მთავარი,სიახლეები

ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში თავად ისწავლა კითხვა

24.01.2023
ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში თავად ისწავლა კითხვა

4 წლის ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა, გამორჩეულად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების ყველაზე დიდ და ძველ საზოგადოებაში – Mensa-ში მიიღეს. ამ საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც ინტელექტის კოეფიციენტის [IQ] სტანდარტულ ტესტში მოსახლეობის 98%-ზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.

როგორც BBC-ი წერს, 4 წლის ტედ ჰობსი, Mensa-ს წევრი 3 წლის ასაკში გახდა და ის საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრია გაერთიანებული სამეფოდან. გამოცემის ცნობით, ახლა ტედს 6 ენაზე შეუძლია დათვალოს ასამდე.

ტედის დედა, ბეთ ჰობსი, BBC-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტედი 26 თვის იყო, როდესაც საბავშვო შოუებზე ყურებითა და ასოების ჟღერადობაზე დაკვირვებით, დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა:

„მან ასოების ხატვა დაიწყო, ამიტომ, როდესაც კოვიდის ლოკდაუნის შემდეგ ბაღში გავგზავნეთ, მასწავლებლებს ვუთხარით, რომ ჩვენი აზრით მან თავისით ისწავლა კითხვა. ამის შემდეგ ბაღიდან დაგვირეკეს და სკოლამდელი საფეხურის მასწავლებელი გამოგვიგზავნეს, რომელმაც შემოწმების შემდეგ თქვა, რომ მას შეუძლია კითხვა.

ტედის მშობლების თქმით, იგი პერიოდულად ირჩევს თემებს, რაც აინტერესებს – მაგალითად, რიცხვები, ანბანი, გეოგრაფია ან სხვა. მშობლებმა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ტედს ჩინურად შეეძლო დათვლა.

„თავის ტაბლეტზე უყურებდა რაღაცას და ხმებს გამოსცემდა, რომლებსაც უბრალოდ ვერ ვცნობდი, ამიტომ ვკითხე, თუ რა იყო ეს. მან კი მითხრა – დედა, მანდარინზე ვითვლი“, – უყვება ტედის დედა BBC-ის.

ტედის მშობლებს სურთ მას სრულფასოვანი ბავშვობა ჰქონდეს. მათი თქმით, ტედი იწყებს იმის გარკვევას, რომ მის მეგობრებს ჯერ არ შეუძლიათ კითხვა და მან არ იცის რატომ, მაგრამ მთავარია, ის რეალობას არ მოწყდეს.

„მას თუ ეს რაღაცები შეუძლია, მშვენიერია, მაგრამ იგი ამას ხედავს – „დიახ, მე შემიძლია კითხვა, მაგრამ ჩემს მეგობარს ჩემზე სწრაფად სირბილი შეუძლია“, ასე, რომ ყველას ინდივიდუალური ტალანტი გვაქვს“, – ამბობს ბეთ ჰობსი.

_______________

ფოტოზე: კადრი BBC-ის ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: