22 იანვარს, უკრაინის ერთიანობის დღეს, ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია საღამოს 5 საათზე დაიწყება ცენტრალური პარკის შესასვლელთან.
„აქციის მთავარი გზავნილი ბახმუტია, სადაც ახლა მწვავე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მეორე ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ უკრაინას მეგობარმა ქვეყნებმა კიდევ მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ.
სამწუხაროდ, იარაღის დამატების გარეშე ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ. მსოფლიოში მშვიდობამ რომ დაისადგუროს ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ: უკრაინის გამარჯვება. ვერანაირი მოლაპარაკება რუსეთთან მშვიდობას ვერ მოიტანს.
რუსეთის ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება თუ იქნება გამოსავალი ბრძოლის ველზე. მხოლოდ ეს იქნება მსოფლიო მშვიდობის გარანტია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის ორგანიზატორი ლენურა ილგაზიევა.
უკრაინის ერთიანობის დღეს დაგეგმილი აქცია საერთაშორისო მასშტაბისაა. მსგავს აქციას უკრაინის მოქალაქეები მსოფლიოს 25 ქვეყნის 47 ქალაქში ჩაატარებენ 22 იანვარს.
„აქციის დროს ჩავწერთ ვიდეორგოლს, რომელშიც მადლობას გადავუხდით ქვეყნებს, ვინც ეხმარება უკრაინას იარაღით. დავიჭერთ ამ ქვეყნების დროშებს და მათსავე ენებზე გადავუხდით მადლობას, ვიდეორგოლის ბოლოს კი მეგობარ ქვეყნებს ვთხოვთ მოგვცენ მეტი იარაღი უკრაინის დასახმარებლად,“- ამბობს ლენურა ილგაზიევა.
აქციის ჩატარების დრო და ადგილი: ბათუმი, 22 იანვარი, ცენტრალური პარკის შესასვლელი, 17:00 საათი.