მთავარი,სიახლეები

-53 გრადუსი – ჩინეთის ქალაქ მოხეში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

24.01.2023
-53 გრადუსი – ჩინეთის ქალაქ მოხეში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

ჩინეთის ქალაქი მოხე ისტორიულად ძლიერი ყინვის მოწმეა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ მოხეში, 22 იანვარს, დილის 7 საათზე, ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -53 გრადუსი დაფიქსირდა.

ჩინური მედიის ცნობით, „ჩინეთის ჩრდილოეთ პოლუსად“ წოდებულ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს, ჩვეულებრივ, დაახლოებით -15 გრადუსია. წელს დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი კი რამდენიმე მეათედი გრადუსით ჩამორჩება წინა რეკორდს, 1969 წელს დაფიქსირებულ -52.3 გრადუსს.

22 იანვარს მოხეს მეტეოროლოგიური სადგურის დირექტორმა, მთავარმა ინჟინერმა, სუ ლილინმა, ჩინურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჰაერის ტემპერატურის ვარდნა -50 გრადუსზე დაბლა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რეკორდულ მაჩვენებლამდე, რაც გამოწვეული იყო სუპერ ძლიერი პოლარული ცივი ჰაერის მასებით. ტემპერატურამ მას შემდეგ მოიმატა და სუს თქმით, ეს მატება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, თუმცა -40 გრადუსზე მაღლა არ აიწევს.

ჩინელმა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას იმის საჩვენებლად, თუ რამდენად დაბალია ტემპერატურა მოხეში, კვერცხი გატეხა, რომელიც ზედაპირთან შეხებისთანავე გაიყინა. ფოტო: კადრი CCTV-ის პირდაპირი ეთერიდან

ჩინური გამოცემა „ჩაინა დეილის“ ინფორმაციით, მოხე ქვეყნის ყველაზე ცივ ქალაქად მიიჩნევა, სადაც ზამთარი 8 თვე  გრძელდება. ეს ქალაქი ხშირი მასპინძელია ზამთრის სპორტის ჩემპიონატების.

BBC-ის ცნობით, ჩინეთში ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა -58 გრადუსი 2009 წლის დეკემბერში ქალაქ გენხეში დაფიქსირდა.

დაბალმა ტემპერატურამ ხილვადობა გაართულა. ფოტო: კადრი Xinhua New-ის რეპორტაჟიდან

როგორც ჩინური მედია იუწყება, ტემპერატურის ვარდნამ გამოიწვია ხილვადობის გაუარესება – ყინვა და ნისლი, რის გამოც ქალაქში დამატებითი ზომებია მიღებული.

დაბალმა ტემპერატურამ ხილვადობა გაართულა. ფოტო: კადრი CCTV-ის რეპორტაჟიდან

ტემპერატურის რეკორდული ვარდნა შეინიშნება ჩინეთის სხვა რეგიონებშიც. მეტეოროლოგები ჰაერის ტემპერატურის ვარდნას ერთი კვირით ადრე აანონსებდნენ.

წყლის წვეთები ჰაერთა შეხებისას ფიფქებად იქცევა; კადრი Xinhua News-ის რეპორტაჟიდან

ტურისტები და ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყინვა იმდენად ძლიერია, გარეთ გასვლისას ადამიანებს თითები რამდენიმე წუთით უბუჟდებათ.

_____

მთავარი ფოტო: მოხე, ჩინეთი. კადრები Xinhua News-ის რეპორტაჟიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: