მთავარი,სიახლეები

5 სტუდენტი ბათუმში უფასო საკვებისა და ტანსაცმლის კარადების განთავსებას გეგმავს

23.01.2023
5 სტუდენტი ბათუმში უფასო საკვებისა და ტანსაცმლის კარადების განთავსებას გეგმავს

„გაიღე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც 5 ბათუმელი სტუდენტი – როენა კახიძე, მარიამ მორთულაძე, იანა აბაშიძე, ანა ვაშაყმაძე და ნინო გაბაიძე აპირებენ.  პროექტის მიზანია დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც საკვები ან ტანსაცმელი სჭირდებათ.

პროექტის ავტორები ბსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელები არიან.

„თანაკურსელები ვართ. დემოკრატიის ლექტორმა დაგვავალა პროექტის გაკეთება და ჩვენ არჩევანი სოციალურ თემაზე შევაჩერეთ. მედიაში იყო ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოებში მოქალაქეებს არ ჰყოფნიდათ საკვები და აქედან გაგვიჩნდა იდეაც.“- გვითხრა როენა კახიძემ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, კარადები ქალაქში 3 ადგილას განთავსდება. ერთ-ერთი კარადა უკვე განათავსეს აღმაშენებლის ქუჩაზე (ბენზინგასამართი სადგურის გვერდით), მეორეს – რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ დადგამენ, მესამე კარადისთვის კი სტუდენტები ნებართვას ელოდებიან მერიიდან.

„კარადები ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გვაჩუქა, ველოდებით 700 ლარსაც, რომლითაც კარადებში განვათავსებთ პროდუქციას.

ასევე გვინდა, რომ ქველმოქმედებაში მოსახლეობაც ჩაერთოს და ვისაც სურვილი ექნება, განათავსოს საკვები და ტანსაცმელი ამ კარადებში.

ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის დადებს ამ ნივთებს და პროდუქტს, ვისაც არ აქვს, ის აიღებს, ეს არის პროექტის მიზანიც,“ – გვითხრა მარიამ მორთულაძემ.

რამდენიმე წლის წინ ბათუმში საქველმოქმედო პროექტის ამ ფორმით განხორციელებისას კარადები უცნობმა პირებმა დააზიანეს, ამიტომ ვკითხეთ სტუდენტებს, როგორ მოახერხებენ კარადების მონიტორინგს.

„ვინმემ რომ რაიმე არ გააფუჭოს, ამის კონტროლი ალბათ ვერ მოხერხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით. კვირაში რამდენჯერმე გავალთ, დავაკვირდებით, დავასუფთავებთ და შევეცდებით, რომ ცარიელი არ დარჩეს კარადა.

სოციალურ ქსელებშიც გავავრცელებთ პოსტებს, რომ ან ჩვენ დაგვიკავშირდნენ მსურველები, ან თავად მიიტანონ პროდუქტი და ტანსაცმელი და განათავსონ კარადებში. ნებისმიერი ასაკის ადამიანის ტანისამოსი შეუძლიათ მოიტანონ და კარგი იქნება, თუ შეფუთვაზე მიუთითებენ, რა ასაკისთვისაა გათვალისწინებული,“ – ამბობს იანა აბაშიძე.

სტუდენტებმა გვითხრეს, რომ თუ პროექტმა – „გაიღე“გაამართლა, ამ სახელწოდების ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეასაც განიხილავენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: