მთავარი,სიახლეები

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

20.01.2023 • 1190
მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

„ნამდვილად არ მოსწონს შოიგუ-გერასიმოვის მხარეს ამ ახალგამოჩეკილი პირების წარმატება და სტატუსის ამაღლება,“ – პრიგოჟინის და პუტინის გარემოცვის ფარულ დაპირისპირებაზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ომის წინა ხაზს აქტიურად აკვირდება.

მისი აზრით, სოლედარის დაკავება, რასაც პრიგოჟინი მხოლოდ „ვაგნერის“ დამსახურებად მიიჩნევს, რუსებს ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს მხოლოდ ბახმუტთან მიმართებით.

„ფაქტობრივად ორივე მხარე უკვე გამოფიტულია, ორივე მხარე ძალიან ახლოსაა კულმინაციის წერტილთან“, – გვეუბნება გადამდგარი გენერალი და გაზაფხულს ელის, როცა, მისი პროგნოზით, კარგად გამოჩნდება, ვინ შეძლებს ომში გარდატეხის შეტანას.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსები ახლა „ფონს გასვლას“ ცდილობენ, რაც დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას გულისხმობს, უკრაინას კი, გენერლის სიტყვებით, დარტყმითი დანაყოფი სჭირდება და იმ აღჭურვილობის შეკოწიწება, რასაც უკრაინა დასავლეთიდან იღებს. „არის ნიშნები, რომ ეს დახმარება უნდა გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ ჩანს,“ – დასძენს ის.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ახალ წლამდე ინტერვიუში გვითხარით, რომ ორივე მხარე უახლოვდებოდა ე.წ. კულმინაციის წერტილს, საითკენ მიდის ეს პროცესი ინტენსიური სარაკეტო თავდასხების მოცემულობაში? მაგალითად, ნატოს გენმდივანი, სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია…

დიდი ცვლილებები ოპერატიულ დონეზე არ ყოფილა, მიდის ტაქტიკური ცვლილებები, გამოიხატება აქტიურობა სოლედარი-ბახმუტის მიმართულებაზე. სოლედარს პრაქტიკულად რუსები აკონტროლებენ, თუმცა ქალაქის გარკვეულ მონაკვეთში, განსაკუთრებით კი, დასავლეთ ნაწილში, არის წინააღმდეგობის კერები.

რაც შეეხება ბახმუტს, აქ მიმდინარეობს ბრძოლები, ქალაქის გარეუბნებში შესული არიან რუსები, თუმცა უკრაინელები ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ რუსებს. ამავდროულად იზრდება საფრთხე, ბახმუტი ალყაში მოექცეს, ვინაიდან იქნება სოლედარიდან, ასევე ბახმუტის სამხრეთიდან შეტევის და მარწუხებში მოქცევის მცდელობა.

  • სოლედარის დაკავება რა ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს რუსებს? 

უპირატესობას აძლევს მხოლოდ ბახმუტის მიმართულებაზე. სოლედარის დაკავება იქნება უფრო ტაქტიკური, ლოკალური წარმატება, რაც რუსებს დაუჯდა ძალიან დიდი ძალისხმევის და რესურსის ფასად.

უკრაინელები აქტიურობენ კუპიანსკის მიმართულებაზე, თუმცა ამ ეტაპზე წარმატებას ვერ აღწევენ. ფაქტობრივად ორივე მხარე უკვე გამოფიტულია. ორივე მხარე ცდილობს რეზერვების მობილიზებას და ძალიან ახლოს არიან კულმინაციის წერტილთან.

  • „გადამწყვეტი ფაზა“ რა იქნება ამ ვითარებაში, რაზეც სტოლტენბერგი ამახვილებს ყურადღებას? 

ალბათ ის, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში სტრატეგიულ ინიციატივას. ჯერ კიდევ უკრაინელებს აქვთ ხელში ეს სტრატეგიული ინიციატივა, თუმცა რუსებმა ოპერატიული და ტაქტიკური ინიციატივა მოიპოვეს. ახლა მნიშვნელოვანია, ვინ მოახერხებს გარდატეხის შეტანას და სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებას, თავისი ოპერატიული ინიციატივით, რაც გამოჩნდება გაზაფხულზე.

  • დღეს სამხრეთის ფრონტის სარდლობა იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია სარაკეტო იერიში ზღვიდანაც. რატომ გააქტიურა რუსეთმა ზღვიდან თავდასხმები, რის მიღწევას ცდილობს და რის მიღწევა შეუძლია?

ზღვიდან ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს პერიოდულად რუსეთი, მას ამ ეტაპზე საზღვაო და საჰაერო ბაზირების ზუსტი რაკეტები გააჩნია უფრო.

საზღვაო ხომალდების გაზრდაც გაზრდის სარაკეტო თავდასხმის შესაძლებლობას, თუმცა  ამით ახალს ვერაფერს გააკეთებს რუსეთი, მას სჭირდება დრო, რომ მოახერხოს რეფორმების განხორციელება, რაც შოიგუმ შესთავაზა პუტინს.

პუტინმა, როგორც იცით, დაამტკიცა ეს მილიონნახევრიანი არმიის შექმნის და დივიზიურ სისტემაზე დაბრუნების გეგმა სრულად, თუმცა რამდენად განახორციელებს ამას, ცოტა გაურკვეველია. ამ რეფორმების განხორციელებას სჭირდება დრო. წარმოუდგენელია, როცა აქტიურად ახორციელებ ომს, ამ დროს განახორციელო რეფორმა. ეს თითქმის შეუძლებელია.

ჩემი აზრით, რუსეთი თუ მოახერხებს რამე ცვლილებას, ეს იქნება რაოდენობრივი ცვლილება და ამით შეეცდება რუსეთი ფონს გასვლას.

რა ჩაითვლება „ფონს გასვლად“ რუსეთისთვის? 

ფონს გასვლა იქნება რუსეთისთვის ალბათ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება. ამ ეტაპზე ესაა. მას სჭირდება რამდენიმე წელი მინიმუმ, რომ რეფორმა განახორციელოს და სხვა ამოცანის შესრულება შეძლოს.

  • ვაშინგტონ პოსტი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა CIA-ს ხელმძღვანელი. ზელენსკი და მისი გუნდი ბოლო შეხვედრიდან გამოვიდა გრძნობით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევის მხარდაჭერა ძლიერი რჩება, თუმცა ნაკლებად აქვთ იმედი, რომ კონგრესი წინა წლის მსგავსად, ამ გაზაფხულზეც მიიღებს უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს. თუ ასეთი რამ მართლა მოხდა, ეს რას ნიშნავს?

შთაბეჭდილებების დონეზე არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. რამდენ მილიარდზე იქნება საუბარი, ეს სხვა თემაა, მაგრამ უკრაინას რომ სჭირდება დახმარება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის ჯავშანტექნიკა, რასაც დაჰპირდნენ უკრაინას და რასაც იღებს უკრაინა, რეალურად ძალიან ცოტაა რაოდენობრივად უკრაინისთვის.

მთავარია, უკრაინამ დაახლოებით 150-ათასიანი დაჯგუფება შექმნას, თუ უნდა, რომ ოპერატიულ-სტრატეგიული დარტყმა განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ლოკალური შეტევები ლოკალურ მიმართულებებზე. მას სჭირდება ამ დარტყმითი დაჯგუფების შექმნა და მისი შესაბამისად აღჭურვა.

ბრიტანელების მიერ გადაცემული „ჩელენჯერები“ უფრო პოლიტიკური და მოტივაციური ნაბიჯია, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, უფრო თავისუფლად მიაწოდონ ტანკები უკრაინას. „ჩელენჯერი“ რეალურად უფრო ნაკლებად აწყობს უკრაინას, რადგან მისი კალიბრი განსხვავებულია ნატოს კალიბრისგან და შესაბამისად, ცოტა რთულია მისი უზრუნველყოფა. ამერიკული „აბრამსებიც“ არ იქნება ეკონომიური, რადგანაც ძალიან ბევრ საწვავს წვავს.

უკრაინისთვის იდეალური იქნებოდა ალბათ „ლეოპარდები“ ეფექტურობით, ასევე რემონტის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნატოს წევრი ქვეყნის უმრავლესობა სწორედ „ლეოპარდებს“ იყენებს.

  • აძლევენ უკრაინას ამ „ლეოპარდებს“? 

გერმანიაში მიმდინარეობს აქტიურად საუბარი „ლეოპარდებთან“ დაკავშირებით. სკანდინავიის ქვეყნებმაც თქვეს, რომ თითო-ორი „ლეოპარდი“ ჩვენც მივცეთო. პოლონეთია ასევე მზად, რომ გადასცეს, თუმცა ელოდება ნებართვას გერმანიიდან. ყველაფერი მიდის საბოლოოდ არამარტო სისტემაზე, არამედ შესაბამის რაოდენობაზე.

ახლა რასაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან, შეიძლება შეაკოწიწონ და შეაგროვონ ერთი ჯავშან-სატანკო ბრიგადისთვის საკმარისი აღჭურვილობა, მაგრამ ამით დივიზიას ვერ შექმნი, ან ხუთ ბრიგადას.

  • თქვენთვის რას აჩვენებს დასავლეთიდან განსხვავებული აქცენტები რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე? ნატოს გენმდივანი, სტოლტენბერგი უარყოფს, მაგალითად, შოლცის მუდმივ შფოთვას იმაზე, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ბირთვულ ესკალაციას გამოიწვევს.

ფაქტია, რომ დასავლეთი უკვე გადაიღალა ომით. შუა ევროპაში ასეთი ფართომასშტაბიანი ომი არ არის ადვილი. გარკვეულწილად ომის გაგრძელების მოწინააღმდეგეებიც ჩნდებიან. როგორც ჩანს, რუსული ლობი და რუსული ფული თავის საქმეს აკეთებს.

არც ისეა საქმე, რომ უკრაინას დახმარება აღარ მისცენ, ან შეამცირონ ეს დახმარება. პირიქით, არის იმის ნიშნები, რომ ეს დახმარება უნდა გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ ჩანს.

  • თქვენი დაკვირვებით, რა სახის დაპირისპირებაა „ვაგნერის“ დაჯგუფებას და რუსეთის თავდაცვის ძალებს შორის? კრემლი უარყოფს „ვაგნერის“ დამფუძნებლის, პრიგოჟინის მტკიცებას, სოლედარის აღება მხოლოდ ჩვენი დამსახურებააო. ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი დღეს წერდა, რომ „პუტინი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს პრიგოჟინის მტრებს.“

ეს უფრო „სამეფო კარის თამაშებია“, ვინ უფრო ახლოს მივა, ვინ უფრო განიმტკიცებს სტატუსს. პრიგოჟინი ცდილობს, რომ წარმატება თავის თავს მიაწეროს. ვხედავთ, რომ კადიროვი გადაფარა პრიგოჟინმა ფაქტობრივად. ნამდვილად არ მოსწონს შოიგუ-გერასიმოვის მხარეს ამ ახალგამოჩეკილი პირების წარმატება და სტატუსის ამაღლება.

ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს, შოიგუ და გერასიმოვი არ თმობენ პოზიციებს, არ აძლევენ საშუალებას პრიგოჟინს, უფრო ზემოთ აიწიოს და პუტინიც შოიგუ-გერასიმოვს უჭერს მხარს.

ამ გავლენების მონაცვლეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ ის ცვლილება, რომ ხელისუფლებაში ვიღაც გადაადგილდეს, გააჩნია „ფეესბე“ რას მოიფიქრებს, თორემ პრიგოჟინიც ომის მომხრეა და პუტინიც. სტრატეგიულად ამით არაფერი იცვლება.

  • რა ხდება ბელარუსში – ისევ არსებობს მოლოდინი, რომ ბელარუსია შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა?

ეს მოლოდინი რჩება და მე მგონია, რომ ამას გამოიყენებს კიდეც რუსეთი, რადგან სხვა მეთოდი აღარ რჩება.

ბელარუსი რომ გამოიყენოს რუსეთმა, მას სჭირდება 100-120 ათასიანი დაჯგუფების შექმნა, ამ დროს კი, ის არის ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის დაზვერვის ყურადღების ქვეშ, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. ამ ეტაპამდე მხოლოდ მცირე ზომის დანაყოფების მომზადება ხდება, დაჯგუფების შექმნის ნიშნები ჯერ არ არის.

  • რა ჩანს დანაკარგებიდან და რესურსიდან, რაც ამ ეტაპზე მხარეებს აქვთ? რა მოცემულობა შეიძლება გვქონდეს ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ?

ორივე მხარე ახლა ცდილობს რესურსების მობილიზებას, დანაყოფების მომზადებას. დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას სჭირდება დაახლოებით 3 თვე, დარტყმითი დაჯგუფების შექმნას – 6 თვე.

  • ამ კუთხით რა აქტივობა შეიმჩნევა ორივე მხარეს? 

ორივე მხარე ცდილობს რესურსების მობილიზებას. ჩანს, რომ რუსეთი, მაგალითად, ისევ აპირებს მობილიზაციას… ამ ეტაპზე რასაც აგროვებს ორივე მხარე, ბახმუტში ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს.ჯერ-ჯერობით აქ მიდის მთელი რესურსები.

მე კიდევ ერთხელ ვამბობ: გაზაფხულზე გამოჩნდება, ვინ შეძლებს სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებას და ომში გარდატეხის ნიშნების გამოჩენას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: