სოფელ ჩაისუბანში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით ეს იყო დროებითი ხიდი, რომლითაც მოსახლეობას უნდა ესარგებლა ვიდრე ახალ ხიდს მოაწყობდნენ. არსებული ხიდი 2 დღის წინ დაშალა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელმაც სოფელში ახალი ხიდი უნდა ამოაწყოს.

„ ვერც მანქანით და ვერც ფეხით ვერ გადავადგილდებით, სამი სოფლის მოსახლეობა, ჩაისუბანი, ხალა და გორგაძეები.  მდინარე ადიდა და დროებითი ხიდი წაიღო წყალმა. ახალი ხიდი უნდა გავიკეთონ, მადლობელი ვართ მაგრამ 2 თვე ცუდი ამინდებია მოსალოდნელი და ხიდის გარეშე რა ვქნათ“- ამბობს სელმან დავითაძე.

ჩაისუბნის მცხოვრებლების ინფომაციით ადგილზე ჯერ მთავრობის წარმომადგენლები არ მისულან:

„ველოდებით ტელევიზიას, მთავრობიდან ვინ უნდა მოვიდეს, დღეს შაბათია, უფროსობა ისვენებს. მაგათი შეწუხება როგორ შეიძლება. ყველამ იცის რაც მოხდა, რწმუნებულმაც იცის.“

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 177 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 570]
  • ტანკი – 3 636 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 020 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 727 ერთეული [+5]
  • MLRS – 533 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 292 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 298 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 599 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 304 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 702 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 574 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 532 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 342 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსებს აღარ აქვთ რესურსი“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

9, 11 და 13 ნომერი ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იცვლება მუნიციპალური ავტობუსების  #9, #11 და #13 სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის მიმართულება.

მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე წლის მაისამდე იმოძრავებს შემდეგი სქემის მიხედვით:

  • #11 სამარშრუტო ავტობუსი ბაგრატიონი–ჯავახიშვილის მონაკვეთის ნაცვლად იმოძრავებს ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩების გავლით.
  • #13 სამარშრუტო ხაზზე, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ორბელიანის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსი შარტავა–ბაგრატიონის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს შარტავა–ორბელიანის მიმართულებით.
  • აეროპორტის ტერიტორიიდან მომავალი #9 ავტობუსი ბაგრატიონის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს შარტავას, ლორიას, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების მიმართულებით.

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსებს აღარ აქვთ რესურსი“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ფინეთს 280 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია ომის პირობებში და მილიონიანი რეზერვი ჰყავს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო სისტემებს აწარმოებს, უახლესი გამანადგურებლები აქვს…“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის დასუსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ფინეთის ნატოში შესვლას მიიჩნევს, რადგან რუსეთს რესურსის დახარჯვა ამ მიმართულებით მოუწევს, ფინეთის საზღვართან, სადაც საზღვარიც კი მოწყობილი არ არის.

„თუ შვედეთიც შევა ნატოში და ალბათ შევა კიდეც, ეს დროის საკითხია, მაშინ საერთოდ ბალტიის ზღვაზე ყველა ქვეყანა იქნება ნატოს წევრი, თვითონ რუსეთის გარდა. გოტლენდის კუნძული, რომელიც შვედეთის იყო, ესეც ნატოს თუ გახდა, ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ყირიმია შავ ზღვაში. ასე რომ, კარგი დღეები არ უდგას პუტინს, გაიჩალიჩა ეს ყველაფერი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, ფრონტის ხაზზე ჯერ კონტრშეტევის წინაპირობები არ ჩანს, თუმცა იგი არ გამორიცხავს, ძალის კონცენტრაციის შემთხვევაში უკრაინამ რუსული არმიის გარღვევა შეძლოს.

„თუმცა გარღვევას უნდა მოჰყვეს შემდგომი განვითარება – გარღვეულ დერეფანს სჭირდება შენარჩუნება. როცა გაარღვევ, იქ უკვე უნდა შეიყვანო მეორე დივიზიონი, შეინარჩუნო დაკავებული ტერიტორია“, – აღნიშნავს გადამდგარი გენერალი. იგი დარწმუნებულია, რომ რუსები ადამიანების მასობრივად ომში წაყვანით შედეგს ვეღარ დადებს.

„ამ ჯარისკაცებს ჩასვამენ სანგრებში და ისინი იძულებული იქნებიან, იყვნენ სანგრებში, პერიოდულად ამოყონ ავტომატი და ისროლონ დასავლეთის მიმართულებით, სხვა ამოცანა ამ ჯარისკაცებს არ ექნებათ,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში კრემლი ბირთვულ შანტაჟს უბრუნდებაო – მიიჩნევენ ომის კვლევის ინსტიტუტში. რამდენად ჩანს კონტრშეტევის პირობა?

კონტრშეტევის ნიშნებს ჯერ მე ვერ ვხედავ, მაგრამ ალბათ ეს კარგიც არის, როცა არ ჩანს ეს ღიად. ეს არის საიდუმლოდ შესანახი, თუმცა რა ინფორმაციაც გამოდის და არსებობს, დაახლოებით 40-ათასიანი დაჯგუფება შეიქმნა, ხდება სამხედრო ტექნიკის კუმულაციაც. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რუსეთი კარგავს შეტევით იმპულსს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ უკრაინა გადავიდეს კონტრშეტევაზე.

ახლა მთავარია, რამდენად დროულად იქნება მიღებული აღჭურვილობა და ის საბრძოლო მასალა, რაც სჭირდება უკრაინას კონტრშეტევისთვის.

კონტრშეტევის მზადების ინდიკატორია ისიც, რომ უკრაინამ მიიღო დიდი რაოდენობით ჯავშან-სატანკო დანაყოფების მხარდამჭერი ტექნიკა, საევაკუაციო გადამზიდავი, საინჟინრო ტექნიკა და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მიიღოს უშუალოდ საბრძოლო ტექნიკა.

  • აღჭურვილობა, რასაც იღებს უკრაინა, რამდენად ქმნის კონტრშეტევის პირობას? 

რაც უკვე მიიღო უკრაინამ, ეს არის დაახლოებით ერთი სატანკო ბატალიონი და ერთი მექანიზებული დანაყოფის ტექნიკა, ამათი გაერთიანებით შეიძლება შეიქმნას ორი მექანიზებული, ან ჯავშან-სატანკო დანაყოფი, სადაც იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტანკებიც. ეს არ არის საკმარისი კონტრშეტევისთვის, თუმცა გააჩნია მასშტაბს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სადღაც 90-მდე პოლონური მოდერნიზებული T-72 მიიღეს უკრაინელებმა, ერთიანობაში შეიძლება რაღაც დანაყოფი შეიქმნას. 40 ათასი კაცი კი, არის დაახლოებით 3 – 4 დივიზიის დანაყოფისთვის საკმარისი, პატარა ძალა არაა და თუ კონცენტრაცია მოხდება გარღვევის წერტილში, მათ შესაძლოა განახორციელონ კიდეც ეს გარღვევა.

თუმცა გარღვევას უნდა მოჰყვეს შემდგომი განვითარება – გარღვეულ დერეფანს სჭირდება შენარჩუნება. როცა გაარღვევ, იქ უკვე უნდა შეიყვანო მეორე ეშელონი, გააფართოვო გარღვევის მონაკვეთი, მოიგერიო კონტრშეტევა და შეინარჩუნო დაკავებული ტერიტორია. თუ საუბარია აზოვის ზღვა-ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებაზე, რაც ყველაზე მოწყვლადია რუსეთის თავდაცვის სისტემაში, უკრაინელებს გარღვევის შემდეგ მოუწევთ ორივე მხრიდან რუსების მოგერიება, ეს იქნება დონეცკიდან და ხერსონიდან. ეს საკითხი განსახილველია და ალბათ განხილულია კიდეც.

ყველასთვის ხელის გულზე დევს ეს მიმართულება, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, უკრაინელებმა სულ სხვა მიმართულებას დაარტყან. შესაძლოა, მაგალითად, ეს იყოს სვატოვოს მიმართულება. ეს უფრო მტკივნეული დარტყმა იქნება რუსებისთვის.

  • იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ადგილია ლოჯისტიკური თვალსაზრისით? 

დიახ, აქედან ეხსნებათ გზა რუსეთისკენ, ბელარუსისკენ და ლუგანსკისკენ, გადაბმულია გზები… არაა გამორიცხული, რაღაც მიმართულებით გააკეთონ ყურადღების გადამტანი დარტყმა, ძირითადი დარტყმა კი მიმართონ სხვა მიმართულებაზე.

  • სამხრეთის მიმართულებაზე რატომ არის რუსული არმია უფრო მოწყვლადი? 

თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ აქ არის ყველაზე ვიწრო წერტილი – რუსების თავდაცვის ყველაზე ვიწრო სიღრმე. თანაც, ეს სიღრმე მოქცეულია აზოვის ზღვასა და დნეპრს შორის, კახოვკის წყალსაცავიდან რომ ავიღოთ. შესაბამისად, გეოგრაფიულად ვიწრო ყელია და სიღრმეც დაბალი.

უგლედარის მიმართულებით ამიტომაც იყო რუსების მცდელობა, როგორმე გაეზარდათ ეს სიღრმე. უგლედარიდან პირდაპირი, ძალიან მოკლე მანძილია მარიუპოლამდე.

  • შოიგუმ ნატო დაადანაშაულა რუსეთ-ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებისა და დაზვერვის გააქტიურებაში და ამ მოტივით გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. რამდენად იზრდება რეალურად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ფინეთიც უკვე ოფიციალურად ნატოს წევრი გახდა?

დღევანდელი მოცემულობით ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი გამოიყენოს რუსეთმა, თუმცა რუსებზე ვერასდროს იტყვის „ვერასოდეს“. დღეს ამის ნიშნები არ ჩანს და რუსეთს არც ამის შესაძლებლობა აქვს, ვინაიდან იცის, რომ მძიმე პასუხს მიიღებს.

შოიგუმ რაღაც ხომ უნდა თქვას სამხედრო საქმესთან მიახლოებული? შოიგუს ნათქვამზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ის არც სამხედროა და არც პოლიტიკოსი, შოიგუ კომიკური პიროვნებაა.

  • რა ხდება ამ ეტაპზე ბახმუტში? ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები ბახმუტის ცენტრისკენ დაიძრნენ, მათ ასევე აიღეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო… ქალაქის დასავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების ძირითად მარშრუტს, სავარაუდოდ, სერიოზული საფრთხე ემუქრება. ეს რეალობა რას ცვლის?

ვამბობდი კიდეც, რომ ამის მოლოდინი მქონდა, როცა ამხელა ძალას ხარჯავს რუსეთი მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას. აქ ჯერ „ვაგნერმა“ მიაღწია გარკვეულ წარმატებას და შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტად დაეხმარნენ, ამას უკავშირდება ძირითადად ეს წინსვლა. დიდი გარღვევა არ მომხდარა ბახმუტში, მაგრამ ნელი ტემპით გამოდევნა ხდება უკრაინელების.

ბახმუტის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს ახლა ეს ბრძოლები, სადაც არის მაღლივი კორპუსები და სამრეწველო ზონა. ამის აღებას ცდილობენ ახლა ვაგნერელები. ცდილობენ, რომ უკრაინელები გაიყვანონ უფრო დასავლეთით, ერთსართულიანი, სააგარაკე დასახლებისკენ. ამ შემთხვევაში სიმაღლე იქნება რუსების მხარეს, რაც მათ მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.

რაც შეეხება მომარაგების მარშრუტის დაკარგვას, ეს არის რისკი ბახმუტის დაცვის გარნიზონისთვის, თუმცა რუსები მაქსიმუმ შეძლებენ ბახმუტის აღებას. ბახმუტის შემდეგ რუსებს უბრალოდ მეტი რესურსი აღარ აქვთ.

თანაც, ბახმუტის აღებას აზრი ჰქონდა მაშინ, როცა იზიუმი იყო რუსების კონტროლქვეშ, შეიძლება ეფიქრათ სლავიანსკი – კრამატორსკის თავდაცვის რაიონის შემხვედრი მოძრაობით ალყაში მოქცევაზე, მაგრამ იზიუმი რუსების არ არის და ერთი მიმართულებით შუბლით მიეჯახო და მიაწყდე ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვის რაიონს, არა მგონია, ეს რუსებისთვის რაიმე წარმატების მომტანი იყოს.

  • თქვენი დაკვირვებით, კრემლი დონბასის აღების პერსპექტივას რეალურად აღარ განიხილავს? 

მე ეჭვი მეპარება, რომ ამას განიხილავდეს. რუსეთის შიდა აუდიტორიას რაღაც ხომ უნდა უთხრან? ხალხს ხომ არ ეტყვიან იმას, რომ იცით რა, ჩვენ ხელი ავიღეთ ამაზე, ამიტომაც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაიღონ.

  • ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტში ასევე ფიქრობენ, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვეთრი რეაქცია რუსი სამხედრო ბლოგერის მკვლელობაზე მიუთითებს, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, სჯერა, რომ თავდასხმა ნაწილობრივ მის წინააღმდეგ იყო მიმართული. თქვენთვის რა გამოჩნდა ამ პროცესში – რამდენად შეიძლება ველოდოთ არეულობას რუსეთის შიგნით?

რთულია აქედან რაიმეს თქმა, მაგრამ აშკარაა, რომ იქ მიდის ძალიან მძიმე შიდა დაპირისპირებები. პრიგოჟინს ხელს ვერ კიდებენ, რადგან უკვე ისეთი სახელი აქვს „ვაგნერს“, რომ ეს მომგებიანი არ იქნება. პრიგოჟინმა დააყენა სამი პირობა, რაც მას სჭირდება, ეს არის: აღჭურვილობის დროული მიწოდება, სადაზვერვო ინფორმაცია და მისი საქმიანობის მხარდაჭერა.

თუ დააკვირდებით, პრიგოჟინმაც შემდეგ შეცვალა ტონი და ისეთი მკაცრი აღარ არის, როგორც მანამდე იყო. კი გააკრიტიკა სუროვიკინი და თქვა, რომ არ უნახავს ფრონტის ხაზთან ახლოს, თუმცა ზოგადად მაინც შერბილებული ტონი აქვს.

  • პოდოლიაკმა თქვა, რომ ყველა „ომის ლოგიკა, იარაღის მათემატიკა და რესურსების შესაძლებლობები“ აჩვენებს, რომ რუსეთი ერთდროულად ყირიმს, დონეცკს და ლუგანსკს ვერ შეინარჩუნებს. ის ამბობს, რომ ყირიმს რამდენიმე თვეში გაათავისუფლებს უკრაინა. როგორია სამხედრო რესურსები ამ დროისთვის, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხარეს? რამდენად ჩანს, რომ რუსეთი იფიტება და ის ვეღარ შეძლებს უახლოეს პერიოდში ომის წარმოებას და, ასევე, ვერ შეძლებს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიის დაცვას?

მე ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინას, გასაგებია, რასაც პოდოლიაკი ამბობს, მაგრამ ყირიმს რამდენ ხანში აიღებს უკრაინა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ხერსონს რამდენ ხანში დაიბრუნებენ. ჯერ ხერსონი უნდა აიღონ, ზაპოროჟიე და შემდეგ შეიძლება საუბარი ყირიმზე. სხვა მხრივ, უკრაინას არ ყავს შესაბამისი საზღვაო ძალები, რათა შეძლოს სადესანტო ოპერაცია განახორციელოს თავისი
ყირიმის ბლოკირებით და საჰაერო სივრცეში ბატონობის მოპოვებით.

ამას გარდა, დონეცკი და ლუგანსკი, სამწუხაროდ, უკვე აღარ არის უკრაინული ტერიტორიები, უკრაინელი იქ აღარავინ დარჩა. იქ დასახლებული ადამიანები უკრაინელებს უკვე აღიქვამენ მტრებად, ემზადებიან კიდეც მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს 9 წლის განმავლობაში თავდაცვისთვის ძალიან მძიმედ მომზადებული რაიონებია. მოსახლეობაც იბრძოლებს თავისი სახლებისთვის. ასე რომ, უკრაინას ამ ტერიტორიის განთავისუფლება კი არა, არამედ კონტროლქვეშ მოქცევა მოუწევს, რაც სხვა რესურსებს და სამხედრო-
პოლიტიკურ პირობებს მოითხოვს.

ის, რომ რუსეთი ამხელა გადაჭიმულ ფრონტზე ვერ ახერხებს ისე აქტიურად არსებული რესურსების გამოყენებას, მართალია.

მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ეტაპზე არის ის, რომ ფინეთი შეუერთდა ნატოს – დაახლოებით 1400 კილომეტრამდე ნატოს საზღვარი იზრდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ დავუმატებთ, ეს საზღვარი არის სადღაც 2500 კილომეტრამდე. განსაკუთრებულია აქ ის, რომ რუსეთს ფინეთთან საზღვარი მოწყობილი არ აქვს. რუსები იძულებული ხდებიან, რომ ნატოს ამ რაიონში მოაწყონ ეს საზღვარი, რაც მარტივი არაა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ მავთულის ღობის გაბმას. ამისთვის საჭიროა სისტემების შექმნა, ძალების გადასხმა, სასაზღვრო დაჯგუფების შექმნა, საარტილერიო – სარაკეტო დაჯგუფების ჩამოყალიბება, ზუსტი დამიზნების შორი და საშუალო მანძილის რაკეტების განთავსება.

იმ 11 რეფორმაში, რაზეც შოიგუმ ისაუბრა, ერთ-ერთი იყო კარელიის საარმიო კორპუსის შექმნა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის აღდგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალების გადასროლა მოუწევს რუსეთს ამ მიმართულებით, რადგან ფინეთი არაა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსი შემთხვევა, სადაც სულ რაღაც რამოდენიმე ათასამდე ჯარისკაცი ჰყავთ, ისინიც ვაჟკაცები არიან და აქტიურობენ, მაგრამ აქტიურობენ ძირითადად იმიტომ, რომ ნატოში არიან უკვე. მათ არ აქვთ ის ძალა, რომ საფრთხეს წარმოადგენდეს ეს რუსეთისთვის.

ფინეთს კი 280 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია ომის პირობებში და მილიონიანი რეზერვი ჰყავს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო სისტემებს აწარმოებს, უახლესი გამანადგურებლები აქვს და ასე შემდეგ.

თუ შვედეთიც შევა ნატოში და ალბათ შევა კიდეც, ეს დროის საკითხია, მაშინ საერთოდ ბალტიის ზღვაზე ყველა ქვეყანა იქნება ნატოს თვითონ რუსეთის გარდა და რუსეთს ძალიან გაუჭირდება. გოტლენდის კუნძული, რომელიც შვედეთის იყო, ნატოს თუ გახდა, ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც არის ყირიმი შავ ზღვაში. ასე რომ, კარგი დღეები არ უდგას პუტინს, თვითონ გაიჩალიჩა ეს ყველაფერი.

  • რამდენად მოახერხებს, თქვენი აზრით, რუსეთი დამატებით 400 ათასი კაცის მობილიზებას და რას შეცვლის ეს? 

ეს მისცემს რუსეთს საშუალებას, ეფექტურად შეძლონ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა. ეს არ არის ის ძალა, რაც შესაძლოა გამოიყენონ შეტევისთვის.

რუსებს აღარ აქვთ იმის პოტენციალი, რომ შეძლონ შეტევითი მოქმედებების გაგრძელება, მით უფრო – ფართომასშტაბიანის. ეს იქნება საზარბაზნე ხორცი – ამ ჯარისკაცებს ჩასვამენ სანგრებში და იძულებული იქნებიან, იყვნენ სანგრებში, პერიოდულად ამოყონ ავტომატი და ისროლონ დასავლეთის მიმართულებით, სხვა ამოცანა ამ ჯარისკაცებს არ ექნებათ.

  • წინა ინტერვიუებში ამბობდით, რომ გაზაფხულისთვის ელოდით ომის გარდატეხის ნიშნების გამოჩენას. რა ჩანს თქვენთვის ამ ეტაპზე?

ჯერ არ გამოკვეთილა ეს ნიშნები, თუმცა ჯერ გაზაფხულიც არ დასრულებულა.

მნიშვნელოვანია ამინდიც – ზამთარი მობრუნდა და თოვლ-ჭყაპი წამოვიდა, დამძიმდა გრუნტი. აპრილის შუა რიცხვებიდან ალბათ, როცა გაშრება მიწა, გააქტიურდება სამხედრო მოქმედებები.

თუმცა ნიშნებში შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უკრაინა ფიქრობს კონტრშეტევაზე. ჩანს ისიც, რომ რუსებს აღარ აქვთ რესურსი, ფართომასშტაბიანი შეტევა გააგრძელონ.

„მოსამართლეების კლანი“, რომელმაც ანტიამერიკული კამპანია დაიწყო

რამდენიმე ქართველი მოსამართლე ჩადგა ანტიამერიკული და ანტიდასავლური კამპანიის რიგში – „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ანტიამერიკულ კამპანია საქართველოში 5 აპრილიდან გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“.

სანქცირებულების მხარდამჭერ და, შესაბამისად, ანტიამერიკულ საჯარო განცხადებებს, ჯერჯერობით, მხოლოდ „კლანის“ წევრი მოსამართლეები აკეთებენ [ამ დროისთვის ექვსი მათგანი]. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები სხვა მოსამართლეებმაც გაავრცელონ.

დასანქცირებულ მოსამართლეებს შორის ერთ-ერთმა, ირაკლი შენგელიამ, მაგალითად, „ალტ-ინფოს“ დეზინფორმაციული რიტორიკა შეარჩია. მან დაწერა:

„პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – წერს მოსამართლე ირაკლი შენგელია.

ამერიკის, ისე როგორც ევროკავშირის სანქციები ხშირად ვრცელდება სანქცირებულის ოჯახის წევრებზეც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-მ და ევროკავშირმა არაერთი რუსი ჩინოვნიკი და მათ ოჯახის წევრები დაასანქცირეს უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძეს კი მიაჩნია, რომ „შვილების დასჯა“ არადემოკრატიულია.

„ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის“’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების“ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…“ – წერს ფეისბუქში ლევან თევზაძე.

ლევან თევზაძეს ეხმაურება უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე.

„ლევან, არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული, რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ („Somoza may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch.“). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

პ.ს. დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!? იმედია მეც დამასანქცირებთ!!!,“ – წერს ფეისბუქში ვლადიმერ კაკაბაძე.

მოსამართლეების სანქცირების შესახებ ჯერჯერობით ორი ფეისბუქპოსტი დაპოსტა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა:

„მე ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს, ეს არის თავისივე დაფინანსებული პოლიტიზირებული NGO-ების fake, ანუ ყალბი ანგარიშები, რაც ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს და ანგარიშებს ეწინააღმდეგება!,“ – წერს მოსამართლე.

ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა არაერთგზის განმარტა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სანდო მტკიცებულებები სანქცირებული მოსამართლეების კორუმპირებულობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციაზე რეაგირება საქართველოს სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაა.

ამის მიუხედავად სერგო მეთოფიშვილი წერს:

„მსურს გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემს კოლეგებზე (მათ შორის ერთი ყოფილი კოლეგაა) და მათი ოჯახის წევრებზე სანქციის დაწესების შესახებ.

პირველ რიგში, კოლეგებს მინდა სოლიდარობა გამოუცხადო, ვინაიდან არიან უაღრესად კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები. თითოეულს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც დღევანდელ დამოუკიდებელ ჩვენ სასამართლო სისტემას გააჩნია.

მათ კორუმპირებულობაზე საუბარი არის აშკარა სიცრუე, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დადასტურდება და ამაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დარწმუნდება.

ამჟამად კი, ჩემს განცხადებაში მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება – ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების რეპრესიული ფორმა და ხასიათი. ანუ, დააკვირდით, მეგობრებო, გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მათთვის მიუღებელ (არასასურველ) მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც! წარმოიდგინეთ – მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს და ა.შ.

მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო „მოქნილი მექანიზმით“ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

გეთანხმებით, ძალიან ცუდი შედარებაა, თუმცა თქვენც დამეთანხმებით, რომ ფაქტი სახეზეა.

ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფოსათვის მისი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მოსამართლეებს ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ისეთი უმძიმესი იარლიყის მიწებება, როგორიც არის კორუმპირებულობა, თუმცა ათასჯერ უფრო მიუღებელი და შემაშფოთებელია ამ ვითარებაში მათი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება!

მინდა მჯეროდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რაზეც იდგა, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია და ა.შ,“ – წერს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი.

მოსამართლეების სანქცირების საკითხზე ტელეკომპანია „იმედისთვის“ კომენტარი მიუცია დავით მამისეიშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს.

„მათი ძირითადი მიზანი არის ჩვენი დისკრედიტაცია, რასაც უკვე მრავალი წელია ახორციელებენ. გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით.  გაუგონარი ფაქტი იყო [სანქციები] – ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე. განცდა არის მხოლოდ ერთი – ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია“, – აცხადებს მამისეიშვილი.

აშშ-ის და დემოკრატიის წინააღმდეგ მდგომი მოსამართლეების რიგში ჩადგა ირაკლი ბონდარენკოც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ის ლევან მურუსიძის ახლო მეგობარია და, შესაბამისად, „კლანის“ წევრი.

„მრავალი წელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგების და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!!!“, – წერს ირაკლი ბონდარენკო.

„რაიმე განსხვავებას სტატუსის თვალსაზრისით ჩემსა და მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსიძეს ვერ ვხედავ,“ – ეს დიმიტრი გვრიტიშვილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

„ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და ირაკლი შენგელიას ისეთი განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ ჩემგან, რასაც მეც ვაკეთებ. ჩვენ ვართ მოსამართლეები, კანონის საფუძველზე ვახორციელებთ მართლმსაჯულებას, ასევე გარკვეულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, იქნება ეს უშუალოდ სასამართლოში თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,“ – ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.

—————-

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

ჯარში რომ არ წავიდე, ვცდილობ, სტუდენტობა გავიხანგრძლივო – ინტერვიუ

„იმისთვის, რომ არ წავიდე ჯარში, ვცდილობ შევინარჩუნო სტუდენტის სტატუსი და ამისთვის საგნებსაც კი ვიტოვებ“ – ამბობს მაგისტრატურის სტუდენტი სანდრო გიგაური, რომელიც უმაღლესი განათლების ადმინისტრირებას სწავლობს.

რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს ჯარს და რას ფიქრობენ ~ცვლილებებზე, რაც ახალი კოდექსით იგეგმება? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა სტუდენტს.

  • სანდრო, როგორც ვიცით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, 18-იდან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქემ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაიაროს. ახალი კოდექსით, ჯარის გადავადება პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ და ისიც ათი ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

ჩემს შემთხვევაში პრობლემა გვარდება იმით, რომ 2015 წლის შემდეგ არ შემიწყვეტია სტუდენტის სტატუსი და ახლაც მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობ.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გავიარე მაგისტრატურა და შემდეგ აქ რომ დავბრუნდი, ისევ მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა.

ახლა ვფიქრობ იმაზეც, რომ არ ჩავაბარო კონკრეტული საგნები და გადავიტანო მომდევნო წლისთვის, რომ მინიმუმ ერთი წლით გავიხანგრძლივო სტუდენტის სტატუსი.

  • შემდეგ რას იზამთ, რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე ხომ მივა ეს ყველაფერი?

საბოლოო ჯამში, რაღაც ეტაპზე ალბათ მაინც მომიწევს სწავლის დასრულება, რადგან სტუდენტის სტატუსის შემთხვევაშიც შეიძლება არ გქონდეს სრული გარანტია, რადგან ძალიან ძნელია სამსახურის და უნივერსიტეტის ერთმანეთთან შეთავსება.

ამას ემატება ისიც, რომ სტუდენტის სტატუსი არ უნდა იყოს ფორმალური. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დადიოდე უნივერსიტეტში, ესწრებოდე ლექციებს, რადგან თუ ერთი სემესტრი მაინც ვერ მოახერხე საჭირო კრედიტების დაგროვება, შემდეგ ვეღარ შეინარჩუნებ აქტიურ სტატუსს. ამიტომ, სტატუსის შენარჩუნებაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს.

თუმცა, ახლა მე ვარ 25 წლის და 27 წლამდე ერთი წელია შუალედი. სავარაუდოდ სწავლას დოქტორანტურაში გავაგრძელებ და ასე შევინარჩუნებ სტატუსს. მომიწევს ეს ზომები მივიღო.

  • როცა სწავლის ვადები იწელება დროში, ამას ფინანსური რესურსიც სჭირდება, ხომ? თქვენ ამჯობინებთ გადაიხადოთ სწავლის საფასური ვიდრე წახვიდეთ ჯარში?

კი ბატონო. ახლა მე მაქვს სახელმწიფო გრანტი და ორი წლის განმავლობაში ფარავდა სწავლის საფასურს, მაგრამ რადგან მომიწია ერთი წლის დამატება, ჩემი სახსრებით უნდა გადავიხადო დამატებითი კრედიტების საფასური. ერთ წელიწადში, სავარაუდოდ, ეს იქნება ათასი ლარი, რისი გადახდაც მომიწევს და თავისთავად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაზე უკეთესია.

  • რატომ არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ასეთი მიუღებელი თქვენთვის, რა არის მთავარი პრობლემა?

სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, როგორც იცით, ვერ მიიღებთ ვერანაირი ტიპის შემოსავალს. არის ოჯახები, სადაც ერთი ადამიანია შემომტანი და მთელი ოჯახი მასზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, ერთი წელი იქნება თუ წელიწადნახევარი, ეს პერიოდი ადამიანს სჭირდება როგორც მატერიალური რესურსის დასაგროვებლად, ასევე გამოცდილების მისაღებად იმ სფეროში, სადაც მუშაობს და თუ მე შევწყვეტ მუშაობას, ვერც შემოსავალს მივიღებ და პროფესიულადაც ნაკლებად კონკურენტუნარიანი ვხვდები, რადგან ვეღარ მოვახერხებ განვითარებას ჩემს სფეროში.

  • ეს ერთი წელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეიძლება დაკარგოთ?

ალბათ გააჩნია სფეროსაც, სად არის ადამიანი დასაქმებული. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ეს იქნება პრობლემა, რადგან ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებები და თავისთავად, ეს ნიშნავს პროცესებისგან გათიშვას.

  • ვთქვათ ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტში აღარ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი და მოგიწიათ არჩევანის გაკეთება, გადაიხდით ათი ათას ლარს თუ წახვალთ ჯარში?

ათი ათასი ლარის გადახდა ნამდვილად უსამართლობაა, რადგან ჯერ ერთი, კოდექსში წერია, რომ მხოლოდ ერთხელ შემიძლია გადავავადო და თუ მეორე წელს მაინც უნდა გამიწვიონ, მაშინ ეს უბრალოდ ფინანსური ტვირთი იქნება.

თუმცა დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ამხელა თანხის გადახდა ალბათ ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რაც, თავისთავად, ადამიანების უთანასწორო პირობებში ჩაყენებაა.

თუ მე მექნებოდა იმის გარანტია, რომ ეს ათი ათასი ლარი გამათავისუფლებდა სრულად ან გრძელვადიანი პერიოდით, ამის დაშვება შეიძლებოდა, იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ამ თანხის გადახდას.

  • იყო ასეთი კითხვებიც, რომ თუ არავინ არ წავა ჯარში, მაშინ ვინ უნდა დაიცვას ქვეყანა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავიცვათ სახელმწიფო?

ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს სამხედრო სამსახური იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იმსახურონ ამ სფეროში.

მაღალანაზღაურებადი პროფესიული ჯარი უფრო გაამართლებდა, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. შესთავაზებენ ადამიანებს ნორმალურ პირობებს, შესაბამისად, ეს პრობლემაც მოგვარდება.

იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზებაც. რატომ არ შეიძლება სამხედრო სამსახურში ჩაგვეთვალოს რომელიმე ალტერნატიულ სამსახურში მუშაობა?!

უფრო დახვეწილი სისტემაა მოსაფიქრებელი, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს ადამიანს, რომ თვითონ შეძლოს დროის უფრო მოქნილად განსაზღვრა.

ან აკადემიურ ნაწილს დამატებოდა სამხედრო კომპონენტი და ესეც იქნებოდა კარგი გამოსავალი.

გასაგებია, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ მოქალაქეების მოთხოვნებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • სამხედრო სამსახურს იგივე სტუდენტის სტატუსით თავს არიდებენ დეპუტატების, მინისტრის თუ სხვა მაღალჩინოსნების შვილებიც, რადგან მათი უმრავლესობა უცხოეთში სწავლობს ან ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, ახალი კოდექსი მათაც ისევე შეზღუდავს როგორც სხვა, სოციალურად ნაკლებად დაცულ ადამიანებს?

თუ სამხედრო სამსახური საყოველთაოა, მაშინ თანამდებობის პირების შვილებიც უნდა გაიწვიონ და ყველა სოციალურ კლასზე უნდა გავრცელდეს კანონი. სხვა შემთხვევაში, თავისთავად უთანასწორობა იქნება.

ვისაც აქვს ამ ათი ათასი ლარის გადახდის საშუალება, მათთვის პრობლემა მოგვარდება და ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა ჩვენს ქვეყანაში. ათი ათას ლარს ბევრი წლის განმავლობაშიც კი ვერ გამოიმუშავებს.

ამან შესაძლოა ისედაც გაზრდილ მიგრაციასაც შეუწყოს ხელი, რადგან ადამიანები ისედაც მიდიან სოციალური პირობების გამო უცხოეთში და ჯარისგან თავის არიდება დამატებითი მიზეზი გახდება.

  • ახალგაზრდების ხმა ნაკლებად ისმის კოდექსის განხილვის პერიოდში. როგორ ფიქრობთ, რატომ ?

სავარაუდოდ იმიტომ, რომ აქამდე ახალგაზრდები მაინც პოულობდნენ რაღაც გზებს, რომ ამ ყველაფრისთვის თავი აერიდებინათ. თუმცა, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გზები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ გახდება ხმის ამოღების საჭიროება, თუმცა შესაძლოა იყოს გვიან.

გარდა ამისა, საზოგადოებაც არ არის ბოლომდე შეთანხმებული ამ საკითხზე. ხშირ შემთხვევაში ჯარში წასვლა ასოცირდება პატრიოტიზმთან და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვერ ხერხდება თემის წინ წამოწევა და მოსახლეობის კონსოლიდაცია ამის ირგვლივ.

მთლიანობაში, ეს კოდექსი არის პრობლემური და მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო იმ მიმართულებით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ბევრი ალტერნატივა შეიქმნას, ისეთი, რაც არ მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ცხოვრების გვერდზე გადადებას, რომ საბოლოო ჯამში ადამიანებმა არ მიმართონ უკიდურეს ზომებს, თუნდაც ემიგრაციას ან მუდმივად სტუდენტის სტატუსის ქონას და ასე შემდეგ.

ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

ელექტრო, კოსმოსური ინჟინერია და მედიცინა – ეს ის სფეროებია, რომლებიც მეცხრეკლასელმა თამარმა, თორნიკემ და მიხეილმა მომავალ პროფესიად აირჩიეს. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო მეცნიერებების მიმართულებით კომაროვის სკოლისა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიის ფარგლებში ცოდნას STEM სკოლაში აიმაღლებენ და მათთვის საინტერესო მიმართულებით ახალ მოდულებს შეისწავლიან.

კონკურსში ორი ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა,  მათგან 60 გამარჯვებული უნდა გამოევლინათ.

თამარ ზაქარაძე კოსმოსური ინჟინერიითაა დაინტერესებული და სურს, ცოდნა ამ მიმართულებით გაიღრმაოს. თუმცა წუხს იმის გამო, რომ საქართველოში ეს მიმართულება არ არის კარგად განვითარებული, არც უნივერსიტეტებში არსებობს კოსმოსური ინჟინერიის ფაკულტეტი, ამიტომ შეეცდება, სამომავლოდ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტში მოიპოვოს დაფინანსება.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, ჩვენს ქვეყანაში მაინც ნაკლები ყურადღება ექცევა კოსმოსურ ინჟინერიას.

ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს მექანიკის ინჟინერია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას კოსმოსურ ინჟინერიასთან და თუ სხვა არაფერი გამოვიდა, ალბათ აქ გავაგრძელებ სწავლას.

ზოგადად, კოსმოსი ბავშვობიდან მაინტერესებს, მიყვარს, ჩემი ინტერესის სფეროა რაკეტების აწყობა, მათი გაშვება და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ამიტომ კარგი იქნებოდა, ამ სფეროს ჩვენს ქვეყანაშიც რომ ექცეოდეს ყურადღება“, – ამბობს თამარი.

როგორც თამარმა გვითხრა, სტიპენდიის ფარგლებში ორ მოდულს გაივლის, რობოტექნიკის და პროგრამირების მიმართულებით, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზოგადად, ჩვენს სკოლებში რობოტექნიკასაც ნაკლები ყურადღება ეთმობა, ამიტომ ეს მოდული დამეხმარება ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.

კარგი იქნება, თუ რაიმე პროექტი გაკეთდება ამ მიმართულებითაც, რომ ბევრმა ბავშვმა განივითაროს უნარები“, – გვეუბნება თამარი.

თამარს საგნებს შორის ყველაზე მეტად ფიზიკა აინტერესებს, გასულ წელს რეგიონულ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველი ადგილიც აიღო.

„ფიზიკა ძალიან საინტერესოა, რადგან ბუნებრივი პროცესების გაგება და შესწავლა უფრო ახლოდან გიწევს“, – გვითხრა მან.

მიხეილ დონაძეც მეექვსესკოლელია და, ბუნებრივია, ძალიან კარგად სწავლობს მათემატიკასა და ფიზიკას. თუმცა უპირატესობას მაინც ბიოლოგიას და ქიმიას ანიჭებს, რადგან მის მომავალ პროფესიასთან ყველაზე ახლოსაა.

„ექიმობას ვაპირებ და, ცხადია, ბიოლოგია და ქიმია უფრო მაინტერესებს. ეს სტიპენდია დამეხმარება იმაში, რომ ავიმაღლო ჩემი ცოდნა სტემშიც და ბიოლოგიაშიც.

ფიზიკაში ახლა გავდივართ წრედებს, ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და ამ მიმართულებითაც გამომადგება ეს მოდული“, – გვეუბნება მიხეილი.

მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე სკოლა ფიზიკა-მათემატიკურია და გაძლიერებულია ამ მიმართულებით სწავლება, მიხეილ სურს ექსპერიმენტების კეთების მეტი შესაძლებლობა იყოს სკოლაში.

„კი, მასწავლებლებიც კარგი გვყავს და კარგად გვიხსნიან, მაგრამ თეორიაზე უფრო მეტად ვმუშაობთ, ვიდრე ექსპერიმენტებზე. ქიმიასა და ბიოლოგიაზე ვუყურებ ხოლმე გადაცემებს „იუთუბიზე“ და აქედანაც ვიღრმავებ ცოდნას.

რობოტიკის შესწავლაც ცხადია დამეხმარება, რადგან მედიცინაშიც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მოწყობილობას და ამ სფეროს განვითარებაც მნიშვნელოვანია“, – ამბობს მიხეილი.

რაც შეეხება თორნიკე შერვაშიძეს, მას თამარის მსგავსად ინჟინერია აინტერესებს, ოღონდ ელექტროინჟინერია.

„სტემი ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან მიყვარს ტექნიკური საგნები. მომავალში ან ელექტროინჟინერიას დავეუფლები პროფესიულად ან პროგრამისტი გავხდები. ორივე ძალიან მაინტერესებს.

ამიტომ სტემპროგრამაში მოხვედრა, ვფიქრობ, ძალიან გამომადგება, ზოგად სასკოლო შეფასებაზეც დადებითაც აისახება ალბათ და ჩემს სამომავლო ინტერესებზეც. სამყარო ამ საგანს უკავშირდება და მინდა, მეტი ვიცოდე ამ სფეროში“ ,- ამბობს თორნიკე.

ექსპერიმენტების კეთება მასაც მოსწონს, თუმცა ისე ხშირად ვერ მუშაობს, როგორც სურს. „თუ მასალა ჩახლართულია, მაშინ უფრო მეტად ვატარებთ ექსპერიმენტებს.

ასეთი ჩახლართული თემები ძირითადად ფიზიკასა და ქიმიაშია და აქ ვატარებთ უფრო ცდებს, ესენი ჩემი საყვარელი საგნებია და მომწონს ექსპერიმენტები. თუმცა დამოუკიდებლად, სახლში ვერ ვაკეთებ, რადგან არ მაქვს ამის რესურსები“, – გვეუბნება ის.

მისთვის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი, რაც ბოლოს გააკეთა, სითხის გამოდევნა და აირად ქცევა იყო.

„ჩემი აზრით, სტემ მიმართულების საგნების მეტი პოპულარიზაცია რომ იყოს სკოლებში, უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება მეცნიერებით. ადრე ამერიკულ კუთხეში გვასწავლიდნენ რობოტიკას და გრაფიკულ დიზაინს და სიამოვნებით დავდიოდი.

ქალაქშიც არის ტექნოპარკი და იქაც დავდივარ ხოლმე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ ვახერხებ მისვლას.

ადრე პროგრამირების კურსზეც დავდიოდი და ვსწავლობდი კოდების წერას, ანიმაციებს, მუსიკას ვაკეთებდით“, – ამბობს თორნიკე.

სტიპენდიის ფარგლებში თორნიკე ფიზიკაში გაიღრმავებს ცოდნას და მოდულის ფარგლებში ელექტრონული წრედების შესახებ ელოდება ცოდნის გაღრმავებას.

2 წელია ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს უზენაესი სასამართლო არ იხილავს

უკვე 2 წელია უზენაესი სასამართლო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს“ არ იხილავს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, რატომ დაარღვია უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ვადა, ან როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას მუსლიმი თემის სარჩელზე?

მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა მათ ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას არ აძლევს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2019 წლის სექტემბერში დაადგინა მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2 წლის წინ მიიღო – 2021 წლის 13 აპრილს.

მას შემდეგ კი პროცესი შეჩერებულია. მუსლიმი თემი ისევ ღია ცის ქვეშ ლოცულობს, ბათუმის მერიამ კი, უკანონო გადაწყვეტილების ნაცვლად ახალი გადაწყვეტილების მიღებას არჩია უზენაეს სასამართლოს დაელოდოს. ბათუმის მერიას უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ დაუდგინა დისკრიმინაცია მუსლიმი თემის მიმართ.

„ამ საქმის გაჭიანურებით, მუსლიმების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას განგრძობითი ხასიათი აქვს,“ – ამბობს მაკო ღავთაძე, TDI-ის წარმომადგენელი. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

მაკო ღავთაძე განმარტავს, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე დასაშვებად ცნო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ საქმის განხილვას აპირებს. თუ საქმეს უზენაესი სასამართლო განსახილველად არ მიიღებდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩებოდა ძალაში და ის იქნებოდა საბოლოო.

უზენაესი სასამართლო ზეპირი მოსმენის, ანუ მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს“.

„ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია, როდის დაიწყება საქმის განხილვა, თუმცა განხილვისთვის დადგენილი ფორმალური ვადები უკვე ამოწურულია,“ – გვიყვება მაკო ღავთაძე, – „ფორმალური ვადა: საკასაციო საჩივრის შეტანიდან უნდა განიხილოს ჯამში 6 თვის ვადაში, აქედან პირველი სამი თვე არის დასაშვებობის შემოწმებისთვის.

მიგვაჩნია, ბათუმის მერია უზენაეს სასამართლოს იყენებს სწორედ იმ მიზნით, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდეს და დრო მოიგონ, რადგან არ სურთ იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

საქმის გაჭიანურების სტრატეგიას ირჩევს მერია დასაწყისიდანვე. რამდენადაც ვიცით, ზოგადად ბევრი საქმე ჭიანურდება სასამართლოში და ირღვევა ფორმალური ვადები, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქმის მნიშვნელობაც. ერთი მხრივ, მერიის გადაწყვეტილების უკანონო და დისკრიმინაციული შინაარსი ცალსახაა, რაც ორივე ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა,“ – გვითხრა მაკო ღავთაძემ, TDI-ის წარმომადგენელმა.

ამ დროს, როცა უზენაესი სასამართლო მუსლიმი თემის საქმეს წლობით აჭიანურებს, პარლამენტში მუსლიმი თემის დამცველ დეპუტატს – ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყეს და აგენტი უწოდეს. კონფლიქტის მეორე დღეს, 23 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს და კუთხეში დგომა ეკუთვნის.

———————–

ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს უთხრა უარი მუსლიმ თემს ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. საუბარია, პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე. მერიამ მაშინ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობას ვერ დაუშვებდა. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა.ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა. მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.

მუსლიმი თემი სასამართლოში ითხოვდა ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას და მერიისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ მერიისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნა.

ამ თემაზე:

„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

მერია გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისების ორ ვარინტს განიხილავს

მას შემდეგ რაც გონიო-კვარიათის პლაჟები, წელს პირველად, უკანონო შენობებისგან თითქმის სრულად გაწმინდეს, ბათუმის მერია მათ გასასხვისებლად ორ ვარიანტს განიხილავს.

ერთი ვერსიით მერია კაფეებისა და სხვა მცირე მასშტაბის მქონე კომერციულ ობიექტებს ერთიანი კონცეფციით თავად მოაწყობს და შემდეგ გასცემს იჯარით ან აუქციონის პირობა ინფრასტრუქტურის წინასწარ შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად მოწყობა იქნება.

მუნიციპალურ ინსპექციაში განგვიმარტეს, რომ უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის პროცესი დასრულდა გონიოში, კვარიათში კი ჯერ ისევ გრძელდება.
კვარიათი

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე არ გამორიცხავს გონიო-კვარიათის პლაჟების გარკვეული მონაკვეთების  გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემასაც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პლაჟის გრძელვადიანი იჯარით მიღება აქ რამდენიმე სასტუმროს და იმ კაფეების მეპატრონეებს სურთ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ვრცელი ტერიტორიაც ჰქონდათ დაკავებული.

როგორი უნდა იყოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა, ეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმით არის შემუშავებული და დამტკიცებული.

პლაჟების ერთიანი კონცეფციით განვითარება ამ დრომდე ქალაქის ამ ნაწილში დიდწილად კონტროლს მიღმა იყო დარჩენილი. ქაოსური იყო როგორც საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსების, ასევე მუნიციპალური ქონების, პლაჟების სეზონურად გასხვისების პროცესი.

მერიაში ასევე აცხადებენ, რომ საჯარო ინტერესის დაცვა პლაჟზე ნაკვეთების გაცემისას, ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იქნება და „მერია ამას მომავალში გააკონტროლებს.“

მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონამდე სულ ცოტა დრო რჩება, მერიას კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული.  ქონების მართვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ჯერ მუშაობენ და „ყველაფერი მოესწრება“.

100 ბინა და 300-მდე განაცხადი – ისევ უცნობია, ვის შეხვდება ბინა იაფ სახლში

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოთხ კორპუსში ბინები დაკეტილია. მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა და ახლა მათი გადარჩევა-გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე, 4-ხუთსართულიან 4 კორპუსში მერიამ 100 ბინა უნდა გაანაწილოს. შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებას კი 294 ოჯახი ელოდება.

მერია ამ ეტაპზე ვერ აზუსტებს დაახლოებით რა ვადაში შეძლებს კომისია განაცხადების კრიტერიუმებთან შესაბამისობის მიხედვით გადარჩევას და გადაწყვეტილების მიღებას. როგორც განმარტეს, შესწავლა ეტაპობრივად მიმდინარეობს და პროცესის დასრულება დამოკიდებულია ხარვეზების შევსებაზე – საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებზე.

გარდა ამისა, აპლიკანტებს ასევე აქვთ გასაჩივრების უფლება უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში, რის შემდეგაც საკითხს საპრეტენზიო კომისია განიხილავს.

ბათუმის მერმა 2021 წლის მარტში გამოსცა  ბრძანება „პროგრამით დაინტერესებული პირების განაცხადების მიღების მეორე ეტაპის დაწყების თაობაზე“. შესაბამისად, განაცხადების გადასარჩევად დრო ნამდვილად ჰქონდათ.

განაცხადების შემსწავლელ კომპანიას, რომელიც მერიამ ტენდერით შეარჩია, ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურების ვადა აქვს წლის ბოლომდე. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის კომისიას აპლიკანტების გადარჩევა დასრულებული ექნება.

პროგრამის პირველ ეტაპზე მერიამ ბინა 80 ოჯახს, თვითმმართველობის არჩევნების წინ გადასცა. ბინების გასაღებები „ოცნების“  მერობის კანდიდატმა მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ტელევიზიების კამერების წინ ჩააბარა მესაკუთრეებს.

ამავე თემაზე:

ვის შეუძლია „იაფი სახლის“ პროგრამაში მონაწილეობა – შეცვლილი კრიტერიუმები

 

 

 

თაუერ ჯგუფის „პანორამა“ საუკეთესო დეველოპერული პროექტის სტატუსისთვის იბრძვის

რას ნიშნავს გონივრული ინვესტიცია?

ამ კითხვას შესაძლოა უამრავი პასუხი მოვუძებნოთ, თაუერ ჯგუფი კი ცდილობს, რომ ეს პასუხები ერთ პროექტში გააერთიანოს და შექმნას ქართველი თუ უცხოელი ინვესტორებისათვის მიმზიდველი საინვესტიციო სივრცე – „პანორამა“.

პროექტი „პანორამა“ წარმოადგენს 40 სართულიან მულტიფუნქციურ კომპლექსს შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, სადაც განთავსდება როგორც პრემიუმ ხარისხის საინვესტიციო აპარტამენტები, ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცე.

გაზეთ ბათუმელების მკითხველებს უკვე გავაცანით პროექტი და მისი ერთ-ერთი უპირატესობა – ჭკვიანი სახლის სისტემა,  დღეს კი გაგაცნობთ ინფორმაციას ჩვენს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, „International Property Awards“-ისა და ამ კონკურსში ჩვენი პროექტის, “პანორამა” მონაწილეობის შესახებ.

კონკურსის ისტორია 1993 წელს, ევროპის კონტინენტზე დაიწყო. საწყის წლებში სულ 10 კატეგორიის ჯილდო გაიცემოდა, მიზანი კი მსოფლიოს გარშემო მიმდინარე თუ უკვე დასრულებული გამორჩეული პროექტების აღმოჩენა იყო. დროთა განმავლობაში კონკურსი განვითარდა, გაფართოვდა, დღეს კი უკვე 4 სხვადასვა სეგმენტში (დეველოპმენტი, ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა, უძრავი ქონება) და უამრავ ნომინაციაში გასცემს ჯილდოებს. მიზანი იგივეა – აღმოვაჩინოთ გამორჩეული პროექტები, რითიც დავეხმარებით როგორც ბიზნესის სექტორებს, ასევე მომხმარებლებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დეტალები.

1993 წლის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა, კონკურსი კი ყოველ წელს უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება, რადგან ყველაფრის უკან დგას ჟიურის ბრიტანელი წევრები, რომლებიც სხვადასვა კვალიფიკაციის ექსპერტები არიან – ისინი ზედმიწევნით ეცნობიან მონაწილე პროექტებს და უმაღლესი პროფესიონალიზმით აფასებენ მათ.

ბრიტანელი ჟიური თაუერ ჯგუფის „პანორამას“ საუკეთესო დეველოპერული პროექტის ჭრილში განიხილავს. კონკურსი საერთაშორისოა, თუმცა რეგიონალური კონტექსტი რომ არ დაიკარგოს და პროცესები უფრო სამართლიანი იყოს, ნომინაციაში „საუკეთესო დეველოპერული პროექტი“ სწორედ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებთან შევდივართ კონკურენციაში.

თაუერ ჯგუფის პანორამა სიამაყითა და სრული თავდაჯერებით ერთვება მარათონში საუკეთესოს სტატუსის მოსაპოვებლად.

გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: https://tg.ge/

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ომში, ქალაქ ბახმუტთან ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, არსენ ქეცბაია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 12 საათზე უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გაავრცელა.

მედიის ინფორმაციით, არსენ ქეცბაია წარმოშობით ზუგდიდელია, თუმცა ბოლო წლებში ის უკრაინაში ცხოვრობდა და შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 40-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

როდის აღდგება გაზის მიწოდება ხიმშიაშვილის ქუჩაზე – გათიშულია 517 აბონენტი

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 7 აპრილს, შერიფ ხიმშიაშვილის #1 ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდა 517 აბონენტს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება დღესვე 14:00 საათიდან და სრულად აღდგება 7 აპრილის დღის ბოლომდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, ელვა-ჭექა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან შესაძლებელია 17-22 მეტრი წამში.

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთი ბახმუტში უკრაინის არმიის მომარაგების მარშრუტს საფრთხეს უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსები შესამჩნევად გააქტიურდნენ და ბახმუტის ცენტრისკენ დაიძრნენ. მათ ასევე აიღეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო.

დაზვერვის ინფორმაციით, მსგავსი აქტივობა არ შეინიშნებოდა მარტის ბოლოდან, მაშინ მათ ბახმუტისთვის ბრძოლებში წინსვლა ძირითადად შეჩერებული ჰქონდათ. რუსეთის საოკუპაციო ძალები ბოლო დღეებში გააქტიურდნენ.

ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო მიმოხილვაში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა მიაღწიეს გარკვეულ წინსვლას – დაწინაურდნენ ქალაქის ცენტრისკენ და აიღეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთი სანაპირო. როგორც დაზვერვა აღნიშნავს, მსგავსი ვითარების გამო ქალაქის დასავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების ძირითად მარშრუტს, სავარაუდოდ, სერიოზული საფრთხე ემუქრება.

„რუსეთის რეგულარულმა ძალებმა, მათ შორის, საჰაერო-სადესანტო ჯარების ჩართულობამ, სავარაუდოდ, გააძლიერა ბრძოლის ეს რაიონი და რუსეთი ამ სექტორში ისევ ეფექტიანად იყენებს არტილერიას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში.

_____

უკრაინის ქალაქ ბახმუტში დიდი ხანია მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. რუსების მცდელობის მიუხედავად, ისინი რამდენიმე თვეა ვერ ახერხებენ ქალაქის აღებას, რომელშიც დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. უკრაინულ მხარეს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე დაიცვას ეს პატარა ქალაქი.

ცნობილია, რომ ამ დღეებში რუსებმა მოახერხეს ბახმუტის მერიის შენობის დაკავება და ქალაქის ცენტრისკენ წინსვლას აგრძელებენ.

უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები გაჩერებულია სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები კი, მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდებოდა.

შესაბამისი გრაფა ამ ვებგვერდზე რამდენიმე დღეა გათიშულია.

„ვებგვერდი ეკუთვნის „ავტოტრანსპორტს“ და დაჯარიმების სტატისტიკა შესაბამის გრაფაში პროგრამულად, ავტომატურად აისახებოდა. შესაბამისად, რამდენი მძღოლი დავაჯარიმეთ, მაგალითად, დღეს, ეს სტატისტიკა არ გვაქვს“, – გვითხრეს მუნიციპალურ ინსპექციაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ სერვერზე შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

„პარკირების პროგრამულ სისტემაში შეფერხება დაკავშირებულია სერვერის დაზიანებასთან. ტექნიკური ხარვეზი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს მუშაობა მის აღმოსაფხვრელად.

ამ ეტაპზე სერვერზე არსებული ფაილები აღდგენილია. სისტემის სრული გამართვისთვის სამუშაოები დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.“ – მოგვწერეს „ავტოტრანსპორტიდან“ დღეს, 7 აპრილს.

ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023
ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023
ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023
ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023
ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023
ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023
ფოტო: „ბათუმელები“/04.06.2023

___

ამავე თემაზე:

მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ

ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვაზე ჯარიმები იზრდება – ცვლილება კოდექსში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.

დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით:

  • იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით;
  • იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად /საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით; იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას კი – 200 ლარით.

თუმცა მოქმედი კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევ[ებ]ის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

ახალი ცვლილებით, სწორედ ასეთი სანქცია განისაზღვრა. კერძოდ:

თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, ამ დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

  • ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით;
  • იურიდიული პირი დაჯარიმდება 300 ლარით.

თუ პირი, განმეორებით დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ ისევ დაარღვევს წესს, ამ შემთხვევაში:

  • ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით;
  • იურიდიული პირი – 500 ლარით.

თუ პირი 300 [ფიზიკური] ან 500 [იურიდიული] ლარით არის დაჯარიმებული და დაჯარიმებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ისევ ჩაიდენს ანალოგიურ სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში:

  • ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით;
  • იურიდიული პირი კი – 700 ლარით.

ამავე ცვლილებით, პირს ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი „შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა“.

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 2023 წლის 22 მარტს დაამტკიცა. კანონში მითითებულია, რომ ის „ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს“.

ახალი ცვლილებები 2023 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა, შესაბამისად ძალაში, ამავე წლის 4 ივნისიდან შევა.

კანონპროექტი პარლამენტში 2022 წლის სექტემბერში წარადგინა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შემცირდეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 177 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 480]
  • ტანკი – 3 633 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 016 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 722 ერთეული [+8]
  • MLRS – 533 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 281 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 292 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 291 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 587 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 304 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 695 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 563 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 525 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 334 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ დაანგრია რუსულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მამა-შვილის ცხოვრება

„შვილები მზრდიდნენ 3 წელი“, – ქალი ხულოდან, რომელმაც მკერდის სიმსივნე დაამარცხა

3 შვილის დედა, 50 წლის მზია გულაბერიძე, ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. მან წლების წინ  მკერდის კეთილთვისებიანი მესამე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, რომელსაც 6 წელი ებრძოდა.

მზია იხსენებს, რომ მარცხენა მკერდის ხელით გასინჯვისას მოულოდნელად აღმოაჩინა სიმაგრე და სწორედ მას შემდეგ მიმართა ექიმს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გრძნობდა უმადობას, ოფლიანობას და მოდუნებას. ქალის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უყურადღებოდ არ დავტოვოთ  სიმპტომები.

„ექიმმა მითხრა, რომ მხოლოდ ცხიმგროვა მქონდა და ამოკვეთა სჭირდებოდა. როცა მკურნალობა დავიწყე, გაირკვა, რომ შესაძლოა სიმსივნური კვანძი მქონოდა, რაც ოპერაციისას დადასტურდა.

კვანძი გამისუფთავეს, მაგრამ შეზრდილი მეტასტაზებიც მქონდა, რის გამოც მარცხენა მკერდის ამპუტაცია დამჭირდა.

მსგავსს დიაგნოზს ალბათ არავინ ელის, მაგრამ ვიღაცებს სხვა გზა არ გვრჩება. დიაგნოზის გაგებისთანავე ბრძოლა გადავწყვიტე. გარშემომყოფებისა და ადამიანების ნუგეშით, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სიმსივნე დამარცხებული, დადებითი განწყობა მქონდა. გულით ვგრძნობდი, რომ აუცილებლად დავამარცხებდი ამ დაავადებას და მართლაც დავამარცხე.

სამივე შვილი ჩემს დიაგნოზამდე გავაჩინე. მაშინ უფროსი შვილები 13-15 წლის იყვნენ და ასაკის შესაბამისად მაქსიმალურად მიჭერდნენ  მხარს. მათთვის არ მითქვამს, სიმსივნეს რომ ვებრძოდი, მაგრამ თითქმის 1 წლის შემდეგ მიხვდნენ, რა დიაგნოზსაც ვებრძოდი. ჩემი შვილები მზრდიდნენ 3 წელი – როგორც ამბობენ ხოლმე, სულ ხელისგულზე მატარებდნენ. მათი დახმარებით გადავლახე სირთულეები. მეხმარებოდნენ, მანუგეშებდნენ. უმცროსი შვილი პატარა იყო, 6 წლის და მეუღლესთან ერთად ზრდიდნენ მას“, – გვიყვება მზია.

მზიამ გაიარა სხივური თერაპიები და სისტემატურად დადიოდა შემოწმებაზეც. იხსენებს, რომ ხანდახან ჰქონდა მომენტები, როცა მის მხნეობას უარყოფითი ფიქრებიც ეპარებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა მხნეობა შეენარჩუნებინა – „განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება ნერვიულობა. თავდაჯერებული უნდა იყო, რომ დაავადებასთან ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებ“.

ქალის თქმით, სიმსივნესთან ბრძოლის პერიოდში საკმაოდ ჩაკეტილი გახდა და ხშირი კონტაქტი არავისთან ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ურთიერთობდა და ამხნევებდა ადამიანებს, რომლებიც მის მსგავსად კიბოს სხვადასხვა სტადიას ებრძოდნენ, რომლებსაც კლინიკის რიგში ხვდებოდა.

„ჩემი [კვლევების] შედეგები ყოველთვის კარგი იყო. ბოლო 4 წელია, რაც აღარ მიმიმართავს ექიმისთვის.

მინდოდა, რომ შვილების გვერდით ვყოფილიყავი და ასეც მოხდა, გავიმარჯვე სიმსივნეზე.

მკურნალობის ბოლო წელს, კონსულტაციაზე რომ დავდიოდი, ყოველთვის კარგი შედეგები მქონდა და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლო ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაფერი დასრულდა და ამოვისუნთქე“, – გვითხრა მზიამ.

ის ყველა ქალს მოუწოდებს, რომ აუცილებლად ისარგებლონ უფასო სკრინინგებით, დაიზღვიონ თავი და დროულად გაიკეთონ ის.

„ვინც ახლა ებრძვის ამ თუ მსგავს დიაგნოზს, მთავარია ირწმუნონ, რომ შეძლებენ გამარჯვებას და აუცილებლად ასე იქნება.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც დაამარცხა ეს დიაგნოზი, მისგან გაიგო, როგორ მოახერხეს. მოტივაცია გეძლევა და იჯერებ, რომ აუცილებლად გამოგივა“, – გვითხრა საუბრის დასასრულს მზიამ.

ვინ არიან და რას საქმიანობდნენ სანქცირებული მოსამართლეები

სასამართლო კლანის 4 წევრს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერი ცერცვაძეს 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“.

კერძოდ, მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ვინ არიან და რა კარიერული კიბე გაიარეს სანქცირებულმა მოსამართლეებმა. „ბათუმელებმა“ მათ შესახებ ინფორმაცია შეაგროვა.

  • ვალერიან ცერცვაძე

ვალერიან ცერცვაძის კარიერა საჯარო სამსახურში 1999 წელს დაიწყო. 2004 წელს გახდა უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი, 2004-2005 წლებში ასევე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის და დეპარტამენტის უფროსი. 2007 -2017 წლებში კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ვალერი ცერცვაძე

2017 წლის 25 მაისს ვალერი ცერცვაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, მას შემდეგ, რაც ის და მისი ოჯახი სკანდალში გაეხვნენ.

კერძოდ, საქმე ეხება სასამართლო დავას ორ კომპანიას – „აიფონ პლუსისა“ და „აიტექნიკს“ შორის. საქალაქო სასამართლომ „აიფონ პლუსის“ ქონება დააყადაღა. ბიზნესმენი მამუკა მაღრიშვილი თავისი კომპანიის, „აიფონ პლუსის“ მიზანმიმართულ გაკოტრებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებდა.

„აიტექნიკსი“, რომლის სასარგებლოდაც სასამართლო დავა გადაწყდა, 2011 წელს ვალერი ცერცვაძის მამამ და ცოლისძმამ დაარსეს, ხოლო კომპანიის მენეჯერი დავის პერიოდში ვალერი ცერცვაძის ცოლი, გვანცა მიქუჭაძე იყო.

ვალერიან ცერცვაძე უარყოფდა, რომ მისმა ნათესაურმა კავშირმა რაიმე გავლენა იქონია სასამართლო გადაწყვეტილებაზე, თუმცა 2017 წელს მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება.

ვალერი ცერცვაძეს ორი შვილი ჰყავს, ერთი საქართველოს, ერთი კი აშშ-ის მოქალაქე.

2019 წლის იანვარში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.

ფოტო საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ მასზე აღბეჭდილი იყო ე.წ. სასამართლო კლანის მთავარი ფიგურანტები. მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ანალიტიკოსები „სასამართლოს კლანად“ მოიხსენიებენ სასამართლო სისტემაში არსებულ ყველაზე გავლენიან ჯგუფს.

ვალერიან ცერცვაძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წელს აქვს შევსებული. ყოფილი მოსამართლე 5 წელია საჯარო სამსახურში აღარაა. რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ფლობს ვალერიან ცერცვაძის მეუღლე გვანცა მიქუჭაძე.

რეესტრის თანახმად, გვანცა მიქუჭაძე 100 %-იან წილს ფლობს შპს „აიტექნიკსში“. ეს კომპანია iTechnics–Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით Apple Authorized Reseller-ი.
გვანცა მიქუჭაძე ასევე ფლობს 70 %-იანი წილს შპს „მისთორში“ – ეს კომპანია საქართველოში ცნობილი ჩინური ბრენდის, შიაომის ტექნიკის ავტორიზებული პარტნიორია.

მიქუჭაძეს ასევე 100%-იანი წილი აქვს შპს „სითი გარდენში“, ხოლო კიდევ ერთ კომპანიაში შპს „ჯეველბერი ჯორჯიაში“ 50 %-იან წილს ფლობს. ამ კომპანიაში მისი პარტნიორი და თანამეწილე რუსეთის მოქალაქე ვიტალი იაზვენკოა, რომელიც ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია.

  • ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელიამ საჯარო კარიერა 1994 წელს დაიწყო, სამტრედიის რაიონის სასამართლოს არქივარიუსად.

2003 წლამდე სასამართლო სისტემაში მუშაობდა. 2003-2004 წლებში საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, მოგვიანებით მუშაობდა გენინსპექციაში ინსპექტორად. 2005 წელს მუშაობა დაიწყო პროკურატურაში და სისტემაში 2007 წლამდე დარჩა.

ირაკლი შენგელია

2007 წელს გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2016 წელს გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე და  ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2017-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2021 წლის ივლისიდან კი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

ირაკლი შენგელია სასამართლო კლანის გავლენიან წევრად მიიჩნევა.

ირაკლი შენგელიამ საზოგადოების ყურადღება 2019 წელს მიიპყრო. შენგელია, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, თავის ცოლისძმასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძესთან გასაუბრებაში მონაწილეობდა.

ირაკლი შენგელია მაშინ აცხადებდა, რომ ამით კანონს არ არღვევდა და არ მოუთხოვია აცილება.

  • მიხეილ ჩინჩალაძე

საქართველოს სასამართლო კლანი ჩინჩალაძე-მურუსიძის სახელობისაა. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.

მიხეილ ჩინჩალაძემ საჯარო სამსახურში კარიერა 1999 წელს დაიწყო თბილისის საოლქო სასამართლოში. 2004-2007 წლებში კი მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. 2007 წელს ის უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა და ამ თანამდებობაზე 2017 წლამდე იყო.  ასევე მიხეილ ჩინჩალაძე 2007-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. ასევე, 2017 წელს ის უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

2020 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე 5 წლის ვადით. ასევე 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.

მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძის სახელს ატარებს ე.წ. სასამართლო კლანი. სტუდია „მონიტორის“ გამოძიებაში „ჩინჩალაძის კლანი – სასამართლო რეფორმის კრახი“ ნაჩვენებია, რომ საქართველოს სასამართლოებში მომუშავე მოსამართლეთა ერთი ჯგუფი მიხეილ ჩინჩალაძესთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი მათგანი ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა, ზოგიერთს კი ნათესაური კავშირი აქვს მასთან.

მიხეილ ჩინჩალაძეს მჭიდრო კავშირი აქვს ლევან მურუსიძესთან. 2013 წელს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა. ლევან მურუსიძე ზუსტად იმ დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორის პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოში, რა დროსაც მიხეილ ჩინჩალაძე.

ჩინჩალაძის კლანი - სასამართლო რეფორმის კრახი

  • ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძის კარიერა 2000 წელს თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიით დაიწყო, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა.

2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე.  2005 წლის ბოლოს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. 2006-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

ლევან მურუსიძე 2018 წლის დეკემბერში უვადო მოსამართლედ გაამწესეს. 2022 წელს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა.

ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძის საქმიანობას ვრცელი საგამოძიებო ფილმი მიუძღვნა სტუდია „მონიტორმა“. გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ სასამართლო კლანის ლიდერს აქვს ათობით ათასი ლარის დაუსაბუთებელი ქონება, რომელიც მის დეკლარაციაში ასახული არაა.

ლევან მურუსიძე იყო ისეთი გახმაურებული საქმის მოსამართლე, როგორიცაა სანდრო გირგვლიანის საქმე. მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდათ. 2019 წელს კი ლევან მურუსიძემ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეს განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მე მივიღე ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით“.

საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავდა, რომ „გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება“. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე

როგორ დაანგრია რუსულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მამა-შვილის ცხოვრება

დღეს, 6 აპრილს, რუსეთში, ქალაქ ეფრემოვში, სასამართლოს უნდა განეხილა, შეუზღუდავდნენ თუ არა 13 წლის მაშა მოსკალევას მამას, ალექსეი მოსკალევს, მშობლის უფლებებს. მაშას მამას 2 წელი აქვს მისჯილი რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო ცნობებით, ალექსეი მინსკში დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ მისი კვალი გაქრა.

მამა-შვილი მოსკალევების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციის“ მუხლით განხილულ საქმეებს შორის.

ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა 2022 წლის აპრილში რუსეთში, ქალაქ ეფრემოვის მე-9 სკოლის მოსწავლემ, მაშა მოსკალევამ ხელოვნების გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ნახატები დახატა: რუსეთისა და უკრაინის დროშები სიტყვებით – „არა ომს“, „დიდება უკრაინას“ და ქალი ბავშვთან ერთად, რომელთაც რაკეტები ეცემოდათ რუსეთიდან.

მაშას ნახატი

სკოლის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. მეორე დღეს მაშა გაკვეთილებიდან გაიყვანეს და მამასთან და სოციალურ სამსახურთან ერთად განყოფილებაში წაიყვანეს. გავიდა კიდევ ერთი დღე და მაშასთან სასაუბროდ სკოლაში „ეფესბეს“ თანამშრომლები მივიდნენ.

მაშას სამი წლის ასაკიდან მარტო ზრდიდა მამა, ალექსეი მოსკალევი, რომელსაც მცირე ბიზნესი ჰქონდა. მაშას დედა რუსეთის სხვა ქალაქში ცხოვრობს.

მალე ალექსეი მოსკალევის წინააღმდეგ შედგა ოქმი რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით, რუსულ სოციალურ ქსელში, „ოდნოკლასნიკში“ გამოქვეყნებული ომის საწინააღმდეგო კომენტარის გამო – „რუსეთის არმია. მოძალადეები ჩვენთან არიან“. მოგვიანებით ის 35 000 რუბლით დააჯარიმეს.

2022 წლის დეკემბერში ალექსეი მოსკალევის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რუსული არმიის განმეორებით დისკრედიტაციის ბრალდებით. მიზეზი „ოდნოკლასნიკში“ დაწერილი რამდენიმე კომენტარი გახდა, მათ შორის უკრაინის ქალაქ ბუჩაში მცხოვრები მოსახლეობისა და ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის შესახებ.

მოსკალევების ბინა გაჩხრიკეს, ალექსეი კი „ეფესბემ“ დაკითხვაზე დაიბარა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ალექსეი მოსკალევმა თქვა, რომ მას სცემეს და თავი კედელსა და იატაკზე არტყმევინეს. სანამ იგი დაკითხვაზე ჰყავდათ, მისი შვილი, 13 წლის მაშა, სოციალურმა სამსახურმა უდედმამო ბავშვებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნა.

მაშა ცენტრიდან მეორე დღესვე გამოიყვანა ალექსეიმ და შვილთან ერთად ქალაქი დატოვა.

2023 წლის იანვარში ეფრემოვში დაბრუნებული ალექსეი მოსკალევი დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს, გამოიძახეს არასრულწლოვანთა საკითხთა კომისია და მაშა კვლავ ბავშვთა სახლში გაგზავნეს.

2023 წლის 2 მარტს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ალექსეი მოსკალევს შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა შვილზე ზრუნვის უფლება მამას არ მისცეს – მაშა მოსკალევა კომისიამ ბავშვთა სახლში დატოვა.

2023 წლის 28 მარტს სასამართლომ ალექსეი მოსკალევს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სხდომას ალექსეი არ ესწრებოდა. სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მოსკალევი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

მაშა მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვთა სახლში იყო, საიდანაც ალექსეი მოსკალევის ადვოკატს გადასცეს გოგონას წერილი და ნახატები მამისათვის. წერილსი მაშა მამას გმირს უწოდებს:

„ძალიან გთხოვ, არ გახდე ავად და არ ინერვიულო. ჩემთან ყველაფერი კარგადაა, ძალიან მიყვარხარ და იცოდე: შენ არაფერში ხარ დამნაშავე, მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ და რასაც აკეთებ, სწორია.

…ერთ დღეს ჩვენ დავსხდებით მაგიდასთან და ამ ყველაფერს გავიხსენებთ. იმედია, არა, დარწმუნებული ვარ, რომ არ დანებდები. შენ ძლიერი ხარ, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ შეგვიძლია. ვილოცებ შენთვის და ჩვენთვის, მამა“, – წერს მაშა. 

30 მარტს გავრცელდა ცნობები, რომ ალექსეი მოსკალევი ბელარუსში, მინსკში დააკავეს. სავარაუდოდ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან მობილური ტელეფონი ჩართო. თუმცა დაკავების შემდეგ ის, მისი ადვოკატის თქმით, გაუჩინარდა და არავინ იცის, სად იმყოფება მოსკალევი ამჟამად.

აპრილის პირველ რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ მაშა მოსკალევა დედას გადასცეს, რომელმაც თქვა, რომ მზადაა 13 წლის მაშას აზრი პოლიტიკის შესახებ „გამოასწოროს”.

6 აპრილს სასამართლოს ქალაქ ეფრემოვში არ უმსჯელია ალექსეი მოსკალევისთვის მშობლის უფლებების შეზღუდვაზე. სასამართლო გადაიდო, რადგან მოსკალევის ადგილსამყოფელი უცნობია და სასამართლომ შესაბამის ორგანოებს დაავალა მოსკალევის დასწრება და მონაწილეობა პროცესზე.

მოსკალევების ოჯახის მხარდამჭერი მაშა მოსკალევას ნახატით მაისურზე, 6 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე. „მამის სიყვარული დანაშაული არ არის“ – წერია მაისურზე. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

რუსეთში კი ხელმოწერები გროვდება მოთხოვნით, დაუბრუნონ მაშა მამას, რომელიც მას 3 წლიდან ზრდიდა. პეტიციას ამ დროისთვის ხელს 147 ათასი ადამიანი აწერს.

_____________

მასალა მომზადებულია მედიაპროექტ ovdinfo.org-ზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთში პოლიტიკური ნიშნით დევნილებს ეხმარება საინფორმაციო და სამართლებრივი მხარდაჭერით. სწორედ ovdinfo იცავს ალექსეი მოსკალევის უფლებებს სასამართლოში.

„არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის“ – ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე ვესაუბრეთ.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოარკვიოს, რა ხდება სასამართლო სისტემაში, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებებმა მოახდინონ რეაგირება, ასევე მოსამართლეებმა კონფერენცია მოიწვიონ და იმსჯელონ. „გადაყვნენ ამ ოთხ მოსამართლეს, თუ უღირთ, წავიდნენ სასამართლოს რეალურ რეფორმაზე,“ – ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაია გვიყვება, მისი აზრით, რატომ ვერ აუვლის გვერდს აშშ-ის სანქციებს „ქართული ოცნება“, – „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა აშშ, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, რამდენიმე ქართველ მოსამართლეს ასანქცირებს? 

ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლება იმის გამო, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არის კორუფცია, ასანქცირებს კონკრეტულ მოსამართლეებს. მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით, ეს არის კარგი გადაწყვეტილება. ეს გვაძლევს შანსს, რომ დაიშალოს მონოლითი, პარტიული მმართველობა და ჯგუფი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას.

დასანქცირებამ გააჩინა განცდა, რომ ამერიკელები სწორად აფასებენ ვითარებას: ქვეყანაში იმდენად ძლიერია პარტიული მმართველობა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ უკვე შიდა ძალებს და სამოქალაქო მოძრაობას არ აქვთ რესურსი, ამას მოერიონ, ამიტომ გარედან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ოცნება“ აუცილებლად იტყვის, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ასე შემდეგ, მაგრამ ასე არ არის. როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები გეხმარება, მათ შორის, სასამართლო რეფორმაში და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ შენ გქონდეს სახელმწიფო, ეს უკვე გლობალური საკითხია. კორუფცია არის გლობალური საკითხი. კორუფცია ანგრევს როგორც სახელმწიფოს, ასევე ქმნის საერთაშორისო პრობლემებს. ამიტომაც სწორია, რომ ზუსტად კორუფციის საფუძვლით დაასანქცირეს ეს ადამიანები.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს მესიჯი. რა თქმა უნდა, როდესაც დემოკრატიას ქვეყნის შიგნით ექმნება საფრთხე, ეს არ არის ქვეყნის შიდა საკითხი. შეიძლება, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს ეს შედარება, მაგრამ როგორც ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე, ასევეა კორუფცია: კორუფცია და სახელმწიფოს ნგრევა არ არის სახელმწიფოს შიდა საქმე. ეს არის გლობალური, დემოკრატიული სახელმწიფოების საქმე. არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ დემოკრატიული სამყარო დგას საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების გვერდით, რაც დაადასტურეს კიდეც ამ სანქცირებით.

თუ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს ვითარების გამოსასწორებლად, რაზეც უთითებს, როგორც ევროკავშირი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები, ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, ეს სანქციები გაგრძელდეს.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ მოცემულობაში რამდენად აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას იმის შანსი, რომ სანქციებს გვერდი აუაროს? 

არ აქვს ამის შანსი „ქართულ ოცნებას“. თუ გვერდის ავლას დაიწყებს, ჩვენმა მოქალაქეებმა მას აჩვენეს, რომ ევროპა მათი არჩევანია.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავის ადგილზე იმუშაოს ისევე, როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ყველამ საკუთარ თავთან უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი პასუხისმგებლობა. ამიტომაც, შემთხვევით არ დამიწერია მე მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ. იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებიც დასანქცირდნენ, არიან მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულნი.

ამიტომაც, მოსამართლეთა კონფერენციის თითოეულმა წევრმა, თითოეულმა მოსამართლემ, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და იმსჯელონ, როგორ გაიწვიონ ესენი უკან. მოსამართლეებმა ინდივიდუალურად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რადგან არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის.

  • თუ სასამართლოს კლანი მართავს, რამდენად რეალურია ეს მოლოდინი, რომ რიგითმა მოსამართლეებმა კონფერენციაზე სახლში გაუშვან, მაგალითად, ლევან მურუსიძე? 

მოსამართლეთა კონფერენციას ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა, მას თავისი მოწვევის წესი აქვს და უნდა მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა.

ახლა ეს არის სასიცოცხლო საკითხი, თუ უნდათ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეები გადარჩნენ, მათ უნდა ჰქონდეთ ამაზე მყისიერი რეაგირება. ეს ჩემი მოსაზრებაა, თორემ მათი ხელმძღვანელი მე არ ვარ. ვფიქრობ, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ რისკების წინაშე, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დგას ახლა, ისევე, როგორც რუსული კანონპროექტის შემთხვევაში ვიდექით. ჩვენ ვართ სახელმწიფო და გვაქვს ღირსება. როდესაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო გვეუბნება, რომ პრობლემები გვაქვს, ამაზე ჩვენ უნდა გვქონდეს რეაგირება.

  • თქვენ ითხოვთ ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში. შეუძლია თუ არა მსგავსი კომისიის შექმნა ოპოზიციას და რა ძალა ექნება საგამოძიებო კომისიის დასკვნას?

ვფიქრობ, ეს მოთხოვნა უნდა დავაყენოთ რაც შეიძლება სწრაფად. საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით უკვე ინიცირებულია, ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას ეს კომისია. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნებაც“, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ჯამურად აქვს კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა. პარლამენტის ნებისმიერი წევრი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ მისცემს ხმას, იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე.

როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა.

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ამას სჭირდება სამართლებრივი გამყარება პარლამენტის მხრიდან. იგივე კონგრესმა აშშ-ში საგამოძიებო კომისია შექმნა და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე წაუყენეს ტრამპს ბრალი. პარლამენტმა უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია და იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

მირჩევნია, შეიქმნას ეს კომისია რიგგარეშე სხდომაზე, რადგან შემდეგ არის რელიგიური დღესასწაულები და ეს საკითხი გადაიწევს. თუ ეს არ გამოვა, პირველივე სხდომაზე შესაძლოა საკითხი დაისვას კენჭისყრაზე. შემდეგ უნდა შეიკრიბოს კომისია და დაიწყოს მუშაობა.

მე მურუსიძეს და ჩინჩალაძეს მოვუწოდებ, საკუთარი ნებით წავიდნენ სასამართლოდან, თუ ოდნავ მაინც შეუძლიათ დაუმტკიცონ ამ ქვეყანას, რომ არ შეაფერხებენ მის განვითარებას.

  • ბაბუაჩემსაც არ უვლია ამერიკაში, მაგრამ უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანიაო, ეს თქვა ლევან მურუსიძემ. უშვებთ, რომ შესაძლოა, ეს მოსამართლეები თავისი სურვილით წავიდნენ სისტემიდან?   

ვფიქრობ, რომ ის ძალიან ღელავდა და ეტყობოდა ხმაზე. მას აქვს დაფიქრების დრო და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მას შეუძლია თქვას, რომ არ შეაფერხებს ამ ქვეყნის განვითარებას და შეინარჩუნოს მოქალაქის სახელი, მიუხედავად ყველა მისი ცოდვისა, რაც აქვს გაკეთებული.

  • საგამოძიებო კომისია თუ იმუშავებს, ეს რა შანსს აჩენს, რომ სახელმწიფომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როცა მოსამართლეებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი კორუფციაში ამხელს? 

საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის იურიდიული დოკუმენტი. კომისია დადებს დასკვნას არამხოლოდ ამ ოთხ პერსონაზე, არამედ იმაზე, რა პრობლემებია სასამართლო სისტემაში. აქამდე ამაზე საუბრობდნენ და იკვლევდნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, ამჯერად მთავარია, რომ პარლამენტის მიერ იქნას გამოძიებული და გაფორმებული ის, რაც ხდება სასამართლო სისტემაში.

პროკურატურამ გამოძიება ამ კომისიის გარეშეც უნდა დაიწყოს, მაგრამ აღვნიშნე, რომ ჩვენ, ყველამ, უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში. თუ ხელისუფლება ისევ შეეცდება, რომ თავისი გაიტანოს, მაშინ მოქალაქეებს მოვუწოდებთ ისევ პროტესტისკენ.

  • რა ჩანს „ქართული ოცნების“ რეაქციით – აპირებენ ამ სანქციის გათვალისწინებას? 

მხოლოდ ამ დრომდე განცხადებებით ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ეს არის შიდა მოხმარების, პოლიტიკური განცხადებები. რაც შეეხება დანარჩენს, ვნახავთ, რადგან ახალი ამბავია და ჯერ ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია.

  • თქვენი აზრით, სასამართლო სისტემის შიგნით რას შეცვლის ეს სანქცია? მაგალითად, ლევან მურუსიძე აქამდე ამბობდა, რომ ლიდერია, ხოლო დღეს უკვე აშშ ეუბნება, რომ კორუფციაშია ჩართული და ამერიკაში აღარ შეუშვებენ.

ეს ყველა შემთხვევაში შეიტანს არეულობას სასამართლო სისტემაში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევა, რომ იმსჯელონ: გადაყვნენ ამ ოთხ მოსამართლეს, თუ უღირთ, წავიდნენ სასამართლოს რეალურ რეფორმაზე.

გასულ წელს 814-მა მოსწავლემ კლასი ვერ დაძლია

2021-2022 სასწავლო წელს ანუ შარშან 814-მა მოსწავლემ ვერ დაძლია კლასი. მათ შორის იყო 21 პირველკლასელი და 51 მოსწავლე მეორედან მეხუთე კლასის ჩათვლით.

კლასი ვერ დაძლია ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკლასო მასალა ვერ დაძლია 742-მა უფროსკლასელმაც.

  • მეცხრე კლასი – 230 მოსწავლე
  • მეათე კლასი – 146 მოსწავლე
  • მეთერთმეტე კლასი – 116 მოსწავლე 
  • მეთორმეტე კლასი – 81 მოსწავლე

„ბათუმელებმა“ მოსწავლეების მხრიდან კლასის ვერდაძლევის მონაცემები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.

სასკოლო მასალის ვერდაძლევის ტენდენცია მზარდია პანდემიის ანუ 2019-2020 სასწავლო და 2020-2021 სასწავლო წლებში.

მაგალითად, თუ პანდემიის პირველ წელს – 2020-ში, სასკოლო მასალა ვერ დაძლია 14-მა პირველკლასელმა, მომდევნო სასწავლო წელს ეს რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

2020-2021-2022 სასწავლო წლებში კლასი მთლიანობაში ვერ დაძლია 1762-მა მოსწავლემ სხვადასხვა ეტაპზე.

  • 2019-2020 წელი – 414 მოსწავლე
  • 2020-2021 – 534 მოსწავლე
  • 2021-2022 – 814 მოსწავლე

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოგვწერეს, მათთვის უცნობია, რა იყო კლასის ვერ დაძლევის მიზეზი მოსწავლეების მხრიდან, რადგან მსგავს ინფორმაციას აღნიშნული უწყება არ აწარმოებს.

შესაბამისად, უცნობია რაზე დაყრდნობით მუშაობს სასკოლო დანაკარგების აღმოფხვრაზე განათლების სამინისტრო ან საერთოდ მუშაობს თუ არა.

რატომ იზრდება კლასის ვერდაძლევის მაჩვენებელი, ამ კითხვით „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს მიმართა.  განათლების სამინისტროს პრესსამსახურიდან გვიპასუხეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი „ასე უბრალოდ, არ გამოვა“.

„ყველა შემთხვევა სათითაოდ უნდა განიხილონ და შეაჯამონ, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს ბევრნაირი.  რადგან ეს ინფორმაცია დასამუშავებელია, საჭიროა ოფიციალურად მოგვმართოთ“- გვეუბნებიან პრესსამსახურში.  რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს  აღნიშნული პრობლემა არ უკვლევია.

პანდემიის პერიოდში წარმოშობილი სასკოლო დანაკარგების თემაზე „განათლების კოალიცია“ მუშაობდა. რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ამ კითხვაზე ვერც მათ მიიღეს სამინისტროსგან პასუხი.

„იმ პერიოდში, როცა ამ თემაზე აქტიური იყო დისკუსია, ჩვენც ვაყენებდით საკითხს, რომ პროგრამა გაკეთებულიყო მედიაციის კუთხით, თუმცა მაშინ ითქვა, რომ შეისწავლიდნენ სასკოლო დანაკარგებს.

ამის შემდეგ გაკეთდა ჩანაწერი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში, თუმცა ამ ჩანაწერის იქეთ, დაიწყო თუ არა მუშაობა და გაკეთდა თუ არა რაიმე ინტერვენცია, ინფორმაცია არ გვაქვს, ასეთი კვლევა არსად გვინახია. შესაძლოა რაიმე კეთდება და ჩვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია“, – ამბობს ირინა ხანთაძე, „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირედი კლებაა ექსტერნის გამოცდებზე.

2020 წელს ექსტერნის გამოცდაზე 941 მეთორმეტეკლასელი დარეგისტრირდა, მომდენო წელს – 909, გასულ წელს კი – 918.

სხვა კლასების მონაცემებს განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი არ აწარმოებს.

ექსტერნის გამოცდაზე მოსწავლე იმ შემთხვევაში რეგისტრირდება, თუ კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30 პროცენტი აქვს გაცდენილი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გამოცდაზე დარეგისტრირებული მოსწავლეები რაღაც მიზეზით გაკვეთილებსაც არ ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 12 792-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, მათ შორის, უმრავლესობამ – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასის მიღწევამდე შეწყვიტა სწავლა.

სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად მშობლის მიერ განცხადების დაწერაა მითითებული ანგარიშში, ასევე, სკოლის გაცდენა. მიზეზებს შორის სახელდება „მუშაობის დაწყებაც“.

თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

დღეს, 6 აპრილს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი საქმე ჯერ არ განუხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიიღო – „თამაზ ბაკურიძე გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან“.

თამაზ ბაკურიძე დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს.

თამაზ ბაკურიძის თქმით, მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს.

მოსამართლემ ამ საქმის განხილვა 24 აპრილამდე გადადო იმ მოტივით, რომ მხარეებმა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის დრო ითხოვეს.

თამაზ ბაკურიძე უპრეცედენტოდ მცირე დროში, დაკავებისთანავე წარადგინეს სასამართლოში და სასამართლო პროცესიც მალევე დაიწყო – თამაზ ბაკურიძის დაკავების შემდეგ, „ოცნების ქალაქმა“ სასამართლოსთან აქცია დააანონსა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვა სწრაფად დაიწყო, ბათუმის სასამართლომდე მისვლა „ოცნების ქალაქიდან“ რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ მაინც მოახერხა. დიდმა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო – საქმის განხილვა მცირე დარბაზში გაიმართა.

თამაზ ბაკურიძე

 

აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა

დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავა.

აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. „ვის აკავებთ თქვენ“, – ისმის ვიდეოში თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რა დროსაც მისი ტელეფონი ითიშება.

თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია.

გამოსახლების პროცესი დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე აძვრა და ბენზინი გადაისხა. ამან იქ შეკრებილი მოქალაქეები ააღელვა და შეამტვრიეს ეზოს ჭიშკარი, სადაც აღსრულების პოლიციელები იყვნენ. პოლიცია იძულებული გახდა აღსრულება დროებით შეეჩერებინა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელსაც თამაზ ბაკურიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, ჩანს, რომ თამაზ ბაკურიძე პოლიციელებს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

აღსრულების ბიუროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საქმის შესახებ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვაწვდიან. აღსრულების ბიუროს პრესცენტრში ამ დრომდე ვერ გვითხრეს, რის გამო დააკავეს თამაზ ბაკურიძე.

აღსრულების ბიუროს პრესცენტრში განმარტეს, რომ თამაზ ბაკურიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. რაც შეეხება გამოსახლებას, პროცესი გრძელდება. აქვე აღნიშნეს, რომ კრედიტორი 6 თვე არ გაასხვისებს სახლს, საიდანაც ახლა ოჯახს ასახლებენ. აღსრულების პროცესი ამ კონკრტულ საქმეზე 2017 წელს დაიწყო.

 

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები დედა-შვილი სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა ხელვაჩაურში, სოფელ აგარაში მცხოვრები მარტოხელა დედა, რომელიც 6 წლის შვილთან ერთად მიტოვებულ შენობაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.

ქალის შესახებ სიუჟეტი TV25-მა მოამზადა გასული კვირის ბოლოს.

სიუჟეტის თანახმად, 47 წლის მარინა დრუზიკი შვილთან, 6 წლის გიორგისთან ერთად, მძიმე პირობებში ცხოვრობდა. იგი რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა, შესაბამისად, ვერ იღებდა სახელმწიფო დახმარების ვერც ერთ სერვისს.

დედა-შვილის ისტორიას სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე მოქალაქე სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ ჩავიდა ადგილზე, რათა ქალისთვის პროდუქტები ჩაეტანათ, დაიგეგმა საქველმოქმედო აქციები სხვადასხვა ჯგუფის მიერ.

ამჟამად ქალი შვილთან ერთად თავშესაფარში იმყოფება – ინფორმაცია „ბათუმელებს“ ზრუნვის სააგენტოში დაუდასტურეს.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობს ამ ქალისა და ბავშვის შემთხვევაზე, ეწევა სათანადო მომსახურებას, მათ შორის დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სოციალური მუშაობის მიმართულებითაც.

ამ ეტაპზე ბავშვის და დედის უსაფრთხოება დაცულია, იმყოფებიან თავშესაფარში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

___________________

ფოტოზე: მარინა დრუზიკი შვილთან ერთად და ქოხი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ფოტო: თეონა ყურშუბაძე

 

PERSIL-ის, ARIEL-ის და სხვა სარეცხი ფხვნილების გაყალბებისთვის 3 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში, მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების PERSIL-ს, ARIEL-ს, ABC-ს, TIDE-ს, BINGO-ს, OMO-ს, AMO-ს და SAVEX-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში, 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება“ – აცხადებს სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

დასაქმებულ ომის ვეტერანებს 100-ლარიან პენსიას უხსნიან – „მარტო ავტობუსია უფასო“

„მხოლოდ ავტობუსით მგზავრობაა ჩვენთვის უფასო,“ – ამბობს ომის ვეტერანი, რამაზ ბერიძე. ის 43 წლისაა და სამხედრო სამსახურის საშუალება მას შემდეგ აღარ აქვს, როცა ავღანეთში, 2013 წელს, ერთ-ერთი სამშვიდობო მისიის დროს ნაღმზე აფეთქდა.

რამაზ ბერიძე ერთ-ერთია ომის ვეტერანებს შორის, რომელსაც საჯარო სექტორში დასაქმების გამო 100-ლარიანი დახმარება მოუხსნეს – 2022 წლის იანვრიდან ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, ამავე დროს, გაზრდილ პენსიას ვეღარ იღებენ ის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სექტორში მუშაობენ.

სამართლებრივ ნორმას, რომელიც ამ რეგულაციას აწესებს, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ის მიიჩნევს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის დათქმას: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.

ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 6 მარტს მიმართა.

„100 ლარი არაფერია დღევანდელ ფასებთან შედარებით, ისე გაძვირდა ცხოვრება, მაგრამ კომუნალურ გადასახადებს მაინც გადავიხდიდი,“ – გვიყვება რამაზ ბერიძე და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის სარჩელის მოთხოვნას ისიც უერთდება.

რამაზ ბერიძეს ნაღმზე აფეთქების შემდეგ სმენის პრობლემა აქვს – ნაღმზე აფეთქების დროს მარჯვენა ყურში სმენა დაკარგა, ამ დრომდე კი, მისთვის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი აპარატის მიწოდებაც ვერ მოახერხა:

„შედარებით იაფიანს მთავაზობდნენ, გარედან ჩანს, ეს არ მინდოდა. სხვანაირი ძვირი ჯდებაო და ვნახოთ. ჯერ არ მოუწოდებიათ, ველოდები,“ – ამბობს ომის ვეტერანი.

ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად ათწლიანი სამხედრო სამსახურის და 4 ომის შემდეგ“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში 2016 წელს წერდა „ბათუმელები“ რამაზ ბერიძის შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამაზ ბერიძე, როგორც სამოქალაქო პირი, დაასაქმეს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამსახურში.

„ჩემი ხელფასი ახალი წლიდან უკვე 1200 ლარია, მაგრამ ისე გაძვირდა ცხოვრება, რა უნდა იკმარო?“ – კითხულობს 4 ომის მონაწილე, რომელიც 2013 წელს NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა  სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

„ოჯახში მარტო მე ვარ დასაქმებული,“ – გვიყვება ომის ვეტერანი. – „2 შვილი მყავს, მეხუთე და მეექვსეკლასელები არიან, სკოლის საგნებში მომზადებაც ხომ უნდათ? 60-60 ლარს ვიხდი ინგლისურში.

ცეკვაც უნდოდათ წელს ძალიან, მაგრამ უარი ვუთხარი, არ გვყოფნის შემოსავალი.

სპორტზე და საცურაო აუზზე ხომ ზედმეტია საუბარი, ეს ფუფუნებაა,“ – უთხრა რამაზ ბერიძემ „ბათუმელებს“.

ჯერ უცნობია, განიხილავს თუ არა არსებითად საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს, რომელიც ომის ვეტერანების სახელით შეიტანა სახალხო დამცველმა.

„იმ პირთა წრის დიდი ნაწილისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სოციალური პაკეტის ბენეფიციარებს, ვეტერანის სტატუსი მოპოვება დამოკიდებულია საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილებაზე,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სარჩელში. – „ამგვარ აქტივობებს კი ყოველთვის თან ახლავს ბუნებრივი ტკივილის გამოწვევისა და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის განცდის ფაქტორები.

შესაბამისად, სახელმწიფოს მიზანს [მადლიერების ჟესტის გამოხატვის კონტექსტში] აგრეთვე წარმოადგენს ვეტერანთათვის, გარკვეული სოციალური დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფის გზით, კმაყოფილების განცდის შექმნა, რომელიც, მართალია, სიმბოლურად, თუმცა მაინც, მიზნად ისახავს მათ მიერ განცდილი ნეგატიური ემოციური, ფსიქიკური თუ ფიზიკური განცდების დაბალანსებას…“

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მსგავსი სოციალური პაკეტის მიზანი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტად სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულების ხაზგასმაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იცავენ სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

„…ცხადია, რომ ამგვარი ღონისძიებები არ ისახავს მიზნად ვეტერანებისთვის ფინანსური ან სხვაგვარი დახმარების მინიჭებას და ისინი არ ახდენენ გავლენას პირის საჭიროებასა თუ მატერიალურ მდგომარეობაზე, არამედ მათი მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩვენება იმ პირთა მიმართ, რომელთაც დაიცვეს სახელმწიფო სუვერენიტეტი და შეასრულეს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს დაცვის ვალდებულება“, ან მიუძღვით სხვაგვარი ისტორიული წვლილი თანამედროვე დასავლური ღირებულებების პირადად დაცვაში და მეორე მხრივ, მომავალი/მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მოტივაციის ამაღლება მათი საქმიანობისთვის სპეციალური, გამოკვეთილი სტატუსის მინიჭების სახით,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

ომის ვეტერანებს 100-ლარიანი დახმარება არ უწყდებათ კერძო სექტორში დასაქმების შემთხვევაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომაც პრობლემაა, რადგან მიდგომა დისკრიმინაციულია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 176 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 390]
  • ტანკი – 3 631 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 013 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 714 ერთეული [+7]
  • MLRS – 532 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 281 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 292 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 287 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 574 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 302 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 684 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 554 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 515 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 319 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოდოლიაკი ყირიმის დაბრუნების გეგმას და დეოკუპაციის პირობებს აცხადებს

შეიძლება წამალს დავაყოლოთ წვენი? გავხსნათ კაფსულა? – რა უნდა ვიცოდეთ წამლის მიღებაზე

მედიკამენტების არასწორად მიღება ან გარკვეული წამლების შერევა შეიძლება სახიფათოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს უსაფრთხოების წესებზე, რომლებიც წამლების მოხმარებას უკავშირდება, მათ შორის: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს კაფსულის გახსნამ და ზოგიერთი ტაბლეტის გაყოფამ.

  • ქალბატონო დიანა, რამდენად უსაფრთხოა წამლის კაფსულის გახსნა და შიგთავსის ისე მიღება?

ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მედიკამენტს იმიტომ აქვს კაფსულა, რომ ის დაიშალოს არა კუჭში (მჟავა გარემოს ზემოქმედების შედეგად), არამედ გადავიდეს თორმეტგოჯა ნაწლავში და შემდეგ მოხდეს მისი დაშლა და ფილტრაცია წვრილ ნაწლავში. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული დრაჟეს ან კაფსულის ფორმის წამლის გახსნა და ისე მიღება.

თუ პრეპარატი იშლება კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად, ან გამაღიზიანებლად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, მაშინ ინიშნება სპეციალური ფორმით – კაფსულა/დრაჟე, რომელიც მხოლოდ წვრილ ნაწლავში იშლება.

თუ დროულად არ დავაყოლებთ წყალს და არ გადავყლაპავთ, წამალმა პირის ღრუშივე შეიძლება დაიწყოს ფერმენტების ზემოქმედების შედეგად დაშლა და შეწოვა.

კაფსულის გახსნისას ასევე შესაძლება დაირღვეს ზუსტი დოზირება შიგ მოთავსებული აქტიური ნივთიერებისა.

კაფსულის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ ეს დრაჟე ან კაფსულა ფარავს წამლის უსიამოვნო სუნს, ფერს [რაც ბავშვებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი] და არ აქვს კუჭის მჟავა გარემოს ზემოქმედებისგან დამცავი ფუნქცია.

იმ წამლის კაფსულის გახსნა, რომელიც უნდა გაიხსნას წვრილ ნაწლავში და არა კუჭში, იმოქმედებს მის ფარმაკოდინამიკასა [წამლის ორგანიზმზე ზემოქმედება] და ფარმაკოკინეტიკაზე [ნივთიერების შეწოვის, ორგანიზმში გადანაწილების, მეტაბოლიზმის და გამოყოფის საკითხები], შესაბამისად, მედიკამენტს ვერ ექნება ის მოქმედება, რაც გვჭირდება.

  • რა მნიშვნელობა აქვს წამლის მიღებას ჭამამდე და ჭამის შემდეგ?

ზოგიერთი მედიკამენტი ინიშნება ჭამამდე, ზოგიერთი – ჭამის შემდეგ. ამას ის განსაზღვრავს, რომ ზოგადად, ფიზიოლოგიურ შემთხვევაში, ცარიელ კუჭში არის მჟავა გარემო და თუ გვინდა, რომ ამ მჟავა გარემომ იმოქმედოს წამალზე და მისი ბიოშეღწევადობა უკეთესი იყოს, მაშინ წამალი ინიშნება ჭამამდე, ეს ნიშნავს წამლის მიღებას კვებამდე 1 საათით ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. 

მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც, თუ მშიერ კუჭზე მივიღეთ, გააღიზიანებენ კუჭს. ეს მედიკამენტები მიიღება ჭამის შემდეგ [საკვებთან ერთად], რადგან საკვები ნივთიერებით შესაძლებელია კუჭში ტუტე [მჟავას ქიმიური მოწინააღმდეგე] გარემოს შექმნა. წამლის ანოტაციაში ყოველთვის წერია, როდის არის უმჯობესი ამ კონკრეტული მედიკამენტის მიღება, საკვების გარეშე, თუ საკვებთან ერთად. 

  • რამდენად უსაფრთხოა წამალზე წყლის გარდა სხვა სითხის დაყოლება?

უნივერსალური სითხე, ყველაზე ნეიტრალური, ჩვენს ბუნებაში არის წყალი და აუცილებელია წამლის დალევა წყლის დაყოლებით.

რძემ, მინერალურმა წყალმა, წვენებმა (განსაკუთრებით ციტრუსების), შესაძლებელია შეცვალოს წამლის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა. წამალზე სხვა სითხეების დაყოლებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გვერდითი ეფექტების (რომელიც თითქმის ყველა მედიკამენტს აქვს) განვითარებას, ცხადია, მათ შორის, არის ალკოჰოლი, რომელიც ასევე ზემოქმედებს მედიკამენტის მიერ ორგანიზმში შეღწევადობაზე.

ზოგიერთი მედიკამენტის ანოტაციაში წერია, რომ მისი დალევა საჭიროა ერთ ჭიქა/ 200 მლ.წყალთან ერთად, რათა უფრო ადვილად მოხდეს ორგანიზმში შეწოვა და გადანაწილება.

  • შეიძლება თუ არა იმ ტაბლეტის გაყოფა, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი?

თუ წამალს აქვს გამყოფი, შესაძლებელია დოზის გაყოფა.

საქმე ის არის, რომ გარკვეული პათოლოგიის დროს, მოწოდებული არის კონკრეტული დოზით მკურნალობა, თუ გაყოფთ, იმ ეფექტს ვერ მივიღებთ, დაიკარგება, ანუ არასწორად მოხდება მისი კონცენრაცია სისხლში, სისხლის პლაზმაში და შესაბამისად, სამკურნალო ეფექტი საერთოდ წაიშლება. საერთოდ, მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე იმ მედიკამენტების გაყოფაც არ არის რეკომენდებული, რომელთაც აქვთ გამყოფი ხაზი.

Consumermedsafety: ზოგიერთი ტაბლეტი ძალიან პატარაა ან აქვს უჩვეულო ფორმა, ამიტომ მათი თანაბრად გაყოფა შეუძლებელია. სხვები დაფარულია ნივთიერებით, რომელიც ხელს უწყობს წამლის ნელა გამოთავისუფლებას. ასეთი ტაბლეტების გაყოფა ანადგურებს მის გარსს, რის გამოც შესაძლოა მოხდეს წამლის ძალიან სწრაფად შეწოვა.

კლივლენდის კლინიკა: კვლევამ აჩვენა, რომ გაყოფილი 8 აბიდან თითქმის 1 აბი მცირდება 20%-ზე მეტით.

  • რატომ ინახავენ წამლებს მაცივარში?

მითია, რომ წამლები მაცივარში უნდა ინახებოდეს.

არის წამლების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ინახება სამაცივრე პირობებში 2-8 გრადუსზე, ასეთია ინექციები, ინსულინი, მაგალითად, ან რექტალური სანთლები, დანარჩენი მედიკამენტები  უნდა შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას.

ზოგადად, მედიკამენტები კარგად შეიწოვენ სითხეს, ამიტომ უმჯობესია ნესტიან ადგილას ან ძალიან თბილ ადგილთან (მაგალითად, გაზქურის, გამათბობლის სიახლოვეს) ახლოს არ შევინახოთ.

აქვე საყურადღებოა ერთი დეტალი, რომელიც წამლის მოქმედების ვადას უკავშირდება. მაგალითად, შესაძლოა თვალის წვეთებს ეწეროს ვადა – 2023-დან 2026 წლამდე, მაგრამ თუ ეს წამალი შევიძინე, გავხსენი, გამოვიყენე, პირობითად ერთი კვირის განმავლობაში და მეტი აღარ მჭირდება, მისი მოხმარების ვადა მცირდება. ანუ წვეთების სახით წამლებს გახსნიდან 1-6 თვემდე მოქმედების ვადა გაუდით. ასევეა სუსპენზიები. ყველა ასეთ წამალს ანოტაციაში უწერია, გახსნიდან რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მათი გამოყენება.

რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ წამალი, რომელსაც შეეცვალა ფერი, ტექსტურა, სუნი და ა.შ.

შესაძლოა ნებისმიერ წამალს ჰქონდეს გვერდითი ეფექტი, ვთქვათ, 3 და 4 მედიკამენტის ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში, ეს გვერდითი ეფექტი შესაძლოა გაიზარდოს, ამიტომ აუცილებელია პაციენტმა მკაცრად დაიცვას რეცეპტში გაწერილი წესები, რომელი მედიკამენტი როგორ, რა ინტერვალით უნდა მიიღოს, რომ ერთმა მედიკამენტმა მეორე მედიკამენტზე არ იმოქმედოს – გამაძლიერებელი ეფექტი არ იქონიოს, ან პირიქით, მისი ეფექტურობა არ დათრგუნოს.

ასევე, პაციენტები ხშირად მიიჩნევენ, რომ ხალხური მედიცინით დამზადებული, ბალახეული საშუალებები, მათი ბუნებრივი წარმოშობის გამო, უსაფრთხოა მედიკამენტების პარალელურად მისაღებად, თუმცა ეს ასე არ არის. პაციენტებმა ყოველთვის უნდა უთხრან ექიმს, ხომ არ იღებენ რაიმე ბალახეულ წამალს, რადგან ის შეიძლება დანამატად მიიჩნეოდეს და დანიშნულ წამალზე ზეგავლენა მოახდინოს. ნებისმიერი ბალახეული საშუალება იგივე მეტაბოლიზმის გზას გადის და შესაძლოა მან წამლის მოქმედება გააძლიეროს ან პირიქით, შეასუსტოს.

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 5 აპრილს, საღამოს, მოსკოვის ცენტრში, ზნამენკას ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.

„ტელეგრამზე“ გამოჩნდა ხანძრის ამსახველი პირველი კადრებიც.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

_____________

ფოტოზე: ხანძრის ამსახველი კადრები ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.

ბსუ-ს სტუდენტი – „გეპეის კორპუსში 2003 წელია“

19 წლის ილია აბულაძე ევროპისმცოდნეობას სწავლობს ბსუ-ში, ის მეორეკურსელია.

როგორც ილიამ გვითხრა, გასულ სემესტრებშიც და ახლაც, ლექცია-სემინარების ნაწილი იმ კორპუსში უტარდება, სადაც ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ და სადაც, ასევე, სტუდენტებს შუალედური და დასკვნითი გამოცდები უტარდებათ ელექტრონულად. ამ კორპუსს სტუდენტები მოიხსენიებენ როგორც „გეპეის“ [წლების განმავლობაში ამ შენობაში ტექნიკური უნივერსიტეტი მდებარეობდა, რომელსაც გეპეის უწოდებდნენ].

ილიამ ფეისბუქზე, უნივერსიტეტის ჯგუფში -„ბსუ 2023“-ში იმ დისკომფორტის შესახებ საჯაროდ დაწერა, რასაც „გეპეის“ კორპუსში სწავლისას აწყდება. მას „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.

  • ილია, კვირაში რამდენჯერ სწავლობთ „გეპეიში“?

ახლა უცხო ენებს ვსწავლობ „გეპეიში“, კვირაში ორჯერ.

ადრე სულ მიწევდა სირბილი. ჯერ ბსუ-ში მქონდა ლექცია/სემინარები და შემდეგ „გეპეიში“. ხშირად ვაგვიანებდი, განსაკუთრებით წვიმაში, როცა აგვიანებდა ავტობუსი და ა.შ.

ახლა ისე დალაგდა, რომ იმდენად სირბილი აღარ მიწევს. ამ სემესტრში ინგლისურსა და გერმანულს გავდივარ „გეპეიში“. მთელი დღე ერთ სივრცეში ვსწავლობთ მხოლოდ და ასე უკეთესია.

  • რა გიქმნით დისკომფორტს „გეპეიში“?

შესაძლოა, უხეში შედარება იყოს, მაგრამ „გეპეიში“ 2003 წელია და ბსუ-ს მთავარ კორპუსებში – 2023 წელი.

აქაური აუდიტორიები ხმის გამტარია, რაც არ მომწონს. რთულია მეცადინეობაც. პრაქტიკულად ვერსად ვნახე სამეცადინო ადგილი.

ახლახან ასეთი შემთხვევა მქონდა – ლექტორი კაბინეტიდან გამოვიდა, დერეფანში მიმოდიოდა და მობილურზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი საქმე, მე კი ძალიან კარგად მესმოდა, რაზეც საუბრობდა ხმის მაღალი ტემბრის გამო. მეც მიშლიდა ხელს მეცადინეობაში, უცხო ენაში სიტყვებს ვიმეორებდი და თან იქვე ლექცია მიმდინარეობდა, რომელსაც ასევე შეუშალა ხელი, ჩახუთულობის გამო ღია ჰქონდათ აუდიტორიის კარი.

ვთხოვე, რომ ხმადაბლა ესაუბრა ან სხვა სართულზე გადასულიყო. ავუხსენი, რომ ხელს მიშლიდა მეცადინეობაში და იქვე მიმდინარე ლექციასაც აფერხებდა. აუდიტორიის კარები დახურა, სადაც ლექცია მიმდინარეობდა და მითხრა – „შენ იცი მე ვინ ვარ?“ ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამ სივრცეში ყველანი თანაბრები ვართ. ლექციაზე შედიო, მითხრა. ვუხსნიდი, რომ ეს არ იყო ჩემი ლექცია და ვმეცადინეობდი, ის კი ჯიუტად მიმეორებდა -„ლექციაზე შედი“.

ამ ლექტორთან ურთიერთობისას, როცა მითხრა – „შენ იცი მე ვინ ვარ“, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძველ დროში დავბრუნდით, სადაც გლეხი და თავადი ეურთიერთობოდა ერთმანეთს. ეს, ბუნებრივია, არ მესიამოვნა.

  • არის კიდევ რაიმე, რაც გაწუხებთ „გეპეიში“?

„გეპეის“ კორპუსი არ არის სრულად ადაპტირებული. შშმ პირებისთვის პანდუსი მხოლოდ პირველ სართულზეა. სხვაგან უკვე აღარ ვხვდებით პანდუსებს.

არავის მოსწონს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსიდან აქ გადმოსვლა, ან პირდაპირ აქ მოსვლა ლექცია-სემინარებზე, რადგან შესვენება როცა გაქვს, იქ [ბსუ-ს მთავარ კორპუსში] დალევ ყავას, იქვეა ბუფეტი და შეგიძლია წახემსებაც, რომ შემდეგ ლექციასა თუ სემინარზე მოცოცხლებული იყო.

  • თქვენი აზრით, სტუდენტები ყოველთვის აპროტესტებენ იმას, რაც არ მოსწონთ უნივერსიტეტში?

სტუდენტების მხრიდან გაპროტესტება ამა თუ იმ საკითხის, რომელიც აწუხებთ, იშვიათია.

საუნივერსიტეტო საზოგადოება არ არის დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებითაც, რაც ცუდია და ცალსახად უნივერსიტეტის ბრალიცაა.

ვფიქრობ, უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს და შექმნას ისეთი ინფორმაციული წყარო, რაც ყოველდღიურ ამბებს გააგებინებს სტუდენტებს. მე მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიცლი ამისთვის და თანაც, რთულია ისეთი მეწყვილე იპოვო, რომელიც დაგეხმარება რაიმე საკითხის დამუშავებაში.

  • რისი შეცვლა გინდათ უნივერსიტეტში?

ვისურვებდი, რომ ბსუ-ში ყველა ლექტორს სათანადო დამოკიდებულება ჰქონდეს ნებისმიერი საკითხის მიმართ, ეს იქნება უნივერსიტეტში არჩევნები, მიმდინარე მოვლენები თუ პოლიტიკა.

ძალიან ცოტა ლექტორი უდგება სტუდენტს ისე, როგორც საჭიროა. ბევრი ლექტორი იკავებს თავს სიტუაციების შეფასებისგან ზოგადად და არ სურს, რომ „სახელი გაიფუჭოს“ ვიღაცასთან, მაგრამ არ ვიცი, ვისთან.

ვერ ვხედავ რექტორის განცხადებებსაც, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ყველა სტუდენტმა უნდა მოუწოდოს რექტორს, გამოხატოს საკუთარი და უნივერსიტეტის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გადამწყვეტია საგანმანათლებლო სივრცეში.

ვისურვებდი, ბსუ-ს სათანადო თვითმმართველობას, რომელმაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ გაიტეხა სახელი, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე დუმილისას.

როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებზე – 12 და 7 წლის ძმებზე, დედაზე, შშმ მამასა და ბებიაზე გვესაუბრება – ადამიანებზე, ვისზეც ყოველდღიურად უწევს ზრუნვა.

გვიყვება, როგორ მიჰყავს სკოლაში თავისი პატარა ძმა ნიკოლოზი, შემდეგ კი უკან მოჰყავს, როგორ ალაგებს – „სტუმარი რომ მოვიდეს, ბინძურ სახლს ხომ არ დაახვედრებ?“ გვიყვება უსინათლო მამაზე, რომელსაც საჭმელს უმზადებს, „ზოგჯერ დედაა ავად და უნდა მივხედო, ბებიასაც ვეხმარები თავის მოვლაში“, არის დღეები, როცა ბაზარში დგას და დედას თევზის გაწმენდაში ეხმარება.

დედა ბათუმის თევზის ბაზარში მუშაობს – ბაზარს ალაგებს და თევზს წმენდს.

მისთვის ის დღე ითვლება კარგ დღედ, როცა უფროსი ძმა სკოლიდან მოვა და დედას ეტყვის -„10-იანი მივიღე“, ხოლო ცუდია დღე, როცა დედა ავადაა.

„საკუთარ თავზე ნაკლებად ვფიქრობ, ჩემთვის დრო არ მრჩება, მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე. რთულია კი, ძალიან რთულია“, – გვეუბნება ვიქტორია, რომელიც დიდ სახლში პატარა დიასახლისად ქცეულა.

ოჯახს აგვისტოში კიდევ ერთი ბავშვი შეემატება და შვიდნი იქნებიან.

13 წლის ვიქტორიას ყველაზე დიდი ოცნება საკუთარი სახლია. „ერთი პატარა ქოხი“, სხვა ოცნებები არ ახსენდება.

„დამცინოდნენ, ციგანი ხარო“ – უსიამოვნო მოგონებები სკოლიდან

ცოტა ხნის წინ ექსტერნის გამოცდები ჩააბარა და სექტემბერში მერვე კლასში გააგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ ერთი წლით უფროსი იყო თანაკლასელებზე, რადგან სკოლაში გვიან შევიდა. კლასში თითქოს მეგობრებიც ჰყავდა, თუმცა საერთო ენას მაინც ვერ პოულობდა.

„როცა რაიმეში მადანაშაულებდნენ, არავინ მესარჩლებოდა“, – ამბობს ვიქტორია.

მას ჩხუბის მიზეზზეც ვკითხეთ.

„ყელში ამომივიდა, რადგან პირველი კლასიდან სულ მამცირებდნენ, ციგანს მეძახდნენ, რადგან მამა ბოშა მყავს. ამიტომ ხშირად მიწევდა ჩხუბი.

ჭორაობდნენ, რადგან ტანსაცმელი, ჩემი სახლი არ მაქვს, ხშირად რვეულის და კალმის გარეშეც მივდივარ სკოლაში და რაღაცები არ მაქვს, მაგის გამო შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მამცირებდნენ. პირველიდან მეექვსემდე ასე ვიყავი სულ, ამიტომ არ მინდოდა სკოლაში სიარული.

ვფიქრობ, სკოლაში უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ რადგან მისი თანაკლასელი ღარიბია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაამცირო. არავინ იცის, ხვალ ვინ რა დღეში იქნება და მეც მასე უნდა დავამცირო?“ – ამბობს ვიქტორია.

ექსკურსიაზე სკოლიდან არასდროს ყოფილა, რადგან ამბობს, რომ ამის ფული, 20 ლარი არ ჰქონდა. „ეს რომ მქონოდა, საჭმელს ვიყიდდი მაგ ფულით.“ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბავშვთა დღის ცენტრიდან გელათის მოსანახულებლად წაიყვანეს.

ვიქტორია ჯაში (სეიტო)

ამის მიუხედავად, მაინც ცდილობს არ მიატოვოს სკოლა და დასრულება შეძლოს.

„სწავლა მინდა, განათლებული რომ გამოვიდე. რომ გავიზრდები, მინდა ჩემს ოჯახს კარგად მოვუარო, რომ არავინ დაამციროს ჩემი ძმები და არ თქვან, ეს გოგო ცუდი ოჯახისშვილიაო“, – გვეუბნება ვიქტორია.

ექიმობა ან იურისტობა მოსწონს, თუმცა არ იცის, რამდენად გამოუვა. „ისტორიას და რუსულს კარგად ვსწავლობ, ინგლისური არ ვიცი. ივრითის შესწავლა მინდა, მომწონს ეს ენა. ბაზარში ხშირად მოდიან ხოლმე ებრაელები და რაღაც სიტყვები ვიცი. ძალიან მინდა ვისწავლო ეს ენა და ისრაელში წავიდე“, – გვეუბნება ის.

საოჯახო საქმეების და ძმებზე ზრუნვის გარდა ვიქტორია დედას თევზის ბაზარშიც დაჰყვება და გასაყიდ თევზს წმენდს. ერთი კილოგრამი თევზის გაწმენდაში 1 ლარს უხდიან. ზაფხულში თევზის რესტორანთან დგანან ის და მისი ძმა და კლიენტებს ეპატიჟებიან.

„რესტორანში უფრო მეტს გვიხდიან, 4 ლარს, თუმცა უფრო ხშირად ბაზარში გვიწევს მუშაობა“, – ამბობს ვიქტორია.

თითქოს ყველაფერი მეორდება – ქუჩაში ცხოვრება და ტომრებზე ძილი

მაკა ჯაში ვიქტორიას დედაა. 19 წლის იყო, როცა ბაჩუკი სეიტოს გაჰყვა ცოლად. მაშინ სამეგრელოში ცხოვრობდნენ.  საკუთარი სახლი არც მის მეუღლეს ჰქონდა, ამიტომ საცხოვრებლად ბათუმში დაბრუნდნენ.

„დედა 36 წლის ასაკში დაქვრივდა და ჩემს ძმასთან ერთად, გურიაში ვცხოვრობდით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მე და ჩემი ძმაც წამოგვიყვანა.

აქ გავიზარდეთ, თუმცა ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა. ქუჩა-ქუჩა, ნაქირავებიდან-ნაქირავებში ვიყავით. ზოგჯერ ტომრებზე გვეძინა. დედამ რამდენჯერმე თავის მოწამვლაც კი სცადა, რადგან ისეთი დღეებიც იყო, როცა ჩვენთვის საჭმელი არ ჰქონდა.

შემდეგ „სანდასუფთავებაში“ დაიწყო მეეზოვედ მუშაობა. მე და ჩემი ძმა დილით სამ საათზე ვდგებოდით მასთან ერთად და ქუჩებს ვხვეტდით. 10-12 წლის ვიყავით მაშინ. ჩაი და პური იყო ჩვენი საკვები. სკოლაში წესიერად არც კი მივლია, ვერ მივიღე განათლება.

როცა ჩემი ძმა ავარიაში დაიღუპა, დედამ ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა. არავინ ჰყავდა დამხმარე და მე მიწევდა მასზე ზრუნვა“, – გვიყვება მაკა ჯაში.

მაკა ჯაში შვილთან, ვიქტორიასთან ერთად

მაკა ამბობს, რომ მისი ცხოვრება თითქოს მის შვილებში მეორდება, რადგან მათაც სიღარიბეში ცხოვრება ერგოთ.

„ამ სახლში, ხედავთ როგორი ნესტიანი და არაკომფორტულია, ორი ოჯახი ვცხოვრობთ და 500 ლარს ვიხდით. ყველაფერი საერთოა. მეც და ჩემი შვილებიც საკუთარ ბინაზე ვოცნებობთ. ოღონდ ჩვენი იყოს და თუნდაც ქოხი იყოს. არც საბინაო პოლიტიკა არსებობს.

სოციალური სახლი რომ ააშენა მერიამ, მაგაზე განცხადება დავწერე, რომ მოეცათ, მაგრამ პასუხიც კი არ გამცეს. ის, რომ მე და ჩემი შვილები უსახლკაროდ ვართ, ხელისუფლების ბრალია, რადგან არ გრძნობენ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობას, არავის აინტერესებს.

მათ ყველაფერი აქვთ, თავიანთი შვილებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ, არც განათლება აკლიათ, ყველაფერი აქვთ – ბინაც და მიწაც, ჩვენ კი არაფერი.

ყველაზე დიდი პრობლემა უბინაობაა, სხვა ყველაფერს მოაგვარებ ადამიანი. იცით, როგორ გაძვირდა ცხოვრება, ფასები ბინებზე ყოველდღე იწევს, ხვალ რომ ამ სახლიდანაც გამიშვან, არ ვიცი, სად უნდა წავიდე. ალბათ ზღვისპირას მოგვიწევს ღამის გათევა. ეს უსამართლობაა, ასე არ უნდა ხდებოდეს.

სამაგიეროდ, „რუსული კანონისთვის“ მოიცალეს.  უნდათ, რომ რუსების მონები გავხდეთ? ეს არის კარგი? საერთოდ, არ მაქვს განცდა, რომ ეს ხელისუფლება ჩვენზე, როგორც ადამიანებზე, ფიქრობს“, – ამბობს მაკა.

მაკა ჯაში ოჯახთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს

ოჯახის სოციალური დახმარება 700 ლარია, თუმცა მაკა ამბობს, რომ შვიდსულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ არის.

„აგვისტოში მეოთხე შვილს ველოდები. ჩემი მეუღლე შშმ პირია და მხოლოდ პენსიაა მისი შემოსავალი, სხვა დახმარება არ შეუძლია.

სოციალური 21 რიცხვში ირიცხება და მანამდე ხომ გვინდა არსებობა. მესმის, რომ რთულია ჩვენი ცხოვრება, რთულია ვიქტორიას ცხოვრებაც, რადგან სახლში შრომაც უწევს, მაგრამ მე რომ სახლიდან არ გავიდე, მშიერი ვიქნებით“, – გვეუბნება მაკა ჯაში.

ჩვენი საუბრის ბოლო სიტყვები ისევ სახლს უკავშირდება. „მხოლოდ სახლს ვთხოვთ ხელისუფლებას, მეტს ხომ არაფერს“, – ამბობს დედა-შვილი.

ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

1937 წლის დეკემბრის დილას მაჭახლის ხეობაში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ხაფიზ ძნელაძეს მუხლები ასტკივდა. აიჩემა, ქალაქში უნდა წავიდე ექიმთანო. ქალაქში მიმავალ ხაფიზს გზად მოხუცი მეზობელი შეხვდა. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო ბათუმში მიდიოდა, უთხოვია არ წახვიდე დღეს, აჭარისწყალზე ჯარისკაცები დგანან, ხალხს იჭერენ და შენც არ წაგიყვანონო.

ხაფიზმა არ დაუჯერა. ჩემთან ვის რა ხელი აქვს, გლეხი კაცი ვარო და წავიდა.

დეკემბრის იმ დილის შემდეგ ხაფიზი ცოცხალი აღარავის უნახავს. 8 ათეული წელი მისი გაქრობის ამბავი ბურუსით იყო მოცული. ერთხანს ციმბირში გადასახლებულიც კი ეგონათ.

ხაფიზ ძნელაძის გაქრობიდან 80 წლის შემდეგ მისი შვილი, შოთა ძნელაძე, თავადაც უკვე ასაკში შესული, თბილისის ერთ-ერთი მეტროსადგურის ჩასასვლელში გახსნის წერილს, საიდანაც შეიტყობს, რომ მამამისი, ხაფიზ ძნელაძე, 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრიტეს.

ხაფიზის დახვრეტიდან 85 წლის შემდეგ კი ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხისპირას, საერთო სამარხს გახსნიან, სადაც  უდანაშაულოდ დახვრეტილი 28 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდება. ზურგს უკან ხელებშეკრული, კეფაში ერთი ან ორი ტყვიის სროლით რომ დახვრიტეს.

დნმ კვლევის ფურცელი, რომლითაც ხაფიზ ძნელაძის ნეშტის მის შთამომავლებთან კავშირი დადასტურდა

ხაფიზ ძნელაძის ნეშტი 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა მე-5 სამარხში აღმოაჩინეს.

რეპრესირებულთა სამარხები, რომლებიც ხელვაჩაურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს, პირველად 2017 წელს გახსნეს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობით. სამარხების გახსნას იღუმენია სიდონია და ეთერ მახარაძე კურირებდნენ.

პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტებიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დნმ-ის ნიმუშები აიღო სამომავლოდ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. მათი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

რაც შეეხება მეხუთე სამარხს, ის გახსნეს/შეისწავლეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით. სამარხი საორგანიზაციო გუნდმა ყველა წესის დაცვით გახსნა, დოკუმენტურად აღწერა, მოძებნეს სამარხში აღმოჩენილი ნეშტების სავარაუდო ნათესავები, აიღეს მათგან დნმ ნიმუშები, ჩაატარეს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევები (1 დნმ ნიმუშის კვლევა დაახლოებით 3 ათასი ლარი ღირს) და შედეგად სამი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა.

ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

ერთ-ერთი იდენტიფიცირებული რეპრესირებულის, ხასან დიშლიოღლის შესახებ „ბათუმელებმა“ უკვე მოგითხროთ.

დღეს კი ხაფიზ ძნელაძის ისტორიას გიყვებით.

G5-0142 – ეს იმ ყუთის ნომერია, რომელშიც ხაფიზ ძნელაძის ნეშტია მოთავსებული და რომელი ყუთიც ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია დასვენებული სხვა ათობით არაიდენტიფიცირებული რეპრესირებულის ნეშტის გვერდით.

ხაფიზ ძნელაძის ისტორია მისმა შვილიშვილმა, უშანგი ძნელაძემ მოგვიყვა.

„5 წლის იყო მამაჩემი, მამიდაჩემი კი – 6 წლის, როდესაც ბაბუაჩემი, ხაფიზ ძნელაძე, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბაბუას სულ ეძებდა მამაჩემი, შოთა ძნელაძე, მაგრამ 5 წლის წინ გარდაიცვალა. მისი ძებნა მე გავაგრძელე.

ბაბუაჩემი ისე დახვრიტეს, როგორც სხვები. 1937-1938 წლებში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანია დახვრეტილი. ბაბუაჩემი სოფლის მეურნეობას მიჰყვებოდა. შეიძლება ჰქონდა რამე განათლება, მაგრამ როგორც ასეთი, რამე თანამდებობაზე არ მუშაობდა.

ცხოვრობდა მაჭახლის ხეობაში, პატარა სოფელ სკურდიდში. ჰყავდა 11 შვილი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა – რაღაც დაავადება იყო იმ პერიოდისთვის, წამოიზრდებოდნენ ბავშვები და კვდებოდნენ. მხოლოდ ორი შვილი დარჩა ცოცხალი – მამაჩემი და მამიდაჩემი,“ – იხსენებს უშანგი ძნელაძე.

უშანგი ძნელაძის თქმით, ბაბუის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, რადგან მამა და ბებია ცდილობდნენ ამ თემაზე არ ელაპარაკათ.

„მამაჩემი, შოთა ძნელაძე, იყო კომუნისტი. პედაგოგი, ისტორიას ასწავლიდა ახალსოფლის საჯარო სკოლაში. როცა პარტიაში იღებდნენ, მამამისის რეაბილიტირების საბუთი მოსთხოვეს.

მაშინ აჭარის მთავრობამ მისცა საბუთი, თითქოს ბაბუაჩემი ხაფიზ ძნელაძე გადაუსახლებიათ ციმბირში და მერე იქ გარდაცვლილა ტუბერკულოზით. ეს საბუთი ჰქონდა და ამის საფუძველზე მიიღეს პარტიაში. ბებიაჩემი 1972 წელს გარდაიცვალა. სულ ეუბნებოდა თავის შვილს – მამაშენი ციმბირში არაა, ჭოროხის პირასაა დახვრეტილიო.

როცა მამაჩემმა სკოლაში მუშაობას თავი დაანება და პენსიაში გავიდა, მამამისის ძებნა დაიწყო. ჩავიდა ქუთაისში, ქუთაისის არქივში ვერაფერს მიაგნო. მერე წავიდა თბილისში. ჩემი შვილი მიჰყვა ყველგან. დაწერა განცხადება. ზუსტად არ მახსოვს რა დრო გავიდა, მაგრამ მოუვიდა პასუხი, მოდით, წერილი წაიღეთო.

წავიდნენ ისევ მამაჩემი და ჩემი შვილი, გამოიტანეს პასუხი და ბინაში მისვლა არ აცალა თურმე ბავშვს – გახსენი, გახსენი, გახსენიო სთხოვდა.

მეტროში რომ ჩადიოდნენ, ჩემს შვილს მაშინ გაუხსნია და დაუწყიათ კითხვა. რომ მისულან იმ  ფრაზაზე, სადაც ეწერა – დახვრეტილ იქნა 1937 წლის 27 დეკემბერს, მამაჩემი ესკალატორზე წაქცეულა. თავი დაურტყამს. პოლიციას ესკალატორი  გაუჩერებია, დახმარება გაუწევია. მერე ჩემს შვილს აუხსნია ხალხისთვის, რომ  უდანაშაულოდ დახვრეტილი მამის შესახებ გაიგო და იმიტომ დაეცაო,“ – იხსენებს უშანგი ძნელაძე.

შოთა ძნელაძე ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. 15-წლიანი ძებნის მიუხედავად, მამამისის კვალს ვერ მიაგნო. ორი წლის წინ, 2021 წლის აგვისტოში, როდესაც უშანგი ძნელაძეს დაურეკეს და აცნობეს, რომ ხელვაჩაურში აღმოჩენილ საერთო საფლავში შესაძლოა მისი წინაპარი ყოფილიყო, უშანგიმ ცრემლები ვერ შეიკავა.

„პატარა კაცი იყო მამაჩემი ტანად. ალბათ, ამ ამბავს რომ მოსწრებოდა, სიხარულისგან გაიზრდებოდა,“ – გვითხრა მან.

უშანგი ძნელაძის თქმით, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც სტალინურმა პერიოდმა მისი ოჯახი გამოატარა, ვერც მამას და ვერც ბებიას სტალინზე ცუდს ვერ დააცდენინებდა.

„ბებიაჩემი და მამაჩემი შიშის გამო ამ თემაზე სახლში საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. შეიძლება თვითონ ერთმანეთთან ჩუმად კი საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენი, ბავშვების გასაგონად, სიტყვას არ იტყოდნენ.

ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს, ბებიაჩემი მაჭახლის ხეობიდან გადაასახლეს. ახალსოფელში ჩამოვიდნენ და აქ დაიწყეს ნულიდან ცხოვრება.

დახვრეტები როცა ხდებოდა, არ შეიძლებოდა, რომ სტალინს ეგ არ სცოდნოდა. სტალინზე ცუდს ვერ ათქმევინებდი, ვერც კომუნისტურ პარტიაზე. ხანდახან იტყოდა, ახლა მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, წითელ ხალიჩას დავუგებ ახალსოფლის ცენტრში და ისე ამოვიყვან სახლამდეო.

სტალინი ხომ ცუდი იყო, ხომ ჰქონდა დანაშაულები… შიში იყო თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მამაჩემს, მაგალითად, ცუდს ვერ ათქმევინებდი, ვერც კომუნისტურ პარტიაზე და ვერც სტალინზე. მაგაზე ხშირად ვეკამათებოდი.

ვეუბნებოდი – მამა დაგიხვრიტეს, შენ კიდევ კომუნისტებს მიჰყვები-მოჰყვები. ამის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე კომუნისტი იყო. მკაცრი იყო ის რეჟიმი თუ რა იყო, ცუდს ვერ ათქმევინებდი.

ისედაც ბევრს არაფერს ამბობდა შვილებთან. არ ვიცი, შიშის თუ რის გამო.

რაც ვიცი, ბაბუაჩემი შეეწირა უსამართლობას. არაფრის გამო ხალხს ხვრეტდნენ. ალბათ გეგმა იყო შესასრულებელი.

სავარაუდოდ, დაასმინეს. მამაჩემი ორ გვარს ამბობდა, მათი დასახელება ახლა არ მინდა, მათი დასმენილიაო. ერთი სავარაუდო დამსმენი ტუალეტში გარდაიცვალა. მამაჩემმა თქვა მაშინ – მაგას უარესი ეკუთვნოდა, ჩაძაღლდა ტუალეტშიო.

რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, მაგის დასმენილია მამაჩემიო,“ – იხსენებს უშანგი ძნელაძე.

უშანგი ძნელაძე, ისევე როგორც სხვა რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, ნეშტების გადაცემას ელოდება.

„ველოდები, როდის გადმოგვცემენ ნეშტს, რომ ავიტანო და ბებიაჩემის გვერდით დავასვენო.

85 წელია გასული. ამდენი წლის შემდეგ ადამიანი ამოიცნეს. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. წარმოიდგინეთ, მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო ახლა, რა ემოცია ექნებოდა. მტკივნეულია ძალიან,“ – ამბობს უშანგი ძნელაძე.

„ბათუმელებმა“ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან. გვაინტერესებდა, რა ბედი ელის რეპრესირებულთა ნეშტებს, სად და როდის დაკრძალავენ მათ.

„ამოსვენებული ნეშტები განთავსებულია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სარდაფში. დაკრძალვის ადგილი და თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. საკითხზე კომისია აგრძელებს მუშაობას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

როგორ დაიხარჯება 10 მილიონი, რომელიც აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყო

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც ექვსივე მუნიციპალიტეტზე [მათ შორის ბათუმზეც] გადანაწილდება.

„ეს 10 მილიონი არის ჯამში იმ საშემოსავლო გადასახადების გადაჭარბებით შესრულებიდან, რაც შემოვიდა აჭარის ბიუჯეტში და ემატება ამ დროისთვის არსებული ეკონომია სხვადასხვა პროგრამიდან“ – განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ამავე სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება იმ პრინციპით, „სადაც უფრო მეტი საჭიროება იქნება“. ამ საჭიროებას კი, შესაბამისი სამთავრობო კომისია გადაწყვეტს.

რაც შეეხება კონკრეტულ მოქალაქეებს, „როგორც წესი, მუნიციპალიტეტების მიერ ადგილზე ხდება მათი მდგომარეობის შესწავლა და თუ საჭიროა განსახლება – ოჯახი ჩაერთვება უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში. თუ შესაძლებელია დამეწყრილ ადგილზე ფერდსამაგრის მოწყობა, ან სხვა ტიპის გამაგრება, ამასაც ადგილზე შეისწავლიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას. შესაბამის ინფორმაციას კი, მუნიციპალიტეტები აწვდიან სამთავრობო შერეულ კომისიას, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდაა შექმნილი“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა სამინისტროში.

შერეულ სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს 10 მილიონი ლარი, ძირითადად, მიმართული იქნება 2023 წელს გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ „ვინაიდან წინა წლების სტიქიის შედეგებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებები უკვე გაწერილია მიმდინარე წლის ბიუჯეტში“.

რამდენი განაცხადი შევიდა 2023 წლის იანვრიდან დღემდე კომისიაში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვერ გვითხრეს.

„მუდმივად შემოდის კომისიაში განცხადებები და სხდომებიც პერიოდულად იმართება. ინფორმაციას სტიქიის შედეგად დაზარალებული კონკრეტული ოჯახების შესახებ, ასევე დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე, როგორც წესი, კომისიას შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიები აწვდიან. დეტალური მონაცემები, მათ შორის, წელს შემოსული განცხადებების რაოდენობა, დაზუსტდება მომდევნო სხდომისთვის და ამ ეტაპისთვის საჭირო ღონისძიებებიც გამოიკვეთება“, – გვითხრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი რომ გამოიყოფა, ამის შესახებ აჭარის მთავრობამ ინფორმაცია 2 აპრილს გაავრცელა:

  • აჭარის ბიუჯეტი 2023 წელს საშემოსავლო გადასახადების სახით, ჯამში, 420 მილიონ ლარს ელოდება.
  • 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის კი 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს პროგრამა ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, ე.წ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს – „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“.

2023 წელს ბინების გადაცემა 582 ოჯახისთვის იგეგმება.

  • ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში კი, ბიუჯეტიდან „საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელი ფართობების შესყიდვა ხორციელდება“. ამისთვის წელს 4 მილიონ 80 ათასი ლარია აჭარის ბიუჯეტში გაწერილი.

რამდენი დაზარალებული ითხოვს ამ დროისთვის საცხოვრებელ სახლს, კონკრეტული რაოდენობა უცნობია. ასეთი ოჯახების შესახებ „მყარი სტატისტიკა“ აჭარის მთავრობას არც 3 თვის წინ ჰქონდა, როცა 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს:

  • „სახელმწიფოს მიერ ასობით ეკომიგრანტ ოჯახთა დაკმაყოფილების მიუხედავად, დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ მცირდება, ვინაიდან სტიქიური პროცესები უკონტროლოა და ყოველი უხვი ნალექის მოსვლის დროს აქტიურდება.
  • „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ [ეკომიგრანტების] ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში“ მუდმივად ხდება ახალი განაცხადების შევსება.
  • მიმდინარე ეტაპზე 450-მდე განაცხადია განსახილველი, რომელთა დაზარალება დადასტურებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, ხოლო შესწავლასა და დაზარალების კატეგორიის მინიჭებას ითხოვს დამატებით 50-მდე ბენეფიციარი. ამდენად, ამ მიმართულებით მყარი სტატისტიკა არ შეიძლება გვქონდეს.
  • უსაფრთხო გარემოში ადგილმონაცვლეობისათვის, ეკომიგრანტ ოჯახებს ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ეკომიგრანტები, რომლებსაც შუამდგომლობს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, როგორც მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
  • ბენეფიციართა შერჩევას უზრუნველყოფს უფლებამოსილი კომისია“, – წერია პროგრამაში.

წელს, გაზაფხულის დადგომისთანავე, აჭარაში მეწყრული კერები გააქტიურდა. ბოლო მონაცემებით, საშიში ზონებიდან 200-მდე ოჯახია გაყვანილი.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება, ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს, რომ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება.

დეპარტამენტის ცნობით, ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია.

„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე“ – იუწყება დეპარტამენტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა – დაცული), რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

___________________

ფოტო არქივიდან

Exit mobile version