 24 თებერვლიდან დიპლომატურ ურთიერთობას ამცირებს რუსეთთან ლატვიაც.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ლატვია ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად 24 თებერვლიდან შეამცირებს დიპლომატურ ურთიერთობას რუსეთთან და მოსთხოვს რუსულ მხარეს შესაბამის ქმედებებს – ამის შესახებ მინისტრმა ტვიტერზეც დაწერა.

რუსეთის ურთიერთობა ესტონეთთან და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან უკიდურესად გამწვავდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.

აგვისტოში ესტონეთის ხელისუფლებამ დაშალა საბჭოთა პერიოდის ათობით ძეგლი სხვადასხვა ქალაქში. ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების მსგავსად ესტონეთმაც გადაწყვიტა არ შეეშვა საკუთარ ტერიტორიაზე შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები.

ოქტომბერში ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და აცხადებს, რომ „რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად“ გამოცხადდა.

დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, გასულ კვირას ესტონეთმაც განაცხადა, რომ სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას. შემდეგ კი უკრაინის გენშტაბმა გააკეთა განცხადება კიევში ესტონეთის ელჩის, კაიმო კუსკას ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ტალინი მთელ თავის 155-მილიმეტრიან ჰაუბიცებს გადასცემს უკრაინას.

რუსეთ-ესტონეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში უკრაინის ომამდეც იყო პრობლემები.

2021 წლის ივლისში ესტონეთის კონსული მარტ ლატე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა რუსეთში. ის პეტერბურგში დააკავეს და  FSB-ის განცხადებით მან რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო მასალები მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ამ ამბავს პროვოკაცია უწოდა.

ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში თავად ისწავლა კითხვა

4 წლის ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა, გამორჩეულად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების ყველაზე დიდ და ძველ საზოგადოებაში – Mensa-ში მიიღეს. ამ საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც ინტელექტის კოეფიციენტის [IQ] სტანდარტულ ტესტში მოსახლეობის 98%-ზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.

როგორც BBC-ი წერს, 4 წლის ტედ ჰობსი, Mensa-ს წევრი 3 წლის ასაკში გახდა და ის საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრია გაერთიანებული სამეფოდან. გამოცემის ცნობით, ახლა ტედს 6 ენაზე შეუძლია დათვალოს ასამდე.

ტედის დედა, ბეთ ჰობსი, BBC-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტედი 26 თვის იყო, როდესაც საბავშვო შოუებზე ყურებითა და ასოების ჟღერადობაზე დაკვირვებით, დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა:

„მან ასოების ხატვა დაიწყო, ამიტომ, როდესაც კოვიდის ლოკდაუნის შემდეგ ბაღში გავგზავნეთ, მასწავლებლებს ვუთხარით, რომ ჩვენი აზრით მან თავისით ისწავლა კითხვა. ამის შემდეგ ბაღიდან დაგვირეკეს და სკოლამდელი საფეხურის მასწავლებელი გამოგვიგზავნეს, რომელმაც შემოწმების შემდეგ თქვა, რომ მას შეუძლია კითხვა.

ტედის მშობლების თქმით, იგი პერიოდულად ირჩევს თემებს, რაც აინტერესებს – მაგალითად, რიცხვები, ანბანი, გეოგრაფია ან სხვა. მშობლებმა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ტედს ჩინურად შეეძლო დათვლა.

„თავის ტაბლეტზე უყურებდა რაღაცას და ხმებს გამოსცემდა, რომლებსაც უბრალოდ ვერ ვცნობდი, ამიტომ ვკითხე, თუ რა იყო ეს. მან კი მითხრა – დედა, მანდარინზე ვითვლი“, – უყვება ტედის დედა BBC-ის.

ტედის მშობლებს სურთ მას სრულფასოვანი ბავშვობა ჰქონდეს. მათი თქმით, ტედი იწყებს იმის გარკვევას, რომ მის მეგობრებს ჯერ არ შეუძლიათ კითხვა და მან არ იცის რატომ, მაგრამ მთავარია, ის რეალობას არ მოწყდეს.

„მას თუ ეს რაღაცები შეუძლია, მშვენიერია, მაგრამ იგი ამას ხედავს – „დიახ, მე შემიძლია კითხვა, მაგრამ ჩემს მეგობარს ჩემზე სწრაფად სირბილი შეუძლია“, ასე, რომ ყველას ინდივიდუალური ტალანტი გვაქვს“, – ამბობს ბეთ ჰობსი.

_______________

ფოტოზე: კადრი BBC-ის ვიდეომასალიდან

რატომ მიანიჭა unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 იანვარს, გავრცელდა.

„ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა ნიშნით მიიღო ბათუმმა აღნიშნული სტატუსი. როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, კანდიდატის სტატუსი ქალაქს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ის მზად არის შეიმუშაოს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„ბავშვზე მორგებული ქალაქის“ ინიციატივა არის „იუნისეფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან ვმუშაობთ და ვეხმარებით მათ იმაში, რომ პროგრამები და პოლიტიკა იყოს რაც შეიძლება ბავშვზე მორგებული და მათ მიმართ მეგობრული.

იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი გახდეს ბავშვის მიმართ მეგობრული და მიიღოს ეს სტატუსი, პირველ რიგში, ფორმდება მემორანდუმი „იუნისეფსა“ და ქალაქს შორის, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს იმ პირობებს და კრიტერიუმებს, რომლებსაც ბავშვზე მორგებული ქალაქის პროგრამა ითვალისწინებს.

ბავშვზე მორგებული გეგმები და პროგრამები კი უნდა იყოს გაწერილი, როგორც ეს ბავშვის უფლებათა კონვენციაშია ჩამოთვლილი“, – ამბობს ნინო დავითაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის ოფიცერი, მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციისა და გაძლიერების პროგრამის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ იდეა ითვალისწინებს ბავშვების მონაწილეობას მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში და მათი აზრის გათვალისწინებას.

„ეს არის ის, რომ ბავშვს ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო სოციალურ სერვისებზე, იქნება ეს დაწყებითი განათლება, სოციალური პროგრამები, შშმ ბავშვებისთვის პროგრამები თუ სხვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და სტრატეგია და ამაზე პასუხისმგებლობის აღებით „იუნისეფი“ უკვე ანიჭებს მუნიციპალიტეტს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსს. ბათუმი კი არ შეირჩა, როგორც კანდიდატი ქალაქი, არამედ ბათუმმა დააკმაყოფილა პირველი საფეხურის კრიტერიუმები, რაც გულისხმობს სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებას.

ეს არ არის ჯილდო, ეს არის უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ქალაქი უფრო მეტად გახდეს ბავშვზე მორგებული“, – ამბობს ნინო დავითაშვილი.

ჩვენ მას ვკითხეთ, სტატუსი – „ბავშვზე მორგებული ქალაქი“  ითვალისწინებს თუ არა, ვთქვათ, ქუჩების, პარკების, სკვერების, გასართობი თუ სხვა რეკრეაციული ზონების ბავშვზე მორგებას? – რაზეც ნინო დავითაშვილმა გვიპასუხა „დიახ“.

„ყველაფერი იგულისხმება ამ სტატუსში, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რისი გაკეთებაც შეუძლია მუნიციპალიტეტს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. არის ისეთი საკითხები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი თავისით ვერ დააკმაყოფილებს, მაგალითად, ის, რომ არ არსებობს სამშენებლო სტანდარტები, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ბავშვზე მორგებული სამშენებლო სტანდარტი.

ასეთი სტანდარტი უნდა დაამტკიცოს ცენტრალურმა მთავრობამ და შემდეგ მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ამის მომხმარებელი.

ის, რომ ინკლუზიური იყოს ქალაქი და შშმ ბავშვებსაც ჰქონდეთ ისეთივე წვდომა პარკებზე, სკვერებსა და სარეკრეაციო სივრცეებზე, ხარისხიანი ოჯახური დროის გატარებასა თუ სოციალურ პროგრამებზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენს, რა თქმა უნდა, ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი, რომელსაც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სტატუსი ექნება.

არსებობს სახელმძღვანელო დოკუმენტები, თუ როგორ უნდა მოერგოს ქალაქი ბავშვების უსაფრთხოებას, ბავშვების ხელმისაწვდომობის საკითხებს და ამით შეიძლება იხელმძღვანელოს ქალაქმა“, – გვითხრა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სტრატეგიის პირველი ეტაპი მოიცავს 2022-2025 წლებს, თუმცა სამოქმედო გეგმა ყოველწლიურად ახლდება.

„ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავდება და ეს იქნება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებთან კონსულტაციით და მედიაც არის ერთ-ერთი მხარე ამ საქმეში ინფორმაციის მიწოდების კუთხით, თუ რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს, იქნება ეს დეზინფორმაციასთან ბრძოლა თუ სხვა საკითხები.

მუნიციპალიტეტს რომ  ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსი მიანიჭოს, ეს არის შორეული პერსპექტივა და ბევრი რამეა მანამდე გასაკეთებელი“, – ამბობს ნინო დავითაშვილი.

ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატის სტატუსი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმს მიანიჭეს. „შემდეგი ქალაქი იქნება ქუთაისი“.

-53 გრადუსი – ჩინეთის ქალაქ მოხეში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

ჩინეთის ქალაქი მოხე ისტორიულად ძლიერი ყინვის მოწმეა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ მოხეში, 22 იანვარს, დილის 7 საათზე, ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -53 გრადუსი დაფიქსირდა.

ჩინური მედიის ცნობით, „ჩინეთის ჩრდილოეთ პოლუსად“ წოდებულ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს, ჩვეულებრივ, დაახლოებით -15 გრადუსია. წელს დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი კი რამდენიმე მეათედი გრადუსით ჩამორჩება წინა რეკორდს, 1969 წელს დაფიქსირებულ -52.3 გრადუსს.

22 იანვარს მოხეს მეტეოროლოგიური სადგურის დირექტორმა, მთავარმა ინჟინერმა, სუ ლილინმა, ჩინურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჰაერის ტემპერატურის ვარდნა -50 გრადუსზე დაბლა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რეკორდულ მაჩვენებლამდე, რაც გამოწვეული იყო სუპერ ძლიერი პოლარული ცივი ჰაერის მასებით. ტემპერატურამ მას შემდეგ მოიმატა და სუს თქმით, ეს მატება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, თუმცა -40 გრადუსზე მაღლა არ აიწევს.

ჩინელმა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას იმის საჩვენებლად, თუ რამდენად დაბალია ტემპერატურა მოხეში, კვერცხი გატეხა, რომელიც ზედაპირთან შეხებისთანავე გაიყინა. ფოტო: კადრი CCTV-ის პირდაპირი ეთერიდან

ჩინური გამოცემა „ჩაინა დეილის“ ინფორმაციით, მოხე ქვეყნის ყველაზე ცივ ქალაქად მიიჩნევა, სადაც ზამთარი 8 თვე  გრძელდება. ეს ქალაქი ხშირი მასპინძელია ზამთრის სპორტის ჩემპიონატების.

BBC-ის ცნობით, ჩინეთში ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა -58 გრადუსი 2009 წლის დეკემბერში ქალაქ გენხეში დაფიქსირდა.

დაბალმა ტემპერატურამ ხილვადობა გაართულა. ფოტო: კადრი Xinhua New-ის რეპორტაჟიდან

როგორც ჩინური მედია იუწყება, ტემპერატურის ვარდნამ გამოიწვია ხილვადობის გაუარესება – ყინვა და ნისლი, რის გამოც ქალაქში დამატებითი ზომებია მიღებული.

დაბალმა ტემპერატურამ ხილვადობა გაართულა. ფოტო: კადრი CCTV-ის რეპორტაჟიდან

ტემპერატურის რეკორდული ვარდნა შეინიშნება ჩინეთის სხვა რეგიონებშიც. მეტეოროლოგები ჰაერის ტემპერატურის ვარდნას ერთი კვირით ადრე აანონსებდნენ.

წყლის წვეთები ჰაერთა შეხებისას ფიფქებად იქცევა; კადრი Xinhua News-ის რეპორტაჟიდან

ტურისტები და ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყინვა იმდენად ძლიერია, გარეთ გასვლისას ადამიანებს თითები რამდენიმე წუთით უბუჟდებათ.

_____

მთავარი ფოტო: მოხე, ჩინეთი. კადრები Xinhua News-ის რეპორტაჟიდან

 

გენერალ ტეპლინსკის გათავისუფლება რუსეთში განხეთქილების კიდევ ერთი სიმპტომია – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 24 იანვრის ანგარიში უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის გათავისუფლებას მიმოიხილავს.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ტეპლინსკი იყო პასუხისმგებელი 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის შედარებით წარმატებული უკან დახევის ოპერაციაზე დნიპროს დასავლეთით. აღნიშნულის გამო მან რუსეთში შექებაც დაიმსახურა, როგორც უნარიანმა და პრაგმატულმა მეთაურმა.

როგორც დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, კვლავაც არაა ნათელი, ინარჩუნებს თუ არა ტეპლინსკი თავის დამატებით უფლებამოსილებას, როგორც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების [ВДВ] მეთაური.

„ტეპლინსკის თანამდებობიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო ოპერაციების უმაღლეს იერარქიაში განხეთქილების გაგრძელების კიდევ ერთი სიმპტომია, რადგან გენერალი ვალერი გერასიმოვი ცდილობს, თავისი პირადი ავტორიტეტის განმტკიცებას კამპანიაზე“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 24 იანვრის ანგარიშში.

10 აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩარიცხვას ჰპირდებოდა და ქრთამი აიღო – 1 პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა, როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

ბრალდებული, აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა,“ – ამბობს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ლუგანსკიდან რუსი ოკუპანტების ოჯახები გაჰყავთ – უკრაინის გენშტაბი

დღეს, 24 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის ზოგიერთ დასახლებაში აღინიშნება რუსეთის საოკუპაციო ძალების პერსონალის რაოდენობის შემცირება.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლუგანსკიდან რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-2 არმიის კორპუსის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები გაჰყავს ქალაქიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„გარდა ამისა, პრაქტიკად იქცა, რომ მობილიზებული რუსი სამხედროები ძირითადად ფრონტის ხაზზე იგზავნება, იმ დროს, როცა პროფესიონალი სამხედროები ყველანაირად ცდილობენ ზურგში დარჩენას“ – იუწყება გენშტაბი.

______________

ლუგანსკი. ფოტო: EPA-EFE/DAVE MUSTAINE

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 53 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რუსეთის შეტევა ზაპოროჟიეში, სავარაუდოდ, წარუმატებელი იყო – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW-ი 23 იანვრის ანგარიშში ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსების მიერ ზაპოროჟიის რეგიონში შეტევის მცდელობა, როგორც ჩანს, ჩავარდა.

ISW-ის ექსპერტებს ანგარიშში მოჰყავთ უკრაინული დაზვერვის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსული ძალები ემზადებიან შეტევისთვის 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, რაც ნაწილობრივ ადასტურებს ISW-ის შეფასებას, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა გადამწყვეტი მოქმედება დაიწყონ უახლოეს თვეებში.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ რუსული ჯარები ემზადებიან „დიდი შეტევისთვის“ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

ISW-ის ახალი ანგარიშის მთავარ მიგნებებში აღნიშნულია, რომ რუსეთის ძალებმა სავარაუდოდ წარუმატებელი შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს ზაპოროჟიის ოლქში ბოლო 72 საათის განმავლობაში.

ამავე დროს, რუსული ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთით. ასევე, რუსული ძალები განაგრძობდნენ მცირე კონტრშეტევებს სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.

ანალიტიკოსები ასევე წერენ, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ირანთან, სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 24 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 122 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
  • ტანკი – 3 152 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 284 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 148 ერთეული [+2]
  • MLRS – 448 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 289 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 281 ერთეული [+4]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 897 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 944 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 194 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 24 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 376 თვითმფრინავი
  • 203 ვერტმფრენი
  • 2 944 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 614 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 988 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 898 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 159 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ლუგანსკიდან რუსი ოკუპანტების ოჯახები გაჰყავთ – უკრაინის გენშტაბი

როდის დასრულდება „ჭოროხის გზა“ – მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე მონაკვეთში 5,7 კილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობამ 6 წლის წინ დაიწყო და მთავრობის გათვლებით, 2018 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ გზის [„ჭოროხის გზა“] 2,2-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე არ შეკეთებულა.

მთავრობამ გზის მშენებლობის დამთავრების თარიღი იმ დროს დაასახელა, როცა კერძო მესაკუთრეებთან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებიც კი არ ჰქონდა დასრულებული.

„ჭოროხის გზას“ მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა ავტოტრანსპორტისგან ფრიდონ ხალვაშის გამზირი და განტვირთავდა კიდეც, თუმცა, ახალი გზა ვერ დასრულდა მანამ, სანამ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია არ დაიწყო. ხალვაშის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებმა კი, კიდევ უფრო გაართულა გადაადგილება დიდი საცობები შექმნა.

„ჭოროხის გზის“ სარეაბილიტაციო მონაკვეთი მახოს ხიდის მიმდებარედ [ბათუმი-ახალციხის მაგისტრალთან] იწყება და 2,2 კილომეტრში, ბათუმის სამრეწველო ზონასთან, გზის უკვე რეაბილიტირებულ მონაკვეთთან სრულდება. რეაბილიტირებული მონაკვეთი გონიოს ხიდთან ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალს უერთდება.

გზის ამ მონაკვეთის დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-ში, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეული სამუშაოები ამ დროისთვის დაწყებულია, ხოლო სამუშაოების დასასრულებლად ვადა, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის 15 აგვისტომდე აქვთ.

ტენდერი, გზის 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე „ასფალტბეტონის საფარისა და მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობაზე“ აჭარის გზების დეპარტამენტმა 2022 წლის ივლისში გამოაცხადა. გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან კი, ხელშეკრულება 6 139 548 ლარზე, იმავე წლის აგვისტოში გააფორმა.

„გონიოს ხიდიდან მახოს ხიდის მიმართულებით გზაზე სამუშაოები სხვა კომპანიამ შეასრულა. დარჩენილ მონაკვეთზე კი, სამუშაოები რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი და მიმდინარე წელს, ხელშეკრულებით, პირველ აპრილამდე უნდა დაგვეწყო, თუმცა, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები და შევეცდებით მთლიანობაში, გრაფიკით გაწერილ ვადაზე ადრე დავასრულოთ“ – გვითხრეს „ბონდი-2009“ -ში, რომელსაც ბათუმში, სანაპირო ზოლში, ხრეშიც შეაქვს.

„ჭოროხის გზის“ სარეაბილიტაციო მონაკვეთი [წითელი ხაზი] და ტერიტორია სადაც ნაპირდამცავი ნაგებობა უნდა ააშენონ [მწვანე ხაზი]
რაც შეეხება მდინარის ნაპირის გამაგრებას, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის სკრინინგის გადაწყვეტილებით, სამუშაოები გზშ-ს მომზადებას არ საჭიროებს.

დოკუმენტების მიხედვით:

  • „დღეის მდგომარეობით, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ადგილი აქვს ინტენსიურ გვერდით და სიღრმით ეროზიას, რაც საფრთხეს უქმნის ნაპირთან არსებულ საავტომობილო გზას და მიმდებარე ტერიტორიებს.
  • ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებულია ძველი ნაპირდამცავი ნაგებობის ბეტონის ნარჩენები, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში, უკუყრილის მოსაწყობად.
  • საპროექტო გადაწყვეტილებით, დაზიანებული უბნის დაცვა დაგეგმილია ფლეთილი ქვებისგან აგებული ბერმით. საპროექტო ქვანაყარი ბერმის ჯამური სიგრძე იქნება დაახლოებით 490 მეტრი.
  • ამასთან, ბერმის ამგები ქვის დიამეტრი იქნება 1.3 მეტრი; ნაპირდამცავი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე გათვალისწინებულია 40 კუბური მეტრი მოცულობის ქვის დაყრა. ბერმის თხემის სიგანე იქნება 10.5 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4 მეტრი.
  • ნაპირდამცავი ნაგებობის მოსაწყობად გათვალისწინებულია 120 დღე. მოწყობისთვის საჭირო შესაბამისი მასალა შემოტანილი იქნება რეგიონში მოქმედი ლიცენზირებული ობიექტებიდან, მათსავე საკუთრებაში არსებული თვითმცლელების გამოყენებით.“
მდინარე ჭოროხი და დამცავი ნაგებობის არეალი / ფოტოები სკრინინგის განცხადებიდან

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით „ჭოროხის გზის“ მშენებლობა, სამ ეტაპად იყოფა:

  • გზის მშენებლობა, 2017 წელს, აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ტ.ტ“-მ დაიწყო და 1 020 022 ლარად გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდა.
  • 2018 წელს სამუშაოები მეორე ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ერ ტე დე“-მ გააგრძელა. გაკეთდა გზის 3,5 კილომეტრი მონაკვეთი და კომპანიისთვის იმავე წელს გადარიცხულია სახელშეკრულებო თანხა – 2 564 887 ლარი.
  • დეპარტამენტმა 2022 წელს გამოაცხადა ტენდერი გზის დარჩენილი მონაკვეთის დასრულებასა და მდინარის ნაპირის გამაგრებაზე [გამარჯვებულია „ბონდი-2009“, სამუშაოები კი 2023 წლის 15 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სახელშეკრულებო თანხა [გზა/ნაპირგამაგრება], როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯამში 6 139 548 ლარია].

გზის დაუსრულებლობა აჭარის მთავრობამ თავის დროზე ახსნა იმით, რომ მიწის მესაკუთრეებთან გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები დროში გაიწელა.

  • აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვპირდნენ ინფორმაციას, დასრულდა თუ არა გამოსყიდვის პროცესი და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის ბიუჯეტიდან. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მასალაში ინფორმაცია განახლდება. 

გზების დეპარტამენტის მიერ გაკეთებული გზა, ბათუმის მერიის მიერ მოწყობილი დაახლოებით 2-კილომეტრიანი გზით გრძელდება, რომელიც გონიოს ხიდის ქვეშ გადის და ამავე ხიდთან ბათუმი-სარფის მაგისტრალს მარჯვენა მხრიდან უერთდება.

გზის ეს მონაკვეთი იმ ტენდერის ფარგლებში გაკეთდა, რომელიც 18 138 578 ლარით ბათუმის მერიის სამმართველოს ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერით „ჭოროხის ქუჩის“ მიმდებარედ, 2022 წელს, სხვა ქუჩებიც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა, ეს პროცესიც დროში გაიწელა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „New
Road“-ს შორის 2021 წლის მაისში დაიდო და მასში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა.

ბოლო, 2022 წლის ნოემბრის ცვლილებით, ირკვევა რომ არაერთ კორექტირებას საჭიროებდა თავად პროექტი, რომელიც თავის დროზე აჭარის გზების დეპარტამენტს ჰქონდა მომზადებული – ელექტროხაზების გადატანა, საპროექტო გზა იკვეთებოდა კერძო საკუთრებაში, საცხენოსნოსთან და ძაღლების თავშესაფართან შეუძლებელი იყო გზის ვაკისის მოწყობა პროექტით გათვალისწინებული გაბარიტების დაცვით და სხვა.

შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე ისევ პრობლემურ საკითხად რჩება ერთ-ერთ მთავარ გზაზე სამშენებლო კომპანია შპს „პოლატი“-ის მიერ დასაწყობებული ინერტული მასალა, რომელიც სრულად იკვეთება საპროექტო გზის მონაკვეთში და საჭიროა მისი დროული გადატანა საპროექტო გზის ვაკისის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს მიერ როგორც გასულ, ასევე მიმდინარე პერიოდში არაერთხელ იქნა დასმული საკითხი ინერტული მასალის გადატანასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი მიმდინარე ეტაპზეც გადასაჭრელია“ – წერს კომპანია მერიის სამმართველოს.

საუბარია კომპანიაზე: სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“, რომელიც შპს POLAT YOL & MAP-ის ბიზნესჯგუფშია.

ამ კომპანიასა და აქ დასაწყობებულ ინერტულ მასალებზე ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელების“ სტატიაში:

როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

მთავარი ფოტო: „ჭოროხის გზა“ არქივიდან

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“

„ბევრჯერ დამხვევია თავბრუ, მიგრძნია, რომ წონასწორობას ვეღარ ვიცავ, ამ დროს ჩემ ქვემოთ 6 სართულია… წნევა მაღლა მიწევს და საქმეს თავს ვანებებ, თუმცა ჩამოსვლაც რთულია, რას უნდა მოკიდო ხელი? იცი, რომ ხელი სველი გაქვს, ფანჯრის მინებიც სველია,“ – ფატი ბერიძე საფრთხის განცდაზე გვიყვება, ფანჯრების გაწმენდის დროს რომ აქვს. ის 63 წლისაა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში და ყოველთვის საკუთარი ხელით წმენდს ფანჯრებს, რომლებიც პირდაპირ კორპუსის ფასადზე გადის.

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა უსაფრთხოდ? – შეკითხვა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმში ქალი დაიღუპა, ის მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდა. გავრცელებული ვერსიით, ქალი ფანჯრებს წმენდდა.

„იმ ტრაგედიის შემდეგ, აი, როცა წინასაახალწლოდ ქალი ბინას ალაგებდა, ფანჯარას წმენდა და ჩამოვარდა, სამეზობლოშიც გვისაუბრია, რომ ჯობს იყოს ფანჯარა საერთოდ გაუწმენდავი, ვიდრე ის, რომ ასე, საფრთხეში ჩაიგდო თავი. მთავარია, იყო ცოცხალი,“ – ამბობს აბუსერიძის ქუჩაზე მცხოვრები ია მიქელაიშვილი, – „მე ვიძახებ სპეციალისტს და ის წმენდს მთლიან ვიტრინას, გრძელი ჯოხი აქვს და უსაფრთხოდ ახერხებს ამას, დაახლოებით 70 – 80 ლარი ჯდება, ხელსაწყოს იყენებს და სპეციალურ სითხეს, რომლითაც მინას ცალკე გაპრიალება აღარ სჭირდება“.

„მეც გამოვიძახე ერთხელ, მითხრეს, კარგად წმენდენო, მოვიდა ერთი ბიჭი, მაგრამ ისეთი ფერი ედო სახეზე, ვუთხარი, რომ ფანჯარაზე ვერ ავუშვებდი,“ – ფატი ბერიძესაც უსარგებლია სპეციალისტის დახმარებით, თუმცა მისი დაკვირვებით, სპეციალური ხელსაწყოებით ფანჯრის მინები მაშინ იწმინდება კარგად, როცა ვიტრინა დიდია და მთლიანი, კუთხეები კი, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების დროს კარგად ვერ იწმინდება:

„დავასვენე ჯერ კარგად, მერე მაინც ავიდა და გამიწმინდა გრძელი ჯოხით, მას მერე აღარ დამირეკავს,“ – აღნიშნა ფატი ბერიძემ „ბათუმელებთან“.

ბოლო დროს პოპულარული გახდა ფანჯრის წმენდის მაგნიტური ხელსაწყოც, როცა საწმენდი საშუალების ცალი მხარე მაგნიტით მაგრდება და მოძრაობს ფანჯრის გარეთა მხარეს. ქართულ ინტერნეტგვერდებზე ამ ხელსაწყოს ღირებულება მინის სისქის, ორმაგი მინის და თავად ფანჯრის საწმენდი ხელსაწყოს ხარისხის მიხედვით, 40-დან 220 ლარამდე მერყეობს.

„ვცადე ამ ხელსაწყოს გამოწერა, მაგრამ მერე დავაკვირდი ფეისბუქპოსტზე კომენტარებს,“ – გვიყვება ისევ ფატი ბერიძე, – „კომენტარებში წერდნენ, რომ ეს კარგად მუშაობს იმ ფანჯრებზე, სადაც მხოლოდ ერთი მინაა, ორმაგი მინის შემთხვევაში – არა“.

ფანჯრების წმენდის მაგნიტური ხელსაწყო

ფატი ბერიძის აზრით, უმჯობესია, კომპანიებმა, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსების მოვლის მომსახურება აქვთ, პერიოდულად ამწეებია საშუალებით გაწმინდონ შენობის გარე ფასადი, ასევე ფანჯრები.

„თუ ვიხდი თვეში 15 ლარს, ყველა თანახმა იქნება, გადავიხადოთ 20 ლარი და ეს საფრთხე ავიცილოთ თავიდან, ამწიდან შეიძლება კარგად გაიწმინდოს ფანჯრებიც.

მშენებლებმაც უნდა გაითვალისწინონ, მაგალითად, რომ ფასადის მხარეს შესაბამისი რაფა ჰქონდეს ფანჯარას და პირდაპირ წვიმა არ ასხამდეს, ასევე ჩამონარეცხი წყალი. ახალი კორპუსია და დახავსებულია უკვე ფასადი,“ – დასძინა ფატი ბერიძემ.

„რისკია ფარდების დაკიდებაც, გაუაზრებლად შეიძლება მიეყრდნო ფანჯარას,“ – კიდევ ერთ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას ია მიქელაიშვილი, – „ვინ იცის, როდის გაუვა ექსპლუატაციის ვადა სილიკონს, რაც ამაგრებს ჩარჩოს. ფარდის დაკიდების დროსაც ვცდილობ, რომ საერთოდ არ მივეყრდნო ფანჯარას.

ზოგს მაინც თავისი გაკეთებული ურჩევნია. ვიცი დიასახლისები, რომლებსაც უთქვამთ, რომ არ მოეწონათ სპეციალისტის გაწმენდილი ფანჯარა და მერე თვითონაც წმინდეს მინა, ან ამბობენ, რომ მაინც სახლში არიან და ამაში თანხა რატომ უნდა გადაიხადონ.

ჩემი აზრით, საფრთხეა მაშინაც, როცა აივანზე გამავალ ფანჯრის მინებს ვწმენდთ. ამ დროს ძირითადად აივანზე საშლელ კიბეებს დგამენ, რომლის მოცურების ალბათობაც დიდია,“ – გვითხრა ია მიქელაიშვილმა.

საშუალოდ ერთი ფანჯრის გაწმენდის საფასური ბინების დალაგების სერვისის ბაზარზე 10 ლარია. ფანჯრების მწმენდავი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, ბექა ზაქალაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, უსაფრთხოების ქამრების გამოყენებით, სახურავიდან დაშვებით, ფასადის მხრიდანაც გაიწმინდოს ფანჯარა, რაც განსხვავებული ფასი ჯდება.

ბექა ზაქალაშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც ფანჯრების გაწმენდაზე მუშაობენ, ძირითადად ამ მეთოდს იყენებენ:

„ტექნიკური ხელსაწყოების მაღაზიებში შეგიძლიათ იკითხოთ ბრტყელტუჩა, რომლითაც ცალკევდება მინა მისივე ჩარჩოსგან, ვსაუბრობ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებზე.  ნუ შეგეშინდებათ ამ დროს მინის ქუჩაში გადავარდნის – ქუჩის მხრიდან ჩარჩოს აქვს სპეციალური დამცავი და მინა ოთახის მხარეს გადმოიწევა, ვასუფთავებთ მინას და უკან ვაბრუნებთ ჩარჩოში.

ეს მეთოდი არის ყველაზე უსაფრთხო და თან კარგად იძლევა მინის გამწმენდის საშუალებას კუთხეებშიც,“ – აღნიშნა ბექა ზაქალაშვილმა „ბათუმელებთან“.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მოაზროვნე ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ – პაატა შამუგია

„ავტორიტეტების, მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ, მათ შორის ის, თუ რამდენად შეიძლება შეზღუდონ თავისუფალი აზროვნება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პოეტი პაატა შამუგია. მას დღეს „ბათუმელებმა“ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებული ერთგვარი დევნის კამპანიის შეფასება სთხოვა.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც  ის ლევან ბერძენიშვილს შეურაცხყოფს იმის გამო, მან ერეკლე მეორე, რუსეთთან დადებული ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.

  • როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა სურთ ლევან ბერძენიშვილის დევნით?

„ქართულ ოცნებას“ ზოგადად, ტერმინ „თავისუფლებასთან“ სერიოზული პრობლემა აქვს. ეს გამოიხატება მათ პოლიტიკაში საგარეო თვალსაზრისით და როგორც ჩანს, საშინაო თვალსაზრისითაც, რადგან მათ ეშინიათ თავისუფალი ადამიანების. იმ ადამიანების ეშინიათ, რომელნიც მუდმივად თავისუფლებას ქადაგებენ, თავისუფლების მუხტს აღვიძებენ და აღვივებენ ადამიანებში.

ბუნებრივია, ლევან ბერძენიშვილს უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს და ქართველების სახელით თუ ვინმეს შეუძლია ლაპარაკი, ეს ლევან ბერძენიშვილია. განსაკუთრებით, ქართველი ახალგაზრდობის სახელით, რომელიც, პრაქტიკულად, ლევან ბერძენიშვილმა დააბრუნა წიგნებთან.

ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო, სხვა ვერავინ გააკეთა – ათასობით ადამიანი შეაბრუნა წიგნებთან, შეაყვარა წიგნები და ეს არის უდიდესი საქმე, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა, ვერანაირი შავი პიარი ვერ წაშლის.

  • „ხალხის სახელით“ დევნა რას გაგონებთ?

ეს გამოცდილი ხერხია. თითქოს ეს „ხალხი“, რაღაც მონოლითური ჯოგი იყოს და თითქოს განსხვავებული აზრები არ არსებობდეს ამ ქვეყანაში, რაც ასე არ არის.

დაზუსტებით რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ლევან ბერძენიშვილის თმის ერთ ღერს უფრო მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე იმ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა იმ ვიდეოდან.

  • როგორ ფიქრობთ, ლევან ბერძენიშვილს მისი ლიბერალური ღირებულებების გამო უფრო დევნიან თუ გეორგიევსკის ტრაქტატის კრიტიკისთვის, რომელიც რუსეთის თემასთან არის კავშირში?  

რუსეთის თემა, რა თქმა უნდა, მიება ამ ყველაფერს, რადგან ხან „გარეჯი საქართველოა“ მათთვის პრიორიტეტი და ხან ერეკლე მეფე. მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც ასეთ თემას მიაბან საკუთარი განულებული რეპუტაცია.

ზოგადად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დატესტოს მოსახლეობა.  წლების წინ, შემოქმედებითი ცენზურის შესახებ კანონი შემოიტანეს, რომელიც ჩაფლავდა, იმიტომ, რომ ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.

ხან ასეთი გზით – ავტორიტეტების, მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ, მათ შორის ის, თუ რამდენად შეიძლება შეზღუდონ თავისუფალი აზროვნება.

შემდეგ ვიქნებით ყველანი ალბათ ერთ აზრზე, ყველას ერთი მეფე გვეყვარება, ერთი კბილის ჯაგრისით გავიხეხავთ კბილს, ერთნაირ ფეხსაცმელს ჩავიცვამთ და ასე ვიქნებით ყველანი სრულ „ჰარმონიაში“. ეს უნდათ, მაგრამ არ გამოვა, ჩემი აზრით, ეს ამბავი.

  • საჯარო სივრცის კონტროლისთვის სჭირდებათ ბერძენიშვილის დევნაც?

ფიქრობენ, რომ ერეკლე მეფის თემა ახლა მათთვის მომგებიანია. იტყვიან, ხომ ხედავთ, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებზე ვზრუნავთო. ამ დროს, ეს ის ხალხია, რომელთაც საყდრისი დაანგრიეს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და საერთოდ, როგორ შეიძლება ამათ ტრადიციებზე ილაპარაკონ.

ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო – გამოთქმა რომ არსებობს, ისე უნდა ჰქონდეთ ამათ პირში წყალი დაგუბებული, როცა ტრადიციებზე მიდგება საქმე, მაგრამ ამათ უნამუსობას და უტიფრობას, როგორც ჩანს, არ აქვს საზღვარი.

მე ასე ვიტყოდი, ეს ყოვლად ანტიკულტურული და ანტიტრადიციული ხალხი, დღეს თითქოსდა კულტურის და ტრადიციების მებაირახტრედ გვევლინება.

ეს მაშინ როცა მუდმივად ვხედავთ კულტურის ნგრევას, კულტურის ნიმუშების ნგრევას და ვხედავთ აბსოლუტურ დეგრადაციას ქვეყნისა. თუ ამაში ვინმე ხელს უშლის ხელისუფლებას, ან ტიტუშკებს მოგისევენ, ან სატელევიზიო სიუჟეტით შეეცდებიან შენს გაშავებას.

საბჭოთა კგბ-ს მეთოდებია, რომელიც პირდაპირ გადმოიტანეს ყოველგვარი კორექტირების გარეშე. რომ ვუსმენ, ტერმინებიც კი საბჭოთა ჩინოსნების აქვთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ესენი არიან კადრები წარსულიდან.

ეს ადამიანები ნამდვილად არიან წარსულის ადამიანები და მათ არაფერი საერთო არ აქვთ დღევანდელობასთან.

  • როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მიუღებელია თავისუფალი აზრის დევნა, რას უნდა აკეთებდეს ასეთ დროს?

მე მგონი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით – მეტი განათლება მივაწოდოთ ადამიანებს, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ რეალური ფაქტების შესახებ და არა ის სიცრუე, რომელსაც ხელისუფლება გვატენის.

აი, ასეთი, აბსოლუტურად მანიპულატორული თემებით ცდილობს ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაფარვას. რეალური პრობლემა კი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა შიმშილისგან კვდება, უმუშევრობაა, გაედინება ახალგაზრდობა ქვეყნიდან, პრაქტიკულად შემოგვეცალა ახალგაზრდობა, მთელი ეს რესურსი, რაც უნდა ჩადებულიყო ქვეყნის წინ წაწევაში, იაფ მუშახელად არის გასული საზღვარგარეთ.

აი, ამის გადაფარვა ხდება მუდმივად, სხვადასხვა თემით.

ხულოში 5-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

დღეს, 23 იანვარს, ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა.

„ხანძრის სავარაუდო მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა“ – გვითხრა რაულ მახარაძემ, მერის წარმომადგენელმა სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ადგილზე ჯერ ისევ მუშაობენ მეხანძრეები.

„ხანძარი ამ წუთას ლოკალიზებულია და მუშაობს 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა. ალბათ 1 საათში სრულიად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი. დაიწვა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი“, – გვითხრა რაულ მახარაძემ.

მისი თქმით, ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრი ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად.

„პროგრამის შესაბამისად მოხდება საკითხის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, – გვითხრა რაულ მახარაძემ.

სახლის დამხმარე ნაგებობები არ დამწვარა.

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სარეზერვო ფონდიდან ეხმარება თანხით.

მეხანძრეები ხანძარს აქრობენ

სტამბოლში აეროპორტისა და ქალაქის ცენტრის დამაკავშირებელი მეტროს ხაზი გაიხსნა

22 იანვარს სტამბოლში აეროპორტისა და ქალაქის ცენტრის დამაკავშირებელი მეტროს ხაზი გაიხსნა.

ხაზის „ქაღითჰანე-სტამბოლის აეროპორტის“ სიგრძე 34 კილომეტრია და ქალაქის ცენტრიდან თურქეთის ყველაზე დიდ აეროპორტში მგზავრების ტრანსპორტირებისთვის 24 წუთია საჭირო.

თურქული მედიის ცნობით, მეტროს ხაზი ქაღითჰანეს დასახლებიდან დაიწყებს სვლას და ეუფსულთანისა და არნავუთქოის უბნებს გაივლის სტამბოლის აეროპორტამდე.

როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, მეტროს ხაზით  ყოველდღიურად 800 ათასი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი.

მეტროს ეს ახალი ხაზი სტამბოლის ისედაც ფართო სატრანსპორტო ქსელს კიდევ უფრო მობილურს ხდის მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის მხრივ.

სტამბოლის აეროპორტი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა და 2019 წლის აპრილში სრულად დაიტვირთა, რის შემდეგაც ევროპაში ყველაზე დაკავებული აეროპორტი გახდა. „დეილი საბაჰის“ ცნობით, გასულ წელს სტამბოლის აეროპორტში  დღეში საშუალოდ 1156 ფრენა სრულდებოდა.

აჭარიდან ფიზიკის 4 მასწავლებელი CERN-ში გაივლის სტაჟირებას – კონკურსი

აჭარის განათლების ფონდი ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში – CERN-ში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

ფონდის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი აღნიშნულ ცენტრში.

„კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას საგაკვეთილო ნიმუშის სახით, რომელიც უნდა შეიცავდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ კონკრეტულ სასწავლო სტრატეგიებს, მეთოდებსა და მიდგომებს,“ – წერს განათლების ფონდი.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ოთხი მასწავლებელი, რომელთაც საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებსა და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

სტაჟირების პერიოდი 2023 წლის 26 მარტიდან პირველ აპრილამდეა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 2023 წლის 9 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

______________

ფოტოზე: ცერნი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.

აჭარაში ყველაზე ხანდაზმულები 109 წლის ქალები არიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, აჭარაში ამ დროისთვის 100 წელს გადაცილებული 37 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 7 კაცი და 30 ქალია.

მათ შორის ყველაზე უხუცესები არიან 109 წლის მოქალაქეები – ფატყუმე დიასამიძე, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და ნაქიფე დავითაძე, შუახევიდან.

სამინისტროს ცნობით, ამ მონაცემების გარდა აჭარაში 99 წლის 13 ადამიანი ცხოვრობს.

ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი გაიცემა ერთჯერადად, ყოველწლიურად.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 53 000 ლარია.

________________________

ფოტოზე: 109 წლის მოქალაქეები – ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე. ფოტო: მარია ჩე/Maria Che

5 სტუდენტი ბათუმში უფასო საკვებისა და ტანსაცმლის კარადების განთავსებას გეგმავს

„გაიღე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც 5 ბათუმელი სტუდენტი – როენა კახიძე, მარიამ მორთულაძე, იანა აბაშიძე, ანა ვაშაყმაძე და ნინო გაბაიძე აპირებენ.  პროექტის მიზანია დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც საკვები ან ტანსაცმელი სჭირდებათ.

პროექტის ავტორები ბსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელები არიან.

„თანაკურსელები ვართ. დემოკრატიის ლექტორმა დაგვავალა პროექტის გაკეთება და ჩვენ არჩევანი სოციალურ თემაზე შევაჩერეთ. მედიაში იყო ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოებში მოქალაქეებს არ ჰყოფნიდათ საკვები და აქედან გაგვიჩნდა იდეაც.“- გვითხრა როენა კახიძემ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, კარადები ქალაქში 3 ადგილას განთავსდება. ერთ-ერთი კარადა უკვე განათავსეს აღმაშენებლის ქუჩაზე (ბენზინგასამართი სადგურის გვერდით), მეორეს – რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ დადგამენ, მესამე კარადისთვის კი სტუდენტები ნებართვას ელოდებიან მერიიდან.

„კარადები ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გვაჩუქა, ველოდებით 700 ლარსაც, რომლითაც კარადებში განვათავსებთ პროდუქციას.

ასევე გვინდა, რომ ქველმოქმედებაში მოსახლეობაც ჩაერთოს და ვისაც სურვილი ექნება, განათავსოს საკვები და ტანსაცმელი ამ კარადებში.

ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის დადებს ამ ნივთებს და პროდუქტს, ვისაც არ აქვს, ის აიღებს, ეს არის პროექტის მიზანიც,“ – გვითხრა მარიამ მორთულაძემ.

რამდენიმე წლის წინ ბათუმში საქველმოქმედო პროექტის ამ ფორმით განხორციელებისას კარადები უცნობმა პირებმა დააზიანეს, ამიტომ ვკითხეთ სტუდენტებს, როგორ მოახერხებენ კარადების მონიტორინგს.

„ვინმემ რომ რაიმე არ გააფუჭოს, ამის კონტროლი ალბათ ვერ მოხერხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით. კვირაში რამდენჯერმე გავალთ, დავაკვირდებით, დავასუფთავებთ და შევეცდებით, რომ ცარიელი არ დარჩეს კარადა.

სოციალურ ქსელებშიც გავავრცელებთ პოსტებს, რომ ან ჩვენ დაგვიკავშირდნენ მსურველები, ან თავად მიიტანონ პროდუქტი და ტანსაცმელი და განათავსონ კარადებში. ნებისმიერი ასაკის ადამიანის ტანისამოსი შეუძლიათ მოიტანონ და კარგი იქნება, თუ შეფუთვაზე მიუთითებენ, რა ასაკისთვისაა გათვალისწინებული,“ – ამბობს იანა აბაშიძე.

სტუდენტებმა გვითხრეს, რომ თუ პროექტმა – „გაიღე“გაამართლა, ამ სახელწოდების ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეასაც განიხილავენ.

პრიგოჟინის ვარსკვლავი ჩასვენებას იწყებს – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი ახალ ანგარიშში წერს, რომ სავარაუდოდ, „ვაგნერის“ დაჯგუფების ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თვალში სანდოობას კარგავს ქალაქ ბახმუტის აღების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ.

„ვაგნერის ფინანსისტის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო რამდენიმეთვიანი აშკარა აღმავლობის შემდეგ, მას მერე, რაც მან ვერ შეასრულა დაპირება ბახმუტის საკუთარი ძალებით ხელში ჩაგდებაზე.

…როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, უარი თქვას პრიგოჟინსა და მის ძალებზე დაყრდნობაზე და მის ნაცვლად კიდევ ერთხელ ენდობა გერასიმოვს, შოიგუს და რუს სამხედროებს,“ – წერენ ISW-ის ანალიტიკოსები.

ISW-ის ბოლო ანგარიშებში სულ უფრო ხშირადაა განხილული პროგოჟინისა და „ვაგნერის“ დაჯგუფების საკითხი. 20 იანვრის ანგარიშში ამერიკელი ანალიტიკოსები წერდნენ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, შესაძლოა, განაცხადა, რომ „ვაგნერი“ არ არის რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ნაწილი და რომ რუსი სამხედროები არ თანამშრომლობენ „ვაგნერის“ ჯგუფთან მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, რომ პირიქით ხდება.

ISW-ი ასევე წერს, რომ პროგნოზი ბელარუსის მხრიდან ჩრდილოეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოტენციური ძირითადი შეტევის შესახებ სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.

 

გერასიმოვი უკრაინაში მყოფი ჯარის დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 23 იანვრის ანგარიში უკრაინაში რუსული ძალების ახალდანიშნული მეთაურის, ვალერი გერასიმოვის საქმიანობას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, როგორც ჩანს, გერასიმოვმა დაიწყო უკრაინაში განლაგებული ჯარისკაცების ყოველდღიური დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, მას შემდეგ, რაც გერასიმოვი გახდა მეთაური, ოფიცრები ცდილობენ შეამცირონ ისეთი დისციპლინარული დარღვევები, როგორიცაა: სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება, მობილური ტელეფონის გამოყენება, ფორმისა და ვარცხნილობის რეგულაციების დარღვევა.

აღნიშნული ზომების მიღებას, დაზვერვის ცნობით, სკეპტიკური უკუკავშირი მოჰყვა. მათ შორის ყველაზე მეტად დაცინვის ობიექტი გაპარსვის სტანდარტის გაუმჯობესების მცდელობას მოჰყვა.

მსგავს პრიორიტეტებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური პირები აღწერენ, როგორც „ფარსს“, რომელიც „შეაფერხებს მტრის განადგურების პროცესს“.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, „ვაგნერის“ დაჯგუფების მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა მსგავსი სამხედრო ბრძანებები და მიუთითა, რომ „ომი აქტიურებისა და მამაცების დროა და არა სუფთად გაპარსულების“.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძალები კვლავაც ოპერაციულ ჩიხსა და მძიმე დანაკარგებს უმკლავდებიან, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, გერასიმოვის მხრიდან მსგავს რეგულაციებზე ფოკუსირება, სავარაუდოდ რუსეთში მისი სკეპტიკოსების შიშებს ამართლებს.

„თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მსგავსად, იგი [გერასიმოვი] უფრო და უფრო მეტად არის აღქმული, როგორც რეალობისგან დაშორებული და შინაარსზე მეტად, წარმოდგენაზე ფოკუსირებული“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 23 იანვრის ანგარიშში.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 23 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 121 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 3 150 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 276 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 146 ერთეული [+2]
  • MLRS – 447 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 277 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 894 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 936 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 193 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 23 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 376 თვითმფრინავი
  • 203 ვერტმფრენი
  • 2 934 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 987 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 893 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 153 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

უკრაინელი მებრძოლის დაღუპვის დღეს მისი შვილიშვილი დაიბადა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 იანვარს ბახმუტის მახლობლად ოკუპანტის ტყვიით ქვეყნისათვის მებრძოლი ბენიამინ ხალაპოვი ტრაგიკულად დაიღუპა. ექიმი ხალაპოვი, რომლის საბრძოლო სახელი იყო „რაფა“, უკრაინას 2014 წლიდან იცავდა.

ბენიამინმა, რომელიც წარმოშობით ხარკოვიდან იყო, ბრძოლის დროს თავისი მოძმეების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა – წერს უკრაინული გამოცემა 24-ე არხი.

მედიის ინფორმაციით, „რაფას“ შვილიშვილი სწორედ მისი დაღუპვის დღეს დაიბადა – „რაფას“ გარდაცვალების დღეს მის ქალიშვილს შვილი შეეძინა, რომელსაც ის ასე ელოდა.

თანამებრძოლები იხსენებენ, თუ რამდენი ადამიანი, პატარა ხარკოველი დააყენა ფეხზე არაჩვეულებრივმა ექიმმა და ადამიანმა – ბენიამინმა.

„მოგვეცით იარაღი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

„მოგვეცით იარაღი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც უკრაინის, ბელარუსისა და საქართველოს მოქალაქეებმა მსოფლიოს გაუგზავნეს ბათუმიდან.

დღეს, 22 იანვარს, უკრაინის ერთიანობის დღეს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ბათუმის  აქცია იყო საერთაშორისო აქციის ნაწილი, რომელიც  მსოფლიოს 25 ქვეყნის 47 ქალაქში ჩატარდა.

უკრაინელები მეგობარი ქვეყნების მთავრობებს მიმართავენ, რომ მისცენ მეტი იარაღი მათ ქვეყანას, რათა ომში გამარჯვება შეძლონ.

“მოგვეცით იარაღი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ” – უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

„მოგვეცით იარაღი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“- წარწერა პლაკატზე
„უკრაინის გამარჯვება იქნება მსოფლიოში მშვიდობის გარანტია“ – წარწერა ბანერზე, რომელიც დღეს ბათუმში აქციაზე გაშალეს.
„სიმამაცე ჩვენი დნმ-ია“ – წარწერა ტრანსფარანტზე, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უჭირავს
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
„ხალხნო, მხოლოდ მაშინ იცხოვრებთ ბედნიერად, როცა თქვენს ზემოთ მოსკოვი არ იქნება!“ – წარწერა აქციაზე გაშლილ ბანერზე
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში

22 იანვარს ბათუმში აქცია გაიმართება უკრაინის ერთიანობის დღის აღსანიშნავად

„ძლიერ ქარბუქში ნაძვის ძირშიც კი გავათიე ღამე“ – მრგვალი თხილამურების ოსტატი ხულოდან

72 წლის ბიჭიკო გელაძე სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. ის პროფესიით ვეტერინარია და ამ საქმის პარალელურად, წლებია ხისგან სასიარულო თუ სასრიალო თხილამურებს და სხვა ნივთებს ამზადებს. მაშინ, როცა დიდ თოვლში ფეხით გავლა შეუძლებელია, სასიარულო თხილამურების „ფასი იზრდება“, – ამ თხილამურებით შეიძლება ღრმა თოვლში ისე გაიარო, რომ არ ჩაეფლო.

ეს თხილამურები, როგორც წესი, სავაჭრო დაწესებულებებში არ იყიდება, მაგრამ სოფლებში ჯერ კიდევ არიან ოსტატები, რომლებიც მათ ამზადებენ. ერთ-ერთია ბიჭიკოც.

ის იხსენებს, რომ ხის თხილამურებს მის ახალგაზრდობაში მეზობელი კაცი აკეთებდა. ყოველთვის, როცა მეზობელს სტუმრობდა, ხედავდა, როგორ ამუშავებდა ლეკის ხეს თხილამურების დასამზადებლად.

მისი თქმით, ადრე ამ საქმეს რამდენიმე ხის ოსტატი მაინც მისდევდა სოფელში, მაგრამ ახლა ამ საქმის მიმართ ინტერესი ნაკლებია და არც აღარავინ აღარ აკეთებსო. მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს საქმე საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას – „გაჭირვებას რომ ნახავ, დაგჭირდება, გინდა თუ არ გინდა გაიხსენებ ამ საქმესაცო“.

ბიჭიკო სასიარულო თხილამურების კეთებას იწყებს

თხილამურების კეთებამდე აქტიურად ქსოვდა გოდრებს, მომცრო კალათებს, რაც ბაბუას უსწავლებია. ყველაზე რთული გოდრის ქსოვაში გოდრის ფორმის მონახაზის გაკეთებააო, ამბობს.

„ახლა ძირითადად სასიარულო და სასრიალო თხილამურებს ვამზადებ. ასევე, პირუტყვის დასაბმელ რკალებს. ვისაც პირუტყვი არ ჰყავს და შეიძენს, იციან, რომ რკალებს ვაჩუქებ. ხელჯოხებს საჩუქრად მოხუცებისთვის და ა.შ.

28 წლის ვიყავი, როცა პირველად დამოუკიდებლად გავაკეთე თხილამურები. თავიდან არ მაინტერესებდა ეს საქმე, ძირითადად ვეტექიმად ვმუშაობდი. პირუტყვს დავდევდი (ვაძოვებდი) და სადაც მხვდებოდა თხილამურებისთვის საჭირო მასალა ვამზადებდი. სახლში ხელით მომქონდა“, – გვიყვება ოსტატი.

ბიჭიკოს თქმით, თანამედროვე თხილამურების მიუხედავად, სახლში გაკეთებულ ხის თხილამურებს ბევრი ადგილობრივი ახლაც იყენებს – „ცხადია, ამ საქმით მილიონერი არ გახდები. თხილამურებს შეღავათიან ფასად ვუკეთებ მეზობლებს. 20-30 ლარს მჩუქნიან ხელობაში. ზოგადად, თხილამურებს 70-80 ლარად ვყიდი. გააჩნია რა ზომის, რა ფორმისაა – დიდია, პატარაა, საშუალოა. ვის როგორიც უნდა იმის მიხედვით ვუმზადებ. ახლახან პოლონელმა ტურისტმა შეიძინა ჩემი თხილამურები და თავის ქვეყანაში წაიღო.

წლის ნებისმიერ დროს გააკეთებ ხის თხილამურებს, მაგრამ დრო უნდა გქონდეს. სოფელში უამრავი საქმეა, თივა უნდა დავამზადოთ, შეშა მოვიმარაგოთ, მერე კარტოფილი, სიმინდი… ზაფხულობით არ არის დრო თხილამურების დასამზადებლად. ძირითადად, მასალა მომაქვს და შემდეგ, ზამთარში ვამზადებთ“, – გვიყვება ბიჭიკო.

თხილამურის მომრგვალება დასრულებულია

მისი თქმით, თხილამურებისა და საზამთრო ხის ფეხსაცმლის დასამზადებლად ყველაზე კარგი მასალა წაბლი, ლეკა და ვერხვია. მაგალითად, 1 წყვილი სასიარულო თხილამურის დამზადებას 5-6 საათს უნდება, თუ ყველა საჭირო მასალა წინასწარ აქვს გამზადებული. ერთ დღეში 3 თხილამურიც დაუმზადებია. ახლა 8 წყვილი თხილამური აქვს დამზადებული: მუნიციპალიტეტიდან, სხვადასხვა სოფლიდან კითხულობენ და მიაქვთ. ზოგს სამუზეუმოდაც უნდა ხოლმე, ამბობს ის.

ბიჭიკო სასიარულო თხილამურის კეთების ტექნიკაზე გვიყვება: „თხილამურის გაკეთება მასალის მორკალვით, მისი გამოხარშვით, ფორმის მიცემით იწყება და იხერხება, მარჯვენა და მარცხენა ფეხისთვის. ყველაზე რთულია ეს პროცესია. თუ შესაფერისი მასალა არ არის, ან კარგად არ არის გამოხარშული, აუცილებლად გატყდება. ბევრი მასალა ფუჭდება ამ დროს. ზოგჯერ გულში, ჩემთვის მითქვამს, რად მინდოდა ეს საქმე რომ ვისწავლე, მაგრამ გლეხს, აუცილებლად გჭირდება ეს ნივთი, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობის პერიოდში, როცა ცენტრალურ გზასთან ახლოს არ ცხოვრობ.

თოვლში სასიარულოდ თხილამურს ხშირად ვიყენებთ. მაგალითად, აქედან ადიგენამდე 28 კილომეტრია, იქ მყავს ნათესავები. მათ სანახავად, გოდერძის უღელტეხილი თუ გინდა გადაიარო ამ ფეხსაცმლის გარეშე ვერ წახვალ“, – გვეუბნება ბიჭიკო და ამატებს, რომ ერთხელ, ძლიერ ქარბუქში მოყვა ადიგენისკენ მიმავალი, სიარული აღარ შეეძლო და ღამით ნაძვის ძირში გათენებაც მოუწია.

სასიარულო თხილამურის ბოლო დეტალი ნასვრეტების გაკეთება და თასმების ამოტარებაა, ფეხის მყარად ჩასამაგრებლად. ბიჭიკო გვაფრთხილებს არ დაიბნეთ, ეს დამატებით დამხმარე საშუალებაა თოვლში მარტივად რომ იაროთ და, შესაბამისად, მასზე შიშველი ფეხი არ მაგრდებაო.

თხილამურები მზადაა

„თასმას საქონლის ტყავისგან ვამზადებთ. ტყავს კარგად გავწმენდთ და დავგრეხთ. თუ არ დაგრეხ, როცა თოვლში წახვალ, შეიძლება ტყავი სისველემ დაარბილოს და მოეშვას. სათანადოდ არ ჩაგიმაგრებს ფეხს. ეს თასმა 3-4 ჯერ უნდა ამოატარო ნასვრეტებში და კარგად დახლართო“, – გვიყვება ბიჭიკო. მისი თქმით, ამ თხილამურს თოვლის გარდა ჭაობიან ადგილებში იყენებენ.

რაც შეეხება სასრიალო თხილამურებს, ოსტატი მასალას საჭირო ფორმას ხის ჩარხზე აძლევს. მისი თქმით, პრინციპი იგივეა ამ შემთხვევაშიც, რაც სასიარულო თხილამურისას. მასალისთვის კიდევ უფრო მოქნილი ფორმების მიცემისთვის ის უნდა გამოიხარშოს. საბოლოოდ კი, სასრიალო თხილამურს რკინის ფეხის დამჭერებს უმაგრებენ, რეზინის სამაგრებით.

თხილამური თოვლში დაიტესტა

„მე 50 წლის რომ გავხდი მას შემდეგ არ ვმდგარვარ თხილამურზე, მაგრამ ძალიან მიყვარს თხილამურებზე დგომა, სრიალი. თავისუფლებაა“.

რომელ საათამდე შეწყდა წყალი თამარის დასახლებაში – კომპანიის განმარტება

დღეს, 22 იანვარს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდათ.

„ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო დღეს, 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს,“ – ნათქვამია „ბათუმის წყალის“ განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 იანვრის 21 საათიდან 23 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო 

შიგამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში კი:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 და 25 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 22 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 120 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 3 145 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 268 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 2 144 ერთეული [+9]
  • MLRS – 445 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 277 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 892 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 932 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 193 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 22 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 376 თვითმფრინავი
  • 203 ვერტმფრენი
  • 2 931 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 601 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 144 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

 

 

რატომ განათავსეს მოსკოვში სახლების სახურავებზე საჰაერო თავდაცვის სისტემები – ISW ანალიზი

გასაგებია, რატომ განათავსა კრემლმა საჰაერო თავდაცვის სისტემები მოსკოვში სახლების სახურავებზე – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები კრემლის მიერ რუსეთის ქალაქების საცხოვრებელ რაიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევენ.

როგორც ამერიკელი ანალიტიკოსების მოხსენებაშია ნათქვამი, რუსეთის ხელმძღვანელობამ გააძლიერა ძალისხმევა უკრაინასთან ომი წარმოაჩინოს ეგზისტენციალურ საფრთხედ. ამ გზით პუტინი ქმნის მხარდაჭერის პირობებს გაჭიანურებული ომისთვის.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლმა, საჰაერო თავდაცვის სისტემები მოსკოვში სავარაუდოდ იმისთვის განათავსა, რათა შექმნას პროვოკაციული სურათი, რაც წარმოაჩენს უკრაინის ომს, როგორც ძალიან საშიშს რუსეთის საზოგადოებისთვის.

ნაკლებად სავარაუდოა კრემლს სჯეროდეს, რომ უკრაინა მოსკოვს ამოიღებს მიზანში. ცხადია, ამ საჩვენებელ თამაშს მართავენ იმისთვის, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომზე რუსეთის შიდა აუდიტორიაში გააძლიერონ საინფორმაციო მხარდაჭერა.

„ეს დემონსტრაცია ასევე, ალბათ, არის საინფორმაციო ოპერაციის ჩანასახი უკრაინის ომის კონტექსტუალიზაციისთვის რუსეთის მითებში დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს აბსურდულად წარმოაჩინოს უკრაინა, როგორც საფრთხე მოსკოვისთვის და რუსეთში გააძლიერებს სამხედრო მოქმედებებისა და შემდგომი მობილიზაციის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქუთაისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება

ქუთაისში, მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება, ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს მოუწოდებს მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინონ ბილეთი ან ელექტრონული  სახით გადაიხადონ,  წინააღმდეგ შემთხვევაში უბილეთოდ ჩაითვლებიან.

უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულებმა ჯარიმა, რომელიც 20 ლარს შეადგენს, 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. თუ პირი ამ ვადაში ვერ გადაიხდის, ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმა გაორმაგდება.

მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრებს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტები გამოავლენენ.

ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი ღირს, მგზავრობის საფასურის გადახდა კი სამგზავრო ბარათითაა შესაძლებელი.

რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქცია ბათუმში უკრაინაში ომის და პუტინის წინააღმდეგ

„პუტინი ომის დამნაშავეა“, „რუსები ომის წინააღმდეგნი არიან“, „თავისუფლება მიშას“ – ეს შეძახილები ისმოდა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული აქციისას.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქების ნაწილი იყო, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

„ჩვენი პროტესტი არის ომის წინააღმდეგ, ალექსეი ნავალნის პატიმრობის წინააღმდეგ. ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ გვინდა პუტინი წარსდგეს ტრიბუნალის წინაშე და ომის დანაშაულისთვის გაასამართლონ. ის დამნაშავეა,“-უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვადიმ კოტუგინმა.

მისივე თქმით აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზანი ომის გაპროტესტებასთან ერთად უკრაინის, უკრაინელი ლტოლვილებს და უკრაინის არმიის მხარდაჭერა იყო.

„ბათუმში ამ აქციის ორგანიზატორი ვართ აქტივისტების პატარა ჯგუფი, რადგან ყველა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი დღეს თბილისშია. ისინი რუსეთის საელჩოს წინ მართავენ აქციას,“- განმარტა ვადიმ კოტუგინმა.

ბათუმში გამართული აქციის მონაწილეებს, რუსეთის სამფეროვანი დროშის ნაცვლად თეთრ და ლურჯ ფერში გადაწყვეტილი დროშა ჰქონდათ გაშლილი.

თეთრ-ლურჯი დროშის იდეა თავიანთი სახელმწიფოს ქმედებებით უკმაყოფილო რუსებს ეკუთვნით, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ამჟამინდელი დროშისგან განსხვავებით, თავიანთი სიმბოლოდან წითელი ფერი გაექროთ.

თეთრ-ლურჯი დროშის ესკიზები სოციალურ მედიაში სპონტანურად გავრცელდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

 

ქუთაისში საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ჭადრაკის სკოლის რეაბილიტაციაზე 534 859 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული თანხით საჭადრაკო სკოლის შენობაში სრულად უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა, უნდა ჩაუტარდეს რემონტი შენობის ძველ ნაწილს და შეიცვალოს სახურავი.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს დამთავრდება.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად ასეთი იქნება რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა

ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.

 

22 იანვარს ბათუმში აქცია გაიმართება უკრაინის ერთიანობის დღის აღსანიშნავად

22 იანვარს, უკრაინის ერთიანობის დღეს, ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია საღამოს 5 საათზე დაიწყება ცენტრალური პარკის შესასვლელთან.

„აქციის მთავარი გზავნილი ბახმუტია, სადაც ახლა მწვავე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მეორე ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ უკრაინას მეგობარმა ქვეყნებმა კიდევ მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ.

სამწუხაროდ, იარაღის დამატების გარეშე ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ. მსოფლიოში მშვიდობამ რომ დაისადგუროს ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ: უკრაინის გამარჯვება. ვერანაირი მოლაპარაკება რუსეთთან მშვიდობას ვერ მოიტანს.

რუსეთის ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება თუ იქნება გამოსავალი ბრძოლის ველზე. მხოლოდ ეს იქნება მსოფლიო მშვიდობის გარანტია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის ორგანიზატორი ლენურა ილგაზიევა.

უკრაინის ერთიანობის დღეს დაგეგმილი აქცია ს­აერთაშორისო მასშტაბისაა. მსგავს აქციას უკრაინის მოქალაქეები მსოფლიოს 25 ქვეყნის 47 ქალაქში ჩაატარებენ 22 იანვარს.

„აქციის დროს ჩავწერთ ვიდეორგოლს, რომელშიც მადლობას გადავუხდით ქვეყნებს, ვინც ეხმარება უკრაინას იარაღით. დავიჭერთ ამ ქვეყნების დროშებს და მათსავე ენებზე გადავუხდით მადლობას, ვიდეორგოლის ბოლოს კი მეგობარ ქვეყნებს ვთხოვთ მოგვცენ მეტი იარაღი უკრაინის დასახმარებლად,“- ამბობს ლენურა ილგაზიევა.

აქციის ჩატარების დრო და ადგილი: ბათუმი, 22 იანვარი, ცენტრალური პარკის შესასვლელი, 17:00 საათი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 120 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 3 140 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 6 256 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 2 135 ერთეული [+6]
  • MLRS – 443 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 277 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 891 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 918 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 193 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 375 თვითმფრინავი
  • 203 ვერტმფრენი
  • 2 922 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 589 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 883 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 128 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში ხანძარია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში ხანძარია.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის კერასთან ახლოს საცხოვრებელი სახლებია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ინფორმაცია განახლდება. 

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

„ნამდვილად არ მოსწონს შოიგუ-გერასიმოვის მხარეს ამ ახალგამოჩეკილი პირების წარმატება და სტატუსის ამაღლება,“ – პრიგოჟინის და პუტინის გარემოცვის ფარულ დაპირისპირებაზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ომის წინა ხაზს აქტიურად აკვირდება.

მისი აზრით, სოლედარის დაკავება, რასაც პრიგოჟინი მხოლოდ „ვაგნერის“ დამსახურებად მიიჩნევს, რუსებს ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს მხოლოდ ბახმუტთან მიმართებით.

„ფაქტობრივად ორივე მხარე უკვე გამოფიტულია, ორივე მხარე ძალიან ახლოსაა კულმინაციის წერტილთან“, – გვეუბნება გადამდგარი გენერალი და გაზაფხულს ელის, როცა, მისი პროგნოზით, კარგად გამოჩნდება, ვინ შეძლებს ომში გარდატეხის შეტანას.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსები ახლა „ფონს გასვლას“ ცდილობენ, რაც დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას გულისხმობს, უკრაინას კი, გენერლის სიტყვებით, დარტყმითი დანაყოფი სჭირდება და იმ აღჭურვილობის შეკოწიწება, რასაც უკრაინა დასავლეთიდან იღებს. „არის ნიშნები, რომ ეს დახმარება უნდა გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ ჩანს,“ – დასძენს ის.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ახალ წლამდე ინტერვიუში გვითხარით, რომ ორივე მხარე უახლოვდებოდა ე.წ. კულმინაციის წერტილს, საითკენ მიდის ეს პროცესი ინტენსიური სარაკეტო თავდასხების მოცემულობაში? მაგალითად, ნატოს გენმდივანი, სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია…

დიდი ცვლილებები ოპერატიულ დონეზე არ ყოფილა, მიდის ტაქტიკური ცვლილებები, გამოიხატება აქტიურობა სოლედარი-ბახმუტის მიმართულებაზე. სოლედარს პრაქტიკულად რუსები აკონტროლებენ, თუმცა ქალაქის გარკვეულ მონაკვეთში, განსაკუთრებით კი, დასავლეთ ნაწილში, არის წინააღმდეგობის კერები.

რაც შეეხება ბახმუტს, აქ მიმდინარეობს ბრძოლები, ქალაქის გარეუბნებში შესული არიან რუსები, თუმცა უკრაინელები ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ რუსებს. ამავდროულად იზრდება საფრთხე, ბახმუტი ალყაში მოექცეს, ვინაიდან იქნება სოლედარიდან, ასევე ბახმუტის სამხრეთიდან შეტევის და მარწუხებში მოქცევის მცდელობა.

  • სოლედარის დაკავება რა ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს რუსებს? 

უპირატესობას აძლევს მხოლოდ ბახმუტის მიმართულებაზე. სოლედარის დაკავება იქნება უფრო ტაქტიკური, ლოკალური წარმატება, რაც რუსებს დაუჯდა ძალიან დიდი ძალისხმევის და რესურსის ფასად.

უკრაინელები აქტიურობენ კუპიანსკის მიმართულებაზე, თუმცა ამ ეტაპზე წარმატებას ვერ აღწევენ. ფაქტობრივად ორივე მხარე უკვე გამოფიტულია. ორივე მხარე ცდილობს რეზერვების მობილიზებას და ძალიან ახლოს არიან კულმინაციის წერტილთან.

  • „გადამწყვეტი ფაზა“ რა იქნება ამ ვითარებაში, რაზეც სტოლტენბერგი ამახვილებს ყურადღებას? 

ალბათ ის, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში სტრატეგიულ ინიციატივას. ჯერ კიდევ უკრაინელებს აქვთ ხელში ეს სტრატეგიული ინიციატივა, თუმცა რუსებმა ოპერატიული და ტაქტიკური ინიციატივა მოიპოვეს. ახლა მნიშვნელოვანია, ვინ მოახერხებს გარდატეხის შეტანას და სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებას, თავისი ოპერატიული ინიციატივით, რაც გამოჩნდება გაზაფხულზე.

  • დღეს სამხრეთის ფრონტის სარდლობა იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია სარაკეტო იერიში ზღვიდანაც. რატომ გააქტიურა რუსეთმა ზღვიდან თავდასხმები, რის მიღწევას ცდილობს და რის მიღწევა შეუძლია?

ზღვიდან ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს პერიოდულად რუსეთი, მას ამ ეტაპზე საზღვაო და საჰაერო ბაზირების ზუსტი რაკეტები გააჩნია უფრო.

საზღვაო ხომალდების გაზრდაც გაზრდის სარაკეტო თავდასხმის შესაძლებლობას, თუმცა  ამით ახალს ვერაფერს გააკეთებს რუსეთი, მას სჭირდება დრო, რომ მოახერხოს რეფორმების განხორციელება, რაც შოიგუმ შესთავაზა პუტინს.

პუტინმა, როგორც იცით, დაამტკიცა ეს მილიონნახევრიანი არმიის შექმნის და დივიზიურ სისტემაზე დაბრუნების გეგმა სრულად, თუმცა რამდენად განახორციელებს ამას, ცოტა გაურკვეველია. ამ რეფორმების განხორციელებას სჭირდება დრო. წარმოუდგენელია, როცა აქტიურად ახორციელებ ომს, ამ დროს განახორციელო რეფორმა. ეს თითქმის შეუძლებელია.

ჩემი აზრით, რუსეთი თუ მოახერხებს რამე ცვლილებას, ეს იქნება რაოდენობრივი ცვლილება და ამით შეეცდება რუსეთი ფონს გასვლას.

რა ჩაითვლება „ფონს გასვლად“ რუსეთისთვის? 

ფონს გასვლა იქნება რუსეთისთვის ალბათ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება. ამ ეტაპზე ესაა. მას სჭირდება რამდენიმე წელი მინიმუმ, რომ რეფორმა განახორციელოს და სხვა ამოცანის შესრულება შეძლოს.

  • ვაშინგტონ პოსტი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა CIA-ს ხელმძღვანელი. ზელენსკი და მისი გუნდი ბოლო შეხვედრიდან გამოვიდა გრძნობით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევის მხარდაჭერა ძლიერი რჩება, თუმცა ნაკლებად აქვთ იმედი, რომ კონგრესი წინა წლის მსგავსად, ამ გაზაფხულზეც მიიღებს უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს. თუ ასეთი რამ მართლა მოხდა, ეს რას ნიშნავს?

შთაბეჭდილებების დონეზე არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. რამდენ მილიარდზე იქნება საუბარი, ეს სხვა თემაა, მაგრამ უკრაინას რომ სჭირდება დახმარება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის ჯავშანტექნიკა, რასაც დაჰპირდნენ უკრაინას და რასაც იღებს უკრაინა, რეალურად ძალიან ცოტაა რაოდენობრივად უკრაინისთვის.

მთავარია, უკრაინამ დაახლოებით 150-ათასიანი დაჯგუფება შექმნას, თუ უნდა, რომ ოპერატიულ-სტრატეგიული დარტყმა განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ლოკალური შეტევები ლოკალურ მიმართულებებზე. მას სჭირდება ამ დარტყმითი დაჯგუფების შექმნა და მისი შესაბამისად აღჭურვა.

ბრიტანელების მიერ გადაცემული „ჩელენჯერები“ უფრო პოლიტიკური და მოტივაციური ნაბიჯია, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, უფრო თავისუფლად მიაწოდონ ტანკები უკრაინას. „ჩელენჯერი“ რეალურად უფრო ნაკლებად აწყობს უკრაინას, რადგან მისი კალიბრი განსხვავებულია ნატოს კალიბრისგან და შესაბამისად, ცოტა რთულია მისი უზრუნველყოფა. ამერიკული „აბრამსებიც“ არ იქნება ეკონომიური, რადგანაც ძალიან ბევრ საწვავს წვავს.

უკრაინისთვის იდეალური იქნებოდა ალბათ „ლეოპარდები“ ეფექტურობით, ასევე რემონტის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნატოს წევრი ქვეყნის უმრავლესობა სწორედ „ლეოპარდებს“ იყენებს.

  • აძლევენ უკრაინას ამ „ლეოპარდებს“? 

გერმანიაში მიმდინარეობს აქტიურად საუბარი „ლეოპარდებთან“ დაკავშირებით. სკანდინავიის ქვეყნებმაც თქვეს, რომ თითო-ორი „ლეოპარდი“ ჩვენც მივცეთო. პოლონეთია ასევე მზად, რომ გადასცეს, თუმცა ელოდება ნებართვას გერმანიიდან. ყველაფერი მიდის საბოლოოდ არამარტო სისტემაზე, არამედ შესაბამის რაოდენობაზე.

ახლა რასაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან, შეიძლება შეაკოწიწონ და შეაგროვონ ერთი ჯავშან-სატანკო ბრიგადისთვის საკმარისი აღჭურვილობა, მაგრამ ამით დივიზიას ვერ შექმნი, ან ხუთ ბრიგადას.

  • თქვენთვის რას აჩვენებს დასავლეთიდან განსხვავებული აქცენტები რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე? ნატოს გენმდივანი, სტოლტენბერგი უარყოფს, მაგალითად, შოლცის მუდმივ შფოთვას იმაზე, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ბირთვულ ესკალაციას გამოიწვევს.

ფაქტია, რომ დასავლეთი უკვე გადაიღალა ომით. შუა ევროპაში ასეთი ფართომასშტაბიანი ომი არ არის ადვილი. გარკვეულწილად ომის გაგრძელების მოწინააღმდეგეებიც ჩნდებიან. როგორც ჩანს, რუსული ლობი და რუსული ფული თავის საქმეს აკეთებს.

არც ისეა საქმე, რომ უკრაინას დახმარება აღარ მისცენ, ან შეამცირონ ეს დახმარება. პირიქით, არის იმის ნიშნები, რომ ეს დახმარება უნდა გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ ჩანს.

  • თქვენი დაკვირვებით, რა სახის დაპირისპირებაა „ვაგნერის“ დაჯგუფებას და რუსეთის თავდაცვის ძალებს შორის? კრემლი უარყოფს „ვაგნერის“ დამფუძნებლის, პრიგოჟინის მტკიცებას, სოლედარის აღება მხოლოდ ჩვენი დამსახურებააო. ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი დღეს წერდა, რომ „პუტინი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს პრიგოჟინის მტრებს.“

ეს უფრო „სამეფო კარის თამაშებია“, ვინ უფრო ახლოს მივა, ვინ უფრო განიმტკიცებს სტატუსს. პრიგოჟინი ცდილობს, რომ წარმატება თავის თავს მიაწეროს. ვხედავთ, რომ კადიროვი გადაფარა პრიგოჟინმა ფაქტობრივად. ნამდვილად არ მოსწონს შოიგუ-გერასიმოვის მხარეს ამ ახალგამოჩეკილი პირების წარმატება და სტატუსის ამაღლება.

ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს, შოიგუ და გერასიმოვი არ თმობენ პოზიციებს, არ აძლევენ საშუალებას პრიგოჟინს, უფრო ზემოთ აიწიოს და პუტინიც შოიგუ-გერასიმოვს უჭერს მხარს.

ამ გავლენების მონაცვლეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ ის ცვლილება, რომ ხელისუფლებაში ვიღაც გადაადგილდეს, გააჩნია „ფეესბე“ რას მოიფიქრებს, თორემ პრიგოჟინიც ომის მომხრეა და პუტინიც. სტრატეგიულად ამით არაფერი იცვლება.

  • რა ხდება ბელარუსში – ისევ არსებობს მოლოდინი, რომ ბელარუსია შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა?

ეს მოლოდინი რჩება და მე მგონია, რომ ამას გამოიყენებს კიდეც რუსეთი, რადგან სხვა მეთოდი აღარ რჩება.

ბელარუსი რომ გამოიყენოს რუსეთმა, მას სჭირდება 100-120 ათასიანი დაჯგუფების შექმნა, ამ დროს კი, ის არის ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის დაზვერვის ყურადღების ქვეშ, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. ამ ეტაპამდე მხოლოდ მცირე ზომის დანაყოფების მომზადება ხდება, დაჯგუფების შექმნის ნიშნები ჯერ არ არის.

  • რა ჩანს დანაკარგებიდან და რესურსიდან, რაც ამ ეტაპზე მხარეებს აქვთ? რა მოცემულობა შეიძლება გვქონდეს ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ?

ორივე მხარე ახლა ცდილობს რესურსების მობილიზებას, დანაყოფების მომზადებას. დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას სჭირდება დაახლოებით 3 თვე, დარტყმითი დაჯგუფების შექმნას – 6 თვე.

  • ამ კუთხით რა აქტივობა შეიმჩნევა ორივე მხარეს? 

ორივე მხარე ცდილობს რესურსების მობილიზებას. ჩანს, რომ რუსეთი, მაგალითად, ისევ აპირებს მობილიზაციას… ამ ეტაპზე რასაც აგროვებს ორივე მხარე, ბახმუტში ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს.ჯერ-ჯერობით აქ მიდის მთელი რესურსები.

მე კიდევ ერთხელ ვამბობ: გაზაფხულზე გამოჩნდება, ვინ შეძლებს სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებას და ომში გარდატეხის ნიშნების გამოჩენას.

Exit mobile version