მთავარი,სიახლეები

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“

23.01.2023 • 1617
როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“

„ბევრჯერ დამხვევია თავბრუ, მიგრძნია, რომ წონასწორობას ვეღარ ვიცავ, ამ დროს ჩემ ქვემოთ 6 სართულია… წნევა მაღლა მიწევს და საქმეს თავს ვანებებ, თუმცა ჩამოსვლაც რთულია, რას უნდა მოკიდო ხელი? იცი, რომ ხელი სველი გაქვს, ფანჯრის მინებიც სველია,“ – ფატი ბერიძე საფრთხის განცდაზე გვიყვება, ფანჯრების გაწმენდის დროს რომ აქვს. ის 63 წლისაა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში და ყოველთვის საკუთარი ხელით წმენდს ფანჯრებს, რომლებიც პირდაპირ კორპუსის ფასადზე გადის.

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა უსაფრთხოდ? – შეკითხვა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმში ქალი დაიღუპა, ის მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდა. გავრცელებული ვერსიით, ქალი ფანჯრებს წმენდდა.

„იმ ტრაგედიის შემდეგ, აი, როცა წინასაახალწლოდ ქალი ბინას ალაგებდა, ფანჯარას წმენდა და ჩამოვარდა, სამეზობლოშიც გვისაუბრია, რომ ჯობს იყოს ფანჯარა საერთოდ გაუწმენდავი, ვიდრე ის, რომ ასე, საფრთხეში ჩაიგდო თავი. მთავარია, იყო ცოცხალი,“ – ამბობს აბუსერიძის ქუჩაზე მცხოვრები ია მიქელაიშვილი, – „მე ვიძახებ სპეციალისტს და ის წმენდს მთლიან ვიტრინას, გრძელი ჯოხი აქვს და უსაფრთხოდ ახერხებს ამას, დაახლოებით 70 – 80 ლარი ჯდება, ხელსაწყოს იყენებს და სპეციალურ სითხეს, რომლითაც მინას ცალკე გაპრიალება აღარ სჭირდება“.

„მეც გამოვიძახე ერთხელ, მითხრეს, კარგად წმენდენო, მოვიდა ერთი ბიჭი, მაგრამ ისეთი ფერი ედო სახეზე, ვუთხარი, რომ ფანჯარაზე ვერ ავუშვებდი,“ – ფატი ბერიძესაც უსარგებლია სპეციალისტის დახმარებით, თუმცა მისი დაკვირვებით, სპეციალური ხელსაწყოებით ფანჯრის მინები მაშინ იწმინდება კარგად, როცა ვიტრინა დიდია და მთლიანი, კუთხეები კი, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების დროს კარგად ვერ იწმინდება:

„დავასვენე ჯერ კარგად, მერე მაინც ავიდა და გამიწმინდა გრძელი ჯოხით, მას მერე აღარ დამირეკავს,“ – აღნიშნა ფატი ბერიძემ „ბათუმელებთან“.

ბოლო დროს პოპულარული გახდა ფანჯრის წმენდის მაგნიტური ხელსაწყოც, როცა საწმენდი საშუალების ცალი მხარე მაგნიტით მაგრდება და მოძრაობს ფანჯრის გარეთა მხარეს. ქართულ ინტერნეტგვერდებზე ამ ხელსაწყოს ღირებულება მინის სისქის, ორმაგი მინის და თავად ფანჯრის საწმენდი ხელსაწყოს ხარისხის მიხედვით, 40-დან 220 ლარამდე მერყეობს.

„ვცადე ამ ხელსაწყოს გამოწერა, მაგრამ მერე დავაკვირდი ფეისბუქპოსტზე კომენტარებს,“ – გვიყვება ისევ ფატი ბერიძე, – „კომენტარებში წერდნენ, რომ ეს კარგად მუშაობს იმ ფანჯრებზე, სადაც მხოლოდ ერთი მინაა, ორმაგი მინის შემთხვევაში – არა“.

ფანჯრების წმენდის მაგნიტური ხელსაწყო

ფატი ბერიძის აზრით, უმჯობესია, კომპანიებმა, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსების მოვლის მომსახურება აქვთ, პერიოდულად ამწეებია საშუალებით გაწმინდონ შენობის გარე ფასადი, ასევე ფანჯრები.

„თუ ვიხდი თვეში 15 ლარს, ყველა თანახმა იქნება, გადავიხადოთ 20 ლარი და ეს საფრთხე ავიცილოთ თავიდან, ამწიდან შეიძლება კარგად გაიწმინდოს ფანჯრებიც.

მშენებლებმაც უნდა გაითვალისწინონ, მაგალითად, რომ ფასადის მხარეს შესაბამისი რაფა ჰქონდეს ფანჯარას და პირდაპირ წვიმა არ ასხამდეს, ასევე ჩამონარეცხი წყალი. ახალი კორპუსია და დახავსებულია უკვე ფასადი,“ – დასძინა ფატი ბერიძემ.

„რისკია ფარდების დაკიდებაც, გაუაზრებლად შეიძლება მიეყრდნო ფანჯარას,“ – კიდევ ერთ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას ია მიქელაიშვილი, – „ვინ იცის, როდის გაუვა ექსპლუატაციის ვადა სილიკონს, რაც ამაგრებს ჩარჩოს. ფარდის დაკიდების დროსაც ვცდილობ, რომ საერთოდ არ მივეყრდნო ფანჯარას.

ზოგს მაინც თავისი გაკეთებული ურჩევნია. ვიცი დიასახლისები, რომლებსაც უთქვამთ, რომ არ მოეწონათ სპეციალისტის გაწმენდილი ფანჯარა და მერე თვითონაც წმინდეს მინა, ან ამბობენ, რომ მაინც სახლში არიან და ამაში თანხა რატომ უნდა გადაიხადონ.

ჩემი აზრით, საფრთხეა მაშინაც, როცა აივანზე გამავალ ფანჯრის მინებს ვწმენდთ. ამ დროს ძირითადად აივანზე საშლელ კიბეებს დგამენ, რომლის მოცურების ალბათობაც დიდია,“ – გვითხრა ია მიქელაიშვილმა.

საშუალოდ ერთი ფანჯრის გაწმენდის საფასური ბინების დალაგების სერვისის ბაზარზე 10 ლარია. ფანჯრების მწმენდავი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, ბექა ზაქალაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, უსაფრთხოების ქამრების გამოყენებით, სახურავიდან დაშვებით, ფასადის მხრიდანაც გაიწმინდოს ფანჯარა, რაც განსხვავებული ფასი ჯდება.

ბექა ზაქალაშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც ფანჯრების გაწმენდაზე მუშაობენ, ძირითადად ამ მეთოდს იყენებენ:

„ტექნიკური ხელსაწყოების მაღაზიებში შეგიძლიათ იკითხოთ ბრტყელტუჩა, რომლითაც ცალკევდება მინა მისივე ჩარჩოსგან, ვსაუბრობ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებზე.  ნუ შეგეშინდებათ ამ დროს მინის ქუჩაში გადავარდნის – ქუჩის მხრიდან ჩარჩოს აქვს სპეციალური დამცავი და მინა ოთახის მხარეს გადმოიწევა, ვასუფთავებთ მინას და უკან ვაბრუნებთ ჩარჩოში.

ეს მეთოდი არის ყველაზე უსაფრთხო და თან კარგად იძლევა მინის გამწმენდის საშუალებას კუთხეებშიც,“ – აღნიშნა ბექა ზაქალაშვილმა „ბათუმელებთან“.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: