მთავარი,სიახლეები

ხელზე ძმის სახელის პირველი ასოს ტატუ ჰქონდა, ასე ამოიცნეს – უკრაინის გმირის ბოლო ბრძოლა

20.07.2023 • 2419
ხელზე ძმის სახელის პირველი ასოს ტატუ ჰქონდა, ასე ამოიცნეს – უკრაინის გმირის ბოლო ბრძოლა

ახალგაზრდა სერჟანტი, ვადიმ ბლიშჩიკი თავისი საჯარისო ქვედანაყოფის ყველაზე გამოცდილი ოფიცერი იყო. რუსეთ-უკრაინის ომში გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

ვადიმისთვის ბოლო, საბედისწერო ბრძოლის დროს რუსები მის ქვედანაყოფს ისე შემოერტყნენ გარს, რომ სანგრების გათხრაც სანახევროდ მოასწრეს ჯარისკაცებმა.

გათხრას ცდილობდნენ იარაღით, ხელებით, ყველაფრით, რაც ხელთ ჰქონდათ. ვადიმსაც სხვების მსგავსად მაზოლები ჰქონდა ხელებზე სანგრის თხრისგან.

გაისმა თუ არა აფეთქების ხმა, ვადიმი სხვას გადაეფარა საკუთარი სხეულით, უფროს სერჟანტს, დმიტრი დიაკოვს. დაბომბვები გაგრძელდა და ვადიმ ბლიშჩიკი უფროს სერჟანტთან ერთად, ვის გადარჩენასაც ცდილობდა, მიწის წარმოუდგენლად დიდი მასის ქვეშ აღმოჩნდა.

ვადიმის თანამებრძოლებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს ორივე ჯარისკაცის ნეშტის ნაფლეთების პოვნა მიწის გროვაში.

ასეთი ამბები ყოველ დღე ხდება ომში. ვადიმის საბედისწერო ამბავი კი 2022 წლის 14 აგვისტოს მოხდა, დედამისის დაბადების დღეს.

უკრაინის გმირების შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა აქვეყნებს პერიოდულად ვრცელ მასალებს სამხედრო ანგარიშებში მოცემული ჩანაწერების, გმირების თანამებრძოლების მონათხრობისა და ოჯახის წევრებთან ჩაწერილი ინტერვიუების მიხედვით.

ვადიმ ბლიშჩიკის მეუღლემ, ანა რომანიუკმა „Armyinform”-ის ჟურნალისტებთან ისაუბრა ისეთ ამბებზე, რისი თქმაც გამოცემისთვის ვადიმ ბლიშჩიკმა თავად ვერ მოასწრო.

ანა ჰყვება, რომ ვადიმს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა. ისინი ერთად იხდიდნენ სამხედრო ვალდებულებას მანამ, სანამ ვადიმის ძმა, იური იძულებული არ გახდა ჯარიდან წასულიყო ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ძმებს მარცხენა ხელზე ერთმანეთის სახელების პირველი ასო ჰქონდათ ამოსვირინგებული – იურის ვადიმის, ვადიმს კი – იურის სახელის პირველი ასო.

სწორედ ამ სვირინგით ამოიცნო მეუღლის დაფლეთილი სხეული ლოზოვსკის მორგში ანა რომანიუკმა.

ტყუპები 1986 წლის 30 აპრილს დაიბადნენ ვლადიმირეცკის რაიონის სოფელ ნოვოსელკაში. როგორც ძმების მასწავლებელი, ვალენტინა ფერენსოვა Armyinform-თან იხსენებს, ძმებისთვის სამაგალითო ადამიანი იყო ავღანეთში დაღუპული ბიძა ვლადიმერ სილმანი. სამხედრო საქმეც ძმებმა ბიძის შთაგონებით აირჩიეს.

2004-2005 წლებში ძმები პოლტავის ჯარების სასწავლო ცენტრში მსახურობდნენ. მერე შეიტყვეს, რომ ნოვოგრად-ვოლინსკში ტარდებოდა ექსპერიმენტი: 30-ე მექანიზებული დანაყოფი უკრაინის შეიარაღებულ სახმელეთო ძალებში პირველად დაკომპლექტდებოდა კონტრაქტით დასაქმებული ჯარისკაცებით. ეს დანაყოფი ნატოს სტანდარტებით გაიწვრთნებოდა და აღიჭურვებოდა. ტყუპები დანაყოფს შეუერთდნენ.

შემდეგ იყო ბევრი წვრთნა და სამშვიდობო მისია კოსოვოში. იურის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, მას ჯარის დატოვება მოუხდა. 31 წლის კაცი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა.

ვადიმ ბლიშჩიკმა სამხედრო პირის გრძელი გზა განვლო. ეს გზა სამშვიდობო ოპერაციებით დაიწყო, მერე ხანგრძლივი წვრთნებით და დანაყოფის სამხედრო წარმატებებით გაგრძელდა. დასრულდა ისე, როგორი დასასრულიც ომში არავის უკვირს.

ვადიმმა სერჟანტების სკოლა დესნში გაიარა. საერთაშორისო წვრთნები – რუმინეთსა და გერმანიაში, უამრავი წვრთნა – საკუთარ ქვეყანაში, როტაცია – ბალკანეთში, ბოლოს კი იყო რუსეთ-უკრაინის ომი.

სერჟანტი ვადიმ ბლიშჩიკი

ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მთავარმა სერჟანტმა გაიარა ბრძოლები მოსტიკისთვის, ნოვოაიდარისთვის, კრემენნაიასთვის, პოპასნაიასთვის, ლოგვინოვოსთვის, დებალცევოსთვის, ნოვოტროიცკოესთვის, ტროიცკოესთვის, მარიანკასა და ბახმუტისთვის, დაიჭრა – ბრმა ტყვიით მარჯვენა ხელში და დაჯილდოვდა სიმამაცის მე-3 ხარისხის ორდენით.

როგორც ვადიმის მეთაურები და თანამებრძოლები ჰყვებიან, საომარი მოქმედებების დროს იგი განსაკუთრებული გამბედაობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. როტაციის დროს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის თებერვლამდე, ლუგანსკის რეგიონში, ტროიცკოიეს დასახლების მახლობლად, ბრძოლის დროს დაშავდა დანაყოფის მეთაური, რის შემდეგაც ვადიმმა მისი მოვალეობის შესრულება დაიწყო და პასუხისმგებლობა სრულად აიღო. წარმატებით გაართვა თავი ყველა ამოცანას, რაც მტრის განადგურებას ისახავდა მიზნად და თავიდან აიცილა დივერსიული ჯგუფების თავდასხმები მნიშვნელოვან სამხედრო პუნქტებზე.

შემდგი როტაციის დროს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 2016 წლის 20 ივნისიდან 2017 წლის 20 ივნისამდე ვადიმ ბლიშჩიკის ქვედანაყოფი იცავდა ნოვოტროიცკოეს მიდამოებს. მისი მექანიზებული დანაყოფების წევრები იცავდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, რომლებიც უწყვეტ სამიზნედ ჰქონდათ ამოღებული ოკუპანტების სნაიპერებსა და არტილერიას. ისინი ამ სიმაღლეებს უტევდნენ ოკუპირებული დოკუჩაევსკის მხრიდან.

ვადიმ ბლიშჩიკი, თავის ფასდაუდებელ საბრძოლო გამოცდილებას უზიარებდა და გადასცემდა ახალგაზრდა ჯარისკაცებსა და სერჟანტებს, რომელთა სიცოცხლეც არაერთხელ გადაარჩინა ამ ცოდნამ და უნარებმა.

როდესაც 2017 წლის ივნისის ბოლოს, ბლიშჩიკის დანაყოფებმა დატოვეს პოზიციები და გადასცეს ის ახალჩამოსულ ჯარისკაცებს, ოკუპანტებმა მასიური საარტილერიო დარტყმა მიაყენეს ბატალიონის კოლონას ოლენევკადან.

შემდგომში, სარდლობამ გამოიტანა დასკვნა, რომ ბაზიდან სწრაფად გაცლის წყალობით ბატალიონმა მინიმალური დანაკარგები განიცადა. ამის მთავარი ოსტატი, ვადიმ ბლიშიკი იყო. სწორედ მან გასაზღვრა გადაადგილების სიჩქარე და თავშესაფრის ადგილი ბატალიონის კოლონისთვის. შედეგად მათ ჰქონდათ ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მინიმალური დანაკარგი.

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ვადიმ ბლიშჩიკი, როგორც ოპერატიული სარდლობის ერთ-ერთი საუკეთესო სერჟანტი, სერჟანტის პოზიციაზე კანდიდატებს არჩევდა და მათ მომზადებაზე, ხელმძღვანელობაზე იყო პასუხისმგებელი.

მივლინებებს შორის ვადიმმა გაიცნო ანა რომანიუკი და ბრძოლებისგან თავისუფალ დროს დაქორწინდა.

ანაც მოსწავლეობიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო სამხედრო პირი და პედაგოგიური ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ნოვოგრად-ვოლინსკის სამედიცინო კოლეჯში მიიღო მედდის განათლება, თუმცა მერე გარნიზონის სამხედრო ნაწილებში მედდის ვაკანტური სამუშაო ადგილი ვერ იპოვა. ფარ-ხმალი არ დაყარა და სამხედრო ფსიქოლოგის ხარისხი მიიღო აკადემიაში.

შემდეგ მექანიზებული დანაყოფის სამედიცინო ინსტრუქტორის პოზიციაზე დასაქმდა.

სწორედ ამ პოსტზე მუშაობდა ახალგაზრდა ქალი, როცა ომი დაიწყო. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კი რაც სამედიცინო ინსტრუქტორად და მედდად იმუშავა სამხედრო დანაყოფის ქირურგიულ განყოფილებაში, ანა გადაიყვანეს ოფიცრის პოზიციაზე, როგორც ბატალიონის ფსიქოლოგი. 2017 წლიდან ასმეთაურის მოადგილეა ბატალიონის ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებში.

ასე გაჩნდა სამხედროების ახალი ოჯახი. ვადიმი უკვე სერჟანტებს შორის ცნობილი ლიდერი იყო, ოპერატიული სარდლობის ერთ-ერთი საუკეთესო სერჟანტი, ანა კი უმცროსი ოფიცერი. წყვილი გოგოს ზრდიდა, რომელიც 10 წლისაა, საერთო შვილი ანას და ვადიმს არ ყოლით, მათ ამაში უკრაინის ომმა შეუშალა ხელი.

ვადიმი 2021 წლის ოქტომბრიდან მეთაურობდა მექანიზებულ ოცეულს.

ბახმუტის რაიონის სოფელ მაეს მახლობლად მძიმე ბრძოლების დროს, 2022 წლის 20 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, ვადიმმა წარმოუდგენლად დაიცვა საკუთარი ბატალიონის მთავარი პუნქტი და არ დაუშვა მტერს გაერღვია ეს სიმაგრე.

ცეცხლსასროლი იარაღით БМП-2 მან პირადად გაანადგურა 15 ოკუპანტი და ტექნიკის 2 ერთეული, რითაც გადაჰქონდათ საბრძოლო მასალა და გადაჰყავდათ სამხედროები. სწორი ქმედებების შედეგად ღამით დროულად შენიშნა ვადიმმა 30-მდე რუსი ჯარისკაცისგან შემდგარი თავდამსხმელების ჯგუფი და დროულად გაანადგურა ისინი.

უსწრაფესად გაუწია სამედიცინო დახმარება მძიმედ დაჭრილ ორ ჯარისკაცს და დროულად გაიყვანა ბრძოლის ველიდან, რითაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

თავადაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როცა ნაღმის 120 ნამსხვრევი აღმოჩნდა მის სხეულში, ეს ნაღმისგან მიღებული პირველი დაზიანება არ იყო. უარი თქვა ევაკუაციაზე. „ჩემებს არ ვუღალატებ“, ყოველთვის ეს იყო მისი სიტყვები.

ოპტიმისტურად უყურებდა ყველაფერს და ჯარისკაცებს ბრძოლაში ამხნევებდა.

„დანებების უფლება არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ ბოლო ამოსუნთქვამდე, როგორ უნდა ვიცხოვროთ იმაზე ფიქრით, რომ ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავნებდით?!“ – ყოველთვის ამ სიტყვებს ეუბნებოდა თანამებრძოლებს.

სერჟანტ ვადიმ ბლიშჩიკს უკრაინის გმირის წოდება პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიჭა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: