მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქცია ბათუმში უკრაინაში ომის და პუტინის წინააღმდეგ

21.01.2023
რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქცია ბათუმში უკრაინაში ომის და პუტინის წინააღმდეგ

„პუტინი ომის დამნაშავეა“, „რუსები ომის წინააღმდეგნი არიან“, „თავისუფლება მიშას“ – ეს შეძახილები ისმოდა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული აქციისას.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქების ნაწილი იყო, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

„ჩვენი პროტესტი არის ომის წინააღმდეგ, ალექსეი ნავალნის პატიმრობის წინააღმდეგ. ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ გვინდა პუტინი წარსდგეს ტრიბუნალის წინაშე და ომის დანაშაულისთვის გაასამართლონ. ის დამნაშავეა,“-უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვადიმ კოტუგინმა.

მისივე თქმით აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზანი ომის გაპროტესტებასთან ერთად უკრაინის, უკრაინელი ლტოლვილებს და უკრაინის არმიის მხარდაჭერა იყო.

„ბათუმში ამ აქციის ორგანიზატორი ვართ აქტივისტების პატარა ჯგუფი, რადგან ყველა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი დღეს თბილისშია. ისინი რუსეთის საელჩოს წინ მართავენ აქციას,“- განმარტა ვადიმ კოტუგინმა.

ბათუმში გამართული აქციის მონაწილეებს, რუსეთის სამფეროვანი დროშის ნაცვლად თეთრ და ლურჯ ფერში გადაწყვეტილი დროშა ჰქონდათ გაშლილი.

თეთრ-ლურჯი დროშის იდეა თავიანთი სახელმწიფოს ქმედებებით უკმაყოფილო რუსებს ეკუთვნით, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ამჟამინდელი დროშისგან განსხვავებით, თავიანთი სიმბოლოდან წითელი ფერი გაექროთ.

თეთრ-ლურჯი დროშის ესკიზები სოციალურ მედიაში სპონტანურად გავრცელდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: