ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კერძო სკოლისა და ბაღის აშენების პირობით ბათუმში მიწას ყიდიან – აუქციონი

20.07.2023 •
კერძო სკოლისა და ბაღის აშენების პირობით ბათუმში მიწას ყიდიან – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში 21 521 კვადრატულ მეტრ მიწას პირობიან აუქციონზე ყიდის.

მიწის ნაკვეთი სვიშევსკის ქუჩაზე, N1-ში მდებარეობს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 800 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 45 ათასი ლარი.

აუქციონის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მომავალმა მესაკუთრემ არანაკლებ 1000 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება და ბაღი ააშენოს და აამოქმედოს. ამასთან, მესაკუთრეს „საგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 49 წლის ვადით“ ევალება.

მესაკუთრემ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში პროექტის ფარგლებში არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მიწის ნაკვეთი ახლოსაა ბათუმის შემოვლით მშენებარე ავტომაგისტრალთან [ავტობანთან] – მაგისტრალზე ასასვლელი გზის მიმდებარედ.

აუქციონზე გატანილი ნაკვეთი და მშენებარე ავტობანი [მარცხნივ] / ფოტო აუქციონიდან

აქედან გამომდინარე, აუქციონის შენიშვნაში მითითებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით „გზისპირა ზონაში [გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს] გზების მფლობელთან [მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი] შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება“.

აუქციონს თან ახლავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი, რომელიც 2022 წლის დეკემბერში მიიღო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

წერილში აღნიშნულია, რომ „დეპარტამენტმა განიხილა [სამინისტროს] წერილი, რომელიც შეეხება ქალაქ ბათუმში, სვიშევსკის ქ.№1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზების საკითხს, შემდგომში თანამედროვე სტანდარტების, არანაკლებ 1000 მოსწავლე/სტუდენტზე გათვლილი, კერძო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ არის წინააღმდეგი მოხდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვა, ბათუმის შემოვლითი გზის განვითარების კორიდორის მიღმა.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ბათუმის შემოვლით გზასთან მიერთება ვერ მოხდება და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ არსებული შიდა საგზაო ქსელის მეშვეობით.“

აუქციონის პორტალზე ატვირთულია ბათუმის მერიის წერილიც, რომლითაც ირკვევა, რომ მერია „არ არის წინააღმდეგი, განხორციელდეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზება.“

აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთს ასევე ესაზღვრება ტერიტორია, სადაც „კომაროვის სკოლა“ ააშენეს.

აუქციონზე გატანილი ტერიტორია და „კომაროვის სკოლის“ შენობა [მარჯვნივ] / ფოტო აუქციონიდან

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 4 აგვისტოს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურს გამარჯვებული აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად გადაიხდის, კერძოდ:

2024 წლის 1-ელ მარტამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25 %-ს გადახდა;
2025 წლის 1-ელ მარტამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

მომავალ მესაკუთრეს ევალება:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის განვითარების კონცეფციის, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სასწავლო კორპუსს, საბავშვო ბაღს, ღია ან/და დახურულ საცურაო აუზს, ბიბლიოთეკას, სპორტულ მოედანს, სარეკრეაციო სივრცეს და განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და ვიზუალური ესკიზის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვისა შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით, „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასური დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისად) არანაკლებ 1000 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების [სასწავლო კორპუსი, ღია ან/და დახურული საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, სკვერი] ამოქმედება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ამოქმედება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 49 წლის ვადით;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში პროექტის ფარგლებში არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის პროფილის ვადით უზრუნველყოს დაწესებულებაში საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამებით სწავლება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: