მთავარი,სიახლეები

„ძლიერ ქარბუქში ნაძვის ძირშიც კი გავათიე ღამე“ – მრგვალი თხილამურების ოსტატი ხულოდან

22.01.2023 • 6175
„ძლიერ ქარბუქში ნაძვის ძირშიც კი გავათიე ღამე“ – მრგვალი თხილამურების ოსტატი ხულოდან

72 წლის ბიჭიკო გელაძე სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. ის პროფესიით ვეტერინარია და ამ საქმის პარალელურად, წლებია ხისგან სასიარულო თუ სასრიალო თხილამურებს და სხვა ნივთებს ამზადებს. მაშინ, როცა დიდ თოვლში ფეხით გავლა შეუძლებელია, სასიარულო თხილამურების „ფასი იზრდება“, – ამ თხილამურებით შეიძლება ღრმა თოვლში ისე გაიარო, რომ არ ჩაეფლო.

ეს თხილამურები, როგორც წესი, სავაჭრო დაწესებულებებში არ იყიდება, მაგრამ სოფლებში ჯერ კიდევ არიან ოსტატები, რომლებიც მათ ამზადებენ. ერთ-ერთია ბიჭიკოც.

ის იხსენებს, რომ ხის თხილამურებს მის ახალგაზრდობაში მეზობელი კაცი აკეთებდა. ყოველთვის, როცა მეზობელს სტუმრობდა, ხედავდა, როგორ ამუშავებდა ლეკის ხეს თხილამურების დასამზადებლად.

მისი თქმით, ადრე ამ საქმეს რამდენიმე ხის ოსტატი მაინც მისდევდა სოფელში, მაგრამ ახლა ამ საქმის მიმართ ინტერესი ნაკლებია და არც აღარავინ აღარ აკეთებსო. მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს საქმე საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას – „გაჭირვებას რომ ნახავ, დაგჭირდება, გინდა თუ არ გინდა გაიხსენებ ამ საქმესაცო“.

ბიჭიკო სასიარულო თხილამურების კეთებას იწყებს

თხილამურების კეთებამდე აქტიურად ქსოვდა გოდრებს, მომცრო კალათებს, რაც ბაბუას უსწავლებია. ყველაზე რთული გოდრის ქსოვაში გოდრის ფორმის მონახაზის გაკეთებააო, ამბობს.

„ახლა ძირითადად სასიარულო და სასრიალო თხილამურებს ვამზადებ. ასევე, პირუტყვის დასაბმელ რკალებს. ვისაც პირუტყვი არ ჰყავს და შეიძენს, იციან, რომ რკალებს ვაჩუქებ. ხელჯოხებს საჩუქრად მოხუცებისთვის და ა.შ.

28 წლის ვიყავი, როცა პირველად დამოუკიდებლად გავაკეთე თხილამურები. თავიდან არ მაინტერესებდა ეს საქმე, ძირითადად ვეტექიმად ვმუშაობდი. პირუტყვს დავდევდი (ვაძოვებდი) და სადაც მხვდებოდა თხილამურებისთვის საჭირო მასალა ვამზადებდი. სახლში ხელით მომქონდა“, – გვიყვება ოსტატი.

ბიჭიკოს თქმით, თანამედროვე თხილამურების მიუხედავად, სახლში გაკეთებულ ხის თხილამურებს ბევრი ადგილობრივი ახლაც იყენებს – „ცხადია, ამ საქმით მილიონერი არ გახდები. თხილამურებს შეღავათიან ფასად ვუკეთებ მეზობლებს. 20-30 ლარს მჩუქნიან ხელობაში. ზოგადად, თხილამურებს 70-80 ლარად ვყიდი. გააჩნია რა ზომის, რა ფორმისაა – დიდია, პატარაა, საშუალოა. ვის როგორიც უნდა იმის მიხედვით ვუმზადებ. ახლახან პოლონელმა ტურისტმა შეიძინა ჩემი თხილამურები და თავის ქვეყანაში წაიღო.

წლის ნებისმიერ დროს გააკეთებ ხის თხილამურებს, მაგრამ დრო უნდა გქონდეს. სოფელში უამრავი საქმეა, თივა უნდა დავამზადოთ, შეშა მოვიმარაგოთ, მერე კარტოფილი, სიმინდი… ზაფხულობით არ არის დრო თხილამურების დასამზადებლად. ძირითადად, მასალა მომაქვს და შემდეგ, ზამთარში ვამზადებთ“, – გვიყვება ბიჭიკო.

თხილამურის მომრგვალება დასრულებულია

მისი თქმით, თხილამურებისა და საზამთრო ხის ფეხსაცმლის დასამზადებლად ყველაზე კარგი მასალა წაბლი, ლეკა და ვერხვია. მაგალითად, 1 წყვილი სასიარულო თხილამურის დამზადებას 5-6 საათს უნდება, თუ ყველა საჭირო მასალა წინასწარ აქვს გამზადებული. ერთ დღეში 3 თხილამურიც დაუმზადებია. ახლა 8 წყვილი თხილამური აქვს დამზადებული: მუნიციპალიტეტიდან, სხვადასხვა სოფლიდან კითხულობენ და მიაქვთ. ზოგს სამუზეუმოდაც უნდა ხოლმე, ამბობს ის.

ბიჭიკო სასიარულო თხილამურის კეთების ტექნიკაზე გვიყვება: „თხილამურის გაკეთება მასალის მორკალვით, მისი გამოხარშვით, ფორმის მიცემით იწყება და იხერხება, მარჯვენა და მარცხენა ფეხისთვის. ყველაზე რთულია ეს პროცესია. თუ შესაფერისი მასალა არ არის, ან კარგად არ არის გამოხარშული, აუცილებლად გატყდება. ბევრი მასალა ფუჭდება ამ დროს. ზოგჯერ გულში, ჩემთვის მითქვამს, რად მინდოდა ეს საქმე რომ ვისწავლე, მაგრამ გლეხს, აუცილებლად გჭირდება ეს ნივთი, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობის პერიოდში, როცა ცენტრალურ გზასთან ახლოს არ ცხოვრობ.

თოვლში სასიარულოდ თხილამურს ხშირად ვიყენებთ. მაგალითად, აქედან ადიგენამდე 28 კილომეტრია, იქ მყავს ნათესავები. მათ სანახავად, გოდერძის უღელტეხილი თუ გინდა გადაიარო ამ ფეხსაცმლის გარეშე ვერ წახვალ“, – გვეუბნება ბიჭიკო და ამატებს, რომ ერთხელ, ძლიერ ქარბუქში მოყვა ადიგენისკენ მიმავალი, სიარული აღარ შეეძლო და ღამით ნაძვის ძირში გათენებაც მოუწია.

სასიარულო თხილამურის ბოლო დეტალი ნასვრეტების გაკეთება და თასმების ამოტარებაა, ფეხის მყარად ჩასამაგრებლად. ბიჭიკო გვაფრთხილებს არ დაიბნეთ, ეს დამატებით დამხმარე საშუალებაა თოვლში მარტივად რომ იაროთ და, შესაბამისად, მასზე შიშველი ფეხი არ მაგრდებაო.

თხილამურები მზადაა

„თასმას საქონლის ტყავისგან ვამზადებთ. ტყავს კარგად გავწმენდთ და დავგრეხთ. თუ არ დაგრეხ, როცა თოვლში წახვალ, შეიძლება ტყავი სისველემ დაარბილოს და მოეშვას. სათანადოდ არ ჩაგიმაგრებს ფეხს. ეს თასმა 3-4 ჯერ უნდა ამოატარო ნასვრეტებში და კარგად დახლართო“, – გვიყვება ბიჭიკო. მისი თქმით, ამ თხილამურს თოვლის გარდა ჭაობიან ადგილებში იყენებენ.

რაც შეეხება სასრიალო თხილამურებს, ოსტატი მასალას საჭირო ფორმას ხის ჩარხზე აძლევს. მისი თქმით, პრინციპი იგივეა ამ შემთხვევაშიც, რაც სასიარულო თხილამურისას. მასალისთვის კიდევ უფრო მოქნილი ფორმების მიცემისთვის ის უნდა გამოიხარშოს. საბოლოოდ კი, სასრიალო თხილამურს რკინის ფეხის დამჭერებს უმაგრებენ, რეზინის სამაგრებით.

თხილამური თოვლში დაიტესტა

„მე 50 წლის რომ გავხდი მას შემდეგ არ ვმდგარვარ თხილამურზე, მაგრამ ძალიან მიყვარს თხილამურებზე დგომა, სრიალი. თავისუფლებაა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: