აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი გამოიყო, ვინ მიიღებს ამ დახმარებას

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. ეს თანხა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა… დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში“, – აცხადებს აჭარის მთავრობა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ყურადღების გარეშე სტიქიით დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება.

მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კონკრეტულად როგორ გადანაწილდება ეს თანხა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

28 მარტს ბათუმში ძლიერმა ქარმა არაერთ ოჯახს მიაყენა ზიანი – სახლებს სახურავები ახადა, თუმცა ზარალი ამ დრომდე დათვლილი არ არის.

რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს – გაზაფხულის დადგომისთანავე აჭარაში მეწყრული კერები გააქტიურდა. ბოლო მონაცემებით, საშიში ზონებიდან 200-მდე ოჯახია გაყვანილი.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

 

აგროსერვის ცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ცალ-ცალკე ყიდის – აუქციონები დაწყებულია

აგროსერვის ცენტრის ხუთ შენობას, მიწასთან და მოძრავ ქონებასთან ერთად, აჭარის მთავრობა ამჯერად პირობებით, ცალ-ცალკე ყიდის. წინა აუქციონი, სადაც ეს ქონება ერთ ლოტად, ასევე პირობებით იყიდებოდა, არ შედგა.

აუქციონის პირობა ყველა აგროსერვის ცენტრისთვის ერთნაირია – მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრი; ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში ცენტრში დასაქმებულების არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები; ლოჯისტიკური ცენტრის პროფილის და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით.

აგროსერვის ცენტრის ხუთი შენობა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავ მოძრავი ქონება ერთიან აუქციონზე 3,5 მილიონ ლარად იყიდებოდა. ცალ-ცალკე გამოცხადებულ აუქციონებში კი, ქონების გასაყიდი საწყისი ფასიც, ჯამში, თითქმის იგივეა – 3 მილიონ 455 ათასი ლარი.

ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 201-ში მდებარე 1 347 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 708.87 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და ამ ქონებაში განთავსებული მოძრავი ქონების საწყისი გასაყიდი 1,3 მილიონი ლარია. ბიჯი 30 ათასი ლარი.

ქობულეთი

ქობულეთში, ხუცუბანში მდებარე 1 653 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 1180 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და ამ ქონებაში განთავსებული  მოძრავი ქონება; ასევე ორი ერთეული სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აუქციონზე 875 ათას ლარადაა გამოტანილი. ბიჯი 20 ათასი ლარია.

ქედა

490 ათასი ლარია საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონზე გამოტანილი აგროსერვის ცენტრის შენობის, რომლის ფართობი 515.64 კვ.მ-ია. ამავე აუქციონზე იყიდება 800 კვ.მ მიწა, სადაც ეს შენობა დგას და ასევე მასში განთავსებული მოძრავი ქონება.  ვაჭრობის ბიჯი 10 ათასი ლარია. გასაყიდი ქონება სოფელ ძენწმანში მდებარეობს.

შუახევი

დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩა N69-ში მდებარე 761 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 245.04 კვ.მ შენობა-ნაგებობა და ამ ქონებაში არსებული მოძრავი ქონება ერთ ლოტად 330 ათას ლარად იყიდება. აუქციონზე ვაჭრობის ბიჯი 8 ათასი ლარია.

ხულო

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მდებარე 1100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 405,52 კვ.მ შენობა-ნაგებობა და ამ ქონებაში განთავსებული მოძრავი ქონება აუქციონზე 460 ათას ლარადაა გამოტანილი. ვაჭრობის ბიჯი კი, 10 ათასი ლარია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ხუთივე აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 18 აპრილს დასრულდება.

ყველა აუქციონისთვის პირობები იდენტურია:

  • „აუქციონში მონაწილეობის “ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში საბოლოო ანგარიშსწორებისას;
  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ:
    2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%- ის გადახდა;
    2024 წლის 1-ელ ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%- ის გადახდა
    2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული ლოჯისტიკური ცენტრების, ამოქმედება;
  • ლოჯისტიკური ცენტრების ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში ცენტრში დასაქმებულების არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
  • ლოჯისტიკური ცენტრების პროფილის და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.

განახლება: არც ეს აუქციონები შედგა. სამინისტრომ აუქციონები ცალ-ცალკე ხელახლა გამოაცხადა. ხუთივე ხელახალი აუქციონი 2023 წლის 11 მაისს დასრულდება.

წინა აუქციონი, სადაც აგროსერვის ცენტრები ერთ ლოტად იყიდებოდა, 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდა, თუმცა ეს აუქციონი არ შედგა.

არშემდგარი აუქციონის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე:

მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4 და 5 აპრილს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 174 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560]
  • ტანკი – 3 618 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 986 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 2 687 ერთეული [+4]
  • MLRS – 527 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 279 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 249 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 537 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 296 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 405 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 641 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 510 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 077 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 485 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 270 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება დღეიდან ელექტრონულ პორტალში უნდა აისახოს

დღეს, პირველ აპრილს, უნდა ამოქმედდეს ელექტრონული პორტალი, სადაც სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ.

მონაცემები კი შრომის ინსპექციამ უნდა დაამუშაოს.

„2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს“-ამბობს შრომის ინსპექცია.

მათივე ინფორმაციით, ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის – „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა.

დღეს არსებული მდგომარეობით, ექთნების ხელფასი საარსებო მინიმამსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

საქართველოში, სხვადასხვა კლინიკაში, დაახლოებით 18 ათასი ექთანი მუშაობს. ექთნების სახელფასო ანაზღაურება საათში 2 ლარიდან იწყება.

ერთ კლინიკაში მომუშავე ექთნის საშუალო ხელფასი 320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს და იმის გამო, რომ ექთნებს არასდროს ჰყოფნით ხელფასი, რამდენიმე კლინიკაში უწევთ მუშაობა.

„ეს ნიშნავს გადაბმულ მორიგეობას, მუდმივ სტრესს და გადაღლას“.

დაბალი ანაზღაურების გამო კლინიკებში ექთნების მწვავე დეფიციტიც შეიქმნა. დაბალი ანაზღაურებისა და დაუფასებელი შრომის გამო ქვეყანაში ექთნების ახალი კადრები აღარ მზადდება, ძველები კი ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში ზრუნვის სფეროში გაედინებიან.

„ლეკვი“, „მოლა“, „ხავთასა“ და „ხონსკი“ ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობისთვის დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამ პირს – ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს,  ფინანსური დავის ნიადაგზე დაუპირისპირდა მოუხდათ მ.ჩ-სთან და აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა“, – ამბობს შსს.

მათივე ინფორმაციით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის თბილისში დააკავეს სამი პირი, მეტსახელად „ლეკვი“, „მოლა“ და „ხავთასა“ ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით მ.ჩ, მეტსახელად „ხონსკი“.

„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე კი ჯ.კ-ს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი, რადგან ის საზღვარგარეთ მყოფება.

„პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“ უკავშირდებოდნენ“.

დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როდის გამოაქვეყნებენ სასამართლოს განაჩენებს – „კორპორატივიზმს მზის შუქი არ აწყობს“

„კორპორატივიზმს არ აწყობს საჯაროობა,“ – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობაზე ვესაუბრეთ: ვნახავთ თუ არა განაჩენებს, თუკი „ქართული ოცნება“ იმ კანონპროექტს მიიღებს, რაც სასამართლო აქტების გასაჯაროებას ითვალისწინებს კონკრეტული პირობით?

ვენეციის კომისია ახალ დასკვნაში საქართველოს შესახებ „კორპორატივიზმს“ არქმევს კლანს სასამართლოში და მკაფიოდ ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა არ მოიტანს ფუნდამენტურ ცვლილებებს. გაკრიტიკებულია ეს ნაწილიც – განაჩენების საჯაროობა.

კონკრეტული განაჩენები და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები საქართველოში 2019 წლიდან აღარ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯარო უნდა იყოს, მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაცვის პირობით.

თუმცა უკვე 3 წელია პარლამენტმა კანონი არ შეცვალა. სასამართლოებმა კი, გადაწყვეტილებების გამოქვეყნება საერთოდ შეწყვიტეს.

პრობლემურია სასამართლოებიდან გადაწყვეტილებების გამოთხოვაც: ის შესაძლოა იმ მოტივითაც არ მოგცენ, რომ მონაცემებს დაფარვა სჭირდება, შესაბამის მასალებს მოძიება და ამისთვის რესურსი არ ჰყოფნით. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები დაშტრიხული ფორმითაც აღარ ქვეყნდება 2020 წლის შემდეგ. დაშტრიხული ფორმით ქვეყნდება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებდა რა წერია ე.წ. გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენში, ამ მიზნით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ განაჩენი. სასამართლომ გვითხრა უარი პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, გავასაჩივრეთ და კვლავ უარი მივიღეთ,“ – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით კი, საქმის განხილვის დროს სასამართლო პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს უნდა დაუკავშირდეს და ჰკითხოს, არის თუ არა თანახმა, მისი ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები გამჟღავნდეს. თუ პირი პერსონალური მონაცემების დაფარვის მომხრეა, ამის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს დაიფაროს თუ არა ამ პირის ვინაობა სასამართლოს აქტებში.

დამოუკიდებელი იურისტების პოზიცია „ოცნების“ კანონპროექტზე ცალსახაა: სასამართლოს მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მინიმუმ გააჭიანუროს სასამართლო გადაწყვეტილების გაცემა, ან საერთოდ არ გასცეს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული პირების თანხმობის საკითხი არ არის გარკვეული.

მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებმა პარლამენტს რამდენიმე ალტერნატივაც შესთავაზეს, რაც მარტივად აწესრიგებს სასამართლოს აქტების გაცემას/გამოქვეყნებას ისე, რომ იმავდროულად პირადი ცხოვრების ხელყოფა არ მოხდეს, თუმცა „ოცნება“ ექსპერტების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტებს არც კი იმჩნევს.

„ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში ამ ნაწილზე თქვა, რომ პროცედურა უნდა გამარტივდეს,“ – გვიყვება „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წევრი კახა წიქარიშვილი. მან ჩამოგვითვალა რისკები, რა შეიძლება მოხდეს, თუ პარლამენტი ვენეციის კომისიის კრიტიკასაც არ გაითვალისწინებს და არსებულ კანონპროექტს დაამტკიცებს.

  • გადაწყვეტილება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი კანონიერ ძალაში შევა – „ეს არ არის სწორი, რადგან როდესაც პირველი ინსტანციით გამოდის გადაწყვეტილება, შეიძლება ორი-სამი წელი დასჭირდეს აპელაციას და შემდეგ კასაციას. ფაქტობრივად, საზოგადოება ორი და სამი წელი უნდა ელოდოს, როცა ეს საქმე შეიძლება რეზონანსული იყოს და საერთოდ დაიკარგოს მის მიმართ ინტერესი 3 წლის შემდეგ. კანონიერ ძალაში პირველი ინსტანციის დასრულების შემდეგ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები შედის.

როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ის აღარ ექვემდებარება მოდიფიკაციას. შეიძლება, ეს გადაწყვეტილება სააპელაციომ გააუქმოს ან შეცვალოს, მაგრამ ის უკვე რჩება ისტორიას და არ ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტი უნდა შეიცვალოს. ჩვენი აზრით, არ არის დასაბუთებული ეს ნაწილი.

უმთავრესი რისკი აქ უმიზეზოდ გაჭიანურებაა გადაწყვეტილების გასაჯაროების მაშინ, როცა საქმის მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს.“

  •  საქმის მასალები ხელმისაწვდომი არ იქნება – იურისტი კახა წიქარიშვილი განმარტავს, რომ „ოცნების“ კანონპროექტი შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებებს და არ ეხება საქმის მასალებს, მაგალითად, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სხდომის ჩანაწერებს. სასამართლოს ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ვერ მოვთხოვთ გაასაჯაროვოს საქმის მასალები. „ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში საქმის მასალები ისევეა ხელმისაწვდომი, როგორც გადაწყვეტილებები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი, ეხება მხოლოდ გადაწყვეტილებებს. სასამართლოები გვეტყვიან, რომ გასაჯაროება ეხება მხოლოდ გადაწყვეტილებებს და ჩვენ საქმის მასალებს არ გავცემთ,“ – ამბობს კახა წიქარიშვილი.
  • დახურულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები დახურული დარჩება – იურისტები ამ ნაწილში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სხდომის დახურვა არ ნიშნავს გადაწყვეტილების დახურვას და „გადაწყვეტილების დახურვა, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს.“
  • 2025 წლამდე სასამართლოს ძველ გადაწყვეტილებებს ვერ ვნახავთ – კიდევ ერთი პრობლემა დედლაინია, რომელსაც კანონპროექტი აწესებს და ეს 2025 წელია. კანონის მიღებამდე სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისევ თაროებზე შემოდებული დარჩება. კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1 მაისამდე მიღებული გადაწყვეტილებების გაცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ 2025 წლის 1 მაისიდან.

    კახა წიქარიშვილი

  • როგორ გამოქვეყნდება განაჩენები? – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში პირდაპირ წერია, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს… მოსალოდნელი იყო ის, რომ კანონპროექტში გაჩნდებოდა ჩანაწერი, რომელიც დააკონკრეტებდა, გამოქვეყნების დროს როგორ უნდა დამუშავდეს პერსონალური მონაცემები, მაგალითად, დაიშტრიხოს თუ არა, უნდა დაიშტრიხოს მუნიციპალიტეტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება?“ – კითხულობს კახა წიქარიშვილი და ხაზს უსვამს იმას, რომ დღეს, როცა, მაგალითად, უზენაესი სასამართლო აქვეყნებს გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ რთული გასაგები ხდება მისი შინაარსი, იმდენად მასობრივად არის დაშტრიხული მონაცემები იურისტები განმარტავენ, რომ „ოცნების“ კანონპროექტი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას არ აწესრიგებს და იგი მხოლოდ გადაწყვეტილებების გაცემას ეხება.
  •  სასამართლოს დასჭირდება თანხმობა – იურისტების აზრით, ეს საკვანძო საკითხია, რადგან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, განაჩენებსა თუ სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე წვდომა კი არ გაიოლდება, პირიქით, გართულდება და შესაძლოა, გადაწყვეტილებები დღის შუქზე აღარც კი გამოვიდეს. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული საქმის შემთხვევაში სასამართლო უნდა დაუკავშირდეს პროცესში მონაწილე თითოეულ პირს და გაარკვიოს ამ პირის პოზიცია მის შესახებ პერსონალური მონაცემის გამჟღავნებაზე.

„ეს ძალიან რთული მექანიზმია… არსებობს სუბიექტის ნების გარკვევის ე.წ. პასიური მეთოდი, რომლის მიხედვითაც თუ პირს არ აქვს პრეტენზია მისი ვინაობის დაფარვასთან დაკავშირებით, მისი სახელი და გვარი ავტომატურად ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.  შემოთავაზებული მოდელი კი, ართულებს გადაწყვეტილებების გაცემის პროცედურას.

წარმოიდგინეთ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ყოველწლიურად განიხილება დაახლოებით 130 ათასი საქმე [ყველა კატეგორია]. თუ დავუშვებთ, რომ თითო საქმეში მინიმუმ ორი ადამიანი მაინც ფიგურირებს, გამოვა, რომ სასამართლომ ყოველწლიურად სათითაოდ უნდა გაარკვიოს მინიმუმ 260 ათასი ადამიანის ნებამისი ვინაობის დაშტრიხვასთან დაკავშირებით.

მე ეჭვი მეპარება, რომ  ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაცია არ იქნა გავლილი სასამართლოების ადმინისტრაციულ პერსონალთან, ვინაიდან ეს შეაფერხებს ისედაც გადატვირთული სასამართლოების საქმიანობას,“ – ამბობს კახა წიქარიშვილი.

„ფაქტია, რომ ამით საქმე ემატება სასამართლოს, ვნახოთ, თუ ამის დაძლევა შეუძლიათ. მე არ მგონია, რომ ეს საკითხი გავლილი იყოს მოსამართლეებთან. თუ პარლამენტმა კონსულტაცია გაიარა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფთან, დაწინაურებულ მოსამართლეებთან, რომლებსაც არ აწერიათ 500 საქმე განსახილველად, მათ შესაძლოა უთხრეს, რომ ეს დაძლევადია,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი.

ნაზი ჯანეზაშვილი

„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ბალანსი უნდა იყოს გამჭვირვალობის სასარგებლოდ, როცა საქმე ეხება პერსონალური მონაცემების დაცვას. „ოცნების“ კანონპროექტი კი, კარგავს ამ ბალანსს, როცა თითოეული პირის ნების გარკვევას ითხოვს. კონსტიტუციური სტანდარტი არის ის, რომ პირს ჰქონდეს მოთხოვნის უფლება, დაიცვან მისი პერსონალური მონაცემები, მაგრამ თუ ადამიანი არ შეავსებს ამისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ ფორმას, უნდა ივარაუდებოდეს, რომ ის ადამიანი არის გამჭვირვალობის მომხრე.

მთავარი უცნაურობა ამ კანონპროექტში არის ის, რომ ზოგადად მმართველი პოლიტიკური პარტია პრობლემად მიიჩნევს სასამართლოების გადატვირთულობას. ამ დროს კი სასამართლოს უმატებს საქმეს და არამხოლოდ ტვირთავს, უფლებრივადაც ცუდ გავლენას ახდენს. შეუძლებელია, არსებულმა წესმა საქართველოში იმუშაოს ნორმალურად,“ – ამბობს გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი.

გიორგი დავითური

რატომ შეიძლება არ აწყობდეს სასამართლო კლანს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს გავეცნობით? 

„მთავარი ხარვეზია ჩახლართული ფორმულირებები, განუჭვრეტადი ნორმები… გამოქვეყნების დროს ეს წარმოშობს მთელ რიგ ხარვეზს და შესაძლოა, ვერც ვერასდროს მოიპოვო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – ამბობს ეკა ბესელია, ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს საფრთხის მასშტაბის გაზრდას, როცა სასამართლოს კლანზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გვესაუბრება და ვენეციის კომისიაც კორპორაციას ხედავს ქართულ სასამართლოებში.

ეკა ბესელია

„არ ვიცი, ვის არ სურს ეს: პარლამენტს, სასამართლოს თუ ორივეს ერთად, მაგრამ ჩანს აქტიური მცდელობა, მაქსიმალურად დააყოვნონ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჯაროება, მაქსიმალურად გაიწელოს ეს პროცედურები, რომ მისი მიღება იყოს ძალიან რთული ან შეუძლებელი,“ – ასე აჯამებს თავის შთაბეჭდილებას გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ, რაში აწყობს სასამართლოსთვის საქმის დამატება და მოუქნელი სისტემა, როცა საქმე განაჩენების გამოქვეყნებას ეხება?

გიორგი დავითური მიიჩნევს, რომ „ოცნების“ კანონპროექტი სასამართლო კლანის ხელში ახალ შესაძლებლობასაც აჩენს: ვერც კი გაასაჩივრო მოსამართლის გადაწყვეტილება, როცა ის გადაწყვეტს, რომ საქმე დახურული უნდა დარჩეს.

„როცა გადაწყვეტილება მიიღება არა სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ [რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს], არამედ უშუალოდ მოსამართლის მიერ, ამას ვერც გაასაჩივრებ, ეს იგივეა, როცა კონკრეტული სხდომის დახურვაზე იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას და ალბათ, თქვენთვისაც, როგორც ჟურნალისტისთვისაც უთქვამთ, რომ უნდა დატოვოთ სხდომის დარბაზი. მესამე პირი, მათ შორის, ჟურნალისტი, იურისტი, მკვლევარი ამ გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს,“ – განმარტავს გიორგი დავითური.

„კლანის არსებობას ხელს უწყობს ბევრი ფაქტორი, ერთ-ერთია სასამართლოს ნაკლები გამჭვირვალობა. რაც უფრო სიბნელე და უკუნი იქნება, მით უფრო თავისუფლად მოახერხებს კლანი მანევრირებას. სასამართლომ იცის, რომ თუ ის არ იღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას და ეს მაშინვე ქვეყნდება, მეორე დღესვე შეიძლება აღმოჩნდეს თავისუფალი პრესის ფურცლებზე…“, – თავის მოსაზრებას გვიზიარებს იურისტი კახა წიქარიშვილიც.

ნაზი ჯანეზაშვილი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ახალი რეგულაცია: „წინასწარ მიჭირს ამის თქმა, რა იქნება, ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს და არ ვიცით, მოსამართლეები მართლაც შესძენენ სიცოცხლისუნარიანობას ამ ნორმებს და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედებენ, თუ სხვა ინტერპრეტაციას მისცემენ, მერე შეგვიძლია შეფასება,“ – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელსაც შედარებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს:

„მათ ასეთი მანიპულირების მექანიზმი რომც არ ჰქონდეთ, სხვადასხვა მიზეზით ახლაც შეუძლიათ უარი თქვან ინფორმაციის გაცემაზე. ამას ისინი ისედაც აკეთებენ ახლა, როცა, მაგალითად, შიდაგანაწესს ითხოვ და გწერენ, რომ რესურსი არ აქვთ.

ვფიქრობ, რაღაც ტიპის ცვლილებები მაინც მოუწევთ, რადგან ეს ცვლილებები, რაც მიიღო პარლამენტმა, აშკარაა, რომ არ პასუხობს ევროკომისიის პირობას, განხორციელდეს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. ამ ცვლილებებით ეს არ მიიღწევა,“ – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

რა ალტერნატივას სთავაზობდა „ოცნებას“ სამოქალაქო სექტორი? 

„ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მარტივ პროცედურას,“ – გვიყვება ეკა ბესელია, „მართლმსაჯულების  სახლის“ ხელმძღვანელი, – „სასამართლო თითოეულ საქმეზე, ვიდრე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, აძლევს პროცესის მონაწილეებს ვადას, დააფიქსირონ პოზიცია და აირჩიონ, მათი პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება უნდა მოხდეს თუ არა, ან რა ნაწილი უნდა დაიფაროს.

ადამიანმა ასევე უნდა დაასაბუთოს, რატომ სურს კონკრეტული მონაცემის დაფარვა… თუ არ ითვალისწინებს ადამიანი ამ საფრთხეს, ეს უკვე მისი რისკია, მთავარია, ის იყოს ინფორმირებული ამის შესახებ.

თუ არ არის პერსონალური ინფორმაცია, რაც კანონითაა განსაზღვრული, ეს ისედაც საჯაროა. ეს კანონპროექტი ჩვენ გავუგზავნეთ პარლამენტს, მაგრამ უკუკავშირი არ მიგვიღია,“ – უთხრა ეკა ბესელიამ „ბათუმელებს“, ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ამ კუთხით კონკრეტული ალტერნატივა შესთავაზა IDFI-მაც, პარლამენტმა არც ეს დოკუმენტი გაიზიარა.

IDFI-იმ წელიწად-ნახევრის წინ სამუშაო შეხვედრაც მოაწყო სასამართლო აქტების საჯაროობაზე სამსჯელოდ. შეხვედრას პარლამენტის იურიდიული კომიტეტიც დაესწრო, საკონსტიტუციო სასამართლო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა „ოცნების“ კანონპროექტში ამით არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, უნდა იყოს ე.წ. პასიური მეთოდი, ანუ როცა პროცესში მონაწილე პირი თავად მიმართავს სასამართლოს და ითხოვს მისი პერსონალური მონაცემის დაფარვას და მეორე: მოსამართლე არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სასამართლო აქტების გასაჯაროებაზე. როგორც კი მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს უკვე ხდება მართლმსაჯულების ნაწილი, გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ადმინისტრაციის დონეზე,“ – ამბობს გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი.

გიორგი დავითურის აზრით, პრობლემაა ისიც, რომ კანონპროექტი ტოვებს შესაძლებლობას, კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ მოითხოვოს პროცესში მონაწილე პირმა, თავისი მონაცემების დაფარვა.

„შესაძლოა, ამ დროს გაჩნდეს საჯარო ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, ვთქვათ, კორუფციული ინტერესია და ამ დროს გადაწყვეტილება დარჩეს ხელმიუწვდომელი,“ – გვიყვება გიორგი დავითური.

რას აპირებს პარლამენტი „ვენეციის კომისიის“ კრიტიკული დასკვნის შემდეგ? 

„თქვენ რას ფიქრობთ, ჩვენ არ გვაქვს ნამსჯელი ამაზე?“ – გვითხრა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რომელსაც ვთხოვეთ კომენტარი ვენეციის კომისიის მორიგ კრიტიკულ დასკვნაზე და იმაზე, რომ „პროცედურა უნდა გამარტივდეს“.

„კიდევ რა შეიძლება გამარტივდეს, თან ისე, რომ პირის უფლებები იყოს დაცული, თუ შემოგვთავაზებენ, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ჩვენი ამოცანაა ის, რომ, ერთი მხრივ, მოქალაქის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა იყოს გაზრდილი. ბალანსი ჩვენ აქ ვნახეთ და ეს ავსახეთ,“ – გვითხრა ანრი ოხანაშვილმა.


ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი დაგვპირდა, რომ საკომიტეტო განხილვის დროს მიუბრუნდებიან ამ საკითხს და „დისკუსიებიც იქნება“.

„ეს საკითხები იქნება ნამსჯელი, ამ საკითხზე გვექნება დისკუსია საკომიტეტო განხილვების ფარგლებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რაც კონსტიტუციასთან თანხვედრაშია და საუკეთესო ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, ასეთი საკითხები ავსახოთ,“ – ამბობს ანრი ოხანაშვილი.


ისევ სამუშაოს ეძებს 23 სტუდენტი, რომლებიც საკრუიზო ლაინერზე უნდა დასაქმებულიყვნენ

ისევ დასაქმებას ელის 23 კურსდამთავრებული, ვისაც საკრუიზო გემზე მიმტანად უნდა ემუშავა.

ახალგაზრდებმა პროფესიული მომზადების პროგრამის სრული კურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს და უკვე მესამე თვეა დასაქმებას ელიან.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „სამგზავრო გემის მიმტანი“ კურსდამთავრებულების დასაქმების ვალდებულება შესაბამისი მემორანდუმით საკრუინგო კომპანია Columbia Shipmanagement Georgia-ს ჰქონდა აღებული. 23 სტუდენტი მას საკრუიზო ლაინერზე უნდა დაესაქმებინა.

„ბათუმელებს“ არაოფიციალურად უთხრეს, რომ საკრუინგო კომპანიამ უნივერსიტეტიც და დასაქმების სააგენტოც „გადააგდო“ და ახლა ორივე უწყება საკუთარი ძალებით ცდილობს შექმნილი პრობლემის გამოსწორებას.

პროფესიული მომზადების პროგრამა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა დასაქმების სააგენტოსთან ერთად გასული წლის სექტემბერში აამოქმედა. პროგრამას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს. პროგრამა ორი თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, რომლის პირველი ეტაპი სწავლებაა, მეორე ეტაპი კი – საკრუიზო ლაინერზე დასაქმება.

იმის გამო, რომ პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა დასაქმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა სასწავლო კურსზე მიღება დროებით შეაჩერა.

პრობლემებს პროგრამაში ჩართული ყველა მხარე აღიარებს და შეძლებისდაგვარად მალე მისი მოგვარების პირობას დებს.

ნათია მიქელთაძე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროგრამის ყველა კურსდამთავრებული აუცილებლად დასაქმდება. მიქელთაძის თქმით, პრობლემა საკრუინგო კომპანიამ შეიქმნა, რის გამოც „ყველანი არასასიამოვნოდ განცვიფრებულები“ დარჩნენ.

ნაწილმა გაიარა გასაუბრება სხვა კომპანიაში და გარკვეულ ნაწილს უკვე მოსდის დასაქმების შეთავაზებები. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს დამსაქმებელი ეყოლება. სამი თვეა  ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია კომპანიასთან, ყოველდღე ვითხოვთ  ახსნა-განმარტებას ჩვენი ბავშვების დასაქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავდა შემდეგ ნაკადზე ჩარიცხვის მსურველები, მაგრამ საკუთარი ზარალის ფასად შევაჩერეთ მიღება პროგრამაზე მანამ, სანამ ეს პირველი 23 კაცი რეალურად არ დასაქმდება. სწავლის ძალიან ბევრი მსურველი გვყავს, მაგრამ სანამ არ მივიღებთ გარანტიას, ნავიგაციის უნივერსიტეტს არ მიაჩნია შესაძლებლად ახალი ნაკადის მიღება. მთავარი იდეა ამ პროგრამის არის სრული ციკლი, არამხოლოდ პროფესიული მომზადება, არამედ დასაქმების კომპონენტიც აუცილებლად.

ჩვენ ვუშვებთ წლების განმავლობაში კურსდამთავრებულებს, რომლებიც საქმდებიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტს ნავიგაციის კურსდამთავრებულების 82 % გვყავს დასაქმებული, მექანიკის – 78 %. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუკი მას შეადარებთ სხვა უნივერსიტეტების მაჩვენებელს. თამასაა, რომელსაც ვერ დავაგდებთ და არ დავაგდებთ.

ამიტომ ჩვენთვის თავმოყვარეობის და პროფესიონალიზმის საკითხია, არ გაგრძელდეს ამ პროგრამაზე მონაწილეთა მიღება მანამ, პირველი ნაკადი სრულყოფილად არ დასაქმდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია მიქელთაძემ.

„სამგზავრო გემის მიმტანი“ – ამ კურსდამთავრებულების დასაქმების პირობას დებს აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ კახიძეც.

თემურ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ბოლო სამი კვირაა აქტიურად ჩაერთო შექმნილი პრობლემის მოგვარებაში.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტს“ მემორანდუმი ჰქონდა უნივერსიტეტთან. ამიტომ სხვა კომპანიებთან არ დაგვიწყია ურთიერთობა, არ იქნებოდა არც პარტნიორული, არც კოლეგიალური, როცა მოლაპარაკებული ხარ ერთ კომპანიასთან სხვასთან არ უნდა დაიჭირო საქმე.

ახლა უკვე ვაწარმოებთ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს. ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში კურსდამთავრებულებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება და დადებითი პასუხი მოუვიდათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ კახიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ახალი კომპანია რამდენად შეძლებს ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებას, თემურ კახიძე ამბობს, რომ კომპანიას, რომელთანაც მოლაპარაკებას აწარმოებენ, „დაახლოებით 50-ჯერ მეტი სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე ქართულ მხარეს შეუძლია მიწოდება“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „კოლუმბია შიფმენეჯმენტს“. საკრუინგო კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ შელია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „თანდათან ყველა დასაქმდება“.

„ჯერ ერთი, ჩვენ არ გვქონდა განსაზღვრული, რამდენ ხანში უნდა დავასაქმოთ. მეორე, ჩვენ მანამდე ასეთი სპეციალობის ხალხი, სადღაც 50-60 კაცი დავასაქმეთ. მესამე – რატომ გვქონდა ჩვენ იმედი: იღებდნენ ორ ახალ გემს, სადაც უნდა დაგვესაქმებინა ეს ხალხი, რისი მიღებაც შეჩერდა და იგვიანებს. ახლა მგონი ორი კაცი მაგ ჯგუფიდან ჩვენ გავუშვით და თანდათან ისინი, ყველა დასაქმდება,“ – ამბობს ვლადიმერ შელია „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებმა“ ვლადიმერ შელიას დაზუსტება სთხოვა, დასაქმდებოდა თუ არა სასწავლო პროგრამის ყველა კურსდამთავრებული.

„კურსდამთავრებული არ ნიშნავს… მაგენი მერე ხელმეორედ გადიან მენეჯერთან ინტერვიუს.

მიუხედავად იმისა, რომ გადამზადება გაიარეს, ჩვენ ისინი მანამდე არ შეგვიმოწმებია. ამიტომ ისინი გადიან ინტერვიუს. მე მგონი ათ კაცს გავლილი აქვს ინტერვიუ ამ 23-დან, მაგრამ 23-ივე იქნება თუ არა დასაქმებული, მაგის გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ისინი გადიან ინტერვიუს თავად გემთმფლობელთან,“ – თქვა ვლადიმერ შელიამ.

ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება და სააკაშვილის გათავისუფლება – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მოთხოვნები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მთავრობის მიერ და პროტესტი, ხელისუფლების რუსული კურსის წინააღმდეგ.

„ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ყოფს და აპირისპირებს. მას უნდა, რომ გაათითოკაცოს და დაქსაქსოს საზოგადოება, მაგრამ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთობით და მოქმედებით.

ივანიშვილი ანგრევს გელათს, ჯვრის მონასტერს, რუსული კანონი შემოიტანა და, ფაქტობრივად, ღალატზე მოაწერინა ქართველ კაცებს ხელი, ფაქტობრივად სამშობლო გააყიდვინა.

ჩვენ არ გვინდა რუსული ოცნება, ჩვენ არ გვინდა რუსული მთავრობა, ქართველმა ხალხმა უთხრა „არა რუსულ კანონს“ და ახლა, უნდა ვუთხრათ „არა“, რუსულ მთავრობას. ჩვენ არ შევეგუებით რუსულ ხელისუფლებას საქართველოში“, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ბათუმში, აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, პუტინთან მებრძოლი სააკაშვილი ივანიშვილს ციხეში ჰყავს გამოკეტილი.

„ასევე, პუტინთან მებრძოლი ზელენსკი ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, მაკრონი ითხოვს მის გათავისუფლებას, ევროკავშირის 27 ქვეყანა ამბობს, რომ ჰუმანიტარული მისიით სააკაშვილი უნდა გაიყვანონ და მხოლოდ პუტინი, „რუსული ოცნება“, ლავროვი, მარგარიტა სიმონიანი, კობახიძე, ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ პუტინის ტყვე უნდა მოვკლათ ციხეშიო.

ამიტომ მათ ყველამ უნდა ვუთხრათ – „არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას“, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ ქვეყნის გარუსებას“, – ამბობს ხაბეიშვილი.

საპროტესტო აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ
ფოტო: ბათუმელები/ლელა დუმბაძე

მისი თქმით, 9 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება, სადაც ხელისუფლებას მოსთხოვენ შეასრულოს 12-პუნქტიანი გეგმა და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ევროპაში, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მიშას თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და პრორუსული კურსის დაგმობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხის პროტესტს ექნება შედეგი და თუ არა, უფრო მასშტაბურ აქციებს შევუერთდებით“, – ამბობს აქციის მონაწილე ეკატერინე კალანდარიშვილი.

„ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება და სააკაშვილის გათავისუფლება“ – აქცია ბათუმში

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ედუარდ თედორაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს საზოგადოების ხმას და შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები. ასევე გადაიყვანოს სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში.

„ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ნებით წასვლას არ აპირებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აპირებენ ბრძოლას, ამიტომ მე, პირადად, როგორც მოქალაქე, ვადამდელ არჩევნებში ვხედავ გამოსავალს.

უკვე აღარ ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება, რადგან ეს ხელისუფლება ებრძვის ხალხს. ესენი ომზეც კი წავლენ, ოღონდ ხალხის წინააღმდეგ. ამათ 40 წელი უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა და ასეთ შემთხვევაში ხომ დემოკრატიული ცხოვრება გამორიცხულია. ამიტომ, ესენი უნდა წავიდნენ“, – ამბობს ედუარდ თედორაძე.

23 წლის მარიკას ავარიამ კიდურები დაუზიანა – მას თურქეთში ოპერაციისთვის 11 ათასი სჭირდება

23 წლის მარიკა ხოზრევანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ცხრა თვის წინ, ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც დაუზიანდა კიდურები, ფილტვი და მენჯის ძვლები.

მარიკას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთის კლინიკაში აქვს დაგეგმილი, თუმცა ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნია.

„11 ათასი დოლარია ამ ეტაპზე საჭირო. ოჯახში მხოლოდ მამაჩემი და მე ვმუშაობდით, მაგრამ, ახლა მე ვეღარ ვმუშაობ, ეტლში ვარ, რადგან მოძრაობა მიჭირს, ძლიერი ტკივილები მაქვს“, – გვეუბნება მარიკა ხოზრევანიძე.

„2022 წლის 19 ივნისს მოვყევი ავარიაში. ჩემს სამოძრაო ზოლში გადმოვიდა უცხო პირის ავტომანქანა და დამეჯახა, თუმცა საავადმყოფოში მკურნალობის დროს ხარჯების დაფარვაში არ დამეხმარა. მანქანა სხვისი იყო, ერთი დღით მქონდა ნაქირავები და არც დამტვრეული მანქანის ხარჯები დაფარა.

მივმართე სასამართლოს, მაგრამ ცხრა თვე გავიდა და ჯერ არც კი გამართულა პროცესი, რომ ან დაისაჯოს ის პირი, ან ხარჯები მაინც დაფაროს“, – ამბობს მარიკა.

განახლება: მოგვიანებით მარიკა ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ მას მხარე მინიმალურად დაეხმარა, რაც არ იყო საკმარისი მისი გამოჯანმრთელებისთვის.

მარიკა ხოზრევანიძე ავარიამდე ჩინურ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, მაგრამ ავარიის შემდეგ, მუშაობა აღარ შეუძლია.

„ავარიის შემდეგ, ბათუმში „მედალფაში“ შემიყვანეს, იქ ვიყავი რეანიმაციაშიც. ოპერაციას აქ გამიკეთეს. ორივე კიდური მოტეხილი მქონდა, ფილტვიც გახეთქილი იყო, დაზიანებული მქონდა მენჯიც. რეანიმაციაში ვიწექი. ახლა რკინები მაქვს ყველგან ჩასმული.

ოქტომბრის ბოლოს, კუნთები რომ არ მოდუნებულიყო, სარეაბილიტაციო ვარჯიშები დავიწყე. რეაბილიტაციისთვის ფინანსური დახმარება ოზურგეთის მერიას ვთხოვე, თუმცა უარი მითხრეს. ამიტომ, მეგობრების და ახლობლების დახმარებით 80 დღე, ყოველ დღე, ბათუმში ხან ტაქსით დავდიოდი, ხან ახლობლის მანქანით.

თუმცა, ტკივილები უფრო გამიძლიერდა და ვარჯიში შევწყვიტე. თურქეთში წავედი გამოკვლევებზე და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ შეიძლებოდა ჩემი ფეხზე დგომა. აქ კი მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და რომ ძვლები მიხორცდება“, – ამბობს მარიკა ხოზრევანიძე.

მისი თქმით, რადგან ბათუმში არ არის რეგისტრირებული, ოპერაციის თანხებისთვის აჭარის ჯანდაცვისთვის არ მიუმართავს.

„ახლა ვცდილობ ბათუმში ჩავეწერო, განცხადებით მივმართე იუსტიციას, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისვლას ვერ ვახერხებ, რომ გავიგო, ჩამწერეს თუ არა. ცხელ ხაზზე კი ვერავის ვუკავშირდები.

თურქეთში მითხრეს, რომ ძვლები ძალიან დაშორებულია ერთმანეთს და ამიტომ კარგავს ფუნქციას. ოპერაციაა საჭირო, ერთ ადგილას კი ძვალია გადასანერგი, რადგან ეს დაშორება უნდა აღდგეს, რომ ძვლებმაც აღიდგინოს ფუნქცია. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილია ჩამტვრეული ძვლები და ესეც უნდა ამოიღონ.

ოჯახში ექვსი ადამიანი ვცხოვრობთ და მხოლოდ მამა მუშაობს. ყველა რესურსი ამოგვეწურა, ამიტომ ძალიან გვჭირდება საზოგადოების დახმარება, რომ ამ ოპერაციის ჩატარება შევძლო თურქეთში“, – გვეუბნება მარიკა.

იმ შემთხვევაში, თუკი მარიკა ხოზრევანიძის დახმარების სურვილი გექნებათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკის ანგარიშზე:

GE29BG0000000533972581

ასევე ჩარიცხვა შეგიძლიათ მარიკას დედის, ნარი ხოზრევანიძის პირადი ნომრით: 61004037805

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – პირველი აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 173 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 630]
  • ტანკი – 3 616 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 6 981 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 683 ერთეული [+8]
  • MLRS – 527 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 279 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 248 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 528 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 296 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 405 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 630 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 497 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 077 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 478 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 247 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კომპანია ავარიული სახლების პროგრამით გეგმავს მშენებლობას იქ, სადაც ავარიული სახლი არ არის

„განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ – ასე ჰქვია განკარგულებას, რომელიც ბათუმის მერიამ მოამზადა, საკრებულომ კი გუშინ, 30 მარტს დაამტკიცა. ეს განკარგულება ავარიული სახლების პროგრამით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად მოარგეს კონკრეტულ კომპანიას – შპს „ბათმშენს“. 

თუმცა სამშენებლო პროექტი ამ პროგრამის ფარგლებში არ აშენდება. უფრო მეტიც, კომპანია მშენებლობას ფიროსმანის #15-ში, ცარიელ ნაკვეთზე გეგმავს, სადაც არც ავარიული სახლია და არც რაიმე შენობა.

შეღავათი განაშენიანების კოეფიციენტის [k2] 4,6-დან 12,0-მდე გაზრდას ითვალისწინებს. როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, მშენებელს, კონკრეტულად შპს „ბათმშენს“, 40 სართულის აშენება სურს.

კომპანია ამბობს, რომ თუ მას კოეფიციენტს გაუზრდიან, სხვა მისამართზე ავარიულ სახლში მცხოვრებ სამ ოჯახს დააკმაყოფილებს.

„ბათმშენი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ფიროსმანის #15-ში გეგმავს. კომპანია აქ დაგეგმილი პროექტისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] 12.0-მდე გაზრდის სანაცვლოდ მერიას ნამატი ფართობის 10 პროცენტს, 3500 კვ.მეტრს ჰპირდება. თუმცა, ეს კეთილი ნება კი არა, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნაა.

მერია ამ შეთავაზებას დასთანხმდა, დასთანხმდა საკრებულოც.

როგორც მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა რამიშვილმა განმარტა, ეს უდრის ერთ ხუთსართულიან სახლს, რაც მერიას საშუალებას მისცემს სხვა ავარიული სახლი გამოათავისუფლოს და შემდეგ ეს ფართობი გამოიყენოს.

სამშენებლო კოდექსის თანახმად, როცა k2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ კომპანია მერიას ფართობს სთავაზობს, უნდა დაამუშაოს იმ კვარტლის განაშენიანების დეტალური გეგმა, სადაც სამშენებლო ნაკვეთი მდებარეობს. ეს გეგმა მერიასთან ერთად საკრებულომაც უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. სხვა შემთხვევაში კომპანია მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს.

ბათუმი, ფიროსმანის #15- სამშენებლო ფართობი 4700 კვ.მეტრია – საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ეს ნაკვეთი კომპანიას „თიბისი ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული

შპს „ბათმშენი“ დეტალური გეგმის წარდგენას არ აპირებს მიუხედავად იმისა, რომ k2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს ფიროსმანის 15-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტისთვის. სანაცვლოდ კომპანია მერიას სხვა რამეს სთავაზობს – ჰაიდარ აბაშიძის #81-ში „ავარიულ მრავალბინიან სახლში“ მცხოვრებ მოსახლეობას ისე დააკმაყოფილებს, რომ აქ სამშენებლო ნებართვას არ ითხოვს.

მართალია ჯერ არ ითხოვს, თუმცა მომავალში კომპანიას აქ მშენებლობის დაგეგმვას ვერავინ დაუშლის.

საქმე ისაა, რომ სამშენებლო კოდექსში სპეციალურად ბათუმისთვის ბოლოს შესული ცვლილებების შესაბამისად, კოდექსი ავარიული სახლის ჩანაცვლების შემთხვევაში არ ითხოვს დეტალური გეგმის დამუშავებას კოეფიციენტის გაზრდის პირობებშიც კი.

კანონით გაწერილი პროცედურის მიხედვით, ასეთ დროს ბათუმის მერმა წარდგინებით უნდა მიმართოს საკრებულოს, ამ ინიციატივისთვის მერს უნდა ჰქონდეს სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაცია, საკრებულომ კი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

საკითხის წარდგენისას სხდომაზე მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობის და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა რამიშვილმა თქვა, რომ ჰაიდარ აბაშიძის #81-ში მშენებელი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს დააკმაყოფილებს. იგივე წერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშიც:

განმარტებითი ბარათი

მამუკა რამიშვილის ინფორმაციით, მშენებელმა თავად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლითაც დასტურდება, რომ ჰაიდარ აბაშიძის #81-ში „მრავალბინიანი“ ავარიული სახლი საცხოვრებლად უვარგისია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჰაიდარ აბაშიძის #81-ში რეგისტრირებულ 503 კვ/მეტრზე მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს. ამ მისამართზე შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი კი 91.34 კვ.მეტრია.

ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #81 – მერიის ინფორმაციით აქ მრავალბინიანი სახლია, სინამდვილეში კი ეს სამი ბარაკული ტიპის სახლია პატარა, გამწვანებული ეზოებით
ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა #81

შპს „ბათმშენი“ ჰაიდარ აბაშიძის #81-ში უკვე დარეგისტრირებულია როგორც მომავალი მესაკუთრე, რეგისტრაციის საფუძველი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაა. „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რას გულისხმობს ინვესტორსა და ამ ოჯახებს შორის შეთანხმება, თუმცა ვიცით, რომ კომპანია მიიღებს ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის რამდენიმე სართულით გაზრდის ნებართვას. პარალელურად კი 500 კვ.მეტრს ქალაქის ასევე სასურველ უბანში, ჰაიდარ აბაშიძის #81- ში.

განმარტებით ბარათში საყურადღებოა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მერია წერს, რომ 3500  კვ.მეტრამდე ბინები, რომლებიც კომპანიამ მერიას უნდა გადასცეს, ბაზარზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი ღირს.

როგორ ამოვიცნოთ რა ვიტამინი გვაკლია? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი, იგივე ავიტამინოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. თუ დეფიციტი მძიმე არ არის, ის ხშირად კლინიკურად ამოუცნობია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ამავდროულად მსუბუქ დეფიციტსაც კი შეიძლება ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი ქეთი გაბაიძე საუბრობს, რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმზე, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ პროცესებს და როგორ შევივსოთ მათი დანაკლისი.

  • ქალბატონო ქეთი, რა არის ავიტამინოზი? რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის ვიტამინებსა და მინერალებს?

ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მინერალების გარდა, საჭიროა სხვა ბიოლოგიური ნივთიერებები – ვიტამინები. ისინი წარმოადგენენ ორგანულ ნაერთებს, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადს, წყალბადს და ჟანგბადს. ვიტამინებს აქვთ სხვადასხვა თვისება, ისინი პასუხისმგებელნი არიან  ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, მონელების პროცესს, ასე რომ მათ შეუძლიათ ძირითადად მცენარეული და ცხოველური საკვების მეშვეობით ენერგიის მიღება. 

კვების არასწორი რეჟიმის ფონზე მოსალოდნელია, რომ ორგანიზმს მოაკლდება აუცილებელი, ცალკეული ვიტამინი, ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ვითარდება პათოლოგიური მდგომარეობა სახელწოდებით – ავიტამინოზი, რაც ვიტამინების მკვეთრ დეფიციტს ნიშნავს და მათი ნაკლებობა ორგანიზმში მრავალი ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს. ასეთ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

  • რა იწვევს ავიტამინოზს, ვინ არიან რისკ-ჯგუფში?

ავიტამინოზის განვითარებას ხელს შეიძლება უწყობდეს გარეგანი (ეგზოგენური) და შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები. 

გარეგანი ფაქტორებიდან დღესდღეობით ავიტამინოზის ძირითადი მიზეზია სწორედ არაბალანსირებული კვება, ერთფეროვანი საკვები, დიეტები, კონსერვირებული და იმ საკვების მიღება, რომელიც მზადდება მაღალ ტემპერატურაზე, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ზოგიერთი ვიტამინი ინაქტივირდება; ასევე, მიზეზია მავნე ჩვევები [თამბაქო, ალკოჰოლი]. 

შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, როდესაც დარღვეულია საკვები ნივთიერებების და მათ შორის ვიტამინების შეწოვა. იმავე კლინიკური სურათით ხასიათდება ნაწლავური დისბაქტერიოზი, რაც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად და, ასევე მისი გამომწვევია სტრესი, ორსულობა, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.

ვიტამინოდეფიციტური მდგომარეობის განვითარების რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ინტენსიური ზრდის პროცესში,  მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტსმენი ბავშვები,  ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, ასევე  – ხანშიშესულები.

  • რაზეა პასუხისმგებელი A,B,C,D,E და K ვიტამინები? 

ვიტამინების ცალკეულ სახეობებს გარკვეული როლი აკისრიათ და პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. 

A ვიტამინი მონაწილეობს რეგენერაციულ პროცესებში, კანის ჯანმრთელობისთვის და მხედველობისთვის. შესაბამისად, დეფიციტი ვლინდება მხედველობის დარღვევით, კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით. 

B ჯგუფის ვიტამინები საჭიროა ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. 

C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას შემოდგომის და ზამთრის სუსხიან დღეებში, ვირუსული სეზონის მოახლოებისას, პროფილაქტიკის მიზნით C ვიტამინით მდიდარი საკვების და სასმლის რეგულარულად მიღების გზით. C ვიტამინი ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს [ნაწილაკებს] და უჯრედებსა და იცავს ქსოვილებს დაზიანებისგან. ეს ვიტამინი ხელს უშლის ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა: სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მხედველობის პრობლემები და მრავალი სხვა.

რაც შეეხება D ვიტამინს, ის გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის , ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

E ვიტამინი იცავს ადამიანს გულის და ნერვული დაავადებებისგან, რადგან აფართოებს სისხლძარღვებს და აფერხებს თრომბის გაჩენის პროცესს.

K ვიტამინი ორგანიზმში მრავალ სასიცოცხლო პროცესშია ჩართული, მაგალითად არეგულირებს სისხლის შედედებას, იცავს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს, მონაწილეობს ძვლების მინერალიზაციის პროცესში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ანელებს კიბოს უჯრედების განვითარებას.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში?

თითოეული ვიტამინის დეფიციტს მრავალი სიმპტომი ახასიათებს. მოდით, მცირე ჩამონათვალი გავაკეთოთ: 

  • A ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს კანის და თმის სიმშრალე, თმის და ფრჩხილების მტვრევადობა, მხედველობის გაუარესება კერძოდ „ქათმის სიბრმავე“, ეს მხედველობის დარღვევის თავისებური ფორმაა, ამ დროს მხედველობა უკეთესია დღისით და ძლიერი განათების პირობებში, ღამით კი დაქვეითებულია.
  • B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომებია:  დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კრუნჩხვები, მეხსიერების დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია – მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა; კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია, დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია. 
  • C ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს ახასიათებს: დაღლილობა, მადის დაქვეითება; მშრალი და დაყოფილი თმა, გაუხეშებული, აქერცლილი და მშრალი კანი, გინგივიტი (ღრძილების ანთება), ღრძილებიდან სისხლდენა.  
  • D ვიტამინის დეფიციტი ხელს უწყობს ბავშვებში რაქიტის განვითარებას, ზრდის ძვლების მტვრევადობის რისკს, ახასიათებს კანის სიმშრალე, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, ძვლების და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.   
  • E ვიტამინების დეფიციტს ახასიათებს კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, პოზიციის შეგრძნების დაკარგვა. 
  • K ვიტამინის  დეფიციტის პირველი ნიშნები მოიცავს შრომისუნარიანობის შემცირებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, მოულოდნელ სისხლჩაქცევებს და ხანგრძლივ სისხლდენას.

 

  • რა საკვებიდან შეიძლება ამ ვიტამინების შევსება ორგანიზმში?

ვიტამინების და მინერალების შევსება ხდება, რა თქმა უნდა, ჯანსაღი საკვებიდან, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თხილეული და თესლეული; პროდუქტით, რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და მავნე პათოლოგიებთან ბრძოლა შეუძლია.

მაგალითად, A ვიტამინით მდიდარი საკვებია სტაფილო, გოგრა, გარგარი. ცხოველური პროდუქტებიდან – რძე, ყველი, კვერცხი.

B ვიტამინის კარგი წყაროა თხილი, ლობიო და სოია, ასევე ცხოველური პროდუქტებში – კვერცხი, რძე, ყველი, თევზი.

C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, მარწყვი, კივი, პამიდორი და მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, ისპანახი, სალათის ფურცლები.

D ვიტამინის საუკეთესო წყაროა მზის სხივები, რადგან D ვიტამინი ჩვენს კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ასევე D ვიტამინით მდიდარია კარაქი, კვერცხის გული, თევზი.

K ვიტამინით მდიდარი საკვები გვხდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, როგორებიცაა, მაგალითად, ისპანახი და კომბოსტო, ბროკოლი, ავოკადო, დიდი რაოდენობით გვხდება ბოსტნეულის ზეთში, ზეთისხილში, სოიას ზეთში, ასევე მარწყვში, მოცვში, გოგრაში.

E ვიტამინით მდიდარია კარტოფილი, სტაფილო, ისპანახი, ჭარხალი, გოგრა და კომბოსტო.

  • როგორია მკუნალობა?

როდესაც დგება მკურნალობის საკითხი ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტისას, პირველ რიგში უნდა მოხდეს იმ მიზეზის აღმოფხვრა, რამაც ეს მდგომარეობა გამოიწვია.

ვიტამინების შევსებაში ორგანიზმს ჯანსაღი საკვების გარდა პოლივიტამინების კომპლექსიც ეხმარება.

არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით, თუ ადგილი არ აქვს კვებით დარღვევებს და ამა თუ იმ ვიტამინის დადასტურებულ უკმარისობას, მათი [პოლივიტამინების] მედიკამენტის სახით მიღების სარგებლიანობას სამედიცინო კვლევები არ ადასტურებს.

არცერთი დასავლური სამედიცინო ორგანიზაცია არ უწევს რეკომენდაციას პოლივიტამინების მიღებას თვითნებურად ექიმის დანიშნულების გარეშე, ვინაიდან არასაჭირო შემთხვევებში მათმა გამოყენებამ საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს, ამიტომ შეიძლება მხოლოდ დაინიშნოს ის კონკრეტული ვიტამინი, რისი დეფიციტიც არის დადასტურებული და შეირჩეს ინდივიდუალური საჭირო დოზა. 

საგრანტო კონკურსი უკრაინელი გოგოებისა და ქალებისთვის

ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილი უკრაინელი გოგონებისა და ქალთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება.

კონკურსს „სონიაშნიკ“ აცხადებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამაა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს.

„აპლიკანტს, რომელიც გზავნის საგრანტო განაცხადს, უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში (შესაბამისი პროფილით) მუშაობის გამოცდილება. გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის პირობებში უპირატესობა მიენიჭება უკრაინის მოქალაქის მიერ გამოგზავნილ საგრანტო განაცხადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში),“ – ნათქვამია კონკურსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის განმავლობაში თითოეულ ქალაქში განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობა უნდა მიიღოს სულ მცირე 30 და მაქსიმუმ 50 უკრაინელმა გოგონამ ან/და ქალმა.

საგრანტო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი. თანხა – 2 ათასი ამერიკული დოლარი.

საგრანტო განაცხადის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

რას ნიშნავს მშობელთა წიგნი – ორსულ ქალთა და ახალშობილთა საპილოტე პროგრამა აჭარაში

აჭარაში ახალი პროგრამა – „ორსულ ქალთა და ახალშობილთა მაღალი ხარისხის უწყვეტი მეთვალყურეობა“ ინერგება.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროსვე ცნობით, საპილოტე პროგრამის დანერგვაში იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – JICA არის ჩართული.

„იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიაა ჩამოსული, რომელიც სამი წლის განმავლობაში საქართველოში განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – ეს გახლავთ  დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერება და ამავდროულად მშობელთა წიგნის დანერგვა.

ეს არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის რეფორმა, რომელიც ერთ სისტემაში სვამს ლამის ორსულობამდელი პერიოდიდან მეთვალყურეობას ორსულობის პერიოდში, მშობიარობის და შემდგომ ბავშვთა განვითარების ადრეულ და შემდგომ პერიოდებში. ასეთია იაპონიის უნივერსალური, დედათა და ბავშვთა მეთვალყურეობის, განვითარების და მასზე ხარისხობრივი ზედამხედველობის პროგრამა“ – ამბობს ვერა ბაზიარი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი.

სამინისტროს ინფორმაციით, JICA-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ვიზიტით აჭარის ყველა იმ დაწესებულებაში, რომლებიც ახორციელებენ ანტენატალურ მეთვალყურეობას ორსულებისა და ასევე, პერინატალურ სერვისებსაც აწოდებენ მათ.

„100 წერილი ბსუს“ – გამარჯვებული სტუდენტური პროექტი

ნინი კაკაბაძისა და ელენე კურტანიძის პროექტი – „100 წერილი ბსუს“, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს უნივერსიტეტი 3 -4 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

ელენე კურტანიძე 23 წლისაა. მან ბსუ-ში გასულ წელს დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლა. ფიქრობს, რომ „100 წერილი ბსუს“ წიგნად იქცევა, რომელშიც ბსუ-სთან დაკავშირებული, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანების ისტორიები გაერთიანდება.

ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხეკურსელია ნინი კაკაბაძე. მისი თქმით, ამ წერილებს საბოლოოდ წიგნის სახე მიეცემა და 50 ეგზემპლარი დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ასევე, შეიქმნება კრებულის ელექტრონული ვერსიაც და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, შეეძლებათ მას გაეცნონ.

პროექტის დაწყება მაისიდან იგეგმება, წიგნის პრეზენტაცია კი – ნოემბერში.

„გვინდა, რომ უნივერსიტეტის და მისი კურსდამთავრებულების განვლილ გზაზე გავაკეთოთ აქცენტი, ამიტომ წიგნი სხვადასხვა ასაკის ბსუ-ს კურსდამთავრებულების წერილებს გააერთიანებს“ – გვითხრა ნინიმ.

მან გვითხრა ელექტრონული ფოსტის მისამართიც – 100lettersbsu@gmail.com, სადაც თქვენც შეგიძლიათ წერილი გაუგზავნოთ ბსუ-ს.

„სასამართლოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა“ – პოლიცია 58 წლის კაცს ეძებს

„ბათუმის სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან აალებადი ნივთიერება დაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა,“ – ამბობს პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი, რომელსაც დღეს, 31 მარტს, სასამართლო პროცესის შემდეგ ვესაუბრეთ.

მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ კორნელი ნ-ს. მას პროკურატურა სასამართლოს შენობაზე თავდასხმას ედავება.

შემთხვევა 27 მარტს მოხდა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლი კი, სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა სახანძროს მისვლამდე ჩააქრეს.

კორნელი ნ-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პრიმა ნაწილით ედავება, რაც გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კაცს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ბრალდებული 58 წლის კაცია, ბათუმში ცხოვრობს, თუმცა მის ადგილსამყოფელს სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ ადგენენ.

„…ის იყო გაღიზიანებული სასამართლოს გადაწყვეტილებით,“ – უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული უკმაყოფილო იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით – კორნელი ნ-ს შვილს სამოქალაქო საქმეზე თანხის გადახდა დაეკისრა კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ.

„შესაბამისი ინფორმაცია არ წარმოუდგენია პროკურორს, რა გაირკვა ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ,“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა გიორგი მახარაძემაც, იგი იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტია და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გამოძიებას არ დაუდგენია, გადაკვეთა თუ არა, მაგალითად, საზღვარი ბრალდებულმა.

„იქნებ რომელიმე კლინიკაშია, ან სხვა რამ მოუვიდა? იყო ასეთი შემთხვევა, დაუკავებიათ თურმე კაცი თბილისში და ინფორმაცია არც პროკურორს ჰქონდა და არც დაცვის მხარეს… შესაძლებელია, მას უბრალოდ ვერ ვუკავშირდებოდეთ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს,“ – აღნიშნა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

„ის მაშინვე მიიმალა, რაც აჩვენებს იმას, რომ გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა კანონით აკრძალულ ქმედებას“, – ადვოკატს მიმართა მოსამართლემ.

ცეცხლის წაკიდება ვიდეოსათვალთვალო კამერას დაუფიქსირებია. ბრალდებული მისივე ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. პროკურორმა პროცესზე ახსენა ისიც, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, თუმცა „ეს მეტყველებს მის პიროვნებაზე“, – დასძინა პროკურორმა.

პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, აალებადი ნივთიერება, რამაც სასამართლოში ხანძარი გააჩინა, ნამდვილად ბენზინი იყო თუ არა.

ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს შენობის დაზიანებაზეც. პროკურორი ამბობს, რომ ამ კუთხით გამოძიება გრძელდება.

სასამართლო განხილვა

ციხისძირში Toyota-ს ახალი მოდელების ტესტდრაივი გაიმართა

28-29 მარტს ტოიოტა კავკასიამ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას განახლებული სედანი (MC) და სრულიად ახალი SUV ვერსია – Toyota Corolla Cross  წარუდგინა.

ახალი მოდელების პრეზენტაცია ციხისძირში, სასტუმრო კასტელო მარეშიგაიმართა.  ჟურნალისტებისთვის გაიმართა ტესტდრაივიც. მათ ტოიოტას ლეგენდარული ავტომობილები  ციხისძირიდან შეკვეთილამდე მართეს და სიახლეები თავად გამოცადეს.

ახალი მოდელების მახასიათებლების პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის

Toyota Corolla (MC)  – განახლებული ინტერიერი, ექსტერიერი და ტექნოლოგია

ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაამნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს. 

შიგა წვის ძრავას მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელსაც ექნება ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემა.

ძრავას სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმით გაუმჯობესდა. 

ექსტერიერი ახალი ფერითაა (Midnight Teal) გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს. 

ინტერიერი: სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩევადობის მქონე 10,5 დიუმიანი მულტიმედია მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანითეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში. 

ტოიოტა კოროლა აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მეტად კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით. ასევე, 12,3 დიუმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

ტოიოტას ორი ახალი მოდელი გავტესტეთ, კოროლას ახალი ოჯახი. ერთი არის სედანი, რომელსაც რამდენიმე დეტალი განუახლდა და რაც მთავარია, განახლდა ჰიბრიდული სისტემა. მთავარი, ეს მეხუთე თაობის ჰიბრიდია. ის არის ძალიან ეკონომიური, კიდევ უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს ავტომობილი და არის კომპაქტური, მცირე წონა აქვს  სისტემას და შესაბამისად, ეკონომიურობასთან ერთად უფრო მძლავრია,” – ამბობს შაკო ბუაჩიძე, ავტობილდ ჯორჯიას რედაქტორი.

Toyota Corolla

Toyota Corolla Cross – შექმნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის

ახალი კოროლა ქროსი აღჭურვილია  უახლესი ჰიბრიდული სისტემით, ციფრული ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების სისტემებით.   ეს არის პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია Toyota-ს მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტროსისტემით. ის უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას. 

Corolla Crossი შექმნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიურობის გასამარტივებლად ეძებენ პრაქტიკულ და მრავალმხრივ სატრანსპორტო საშუალებას. ექსტერიერში ასახულია Toyota SUV-ის მძლავრი იერი, სალონი კი ტევადია და შექმნილია მარტივი წვდომისთვის, უკანა სავარძლებზეც კი. სწორედ ამ მოდელშია პირველად გამოყენებული Toyota-ს ახალი 12.3 დიუმიანი სრულად ციფრული კომბიმეტრი (სტანდარტი ყველა კომპლექტაციისთვის), რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით. 

ამავე ავტომობილში შეხვდებით პირველად ახალ Toyota Smart Connect მულტიმედიურ და საინფორმაციოგასართობ სისტემას 10.5 დიუმიანი სენსორული ეკრანით, დაკავშირებულ სერვისებზე წვდომით და სმარტფონის მარტივი ინტეგრაციით. 

Toyota Corolla Cross – ტესტდრაივი

ინტერიერი შექმნილია ყოველდღიური პრაქტიკულობისთვის. ეს არის მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით. 

კოროლა ქროსის საბარგული ტევადი და ფართო კარის ხარჯზე ადვილად მისადგომია, აქვს კარის გაღების მარტივი სენსორული სისტემა. საბარგულის ტევადობა 436 ლიტრია. 

ავტომობილის კორპუსის სიმაღლე და კარების დიდი ღიობები ავტომობილში წვდომას მაქსიმალურად ამარტივებს და კომფორტულს ხდის. მაგალითად, თუ გჭირდებათ ბავშვის სავარძლის ჩადგმა ან ამოღება ავტომობილიდან. ეს საოჯახო აზროვნება ასევე გამოყენებულია უკანა კარებზე, რომლებსაც აქვს მომრგვალებული პროფილი, შესაბამისად, უფრო დიდი სივრცეა სავარძლებს შორის, რაც აადვილებს უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებთან (ბავშვებთან) წვდომას. 

Corolla Crossი არის პირველი მოდელი მსოფლიოში, რომელიც იყენებს Toyota-ს მეხუთე თაობის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ელექტროსისტემას. ტექნოლოგიის ბაზარზე დებიუტიდან 25 წლის განმავლობაში მუდმივი გაუმჯობესების ხარჯზე, სისტემა კიდევ უფრო მძლავრი და მომგებიანია, ამავდროულად უფრო ეფექტიანი საწვავის ეკონომიისა და CO2-ის გამოფრქვევის თვალსაზრისით. 

ამჟამად ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი მოდელის ტექნიკური მახასიათებლებია : შიგა წვის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია, წინა წამყვანი თვლებით, ძრავის სისტემური სიმძლავრე 197 ცხენის ძალა. ამ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლდ 7,61 წამი დასჭირდება. 

სისტემაში გამოყენებულია ახალი PCU, რაც ამცირებს ელექტრული დანაკარგების დონეს 6%-ით და ხელს უწყობს საწვავის გამოყენების ეფექტურობას. ახალი ჰიბრიდული ელემენტი უფრო პატარა და მსუბუქია, მაგრამ ამავე დროს უფრო მძლავრი, რაც ხელს უწყობს როგორც მანქანის დინამიკურ მართვადობას, ასევე საწვავის მოხმარების ეფექტურობას. 

დაკიდების სისტემა, მუხრუჭი და საჭე, საჭის ელექტროგამაძლიერებელი მყისიერად რეაგირებს მძღოლის მოქმედებაზე და უზრუნველყოფს მსუბუქ მართვადობას. 

უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია როგორც Toyota-სთვის, ასევე მისი მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, ვინც ახალი Corolla Cross-ის ძირითადი სეგმენტია. 

Toyota T-Mate-ის დახმარებით ახალი კოროლა ქროსი კიდევ უფრო უსაფრთხოა. კოროლა ქროსი აღჭურვილია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების პაკეტით, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას. 

Corolla Crossი არის ერთერთი პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია ახალი წინა რადარით, რომელიც ფარავს ბევრად უფრო ფართო ველს ავტომანქანის წინ. ორჯერაა გაზრდილი ავტომობილის წინ გზის აღქმის მანძილი.

ავტომობილის სისტემა უფრო სწრაფად რეაგირებს მძოლის მოქმედებაზე მაქსიმალურად ბუნებრივი მართვადობის მისაღწევად. მძღოლს შეუძლია თავად გაზარდოს სასურველი მანძილი წინ მოძრავ ავტომობილთან, რაც უზრუნველყოფს უფრო რბილ დამუხრუჭებას საჭიროების შემთხვევაში. 

Toyota Corolla Cross – ტესტდრაივი

შაკო ბუაჩიძის აზრით, ეს მოდელი ბესსელერი უნდა გახდეს, რადგან RAV 4- სა და CHR-ს შორის არის პოზიციონირებული, CHR-ზე დიდია და RAV 4-ზე პატარა. 

ევროპული გემოვნებით შთაგონებული ავტომანქანაა ახალგაზრდა ოჯახებისთვის. მისი პრაქტიკულობით, ავტომობილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დიდი არ არის, გარედან პატარაც გეჩვენება, მაგრამ ძალიან ტევადია, შიგნით რომ ჯდები, დიდი სივრცეა, საბარგული დიდი აქვს, ჩაჯდომაგადმოსვლა კომფორტულია, თავს არაფერს მიარტყამ და ამ პრაქტიკულობით გაგვაოცა,აღნიშნავს ის.

ტოიოტას სპეციალისტის, დავით სიხუაშვილის თქმით, კოროლა ქროსი ევროპულ ბაზარსა და გემოვნებას მაქსიმალურად არის მორგებული, არის დახვეწილი და კომპაქტური.  მისივე აზრით, ახალი მოდელი წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოს დაცვის მიმართულებით:

მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემა განაპირობებს საწვავის ხარჯის მინიმალურ ოდენობას, 5 ლიტრამდე წვავს 100 კილომეტრზე. ასევე, გამოყენებულია ახალი PCU, სიმძლავრის კონტროლის ბლოკი. 

ეს ხელს უწყობს საწვავის გამოყენების ეფექტურობას. ნახშირორჟანგის გამოყოფა არის ძალიან შემცირებული, 113-120 გრამი კილომეტრზე, რაც ამ სეგმენტში საუკეთესო შედეგია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოს დაცვაში.”

ტოიოტა კავკასიის წარმომადგენლის, ანა თვალავაძის თქმით, ტოიოტას განსაკუთრებულს მისი ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა ხდის.  

ეს არის ტოიოტას მთავარი ამოსავალი წერტილი.  გარდა ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფისა, მძღოლისა  და მგზავრის უსაფრთხო მგზავრობა ტოიოტასთვის ერთერთი მთავარი პრინციპია. ტოიოტას ავტომობილები არის ხარისხიანი და გამძლე.

Corolla Cross-ის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმშია შესაძლებელი.

რატომ არღვევს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონს

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს არღვევს.

„ბათუმელებმა“ უწყებისგან კონკრეტული ინფორმაცია 2023 წლის 6 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადა გავიდა, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება კანონს არღვევს და არ გასცემს საჯარო ინფორმაციას.

ამ უწყების ფუნქცია საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელებაა.

სწორედ ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში ამ ტექნოლოგიების უზრუნველყოფა.

ინფორმაცია, რომელსაც „ბათუმელები“ ითხოვს, უწყებას ისედაც უნდა ჰქონდეს ელექტრონულ სისტემაში უკვე აღრიცხული და დამუშავებული.

მათ მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა სჭირდებათ, რომ აღნიშნული მონაცემები გაასაჯაროონ კანონით დადგენილი წესით.

ამის მიუხედავად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვეუბნებიან, რომ ორი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს არცთუ ისე დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაციის დამუშავება და მოწოდება. მათ არც იმაზე აქვთ პასუხი, როდის შეძლებენ გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემას.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (Emis) ბიუჯეტი 2020 წელს ათი მილიონზე მეტი ლარი იყო. ბოლო წლების ბიუჯეტი უწყებას თავის ვებგვერდზე განთავსებული არ აქვს.

2023 წელს [იანვრიდან დღემდე] „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან 27-ჯერ გამოითხოვა. აქედან პასუხი მივიღეთ 10 წერილზე.

ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს 11 შემთხვევაში, 1 შემთხვევაში პასუხი ნაწილობრივ [არასრულად] მოგვაწოდეს, ხოლო 4 შემთხვევაში დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია, მათ შორისაა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაც.

იუსუფელი თანდათან ქრება – თურქეთის ქალაქი გეგმის მიხედვით იტბორება

თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება.

კაშხლიდან წყალი გამოდის და შენობების უმრავლესობა უკვე დაიტბორა.

გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, რეგიონში 19 სოფელი და იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება.

ქალაქის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ ააშენეს ახალი უბანი, „ახალი იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა საცხოვრებლად.

კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს დაიწყებს.

კაშხალი ოფიციალურად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 2022 წლის ნოემბერში გახსნა. მან თქვა, რომ იუსუფელებმა დატოვეს სახლები, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სამუშაო ადგილები და წარსული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი.

სოციალურ ქსელებში იუსუფელის დატბორვის ამსახველი არაერთი ფოტო ვრცელდება.

ფოტო: twitter
იუსუფელი. ფოტო: ntv.com.tr
ფოტო: twitter
იუსუფელი. ფოტო: ntv.com.tr
იუსუფელი. ფოტო: ntv.com.tr
იუსუფელი. ფოტო: ntv.com.tr

თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.

წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით 2012 წლიდან მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს – 5 მილიარდ ლირას მოუტანს.

„სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა“ – სალომე ზურაბიშვილი

„სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები,“ – აღნიშნა დღეს, 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.

„დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები [მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი] ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი, ჩიხშია შესული. თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.

„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არც ერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე.

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შუახევის მერიამ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა სასამართლო წააგეს ყოფილ თანამშრომლებთან

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ.

დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო.

ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 იანვარს მას სამსახურში უთხრეს, რომ გათავისუფლებულია, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

ბეგლარ ცინცაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს უთხრა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობაა – 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბეგლარ ცინცაძე საარჩევნო სუბიექტის „გახარია-საქართველოსთვის” ხელვაჩაურის საკრებულოს მაჟორიტარობის  კანდიდატი  და პარტიული სიის წევრი იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მოქალაქე ბეგლარ ცინცაძის სარჩელი დააკმაყოფილა. ის „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ უნდა აღადგინონ თანამდებობაზე და განაცდური გადაუხადონ.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორ განხორციელდება მისი სამსახურში აღდგენა – მის პოზიციაზე ხელვაჩაურის მერიას უკვე სხვა ადამიანი დაუსაქმებია.

„სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ბეგლარ ცინცაძის ინტერესებს იცავდა, აღნიშნავს, რომ „სასამართლო დადგენილი პრაქტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადოდ მიიჩნევა და დამსაქმებელს უფლება  არ ჰქონდა გათავისუფლების საფუძვლად ხელშეკრულების ვადის გასვლაზე მიეთითებინა.“

გათავისუფლების ბრძანება ბათილად მიიჩნია და განაცდურის 5506 ლარის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ შუახევის მერიას, რომელსაც ვახტანგ ბერიძე ედავებოდა.

ვახტანგ ბერიძე შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორად მუშაობდა და 2017 წელს გაათავისუფლეს, როცა იტალიაში, „ტორ ვეგატას“ კონფერენციას დაესწრო. იგი შუახევის მაშინდელმა გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ გაათავისუფლა „უნებართვო წასვლისთვის“.

ვახტანგ ბერიძის იტალიაში მივლინებისთვის ბიუჯეტის თანხა არ დახარჯულა.

გათავისუფლებული საჯარო მოხელის ინტერესი ხელვაჩაურის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, 2021 წელს კი, უზენაესმა სასამართლომ საქმე სააპელაციოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლომ ვახტანგ ბერიძის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ბათილად მიიჩნია მისი გათავისუფლების ბრძანება და კომპენსაციის ოდენობად 5506 ლარი განსაზღვრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც გაუსაჩივრებია შუახევის მერიას, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ იგი წარმოებაში აღარ მიიღო.

თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ მეორე ფრონტის თემაზე – სალომე ზურაბიშვილი

„ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს.

„რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას.

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება – ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.

ერთი ვინმემ მითხრას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს, თუ არა ევროპასთნ? ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?“ – იკითხა სალომე ზურაბიშვილმა.

12-სართულიანი კორპუსი ავარიული სახლის ნაცვლად – ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიული ხუთსართულიანი კორპუსის დასანგრევად და მის ადგილზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, მერიის სამმართველომ ტენდერი 15 192 786 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 16 თვეში უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება 2023 წლის 26 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება.

არსებული ავარიული შენობა და რენდერი / ბათუმი, მაიაკოვსკის 3ა / ფოტოები პროექტიდან

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილება:

2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 44 000 000 ლარის ღირებულებით, მათ შორის ობიექტი/პროექტი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ. „გასაღებ ქვეშ“ [გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა], რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო ღირებულებით არანაკლებ 13 000 000 ლარის ოდენობით;

2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის გამოცდილება, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართი შეადგენს არანაკლებ 15 000 კვ.მ.-ს და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ობიექტი/პროექტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ„გასაღებ ქვეშ“ [გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა], რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო სამშენებლო ფართით არანაკლებ 6 000 კვ.მ.“

არსებული ავარიული შენობა და რენდერი / ბათუმი, მაიაკოვსკის 3ა / ფოტოები პროექტიდან

საპროექტო დოკუმენტების მიხედვით:

  • 12-სართულიანი შენობის მაქსიმალური სიმაღლე 43.7 მეტრი იქნება [დასანგრევი შენობის სიმაღლე20 მეტრია];
  • ახალი კორპუსის საერთო ფართობია 6 796 კვ.მ [არსებული შენობის კი – 1 765.8 კვ.მ].

ტენდერის გამოცხადებამდე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბაზრის კვლევა ჩაატარა. დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ მერია

დათვი, ფოცხვერი, მგელი და სხვა ცხოველები – ფოტოხაფანგები აჭარის ტყეებში [ფოტო]

ფოტო ხაფანგებმა მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული დათვი, ფოცხვერი, ტახი და შველი დააფიქსირეს.

10 წელზე მეტია რაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის არეალში მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგს ფოტო ხაფანგების საშუალებით ახორციელებს.

გიზიარებთ ფოტო ხაფანგების მიერ გადაღებულ კადრებს.

ფოცხვერი
ფოცხვერი
მგელი
მგელი
მურა დათვი
მურა დათვი
ესეც დათვია ბელთან ერთად
ესეც დათვია ბელთან ერთად
ტახი
ტახი
შველი
შველი
ფოცხვერი
ფოცხვერი
დათვი
დათვი

აქვე, გირჩევთ წაიკითხოთ მასალა : 30 ფოტოხაფანგი ხულოსა და შუახევის ტყეებში – რას აკვირდება „აჭარისწყალი ჯორჯია”

რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა – გამოძიება 6 ფაქტზე მიმდინარეობს

გასულ წელს საქართველოში რძის ცხიმის სისუფთავეზე 100 ნიმუში შემოწმდა, რის შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით 6 საქმეზე დაიწყო.

როგორც momxmarebeli.ge, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდი წერს, ერთ შემთხვევაში დადასტურდა დანაშაული, ხოლო კიდევ ერთი საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.

2023 წლის მდგომარეობით გამოძიება კიდევ 5 საქმეზე გრძელდება.

დარღვევა აღმოჩნდა შემდეგი საწარმოების საქონელში:

  • შპს ათინათი – მაწონი, არაჟანი, ხაჭო
  • შპს ზეკარი – ყველი
  • შპს ფიდან ნატურა – ბებოს ყველი იმერული
  • შპს ამალთეა – მაწონი

„სასამართლოში გადაგზავნილ საქმესთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. თუმცა უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2022 წელს საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ფალსიფიკაციის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 197 და 1971 მუხლები) შესულ ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

ასე, რომ, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ზემოაღნიშნულ საქმეზეც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოტანილიყო“ – წერს momxmarebeli.ge.

მათივე ინფორმაციით, ამავე ორგანიზაციამ რძის ცხიმის სისუფთავეზე 2020 წელს 76 პროდუქტი შეამოწმა და დარღვევა 11 ნიმუშში გამოავლინა, რამაც 14.5% შეადგინა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართვა დადებითი ნაბიჯია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება საკმარისი აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გადამწყვეტი სიტყვა აქ სეს-ს ეკუთვნის, რომელიც სურსათის სისტემატურ კონტროლს ახორციელებს. აუცილებელია, რომ ეს კონტროლი ეფექტიანი იყოს, ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდებოდეს და საზოგადოების მხრიდანაც გარკვეული მონიტორინგი მიმდინარეობდეს“ – წერს momxmarebeli.ge.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მარტის 21 საათიდან პირველი აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, მთაში – თოვა.

შაბათს, პირველ აპრილს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 –5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5– 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 აპრილს აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დასაქმებისთვის უნარების განვითარებას უწყობს ხელს

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტს“.

აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის „Skills4Jobs“ ნაწილი და იგი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს.

LINKS პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს.

აღნიშნული პროგრამის დახმარებით ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 26 წლის ნიკა აზნაურიშვილმა 11 თვის განმავლობაში სტაჟირება გაიარა სამშენებლო კომპანია „ბიჯიში“. ჩვენთან საუბრისას, ნიკა აღნიშნავს, რომ სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების საფუძველზე მან მისთვის სასურველ კომპანიაში, „ჰუმან ელემენტში“ გრძელვადიანი სამსახური დაიწყო.

პროექტის შესახებ ნიკამ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ შეიტყო. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში ნიკას დასაქმების შესაძლებლობა მიეცა, ამავე პროექტის ფარგლებში მან გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი ექვსთვიანი კურსი, ისევე როგორც კომპიუტერული და სამეწარმეო უნარების ტრენინგები.

„ერთი მხრივ, LINKS პროექტმა მომცა პროფესიული უნარების განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, – სტაჟირების საშუალება, რაც ჩემთვის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა, გამომეცადა საკუთარი თავი და დავსაქმებულიყავი.“ – აღნიშნავს ნიკა.

ნიკა აზნაურიშვილი „Links“-ის პროგრამის მონაწილე
ნიკა აზნაურიშვილი „Links“-ის პროგრამის მონაწილე

მორიგი წარმატების ისტორია უკავშირდება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულაში მცხოვრებ ნატალია ხოზრევანიძეს, რომელმაც, ნიკას მსგავსად, LINKS პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის, მეწარმეობისა და კომპიუტერული უნარების კურსები გაიარა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, 29 წლის ნატალია, რომელსაც პროექტში ჩართვამდე საბუღალტრო კურსი ჰქონდა გავლილი, პროექტის ხელშეწყობით სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე გადის ანაზღაურებად სტაჟირებას.

„მაღალმთიანი სოფლებისთვის მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ცხოვრობს ბევრი ქალი, რომელთაც ვერ მოახერხეს ესწავლათ, პროფესია შეეძინათ  და ადრე დაქორწინდნენ. ყველასთვის ხელმისაწვდომი ონლაინკურსები და სტაჟირებები მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

მე, სამწუხაროდ, უმაღლესი განათლების მიღება ვერ შევძელი. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა პროფესიული უნარების განვითარება და ონლაინკურსებში მონაწილეობის მიღება, რისი საშუალებაც LINKS პროექტმა მომცა,“- ამბობს ნატალია.

ნატალია ხოზრევანიძე „Links“-ის პროგრამის მონაწილე
ნატალია ხოზრევანიძე „Links“-ის პროგრამის მონაწილე

შუახევში მცხოვრებმა 26 წლის მარინა ჯაყელმაც გაიარა LINKS პროექტის ტრენინგები და კურსები. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და დასაქმების პროგრამის ფარგლებში შუახევის საკრებულოში 11-თვიანი სტაჟირება იურისტის თანაშემწის პოზიციაზე გაიარა. ახლა დასაქმების მოლოდინშია.

გარდა იმისა, რომ LINKS პროექტი უშუალოდ ახალგაზრდებთან მუშაობს, ის  ასევე თანამშრომლობს საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლებთან: პროფესიულ სასწავლებლებთან, ადგილობრივ ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

მარინა ჯაყელი „Links“-ის პროგრამის მონაწილე
მარინა ჯაყელი „Links“-ის პროგრამის მონაწილე

აჭარაში პროექტის პარტნიორი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ორგანიზებას უწევს ზემოაღნიშნულ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებას; ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

აჭარის რეგიონის მასშტაბით, LINKS პროექტის საქმიანობის შედეგად, 500-ზე მეტმა 15-დან 29 წლის ახალგაზრდამ განივითარა დასაქმებისათვის საკვანძო უნარები. 200-ზე მეტმა პროექტის მონაწილემ გაიარა პროფესიული და კარიერული კონსულტაცია. ჯამში დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა 17 ახალგაზრდას მიეცა. აღსანიშნავია, რომ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სისტემატურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ახალგაზრდების გრძელვადიანი დასაქმებისთვის.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 173 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560]
  • ტანკი – 3 615 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 977 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 675 ერთეული [+4]
  • MLRS – 526 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 248 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 521 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 294 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 227 ვერტმფრენი
  • 3 625 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 487 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 076 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 469 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 231 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

რა უნდა ვიცოდეთ ღამით ხილის ჭამის შესახებ – ექიმის რჩევები

ექიმები ამბობენ, რომ ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ვახშამს შეუძლია დაარღვიოს თქვენი ძილის ციკლი, თუმცა, ღამით ხილის მიღება, სხვა მძიმე საკვებთან შედარებით, ნაკლებად უშლის ხელს ძილს.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ხილი და ბოსტნეული, პირველ და ყველაზე დიდ თაროს იკავებს ჯანმოს კვების ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სწორი კვების პირამიდაში.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა, დანარჩენი სახეობის პროდუქტებთან შედარებით, ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების მიღება“ – ამბობს ენდოკრინოლოგი, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს მდგომარეობა, რა დროსაც საყურადღებოა ხილს დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე მივიღებთ.

  • ბატონო გიზო, რამდენად სწორია წარმოდგენა, რომ ღამით ხილის ჭამა საზიანოა ორგანიზმისთვის?

ხილის მიღება საღამოს საათებში უსაფრთხოა, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, კუჭის წყლულოვანი დაავადება, რა დროსაც მიზანშეწონილი არ არის კუჭის დატვირთვა ხილის [და სხვა საკვების] მიღებით.

თუ ადამიანი არის ჯანმრთელი, შეუძლია უპრობლემოდ ჭამოს ხილი საღამოს საათებშიც, ოღონდ რეკომენდებულია, რომ ეს მოხდეს დაძინებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე.

საქმე ის არის, რომ ხილის მიღების შემდეგ ძლიერდება კუჭის წვენის სეკრეცია [გამოყოფა], შესაბამისად ორგანიზმს შივდება, ძილი ფრთხება, ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ კიდევ ჭამოს რამე, რაც კიდევ უფრო ტვირთავს კუჭს ღამის საათებში, ეს კი საზიანოა ორგანიზმისთვის.

რადგან პრედიაბეტს შევეხეთ, განვმარტავ, ეს არის პათოლოგია რომელიც წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის წინარე მდგომარეობას, რომლის დროსაც არასათანადოდ ხდება ჰორმონის ინსულინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავება, ანუ საქმე გვაქვს ინსულინრეზისტენტობასთან. ამ დროს სისხლში შაქრის, ანუ გლუკოზის დონე მაღალია.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს პრედიაბეტი, შეუძლია საღამოს მიირთვას ხილი, უბრალოდ უნდა შევარჩიოთ ხილის ის ნაირსახეობა, რომელიც არის ნაკლებ კალორიული და ნაკლებად ტკბილი, რათა არ მოხდეს დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება, რადგანაც პრედიაბეტის დროს ისედაც გვაქვს ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, ეს კი კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას და შაქრის დონის მატებას გამოიწვევს სისხლში.

თუ ძილის წინ ხშირად ვიღებთ ხილს რომელიც ტკბილია (თუნდაც ნაკლებად ტკბილი), მაღალკალორიულია, კუჭის წვენის მომატებულად გამოყოფის გამო გვშივდება და ვამატებთ საკვებს – ჩვენ ასეთ დროს ორგანიზმს ვაიძულებთ მეტაბოლიზმის გააქტიურებას, მიღებული ხილისა თუ საკვები პროდუქტის გადამუშავებას, რითაც სტრესს ვაყენებთ ორგანიზმს, ნახშირწყლების მაღალი შემცველობა კი კიდევ უფრო აღრმავებს პრედიაბეტს.

ხილი შეიცავს ვიტამინებსა და ნახშირწყლებს, მათ შორის შაქარს და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლში შაქრის დონეზე.

  • რა ტიპის ხილი არის უკეთესი პრედიაბეტის დროს?

პრედიაბეტის დროს უნდა მიიღოთ ის ხილი რომელიც ნაკლებად ტკბილია. ხილს თუ მომჟავო გემო აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ბევრია C ვიტამინი და ნაკლებია ნახშირწყლები. დიაბეტის დროსაც, ჩვენ ვიცავთ დიეტას, რომ მივიღოთ ცოტა ნახშირწყლები, რომ გლუკოზის დონემ არ აიწიოს სისხლში. ასეთი ხილია ვაშლი (ის ჯიშები, რომლებიც ნაკლებად ტკბილია), ასევე – ციტრუსები, კივი, ფეიხოა, ავოკადო და სხვა.

უმჯობესია ხილი უფრო ხშირად ვჭამოთ, როგორც დესერტი, ბოსტნეული კი ყოველთვის შეიძლება.

ნახშირწყლებს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ისეთი ხილი, როგორიცაა: ხურმა, ყურძენი, მსხალი, ლეღვი, ჩირები… მათი მიღების შემთხვევაში უფრო მეტი იქნება შაქრის დონე სისხლში, ვიდრე იმ ხილის მიღებისას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ზოგადად, ჭამასთან დაკავშირებით რამდენიმე წესი არის გასათვალისწინებელი: უნდა ვჭამოთ მაგიდასთან; ჭამის დროს უნდა შევისვენოთ და დავაკვირდეთ, რათა გავიგოთ, როდის დავნაყრდით (საქმე ის არის, რომ დანაყრების შესახებ სიგნალი გვიან მიდის ტვინამდე, მას 30 წუთი მაინც სჭირდება), რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს ჭამა; ნუ მივიყვანთ თავს შიმშილამდე; ჭამეთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, კვების დროს ვკონცენტრირდეთ საკვებზე.

  • ფინიკთან დაკავშირებით როგორია რეკომენდაცია?

ფინიკი ძალიან ტკბილია. დღეში 3 ნორმალური ზომის ფინიკი საკმარისია, მისი მირთმევისას ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნება ყველა სასარგებლო მიკროელემენტით. თუმცა ფინიკი, იმის გამო, რომ ძალიან ტკბილია, ამატებს ნახშირწყლებს ორგანიზმში უფრო მეტად, ვიდრე სხვა, ნაკლებად ტკბილი ხილი.

დიაბეტის მქონე პაციენტებს ხშირად სჩვევიათ საღამოობით კანფეტის მირთმევა, რადგანაც ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების ფონზე დაქვეითებული შაქრის დონე სისხლში უბიძგებს ორგანიზმს ტკბილის მიღებისკენ, რათა მოხდეს გლუკოზის დონის ისევ მომატება, ამისთვის კი მარტივ გამოსავალს პოულობენ ტკბილეულში. ტკბილეულის ან კანფეტის ჭამას ნამდვილად ჯობს ხილი მიირთვან, მით უმეტეს, რომ ხილიდან მეტი სარგებელია ორგანიზმისთვის, ვიდრე ტკბილეულისგან.

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

მაღალმთიან აჭარაში შესწავლილი მეწყრული ზონების შესახებ უკვე გაეგზავნა გეოლოგიური დასკვნების დიდი ნაწილი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს.

ამის შესახებ „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს.

მისი თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნები უკვე მომზადდა სოფელ ჭერისა და გურძაულის შესახებ, ხოლო რიყეთის თემისა და მიმდებარე სოფლების შესახებ გეოლოგიური დასკვნები, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გაიგზავნება.

დასკვნების ნაწილი გაგზავნილია შუახევის სოფელ ბუთურაულში, ნაწილი კი, მამუკა ფუტკარაძის თქმით, შუახევში დღეს, 30 მარტს გაიგზავნა.

ქედაში დასკვნები მეწყრული, კრიტიკული ზონების შესახებ უკვე სრულად მიეწოდა მუნიციპალიტეტის მერიას.

„ჩვენ მიერ გაგზავნილ ახალ დასკვნებში არის, როგორც პრაქტიკული მონაცემები, ასევე მითითებულია მეწყერსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები.

არიან ოჯახები, რომელთა განრიდებაც საჭიროა საცხოვრებელი სახლებიდან. მაგალითად, ქედაში 30-32 ოჯახია, შუახევში – 70 ოჯახამდე. ეს მიმდინარე პროცესების მიხედვით გეუბნებით, თორემ ისე შესაძლოა უფრო მეტიც იყვნენ“, – ამბობს მამუკა ფუტკარაძე.

იგი აღნიშნავს, რომ მართალია, ამ ეტაპზე ყველა კრიტიკული მეწყრული ზონა მოინახულა გეოლოგთა ჯგუფმა მაღალმთიან აჭარაში, თუმცა თოვლის დნობის გამო სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება.

„ჩვენ ვსწავლობთ მუნიციპალიტეტებიდან შემოსული მომართვის საფუძველზე მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა და გვატყობინებენ, ყოველ მიზეზგარეშე ავდივართ ადგილზე, არ ველოდებით მუნიციპალიტეტის მომართვას“ – გვითხრა მამუკა ფუტკარაძემ.

გეოლოგი განმარტავს იმასაც, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზზე – 1501-ზე ან 112-ში მეწყრული პროცესებისგან შექმნილი პრობლემის შესახებ.

„ცხელი ხაზის ოპერატორი პირდაპირ მე მატყობინებს, რომ ამ მოქალაქეს ეს პრობლემა აქვს და სანამ მუნიციპალიტეტიდან გვეტყვიან, ჩვენ ვახდენთ შესაბამის რეაგირებას“ – გვითხრა მან. 

„ბათუმელებმა“ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებს ჰკითხა, თუ გაეგზავნათ მოქალაქეებს გეოლოგიური დასკვნა და მუნიციპალიტეტებში მოქმედი პროგრამით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბინის ქირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ამჟამად რამდენი ოჯახი სარგებლობს.

ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გეოლოგიური დასკვნა თითოეულ მოქალაქეს გაეგზავნა და ამ ეტაპზე ოჯახები, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, გაყვანილი არიან ქირით.

„დეტალური კვლევების და დასკვნების დასრულების შემდეგ მერია უზრუნველყოფს დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვას“, – მოგვწერეს პრესსამსახურიდან.

მერიის ცნობით, ქედაში ჯამში 72 ოჯახია ქირით გაყვანილი და მათგან 66 ოჯახი – მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრების გამო. დარჩენილი 6 ოჯახი კი, სახლის სიძველის გამო ჩართულია „ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამაში“.

„სოფელ გულებში გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ტერიტორია საჭიროებს დეტალურ კვლევას, რის საფუძველზეც დადგინდება შემდგომი ნაბიჯები“, – მოგვწერეს ქედის მერიის პრესსამსახურიდან.

გეოლოგიური დასკვნების მოქალაქეებისთვის გადაგზავნას ადასტურებენ შუახევის მერიაშიც. „ყველა დასკვნა მიღებულია და დაგზავნილია“, – განგვიმარტეს პრესსამსახურში.

შუახევში ქირით საცხოვრებლად 84 ოჯახია გაყვანილი. აქედან 78 ოჯახი – მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრების გამო.

„ეს რიცხვი შეიცვლება გეოლოგიური დასკვნების მიღების მიხედვით, რადგან გეოლოგიური დასკვნები კიდევ შემოდის“, – აზუსტებენ მერიაში. პროგრამით მოსარგებლე 84 ოჯახიდან 3 – სიძველით ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლში, 3 ოჯახი კი ზვავსაშიშ ზონაში ცხოვრების გამოა გადაყვანილი საცხოვრებლად ქირით.

ხულოში ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით 61 ოჯახი სარგებლობს, მათგან 13 თავშესაფრის არმქონეა, ხოლო 48 – სტიქიის შედეგად დაზარალებული.

„გეოლოგიური დასკვნა ამ დროისთვის შემოსულია 5 ოჯახზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი უხდის ქირას“, – მოგვწერეს ხულოს პრესსამსახურიდან.

ქედაში, შუახევსა და ხულოში, ბოლო პერიოდში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მერიას გეოლოგების მოწვევის, დეტალური კვლევების და ქირით გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით.


მთავარ ფოტოზე: მეწყრული პროცესი ხულოს სოფელ ბეღლეთში

როცა პაციენტი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარს ვერ ამბობს – დავა საკონსტიტუციოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს რამდენიმე სამართლებრივ ნორმას, რაც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებს ეხება.

განმწესრიგებელ სხდომაზე, რომელიც 31 მარტს დასრულდება, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა არსებითად საქმეს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის თებერვალში მიმართა.

სადავო ნორმების მიხედვით, ექიმს აქვს უფლება, უკიდურესი აუცილებლობის დროს და უსაფრთხოების მიზნით, ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტს შეუზღუდოს კონკრეტული უფლებები, მაგალითად, მკურნალობაზე უარის თქმა, ან სტაციონარის დატოვების უფლება. ექიმს ასევე აქვს უფლება, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიმართ გამოიყენოს მაქსიმალური ტიპის მედიკამენტოზური შეზღუდვა – ე.წ. „სწრაფი ტრანკვილიზება“.

„საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს. მიუხედავად ამისა, ექიმს უფლების შეზღუდვისას არ მოეთხოვება მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება და უფლების შეზღუდვის საჭიროების დასაბუთება,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სახალხო დამცველის აზრით, მსგავს ვითარებაში საჭირო უნდა იყოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა და სასამართლოს თანხმობა.

სადავო რეგულირების თანახმად კი, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის, სანატორიული და საკურორტო მომსახურებით სარგებლობის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის, მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, განათლების მიღებისა და სხვა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები.

სახალხო დამცველისთვის პრობლემურია ასევე ის გარემოება, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც, მისი აზრით, ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს.

„აღსანიშნავია, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს პირის უნარზე, განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში მკურნალობის საწყის ეტაპზე პირს შესაძლებელია არ გააჩნდეს ინფორმირებული თანხმობის გაცემის უნარი, თუმცა მკურნალობის შედეგად მას ეს უნარი შესაძლოა დაუბრუნდეს.

ამიტომ, როდესაც სრულწლოვანს შესწევს უნარი, განაცხადოს თავისუფალი და გაცნობიერებული თანხმობა მის ჯანმრთელობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასეთი ჩარევა მხოლოდ მისი თანხმობით უნდა განხორციელდეს.

დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში, როდესაც სრულწლოვანს არ შესწევს უნარი განაცხადოს თავისუფალი და შეგნებული თანხმობა, ჩარევა შესაძლებელია მაინც განხორციელდეს თუ ის ემსახურება თავად ამ პირის უშუალო კეთილდღეობას,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე:

„სახალხო დამცველის მიერ შემოწმებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის ფორმები ყველგან მოიპოვებოდა, რადგან ეს ადმინისტრაციებს სტაციონარში პირის არანებაყოფლობით მოთავსების პროცედურას თავიდან აცილებს. სინამდვილეში, პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს.

პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოჰყავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პოლიციის თანამშრომლებისა და ოჯახის წევრის თანხლებით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ. პაციენტები აცხადებენ, რომ არ იციან, ხელი რას მოაწერეს, ზოგიერთი ვერ იხსენებს ხელმოწერის ფაქტსაც.

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინფორმირების ერთ-ერთ ფორმაზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნოდა ექიმს და არა – პაციენტს. გაცნობიერებული თანხმობის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს ასევე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მაგალითიც, როდესაც „ინფორმირებულ თანხმობაზე“ ხელმოწერიდან, 15-30 წუთის ინტერვალში, 19 პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდია გამოყენებული,“ – აღნიშნულია სარჩელში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა, პარლამენტს შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლა მოუწევს.

________________

ფოტოზე: ფსიქიატრიული კლინიკა

რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში ჩავიდა და ომგამოვლილი ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოიარა. მან ბუჩაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 500-მდე ბავშვის ქართველი მასწავლებლების სახელით ამდენივე სანთლები დაანთო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც წამოიღო – უკრაინის დროშა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა მასწავლებლებმა აჩუქეს წარწერებით – „ლადო, დიდი მადლობა, რომ აქ ხარ“, „მადლობა ქართველ მასწავლებლებს“.

ლადო აფხაზავამ უკრაინის დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციის მეშვეობით, გასულ წელს 700 000 დოლარის შეგროვება შეძლო.

ლადო აფხაზავა ორი დღის წინ დაბრუნდა კიევიდან. მან „ბათუმელებთან“ ომში მყოფი უკრაინელებისგან მიღებულ ემოციებზე ისაუბრა.

„როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინაც მინდოდა ჩასვლა, მაგრამ ბავშვები ვერ დავტოვე მარტო სახლში, ამიტომ ცოტა ხნით გადაიდო ჩემი წასვლა. შარშან ჩვენთან ჩამოსული იყო ერთი უკრაინელი მასწავლებელი, რომელთანაც დამეგობრებული ვიყავი და მისი მიწვევით გავემგზავრე ამჯერად უკრაინაში.

რადგან პირდაპირი ფრენები არ არის, საკმაოდ ძვირი ჯდება მგზავრობა, მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოება, EdCamp Georgia დამეხმარა გამგზავრებაში.

მესაზღვრეებს გაუჭირდათ ჩემი შეშვება, რადგან მანამდე უკრაინაში ნამყოფი არ ვიყავი, თუმცა ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მენახა ჩემი კოლეგები და გამემხნევებინა. ამის შემდეგ შემიშვეს“ – გვითხრა ლადო აფხაზავამ.

უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნისთვის ლადო აფხაზავამ ქართველი მასწავლებლების სახელით 500-მდე სანთელი აანთო

მისი თქმით, როცა ბუჩაში ჩადიხარ, ძალიან დიდი სევდა გიპყრობს, რადგან ადგილობრივები ჰყვებიან, როგორ ხოცავდნენ რუსი სამხედროები ადამიანებს ქუჩაში და ბევრს ამის ამსახველი კადრებიც აქვთ შემონახული. უკრაინელები ჰყვებიან, როგორ მოჰქონდათ რუსებს იარაღთან ერთად სადღესასწაულო დროშები და დეკორაციები, რადგან ფიქრობდნენ, რომ სამ დღეში კიევში იქნებოდნენ.

„მოსახლეობა ცარიელი ხელებით აჩერებდა რუსეთის არმიას და ყველამ ვნახეთ, როგორი ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს.

როცა ჩავედით, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი დაგვხვდა, რომელმაც დაგვათვალიერებინა ქალაქი. მიყვებოდა ამ დაბომბილი სახლების, ყველა იმ მოკლული ადამიანის შესახებ, რომლებსაც ცხოველებივით ხოცავდნენ რუსები ქუჩაში.

მოდიოდნენ მასწავლებლები და მოჰქონდათ საქართველოდან გაგზავნილი წერილები. ომის დროს რომ სკოლებიდან დახმარებები გავგზავნეთ, ყველა ჩასულა. ერთმა მასწავლებელმა მითხრა, ვერ ვხვდებოდი რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ სულ ვკოცნიდი ქართულ წარწერებსო.

მე ვუთარგმნე. ერთ-ერთი წერილი აჭარიდან იყო. მოსწავლე წერდა მის სახელს, ელექტრონულ ფოსტას და ეუბნებოდა, ვწუხვარ, რომ სხვა ვერაფრით გეხმარებით და მხოლოდ ტკბილეულს გიგზავნითო.

ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, საიდანაც ასეთი წერილები მოგვდისო – მითხრეს.

მე ვუთხარი, აქ მე ერთი ლადო ვარ ჩამოსული, თუმცა ჩემ უკან ძალიან ბევრი ქართველი მასწავლებელია, ვისაც აქ ყოფნა უნდოდა – მეთქი და ძალიან გაუხარდათ“ – გვეუბნება ლადო.

მისი თქმით, უკრაინელები ემოციურები არიან და სამშობლოს გულისძგერას ძალიან კარგად გრძნობენ.

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ სჭირდება მხედართმთავარი, თავად მოქმედებენ კრიტიკულ დროს. სამი ხიდიდან ორი ადგილობრივებმა ააფეთქეს თავიანთი ძალებით, რომ მტერს ვერ გადმოელახა.

მასწავლებლები სწრაფად ჩაეწერნენ მოხალისეებად და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამშვიდობოს გაეყვანათ ბავშვები. ტყეებიდან, ტბორებიდან ცდილობდნენ მათ გაყვანას.

ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელიც ასევე მოხალისედ იყო ჩაწერილი, ჰყვებოდა როგორი რთული იყო ემოციურად ეს ყველაფერი, რადგან ხედავდნენ, მათ თვალწინ როგორ იღუპებოდნენ ადამიანები. დავინახე ქალი და ბავშვი მორბოდნენ, სულ ახლოს იყვნენ თავშესაფართან და იმ დროს მოკლეს ბავშვიო.

იყო შემთხვევა, როცა თითქმის თავშესაფართან მისული ბებია მოკლეს და ბავშვი გადარჩა. აი, ასეთი მძიმე დღეები გამოიარა ამ ხალხმა.

ვნახე მასწავლებელი, რომელსაც შვილი დაეღუპა და ეს ტანჯვა და მწუხარება დღესაც აქვს სახეზე აღბეჭდილი. ვნახე მასწავლებელი, რომელსაც მთელი ოჯახი დაეღუპა და მარტო დარჩა, გაუნადგურდა სახლიც.

ამ ხალხის დანგრეული სახლების ფოტოები ინტერნეტშია განთავსებული და მთელი მსოფლიოდან ეხმარებიან ადამიანები ამ სახლების აღდგენაში ან ახლის აშენებაში.

ერთმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმაც აუშენა ძალიან ლამაზი ხის სახლი ერთ-ერთ უკრაინელს და ასეთი შემთხვევები სხვაც ბევრია. როგორც ვიცით, საქართველოს სახელით ბუჩაში საბავშვო ბაღიც შენდება და ეს ძალიან მიხარია“- ამბობს ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა უკრაინაში/რუსეთის მიერ დაბომბილ მოედანზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ

მისი თქმით, ძალიან ემოციური იყო, როცა ბუჩაში დაბომბილ სტადიონზე მოთამაშე ბავშვები დაინახა.

„ცრემლები მომადგა, მაშინ მივხვდი, რომ უკრაინული სული არის გაუტეხელი. ბიჭებმა მკითხეს, რატომ ტირიო, მაგრამ ვერ ავუხსენი, როცა იქ ჩადიხარ, ყველაფერი ემოციას იწვევს.

ყვავილი რომ იყო მიწიდან ამოსული, იმასაც კი რაღაც დატვირთვა მივეცი, ახალგამოსულ ყლორტებსაც სხვა თვალით ვუყურებდი, რადგან სიცოცხლე ახლდება ბუჩაში, ირპენში, იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ბავშვი მოკლეს.

ამ ბავშვების სახელზე პატარა ხე დგას. მკვდარი ხე ჰქვია, რადგან აღარ გაიზრდება იმ მოკლული ბავშვებივით. ხეზე განთავსებულია დაღუპული ბავშვების ნივთები – წითელი მანქანა, თოჯინები, რომლებიც დაბომბილი ადგილებიდან არის ამოღებული. ძალიან სევდიანი და დამთრგუნველია ამის ნახვა.

მე ამ ბავშვების სახელზე 518 სანთელი დავანთე. ამ სანთლებისთვის თანხა ქართველმა მასწავლებლებმა შეაგროვეს და მე მათი სახელით ავანთე. ამ პატარა ხესთან ინსტალაციები მივიტანეთ, „ანგელოზები“, „მტრედები“ დაფრინავდნენ ამ დაღუპული ბავშვების სულების მოსაგონრად“ – გვითხრა ლადომ.

ლოდო აფხაზავამ კიევში ყოფნის დროს არაერთხელ გაიგონა განგაშის სიგნალი. ამ დროს ყველაფერი ჩერდება ქალაქში და ყველა თავშესაფარში მიდის. „ადამიანები უკვე მიჩვეულნი არიან ამ ხმას, ცხოველები უფრო რეაგირებენ, აჩქარებით მირბიან ისინიც თავშესაფრისკენ. ამის ნახვა იყო რაღაც საოცრება ჩემთვის.“

ლადო აფხაზავა ამბობს, რომ მისი სურვილია, როცა ისევ ჩავა უკრაინაში, ისეთი დახვდეს კიევი, როგორც დღეს არის – ზომიერი ყველაფერში, სამშობლოს სიყვარულის გარდა.

„უზომო მხოლოდ სამშობლოს სიყვარული დავინახე, მისი ერთი პატარა გოჯი მიწისთვისაც შეიძლება გასწირონ ცხოვრება. ერი, რომელიც უფრო მეტად გააძლიერა, გაამთლიანა ომმა.

უკრაინელი მასწავლებლების მიერ ნაჩუქარი დროშა და „მკვდარი ხე“ ბუჩადან

ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც უკრაინაში ყოფნის დროს მივიღე, იყო ის დროშა, რომელიც უკრაინელ მასწავლებლებს ფრონტის ხაზზე ჰქონდათ და სწორედ ეს დროშა მომიტანეს სახსოვრად.

მინდა, ჩემს მოსწავლეებსაც ვანახო ეს წარწერები: „ლადო, დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის“, „მადლობა ქართველ მასწავლებლებს“. ჩემი სახელი რომ დავინახე, უფრო ამეტირა, რადგან ეს მოგზაურობა იყო გაზიარების, თანაგრძნობის, იმის თქმის, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.

დღეს თუ რომელიმე ქართველი ჯერ კიდევ არ არის უკრაინისკენ და არ სურს უკრაინის გამარჯვება, უბრალოდ უნდა მიხვდეს, რომ ის არ არის სწორ მხარეს.

იმ დარბაზში, სადაც ყველაზე ბევრი მასწავლებელი იყო იმ დღეს, მე ქედი მოვიხარე და ვუთხარი, რომ ომს დღეს უკრაინაში მასწავლებლები და დედები იგებენ, რადგან უკრაინელებს სამშობლოს ასეთი სიყვარული ასწავლეს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწა მიყიდა კომპანიას, რომელიც აუქციონამდე 7 თვით ადრეა დაფუძნებული

ქობულეთში, ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა სამინისტრო მეოთხე წელია ყიდის, აუქციონზე 4 მილიონ 460 ათას ლარად გაიყიდა.

11 235 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარი იყო.

მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით იყიდა შპს „ნესს სიტიმ“, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეებმა აუქციონის გამოცხადებამდე 7 თვით ადრე [2022 წლის 23 ივნისს] დაარეგისტრირეს ქობულეთში [იურიდიული მისამართი – ჩაქვი].

კომპანიას, საჯარო რეესტრის მიხედვით, სამი დამფუძნებელი ჰყავს და სამივე უზბეკეთის მოქალაქეა [დენის ვორონინი – ფლობს „ნესს სიტის“ 20 პროცენტს და ასევე არის კომპანიის დირექტორი; სუნატილლო ტურაევი და ხაზრატჯონ ჯახონოვი კი, 40-40 პროცენტს ფლობენ].

დენის ვორონინმა 2022 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი კომპანია დაარეგისტრირა ბათუმში – შპს „გეუზ ინტერნეიშენალი“. ამ კომპანიის იურიდიულ მისამართად მითითებულია ბინა ბათუმში, რომლის მესაკუთრეც რუსეთის მოქალაქეა. ბინა, მშენებარე კორპუსში რუსეთის მოქალაქემ 2021 წელს იყიდა.

რაც შეეხება ფიჭვნარში გაყიდულ მიწას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ნაკვეთი აუქციონზე პირველად, 2019 წელს გამოიტანა. წინა 9 აუქციონიდან უმეტესობა არ შედგა, ერთ აუქციონზე კი, ნაკვეთი ფასდაკლებით გაიყიდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

„ნესს სიტიმ“ აღნიშნული ნაკვეთი პირობებით იყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან 2023 წლის პირველ მარტსაა გაფორმებული. დღეიდან, 30 მარტიდან კი, მიწის ნაკვეთი უკვე კომპანიის საკუთრებაშია.

„ნესს სიტის“ მთავარი ვალდებულებაა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, [რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100- ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს] ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

კომპანიის ვალდებულებები [აუქციონის პირობები] დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

ქალების, ბავშვების და შშმ პირების დახმარება რომ გავაგრძელოთ, ფინანსები გვჭირდება – არასამთავრობო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR-ის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მათ ორგანიზაციას ფინანსური კრიზისი შეეხო და დახმარება სჭირდებათ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 10 წლის წინ დაარსდა და ის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს უწევს იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას.

იმისათვის, რომ PHR-მა ოფისის პირობებში ისევ შეძლოს ბავშვების, ქალებისა და შშმ პირებისთვის დახმარების გაგრძელება, ფინანსები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ აქვთ.

ცნობისათვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სრულიად არიან დამოკიდებული დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე და როგორც წესი, სხვა დამატებითი შემოსავალი მათ არ გააჩნიათ.

„წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აქ არსებობენ მდიდარი NGO-ები, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც წესი, ჩვენ არასდროს არ გვაქვს საკმარისი კი არა, იმ საქმისთვის, რასაც ვაკეთებთ, ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანა აბაშიძემ, PHR-ის იურისტმა.

მისივე თქმით, დონორების მხრიდან არსებობს მზაობა მათი ორგანიზაციის დახმარების, მაგრამ ამ ეტაპზე მცირე ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც ორგანიზაცია ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა. ამ ეტაპზე PHR-ს საოფისე ხარჯების, მათ შორის კომუნალური გადასახადების გადახდაც არ შეუძლია. ასევე ორგანიზაციამ ვერ გასცა გასული თვის ხელფასების 50%.

„ჩვენ ისეთი ხალხისთვის ვმუშაობთ, რომლებსაც არ აქვთ ბევრი არჩევანი, მათ შორის სექტორში. ესენი არიან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები, შშმ პირები, რომლებიც დახურულ პანსიონატებში ცხოვრობენ. რომელთანაც პრაქტიკულად მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ და სხვა არავინ. არიან ძალადობაგამოვლილი ბავშვები, ასევე შშმ ბავშვები, რომელთათვისაც სხვა არანაირი სერვისი არ არის ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ბავშვებთან და ქალებთან, რომლებსაც ისედაც სერიოზული ბარიერები აქვთ, რომ მოითხოვონ მხარდაჭერა. როდესაც ითხოვენ, აქაც, რა თქმა უნდა, რესურსები ლიმიტირებულია და სულ ვცდილობთ, გავუწიოთ ის მხარდაჭერა, რაც მათ სჭირდებათ.

ჩვენი მუშაობის სტილია – ვეხმარებით არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ ვმუშაობთ იმ თემებზე, რომლებიც იწვევს სისტემურ ცვლილებას.

როცა ვეხმარებით ერთ კონკრეტულ ადამიანს, ამ დახმარებით ასევე ვეხმარებით მის მდგომარეობაში მყოფ ათასობით მოქალაქეს. მაგალითად, იქმნება რაღაც ახალი პროგრამა, ან/და უქმდება რაღაც დისკრიმინაციული პროგრამა.

ერთი მხრივ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ემოციურად და ფიზიკურადაც ძნელი საკეთებელია, მაგრამ ამაში ჩვენ ჩვენი ნებით ვართ შესული. გვსიამოვნებს და ეს არის ის სფერო, რაშიც ვხედავთ ჩვენს თავს.

მაგრამ მეორე მხრივ, ამ საქმეს სჭირდება რესურსები, რის გარეშეც ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ რაღაცების გაკეთებას. თუ ჩვენ გავქრით, სამწუხაროდ, ჩვენი გაქრობა იმდენად დაეტყობა ველს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება ელემენტარული მომსახურების გარეშე.

თორემ სხვა შემთხვევაში, აქ რომ არჩევანის საშუალება იყოს, ჩვენი არსებობა – არარსებობა არ იქნებოდა ასეთი საკრალური.

მე და ჩემმა თანამშრომლებმა რომ მოვინდომოთ, სამსახურს ვიპოვით და გავაგრძელებთ საქმიანობას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, როგორც აქტორი, ქრება.

მის ადგილას, პრაქტიკულად, სიცარიელე რჩება, რომლითაც დაზარალდება ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე,“ – უთხრა ანა აბაშიძემ „ბათუმელებს“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR“ არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ის სრულად დონორების მიერ საგრანტო დახმარებაზეა.

ახლა ორგანიზაცია დახმარებისკენ მოუწოდებს ყველა პირს, ვისაც გააზრებული აქვს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ არსებობის აუცილებლობა და ვინც ხედავს ამ ორგანიზაციის მიერ გაწეულ შრომის შედეგს.

გიზიარებთ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ანგარიშის ნომერს.

სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE88TB7589036080100003

მიმღები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

დანიშნულება: შემოწირულობა

ვინ და რამდენით დააჯარიმეს მოსამართლეებთან დარეკვისთვის

მოსამართლეებთან  ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით კომუნიკაციისთვის საქართველოში სულ 12 ადამიანია დაჯარიმებული, მათ შორის, საჯარო მოხელეები.

ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კრძალავს მოსამართლესთან კომუნიკაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის დარღვევის კუთხით სტატისტიკურ მონაცემებს [2007-2022 წწ] იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს.

ამ მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ. ეს არ გამორიცხავს ასეთი შემთხვევის შესაძლო არსებობას, თუმცა მოსამართლესთან კომუნიკაციის დარღვევის შემთხვევა ბოლო 15 წელი ბათუმში ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის.

სხვა სასამართლოების შემთხვევაში დაჯარიმებულებს შორის 4 საჯარო მოხელეა, 4 – დაინტერესებული პირი [პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას], 3 – პროცესის მონაწილე, ხოლო 1 – ადვოკატი.

მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის ყველაზე მცირე ოდენობის ჯარიმა – 50 ლარი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა [2016 წელი], ყველაზე მაღალი – 2500 ლარი კი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ [2013 წელი].

2022 წელს 300 ლარით დაუჯარიმებიათ პროცესის მონაწილე უზენაეს სასამართლოშიც, ასევე, მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის.

კანონის მიხედვით, პროცესის მონაწილე, დაინტერესებული პირი ან საჯარო მოსამსახურე მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის შეიძლება მაქსიმუმ 5 ათასი ლარით დაჯარიმდეს, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის შემთხვევაში კი – არაუმეტეს 10 000 ლარით.

მოსამართლეს საქმის განხილვის დასრულებამდე თუ ტელეფონზე დაურეკავთ, ეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

მოსამართლესთან კომუნიკაცია დაუშვებელია საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე – აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობისას.

კანონი განსაზღვრავს იმ პირთა წრესაც, ვისაც ეკრძალება საქმის განმხილველ მოსამართლესთან კომუნიკაცია: პროცესის მონაწილე, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი.

Exit mobile version