„ამით უნდა დაინტერესდეს პრემიერი და პროკურატურა“ – საკრებულოს წევრი აუდიტის დასკვნაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რეზო ხარაზი ითხოვს პროკურატურა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, რომელიც აჭარის მთავრობის პროექტების მართვის კომპანიის 2020-2021 წლების მუშაობის შედეგების ანალიზს გვთავაზობს.

აუდიტის დასკვნაში საუბარია მაღალბიუჯეტიანი პროგრამების ხარვეზებზე და ასევე არამიზნობრივ ხარჯებზე, რაც კომპანიას გასულ წლებში ჰქონდა.

რეზო ხარაზის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აუდიტის დასკვნა „შერბილებული და არც ისე მკაცრია“, მისი მიგნებები ბევრ შემთხვევაში ემთხვევა იმ პრობლემებს, რაზეც ენმ პერიოდულად მართავდა ბრიფინგებს და ზემდგომ უწყებებს, ასევე პროკურატურას დაინტერესებისკენ მოუწოდებდა.

რეზო ხარაზის თქმით, ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა, მაგალითად, ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობას: „ამ პროექტისთვის დიდი ფული დაიხარჯა, თუმცა შენობა არ აშენებულა“.

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია და არც აუზი

რეზო ხარაზი ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დასკვნის იმ ეპიზოდზე, სადაც წერია ბათუმის სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობასა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის უხარისხო შეფუთვაზე:

„გახსოვთ ალბათ, წყალი როგორ ჩავიდა [რესპუბლიკურში] და დამატებითი თანხები დასჭირდა შენობის მოწესრიგებას. ჩვენ ამ ყველაფერზე პროკურატურას მივმართეთ“.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, აუდიტი ამახვილებს ყურადღებას თანხის ხარჯვაზე ისე, რომ შედეგი არ დამდგარა და ირიბად მიუთითებს კორუფციის რისკებზე: „არაერთი განცხადება გვაქვს ჩვენ გაკეთებული იმაზეც, რომ სამუშაოები დროულად ვერ სრულდებოდა.“

რეზო ხარაზი ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და თანამდებობის პირების, მათ შორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაკითხვას ითხოვს: „ჩვენ ახალ განაცხადს გავაგზავნით პროკურატურაში ამ დასკვნასთან ერთად.“

ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 7 აპრილს გამოაქვეყნა.

TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

TEDxTbilisi ბრუნდება! ინტელექტუალური ფორუმის მეათე საიუბილეო ღონისძიება, თიბისის მხარდაჭერით, 22 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

ღონისძიების მთავარი თემა “გარდამტეხი მომენტებია”, ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები 22 აპრილს TEDxTbilsi-ის სცენაზე გაერთიანდებიან და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვიყვებიან.

TEDxTbilsi 2023-ის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ ღოღობერიძე, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი და დავით ბირმანი.

TEDxTbilsi მოხალისეობრივ ფილოსოფიაზე დაფუძნებული კონცეფციაა, მის ორგანიზებაში მთავარი წვლილი პარტნიორებს მიუძღვით. მე-10 საიუბილეო ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი. ეს TEDxTbilisi-ის და თიბისის პირველი თანამშრომლობაა.

TED-ი იდეებისა და შთაგონების გავრცელების პლატფორმაა. თიბისისთვის ერთ-ერთი ღირებულება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოცდილების და შთაბეჭდილებების ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებაა. სწორედ ამ მიზნით ვუერთდებით ღონისძიებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ საინტერესო გამომსვლელს და იდეას გავაცნობთ სტუმრებს – ამბობს თიბისის  სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი ანა ვერულაშვილი.

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები.

ღონისძიების დეტალებს TEDxTbilisi-ის ოფიციალურ Facebook-სა და ვებგვერდზე ნახავთ ბმულზე.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე  tkt.ge/tedxtbilisi2023.

გადაავადებენ მასწავლებლის პორტფოლიოს ავტვირთვას? – რას ამბობს შუკაკიძე

მასწავლებლების ერთი ჯგუფი პორტფოლიოს ელექტრონულად ატვირთვისგადავადებას ითხოვს. ამ მიზნით პედაგოგებმა ონლაინკამპანიაც წამოიწყეს, რომ ხმა მიაწვდინონ განათლების მინისტრს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას.

მასწავლებლები აცხადებენ, რომ პორტფოლიოს დამტკიცებული სტანდარტები შვიდი თვის დაგვიანებით მიიღეს სკოლებში, რის გამოც პორტფოლიოს ატვირთვის ვადები შემჭიდროვდა.

მასწავლებლების თქმით, ეს არის იმ პედაგოგთა  დისკრიმინაციაა, ვინც გამოცდა გასული წლის ივლისში ჩააბარა, თუმცა ამ დრომდე ვერ მიიღო პორტფოლიოს შესახებ ინფორმაცია და ახლა სთხოვენ, რომ მთელი წლის ნაშრომი 20 დღეში ატვირთონ ელექტრონულად.

„ბათუმელები“ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, მიაჩნია თუ არა მასწავლებლების პრეტენზია სამართლიანად და ხომ არ გადაიხედება პორტფოლიოს ატვირთვის ვადები?

ბერიკა შუკაკიძემ მოგვწერა, რომ საკითხს სწავლობენ და კვირის ბოლოს ამ თემაზე განათლების მინისტრი გააკეთებს კომენტარს.

ბერიკა შუკაკიძეს ასევე ვკითხეთ, რატომ ვერ მოხერხდა შვიდი თვის განმავლობაში სქემაში ცვლილების შეტანა და პორტფოლიოს რუბრიკების დამტკიცება. ამ კითხვებს ბერიკა შუკაკიძემ არ უპასუხა.

„ვესაუბრეთ საინიციატივო ჯგუფის წევრს, მიდის მუშაობა და შეჯერებულ ვერსიას წარადგენს მინისტრი. ვესაუბრეთ მასწავლებლებსაც და ვატარებთ ვებინარებს“, – განაცხადა მან.

დღეს, 12 აპრილს, მასწავლებელთა ონლაინკამპანიის ერთ-ერთმა ინიციატორმა პედაგოგმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ბერიკა შუკაკიძის ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც „მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებას ითვალისწინებს.

ბრძანებაში ნათლად არ ჩანს, ეს ცვლილება უკავშირდება თუ არა კონკრეტულად პორტფოლიოს ატვირთვის გადავადებას.

___________________

ამ თემაზე:

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

 

რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან უბანს სავარაუდოდ კორუფციული გზით აშენებენ – „გამჭვირვალობა“

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ.

პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს ინფორმაციაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე“, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები: მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ.

„2022 წლის 25 ნოემბერს კომპანიასთან დაკავშირებულმა ორმა საქართველოს მოქალაქემ – დირექტორმა მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა ჯონი ჯინჭარაძემ – მმართველ პარტიას ჯამში 40,000 ლარი შესწირეს (მათი პირველი და ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულება). ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.

შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ“ – წერს „გამჭვირვალობა“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება, კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოდ,  საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს.

„მაგომედ ჩაბიევს სხვა პრობლემური პროექტებიც აქვს: ჩაბიევის ბიზნესპროექტები საქართველოში დაკავშირებულია ენვერ ცეცხლაძესთან, რომელიც ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, დისშვილია.

ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს 7th Heaven Residence, რომლის გაყიდვების დირექტორიც ასევე ზემოხსენებული მარინა დეხტიარევია“ – წერს „გამჭვირვალობა“ და მიუთითებს „ბათუმელების“ 2018 წლის გამოძიებაზე, რომლის მიხედვით, მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.

„გამჭვირვალობა“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

________________________________

ფოტოზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებული ილუსტრაცია.

ამავე თემაზე: 

სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ლოიალურ მომხმარებლებს სრულიად ახალი Corolla Cross და MC Corolla წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ლოიალურ მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია – Corolla Cross და ახალი MC Corolla წარუდგინა. 

პრეზენტაციის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გასცნობოდნენ ახალი ავტომობილების შესაძლებლობებს. იაპონური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ ახალ მოდელებშიც ინტეგრირებულია Toyota Safety Sense სისტემა, რომელიც მართვასა და პარკირებას ამარტივებს. 

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ტოიოტას უახლესი მოდელები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის პირველებს წარგვედგინა. თუ ტოიოტა კოროლას ისტორიას გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ გახდა ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. გვჯერა, რომ ახალი მოდელებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ გზას. მისი წარმატების ფორმულა ზუსტად შეესაბამება ტოიოტას ფილოსოფიასა და კაიზენის პრინციპს, რაც საქმისადმი ერთგულებასა და გაუმჯობესებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. მოდელის განსაკუთრებულობას აღიარებს არა მხოლოდ ბრწყინვალე გაყიდვები და ერთგული მომხმარებლების რაოდენობა, არამედ ინდუსტრიის პროფესიონალები და საერთაშორისო საავტომობილო პუბლიკაციები. წლების განმავლობაში ავტომობილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული უსაფრთხოებისა და სანდოობის თვალსაზრისით“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ გამართულ ღონისძიებას 100-ამდე სტუმარი დაესწრო. ახალი მოდელების წარდგენის შემდეგ სტუმრებისთვის გათამაშება გაიმართა და კომპანიამ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პრიზი გაათამაშა. 

MC Corolla და Corolla Cross

MC Corolla – განახლებულ კოროლას ტრადიციულად სედანის ვიზუალი აქვს.  ავტომობილის ექსტერიერში სიახლე რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერებია, რომელთა შორის განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი მწვანე შეფერილობა.

რაც შეეხება ინტერიერს, MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი იდენტურია. აქ დაგხვდებათ განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი, რომლითაც შეძლებთ ხმოვანი ბრძანებების გაცემასა და სმარტმოწყობილობებთან დაკავშირებას. მნიშვნელოვანია, რომ კოროლა უკვე გვთავაზობს სრულიად ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელიც განახლებული მოდელის ყველა კომპლექტაციაშია წარმოდგენილი.

Corolla Cross – ეს არის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უკვე SUV ვერსიით. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოდელის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Corolla Cross ექსტერიერით კლასიკურად შესრულებული SUV-ია, მასიური ცხაურითა და ლოგოთი. სრულიად ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავითა და შთამბეჭდავი 18-დიუმიანი დისკებით.

Toyota Corolla Cross კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის საყოველთაო ავტომობილის კონცეფციას და უფრო მეტ გასაქანს აძლევს მას C სეგმენტში. ეს არის საოჯახო ავტომობილი მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ და საიმედო თანამგზავრს ყოველდღიური კომფორტული გადაადგილებისთვის. ბაზარზე გამოჩენიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მოდელი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

Corolla Cross ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებობდა. ერთი შეხედვით, შეიძლება C-HR-სა და Rav4-ს შორის დავაყენოთ, თუმცა იერსახით RAV 4-თან უფრო ახლოს დგას. სასიამოვნო სიახლეა, რომ უკანა სათავსები გაცილებით ფართო და ტევადია, რაც ნიშნავს, რომ კოროლასთან ერთად ნებისმიერ მოგზაურობაში კომფორტულად და მოხერხებულად იგრძნობთ თავს.

Toyota Corolla-ს უპირატესობები

აღსანიშნავია, რომ Corolla ტოიოტას სამოდელო რიგში პირველი ავტომობილია, რომელიც მეხუთე თაობის თვითდამმუხტავ ჰიბრიდულ ელექტროძრავებს იყენებს, რაც  უკავშირდება ტოიოტას გლობალური ხედვის ნაწილს, მიაღწიოს ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტსა და მობილობას ემისიების გარეშე. ამ თვალსაზრისითაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კოროლა კვლავაც ბრენდის საამაყო სიახლეების შემომტანია ბაზარზე.

ტოიოტა კოროლა 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50-ზე მეტი მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.


„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

16-17 აპრილს მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, 07:00-დან 22:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

#11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და ს.მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.

მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 16 და 17 აპრილს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება ფერიის სასაფლაოს მიმართულებით, მესხის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და გოგოლის ქუჩაზე, მესხის ქუჩიდან მაიაკოვსკის ქუჩის მიმართულებით.

#11 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებით გადაადგილებისას გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების გავლით იმოძრავებს, ხოლო #2 და #2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. ასევე ცალმხრივად შეიცვლება #24 და #46 მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა.

2-თვიანი შვებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და სხვა დარღვევები – რას წერს აუდიტი

„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“.

სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს.

აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა.

მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა 16 640 ლარის ძირითადი აქტივების დანაკლისი, მათ შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღის (CZ-92, კალიბრი 6,35, N B8506), რომლის ღირებულება 1 202 ლარია.

„აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი თავმჯდომარის გარდაცვლილ მოადგილეზე რეგისტრირებულია მომსახურების სააგენტოს ბაზაში, მისი 2002 წლის 2 ივლისის განცხადების საფუძველზე (ხელახალი რეგისტრაცია გავლილია 2011 წელს).

უნდა აღინიშნოს, რომ „მოსახურების სააგენტოს“ წერილს თან არ ერთვის იარაღის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავდროულად, ვერც უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო რეგისტრირებული იარაღის რეესტრში“, – წერს აუდიტი.

დასკვნის მიხედვით, ბრალეულ ქმედებაზე შეკრებილი მასალები ინვენტარიზაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს არ განუხორციელებია.

  • აფხაზეთის მთავრობა

აუდიტის მიხედვით, დასაბუთებული საფუძვლის გარეშე, აფხაზეთის მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ყოფილმა ხელმძღვანელმა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის განკარგულების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მთელი პერიოდისთვის.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 16 თებერვლის სარჩელი განუხილველად დატოვა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აფხაზეთის მთავრობას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები). საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, საკომპენსაციო თანხამ სულ შეადგინა 18 750 ლარი.

„აფხაზეთის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია არ შეიტანა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში“.

  • პროგრამების სააგენტო

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სააგენტოს ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ძირითადი საშუალებები და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 44 031 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების და საცნობარო  ანგარიშზე არსებული აქტივის დანაკლისი.

2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მიღებული აქტივების ინვენტარიზაციის შედეგად ასევე გამოვლინდა 156 247 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და ასევე 27 598 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვის შეუსრულებლობა.

„ჯამში 183 845 ლარის აქტივებისა და მომსახურების მიღება სააგენტომ ჩამოწერა ხარჯებში მოქმედი ინსტრუქციის შეუსაბამოდ და არ აისახა მათი მოთხოვნების შესაბამის ანგარიშებზე“, – ამბობს აუდიტი.

ამავე წყაროს მიხედვით, სააგენტომ შენობის სარდაფში შესრულებულ სამუშაოებზე 132 916 ლარი დახარჯა. „სამუშაოების რეალობის დადგენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დანიშნულია ექსპერტიზა.

ზემოაღნიშნულ დანაკლისებსა და შეუსრულებელ მომსახურებაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში“, – წერს აუდიტის სამსახური.

  • აფხაზეთის სავაჭრო პალატა

სავაჭრო პალატამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ინდმეწარმისგან შეიძინა 6 000 ლარის ღირებულების ვიდეოკლიპი, „აღნიშნული დოკუმენტაციის დედნები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ამოღებულია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ“.

აუდიტი ამბობს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები აღნიშნულ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების პროცესში კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე მიუთითებს.

  • კანონმდებლობასა და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობის საკითხები

აუდიტის მასალების მიხედვით, 2021 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებისა და ბრძანების გარეშე 2 თვის განმავლობაში (62 კალენდარული დღე) ისარგებლეს შვებულებით.

„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას.

„პროგრამების სააგენტოს“ მიერ 2021 წელს შრომითი ხელშეკრულებით, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობამ გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.

კერძოდ, 30 დღეზე მეტი ვადით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 30 თანამშრომლიდან 25 მათგანის დასაქმების საკითხი უნდა შეთანხმებულიყო აფხაზეთის მთავრობასთან.

ზემდგომ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე 2021 წელს დასაქმებული აღნიშნული 25 პირის წლიურმა შრომის ანაზღაურებამ ჯამში შეადგინა 127 927 ლარი. „შესაბამისად, დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის გაუთვალისწინებლად“.

სააგენტოს მიერ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი თანხით, 3 400 ლარი არ არის დეკლარირებული შემოსავლების სამსახურში კანონის შესაბამისად. „რაც საშემოსავლო დეკლარაციის არასრულად წარდგენის შედეგია და მიუთითებს სააგენტოში არასათანადოდ დანერგილ კონტროლზე და მოქმედი კანონმდებლობის გაუთვალისწინებლობაზე“, – ამბობს აუდიტი.

  • ჯანდაცვის სამინისტრო

აუდიტი წერს, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის ორ ოთახში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განთავსებულია სამინისტროს მიერ დაფუძნებული აიპი, „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“. ფართის სარგებლობაში გადაცემის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი ვერ მოიძებნა.

  • დევნილთა სამინისტრო

ასევე, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართის სამ ოთახში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განთავსებულია სამინისტროს მიერ დაფუძნებული სიპი „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო“.  ამ შემთხვევაშიც ფართობის სარგებლობაში გადაცემის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი ვერ მოიძებნა.

გარდა ზემოაღნიშნულისა:

თბილისში, მეველის ქ. N17-ში მდებარე 2369 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან კერძო პირები.

ასევე, ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მდებარე 4200 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 550 კვ.მ შენობა-ნაგებობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საქმიანობას ახორციელებენ კერძო პირები.

აუდიტის თქმით, ფაქტები მიუთითებს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი და არამიზნობრივი სარგებლობის ფაქტებზე.

  • აფხაზეთის განათლების სამინისტრო

2021 წელს ხორციელდებოდა „გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში გაიხარჯა 334 080 ლარი.

ბენეფიციარების (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეები, მუსიკალური და სამხატვრო სკოლების დირექტორები, პედაგოგები) უზრუნველყოფა წარმოებდა ყოველთვიური/ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით, რომლის ოდენობაც განსაზღვრული იყო ქვეპროგრამით.

ბენეფიციართა სია განისაზღვრება გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

„ვინაიდან პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია გალის ტერიტორიაზე განთავსებული დაწესებულებების ფიზიკური შემოწმება, შესაბამისად, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის საქმიანობის ნამდვილობის დადასტურება.

შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკები და პროცედურებითაც ვერ იქნა მოპოვებული რწმუნება აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული ფინანსური დახმარების მიზნობრიობისა და სისწორის თაობაზე“, – წერს აუდიტი.

უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს – დენის შმიგალი

„უკრაინის არმიის კონტრშეტევა, შესაძლოა, დაიწყოს ამ ზაფხულს“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ამერიკულ გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში.

„ჩვენს ყველა მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ კონტრშეტევაზე გადასასვლელად საჭიროა იყო მზად 100%-ით და კიდევ უფრო მეტით“, – თქვა მან.

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ძლიერი ზეწოლა უკრაინის შიგნიდან მოდის და არა მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან.

კითხვაზე, თუ როგორ აისახება აშშ-ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევის დაგეგმვაზე, შმიგალმა თქვა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს.

„ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება”, – თქვა შმიგალმა.

ამჟამად დენის შმიგალი ვაშინგტონში იმყოფება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან (პენტაგონი) გაჟონილი დოკუმენტები, – ზოგიერთი საიდუმლოს გრიფით, – ინტერნეტში მარტის ბოლოს გავრცელდა და ეხება არაერთ სენსიტიურ საკითხს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომს.

მომხდარის გამო კიევმა, „სი-ენ-ენ“-ის წყაროს განცხადებით, შეცვალა თავისი საომარი გეგმები, ხოლო ვაშინგტონის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დოკუმენტებმა შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროები და ურთიერთობები მოკავშირეებთან.

დოკუმენტების ავთენტურობას ფაქტობრივად ადასტურებს ამერიკული მხარე – როგორც პენტაგონში ამბობენ, უწყებათაშორისი ძალისხმევით ცდილობენ, გაჟონვის მასშტაბი და შედეგები შეაფასონ. იუსტიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. თეთრ სახლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება. თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი სტამბოლიდან მოფრინავს.

ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის პრესცენტრში ადასტურებენ, რომ მიზეზი ნისლია, რის გამოც თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს.

„წრეზე წავიდა ისევ და ეცდება, რომ დასვას… შესაძლოა, შეირჩეს რომელიმე სხვა აეროპორტი,“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში.

ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტისკენ გაფრინდა.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 180 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 730]
  • ტანკი – 3 646 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 043 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 2 770 ერთეული [+5]
  • MLRS – 534 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 334 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 630 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 319 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც .

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 741 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 647 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 082 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 483 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სტრასბურგში 3300 საჩივარი აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის თაოსნობით შევიდა – მთავრობის მანიპულაცია

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც, უწყების განცხადებით, 2012 წლამდე და 2023 წელს „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების“ სტატისტიკას ასახავდა.

პოსტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის მოგვიანებით დაემატა აღწერა, სადაც განმარტებული იყო, რომ ბარათის პირველ ნაწილში საუბარი იყო „2004-2012 წლებში შესულ 5416 საჩივარზე“, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა „სასამართლოს წარმოებაში არსებულ მიმდინარე 150 საქმეს“. ამასთან, პოსტს დაემატა ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც, „2013-2022 წლებში სტრასბურგში საქართველოდან მხოლოდ 1132 საქმე გაიგზავნა“.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ქარდი

საბოლოოდ, მთავრობის პოსტის მიხედვით, ენმ-ის მმართველობის პერიოდში, „2004-2012 წლებში საქართველოდან სტრასბურგში 5416 საჩივარი შევიდა“, ხოლო – “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013-2022 წლებში – 1132 საჩივარი.

მიუხედავად რამდენიმე რევიზიისა, პოსტი კვლავ პრობლემურად რჩება და სპეციალისტების თქმით, სტატისტიკით ცალსახა მანიპულაციაა.

მათ შორის პრობლემურია ის, რომ 2004-2012 წლების ჭრილში მოყვანილ რიცხვს მითვლილია ის 3300 საჩივარიც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თაოსნობით სასამართლოში 2008-2009 წლებში შევიდა და მოგვიანებით სტრასბურგმა მათი უმრავლესობა წარმოებიდან ამორიცხა.

კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევარი თამარ ქეცბაია, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების წარმოების დინამიკა აქვს შესწავლილი, აღნიშნავს, რომ ეს პოსტი იმ რვაწლიანი რიტორიკის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა სტატისტიკით მანიპულირებს:

„წლებია ამ მონაცემებს სხვადასხვანაირად ფუთავენ. გუშინაც რა ბარათიც და რა მონაცემებიც გამოქვეყნდა, ბევრი ხარვეზია. ის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდთან შედარებით [სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ] საჩივრების რაოდენობა შემცირდა, შესაძლოა სიმართლე იყოს, როგორც ფაქტი, მაგრამ როგორ მოგვაწოდეს [ეს ინფორმაცია] და სინამდვილეში რა შედის ამ 5000-ზე მეტ საჩივარში, ეს არის მნიშვნელოვანი“, — ამბობს მკვლევარი.

მისივე თქმით, შეცდომაა, როცა მთავრობა „საქართველოდან სტრასბურგში შესულ“ საქმეებზე წერს, რადგანაც შესაძლოა, საქართველოდან სასამართლოში საქმეები რუსეთის წინააღმდეგაც შევიდეს. მისი თქმით, აქაც, სავარაუდოდ, საუბარია საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოს დანაყოფებისთვის გადაცემულ საჩივრებზე, რომელთა რაოდენობაც მართლაც იყო 2004-2012 წლებში – 5 416, ხოლო 2013-2022 წლებში- 1 132, თუმცა ვაწყდებით სტატისტიკით მანიპულაციას.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ ამ ხუთი ათასზე მეტ საჩივარში შედის რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის მცხოვრებელი ეთნიკური ოსების საჩივრები, რომლებიც 2008-2009 წლებით თარიღდება:

ამონარიდი კვლევიდან „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში“.

„ამ საჩივრებს დირიჟორობდა რუსეთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იყო. ეს სასამართლოსაც აქვს დადგენილი. ათასობით საჩივარს შეიძლება ჰყოლოდა ერთი და იგივე ადვოკატები ვლადიკავკაზიდან. დადასტურებული ფაქტი იყო ეს, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის ეს და არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება, რომ ეს 3300 საჩივარი რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიის შედეგი იყო და ძალიან ბედნიერებმა აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ საბოლოოდ სასამართლომ ყველა ეს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან, მიიჩნია რა, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ დასაშვებობის კრიტერიუმებს“, — აცხადებს მკვლევარი.

თამარ ქეცბაია აღნიშნავს, რომ ამ საჩივრების დიდი ნაწილი, კერძოდ – 1549, 2010 წელს ამოირიცხა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს კითხვებს აღარ უპასუხეს და სტრასბურგმა მიიჩნია, რომ ისინი აღარ იყვნენ დაინტერესებული, საქმეები გაგრძელებულიყო.

დანარჩენი საჩივრების ამოსარიცხად კი, მისი თქმით, სასამართლოს მეტი მსჯელობა დასჭირდა და საბოლოოდ დაუშვებლად ცნო მსგავსი საჩივრები მის მიერ განვითარებულ მსჯელობაზე მითითებით, რომ საქართველოს „არ შეიძლებოდა პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდა იმ აქტებზე, რომლებიც განხორციელდა სამაჩაბლოში შესაბამისი საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში“.

„საბოლოოდ დანარჩენი საქმეებიც ამოირიცხა და ძალიან გვიხაროდა ეს ფაქტი, მორიგ გამარჯვებად შევრაცხეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ გაიბეროს [ენმ პერიოდის საჩივრების] რიცხვი, განმარტების გარეშე ამ 3 300-საც ათვლიან“, — აღნიშნავს მკვლევარი.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეებს გავლენა ჰქონდა მიმდინარე საქმეების სტატისტიკაზეც. კერძოდ, 10 აპრილის პოსტში მთავრობა მიუთითებდა, რომ 2023 წელს ასეთი 150 საქმე იყო:

„აქაც გაამახვილეთ ყურადღება, რომ კიდევ სხვა ტერმინი შემოდის. მიმდინარე საქმეები გულისხმობს კალენდარული წლის ბოლოს, მაგალითად, 2022 წლის 31 დეკემბრისთვის რამდენი საქმე იყო მიმდინარე და ეს რიცხვი იყო ყოველთვის მაღალი, რასაც სწორედ ის 3 300 საჩივარი განაპირობებდა“ ,— აღნიშნავს ქეცბაია.

მკვლევარი განმარტავს, რომ სანამ აღნიშნული საქმეები ამოირიცხებოდა, მიმდინარე საქმეების მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო. ამასვე მოწმობს Gnomon Wise-ის 2022 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე საქმეების რაოდენობა 2009 წელს, როდესაც 2008-ში აღნიშნული საჩივრები სასამართლოს დანაყოფებს გადაეცათ, მაღალია, 2010-ში ერთბაშად, 1549 საქმის ამორიცხვის გამო სწრაფი ვარდნა ფიქსირდება, მომდევნო წელს კი კვლავ მაღალია.

ამონარიდი კვლევიდან „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში“.

„2011 წლის მონაცემებში ამას ემატებოდა კიდევ სხვა საჩივრები, რომელიც საქართველოდან იგზავნებოდა, სასამართლო იყო ძალიან გადატვირთული, დიდი ხანი ვერ განიხილავდა საქმეებს და ამიტომაც ეს მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდებოდა და უკვე 2022 წელს, საბოლოოდ რომ ამოირიცხა 370 საჩივარი, მივიღეთ ეს რიცხვი, 2022 წელში უკვე 150 იყო მიმდინარე“ ,— აღნიშნავს მკვლევარი.

ქეცბაია მიიჩნევს, რომ მანიპულაცია პოსტში სწორედ ისაა, რომ საქართველოს მთავრობა იმ პერიოდებს იღებს შესადარებლად, რომელიც რიტორიკისთვის თვალშისაცემი რიცხვის მიღებაში დაეხმარება. მეორე მხრივ კი, მანიპულაციაა ისიც, რომ ამ 5000 საქმეში განმარტების გარეშე ათვლიან იმ 3300 საქმეს, რომელიც ვერაფრით იქნება იმის ინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ან სასამართლოს ნდობის თვალსაზრისით:

„ეს არის მანიპულაცია, როდესაც იციან, რატომ არის 5000 და არ აკონკრეტებენ ამას და უბრალოდ იყენებენ იმისთვის, რომ რადიკალურად განსხვავებული რიცხვები მიიღონ.

ფაქტია, რომ 5000-ზე მეტი იყო, ვიცით, რომ იმ პერიოდში იყო ამხელა რიცხვი, ის 3300 საქმე რომც გამოვაკლოთ, მაინც მაღალი იყო მაჩვენებელი საჩივრების თვალსაზრისით, რასაც ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დე იურე შეიძლება გაუმჯობესდა ან სასამართლოში არსებული ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა ამ ქარდის პრობლემაა, რომ ის მანიპულაციურია“, — აცხადებს მკვლევარი.

თამარ ქეცბაია აღნიშნავს, რომ მცდარია ასევე იმის განცხადებაც, თითქოს 2023 წელს მიმდინარე 150 საქმე ისტორიული მინიმუმია, რადგანაც 2000, 2001, 2002 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა ძალიან მცირე იყო და ბევრად ჩამოუვარდებოდა 2023 წლის მაჩვენებელს.

ნეტგაზეთი განმარტებისთვის ასევე დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საიდანაც ჯერ კომენტარი არ მიგვიღია.

ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”

„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან.

ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის.

„მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო.

დაინტერესებული და მონდომებული ვარ. მიყვარს ჩემი საქმე და აქედან გამომდინარე ვაკეთებ, შემოსავლის და რაღაც მატერიალური მხარის გამო არა. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი შემოსავალი არ არის, რომ ადამიანმა ამაზე დაკარგოს დრო“, – გვითხრა სულხანმა.

ცეკვის მასწავლებლის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი სტიმულის მიმცემი კმაყოფილი მოსწავლის სახეა – „ის, რომ ბავშვები ბედნიერები არიან, ერთ-ერთი ძლიერი მოტივაციაა ჩემთვის. მათ ნამდვილად უყვართ ცეკვა“.

სულხანის თქმით, მის მოსწავლეებს არაერთ ქვეყანაში უცეკვიათ: იყვნენ უკრაინაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.

სულხან ფასანიძე მოსწავლეებთან ერთად

„დიდაჭარასა და ღორჯომში სპორტულ დარბაზებში, ხოლო საციხურში კულტურის სახლში ვასწავლი.

პირველ რიგში, გარემო უნდა იყოს მისაღები. სარეპეტიციო დარბაზი სულ სხვაა. დარბაზში, სადაც ფეხბურთს თამაშობენ, არ უნდა ვარჯიშობდეს ცეკვაში ბავშვი. დამლაგებელიც გვყავს, მაგრამ მაინც პრობლემებია.

მუსიკაც ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის. ფონოგრამებზე ვაკეთებთ დადგმებს. ეს ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება. სტუდიებში რომ ვწეროთ მუსიკა, ამის კომფორტი არ გვაქვს, რადგან სოფელში არ თვლიან საჭიროდ, ამაში ფული გადაიხადონ.

ფორმა გვაქვს, მაგრამ ეს ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია. ხან ერთ ჯგუფს ვაცმევ, ხან – მეორეს და ასე დამყავს ერთი წყვილი ფორმით, რა ვიცი. ეს ფორმაც ასე შემოგველია.

პირველი ფორმა მუნიციპალიტეტის დახმარებით შევიძინეთ. შემდეგ აჭარის მასშტაბით [ცეკვის] ოლიმპიადაში მივიღეთ მონაწილეობა, პირველ ადგილზე გავედით და 1 წყვილი ფორმა დავიმსახურეთ.

რაღაც ელემენტარული ფორმები, მაგალითად, რაჭული, რაც ძვირი არ ჯდება, მშობლების დახმარებით შევიძინეთ“ – სულხან ფასანიძე.

ქორეოგრაფი ისე აბალანსებს გრაფიკს, რომ ერთ სკოლაში კვირის განმავლობაში სამი გაკვეთილი მაინც ჩაატაროს.

სულხანისთვის შაბათი-კვირა ადრე დილით იწყება, რადგან სამივე სკოლის მოსწავლეებთან აქვს ჩანიშნული რეპეტიციები. სოფლები, სადაც ასწავლის, ერთმანეთს 3 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ შეხვედრას ყველასთან ასწრებს.

ხულოს ბევრი სოფლის სკოლას არ ჰყავს ცეკვის მასწავლებელი. სულხანის თქმით, ბევრი შეთავაზება აქვს სხვადასხვა სკოლიდან, მაგრამ ამას ფიზიკურად ვეღარ ახერხებს.

„სამი სკოლაც ძალიან ბევრია. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ბევრი ბავშვი მირეკავს, უნდათ ინდივიდუალურად ვასწავლო, მაგრამ უარის თქმა მიწევს უდროობის გამო“, – გვითხრა სულხანმა.

გარდა იმისა, რომ სულხანი ცეკვას ასწავლის, მას მცირე ფერმაც აქვს, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად უვლის.

წლების წინ მისი ფერმა 15 000 ლარით დააფინანსეს პროგრამის – „აწარმოე საქართველოსთვის“ ფარგლებში, რითაც მეწარმეობა გააფართოვა.

სულხანის თქმით, ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს – „მოგვიანებით საქონლის ჯიშებზეც გავამახვილეთ ყურადღება. მივხვდით, თუ რომელია უკეთესი ჯიში ჩვენი პირობებისთვის, მეტი რძე რომ მოეცათ და მოგებაც მეტი გვქონოდა.

საქონლის სადგომი ჯერ ხის გვქონდა. შემდეგ ჩვენი ხარჯით გავაკეთეთ ქვის სადგომი წყლის სისტემით და შევიძინეთ საწველი აპარატიც. შესაძლოა, ჩვენი მცირე ფერმა ბოლომდე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, მაგრამ ჩვენს პირობებში ნორმალურია“, – ამბობს სულხანი. მისი თქმით, ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია, თუ რის გაკეთება იქნებოდა უკეთესი საქონლის ახალ სადგომში.

„კარგი ჯიშის 12 მეწველი ძროხა მყავს ამ ეტაპზე. მყავს მოზარდი საქონელიც. 100 ლიტრამდე რძე გვაქვს, რძით ვკვებავთ ხბოებსაც. ვაწარმოებთ აჭარულ დაწნულ ყველს და რძის სხვა ნაწარმს“, – გვიყვება სულხანი. მისი თქმით, ახლა საქონელს, ძირითადად, მისი მშობლები უვლიან.

„რა თქმა უნდა, როცა დრო გვაქვს, მე და ჩემი მეუღლეც ვართ საქონლის მოვლაში ჩართული. ზაფხულში ბალახს საქონლისთვის უმეტესად ჩვენ ვაგროვებთ.

გასულ წელს ძალიან გაიზარდა თივის ფასი. ყველა საქმე რთულია, მაგრამ თუ არ ცდი, არაფერი გამოვა.

ჩემი აზრით, მესაქონლეობა უფრო შემოსავლიანია ამ ეტაპისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში, მცირემიწიანობიდან გამომდინარე, კარტოფილი ან სხვა რამის წარმოება არ გამოვიდა“ – ამბობს სულხანი.

მისი თქმით, მისი ოჯახის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტს ითხოვენ კერძო მაღაზიები თუ სხვა დაწესებულებები, მაგრამ რელიეფიდან და პირობებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწოდებას ვერ ახერხებენ:

„კვირაში ორჯერ ვაბარებთ ყველს თუ რძის სხვა პროდუქტებს ბათუმის ბაზარში. სოფლის „მარშუტკის“ მძღოლებს ვატანთ და ისინი აბარებენ“.

სულხანის თქმით, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ცხოვრება განსაკუთრებით რთულია ხანგრძლივი და სასტიკი ზამთრის გამო. ფიზიკურადაც ბევრს შრომობენ ადამიანები.

„ცეკვას 200-მდე ბავშვს ვასწავლიდი. ახლა ეს რიცხვი 100-ზე ჩამოვიდა და ყოველდღიურად იკლებს, სამწუხაროდ. ქალაქისკენ მიდის მოსახლეობა. ხშირად მეუბნებიან, ამდენს მოძრაობ, ამდენ მოსწავლეს ასწავლი ცეკვას, კიდევ ფერმერობას და სხვა საქმეებს როგორ ახერხებო. მე კი ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია“.

200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს – რეპრესირებული კაცი

„200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ ისევ რუსეთში შეაგდეს. კინაღამ…

ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. მაგრამ ჩვენი მომავალი ევროპაშია,“ – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები 85 წლის ხასან კარალიძე.

ხასანი და მისი ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლები არიან. სტალინმა მთელი ოჯახი გადაასახლა. შიში, შიმშილი, უსახლკარობა, ყინვაში, ღია ცის ქვეშ ღამის გათევა – ეს ყველაფერი ხასანმა და მისმა და-ძმამ ძალიან პატარებმა გამოსცადეს.

5 წლის იყო ხასან კარალიძე, როცა 1943 წლის 23 თებერვალს მარადიდში, მისი სახლის ეზოში, ჯარისკაცები გამოჩნდნენ. სახლში მყოფი დედა, სამი ბავშვით, დააპატიმრეს და ბათუმის ციხეში წაიყვანეს. ერთი თვის მერე კი რუსეთისკენ გაუყენეს გზას საეტაპო მატარებლით, სადაც ტუსაღებთან ერთად მოათავსეს.

გადასახლება ხასანისთვის იმდენად მძიმე და ტრავმული იყო, რომ 80 წლის შემდეგაც იმ სუსხიან ზამთარს უცრემლოდ ვერ იხსენებს. ხმა ეცვლება, კანკალებს და ცრემლი ღვარად მოსდის თეთრწვერიან სახეზე.

„ორი ჯარისკაცი იყო. აგვწიეს და წაგვიყვანეს – დედაჩემი სამ ბავშვთან ერთად. ბათუმის ციხეში ერთი თვე დავრჩით თითქმის. მეორე მსოფლიო ომი იყო. ძალიან ძნელი იყო მოგზაურობა. ციხის ტუსაღებს მიგვაკრეს ჩვენ და მათთან ერთად, ეტაპით წაგვიყვანეს. ჩაგვიყვანეს ბაქოში. ბაქოდან სტალინგრადისკენ [ახლანდელი ვოლგოგრადი] გაგვიყენეს გზას,“ – იხსენებს ხასან კარალიძე.

დედის, ხასანის და მისი და-ძმის საბოლოო დანიშნულების ადგილი ციმბირი აღმოჩნდა, ტომსკის ოლქი.

ხასან კარალიძე იხსენებს 1943 წელს, როდესაც მდინარე ვოლგაზე მატარებლის ვაგონები ბარჟით გადაჰქონდათ – ჯერ კიდევ ბრძოლები მიდიოდა სტალინგრადში [ახლანდელ ვოლგოგრადში].

„ჩვენ ქვემოდან შემოვუარეთ, რადგან ზემოთ ომი იყო. იქიდან თოფის და ზარბაზნების ხმა ისმოდა, ის ხმა მახსოვს. ღამით მივყავდით, რომ მდინარე ვოლგაზე  გადავეყვანეთ ბარჟით.

ჩავედით ნოვოსიბირსკში. ნოვოსიბირსკიდან კი – ტომსკში. იქ მატარებლიდან გადმოგვიყვანეს. ამფერი სულელი მთავრობა რაფერ იქნება. ღამით გაგვყარეს 40 გრადუს ყინვაში გარეთ. ის ღამე ყინვაში გავატარეთ. დედაჩემმა ლოგინში შეგვახვია და იმით გადაგვარჩინა.

ტომსკში ჩასვლიდან ერთ თვეში ხასანს და მის ოჯახს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდათ თავს, ხასანის პატარა და დაიღუპა.

200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს - ხასან კარალიძე

  • გადასახლებაში

1939-1953 წლები [იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე] საბჭოთა კავშირის ისტორიაში სტალინური რეპრესიების სახელითაა შესული. ამ წლებში სტალინმა მილიონობით ადამიანი გადაასახლა მშობლიური ადგილებიდან. გადასახლება შეეხო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შემავალ ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა ხასან კარალიძის ოჯახიც. მან გადასახლების ზუსტი მიზეზი დღემდე არ იცის.

„დღესაც არ ვიცი, რა მოხდა. მამაჩემი მავნებლადაა ჩაწერილი არქივში. არც მომიკითხია და არც მივსულვარ. ვიცი, რომ ცუდად უნდა მომეპყრონ და არ მივდივარ.

მამაჩემი ძალით წაიყვანეს [ომში] და ვლასოვის არმიაში [გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა გენერალ-ლეიტენნტი] მოხვდა მგონი. ეგეც არ ვიცი ზუსტად. ამუშავეს ალბათ აქეთ [საბჭოთა კავშირის] საწინააღმდეგოდ,“ – იხსენებს ხასან კარალიძე.

ტომსკის ოლქში, სადაც ხასანი და მისი ოჯახი გადაასახლეს, თავდაპირველად სამხედრო ყაზარმებში მოუწიათ ცხოვრება.

„იქ რომ ჩაგვიყვანეს, ყინვაში გაგვყარეს, მეორე დღეს მოგვნახეს და შეგვასახლეს ყაზარმებში. ყაზარმები იყო ვეებერთელა. ყველაფრამდე მოწყობილი.

ერთი წლის შემდეგ ეს ყაზარმები დაიშალა. ყაზარმების ნაშალი რაღაცები მოვიპარეთ, რაღაცები მოვძებნეთ, ზოგი ფიცარი რკინიგზის სადგურზე ვნახეთ, გადავზიდეთ რკინიგზის იქეთ, კარგი ადგილი შევარჩიეთ და მიწური ამოვჭერით.

დედაჩემმა ფული მისცა ვიღაცას და ამოაჭრევინა. ზემოდან სახურავი გავაკეთეთ. ეს სახურავი სულ უფასოდ გაგვიკეთა ერთმა იმერელმა კაცმა, ისიც გადასახლებული იყო. მახსოვს, მიხა ერქვა იმ კაცს.

სახურავზე მიწა-კორდი დავაწყვეთ და წვეთი არ ჩამოგვვარდნია. აქ დაახლოებით სამი წელი ვცხოვრობდით. გვერდით სადრენაჟო არხი იყო დიდი, წყალი ჩადიოდა, ბავშვები ვთამაშობდით,“ – იხსენებს გადასახლების წლებს ხასან კარალიძე.

  • დაბრუნება

ხასან კარალიძე ამბობს, რომ გადასახლებაში მან და მისმა ძმამ სამი წელი გაატარეს, დედამ კი – ხუთი წელი.

„ერთი ქედელი კაცი იყო, ხუსეინ თურმანიძე და იმან წამოგვიყვანა აქეთ [საქართველოში]. თითო 300 მანეთის ხარჯზე.

დედაჩემმა პური იყიდა და გამოგვატანა, მაგრამ ისიც გზაში დაგველია. მერე ამ კაცმა საათი გაყიდა და იმით პური იყიდა. მაგრამ ერთი კვირის სამყოფი პური იყო. მეტზე არ გვეყო.

მახსოვს, სადღაც ერთ-ერთი მატარებლის სადგურში ვიყავით და ვფიქრობდით რა გვექნა. ქალი ხვეტდა სადგურის წინ. ცოცხით გამოიქნია რაღაცა გაზეთში გახვეული. ჩემმა ძმამ აიღო და ფული აღმოჩნდა. ის სიხარული დღესაც მახსოვს. იმ ფულით ჩამოვაღწიეთ საქართველოში.

აქ ბებია გვყავდა. გადასახლებისას ჩვენი მშობლიური სახლი გაანაწილეს, ნახევარი ბიძაჩემს მიაკუთვნეს, ნახევარი – მამაჩემს. მამაჩემის წილი კი კოლექტივს მისცეს. ვითომ უნდა დაებრუნებინა კოლექტივს ჩვენი სახლი, მაგრამ რაის დაბრუნება, რაის რამე. ერთი გრამი რამე არ მოუციათ. ბებიაჩემს, 80 წლის ქალს, რა შეეძლო?

დედა 1947 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. ის რომ არ ჩამოსულიყო, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ძალიან ჭკვიანი ქალი იყო – რუსული და თურქული იცოდა. ღონიერი და მშრომელი იყო. დედამ გადაგვარჩინა. გვიხელმძღვანელა. ღობის დაღობვაც კი დედამ გვასწავლა. იმ წლებში ქალებმა დიდი როლი ითამაშეს სოფელში.

მარადიდი ძალიან ჩამორჩენილი იყო იმ დროს, მაგრამ ძველი, კულტურული სოფელია.

რაის ახალგაზრდობა მქონდა… ნახევრად შიმშილობაში გავიზარდე. სკოლაში მეოთხე კლასამდე რეზინის ქალამნით დავდიოდით. ფეხსაცმელი სად იყო, ვის ჰქონდა ფული. თუ იყო ტილოს ფეხსაცმელი, ისიც ორ დღეზე იხეოდა.

4-ჯერ ვცადე ინსტიტუტში ჩაბარება. მეოთხე მცდელობაზე ჩავირიცხე. ქედქედელი კაცი იყო – ყალიმ მსხალაძე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ხარისხი ჰქონდა დაცული. მაგან გაიგო, რომ ვაბარებდი და მომეხმარა. ეგ რომ არ დამხმარებოდა, დავრჩებოდი გარეთ. ხრუშოვის დრო იყო და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა.

კომუნისტების დროს ცხოვრება ასე იყო – შენ თავი არ უნდა გბმოდა, ტანი უნდა ყოფილიყო მარტო. არ უნდა გეფიქრა არაფერი – ტვინსაც ისინი მართავდნენ, ფულსაც ისინი მართავდნენ, სახელმწიფოსაც ისინი მართავდნენ. გავლა-გამოვლასაც, შენს აზროვნებასაც, ყველაფერს ისინი მართავდნენ. ასე შეიძლება ადამიანმა იცხოვროს? ასე ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდი. სკოლაში 30 წელი გავატარე. მაგის გარდა ძროხები და ფუტკარი მყავდა, ყანა მქონდა 2 კილომეტრზე სახლიდან, საღამოზე იქ უნდა წავსულიყავი, დათვს რომ სიმინდი არ შეეჭამა. ერთ ნალია სიმინდს ვამზადებდი.

საჭმელი – ლობიო, სიმინდი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ გაწყვეტილი ვიყავი შრომაში“.

ხასან კარალიძე
  • სტალინი

„მე სტალინზე კარგს ვერ ვიტყვი. თუმცა გენიოსი იყო. ბევრი ისე აფასებს, როგორც მე ვაფასებ. საქართველოსთვის მაინც და მაინც დიდი რამე არ გაუკეთებია. რატომ? პირადად რომ ემართა, პირადად რომ ებატონა და მსოფლიოში თვითონ ყოფილიყო ცნობილი. ასე ვაფასებ მე სტალინს.

დღევანდელობაში რეპრესიები არაა თორემ, თითქმის ჰგავს იმას. ახლა მიშვებულია სახელმწიფო თვითდინებაზე. სახელმწიფოში ნიჭიერი კაცი არაა დარჩენილი. ვინმე ნიჭიერი არაა.

რაც ივანიშვილს ვაჭრული ცბიერება აქვს, იმ ცბიერებით მართავს ქვეყანას. ჰგონია, მე ყველაზე კარგ საქმეს ვაკეთებო. ერთხელ დავით აღმაშენებელსაც კი შეადარეს. ფუი-მეთქი, რაის დავით აღმაშენებელი და რაის რამე.

ძალიან მაინტერესებს სახელმწიფო საქმე. 200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ რუსეთში შეაგდონ. კინაღამ და…

ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. ჩვენი მომავალი ევროპაშია. ევროპა ჩემთვის, პირველ რიგში, განათლებასთან ასოცირდება.

რუსეთი ვერ დაგვიცავს, არც დაგვიცავს, არც აინტერესებს რუსეთს ჩვენი თავი. რუსეთს აინტერესებს გამოგიყენოს, რამდენი მოგვატყუა, რამდენჯერ…

ჯერ ერთი, ერეკლე მეფის ტრაქტატი რომ დადეს, იმაში 7 საიდუმლო მუხლი იყო, ვითომ უნდა შეესრულებინა რუსეთს, არც ერთი გააკეთა.

რუსეთს მისი აინტერესებს. რუსეთი შენ არ მოგიდგება არასდროს“.

_____________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა – პენსიონერები 10 პროცენტს გადაიხდიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა.

„მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით“ (DRG) დაფინანსების მოდელის პირობებში პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა, რომელიც 0-30%-ია. მიუხედავად ამისა, თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული ჯგუფებისთვის დააწესა ზედა ზღვარი, რომელზე მეტის გადახდა, მათივე განმარტებით, პაციენტს არ მოუწევს.

კერძოდ:

საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება – 10% – მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

0-5 წლის ბავშვებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის – 20% – არაუმეტეს 1000 ლარისა; მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 20 % აღემატება 1000 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1000 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30% – არაუმეტეს 1500 ლარისა. მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 30 % აღემატება 1500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 

10 თევზიდან 4-ში მიკროპლასტმასა აღმოჩნდა – კვლევა თურქეთში

თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთით მდებარე იზმიტის ყურეში, მკვლევრებმა გამოიკვლიეს თევზის 12 სახეობა, რომელთა უმრავლესობა საკვებად მოიხმარება.

კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასა აღმოჩნდა იზმითის ყურეში ყოველი 10 თევზიდან ოთხის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მათ შორის, წითელ კეფალსა და სკუმბრიაში – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

პლასტმასა ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. ერდოღანის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიის განყოფილების მკვლევარი ულგენ აიტანი განმარტავს, რომ თევზებში საკმაოდ გავრცელებული მიკროპლასტმასა წარმოადგენს ბოჭკოებს, რომელიც სინთეტიკური ტექსტილისგან წარმოიქმნება. მისივე თქმით, პლასტმასის ბოჭკოები, ჩვეულებრივ, ქარის ან კანალიზაციის მიერ სინთეტიკური ტექსტილის გარეცხვის შედეგად ვრცელდება.

მიკროპლასტმასით დაბინძურების კიდევ ერთი ტიპი წარმოიქმნება ყველა სახის პლასტმასის მასალის ფრაგმენტაციის შედეგად, ისეთის, როგორიცაა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების ბოთლები, შეფუთვა და პლასტიკური ჩანთები.

მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ გლობალური პლასტმასას წარმოება მოსალოდნელია გაოთხმაგდეს 2050 წლისთვის და მაშინაც კი, თუ პლასტმასას მოხვედრა ზღვაში შეჩერდება, რადგან პლასტმასა, რომელიც უკვე ზღვაშია გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ იშლება.

მისივე თქმით, დიდი რისკის ქვეშ არიან ისეთი ცოცხალი არსებები, როგორიცაა მიდიები და ანჩოუსები, რომლებიც იკვებებიან წყლის გაფილტვრით, რადგან მათ არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ მიკროპლასტმასისა და ქიმიკატების გადაყლაპვა.

„ამ ქიმიკატების უმეტესობა შეიძლება გადავიდეს ერთი ცოცხალი არსებიდან მეორეზე კვებითი ჯაჭვის მეშვეობით. მაგალითად, თუ ანჩოუსში მოხვდება მიკროპლასტმასა, უფრო დიდი თევზი, რომელიც ანჩოუსით იკვებება, ასევე შთანთქავს მიკროპლასტმასას“ – ამბობს მკვლევარი.

სპეციალისტების თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ზღვებში პლასტმასას მოხვედრის ალბათობის შემცირებაა.

საზღვაო ნარჩენების მონიტორინგი საქართველოში არ ხდება, გარდა ერთეული შემთხვევებისა. მაგალითად, 2021 წელს „შავი ზღვის ეკო აკადემიამ“ ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და ფოთში შავი ზღვის საზღვაო ნარჩენებით დაბინძურების მონიტორინგი ჩაატარა სანაპიროზე. ორგანიზაციის მიერ აღწერილი საზღვაო ნარჩენების 87%-ს შეადგენდა პლასტიკატის ბოთლები, თავსახურები და სხვა მცირე ზომის პლასტმასის ნივთები.

______________

ფოტო: ფოტო: dailysabah.com

ამავე თემაზე: 

რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

რუსეთში, ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს – მედია

10 აპრილს რუსეთში, ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

საფრენი აპარატი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდე ცნობები აეროპორტზე თავდასხმის შესახებ ტელეგრამის არხებზე გავრცელდა. პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა აეროპორტის ღობე და სასიგნალო კაბელები. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოფიციალურად, ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბელგოროდის აეროპორტი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

თებერვლის ბოლოს ბელგოროდში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ოფიციალური ცნობებით, ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა რამდენიმე სახლი და ავტომანქანა.

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

„გამოცდა ჩავაბარე ივლისში და ახლა 10 აპრილს მოვიდა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის – პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 20 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო შევკრათ და წარვადგინოთ, ეს არის დისკრიმინაცია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავა.

მასწავლებლებმა ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს, რომ განათლების სამინისტროს ამ ფორმით მაინც მიაწვდინონ ხმა. კამპანიას მანანა მიქავაც შეუერთდა.

  • ქალბატონო მანანა, ზოგიერთი თქვენი კოლეგა ეწინააღმდეგება სტატუსის ამაღლებას მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური პედაგოგისგან ამაზე საუბარიც კი უხერხულია. როგორია თქვენი არგუმენტები ამ საკითხზე?

რომ გითხრათ, ცალსახად წინააღმდეგი ვარ პორტფოლიოს წარმოების-მეთქი, ასე არ არის. უბრალოდ, იმდენად გაჭიანურდა კრიტერიუმების დამტკიცება, რომ ახლა ამ დროში, არარეალური იქნება პორტფოლიოს ღირსეული წარდგენა, რადგან აპრილის ბოლოს გვაქვს ჩაბარების ვადა.

10 აპრილს მოვიდა დამტკიცებული კრიტერიუმები. მათ, ვინც წელს ჩააბარებენ გამოცდას, სრული ერთი წელი ექნებათ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვნენ პორტფოლიოს მოთხოვნებს და ისე დაგეგმონ აქტივობები. მე კი, გასული წლის ივლისში ჩავაბარე გამოცდა და ახლა 20 დღეში უნდა შევკრა და წარვადგინო პორტფოლიო? ეს სრული დისკრიმინაციაა.

  • რა მოთხოვნებია ისეთი, რაც არ გაგიკეთებიათ წლის განმავლობაში და ვერ მოასწრებთ თუნდაც ამ 20 დღეში. თქვენი განხორციელებული აქტივობებიდან არც ერთი მიესადაგება კრიტერიუმებს?

რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი მიესადაგება, მაგრამ ამ აქტივობებს სჭირდება  გაფორმება, დაწერა და წარდგენა ხომ? ჩვენც არ ვიცოდით, რომელი აქტივობები იქნებოდა საჭირო და ბევრ მასწავლებელს შესაძლოა სულაც არ აქვს ის აქტივობები გაკეთებული, სხვა კუთხით აქვს ნამუშევარი სკოლაში. რასაც ითხოვენ ჩვენგან, ამ პერიოდში ვერანაირად ვერ მოხერხდება.

მაგალითად, ყურადღება ექცევა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას. ასევე, პრობლემად მიმაჩნია, როცა ახლა ითხოვენ კურიკულუმის შეფასებას, რადგან აქამდე ეს ასე არ იყო და სასწავლო წლის ბოლოს კეთდებოდა ხოლმე შეფასება.

კურიკულუმში რასაც ვერ ვძლევთ და მოსწავლე ვერ მოგვყვება, მაგალითად, ამას განსაკუთრებული წესით სჭირდება წარდგენა, დასაბუთება. რას მივაღწიეთ, რას ვერა და შემდგომ განვითარების გზებს ვსახავთ ხოლმე.

ჩემი აზრით, ახლა, აპრილში კურიკულუმის განხილვა და განვითარების გეგმის დაწერა არარელევანტურია.

გვთხოვენ პროექტებს, კოლეგებთან მუშაობის შედეგებს – რატომ შევხვდით, რატომ დავინახეთ ამის საჭიროება, რა შედეგი გვაქვს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გვქონდეს ფორმალურად გაწერილი. ამ ყველაფერს სჭირდება ვიზუალიზაციაც.

ერთი პროექტი რომ გაწერო, საშუალოდ ორი კვირა მაინც გჭირდება, რომ გააზრებულად გააკეთო. 20 დღე ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი ამდენი პროექტის წარსადგენად.

ზოგადად, ჩვენ გამოცდები როცა ჩავაბარეთ, მანამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი, რას ითხოვდნენ ჩვენგან, რა იქნებოდა შემდგომი ეტაპი და ცხადი, გასაგები უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. ჩვენ შვიდი თვე ველოდეთ ამ ახალი სქემის დამტკიცებას, სანამ გარე დაკვირვებას ამოიღებდნენ და შემდეგ დააკორექტირებდნენ პორტფოლიოს მოთხოვნებს.

შვიდი თვის განმავლობაში არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი საქმიანობა ისე დაგვეგეგმა, რომ მიგვესადაგებინა იმ რუბრიკებისთვის, რაც წარმოგვიდგინეს. აი, ამას ვაპროტესტებთ.

  • ეს ვადები რომ არ დაერღვია სამინისტროს, მაშინ არ იქნებოდა პორტფოლიოს წარდგენა პრობლემა?

მაშინ არ იქნებოდა პრობლემა. თან ცუდი ის არის, რომ ვთქვათ, ახლა ვერ მოვაგვარე ეს პორტფოლიო, სექტემბერში ვერ მომენიჭება მენტორის სტატუსი და მომიწევს ერთი წელი ისევ ველოდო სტატუსის ამაღლებას. ეს ცუდია.

ფაქტობრივად, ხელოვნურ ბარიერს ქმნიან იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყონ და კიდევ ორი წლით გადადონ სტატუსის დანამატების გაცემა.

სხვა მხრივ, მე, პირადად, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მასწავლებელმა თავისი საქმიანობის პორტფოლიო აწარმოოს, ოღონდ გონივრულ ვადებში და ეს არ დაემსგავსოს ყალბად, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებულ საქმეს.

პრობლემაა ისიც, რომ ზოგიერთ მასწავლებელს ერთ წელზე აქვს პროექტი გაწერილი და ჯერ არ დაუსრულებია. მიმდინარე პროექტებს კი ვერ წარვადგენთ, რადგან აუცილებლად რეფლექსია უნდა მოჰყვებოდეს ამ პროექტებს. დასრულებული სახე უნდა ჰქონდეს, რომ შედეგი ჩანდეს. რას მივაღწიეთ, რას ვერა და რატომ ვერ მივაღწიეთ, რა გვესახება ჩვენივე ვერ მიღწეული მიზნების გამოსწორების გზად, ეს უნდა ვაჩვენოთ.

  • როცა ზოგიერთი პედაგოგი ითხოვს პორტფოლიოს გაუქმებას, ამაში ეს მიზეზები იგულისხმება, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუ ზოგადად არ სურთ ამის წარმოება?

ზოგადად, ამ სქემის გამო მასწავლებლების ნაწილი ბევრჯერ გავხდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგან არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს არაერთხელ.

თუნდაც მაშინ, როცა ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები გაგვიტოლეს ჩვენ, ვინც 10 კრედიტზე ჩავაბარეთ საგნის გამოცდა. შემდეგ სქემას მოხსნეს ბიუროკრატიული ნაწილი და თქვეს, რომ მასწავლებელი სტატუსის ამაღლებას მხოლოდ გამოცდით შეძლებდა.

ამის გამო შეჩერდა ჩვენი პროფესიული წინსვლა მთელი სამი წელი და ესეც ერთგვარი ბარიერი იყო იმისთვის, რომ სტატუსები არ აგვემაღლებინა და ასე დაგვტოვეს ხელფეხშეკრული.

ისინი, ვინც ველოდებოდით გამოცდით სტატუსის ამაღლებას, დავრჩით მოტყუებული, რადგან ახლა ისევ გვიწევს ამ პორტფოლიოების ატვირთვა, როცა სხვამ 1 კრედიტით აიმაღლა სტატუსი.

ვფიქრობ, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეს არჩევანი, როგორ აიმაღლოს სტატუსი – გამოცდა ჩააბაროს, თუ წარადგინოს პორტფოლიო.

  • ვფიქრობ, ამაზე არც მასწავლებლები ხართ ბოლომდე შეთანხმებული, რადგან ბევრისგან მომისმენია, რომ არც ერთი არ წარმოადგენს პრობლემას, თუ მასწავლებელი კვალიფიციურია.

მე მაინც ვფიქრობ, რომ სამინისტროს არ სურს ჰყავდეს ბევრი მენტორი და წამყვანი მასწავლებელი, რადგან ეს ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფას მოითხოვს და რეალურად, ამას თავადაც აღიარებენ, როცა ამბობენ, რომ სტატუსების გამო მასწავლებელს სხვა პრივილეგია არ აქვს, გარდა იმისა, რომ იღებს ფულად დანამატს.

არ გვაქვს უპირატესობა არც გასაუბრების დროს, არც დასაქმების დროს, არც საათების განაწილების დროს, არსად. ერთადერთი ჩვენი მოტივაცია არის ანაზღაურება და რატომაც არა.

თუკი ამ დაქცეულ ქვეყანაში, ასეთი დაბალი ანაზღაურების და მაღალი ფასების ფონზე შეიძლება გვქონდეს რაღაც 300 ლარით მეტი და თუ არ არის განსხვავება პროფესიული თვალსაზრისით, მაშინ საერთოდ ფუჭია ხომ ეს სქემა.

თუ ეს პორტფოლიოც ფუჭია, მაშინ მოგვცენ მენტორის ანაზღაურება საბაზისო ხელფასად, რადგან თვითონ გაგვიტოლეს ერთკრედიტიანები.

თუ ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს, მოვლენ სკოლაში, გვასწავლიან, ამას მივესალმები.

  • ამას ვაკეთებთო ამბობს სამინისტრო, ადგილზე შექმნილია დამხმარე ჯგუფებიო და არ მუშაობს ეს ყველაფერი?

ძალიან კომიკური სიტუაციაა. „უდიპლომო სასიძოში“ ძროხებს რომ ორკესტრს მიუყვანენ აი, ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს განათლებაში, რადგან რეალურად თანხების გაღება არ სურთ, ჭერიდან იწყებენ პრობლემის მოგვარებას – არც ერთი სკოლა არ არის რეალურად იმის შესაბამისი, რასაც ჩვენგან ითხოვენ.

არ არის რესურსი, შესაბამისი კლასები, ელემენტარულად, შიათ ბავშვებს გაკვეთილზე და საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი კლასგარეშე პროექტები ხომ? სოციალური ფონია მძიმე ქვეყანაში და რასაც სამინისტრო გვავალებს, არ არის სკოლა მზად ამისთვის, ამიტომ ყველაფერი, სამწუხაროდ, ფურცელზე რჩება ლამაზად დაწერილი, ბავშვებამდე მიდის მინიმუმი.

ასეთ მდგომარეობაში რომ არ ჩაგვაყენონ და მოგვცენ რეალური დრო, არ სჯობდა? მაგალითად, თქვან, რომ სექტემბრიდან ივლისის ბოლომდე შევაფასებთ კურიკულუმს, სხვა დროს შეგიფასებთ პორტფოლიოს, ან სხვა რაიმე პროექტს, რაც გაქვს დაგეგმილი, ხომ შეიძლება ასე არა? მიზანზე ორიენტირებულად მოხდეს შეფასება და არა ფორმალურად, ხელფასების მომატებას მიაბა ყველაფერი.

  • საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის მაინც ანაზღაურებამდე და თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გზას?

რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს მასწავლებლებს შორის. პირველ რიგში, სკოლის ადმინისტრაცია უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ჰყავდეს პროფესიონალი კადრი და არა ნეპოტიზმით და კორუფციით აყვანილი, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს და არაერთი დასკვნა მინახავს აუდიტის, თუმცა არაფერზე შეუბერტყია სამინისტროს ყური. ნეპოტიზმი თუ არ აღმოიფხვრა სკოლაში და ეს კორუმპირებული დირექტორები არ წავიდნენ სკოლიდან, ისე არაფერი ეშველება სისტემას.

ამათთვის მთავარია აითვისონ გრანტები, რადგან დასავლეთიდან მოდის დაფინანსება რეფორმების მიხედვით და თუ ერთი არ გაამართლებს, შეცვლიან მეორით და საერთოდ არ აინტერესებთ შედეგი. ასე იყო „ახალი სკოლის მოდელშიც“, ძალიან კარგი პროექტი იყო თავიდან, მაგრამ იმდენი ფული შეიჭამა და რაც იყო დაგეგმილი, იმის მეასედიც არ განხორციელებულა.

  • რას გულისხმობთ?

აი, თუნდაც ამ ქოუჩების ნაწილში პედაგოგების მომზადებას, რაც არ გაკეთდა. ადრე პანდემიას აბრალებდნენ და ახლა ხომ აღარაა პანდემია, დაიგეგმოს პირისპირ ტრენინგები. ონლაინში, სადაც 400 მასწავლებელი ესწრება, აზრს ვერ გაიგებ, უკუკავშირს ვერ მიიღებ, კითხვას ვერ დასვამ, ასეთი ტრენინგიდან რა ცოდნა უნდა გამოიტანო და შემდეგ რა უნდა დანერგო.

ამ ტრენინგებზეა მერე ყველაფერი მიბმული, შემდგომი რეალური განვითარება. ჯერ ხომ უნდა მასწავლოს ქოუჩმა რას გულისხმობს ამ ახალი სკოლის მოდელში. ჩემი სკოლა საერთოდ არ არის ამაში ჩართული და წესით, ყველა სკოლა ხომ უნდა იყოს თანაბრად ჩართული, თუკი თანაბარ განვითარებას ითხოვენ. თუ შენ ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლის სტანდარტს მთხოვ, მაშინ ჩააყენე ყველა სკოლა თანაბარ პირობებში.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ იმ ონლაინკამპანიაზე, რაც წამოიწყეთ, როგორ ფიქრობთ, გამოიღებს შედეგს, ელოდებით გამოხმაურებას სამინისტროსგან?

დიახ, ველოდებით შედეგს, რადგან წელს ამ პორტფოლიოების მოთხოვნა არის სრულიად უსამართლო. ჩაატარონ ტრენინგები, ნათლად გაგვარკვიონ, რას ითხოვენ ჩვენგან და მოგვცენ დრო სექტემბრამდე მაინც, რომ შევკრათ პორტფოლიო.

დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 13-14 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 179 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 500]
  • ტანკი – 3 644 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 7 038 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 765 ერთეული [+15]
  • MLRS – 534 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 332 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 620 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 316 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც .

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 736 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 626 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 079 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 563 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 426სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბათუმში რამდენიმე სართულს უკანონოდ აშენებენ – რას ვერ აკონტროლებს მერია

ბათუმში, ოთხსართულიან სახლს მომცრო ზომის ფართობი მიაშენეს, ამის პარალელურად შენობაზე დაშენების სამუშაოებიც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ხდება უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

2 სართული უკვე დააშენეს და ისევ აგრძელებენ. დღის საათებში აქ ვერავის ნახავთ, სამუშაოებიც შეჩერებულია, კომპანია ძირითადად ღამით, მალულად მუშაობს. თუ ამას მალულად მუშაობა შეიძლება ეთქვას, რადგან სამშენებლო პროცესის ხმების დაფარვა შეუძლებელია.

მშენებელი ჩქარობს, ასწრებს. ჩქარობს პარლამენტიც, მალე სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაამტკიცებენ სწორედ მსგავსად, უკანონოდ აშენებული შენობების დასაკანონებლად.

ამ დროისთვის არ ვიცით რამდენი სართულის დაშენებას გეგმავს მშენებელი. სამშენებლო ტერიტორია მხოლოდ ლენტით არის შემოსაზღვრული, არასრულად. ადგილზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა. შენობის გვერდით კრამიტით გადახურული ძველი სახლია, ამ სახურავზე ჩამოდის მილი, რომელიც დაშენებული სართულიდან გამოუყვანიათ. როგორც ზემოდან ჩანს, სავარაუდოდ ეს სახურავიც დაზიანებულია.

„ბათუმელებმა“ სცადა თავად მშენებლისთვის ეკითხა, რამდენი სართულის დაშენებას აპირებს. ერთ-ერთ კომპანიაში მისმა თანამშრომელი გვითხრა, რომ „გადასცემს ჩვენ შესახებ ინფორმაციას და თუ საჭიროდ ჩათვლით, თავად დაგვიკავშირდება“.

ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #26
ბათუმი ჰაიდარ აბაშიძის #26

მიმდინარე მშენებლობის მეზობლად მცხოვრებლები სახლის უსაფრთხოებაზე შიშობენ: „ეს სახლი ამხელა დატვირთვას როგორ გაუძლებს?“

ჰაიდარ აბაშიძის #26-ში მდებარე შენობა ორ საკადასტრო ერთეულზეა განთავსებული, ორივე ნაკვეთი ჯამში 339 კვ.მეტრი, შენობების საერთო ფართობი კი 992 კვ.მეტრი. ორივე მიწის ნაკვეთს, ასვე შენობას შპს „გესთ გრუპი“ ფლობს.

ქონება „თიბისი ბანკში“ იპოთეკით არის დატვირთული. როგორც ჩანს, კომპანიამ შენობა „თიბისი ბანკისგან“ შეისყიდა, რადგან გასულ წლებში მესაკუთრედ სწორედ ეს ბანკი ფიქსირდებოდა.

რეესტრის მონაცემების მიხედვით აქ მეიჯარედ ფიქსირდება ასვე შპს „მეგა სკოლა“.

შპს „ბესთ გრუპ“ 2022 წლის აგვისტოში დაფუძნებული კომპანიაა და მის წილებს კომპანიის დირექტორი ნუკრი შარაძე [25%], ასევე გია ლომინაძე [17%], ნოდარ ფუტკარაძე [33%] და მინდია ხარაზი [25 %] ფლობენ.

ჰაიდარ აბაშიძისა და გორგასლის ქუჩების კვეთში ნუკრი შარაძე ფლობს ასევე რესტორან ტიფლისს. [შპს ტიფლისი მას 2020 წელს დაუფუძნებია] ნუკრი შარაძე კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ჰაიდარ აბაშიძის #26-ში უნებართვო მშენებლობის თაობაზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. აქ ირწმუნებიან, რომ კომპანია ორჯერ 25-25 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა

„ისეთი უნიკალურია, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, ახლა კი, ფეხაკრეფით უნდა გაიარო, რომ არ ჩავარდე,“ – ამბობს დავით ფალავანდიშვილი და თითქმის ორი საუკუნის მეჩეთის ფერადი ჩუქურთმებით მოხატულ კარს ფრთხილად გვიღებს.

ზვარეს მეჩეთის ინტერიერი

ქედაში, სოფელ ზვარეში, უძველესი მეჩეთი ინგრევა. ხელისუფლებას 1834 წელს აგებული მეჩეთისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებია, მოსახლეობის რამდენიმეწლიანი მიმართვების და ბრძოლის შემდეგ გადაუხარავს კიდეც, თუმცა რესტავრაციისა და ისტორიული ძეგლის გადარჩენისთვის ამ დრომდე ვერ მოუცლია – მეჩეთის შიგა კედლები და იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ აქ გავლაც საშიშია.

ისტორიული მეჩეთი სოფელ ზვარეში

„კიდევ კარგი, რომ არ იყო წელს დიდი ზამთარი, დიდთოვლობის დროს შეიძლება სრულიად ჩამოიშალოს…“ – განაგრძობს თხრობას დავით ფალავანდიშვილი, ის სოფელ ზვარეში ცხოვრობს და იხსენებს, პირველად როდის მიმართა მთავრობას მეჩეთის გადარჩენის თხოვნით.

„10-12 წლის წინ მივმართეთ ალბათ, მაგრამ უშედეგოდ… 3-4 წლის წინ გადახურეს, მაგრამ აქ საყრდენი ბოძი იყო საჭირო, არ არის, საჭიროა გამაგრება, რესტავრაცია და აღდგენა, ამას სჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, სათანადო მასალები,“ – გვიყვება დავით ფალავანდიშვილი და ერთ, ფერად ჩუქურთმასთან ჩერდება.

„ლაზ მოხელეს აუშენებია ეს მეჩეთი, ურთხელის მასალა გამოუყენებიათ და ხელით გამოუზიდიათ მერისიდან, ნამონასტრევი იყოო…

მერე, საბჭოთა კავშირის დროს, საწყობად გადაუქცევიათ: დაფნას ინახავდნენ, თუთუნს… ბევრ სოფელში მეჩეთი დაწვეს, დაანგრიეს, მაგრამ ჩვენთან გადარჩა. 90-იანი წლების შემდეგ მეჩეთი აღარ აღუდგენიათ.

გზა რომ მომხვდება, აქ ყოველთვის შემოვდივარ 5 წუთით. ჩარჩენილი მაქვს თავში…
189 წლის მეჩეთი ქედაში, სოფელ ზვარეში ინგრევა

ხელისუფლებამ მეჩეთის აღდგენისთვის თანხა არ გამოძებნა, თორემ ყველაფერი შეუძლია. თანხას ბიუჯეტში უკან აბრუნებენ, 20 – 25 მილიონს, იბრძოლოს მუნიციპალიტეტმა და აქ დახარჯოს,“ – გვითხრა დავით ფალავანდიშვილმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ზვარეს, ასევე სოფელ ძენწმანის მეჩეთების რესტავრაციითვის ტენდერის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ამ სააგენტოს ტენდერის გზით 2021 წელს შეუსყიდია ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციის პროექტები – ჯამში 49 450 ლარად, თუმცა ამ დრომდე ტენდერი არ გამოუცხადებიათ.

რატომ არ გამოცხადდა ტენდერი ამ დრომდე, როცა  რეაბილიტაციის პროექტები სააგენტოს 2021 წლის ბოლოს ჩააბარეს? – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კითხვა უპასუხოდ დატოვეს. პროექტთან დაკავშირებით კი გვითხრეს, რომ იგი საჯარო ინფორმაციის სახით უნდა გამოვითხოვოთ.

ისტორიული მეჩეთი სოფელ ზვარეში

______________________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

ამ თემაზე:

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

ირანში კამერებს ამონტაჟებენ ქალების გამოსავლენად, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებენ

ირანში ხელისუფლება საზოგადოებრივ ადგილებში ვიდეო კამერებს ამონტაჟებს იმ ქალების გამოსავლენად და დასასჯელად, რომლებიც უარს ამბობენ თავსაბურავის ტარებაზე.

ხელისუფლება ასე აპირებს აღკვეთოს წინააღმდეგობა ჰიჯაბის ტარების კანონის წინააღმდეგ, რომელიც ირანში მასობრივი გახდა 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ, რომელიც ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 2022 წლის სექტემბერში.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შემდეგ ირანში დაიწყო მასობრივი პროტესტი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა ბოლო წლების განმავლობაში.

2022 წელს ირანში დაწყებული პროტესტის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბევრი ქალი გადაადგილდება თავსაბურავის გარეშე და ამ ფორმით დემონსტრაციულად არღვევს ხსენებულ კანონს.

აქციები ირანში ამ დრომდე გრძელდება. საპროტესტო აქციების მთავარი სლოგანია „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

ირანული უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს მონაცემებით, ძალოვანთა მიერ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას 500-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს, რომელთაგან 71 არასრულწლოვანი იყო. ამავე წყაროს ცნობით, მოკლულია სამთავრობო ძალების 70 წევრიც. ჯამში, ირანში 19 763 მოქალაქე დააკავეს საპროტესტო აქციების დროს.

_______________

ფოტოზე: თერიანი. ქალები თავსაფრის გარეშე ქუჩაში. 10 აპრილი, 2023 წელი.

ფოტო: EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

რატომ დგანან ბავშვები ფეხზე სპექტაკლის დროს ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში ძველი სავარძლები გამოცვალეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სკამებს მაღალი საზურგეები აქვს, რის გამოც სპექტაკლის სანახავად მოსული ბავშვები სცენის ნაცვლად სავარძლის საზურგეს ხედავენ და იძულებულნი არიან, სპექტაკლი ფეხზე მდგომებმა ნახონ.

შესყიდვების მასალების მიხედვით, ახალი 187 სავარძლის შესაძენად ბიუჯეტიდან 54 978 ლარი დაიხარჯა, თუმცა პატარა მაყურებლებისთვის სავარძლები სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა.

რატომ შეიძინა თეატრმა ბავშვებისთვის გამოუსადეგარი სავარძლები და როგორ აპირებს თეატრი სიტუაციის გამოსწორებას? – ამ კითხვით „ბათუმელები“ თოჯინების თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე აღიარებს, რომ სავარძლები არაკომფორტულია, თუმცა დასძენს, რომ ის ორი წლის წინ, თეატრის წინა ხელმძღვანელობის დაკვეთით შეისყიდეს.

„კი, ვიცით, რომ პრეტენზიები არის ძალიან დიდი, მაგრამ შესყიდვების დროს იყო შეცდომა დაშვებული, გაკეთებულია მაღალზურგიანი სკამები, რომლებიც არანაირად არ ჯდება საბავშვო ფორმატში.

ჩვეულებრივი დარბაზის სკამებია, რომელიც არ არის  ბავშვებისთვის განკუთვნილი. ადრე გადასაკეცი სკამებიც იყო, პატარა ბავშვებისთვის – ცალკე, დიდი ბავშვებისთვის – ცალკე და ასეთი სკამები იყო, წესით, საჭირო“- გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.

მისი თქმით, თეატრისთვის სავარძლები აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შეისყიდა, „თუმცა ის იყიდეს, რა პარამეტრებიც თეატრმა მიაწოდა“- გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.

ბათუმის თოჯინების თეატრის სავარძლები გამოცვლამდე ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

„ბათუმელები“ თეატრის ყოფილ დირექტორს, თემურ მახარაძესაც ესაუბრა. მან გვითხრა, რომ სამინისტროს თავის დროზე სწორედ იმ სავარძლების პარამეტრები მიაწოდეს, რაც დარბაზში იდგა.

„რაც თეატრში იყო გახსნის დღიდან, იმის იდენტური ზომები მივაწოდე: სიმაღლე, სიღრმე, სიგანე. თუმცა ღრუბლის სიმაღლე, მოცულობა მეტალის და ხის მოპირკეთების, გააკეთეს მსხვილი (რადგანაც არსებული  იყო პლასტმასის).

ხეს და რკინას თავისი მოცულობა აქვს, რამაც გაზარდა სკამის მოცულობა, ასეთ დროს სანტიმეტრნახევრიანი ცვლილება დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, მოცულობითმა სიდიდემ გააკეთა სხვაობა, რაც შესამჩნევი დარჩა დარბაზის არასწორი დახრილობის გამო.

ძველ სკამებსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა, ბავშვები სკამზე დგებოდნენ და ამის გამო მალე დაზიანდა, რადგან პლასტმასის იყო“- გვითხრა თემურ მახარაძემ.

როგორ აპირებს ბათუმის თოჯინების თეატრი სიტუაციის გამოსწორებას?

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირაკლი კიკვაძის თქმით, სავარძლების უკან დაბრუნება გამორიცხულია და არც გადაცვლა მოხერხდება.

„დაგეგმილი გვაქვს დარბაზის რეკონსტრუქცია და ვაპირებთ, ამფითეატრივით შევამაღლოთ დარბაზი და სავარძლები აღარ შეუშლის ხელს ბავშვებს სცენის დანახვაში. თუმცა ამის გაკეთებას ფინანსები სჭირდება, თორემ აქამდეც გავაკეთებდით.

მოყვანილი გვყავს ინჟინერი, რომელიც დათვლის ამ ყველაფერს და ამის შემდეგ მივმართავთ სამინისტროს დაფინანსებისთვის“ – ამბობს ირაკლი კიკვაძე. მისივე თქმით, ახლა თოჯინების თეატრში სეზონია და დარბაზის შემაღლება, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება შესაძლებელი.

„როდის მივიღებთ თხილის სუბსიდიას?“ – რა განმარტეს სოფლის განვითარების სააგენტოში

„მეთხილეებს სუბსიდიას დაგვპირდა მთავრობა, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია, უკვე საჭიროა აზოტის მიცემა, წამლობა, გვიანდება,“ – გვითხრეს ქედაში, სოფელ ზვარეში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებსაც თხილის პლანტაციები აქვთ.

საუბარია თხილის სუბსიდიის პროგრამაზე, რაც 2022 წლის შემოდგომაზე დაანონსდა. პროგრამის მიხედვით, მეთხილეებმა თითო ჰექტარზე სუბსიდიის სახით 500 ლარი უნდა მიიღონ.

„დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მოსულები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საკრებულოს შენობაში შეგვხვდნენ. გაირკვა, რომ შეცდომა იყო ნახაზებში და ხელახლა უნდა მოსულიყვნენ, შევასწორებთო, მაგრამ არ მოსულან.

როგორც ვიცი, ჩემს სოფელში არავის მიუღია დაფინანსება,“ – ამბობს ანა შარაძე, ის სოფელ ზვარეში ცხოვრობს.

„როცა დავიწყეთ მუშაობა, ქედა მაღალმთიანი ტერიტორიაა და მოვიდა თოვლი, ვერ დავასრულეთ ეს პროცედურა, თოვლში გადაადგილება მონიტორინგის წევრებს არ შეუძლიათ… ჩვენ ხომ უნდა გადავამოწმოთ, აქვთ თუ არა რეალურად ეს ბაღები,“ – გვითხრა ლაშა შალამბერიძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

სააგენტოში განმარტეს, რომ სუბსიდიების გაცემა დაწყებულია და აჭარის რეგიონშიც რეგისტრირებული 5500 ადამიანიდან 2137-ს უკვე ჩაერიცხა სუბსიდია.

„ჩარიცხულია 670 ათას ლარზე მეტი მარტო აჭარაში… ეს პროცესი გრძელდება და ყველა ადამიანი მიიღებს სუბსიდიას, ვინც გაივლის რეგისტრაციას,“ – გვითხრა ლაშა შალამბერიძემ. მას შევახსენეთ, რომ მეთხილეებს თხილის წამლობა აგვიანდებათ.

„აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება წამლობა, ასე, რომ არ გვიანდება,“ – დასძინა ლაშა შალამბერიძემ. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ქედასა და სხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში აღრიცხვის სამუშაოები გაგრძელდება.

თხილის ერთიან კადასტრში რეგისტრაცია 28 აპრილამდე გაგრძელდება. ბარათზე დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტები კვლავ მასობრივად იღუპებიან – DW

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილებით სავსე ჩაძირულ გემზე და კიდევ ერთ ხომალდზე, რომელიც მალტის ტერიტორიულ წყლებში ამჟამად ჩაძირვას იწყებს.

ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 23 მიგრანტი დაიღუპა, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში სურდათ შეღწევა – ამის შესახებ 9 აპრილს ინფორმაცია გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია RESQSHIP-მა გაავრცელა. ორგანიზაცია იუწყება, რომ მისმა თანამშრომლებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთაც რამდენიმე საათი გაატარეს ღია ზღვაში გემის ჩაძირვის შემდეგ.

„როდის შეწყდება ეს, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება სხვა მხარეს ყურება, რამდენ ხანს აპირებენ პოლიტიკოსები ამ თამაშს? საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს“ – წერს ორგანიზაცია ტვიტერზე.

კიდევ ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია – Alarm Phone წერს ხმელთაშუა ზღვაში მყოფ გემზე, რომელიც ნელ-ნელა წყლით ივსება. ორგანიზაციის ცნობით, გემი, რომელზეც 400 მიგრანტი იმყოფება, კაპიტანმა უკვე დატოვა. გემი მალტის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება, თუმცა ხელისუფლება არ ჩქარობს მაშველების გაგზავნას და ამ დრომდე არც ერთი სხვა ქვეყანა და დათანხმდა გემის მიღებას.

ყოველწლიურად ათასობით არალეგალი მიგრანტი აფრიკიდან მიდის ზღვით ევროკავშირის ქვეყნებისკენ უკეთესი ცხოვრების იმედით. მათი ნაწილი აღწევს ევროპას, ნაწილი კი ზღვაში იღუპება.

_____________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 178 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 670]
  • ტანკი – 3 637 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 028 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 750 ერთეული [+10]
  • MLRS – 534 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 292 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 323 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 607 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 311 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 727 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 608 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 554 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 414 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ხულოს სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა | ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესი ისევ გააქტიურდა. სოფელში მიწაზე ბზარები შეინიშნება, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ფერდობები.

ზედა თხილვანაში ხულოს მერის წარმომადგენლის, მამუკა ქამაშიძის თქმით, მერიამ 3 ოჯახი გაიყვანა მეწყერსაშიშ ზონიდან ქირით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც, მისივე თქმით, პირველ რიგში იყვნენ საფრთხის წინაშე.

მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სოფელში არსებული სიტუაციის შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები.

მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში. ფოტო:„ბათუმელები“/როინ გუნდაძე
მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში. ფოტო:„ბათუმელები“/როინ გუნდაძე
მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში. ფოტო:„ბათუმელები“/როინ გუნდაძე

ამჟამად მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის ათობით სოფელში. გვიან მოსული თოვლისა და წვიმის შედეგად აჭარაში ახალი მეწყრული კერები გაჩნდა.

ბოლო ცნობებით, აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან უკვე გაიყვანეს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება.

უკრაინაში 468 ბავშვი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 468 ბავშვი დაიღუპა და 947-ზე მეტი დაშავდა.

დაღუპულებს შორისაა დღეს, 9 აპრილს, რუსეთის მიერ ქალაქ ზაპოროჟიაზე სარაკეტო შეტევისას დაღუპული 11 წლის გოგონა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 449 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, 275 – ხარკოვში, 127 კი – კიევის ოლქში.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან მარიუპოლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია. 

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

______________

ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7– 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 178 1500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 470]
  • ტანკი – 3 636 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 7 024 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 740 ერთეული [+13]
  • MLRS – 533 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 292 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 312 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 602 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 309 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 716 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 593 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 543 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„რუსთავი 2“-ის დირექტორის კომპანია ბათუმში საზღვაო ნავთობტერმინალს აფართოებს

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე [თევზის ბაზრის მიმდებარედ] არსებული საზღვაო ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება.

„სარეზერვუარო პარკის რეკონსტრუქციის შემდეგ ნავთობპროდუქტების საცავის ჯამური მოცულობა 20 000 კუბურ მეტრამდე, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 500 000 ტონამდე გაიზრდება.

  • დღეის მდგომარეობით ძირითადი სარეზერვუარო პარკის შემადგენლობაში შედის 4 ვერტიკალური რეზერვუარი, საერთო მოცულობით 9000 კუბ/მ და 3 მცირე ზომის ჰორიზონტალური რეზერვუარი.
  • რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 ახალი ვერტიკალური რეზერვუარების მოწყობა, რითაც საცავის ძირითადი სარეზერვუარო პარკის საერთო მოცულობა 20 000 კუბ/მ-ს მიაღწევს.

პროექტით გათვალისწინებულია უნაპირო ნავმისადგომის [დამატებითი მილსადენის] მოწყობაც, რათა შესაძლებელი იყოს უფრო დიდი წყალწყვის მქონე ხომალდების მიღება; სატუმბი სადგურის და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების გადაიარაღება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და ა.შ“ – აღნიშნულია შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ მომზადებულ სკოპინგის ანგარიშში.

ნავთობპროდუქტების საცავის ტერიტორიის საერთო ფართობი დაახლოებით 1,1 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ტერიტორია „ტერმინალ 1“-ს, რომლის საქმიანობის სფერო ნავთობპროდუქტების მიღება, დროებით შენახვა და შემდგომ გაცემაა – იჯარით აქვს აღებული.

რეესტრის მიხედვით, „ტერმინალ 1“ 2014 წელსაა რეგისტრირებული. ბოლო ამონაწერით, კომპანიის დირექტორები არიან პაატა სალია [„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი] და გიორგი ჟვანია.

კომპანიის 80% წილს სოფიო წერეთელი ფლობს, 10-10 პროცენტს კი – აკაკი ჩხენკელი და შპს „ბათუმი ტერმინალ ჰოლდინგ კომპანი“, რომელიც პაატა სალიას კუთვნილი კომპანიაა.

ბათუმის საზღვაო ნავთობტერმინალი / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა დაგეგმილია 2023 წლის 26 აპრილს, 16:00 საათზე, ბათუმის მერიის შენობაში. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინონ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გაგზავნისას უნდა მიუთითოთ ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

ბათუმის საზღვაო ნავთობტერმინალი / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან | „ტერმინალის ტერიტორიაზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ნავმისადგომი, სარეზერვუარო პარკი, სამანქანე ესტაკადა, ტექნოლოგიური მილსადენები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა. ტერმინალს გააჩნია დაახლოებით 167 მეტრი სიგრძის პირსი, რომლის საშუალებით მცირე ზომის საზღვაო ხომალდები მილსადენებით უკავშირდება სარეზერვუარო პარკს. გარდა ამისა, ტერმინალი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სარკინიგზო ჩიხით, რომელიც საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

„ბოლო წლებში რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ საგრძნობლად გაზარდა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა.

ქვეყანაში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაზრდილია – 2022 წელს ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 12.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12.8%-ით მეტია. მათ შორის დიდი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის.

პროგნოზის მიხედვით ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე „ტერმინალ 1“-ის მიერ მიღებული იქნა მის საკუთრებაში არსებული საწარმოო ობიექტის რეკონსტრუქციის და არსებული წარმადობების გაზრდის გადაწყვეტილება“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

რატომ ვერ გაკეთდა გზა მახოს ხიდიდან „გეზის“ ტერიტორიამდე – 5 მლნ ბიუჯეტში დარჩა

ბათუმში, სამრეწველო ზონის მიმდებარედ, ადგილობრივი გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა.

კომპანიამ, რომელსაც მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მახოს ხიდისა და გონიოს ხიდის და, ასევე, „გეზის“ [გაფორმების ეკონომიკური ზონა] მიმდებარედ ადგილობრივი გზის მოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა.

შედეგად გასული წლის ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა 5 მილიონ 287 199 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი მხოლოდ 51 პროცენტით შესრულდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მესამე, მთავარ გზაზე ვერ შესრულდა, რასაც კერძო კომპანიამ შეუშალა ხელი.

მერია განმარტავს:

„ამ მონაკვეთზე კერძო კომპანიის მიერ განთავსებულია დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა, რაც ხელს უშლის სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაძლო დარღვევების გამოსარკვევად ჩართულია მუნიციპალური ინსპექცია.

ასევე, ნომერ მე-2 გზაზე გადასატანია მაღალი ძაბვის ელექტროქსელები, რის თაობაზეც არაერთხელ მოგვმართა შემსრულებელმა კომპანიამ. შესაბამისად, სამუშაოები მიმდინარეობს შეფერხებით“.

ამავე ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე მონაკვეთში 5,7 კილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობამ 6 წლის წინ დაიწყო და 2018 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ გზის [„ჭოროხის გზა“] 2,2-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე არ შეკეთებულა.

„ჭოროხის გზას“ მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა ფრიდონ ხალვაშის გამზირი. ხალვაშის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებმა კი კიდევ უფრო დიდი საცობები შექმნა, რაც დღემდე აქტუალური პრობლემაა.

„ჭოროხის გზის“ სარეაბილიტაციო მონაკვეთი მახოს ხიდის მიმდებარედ [ბათუმი-ახალციხის მაგისტრალთან] იწყება და 2,2 კილომეტრში, ბათუმის სამრეწველო ზონასთან, გზის უკვე რეაბილიტირებულ მონაკვეთთან სრულდება. რეაბილიტირებული მონაკვეთი გონიოს ხიდთან ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალს უერთდება.

ამავე თემაზე:

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

10 აპრილს ბათუმში, ხახულის ქუჩაზე გაზი გაითიშება

ორშაბათს, 10 აპრილს, გაზმომარაგება შეუწყდებათ ხახულის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

გაზი დილის 10 საათზე გაითიშება, ხოლო 16 საათიდან გაზის მიწოდება ეტაპობრივად განახლდება დღის ბოლომდე.

გაზი შეუწყდება 82 აბონენტს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თამაზ ბაკურიძის დაკავების საქმის გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თამაზ ბაკურიძის დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს. იგი იმავე დღეს გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა, მისი თქმით, დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 7 აპრილს დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან.

აღნიშნული მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

თამაზ ბაკურიძის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მას დაკავების დღესვე დაუკავშირდნენ, თუმცა თავად არ მიუმართავს სამსახურისთვის და როგორც უთხრეს, განმცხადებელი ერთ-ერთი მოქალაქე იყო.

„მათ დაინახეს, რომ ხალხი მობილიზებას აკეთებდა და შესაძლოა ამას მოჰყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სწრაფი რეაგირება, თუმცა რას გააკეთებენ და რა ვადებში გამოიძიებენ არ ვიცი“ – უთხრა დღეს, 8 აპრილს „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ.

იგი გუშინ, 7 აპრილს, ადვოკატ ზაზა პაპიძესთან ერთად მივიდა საგამოძიებო სამსახურში.

„ყველა დეტალი რომ მოვუყევი რაც მოხდა და როგორც, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაწყვიტა შესაბამისი მუხლით.

გუშინვე გადამიყვანეს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე. დააფიქსირეს დაზიანებები, რაც ჩანდა თვალით. არ გადაგვიღია რენტგენი სხეულის იმ ნაწილების, სადაც ფეხით იძალადეს. ალბათ, ორშაბათს მოხდება, რადგან ტკივილები თანდათან მატულობს“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ. მისი თქმით, უკვე დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდანაც.

თამაზ ბაკურიძის თქმით, მსუბუქი მოძრაობის დროსაც, ეს იქნება ოდნავ გადახრა, წამოდგომა, ღრმა ჩასუნთქვა თუ ა.შ., ახლაც აქვს ტკივილები გულმკერდის არეში.

„ჩემს პრაქტიკაში დაკავება და დარტყმები იყო, მაგრამ პირადად ჩემ მიმართ ასეთი აგრესია და ძალადობა პირველად ვნახე. ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვაკეთებდი, ვიღებდი და ვეუბნებოდი, კაცმა ბენზინი გადაისხა, გააჩერეთ-მეთქი და ამის გამო დამესივნენ“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე:

თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

 

„უკრაინა გაქრება, ის არავის სჭირდება“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში წერს, რომ „უკრაინა გაქრება“, რადგან „არავის სჭირდება“.

უკრაინის მიმართ სიძულვილით სავსე მორიგ პოსტში მედვედევი ევროპაში დევნილ უკრაინელებს „მათხოვრებს“ უწოდებს და წერს, რომ უკრაინა არც ევროპას სჭირდება, არც აშშ-ს, არც აფრიკას და არც აზიას. მან ქვეყანას, რომელიც წელიწადზე მეტია თავგანწირვით იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, „სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა“ უწოდა და დაწერა, რომ რუსეთს „არ სჭირდება“ უკრაინა და „სჭირდება დიდი რუსეთი“.

რაც შეეხება უკრაინელებს, მედვედევს მიაჩნია, რომ ისინი „იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში“ და „სურდეს წასვლა“. „ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომაც არ იარსებებს“, – ასკვნის მედვედევი.

დიმიტრი მედვედევი იმ რუს მოხელეებს შორისაა, რომელიც ომის დაწყებიდან ღიად ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში.

რუსეთის არმია უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს. რუსეთის გეგმა, ელვისებურად აეღო უკრაინა, ჩავარდა. უკრაინის არმია და პარტიზანული მოძრაობა უდიდეს წინააღმდეგობას უწევს რუსეთს წელიწადზე მეტია.

უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე მხარს უჭერს დასავლური სამყარო – ევროპის განვითარებული ქვეყნები და აშშ-ი.

ამჟამად რუსეთ-უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი ქალაქი ბახმუტია. რუსეთის არმია, რომელსაც აქამდე „მსოფლიოს მეორე არმიას“ უწოდებდნენ, მერვე თვეა ვერ იღებს უკრაინის პატარა ქალაქს.

ბათუმში რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით დღეს, 8 აპრილს, წყლის მიწოდება შეუწყდება რამდენიმე უბანს. კერძოდ, თამარის დასახლებას, წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, ფრიდონ ხალვაშის, განთიადსა და მახინჯაურში მცხოვრებ აბონენტებს.

ორგანიზაციის განმარტებით შეფერხება სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვამ გამოიწვია.

წყლის მიწოდებას 20:00 საათზე აღადგენენ.

Exit mobile version