მთავარი,სიახლეები

ჩვენ რუსების 7-8 გასროლას მხოლოდ ერთი გასროლით ვპასუხობთ – სირსკი ბახმუტის დაბრუნებაზე

20.07.2023
ჩვენ რუსების 7-8 გასროლას მხოლოდ ერთი გასროლით ვპასუხობთ – სირსკი ბახმუტის დაბრუნებაზე

„ბახმუტის დასაბრუნებლად შექმნილია ყველა პირობა, მაგრამ ათჯერ ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე დამპყრობლებს სჭირდებოდათ ქალაქის ასაღებად“ – განაცხადა BBC-ის უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ.

სირსკიმ „ბიბისისთან“ თქვა, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის ძირითადი მიმართულებებისა და გზების ცენტრი. კერძოდ, ქალაქზე გადის გზები დებალცევოდან, სევერსკიდან, გორლოვკადან, კონსტანტინოვკადან და სლავიანსკიდან.

„ამ გზების გამოყენებით, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ წინსვლა სულ მცირე სამი ოპერატიული მიმართულებით“, – ხაზგასმით აღნიშნა სირსკიმ.

ასევე, მისივე თქმით, ბახმუტის ირგვლივ არის სხვადასხვა სახის დომინანტური სიმაღლე, რაც იძლევა ქალაქის გარეუბანში მდებარე ტერიტორიის უმეტესი ნაწილის კონტროლის საშუალებას, რაც ზრდის ბახმუტის, როგორც პლაცდარმის როლს შემდგომი შეტევებისთვის.

„ბახმუტის იქეთ სამი კილომეტრით იწყება შემდეგი ქალაქი,  ჩასოვ იარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტრის შეჩერება ბახმუტში, რომელიც მდებარეობს დაბლობზე”, – განმარტა სირსკიმ.

„მესმის, ძალიან სწრაფი შედეგის მიღწევა გვინდა, მაგრამ ეს რეალურად შეუძლებელია. შემიძლია გითხრათ, ჩემი ჯგუფის, ჩემი მიმართულების შესახებ. და მინდა ვთქვა, რომ ჩემი მიმართულებით ბახმუტის გარშემო, ლიმანის მიმართულებით, კონცენტრირებულია რუსული არმიის ძირითადი ძალები.

ეს ტერიტორია სავსეა საინჟინრო ბარიერებით. ფაქტობრივად, მთელი დიდი ტერიტორია საინჟინრო კუთხით არის მომზადებული, ბევრი სიმაგრეა. ამიტომ წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს.

გარდა ამისა, რუსულ ჯარებს აქვთ უპირატესობა რაოდენობაში და განსაკუთრებით არტილერიაში. და მთავარია, მნიშვნელოვანი უპირატესობა საბრძოლო მასალის მიწოდებაში. ანუ ამჟამად ჩვენ შეგვიძლია ერთი გასროლით ვუპასუხოთ რუსების შვიდ-რვა გასროლას.

სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი სასტიკი რეალობა. მაგრამ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვგეგმავთ ჩვენს ოპერაციებს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას. ახლა კი წინ მივდივართ“ – თქვა სირსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ შეცდომად მიიჩნევს „ვაგნერის“ მიერ მთლიან ბახმუტის აღებას, რადგან უზარმაზარი დანაკარგების შემდეგ ჯგუფმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო უნარი.

„ბიბისის“ კითხვას, რა დრო დასჭირდება ბახმუტის აღებას, სირსკიმ მოკლედ უპასუხა: „არ ვიცი. შევეცდები, რაც შეიძლება მალე გავაკეთო ეს“.

„ბიბისიმ“ მას ასევე ჰკითხა, არის თუ არა მისი მიზანი ბახმუტის დაბრუნება.

„მე მსურს ამის გაკეთება. იმიტომ, რომ ეს პრინციპის საკითხია, ღირსების საკითხია. იმიტომ, რომ ბახმუტის დასაცავად ბევრი ძმა, ბევრი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ.

ჩვენ ვიცით, მე ვიცი, რა შესანიშნავი ქალაქი იყო ბახმუტი, ახლა კი უბრალოდ მკვდარი ქალაქია, თითქმის მთლად ნანგრევებია. და ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ ის დავიბრუნოთ“ – თქვა სირსკიმ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: