მთავარი,სიახლეები

თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას

24.01.2023 • 1013
თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას

რუსეთს ესტონეთში ელჩი აღარ ეყოლება, ტალინმაც უნდა გაიყვანოს საკუთარი ელჩი მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა ტალინმა მოითხოვა რუსეთის საელჩოში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება.

ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ესტონეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს და ესტონეთის ხელისუფლების ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

ესტონეთმა მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება 11 იანვარს მოსთხოვა. ამგვარად 1-ელი თებერვლიდან ტალინში მხოლოდ 8 რუსი დიპლომატი იმუშავებს (21-ის ნაცვლად) და 15 ადამიანი რჩება ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, მომსახურე პერსონალად.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ესტონეთმა მინიმუმამდე შეამცირა მოსკოვთან ორმხრივი დიპლომატური ურთიერთობები: დახურა რუსეთის საკონსულო ნარვესა (ნარვსა) და ტარტუში და გააძევა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი დივერსიული საქმიანობის ბრალდებით.

7 თებერვალს ესტონეთს დატოვებს რუსეთის ელჩი, ამავე დღეს დატოვებს ესტონეთის ელჩიც მოსკოვს.

ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად 24 თებერვლიდან დიპლომატურ ურთიერთობას ამცირებს რუსეთთან ლატვიაც.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ლატვია ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად 24 თებერვლიდან შეამცირებს დიპლომატურ ურთიერთობას რუსეთთან და მოსთხოვს რუსულ მხარეს შესაბამის ქმედებებს – ამის შესახებ მინისტრმა ტვიტერზეც დაწერა.

რუსეთის ურთიერთობა ესტონეთთან და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან უკიდურესად გამწვავდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.

აგვისტოში ესტონეთის ხელისუფლებამ დაშალა საბჭოთა პერიოდის ათობით ძეგლი სხვადასხვა ქალაქში. ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების მსგავსად ესტონეთმაც გადაწყვიტა არ შეეშვა საკუთარ ტერიტორიაზე შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები.

ოქტომბერში ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და აცხადებს, რომ „რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად“ გამოცხადდა.

დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, გასულ კვირას ესტონეთმაც განაცხადა, რომ სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას. შემდეგ კი უკრაინის გენშტაბმა გააკეთა განცხადება კიევში ესტონეთის ელჩის, კაიმო კუსკას ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ტალინი მთელ თავის 155-მილიმეტრიან ჰაუბიცებს გადასცემს უკრაინას.

რუსეთ-ესტონეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში უკრაინის ომამდეც იყო პრობლემები.

2021 წლის ივლისში ესტონეთის კონსული მარტ ლატე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა რუსეთში. ის პეტერბურგში დააკავეს და  FSB-ის განცხადებით მან რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო მასალები მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ამ ამბავს პროვოკაცია უწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: