მთავარი,სიახლეები

გერასიმოვი უკრაინაში მყოფი ჯარის დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნავს – ბრიტანეთის დაზვერვა

23.01.2023 • 913
გერასიმოვი უკრაინაში მყოფი ჯარის დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 23 იანვრის ანგარიში უკრაინაში რუსული ძალების ახალდანიშნული მეთაურის, ვალერი გერასიმოვის საქმიანობას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, როგორც ჩანს, გერასიმოვმა დაიწყო უკრაინაში განლაგებული ჯარისკაცების ყოველდღიური დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, მას შემდეგ, რაც გერასიმოვი გახდა მეთაური, ოფიცრები ცდილობენ შეამცირონ ისეთი დისციპლინარული დარღვევები, როგორიცაა: სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება, მობილური ტელეფონის გამოყენება, ფორმისა და ვარცხნილობის რეგულაციების დარღვევა.

აღნიშნული ზომების მიღებას, დაზვერვის ცნობით, სკეპტიკური უკუკავშირი მოჰყვა. მათ შორის ყველაზე მეტად დაცინვის ობიექტი გაპარსვის სტანდარტის გაუმჯობესების მცდელობას მოჰყვა.

მსგავს პრიორიტეტებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური პირები აღწერენ, როგორც „ფარსს“, რომელიც „შეაფერხებს მტრის განადგურების პროცესს“.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, „ვაგნერის“ დაჯგუფების მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა მსგავსი სამხედრო ბრძანებები და მიუთითა, რომ „ომი აქტიურებისა და მამაცების დროა და არა სუფთად გაპარსულების“.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძალები კვლავაც ოპერაციულ ჩიხსა და მძიმე დანაკარგებს უმკლავდებიან, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, გერასიმოვის მხრიდან მსგავს რეგულაციებზე ფოკუსირება, სავარაუდოდ რუსეთში მისი სკეპტიკოსების შიშებს ამართლებს.

„თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მსგავსად, იგი [გერასიმოვი] უფრო და უფრო მეტად არის აღქმული, როგორც რეალობისგან დაშორებული და შინაარსზე მეტად, წარმოდგენაზე ფოკუსირებული“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 23 იანვრის ანგარიშში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: