მთავარი,სიახლეები

„ჭოროხის გზასთან“ მცხოვრებთ საკუთრების დათმობა მოუწევთ

22.01.2018 • 3287
„ჭოროხის გზასთან“ მცხოვრებთ საკუთრების დათმობა მოუწევთ

ხელვაჩაურში, ეგრეთ წოდებული ჭოროხის გზის მიმდებარედ მცხოვრებთ, სახელმწიფო ქონებას სთხოვს – სრულად ან ნაწილობრივ. ქონების დათმობა 19 მესაკუთრეს მოუწევს.

ამ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათ მთავრობის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სახელმწიფო კერძო საკუთრებას გზის გაფართოების მიზნით გამოისყიდის. თუმცა მესაკუთრეებმა დაზუსტებით არ იციან, რამდენს გადაუხდიან ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, სახლის, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების სანაცვლოდ.

კერძო საკუთრების მფლობელები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათთვის ასევე უცნობია, რა ვადებში გეგმავს ხელისუფლება მათი ქონების გამოსყიდვას.

მოქალაქეები ამომწურავ ინფორმაციას ითხოვენ.

„…დაზუსტებით არაფერი ვიცით. ვშიშობთ ისე არ მოხდეს, ერთ დღეს მოგვადგნენ და გვითხრან სახლი ერთ თვეში დაცალეთო. სადმე ხომ უნდა დავბინავდეთ, შევინახოთ ჩვენი ნივთები. გარდა ამისა, არ ვიცით ასევე რამდენს შემოგვთავაზებენ კვადრატულ მეტრში. შესაძლებელია იქნება თუ არა ადგილის მონაცვლეობა და ასე შემდეგ. დაზუსტებულ პასუხებს ჯერ არავინ გვაძლევს. ჩვენ ძალიან  ვნერვიულობთ ამაზე“, – უთხრა ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ხათუნა მორთულაძემ, „ბათუმელებს.“

აქ ამბობენ, რომ მთავრობამ ზოგიერთს სრული ქონების გამოსყიდვა შესთავაზა, ზოგიერთს კი – ნახევრის. შესაბამისად, მოქალაქეებს აინტერესებთ, თავიანთი მიწის ნაკვეთების ნაწილს თუ დაუტოვებენ, შეძლებენ თუ ვერა იმ ნახევარზე სახლების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მიღებას მერიიდან. მათ ასევე აინტერესებთ, რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება და ნაკვეთების გაყოფის შემდეგ დარჩენილი ნაწილი იქნება თუ არა შემოსავლიანი. თუ ეს ასე არ იქნება,  ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობამ მათი ქონება სრულად უნდა გამოისყიდოს.

ე.წ. ჭოროხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. პროექტის პარამეტრები გზის ამაღლებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. კომისია კი, რომელმაც მოსახლეობისგან საკუთრების გამოსყიდვა უნდა უზრუნველყოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშია შექმნილი. კომისიის წევრის, გელა ცინცაძის ინფორმაციით, მთავრობას ჯერ არ შეუძლია დაასახელოს ქონების გამოსასყიდი ფასი.

„…ამ ყველაფერზე მოსახლეობას ინფორმაცია ადგილზე მივაწოდეთ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, შეგვიძლია ნებისმიერს გავცეთ პასუხები სამინისტროში,“ – ამბობს გელა ცინცაძე.

რაც შეეხება ღირებულებას, უწყებაში განმარტავენ, რომ გადასახდელი ფასი ჯერ არც მათთვის არის ცნობილი. „ამას დაადგენს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და შემდეგ შევთანხმდებით, თუ ვერ შევთანხმდით, სხვა გზით წავალთ“, – ამბობს გელა ცინცაძე.

კომისიის წევრი ადასტურებს, რომ „სხვა გზა“ ექსპროპრიაციაა.

ექსპროპრიაცია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევას გულისხმობს. კანონით განსაზღვრულია, რომ ასეთი საჭიროება შეიძლება იყოს გზის მშენებლობა. ექსპროპრიაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

გელა ცინცაძის ინფორმაციით, ახალი გზის რეაბილიტაციისა და მისი გაფართოების მიზანი არსებული მაგისტრალის განტვირთვაა.

ე.წ. ჭოროხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გასული წლის  სექტემბერში გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება მილიონ 34 000 ლარია. ე.წ. ჭოროხის გზა მახოს ხიდიდან იწყება, მდინარეს მიუყვება და გონიოს ხიდამდე გადის. სამუშაოებს შპს „ტ.ტ.“ აწარმოებს.

2018 წლის 8 იანვარს ე.წ. ჭოროხის გზაზე ასფალტ-ბეტონის გზის  დაგების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი ამჯერად სამი მილიონ 400 000 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: