განათლება,მთავარი,სიახლეები

10 აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩარიცხვას ჰპირდებოდა და ქრთამი აიღო – 1 პირს ბრალი წაუყენეს

24.01.2023
10 აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩარიცხვას ჰპირდებოდა და ქრთამი აიღო – 1 პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა, როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

ბრალდებული, აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა,“ – ამბობს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: