მთავარი,სიახლეები

მოაზროვნე ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ – პაატა შამუგია

23.01.2023 •
მოაზროვნე ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ – პაატა შამუგია

„ავტორიტეტების, მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ, მათ შორის ის, თუ რამდენად შეიძლება შეზღუდონ თავისუფალი აზროვნება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პოეტი პაატა შამუგია. მას დღეს „ბათუმელებმა“ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებული ერთგვარი დევნის კამპანიის შეფასება სთხოვა.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც  ის ლევან ბერძენიშვილს შეურაცხყოფს იმის გამო, მან ერეკლე მეორე, რუსეთთან დადებული ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.

  • როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა სურთ ლევან ბერძენიშვილის დევნით?

„ქართულ ოცნებას“ ზოგადად, ტერმინ „თავისუფლებასთან“ სერიოზული პრობლემა აქვს. ეს გამოიხატება მათ პოლიტიკაში საგარეო თვალსაზრისით და როგორც ჩანს, საშინაო თვალსაზრისითაც, რადგან მათ ეშინიათ თავისუფალი ადამიანების. იმ ადამიანების ეშინიათ, რომელნიც მუდმივად თავისუფლებას ქადაგებენ, თავისუფლების მუხტს აღვიძებენ და აღვივებენ ადამიანებში.

ბუნებრივია, ლევან ბერძენიშვილს უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს და ქართველების სახელით თუ ვინმეს შეუძლია ლაპარაკი, ეს ლევან ბერძენიშვილია. განსაკუთრებით, ქართველი ახალგაზრდობის სახელით, რომელიც, პრაქტიკულად, ლევან ბერძენიშვილმა დააბრუნა წიგნებთან.

ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო, სხვა ვერავინ გააკეთა – ათასობით ადამიანი შეაბრუნა წიგნებთან, შეაყვარა წიგნები და ეს არის უდიდესი საქმე, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა, ვერანაირი შავი პიარი ვერ წაშლის.

  • „ხალხის სახელით“ დევნა რას გაგონებთ?

ეს გამოცდილი ხერხია. თითქოს ეს „ხალხი“, რაღაც მონოლითური ჯოგი იყოს და თითქოს განსხვავებული აზრები არ არსებობდეს ამ ქვეყანაში, რაც ასე არ არის.

დაზუსტებით რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ლევან ბერძენიშვილის თმის ერთ ღერს უფრო მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე იმ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა იმ ვიდეოდან.

  • როგორ ფიქრობთ, ლევან ბერძენიშვილს მისი ლიბერალური ღირებულებების გამო უფრო დევნიან თუ გეორგიევსკის ტრაქტატის კრიტიკისთვის, რომელიც რუსეთის თემასთან არის კავშირში?  

რუსეთის თემა, რა თქმა უნდა, მიება ამ ყველაფერს, რადგან ხან „გარეჯი საქართველოა“ მათთვის პრიორიტეტი და ხან ერეკლე მეფე. მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც ასეთ თემას მიაბან საკუთარი განულებული რეპუტაცია.

ზოგადად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დატესტოს მოსახლეობა.  წლების წინ, შემოქმედებითი ცენზურის შესახებ კანონი შემოიტანეს, რომელიც ჩაფლავდა, იმიტომ, რომ ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.

ხან ასეთი გზით – ავტორიტეტების, მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ, მათ შორის ის, თუ რამდენად შეიძლება შეზღუდონ თავისუფალი აზროვნება.

შემდეგ ვიქნებით ყველანი ალბათ ერთ აზრზე, ყველას ერთი მეფე გვეყვარება, ერთი კბილის ჯაგრისით გავიხეხავთ კბილს, ერთნაირ ფეხსაცმელს ჩავიცვამთ და ასე ვიქნებით ყველანი სრულ „ჰარმონიაში“. ეს უნდათ, მაგრამ არ გამოვა, ჩემი აზრით, ეს ამბავი.

  • საჯარო სივრცის კონტროლისთვის სჭირდებათ ბერძენიშვილის დევნაც?

ფიქრობენ, რომ ერეკლე მეფის თემა ახლა მათთვის მომგებიანია. იტყვიან, ხომ ხედავთ, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებზე ვზრუნავთო. ამ დროს, ეს ის ხალხია, რომელთაც საყდრისი დაანგრიეს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და საერთოდ, როგორ შეიძლება ამათ ტრადიციებზე ილაპარაკონ.

ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო – გამოთქმა რომ არსებობს, ისე უნდა ჰქონდეთ ამათ პირში წყალი დაგუბებული, როცა ტრადიციებზე მიდგება საქმე, მაგრამ ამათ უნამუსობას და უტიფრობას, როგორც ჩანს, არ აქვს საზღვარი.

მე ასე ვიტყოდი, ეს ყოვლად ანტიკულტურული და ანტიტრადიციული ხალხი, დღეს თითქოსდა კულტურის და ტრადიციების მებაირახტრედ გვევლინება.

ეს მაშინ როცა მუდმივად ვხედავთ კულტურის ნგრევას, კულტურის ნიმუშების ნგრევას და ვხედავთ აბსოლუტურ დეგრადაციას ქვეყნისა. თუ ამაში ვინმე ხელს უშლის ხელისუფლებას, ან ტიტუშკებს მოგისევენ, ან სატელევიზიო სიუჟეტით შეეცდებიან შენს გაშავებას.

საბჭოთა კგბ-ს მეთოდებია, რომელიც პირდაპირ გადმოიტანეს ყოველგვარი კორექტირების გარეშე. რომ ვუსმენ, ტერმინებიც კი საბჭოთა ჩინოსნების აქვთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ესენი არიან კადრები წარსულიდან.

ეს ადამიანები ნამდვილად არიან წარსულის ადამიანები და მათ არაფერი საერთო არ აქვთ დღევანდელობასთან.

  • როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მიუღებელია თავისუფალი აზრის დევნა, რას უნდა აკეთებდეს ასეთ დროს?

მე მგონი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით – მეტი განათლება მივაწოდოთ ადამიანებს, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ რეალური ფაქტების შესახებ და არა ის სიცრუე, რომელსაც ხელისუფლება გვატენის.

აი, ასეთი, აბსოლუტურად მანიპულატორული თემებით ცდილობს ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაფარვას. რეალური პრობლემა კი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა შიმშილისგან კვდება, უმუშევრობაა, გაედინება ახალგაზრდობა ქვეყნიდან, პრაქტიკულად შემოგვეცალა ახალგაზრდობა, მთელი ეს რესურსი, რაც უნდა ჩადებულიყო ქვეყნის წინ წაწევაში, იაფ მუშახელად არის გასული საზღვარგარეთ.

აი, ამის გადაფარვა ხდება მუდმივად, სხვადასხვა თემით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: