მთავარი,სიახლეები

რატომ მიანიჭა unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი

24.01.2023 • 1048
რატომ მიანიჭა unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 იანვარს, გავრცელდა.

„ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა ნიშნით მიიღო ბათუმმა აღნიშნული სტატუსი. როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, კანდიდატის სტატუსი ქალაქს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ის მზად არის შეიმუშაოს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„ბავშვზე მორგებული ქალაქის“ ინიციატივა არის „იუნისეფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან ვმუშაობთ და ვეხმარებით მათ იმაში, რომ პროგრამები და პოლიტიკა იყოს რაც შეიძლება ბავშვზე მორგებული და მათ მიმართ მეგობრული.

იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი გახდეს ბავშვის მიმართ მეგობრული და მიიღოს ეს სტატუსი, პირველ რიგში, ფორმდება მემორანდუმი „იუნისეფსა“ და ქალაქს შორის, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს იმ პირობებს და კრიტერიუმებს, რომლებსაც ბავშვზე მორგებული ქალაქის პროგრამა ითვალისწინებს.

ბავშვზე მორგებული გეგმები და პროგრამები კი უნდა იყოს გაწერილი, როგორც ეს ბავშვის უფლებათა კონვენციაშია ჩამოთვლილი“, – ამბობს ნინო დავითაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის ოფიცერი, მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციისა და გაძლიერების პროგრამის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ იდეა ითვალისწინებს ბავშვების მონაწილეობას მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში და მათი აზრის გათვალისწინებას.

„ეს არის ის, რომ ბავშვს ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო სოციალურ სერვისებზე, იქნება ეს დაწყებითი განათლება, სოციალური პროგრამები, შშმ ბავშვებისთვის პროგრამები თუ სხვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და სტრატეგია და ამაზე პასუხისმგებლობის აღებით „იუნისეფი“ უკვე ანიჭებს მუნიციპალიტეტს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსს. ბათუმი კი არ შეირჩა, როგორც კანდიდატი ქალაქი, არამედ ბათუმმა დააკმაყოფილა პირველი საფეხურის კრიტერიუმები, რაც გულისხმობს სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებას.

ეს არ არის ჯილდო, ეს არის უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ქალაქი უფრო მეტად გახდეს ბავშვზე მორგებული“, – ამბობს ნინო დავითაშვილი.

ჩვენ მას ვკითხეთ, სტატუსი – „ბავშვზე მორგებული ქალაქი“  ითვალისწინებს თუ არა, ვთქვათ, ქუჩების, პარკების, სკვერების, გასართობი თუ სხვა რეკრეაციული ზონების ბავშვზე მორგებას? – რაზეც ნინო დავითაშვილმა გვიპასუხა „დიახ“.

„ყველაფერი იგულისხმება ამ სტატუსში, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რისი გაკეთებაც შეუძლია მუნიციპალიტეტს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. არის ისეთი საკითხები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი თავისით ვერ დააკმაყოფილებს, მაგალითად, ის, რომ არ არსებობს სამშენებლო სტანდარტები, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ბავშვზე მორგებული სამშენებლო სტანდარტი.

ასეთი სტანდარტი უნდა დაამტკიცოს ცენტრალურმა მთავრობამ და შემდეგ მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ამის მომხმარებელი.

ის, რომ ინკლუზიური იყოს ქალაქი და შშმ ბავშვებსაც ჰქონდეთ ისეთივე წვდომა პარკებზე, სკვერებსა და სარეკრეაციო სივრცეებზე, ხარისხიანი ოჯახური დროის გატარებასა თუ სოციალურ პროგრამებზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენს, რა თქმა უნდა, ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი, რომელსაც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სტატუსი ექნება.

არსებობს სახელმძღვანელო დოკუმენტები, თუ როგორ უნდა მოერგოს ქალაქი ბავშვების უსაფრთხოებას, ბავშვების ხელმისაწვდომობის საკითხებს და ამით შეიძლება იხელმძღვანელოს ქალაქმა“, – გვითხრა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სტრატეგიის პირველი ეტაპი მოიცავს 2022-2025 წლებს, თუმცა სამოქმედო გეგმა ყოველწლიურად ახლდება.

„ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავდება და ეს იქნება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებთან კონსულტაციით და მედიაც არის ერთ-ერთი მხარე ამ საქმეში ინფორმაციის მიწოდების კუთხით, თუ რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს, იქნება ეს დეზინფორმაციასთან ბრძოლა თუ სხვა საკითხები.

მუნიციპალიტეტს რომ  ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსი მიანიჭოს, ეს არის შორეული პერსპექტივა და ბევრი რამეა მანამდე გასაკეთებელი“, – ამბობს ნინო დავითაშვილი.

ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატის სტატუსი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმს მიანიჭეს. „შემდეგი ქალაქი იქნება ქუთაისი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: